დავუშვათ რომ ვცხოვრობთ


დავუშვათ რომ ვცხოვრობთ




***

 

ურთიერთობები

სკამების

მაგიდების

მერხების

ფანჯრის რაფების

ქვეშ მიკრულ

საღეჭ რეზინებს ჰგვანან

ღეჭავ

ღეჭავ

ღეჭავ

ღეჭავ

ღეჭავ

იქამდე ვიდრე 

კარგი გემო აქვთ

ვიდრე მათგან ბუშტების გაბერვაა შესაძლებელი

ან მოგუდული გატკაცუნება 

ენის ჩაბრუნებული მოძრაობით

მერე კი 

მიიხედავ

მოიხედავ 

და სადმე მიაკრავ

არც ურნაში ჩააგდებ

არც ქუჩაში დააგდებ

არც გადააგდებ

არიან ასე მიწებებულები

წლების განმავლობაში

ვერც ვერავინ ამჩნევს

არც არავინ იცის მათი არსებობის შესახებ

თუ სრულიად შემთხვევით

დამლაგებელმა არ იპოვნა

უხერხული სიტუაციისგან გულშეწუხებულმა სტუმარმა არ ააფათურა თითები ფანჯრის რაფაზე

თუ შენ პატარა შვილს სათამაშო არ შეუგორდა მაგიდის ქვეშ

და გამოღებისას თავი არ მიარტყი

იმ ადგილს სადაც ერთ დროს ,,დაბერებული'' საღეჭი რეზინა მიაწებე

თვალებს მოჭუტავ

ნატკენ ადგილს ხელით მოსინჯავ

ჭუჭყისგან გაშავებულ

გამომშრალ

გამაგრებულ მასალასაც იმავე ხელით შეეხები

გაგეღიმება

ეცდები გაიხსენო 

რომელი იყო

როდინდელი

როგორი არომატით

მაგრამ რა თქმა უნდა 

ვერაფრით გაიხსენებ

ან რატომ უნდა გაიხსენო

საღეჭი რეზინების მეტი რა არის

და არა მარტო საღეჭი

რეზინებიც უამრავია

დაღეჭვაც ბევრი რამის შეიძლება

არ არის აუცილებელი რეზინა იყოს

ოღონდ იყოს

რამე 

თუნდაც დასაღეჭი

 

 

დავუშვათ რომ ვცხოვრობთ

 

წამოდი ,,ნამდვილი“ ცხოვრება გაჩვენო

ნამდვილი და არა ზუსტი

მე არ მინდა რომ შენ ხედავდე უშეცდომოდ

სხვისი გამოცდილების ხარჯზე სპეკულირებით

წუთებს აგროვებდე

,,დრობუსში“ საათის ანაბარი გახსნა და

155 წლის ასაკში ბედნიერებისგან გაკოტრდე

არ დაიჯერო რომ ,,იმ სხვებმაც“ ის განიცადეს

რასაც შენ განიცდი

როცა მათ გამოცდილებებს ჩაყლაპავ

არაფრის გემოს იგრძნობ

და თუ მაინც გაჯიუტდები

ყლაპე ყოველ დილით უგემოვნების ნერწყვები

რა საჭიროა იხელმძღვანელო გამოცდილი ინსტრუქციებით

მხოლოდ იმიტომ რომ უშეცდომობა გარანტირებული გქონდეს?

დავუშვათ

ყველა ადამიანი გამოცდილებით ცხოვრობს

და ბედნიერია

მაგრამ ბედნიერია ყველა ვინც გამოცდილებით ცხოვრობს?

თუ ერთი ადამიანი მაინც არის უბედური

ცდა არაზუსტია

წამოდი და მე გაჩვენებ რომ

დედამიწა იმხელაა

რამხელაც შენ გინდა რომ იყოს

შეიძლება წლების მატებასთან ერთად

გაფართოვდეს ან შეიკუმშოს

მაგრამ ამას მხოლოდ შენ აღმოაჩენ

წამოდი და არაზუსტად ვიაროთ

დავუშვათ რომ ვცხოვრობთ

 

 

ფურთხი

 

რა კარგი იქნებოდა აქლემი რომ ვყოფილიყავი

ზურგზე ამობურცული კუზივით მეყვარებოდი -

რომ ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი ჩემი სხეულის

განუყოფელი ნაწილია და მსიამოვნებს,

რომ ჩემია და ჩემშია,

როგორც ფურთხის წელვადი გუნდა.

რა იქნებოდა აქლემი რომ ვყოფილიყავი?

კუზში დავიგროვებდი მთელი წლის სამყოფ

დარდსა და წყენას და ყოველდღე გაგიღიმებდი.

ვერავინ მაიძულებდა მელაპარაკა და ნაცოხარი ამომეღო

მანამ, სანამ არ მომბეზრდებოდა

ტუკებივით დაპრესილი სიტყვების გადმოფურთხება.

გადმოვაფურთხებდი და ჩემი სათქმელიც ეს იქნებოდა -

პირველი თოვლივით ფაფუკი ფურთხის უზარმაზარი გუნდა.

 

 

* * *

 

იყო და არა იყო რა

მდგრადი განვითარების მეტი რა იქნებოდა

იყო ცარიელი ურნები

და სავსე ქუჩები

ადამიანები იზეპირებდნენ ფუნქციებს

ნივთები ბაძავდნენ ადამიანებს

ადამიანებმა განვითარების აპოგეას მიაღწიეს

და დადუმდნენ

როგორც იქნა

ტექნიკაც განვითარდა

 

 

გველისმჭამელი

 

მე გველისმჭამელი ვარ

მე ვერ ვხედავ

მე ვხედავთ

მე მრავლობითი რიცხვი ვართ

მე გვიხარია

როცა ქუჩაში ნამდვილ მათხოვარს ვხედავთ

და მე გვიხარია

როცა გვაგინებენ

გულწრფელად გვაგინებენ

მე ვდგავათ ავტობუსის გაჩერებებზე და ხელს ვუქნევთ ღმერთს რომელიც მარტოა

რომელმაც გამოგვიგონა და რომელიც გამოვიგონეთ

მე მოგვწონს თამაში მარტოობანა

მე ყოველ ღამე დამალობანასაც ვთამაშობთ

თვალებს ვხუჭავთ და დილამდე ვითვლით

და ადამიანები იმალებიან საწოლებში

ზოგიერთები ვერ ახერხებენ დამალვას

ვერ პოულობენ სახლებს

ან არ აქვთ საწოლები

დღე ახალ თამაშს ვთამაშობთ

,,ამის პატრონმა რა ქნას?''

პატრიოტი გახდეს და ფეხები დაიბანოს

სამშობლოს მიწაზე სუნიანი ფეხებით სიარული მკრეხელობაა

ჩახედოს ქალს პირდაპირ მკერდში

კაცია და რა ქნას თვალი გაურბის

ამაზეა ნათქვამი: ,,თვალი მკერდის წილ...''

აიღოს მოსწავლის ბარათით სამგზავრო ბილეთი

მაინც ვერ შეამჩნევენ რომ ორი შვილის დედაა

ცხოვრებაში ერთხელ უღალატოს პრინციპებს და ნაგავი ჩააგდოს სანაგვე ურნაში

წაიკითხოს 790 სიტყვიანი CV

და დაასაქმოს დაუსაქმებელს პირდაპირ თავზე

ამის პატრონმა რა ქნას?

გველის ხორცი შეჭამოს

მე არ გვიყვარს ხორცი

მე მე ვართ

მხოლობითშიც და მრავლობითშიც

მე პირველი პირი ვართ

და ოთხ წელიწადში ერთხელ

ქვეყნის პირველი პირიც

მე გვირჩევენ

სულ გვირჩევენ

 

 

თხამ ვენახი შეჭამა

 

მალთაშუა დისკოს ფიბროზული რგოლის გარღვევა

ნიშნავს რომ

მე დახრილი ვარ

დაახლოებით ისე როგორც პიზის კოშკი

შესაძლებელია ,,გადახრებიც“ მაწუხებს

ამის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით

მაგრამ არც თქვენთანაა უკეთესი მდგომარეობა

ჩემი გადახრილი გადასახედიდან

ყველანი დახრილები მეჩვენებით

და საერთო ჯამში ისე გამოვიყურებით

როგორც ერთმანეთის შიშველ სხეულებზე მცოცავი ლოკოკინები

სველ წერილებს რომ ვტოვებთ ალაგ-ალაგ

ანტენებიანი რქებით ვიბღვირებით

მთელი ცხოვრება ზურგზე აკიდებულ

მამაპაპისეულ სახლებს დავათრევთ

და იმ სახლების ,,ზალაში“ ვკვდებით

სადაც კუბოს გატანის შემდეგ ქელეხის სუფრას შემოვუსხდებით

და ვიხსენებთ თუ როგორ ვიქეცით ლოკოკინებად

როგორ გადაიხარა ჩვენი ხერხემალი

გადატყდა

და მიწამ შეჭამა

მოდით ვნახოთ მიწა

რამ შეჭამა მიწა?

რა ერქვა გარდაცვლილის მამას?

მეხუთე ჭიქას ფეხზე ადგომით ვსვამთ

ძვლები ძაღლებს გადაუყარეთ

შენ გენაცვალე

ფლავი ცივი იყო

ხაშლამა მლაშე

ბლუ

ბლუ

ბლუ

ბუ

 

 

ობობები

 

ობობები რთავენ აბლაბუდებს.

მთელი მათი ცხოვრება აბლაბუდაა,

სახლები აბლაბუდებია,

გზები - აბლაბუდას ქსელები.

სიყვარულიც ერთი დიდი აბდაუბდაა -

საცეცებით გადაცემული სპერმის წვეთები...

ობობებიც ასე ფიქრობენ ადამიანებზე.

 

 

ადამიანები

 

ზოგჯერ ადამიანებიც ჯდებიან

და როცა ჯდებიან

ჭირდებათ დატენვა

...

იყო დრო როცა

ბატარეის მაგივრად

ელემენტს იყენებდნენ

გადააგდებდი ძველ ელემენტს

ჩაიდებდი ახალს და მორჩა

საქმე მოგვარებული იყო

ახლა სულ სხვაგვარადაა

ადამიანებს ჭირდებათ დამტენი

არც შემცვლელი

არც სასმელი

არც სიგარეტი

არც შოკოლადი

არც მაკიაჟი

არც მანქანა

არც ტელეფონი

...

ერთჯერადი სუპივითაა ადამიანი -

თუ გახსნი

წასულია მისი საქმე

 

 

ოდნავ რომანტიკული ლექსი

 

ყოველთვის როცა მიწისკენ იყურები

ხედავ ფეხსაცმელს

რომელიც ჩემი რჩევით იყიდე

და გახსენდები

ყოველთვის როცა მიწისკენ ვიყურები

ვხედავ ფეხსაცმელს

რომელიც შენი რჩევით ვიყიდე

და მახსენდები

ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო

ვიფიქროთ ერთმანეთზე

ჩემი ფეხსაცმლის ლანჩი

ჯერ ისევ ახალივით გამოიყურება

შენი ფეხსაცმლის ტყავი

ოდნავ მტვრიანია

 

 

წერტილი

 

ერთ პაწაწინა წერტილზე ვდგავარ

რომელიც იმდენად პატარაა

რომ თუ ფრთხილად არ ვიქნები

შეიძლება გადავვარდე

და ნეკნები დავილეწო

მაგრამ საქმე იმაშია რომ

მისი უდიდებულესობა წერტილი

არ მაძლევს დალეწვის საშუალებას

მარცხენა ტერფზე მახატია

შავია და ხალია

რა უცნაურები არიან წერტილები

სადაც უნდათ იქ იზრდებიან

აბა ცხვირი კი არ ამოგივა ადამიანს ნებისმიერ ადგილას

არც პირი

არც ყურები

არც ძუძუები

და არც ძუძუს თავები

მხოლოდ წერტილებს აქვთ სრული თავისუფლება

ყოვლისშემძლე თმასაც კი არ შეუძლია ფეხის გულზე ამოსვლა

 

 

***

 

ქარო

ნუ წაიღებ ცელოფნებს ტყეში

დატოვე კორპუსების წინ

ნაგვის ურნებთან

მაღაზიის ვიტრინებთან

ბაზრის დახლებთან

ნუ შეგვარცხვენ ტყეში მისულებს

ნუ მოგვცემ უფლებას გავიხსენოთ

თუ რა მნიშვნელოვანია პოლიეთილენი ადამიანის ცხოვრებაში

ქარო

ვიცი რომ გესმის ჩემი

მეც მესმის ხოლმე შენი ზუზუნი

ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს

შენ შენი ნაგავი წაიღე

ჩვენ ჩვენსას მივხედავთ

თორემ მილიონი წლის შემდეგ

როცა სამუდამოდ გაქრება ინტერნეტი

განადგურდება ყოველგვარი ვიდეო და აუდიო ჩანაწერი

ხმოვანი სიგნალი თუ ფოტოსურათი

დედამიწას კი უცხოპლანეტელები დაეპატრონებიან

ნამარხებში აღმოაჩენენ ცელოფნის გაურწნელ გვამებს

პლასტმასის ბოთლებს

თეფშებს

სათამაშოებს და იფიქრებენ რომ

პოლიეთილენი იყო ერთადერთი ცოცხალი არსება მზის სისტემაში

რომლებმაც ჩონჩხები მოიშინაურეს

ქარო

შენი საქმე არ არის არც

პოლიტიკა

არც საზოგადოება

არც სამართალი

მითუმეტეს ნარკოტიკი

ლგბტ-თა უფლებები

ბავშვები

ლოთები

პანჩურამორტყმული კატები და ძაღლები

ჩვენ უშენოდაც მოვაგვარებთ ყოფით პრობლემებს

პლურალურ სამყაროში

ოღონდ შენ ცელოფნებს არ გაეკარო

 

 

***

 

სად მიდიან მეტასტაზები გაქრობის შემდეგ?!

ბავშვობაში მეუბნებოდნენ თმას რომ დაივარცხნი და გარეთ გადაყრი

ჩიტები დაიჭერენ და ბუდეების ასაშენებლად გამოიყენებენო

ჰოდა იქნებ მეტასტაზებიც

ჩიტებს მიაქვთ ბუდეების ასაშენებლად

და ასე აწყობენ ჩვენი თმითა და ტკივილებით

ფუმფულა სახლებს

ჩვენ კი ვრჩებით მელოტები და სრულიად ჯანმრთელები

კანზე მიმხმარი ფერადი ლაქებით

და ვოცნებობთ გადავიქცეთ ჩიტებად

რომლებიც დაფრინავენ

ღრუბლიან ცაზე

მზიან ცაზე

ნისლიან ცაზე

ქარიან ამინდში

და სულ ფეხებზე კიდიათ

სიმსივნური წარმონაქმნებიც და გაცვენილი თმაც

მოკვეთილი მკერდიც და ამოჭმული საშოც

რაც მთავარია ჩიტებს ბუდეები აქვთ

ადამიანებს - ზამბარიანი საწოლები

სადაც ყოველ ღამე

საღეჭ რეზინებს ატკაცუნებენ სიბნელის ჩასაქრობად

დახუჭული თვალების ქვეშ კი

გუგულის ბუდეებს ბაგაბუგი გაუდით

 

 

***

 

პარანორმალური მოვლენაა მაგრამ

შენობები აქრობენ სურვილებს

ცუდმა არქიტექტურამ შესაძლოა

გაანადგუროს ადამიანთა დაწყვილების

ყველა შესაძლო კომბინაცია

საფუძველი ჩაუყაროს ვერშემდგარ კავშირს

ან მოგტეხოს კისერი

თუ ქვემოდან ზემოთ აკვირდები

ჯერ კიდევ დაუსრულებელ ბეტონის ჩონჩხს

რომლის სილუეტიც

ბევრად უფრო ამაზრზენია სიბნელეში

განსაკუთრებით მაშინ როცა

ძალიან რომანტიკულ და სენსიტიურ ხასიათზე ხარ

და ფიქრობ რომ

ყველა გზა და პერსპექტივა

ფოთლების შრიალთან

და ჩიტების ჭიკჭიკთან მიგიყვანს

მაქსიმუმ

კედელთან აყუდებულ

არაპროპორციულად ჩახლართულ წყვილთან

რადგან ასეთ წყვილებში

როგორც წესი

ერთი მაღალია

მეორე დაბალი

ერთი მსუქანია

მეორე გამხდარი

ხოლო ,,ფერი ფერსა მადლი ღმერთსა“ ბიჭები და გოგოები

რატომღაც არასდროს დადიან ქუჩებში

არ დგებიან ჩაბნელებულ კედელთან

და არ გამოხატავენ გრძნობებს საჯაროდ

ისინი წარმატებულად ზუსტად ჰგვანან

იმ შენებობს რომლის ძირშიც

ასევე წარმატებულად და ზუსტად

ანდომებენ მიწებებას

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE