კონსტანტინოს კავაფისი მსოფლიო მასშტაბის ბერძენი ავტორია, რომლის შემოქმედების დიდ ნაწილს ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. კავაფისის შემოქმედება დიდი მოცულობით არ გამოირჩევა. იგი სამ ასეულამდე ლექსის ავტორია. მას ისტორიიდან აინტერესებს დეტალები, პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტები. კავაფილი ცდილობს ისტორიკოსთა მიერ შემთხვევით თუ შეგნებულად გამოტოვებული ან ყურადღების მიღმა დარჩენილი ფაქტების აღდგენას. ადამიანის შინაგანი სამყაროს კვლევა-ძიებაც ერთ-ერთი წამყვანი ფენომენია მის შემოქმედებაში ბედისწერისა და სიკვდილის ფენომენებთან ერთად. აქ წარმოდგენილი ტექსტები კავაფისის გამოუქვეყნებელი და გადამალული ლექსებიდანაა. ბერძნულიდან ბწკარედი მოამზადა მაია კაკაშვილმა, პოეტური თარგმანი ეკუთვნის მარიამ წიკლაურს.
გაზეთის უწყება
წერდნენ რაღაცას ძალადობაზეც.
გაზეთი კვლავაც ხაზს უსვამდა
თავის სიძულვილს აღვირახსნილი
და გახრწნილი მორალისადმი!
სიძულვილს... მას კი, რეტდასხმულს და დამწუხრებულს,
აგონდებოდა შარშანდელი საღამო, წყნარი,
რომელიც ერთად გაატარეს საროსკიპოში,
პირველ სართულზე რესტორანი მოეწყოთ იქვე.
მას მერე, აგერ, წელიწადია, არ გადაჰყრიან ერთმანეთს არსად.
სიძულვილს... მას კი ტუჩების სიტკბო აგონდებოდა,
განსაცვიფრებლად თეთრი სხეული,
ღვთაებრივი სხეული მისი, რომელიც დარჩა საკადრისად დაუკოცნელი.
ტრამვაიშიც გააგრძელა ნაღვლიანმა უწყების კითხვა.
ღამის თერთმეტზე იპოვეს გვამი. სანაპიროზე.
საეჭვო იყო გარემოება. დანაშაულიც ვერ გამოკვეთეს.
გაზეთი ახლა თავის მორალურ თანაგრძნობას გამოხატავდა,
მაგრამ კი მაინც, ზიზღს ამჟღავნებდა მსხვერპლის
გარყვნილი ცხოვრების გამო.
სასმელის ბრალი იქნებოდა
სასმელის ბრალი იქნებოდა, საღამოს რომ ვსვი,
ძილიც ამიტომ მომერეოდა, მთელი დღის დაღლილს.
ჯერ იყო და, ხის შავი სვეტი უეცრად გაქრა,
მერე კაპიტელს ვერ ვხედავდი, სასადილო ოთახის კარსაც,
გაქრა წითელი სავარძელიც, გაქრა დივანიც,
და მათ ადგილას უცებ გაჩნდა მასალიის პატარა ქუჩა.
და ჩემი სულიც იქ აღმოჩნდა, თავისუფალი, როგორ ურჩად და
მოურიდებლად მოქმედებდა, ურცხვადაც, რომ ვთქვა.
ჰედონური ჭაბუკის სახით - ვნებააშლილი,
ატაცებული და ჟინმოგვრილი. ითქვას დე, ესეც!
სასმელის ბრალი იქნებოდა, საღამოს რომ ვსვი,
ძილიც ამიტომ მომერეოდა, მთელი დღის დაღლილს.
ჩემმა საბრალო სულმაც როგორ ამოისუნთქა,
წლების სიმძიმით შეკუმშულმა და დალეულმა.
უცებ გაშალა, უსამანოდ, თავისი თავი და მომეჩვენა,
მასალიის ერთ ულამაზეს ქუჩაზე იყო,
ბედნიერი და თავაშვებული ჭაბუკის სახით,
რომელსაც მართლაც გაქრობოდა ყველაფრის რიდი.
ყველაფერი კინეგიროსზე
იტალიელ დიდგვაროვანთა ოჯახიდან რადგანაცაა,
თანაც, ოცი წლის,
და რადგანაც ასე სჩვევიათ მათ მაღალ წრეში,
ჩავიდა სმირნას, რომ ესწავლა მჭევრმეტყველება,
მათი ენის ცოდნაც სრულეყო.
და უსმენს, თუმცა მისი ფიქრი ახლა სხვაგან ქრის,
სახელგანთქმულ სოფისტს, რომელიც
ახლა ათენზე საუბრობს და
ხელების ქნევით და მთელი გრძნობით, მილტიადეზე,
მარათონის სახელოვან ბრძოლაზე ჰყვება.
ეს კი ახლა ნადიმზე ფიქრობს, საღამოს რომ გაიმართება,
წარმოიდგენს და ხედავს თხელ სახეს,
საყვარელ ტუჩებს, ერთი სული აქვს, რომ ეამბოროს,
ფიქრობს, რა კარგ დროს ატარებს აქ ის.
მაგრამ, რა ქნას, ფული ელევა, რამდენიმე თვეც და უკვე
რომში უნდა დაბრუნდეს იგი. აგონდება,
რამხელა სესხი აქვს აღებული. რომ დაიწყება
წამება და წვალება და იქნებ როგორმე, აიცილოს ვალის გადახდა.
იქნებ როგორმე, შემოსავლის წყარო იპოვოს, რათა იცხოვროს საკადრისად
(ვით დიდგვაროვან იტალიურ ოჯახისშვილს შეეფერება).
ბებრუხანა ფულვიუსის ანდერძი ნახოს,
რა იქნებოდა, შიგ ჩახედვა რომ მოახერხოს,
ნეტავი რამე თუ დარჩება ამ ოღრაში ბერიკაცისგან
(ჰა, ორი-სამი წელიწადი, მეტს რაღას გაძლებს?!),
რას დაუტოვებს, ნახევარს თუ სულაც, მესამედს? რომ ვთქვათ,
ვალები უკვე ორჯერ გადაუხადა.
სოფისტი კი - მეტისმეტად აღელვებული
ლამისაა, ცრემლმორეული ლაპარაკობს კინეგიროსზე.
ათანასიოს
ნავში, ნილოსზე,
ორი ერთგული მეგობარი ბერის თანხლებით.
დევნილი და განაწამები ათანასიოს -
ღვთისმოსავი და ჭეშმარიტი რწმენის დამცველი -
ლოცულობდა. მტრები დევნიდნენ,
მცირედი იყო იმედი ხსნისა.
ქარიც სცემდა საპირისპიროდ.
ძირგამომპალ ნავს ძლივს მიჰყავდა მგზავრები წყალზე.
დაასრულა ლოცვა და როცა
სევდიანი მზერა მიაპყრო მეგობრებისკენ,
გაუკვირდა კი,
უცნაური ღიმილი რომ დაჰფენოდათ სახეზე იმათ.
ბერებმა, სანამ ლოცულობდა ათანასიოს,
კარგად იგრძნეს, რაც ხდებოდა
აქედან შორს, შუამდინარეთში.
მიხვდნენ, რომ იმ წამს
სული გააფრთხო სალახანა იულიანემ.
იულიანეს გადარჩენა
გაშმაგებულმა მეომრებმა მერე დახოცეს
ნათესავებიც გარდაცვლილი კონსტანტინესი,
და სულ ბოლოს კი შემზარავი
აღტყინებით ემუქრებოდნენ ექვსიოდე წლის
ყრმას კეისრისას - იულიუს კონსტანციუსის.
ქრისტიანმა გულმოწყალე ღვთისმსახურებმა
მას მიაგნეს და წიაღს მიანდეს
ეკლესიისას. გადაარჩინეს ასე იგი, ექვსიოდე წლის იულიანე.
სულაც არ არის საჭირო, ითქვას,
რომ ეს ცნობაა ქრისტიანული წყაროებიდან.
მაგრამ უდავო სიმართლეაო, ვინ უწყის ესეც.
ისტორიულად საოცარიც არაფერია: იმაში, თუკი
ქრისტიანი ღვთისმსახურები
ქრისტიან ბავშვებს, უცოდველებს, გადაარჩენენ.
ნეტავი დიდი ფილოსოფოსი ავგუსტოსი
ამას ხომ არ გულისხმობდა, როცა ამბობდა:
„დავიწყება ყოფილიყოს იმ სიბნელისა“?!
დანაშაული
ფული სტავროსმა გაგვინაწილა,
გამორჩეულმა სამეგობროში -
ჭკვიანიც იყო, ღონიერიც, წარმოუდგენლად ლამაზი ბიჭი
და ყველაზე მოხერხებული.
ჩემ გარდა (ოცის ვიყავი მაშინ),
ის ყველაზე უმცროსი იყო, მგონი, ზუსტად ოცდასამისა.
ნაქურდალი სამასი ლირა შუაზე გაყო,
ნახევარი დაიტოვა სამართლიანად.
და ახლა, ღამის თერთმეტ საათზე
შევთავაზეთ გაქცევაში დახმარება ხვალ დილისათვის,
სანამ რაიმეს შეიტყობდა პოლიცია დანაშაულზე,
წვრილმან საქმედაც ვერ ჩათვლიდი - დამამაძიმებელ გარემოებებს ბევრს შეიცავდა.
მიწისქვეშ ერთად ვიმყოფებოდით,
დაცულ სარდაფში.
რადგან მისი წასვლა გადაწყდა, დანარჩენებმა, სამნი რომ იყვნენ,
მე სტავროსთან მარტო დამტოვეს,
პირობით, რომ ხუთ საათზე დაბრუნდებოდნენ.
მიწაზე ერთი დაგლეჯილი ლოგინი ეგდო.
გადაღლილები ერთად დავწექით. ვშფოთავდით და
ვფორიაქობდით, დაქანცულები იმაზე ფიქრით,
რომ ხვალ უნდა გაქცეულიყო.
მერეღა მივხვდი: ვერ ვიგუმანე რატომღაც ზუსტად,
უკანასკნელი ეს დაწოლა რომ იყო მასთან.
ეს ნაწერიც ვიღაც პოეტის ქაღალდებში აღმოაჩინეს.
თარიღიც ესვა, თუმცა ძნელად იკითხებოდა:
„ერთი“ ბაცად ჩანს, მერე „ცხრაა“, შემდეგ კი „ერთი“,
მეოთხე ციფრიც „ცხრიანს“ მიაგავს.
ტიგრანოკერტი
მშვენიერების მოვალე ვარ, გულს გადავუშლი
ჩემს თანამოძმეს და ნათესავს
(სავარაუდოდ, მამაჩემის და უნდა იყოს) –
ბებერ მაჭანკალ კერკოს, რომელმაც მთხოვა ჩამოსვლა -
ახალ ქალაქ ტიგრანოკერტში,
მდიდარსა და აყვავებულში.
თეატრი აქაც საშუალება არის გაცნობის,
კარგად ვერთობი მსახიობის კვალობაზე. არ არის
აქ ალექსანდრია, არც ათენია.
არაუშავს ვითამაშე სოფოკლეში ემონასი და
ვაი-ვაგლახად - ევრიპიდეს ჰიპოლიტოსი.
მაყურებლებმაც აღნიშნეს, რომ იმათ ქალაქში
ჩემზე მეტად სიმპათიური ახალგაზრდა მსახიობი არც კი უნახავთ.
ერთმა მდიდარმა მოქალაქემ, თანაც, საოცრად ხელგაშლილმა,
გამორჩეული ყურადღებაც კი მომაქცია.
კერკო ზრუნავს ყოველივეზე
(სამაჭანკლოს ნახევარი უკვე აიღო ამ ნაძირალამ).
დროებითი ადგილია ტიგრანოკერტი!
ვნახოთ, როდემდე იარსებებს. უეჭველია,
ბოლოს და ბოლოს, მოსრავენ ქალაქს რომაელები.
სიზმრებს ხედავს მეფე ტიგრანი.
მე რა მანაღვლებს, ყველაზე ბევრი,
აქ ორი თვით დავრჩე და წავალ.
მაშინ ხომ სულაც არ ვინაღვლებ, თუკი მოსპობენ რომაელები
ტიგრანოკერტსაც და ზედ კერკოსაც მიაყოლებენ.
ბერძნულიდან თარგმნეს მაია კაკაშვილმა და მარიამ წიკლაურმა