ძილისპირული


ძილისპირული




საფეთქელში  ფეხი მოხვდა. თვალი ოდნავ  გაახილა და სცადა, თავი უკან გაეწია. შემდგი დარტყმა გახელილ თვალში მიიღო, ინსტინქტურად ხელი აიფარა და იქვე ცხვირშიც მოხვდა.  ადგომა დააპირა, მაგრამ ფეხზე ვიღაცა შემოხვეოდა. ფეხი ფრთხილად გაითავისუფლა და საწოლიდან ჩამოდგა, თუმცა ჩუსტის ნაცვლად, ჩუსტში ჩაბუდებულ კატის კუდზე დადგა. კატამ გამწარებულმა დაიკნავლა, მოსალოდნელზე მაღლა ახტა და კვერცხებზე ბრჭყალებით ჩამოეკიდა.  

 - რას აკეთებ, საყვარელო? - იკითხა  ქალმა,  რომელსაც აშკარად ეძინა და ავტომოპასუხის ხმა ჰქონდა.

 - არაფერი, არაფერი. - ჩაილაპარაკა კაცმა. კატასთან ერთად ლოგინს ფრთხილად მოშორდა და ოთახიდან გავიდა. თუმცა ბინა იმდენად პატარა იყო, რომ საძინებლის კარიდან გასული ეგრევე ბინიდან გამავალ კართან მოხვდა, კატა სიყვარულით ჩამოიხსნა  და იქვე საკიდზე დაკიდებული ქურთუკის კაპიშონში ჩასვა. ლოგინს გახედა,  2 კვადრატულ მეტრზე ოთხ ადამიანს ეძინა  და მისი ადგილი აშკარად აღარ რჩებოდა. არადა ძალიან ეძინებოდა. სააბაზანოში შეიხედა, თუმცა მოცუცქნულ  დუშ-კაბინაში დაძინება შეუძლებელი იყო, ამიტომ ქურთუკი შემოიცვა და გარეთ გავიდა. სადარბაზოში კაპიშონის გადაფარება სცადა და კატის ბრჭყალები შემელოტებულ კეფაზე დაემჩნა, ისევ ფრთხილად ამოიყვანა, სახლში დააბრუნა და კიბეებს მოწყენილი ჩაუყვა. სადარბაზოდან გასულმა აქეთ-იქით დაძაბულმა გაიხედა,  ჯიბიდან სიგარეტი ქურდულად ამოიღო და მოუკიდა. ნაპასიც არ ჰქონდა ამორტყმული, ვიღაც 16-17-18 წლის ბიჭი გაეჩითა და საქმიანად ჰკითხა:

 - სიგარეტი ხომ არ გაქვს?

თავი თანხმობით დაუქნია, მოკიდებული ღერი მიაწოდა და ჩქარი ნაბიჯით მოშორდა. ბევრი იარა თუ ცოტა, პატარა პარკში მოხვდა. ოთხივე მხრიდან კორპუსებით იყო გარშემორტყმული და შუაშიც რაღაც უშნო კომერციული ფართი ჩაედგათ. ეს სხვა დროს და სხვა საზოგადოებაში შემაშფოთებელი იქნებოდა, მაგრამ მარტის ქარიან ღამესთან გასამკლავებლად უჰაერო სივრცე იდეალური იყო და მამაკაციც, რომელსაც ბავშვობიდან ავთოს ეძახდნენ, პარკის  ერთ-ერთ სკამზე გულაღმა დაწვა. სცადა, ცისთვის შეეხედა, მაგრამ ვეღარ მოახერხა, რადგანაც იმწამსვე ჩაეძინა და ზუსტად სამწუთნახევარში გაააღვიძეს. საკმაოდ მოხუცი კაცი ფეხსაცმელს მზრუნველად ხდიდა.

 - უკაცრავად, ბატონო, რას აკეთებთ?

მოხუცი აშკარად დაფრთხა, მაგრამ მერე გონს მოეგო და შეტევაზე გადავიდა.

 - კიდევ მე რას ვაკეთებ?..  ანუ მე ვარ დამნაშავე, ხომ? მე კი არა, თქვენ როგორ იქცევით, ახალგაზრდავ, თავი სად გგონიათ, საზოგადოებრივ პარკში ხართ თუ სადღაც გომურში, სახლშიც ტუფლებით წვებით ლოგინში? ზრდილობა რა უყავით, ხალხო, სად დატოვეთ, ნუთუ არაფერი წმინდა აღარ დაგრჩათ, ნუთუ ადამიანობა აღარაფერს ნიშნავს და კეთილი ხალხი მხოლოდ ძველი წიგნების ფურცლებზე შემორჩა, ნუთუ სიყვარული და ერთმანეთის გატანა  აღარ შეგვიძლია?

 - მაპატიე, ბაბუ, მეგონა ფეხსაცმლის მოპარვა გინდოდა.

- მინდოდა რა, ახლაც მინდა, ამ ღამით ვერა, მაგრამ ხვალ დილით მეორადებში ჩავაბარებდი, როგორც ჩანს, ვიბრამის ძირებზეა, თან,  თითქმის ახლები, 15 ლარს მაინც მომცემდნენ, მერე კი თვითონ 40-ად მაინც გაყიდიდნენ.  სახლში მშიერი შვილიშვილები მელოდებიან, დედამათი თურქეთში წავიდა 98-ში, აი, საფრანგეთი რომ ჩემპიონი გახდა, მაგ დღეს  და მერე აღარც დაბრუნებულა, შეიძლება მკვდარიცაა, ან უარესი. ხოდა ამ შვილიშვილებს ჭამა უნდათ, უფროსი გაციებულიცაა და სანამ უმცროსისთვის გადაუდია, იქნებ, წამალიც კი ვუყიდო. თან თქვენისთანა გაუზრდელი ადამიანისთვის ჭკუის სასწავლებელიც იქნებოდა, სხვა დროს, სანამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ფეხსაცმელებით ძილს დააპირებდით, კარგად დაფიქრდებოდით.

- ბოდიში, ვწუხვარ რომ გავიღვიძე და იმედი გაგიცრუეთ, ახლა კი უნდა დაგტოვოთ, სადმე მყუდრო ადგილი ვნახო და გამოვიძინო, სახლში ბავშვები არ მაძინებენ,  ხვალ კი სამსახურში ვარ წასასვლელი, საპასუხისმგებლო საქმე მაქვს, შემდუღებელი ვარ, ძირითადად, მაღალ კონსტრუქციებზე მიწევს მუშაობა, ახლაც ხიდის პროექტზე ვმუშაობთ, იცით, გამოუძინებელი რომ მივიდე, შეიძლება, უბედურება მოხდეს, მუშაობის დროს თუ ჩამეძინება, კონსტრუქციიდან ჩამოვვარდები და მოვკვდები, ჩემი შვილები მშივრები დარჩებიან, თან ბანკის ვალიც მაქვს, ბინა ვიყიდე იპოთეკით, სულ 18 კვადრატია, მაგრამ ძალიან მიყვარს, ხოდა მე თუ მოვკვდები, ბანკის ვალებს ვერავინ გადაიხდის და ჩემი ოჯახი ღია ცისქვეშ დარჩება. მეორე ვარიანტიც არსებობს, შეიძლება, მუშაობის დროს არ ჩამეძინოს, იცით, ძალიან ძნელია ძილი, როდესაც „სვარკის“ ნაპერწკლებს უყურებ, მაგრამ, დიდი ალბათობით, ყურადღება გამეფანტება და საკუთარ საქმეს უგულისყუროდ შევასრულებ, შემდეგ კი ბრახ და ეს ხიდი ჩამოინგრევა, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ორი და სამი წლის შემდეგ, შეიძლება 20 წელში მოხდეს, ან სულაც 112-ში, მაგრამ როცა მოხდება, ძალიან ბევრი ხალხი დაიხოცება. უამრავი, მეორე დღეს ყველა შეშფოთდება და გამოძიებას დაიწყებენ, ალბათ ქალაქის მერიც გადადგება, გლოვასაც გამოაცხადებენ და, რაც მთავარია, უამრავი ადამიანი ხიდის ამშენებელს შეაგინებს. ყველაფერში დამნაშავე კი მე ვიქნები, კაცი, რომელმაც გამოძინება ვერ მოვახერხე და ამით ყველას ვუღალატე. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და თან  მადლობა,  რომ თვალები ამიხილეთ და მიმითითეთ, თუ რაოდენ არასწორი იყო ჩემი საქციელი, მაგრამ რომ იცოდეთ, თქვენც საკმაოდ ჩათლახი ადამიანი ჩანხართ. ახლა წავალ, ვეცდები, სხვა ადგილას დავიძინო, მეშინია, აქ რომ დავწვე, ფეხსაცმელებს აუცილებლად მომპარავთ.

- იქნებ მაინც  დამიტოვოთ, ჩემს შვილიშვილებზე იფიქრეთ, და საერთოდ, რას იზამდა თქვენს ადგილზე იესო, მან ხომ გვითხრა, გაიხადეთ ყველაფერი და ღარიბებს მიეცითო.

- ყველაფერი არც იესოს გაუხდია, კვართი ხომ ბოლომდე ეცვა, სანამ რომაელებმა არ გახადეს.

 - შენი მკრეხელი დედა მოვტყან! - დაიყვირა მოხუცმა და გაიქცა.

 - შენიც! - უპასუხა ავთომ  და გზა არცთუ ისე მშვიდად განაგრძო.

უაზრო დრო იყო, რამდენადაც საერთოდ დროს შეუძლია უაზრო იყოს,  ვერც იმას იტყოდა, შუაღამეაო და არც გათენებას აპირებდა. ისევ ისე ეძინებოდა, ოდნავ უფრო მეტადაც და თან გამწარებული ფიქრობდა, სად დაეძინა. სახურავზე საშიში იყო, შეიძლება, გადმოვარდნილიყო, რკინიგზის სადგურში კარგი სკამები ჰქონდათ, მაგრამ სულ ხმაური იყო, ფარეხებს უკან ქარი არ უბერავდა, მაგრამ უბნის ლოთები თუ გაივლიდნენ, აუცილებლად მიაფსამდნენ, რადგან ბნელოდა და არაფერი ჩანდა, მიწისქვეშა გადასასვლელშიც იგივე ელოდა, შეეძლო, ღამის ავტობუსში ასულიყო, მაგრამ ეგ ავტობუსი არასდროს მოდიოდა, გაჩერებაზე ძილიც არ ღირდა, რომელიმე ახვარი ტაქსისტი მანქანაში გადააწვენდა, სადმე მიიყვანდა და მერე ფულს მოსთხოვდა, თან ფული არც ჰქონდა, თორემ სასტუმროში დაიძინებდა, შუა გზაზე დაწოლაც არ ივარგებდა, ან მანქანა გადაუვლიდა, ან პატრული დაადგებოდა და განყოფილებაში გადაიყვანდა. ისე, განყოფილება კარგი იდეააო, გაუხარდა ავთოს,  გზაზე გადავიდა და უსაფრთხოების კუნძულზე დაწვა. დაწვა და სანამ მიხვდებოდა, რომ ასფალტი ჰაერზე ცივი იყო ჩაეძინა. ამჯერად  4 წუთში გააღვიძეს, სამნი  იყვნენ, სამწუხაროდ,  ფორმებიც არ ეცვათ და თვითონაც არ იცოდნენ, რა უნდოდათ.

 - აეეე, ბიძაჩემო! - უთხრა პირველმა ახალგაზრდამ და გაჩუმდა.

- მაგარი კაცი ჩანს ხო, ბომჟი კი არა, იმენა ჩვენიანია, - ეუბნებოდა მეორე მესამეს - წამო რა, ჩვენთან წავიყვანოთ.

 - ბაზარი არაა, ძმა -  მოჭრა მესამემ - დაჯექი რა, ჯიგარო, მაგარი პატივი უნდა გცეთ, აი, ძაან მაგარი რა. აქვე უნდა მივიდეთ, ხუთ წუთში გრიალში ვიქნებით.

 - უნდა დამაძინოთ? -  გულუბრყვილოდ გაუხaრდა ახალგაღვიძებულ კაცს, თუმცა მაშინვე გამოფხიზლდა და მიხვდა, რომ ან უნდა ეჩხუბა, ან სამ მთვრალ ტიპთან ერთად დასალევად წასულიყო. ჩხუბი მაგრად ეზარებოდა, ამიტომ იქვე გაჩერებულ მანქანაში ჩაჯდა და მოწყვეტით დაიძინა.

სამწუხაროდ, მართლა ხუთ წუთში მივიდნენ და ისე დაიღრიალეს, მივედითო, რომ შეჯანჯღარებამდე გაიღვიძა. მერე გადავიდა, ხრუშჩოვკის ჩაჯმულ კიბეებს აუყვა და დაბალჭერიან ბინაში შევიდა. იქ რაღაც ქორწილივით იყო, ერთი ჯიგარი კარადის სახურავზე იდგა და უზარმაზარი ვაზიდან ღვინოს პირდაპირ  ხახაში ისხამდა. ეს ჩამომსვლელიც არააო, გაიფიქრა და თან იქვე მდგომ და აღტაცებისგან პირდაღებულ მანდილოსანს  ჰკითხა:

- ამ ჯიგრის თეფში რომელია?

და რომელზეც უთხრეს, ეგააო, პირდაპირ შიგ ჩადო თავი და ეგრევე დაიძინა. თუმცა არც ამჯერად გაუმართლა, მალევე თავში სხვა  თეფში მოხვდა და როგორც კი თვალები გაახილა, მიხვდა, რომ ირგვლვ ყველა ჩხუბობდა. თვითონაც ჩხუბში ჩაება, ვიღაცას  ხელი დაარტყა, ვიღაცას ფეხი, ბოლოს ისე გამწარდა, რომ გინებითა და მუშტების ქნევით  კარებისკენ დაიძრა,  ბურთივით მრგვალი  მამაკაცი ერთი დარტყმით დააგდო და კიბეებზე დაეშვა. იქ პატრულის რამდენიმე თანამშრომელი იდგა. ერთ-ერთს მივარდა და გაუცინა:

-  საღამო მშვიდობის, ოფიცერო! - მერე კი გაკვირვებულ სახეში მუშტი ჩააზილა და იქვე წიხლიც მიაყოლა.

იმან კი ჩაიჩოქა და დაიბღავლა:

- დაიჭირეთ ეს ახვარი!

და ამანაც ისევ დაიყვირა:

- დამიჭირეთ, თქვე ახვრებო და დამასვენეთ!

იმათაც დაიჭირეს. სხვა რა გზა ჰქონდათ. განყოფილებაში გადაიყვანეს და პირველადი დაკავების საკანში ჩასვეს. იქ ბევრი ხალხი იყო. ძალიან ბევრი, მაგრამ ავთოს ეკიდა. ყველაზე ახლოს მდგომს მხარზე თავი ჩამოადო და დაიძინა.  ეს კაცი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ოპოზიციის ლიდერი აღმოჩნდა. ლიდერი  ჯერ დაიბნა, მერე კი მაგრად გაუსწორდა და თავის ცხოვრებაში ყველაზე გულწრფელი რეჩი მოარტყა:

 - მეგობრებო, ეს არაა შემთხვევითი. თითქოს ამ კაცის სახით მთელმა ქვეყანამ ნდობა გამომიცხადა. ამდენ ადამიანში მე ამირჩია. ეს ნიშანია, თითქოს მთელი ერმა თავისი მშვიდი ძილი მე მომანდო, თითქოს ყველამ ერთად მომთხოვა თავისი პრობლემების მოგვარება. თითქოს ერი მისი ფშვინვით მეუბნება, შალვა, აბობოქრდი და გადმოდი ნაპირებიდან, შეიერთე მილიონობით პატარა ნაკადული, იქეცი დამანგრეველ  სტიქიად და მოსპე ეს მოძალადე მთავრობა, დაამხე მათი ცრუ კერპები და  კორუმპირებული კეთილები, იქეც იმად, ვისაც ერი დიდი ხანია, ელის, იქეც მესიად! ახლა, ამ წამიდან, ჩვენ დაუმორჩილებლობის მოძრაობას ვიწყებთ. აქ და ახლა ახალი საქართველო იბადება. საქართველო, სადაც ყველაფერი იმდენად გაიაფდება, რომ დღეში ოთხ ლარად მართლა დავნაყრდებით, სადაც ნაცი და ქოცი ბალახს ერთად მოწევს, სადაც საზღვრების გადმომწევებს დედის გინებით მაინც ვუპასუხებთ, სადაც ყველაფერი, რასაც სადღეგრძელოებში ერთმანეთს ვუსურვებთ, რეალობად იქცევა და...

მოულოდნელად საკნის კართან მდგომმა ბადრაგმა კარი გააღო და აკანკალებული, ცრემლნარევი ხმით ჩუმად თქვა: 

- ჩვენ შენთან ვართ, ბატონო შალვა, გაგვიძეხი.

- აღსდექ, საქართველოვ!  - დაიღრიალა შალვამ და ავთოს ისევ გაეღვიძა. კარებისკენ მიმავალმა ხალხმა ის და შალვა ხელში აყვანილი გაიყვანა შენობიდან და სულ ცოტა ხანში  იქ მოგროვილ მომხრეებთან ერთად პარლამენტის წინ იდგა.

გადადექი! - ყვიროდა სხვებთან ერთად და თან სამსახურზე ფიქრობდა. დილით ადრე იყო ასადგომი, მას კი დაწოლაც ვერ მოეხერხებინა.

ბოლოს თვალები დახუჭა და ისე ყვიროდა. მერე დაეძინა, მაგრამ ყვირილს არ წყვეტდა. თითქოს მომენტალურად სიზმარი ჩაურთეს, იმ სიზმარშიც პარლამენტის წინ იდგა და იქაც იგივეს ყვიროდა.

- შეგიძლიათ სიტყვით გამოხვიდეთ? - ჰკითხეს ცხადში.

 - რა უნდა ვთქვა? - იკითხა მთქნარებით და  თან თავის თავზე ეცინებოდა.

 - რაც გნებავთ,  ამ საღამოს ერთ-ერთი მთავრი გმირი თქვენ ხართ, ყველას უნდა თქვენი მოსმენა.

- კი, ბატონო - დაეთანხმა ავთო და ტრიბუნისკენ წავიდა. გზაში რამდენჯერმე წასთვლიმა და მერე მიკროფონთანაც, მაგრამ გამყოლებმა ხელი შეავლეს და ყველა ჯერზე დაუნდობლად გამოაფხიზლეს. თენდებოდა, ხალხი ყველა მხრიდან მოდიოდა. ცოტა ხანი ფიქრობდა, აზრზე არ იყო, რა ეთქვა. ცოტათი შერცხვა კიდეც, ამდენი ადამიანის წინაშე არასოდეს ელაპარაკა:

- მოგესალმებით, - თქვა ძალიან  ჩუმად და იქვე გაბრაზდა, - ყველა ადამიანს აქვს ძილის უფლება, არც მთავრობას, არც პატრულს, არც პერფერატორიან მუშას, არც რესტორნიდან გაშვებულ  ფოიერვერკებს, არც მთვარის შუქზე  აყმუვლებულ ძაღლებს, არც მთვრალ მეზობლებს ,,ვლადიმერსკი ცენტრალით",  არც ჩვენს ლოგინზე მოკალათებულ ბავშვებს არ აქვთ უფლება წაგვართვან ჩვენი უკანასკნელი თავშესაფარი. ხელები შორს ჩვენი ბალიშებიდან და საბნებიდან. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას,  უბრალოდ დაგვაძინეთ. მე, მე დამაძინეთ!

- დაგვაძინეთ, დაგვაძინეთ! - აყვირდა ხალხიც, ავთო კი ტრიბუნიდან ჩამოვიდა და დემონსტრაციულად ასფალტზე დაწვა. ცოტა ხანში მომიტინგეებს სპეცრაზმმა შეუტია, ყველაფერი გამოიყენეს, მაგრამ ავთოს ყველაზე მეტად ცრემლსადენმა გაზმა აწყენინა. თვალები ისე აეწვა, სულ ცრემლებად დაიღვარა, თუმცა ერთი საინტერესო ამბავიც მოხდა, ერთმა ცნობილმა ფოტოგრაფმა ეპიკური ფოტო გადაიღო. ფოტოზე აღბეჭდილია, როგორ ურტყამენ ჩაძინებულ ავთოს სპეცრაზმელები ხელჯოხებს, ავთოს სახეზე კი ისეთი სიმშვიდეა აღბეჭდილი, მაჰათმასაც რომ შეშურდებოდა. დილის  საინფორმაციო გამოშვებაში კი ვიდეოც გაუშვეს, რომელზეც ნათლად ჩანდა, რომ ავთომ მხოლოდ მეშვიდე დარტყმის შემდეგ გაიღვიძა, შემდეგ კი რაღაცნაირად ხალხისკენ  გაიქცა და  ცრემლსადენ ნისლში შევარდა. უძინარი თვალები საშინლად აეწვა, რაღაცას ფეხი წამოკრა და წაიქცა. აზრზე რომ მოვიდა, დაკავების საკანში იყო. რკინის ჯაჭვით ხელები ჰქონდა შეკრული და ჭერზე იყო დაკიდებული. უბნის სტადიონზე „დევიატკაში“ დაკიდებული ცხვარი გაახსენდა. სამიოდე წლის წინ ახლობლის დედის წლისთავისთვის რომ ჩამოატყავა. მაშინ დააჯარიმეს. თავს იმართლებდა, ხე ვერსად ვნახე და ყლეზე ხომ არ დავიკიდებდიო, მაგრამ 500 ლარის გადახდამ მაინც მოუწია. ნეტავ ახლა რამდენში გამოვძვრებიო, ფიქრობდა და ცდილობდა, თვალი სინათლის წყაროსთვის, პირდაპირ თვალებში დამიზნებული სცენის „პროჟექტორისთვის“ მოერიდებინა, თვალები საშინლად ეწვოდა. სცადა დაეხურა, მაგრამ ქუთუთო და წამწამები წებოვანი ლენტით შუბლზე მიემაგრებინათ და ვერ ხურავდა. დაყვირებაც არ შეეძლო, ისეთივე წებო ტუჩებზეც ჰქონდა გადაკრული და რატომღაც წელსზემოთ შიშველი იყო.  ნახევარი საათი არავინ ჩანდა, მერე ორი კაცი შემოვიდა. ერთ-ერთი ეცნო კიდეც, მაგრამ სად ენახა, არ ახსოვდა და სწორედ მაგ ჯიგარმა მოულოდნელად კუჭის თავში მუჭი ჩაარტყა.

 - ესაა ხო, ახალი „გრუშა“? - იკითხა სიცილით, - ცოტა გეჭმიათ, ჩაჩუტულია რაღაც.

- არ ჭამა იასონოვიჩ, დიეტაზე ვარო, იძახის და იქნებ რამდენიმე კალორია დააწვევინოთ - სრულიად სერიოზულად უპასუხა მეორემ. 

- რა კალორია, ბიჭო, ბორმენტალი კი არა ვარ. ცოტა ქვემოთ დამიწიე, რაღაც მოუხერხებლად ვარ.

 - მიდი, მიდი, უბრახუნე და ერთ საათში შეგეცვლები, ძაანაც ნუ მოიკლავ თავს, მთავარია არ დაიძინოს.

 - გავიგე, რამდენჯერ უნდა მითხრა.

მეორე გავიდა, ნაცნობსახიანი დარჩა. ერთი-ორჯერ უგულოდ ჩააზილა, მერე იქვე ჩამოჯდა და მთქნარება დაიწყო.

- მისმინე, ჯიგარ. პროსტა არ დაიძინო, რა და არ დაგარტყამ. მაგრად მეზარება, ჩემთვის ბავშვებთან ვთამაშობდი, დამირეკეს, საქმეაო და ხომ იცი, უარს თუ ვიტყვი, მერე მე დამკიდებენ შენს ადგილზე. ის მეორეც ჯიგარია, ისიც ეგრე გეტყვის. ნუ ზმუიხარ, მაგას ვერ მოგხსნი. თუ გინდა, გაგაქანავებ ცოტა.

ავთო აზმუვლდა და თავის აქეთ-იქით ქნევა დაიწყო.

- კაი, კაი, გასაგებია, რაც არ გინდა, ღმერთმა ნუ მოგცეს. მე, აგერ, ჩამოვჯდები, კროსვორდს შევავსებ, იაპონურები მევასება, დალშე სულ ერთი და იგივე ნაგავია.

დიდხანს ხატა, რაღაც კურდღლისმაგვარი გამოდიოდა, მაგრამ მეორე შემოვიდა, ყურში ჩასჩურჩულა და გარეთ გაიყვანა, მერე ორივენი დაბრუნდნენ, ავთო ფაქიზად ჩამოხსნეს, დაბუჟებული ხელები დაუზილეს, შხაპში წაიყვანეს, საჭმელი აჭამეს, ახალი ტანსაცმელი ჩააცვეს, რომელიც ცოტა პატარა ჰქონდა, მაგრამ უხდებოდა, თმა გვერდზე გადაუვარცხნეს, მაკიაჟი გაუკეთეს  და გარეთ გაიყვანეს.

გარეთ თენდებოდა. ქუჩაში სუსხი იდგა, შვიდასამდე კაცმა  და რამდენიმე ქალმა მის დანახვაზე ყიჟინა ატეხა.  ერთი   მიუახლოვდა და ჩაეხუტა, მეორემ  ხელზეც აკოცა. მანქანაში ჩასვეს და ისევ პარლამენტთან მიიყვანეს. სახელდახელოდ გახსნილ დარბაზში შეიყვანეს. იქ პარლამენტართა სრული შემადგენლობა და ოპოზიციის ლიდერები ერთად უცდიდნენ. მის დანახვაზე ყველას დაძაბულობა მოეხსნა. პატარ-პატარა ბირჟებად დაიშალნენ და ახმაურდნენ. სპიკერმა, რომელსაც მიკროფონის გამორთვა დავიწყებოდა, გვერდით მდგომს მიმართა:

- ხომ ვამბობდი, რომ  ცოცხალია, აჰა, ბატონო, რა ეტყობა ამას ნაწამების?!

ყველამ ავთოს შეხედა, ავთოს კი როგორღაც მოეხერხებინა, პირველივე სკამამდე მიეღწია და მასავით დაღლილი პარლამენტარის გვერდით ეძინა. რამეთუ  მხოლოდ პარლამენტარს აქვს უფლება, იძინოს ყველგან, მაშინაც კი, თუ წითელს და მწვანეს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, მისი ძილი აღარავის დაურღვევია.

                                     და ეძინათ დიდხანს და ბედნიერად.

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE