იდგა სერვანტესის მწუხარე ძეგლი და მწუხარე თვალებიდან სისხლის ცრემლები ჩამოსდიოდა. პედესტალზეც მიეჯღაბნათ ორიოდ სიტყვა წითელი საღებავით.
საიდანღაც მოსკდნენ ახალმაფიქრალნი, სურდათ, ყველასთვის სანუკვარი აღარაფერი შერჩენოდა სამყაროს. რის რაინდი, რა რაინდი, რა გმირობა და რომელი სიყვარული, ვიღას უნდოდა ბოროტებასთან ბრძოლა?! ბოროტება ითხოვდა თავის კუთვნილ ადგილს დედამიწაზე. ჩვენში დარჩეს და დონ კიხოტს არასდროს უტირია... არც სერვანტესს, ალბათ... ვინ იცის, მაგრამ დღეს და ახლა ის ტიროდა, მთელი ესპანელი ხალხის და მსოფლიოს დაგუბებული ცრემლით ტიროდა. სერვანტესის ძეგლს სისხლიანი ცრემლები მიახატეს და უდიერად მიაჯღაპნეს რაღაც არშემდგარი.
***
ესპანეთს რომ ქვიშის ქარიშხალი ეწვია, გალიიდან გათავისუფლებული ლომის ფერი, იდალგომ გაიღვიძა! _ დულსინეა ტობოსელი განსაცდელშიაო! სანჩო, შუბი, სანჩო, აბჯარ-მუზარადი! სანჩო, ხმალიო... ფარიცო.
ჰოდა, წავიდნენ.
- რა საჭიროაო? ბოროტებამ, ვიღას სჭირდებაო! ღმერთო! ფუი, ეშმაკს, რა ღმერთო? ისა, რა ჰქვია, უხსენებელო! ვიღას ახსოვსო?! ეს დამტვერილი...
ფაფარაშლილი პრერია გათეთრდა აღშფოთებით და ამ ფონზე იდგა ხალხი, გადარეულ ქარზე ენითაუწერელი სისწრაფით მბრუნავი წისქვილები შავად და შავბნელად ისილუეტებოდნენ ჰორიზონტზე.
შავივე ორი სილუეტი, ნაცნობი გულის ტკივილამდე და მოსაფერებელი გულის თრთოლვამდე ჰორიზონტისკენ გაემართა. გაემართა ვთქვი, თორემ ვერც კი იძროდნენ, ქარბორბალა ზუოდა მხოლოდ. წინ მიიწევდნენ და ნაბიჯს ვერ დგამდნენ,
- ფუნდუკში ხომ არ შევიაროთო, ბატონო? - სანჩომ.
- რა დროს ესაა? ერთგულო ჭურჭელთმტვირთველო?! საგმირო საქმენი გველის! - ლამანჩელი ფორმაში იყო.
- ბატონო, მთელ ბებერ ევროპაში ერთ რაინდს ვერ მოიძიებ სანთლით. რაღა დროს საგმირო საქმეებია?! _ გულმძიმედ შეაპარა სანჩო პანსამ და საფულე მოისინჯა, აბა და რამდენ ხანს გავატანთო.
ქარი ძნელი იყო და წინსვლა ძალიან ჭირდა.
დიდხანს მიაგელვებდნენ... მიაჩანჩალებდნენ უფრო როსინანტს და ვირუკას... ფარი ქარს სურდა წაეღო, მუზარადი თავიდან მოსძვრა. დონ კიხოტი ჩამოქვეითდა.
- სადაცაა, მუზარადის ხმარება მომიწევს ფარადაც და ხმალადაცო, აბუზღუნდა. ქუდი მოიძია და თავზე მოირგო. სანჩო ფარს ჩაბღაუჭებოდა და ფარი სადღაც მიარბენინებდა. ძლივს გადააბარა რაინდს მთელი აღჭურვილობა.
- ღამისგასათევი ხომ არ მოგვეძებნაო ბატონოო?! _ სანჩო პრაქტიკოსი იყო. ხვდებოდა, რომ ადგილიდან ვერ დაიძვროდნენ. ქარიშხალი წინ არავის უშვებდა.
- ღმერთო, ფუი ეშმაკს, ისა ხო, ბოროტო ძალანო. ამათ საცოდაობას ნუ მაყურებინებო! - ამოიგმინა ბოროტმა ძალამ და პირი გაიბრუნა. ხალხს მისცა თავი.
- რამდენჯერ უნდა გითხრა, სანჩო! რომ რაინდობა უკვდავია, მარადიული სიყვარული დიადი, და საგმირო საქმენი განუმეორებელი, შენ კი დასაძინებლად გსურს წამიყვანო და ეს მაშინ, როცა დულსინეა ტობოსელი ხსნას ელის! გრცხვენოდეს, მცონარავ. ჩვენ წინ გველეშაპნი ჩასაფრებულან და...
- ეგ გველეშაპები უკვე დაამარცხეთო, - კინაღამ იტირა სანჩომ, - ბატონო, სადმე უნდა დავბინავდეთ. ქარი წაგვიღებსო...
ქვიშა ბღუოდა და ბღუოდა, როგორც მორევი, მორევი სიცარიელეში ჩამთრევი, მორევი დამანგრეველი.
- ბატონო, ის თუ გაგიგიათ, თქვენზე წიგნი რომ დაწერა ვინმე სერვანტესმა და მთელი ესპანეთი ყოველ წელს ისე კითხულობს, როგორც წმინდა წიგნებსო?!
- არ გამიგიაო? _ დაბნეულმა შეისწორა იდალგომ მუზარადი.
- დავიღალე ბ-ნო, ძალს ჩვენ და ძალს ეს ქარიშხალი, სახლში წავიდეთ და ხვალ გზა გავაგნოთო.
კვლავ ერთ ადგილს ტკეპნიდნენ.
სადღაც მათ უკან ესპანელი ხალხი იდგა ველზე გაშლილი. უსაქმურად ათვალიერებდნენ სტიქიას, თითქოს მათ თავს არ ხდებოდა ეს უბედურება. ნახევარწრის წინ კამერა იდგა. ბოვშვები ყვიროდნენ: „იღებენ, იღებენ სინემას, დონ კიხოტზე იღებენ სინემას.“ დონ კიხოტმა ყურები ცქვიტა, ხარხარი სწორედ სადღაც მის უკან ისმოდა. ბოროტი ძალა რეჟისორის ადგილს ირგებდა.
რეჟისორი წუხდა. უნდა ჩანდეს, უნდა ჩანდეს, რომ დამარცხდა. ისინი აღარ არსებობენ, მათი დრო წავიდა. აი, რა უნდა გააკეთოს ამ გლობალურ კატასტროფებში და კატაკლიზმებში. შეხედეთ, რა უსუსურია... არარაობა.
ასისტენტი დარბოდა. ბავშვებო, თქვენი როლი ხომ გახსოვთ, თქვენ ქვებს, არა, ცოდვაა, ხილს დაუშენთ, დამპალს, თქვენ გალახავთ, თქვენ მოატყუებთ, დანარჩენები დასცინებთ... გასაგებია?! ჰო, აი ასე.
რეჟისორი წუხდა, მოდი, საზეიმო შეხვედრა მოვუწყოთ, როგორც საცოდავს და საწყალს, არა, სჯობს გავაიგნორიროთ. ჰო, ალბათ. დაიკავეთ ნახევარწრე, დაანთეთ კოცონები, წავიდა, ახლა დამარცხდება, აი, ახლა გაიძურწება დაავადებული სახლში და ყველა მიხვდება, როგორი არაფრის მომცემი სახელია. აი, მარტო რაღაც ეროვნული დიდება. ნუ, ნული... ჩართეთ კამერები! ბატონები და ბანოვანები უკანა პლანზე, ვაჭრები წინა ხაზზე, გადარჩენილები, მოემზადეთ დასაცინად!
და აი, აქ მწუხარე სახის რაინდი დაიძაბა და შესძახა.
- სანჩო, მეგობარო, ჩვენი მიმართულება არ არის სწორი, ბოროტება ზურგიდან მოგვეპარა. ზურგისაკენ! და წინ!
- აი, ხო ვთქვი! - ამოიხვნეშა რეჟისორმა.
გაუხშოებული სუნთქვასავით ქარიშხლით შეზღუდულ და ჰორიზონტივით გაშლილ სუნთქვასავით თავისუფალ ველზე ორი სილუეტი უკუიქცა. შუბშემართული რაინდი ახლა კი მართლა მოაგელვებდა რაშს და თანდათან უახლოვდებოდა გადასაღებ გუნდს.
- არ მარცხდება?! დაღონდა რეჟისორი. - დულსინეა გადამალეთ!
ფლოქვების თქარათქური ახლოვდებოდა. სანჩო ძლივს ინარჩუნებდა წონასწორობას უნაგირზე. ხალხი აჩოჩქოლდა. არასდროს თავის ცხოვრებაში ასეთი შემართული არ ყოფილა მისი ბატონი, ასეთი ანთებული თვალებით და გახშირებული სუნთქვით არასდროს უომია.
დონ კიხოტ ლამანჩელი პირველად თავისი სამყაროში არსებობის მანძილზე მიჰქროდა არა გამოგონილი, არამედ ნამდვილი ბოროტების დასამარცხებლად.
- იბრძვის! - დაღონდა რეჟისორი.- აი, რა უნდა?! არ რცხვენია?!
და მწუხარე სახის რაინდმა შუბი შემართა.
გაოგნებული ხალხი აჩოჩქოლდა და მიმოიფანტა. ცდილობდნენ, გმირის თვალთახედვაში არ მოხვედრილიყვნენ. კამერები გაუაზრებლად წავიდნენ წინ და ახლო კადრები აიღეს.
რაინდმა შუბი შესტყორცნა.
შუბმა გაიშხუილა და მთელი ძალით ჩაასკდა უზარმაზარ ლოდს, იქვე რომ იდო, კოცონებით შემორკალური. შუბი ქვაში ჩაეჭედა და ზუზუნი აუვიდა!
- აი! გიჟია! სულელია, რას გვერჩის?! - აიჩეჩა მხრები რეჟისორმა. ჩვენ ისე უწყინარად დავცინოდით, არც კი დავცინოდით, ვაპირებდით...
- დასცინეთ, დასცინეთ! - გავეშებით ყვიროდა ასისტენტი.
ამდენ ხალხში მხოლოდ ერთმა ბიჭუნამ მოიფიქრა, როგორ მოქცეულიყო. ლოდთან მივიდა და წითელი საღებავით წააწერა. „რიჩარდ ლანცელოტი და რობინ ჰუდ ლომგული.“
რაინდობის ძეგლი ჩამავალი მზის ფონზე წითლად ლივლივებდა. შუბი ვარვარებდა და ლოდისგან ამომრთმევ ვაჟკაცს ელოდა.
დაიშალნენ...
ისე წავიდ-წამოვიდნენ, რომ შუბს ძვრა ვერავინ უყო.