იდომ ეზრზა (ამეოპივაგი)


იდომ ეზრზა (ამეოპივაგი)




საუკუნოვან, მოჩუქურთმებულ აივნებიან სახლს ეზოს მხრიდან სუფთა, ქათქათა და ლაჟვარდისფრად შეღებილი უზარმაზარი კედელი ჰქონდა.

ამ კედლის წინ წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯუჯა ხეებითა და კამკამა წყაროთი დამშვენებული ბაღი გაეშენებინათ, სადაც სახლის მკვიდრნი და ახლომახლო მცხოვრები მეზობლები ბავშვებს ასეირნებდნენ.

თუკი დიდხანს უყურებდი ამ ლაჟვარდისფერ კედელს, თვალები აგიციმციმდებოდა, გული სასიამოვნოდ აგიჩქროლდებოდა და ფასადის გლუვი ზედაპირი და საღებავის ზეციური სილურჯე ზღვის თუ ოკეანის უკიდეგანობად გარდაიქმნებოდა. ირგვლივ კი მარილიანი წყლის სუნი დატრიალდებოდა და ბაღი ტალღების ნაზი, ჩურჩულისმაგვარი ღელვის ხმით აივსებოდა.

ჯუჯო, სანამ პატარა იყო, ანუ სანამ  “ვინმე” ან “რამე” გახდებოდა, ამ სახლში იზრდებოდა და ყვინჩილდებოდა.

როცა  ჯუჯო “ვინმე” ანუ “რამე” გახდა, სამსახურითა და ოჯახური მზრუნველობით დაღლილს აქ სიამოვნებდა ბავშვობის უმანკო სურნელით გაჟღენთილ გარემოში ხანმოკლე არდადეგების  გატარება.

ახლა, მართალია სხვაგან, ბევრად ფეშენებელურ გარემოში ცხოვრობდა, მაგრამ დასასვენებლად და, ასე ვთქვათ, სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად ხშირად უბრუნდებოდა მშობლიურ სახლს და ნეტარი, ყმაწვილური სამიჯნურო მოგონებებით მდიდარ ბაღს.

დრო გადიოდა, რომელიც არამარტო მკურნალი, არამედ ცინიკოსი გულმავიწყიც ყოფილა. აქ არაფერი იცვლებოდა, ყველაფერი ისევე იყო, როგორც ათი, ოცი, ოცდაათი წლის წინ. ის, რაც ადრე აღფრთოვანებას იწვევდა, ახლა მხოლოდ მორცხვი ღიმილით და ნაღვლიანი ირონიით თუ ფასდებოდა. წარსულის სურათები ჯინსებივით ხუნდებოდა, უფერულდებოდა და ბატონი ჯუჯოსთვის წარსულის სამუზეუმო ექსპონატად ქცეული ეს ადგილი თანდათან კარგავდა თავის მნიშვნელობას, ფასს და უნიკალობას.

აფრიკის სავანა, რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი, ადრიატიკის პლაჟები... პარიზის, იბიცას, ლონდონის, ფლორენციის თუ ბარსელონას ქუჩები... არაფერი ისე არ ასვენებდა და ამშვიდებდა ჯუჯოს, როგორც ამ გასარემონტებელი ერთოთახიანი, კომუნალური ბინის აივანზე ძილი. არ იყო იმაზე მეტი სიამოვნება, როგორც წარსულით დამძიმებულ, დაკლაკნილ ქვაფენილებს შორის ჩაკვეხებულ ბაღში კროსვორდებზე ტვინის ჭყლეტა, შემდეგ კი კედელზე ასახული უკიდეგანო სილაჟვარდის ცქერა. თუკი ვინმე მისი “მაღალი” წრიდან ახსენებდა “სიმშვიდეს”, “სიმყუდროვეს”, ან “განცხრომას” - საქმიანი და გავლენიანი ადამიანისთვის ასე ნანატრი, ძვირფასი და ძნელად მოსაპოვებელი ეს სამი მდგომარეობა ჯოჯოსთვის ამ რამდენიმე ათეულ კვადრატულ მეტრში ეტეოდა და სანაცვლოდ არც არაფერს ითხოვდა. დიახ, გულის არევამდე სიამოვნებდა აქ ყოფნა.

-              მიჯაჭვული ვარ აქაურობაზე, ისე, როგორც წურბელაა მიჯაჭვული თავის გუბეზე! მრცხვენია, მაგრამ რატომღაც მაინც აქეთკენ მომიწევს გული! მომბეზრდა, თუმცა მაინც აქ მოვდივარ! ყველა გომბეშოს თავისი ჭაობი უყვარსო! მე არა ვარ გომბეშო?! არა ვარ! - თავის თავს ხშირად ეუბნებოდა, - ცხოვრება წინ მიდის და მეც რაღაცა უნდა შევცვალო, რომ შევიცვალო ეს გარემოც! ეგებ ბოლო-ბოლო გავწყვიტო ეს ჟანგმოდებული ჯაჭვი და გავფრინდე ისეთ ადგილას, სადაც სხვებივით მართლა დავისვენებ და ამის თაობაზე საზოგადოებაში საუბარი არ შემრცხვება და არც დამამცირებს!

 ჰოდა, ერთ დღეს, უფრო სწორად, ღამით, ჩაიპარა ეზოში და ყველასათვის ცნობილ კედელზე, დიდი ასოებით წააწერა “ყუყუა”. კედლის სილაჟვარდე და თვით ბაღიც ამ სიტყვების ფონზე სხვანაირად გამოჩნდა. “ყუყუამ” რაღაც ახალი, განსხვავებული  ნამდვილად შემატა სახლს და ბაღს. ჯუჯოს ეს ძალიან მოეწონა.

მობინადრენი ჩერდებოდნენ წარწერის წინ, ხმამაღლა კითხულობდნენ. ზოგი აღშფოთებული იყო, ზოგი სირცხვილისგან იწვოდა, ზოგი კი ცრემლნარევი სახით იცინოდა. მოკლედ არავინ დარჩენილა გულგრილი და ბაღში ჩიტების ჭიკჭიკის გარდა ხშირად ისმოდა ცისფერ ფონზე მსხვილი, წითელი ასოებით მიწერილი “ყ უ ყ უ ა”. 

მოკლედ, ატეხილმა აჟიოტაჟმა რაღაც ნამდვილად შეცვალა და ეს ცვლილება ყველაფერს დაეტყო. სახლსაც, მობინადრეებსაც, ბაღსაც. წყაროს წყალიც კი სხვანაირად აჩუხჩუხდა...

-              ვინ არის მქმნელი ამ “სიახლისა?” - მთელ უბანში ექოსავით გაისმოდა შეკითხვა, მაგრამ არა მხოლოდ ვერავინ ხვდებოდა, არამედ ვერც წარმოიდგენდა და მიხვდებოდა და ჯუჯოსთვის სამწუხაროდ, სათანადოდ ვერც ვერასოდეს დააფასებდა ამ საქციელს. ეს “უცოდინრობა” და მიუხვედრელობა, ამ ე.წ. “პერფორმანსის”ავტორს გულს სწყვეტდა.

-              ვინმე დაიბრალებს ამ ჩემს მოგონილს და ესაა გულდასაწყვეტი! - მთელი ღამე შფოთავდა და წუხდა, - როგორ, რანაირად, რა ფორმით გამოვასწორო ეს უსამართლობა, ეს შეცდომა? მე თვითონ ხომ არ გადმოვდგები აივნიდან და დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ “ყუყუა” ჩემი დამსახურებაა! ეს ნამდვილად მეტისმეტი იქნება! რაღაც სხვა მეთოდი უნდა მოვიფიქრო!

შემდეგ ღამეს ჯუჯომ კედელზე დაწერა თავისი სახელი “ჯუჯო”, მხოლოდ არა პირველი წარწერის გვერდით ან ქვეშ, როგორც ამას პატივმოყვარე და ამპარტავანი შემოქმედი ან პიროვნება გააფორმებდა, არამედ თავმდაბლურად, მხოლოდ კედლის მეორე ბოლოში. 

დღისით ხალხმა დანახვისთანავე დააფასა  ეს სიახლე, მაგრამ შედეგი ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ავტორი ელოდა. მარცხნიდან მარჯვნივ თუ ჩაუვლიდით კედელს და წაიკითხავდით, გამოდიოდა “ჯუჯო ყუყუა”, ხოლო მარჯვნიდან მარცხნივ “ყუყუა ჯუჯო”. ხალხი შეჰყურებდა წარწერას და ხმამაღლა იცინოდა. ზოგი კი საფეთქელთან ატრიალებდა საჩვენებელ თითს და “ეჰ-ეჰ!”-ის ხვნეშით თვალს მისი აივნისკენ აპარებდა, ზოგი კი უბრალოდ იფურთხებოდა.

ჯოჯუს ეს არ მოეწონა. ამიტომ მესამე ღამეს “ყუყუას” და “ჯოჯუს” შორის ჩაამატა  - “ არაა” და გამოუვიდა “ჯუჯო არაა ყუყუა” ან “ყუყუა არაა ჯუჯო.”

ამის წასაკითხად უკვე არამარტო ახლომდებარე ქუჩებიდან, არამედ ზემო და ქვემო შორეული ჩიხებიდან და უბნებიდან მოდიოდნენ მნახველები და უკვე ლამის ერთხმად, უსირცხვილოდ და ხმამაღლა კითხულობდნენ ამ წარწერას. ასე გრძელდებოდა შემდეგი, იმის შემდეგი და შემდეგის შემდეგი საღამოც. მერე ყველას მობეზრდა აქ სიარული და ამ სისულელის კითხვა და გაუკაცრიელებული ბაღის სიჩუმეს მხოლოდ წყლის ჩუხჩუხი არღვევდა. ბავშვების ჟრიამული აღარ ისმოდა, ის ყვავების ჩხავილმა ჩაანაცვლა.

ჯუჯო მაინც კმაყოფილი იყო თავისი ნამოქმედარით და მარტოდმარტო, ამაყად დასეირნობდა ბაღის ბილიკზე, მარცხნიდან მარჯვნივ ან მარჯვნიდან მარცხნივ კედლის გასწვრივ და ხმამაღლა კითხულობდა თავის ნაწერს. ზოგჯერ რომელიმე ცნობილი მელოდიის ან საოპერო არიის მოტივზე წაუმღერებდა “ჯუჯო არაა ყუყუა” ან “ყუყუა არაა ჯუჯო” - და ბედნიერი ხითხითებდა და ხითხითებდა.

-              პოპულარულიც გავხდი და გარემოც შევცვალე! უკვე აღარაა ეს ადგილი ისეთი, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო! ასე რომ, თავსაც მშვენივრად ვგრძნობ და მალე ყველაფერი სულ კარგად იქნება! -  იმ ღამეს ჯუჯომ იქეიფა. მოხსნა ოცლიტრიან ღვინის შტოფს თავი და კარგა გვარიანად მოილხინა. აღნიშნა თავისიანებში, თუ თავისნაირებში საკუთარი ნამოქმედარი. ამდენი და ასე მაგრად კარგა ხანია არ უქეიფია.

ნაბახუსევზე ჯუჯოს სიურპრიზი ელოდა. ვიღაცამ ოღროჩოღრო ხელით კითხვის ნიშანი მიაწერა მის წინადადებას. თან ერთი არ იკმარა. ორი კითხვის ნიშანი დასვა - “ჯოჯუმდე” და “ყუყუა”-ს მერე. ამ ერთმა შტრიხმა მკვეთრად შეცვალა წინადადების დამაჯერებელი აზრი და იგი, მსჯელობა-კამათის ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ რეჟიმში გადაიყვანა.

“ჯოჯუ არაა ყუყუა?” - “ყუყუა არაა ჯოჯო?”

ჯუჯო წარწერით ძალიან უკმაყოფილო იყო. უფრო მეტიც, ის ბრაზობდა და, შეიძლება ითქვას, ხმამაღლა და დაუფარავად იგინებოდა კიდეც. უწმაწური სიტყვები მთელ უბანში მკაფიოდ ისმოდა. ამან ადგილობრივებში წარწერის ახალი “შტრიხებისადმი” ინტერესი ელვისებურად გააღვივა და ათჯერ თუ ასჯერ მეტი ადამიანი მოაწყდა ერთ ციდა ბაღს. ხალხი ხმამაღლა კითხულობდა კედლებზე გამოხატულ სიტყვებს და ხარხარებდა. კითხულობდა და ხარხარებდა. კითხულობდა და ხარხარებდა. ჯოჯუც კითხულობდა და იგინებოდა. კითხულობდა და იგინებოდა. კითხულობდა და იგინებოდა. საბოლოოდ ეს ყველაფერი რომელიღაც ცნობილი ოპერის სცენას დაემგვანა, სადაც აივანზე გადმომდგარი სოლისტი ფალცეტით თავისას უბერავს, ხოლო ბაღში განლაგებული მრავალრიცხოვანი გუნდი კი თავისას.

მიუხედავად ამ კაკაფონიისა, ჯუჯოს არავინ შეპასუხებია და ამიტომ ის დაეჭვდა, მევე ხომ არ ვარ ამ კითხვის ნიშნის დამწერიო?

სიმთვრალეში იცოდა ხოლმე ამდაგვარი გიჟობები. მეორე დღეს აღარ ან ნაგლეჯ-ნაგლეჯ ახსოვდა ჩადენილი, და მათ ერთ სურათად შეწებებას ვერანაირად ახერხებდა. ჰოდა, ასეთი გამოცდილებიდან და დანახული რეალობიდან გამომდინარე დაასკვნა: მე დავწერდი აბა, ჩემ მეტი ვინ მოიფიქრებდა ამასო?

მკვეთრად შეწყვიტა გინება, შევიდა სახლში, გადაივლო, მიუჯდა მაგიდას, მოუკიდა სიგარეტს და ბევრი იცინა. რატომ იცინოდა, თვითონაც ვერ ხვდებოდა, მაგრამ ეცინებოდა და ისიც იცინოდა. ნიფხვის ამარა იჯდა ოთახში და იცინოდა.

იმ ღამეს მან თითოეულ კითხვის ნიშანს ძახილის ნიშანი დაუმატა.

ასე გაჩნდა კედელზე მისი აზრით სასიხარულო, ოპტიმიზმით გაჟღენთილი წარწერა:

“ჯუჯო არაა ყუყუა?!” - “ყუყუა არაა ჯუჯო?!“

რამდენჯერმე წაიკითხა წარწერა. დაფიქრდა და ისევ წაიკითხა. გაიარ-გამოიარა და კიდევ ერთხელ გადაიკითხა და დაეჭვდა იმაში, რაც გააკეთა. რადგან თუ დარწმუნებული იყო, რომ ჯუჯო არ იყო “ყუყუა”, ან “ყუყუა” არ იყო ჯუჯო, რა საჭირო იყო ამის გამომზეურება და, მით უმეტეს, ასეთ ხალხმრავალ ადგილას დაწერა...

საკუთარ თავზე განაწყენებულმა, აიღო ჩაქუჩი და სატეხი და  ჩამოტეხ-ამოტეხ-ჩამოფხიკა სიტყვები და სასვენი ნიშნები. მოკლედ, წარწერა უკვე აღარ ამშვენებდა კედელს.

გამთენიისას ჯუჯო დაბრუნდა თავის მრავალოთახიან, კეთილმოწყობილ სახლში და მისი ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგა. საპასუხისმგებლო სამსახური - ფეშენებელური ბინა -  საპასუხისმგებლო სამსახური -   ფეშენებელური  ბინა...

აივნებიანი სახლის ლაჟვარდისფრად შეღებილი კედელიდან წარწერა კი გაქრა, მაგრამ დარჩა სამი უშნო ხვრელი და სულიერი შფოთი, რომელიც თვით ჯუჯოსაც და სახლის სხვა მობინადრეებსაც დღემდე აწუხებს, რადგან სიტყვების წაშლის მიუხედავად აზრი არსად წასულა, ის სამუდამოდ იქ დარჩა.

აზრი ხომ არასოდეს იშლება.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE