საკანში ჟამი მზის კაშკაშა სხივმა ორლესულივით გაჭრა. ზამთარი გასრულდა. სანაპიროზე მხოლოდ უსასრულო წვიმები და შავი ღრუბლები იცოდა ზამთარმა. გვიან და სუსხიანად გაზაფხულდებოდა ხოლმე მაისის მიწურულს. ცის კამარაზე კაშკაშით ამოანათებდა ხოლმე ბრჭყვიალა მზე, თავდაუზოგავად ებრძოდა მოქუფრულ ღრუბლებს და იმარჯვებდა კიდეც ყოველთვის. არემარეს სხივები გადაახალისებდა და შემდეგ, რამდენიმე დღეში უკვე აუტანელი გვალვა თავის ალმურში მოთოკავდა ქალაქს, და მცხუნვარებით უფრო მეტად დააბეჩავებდა ძველისძველ სახურავებს. ჯერჯერობით კი სანაპიროზე იდგა ყველაზე ტკბილი დრო, რომელსაც ყვავილობის კვირას ეძახდნენ.
საკნის კუთხეში მიმწყვდეულ კოლტონს ჯერ მზის სხივმა მოსჭრა თვალი, მოგვიანებით კი დერეფნის ბოლოდან კარის ღრჭიალიც შემოესმა და ძილი დაუფრთხო.
- გამიშვით! მომეცალეთ! გაიწიეთ! - მოქოშინებდა და ჩხუბობდა მსუქანი რიკარდო. ისე დამრგვალებულიყო, რომ დერეფანში კი არ შემოვიდა, ლამის შემოგორდა. ცხიმიან თითებში გასაღებების ასხმა უჩხარუნებდა:
- საითაა? - მცველები კუდში მიჰყვებოდნენ, მაგრამ პასუხს არავინ სცემდა. რიკარდო ჯერ ერთ საკანს ეცა, მერე - მეორეს. ყველა ცარიელი დახვდა. როგორც იქნა, ბოლომდე გაიარა დერეფანი და კოლტონამდე მიაღწია. კუთხეში მიყუჟული პატიმარი ისე გაშავებულიყო, ლამის ვერც შეამჩნია.
- მე თქვენ გიჩვენებთ სეირს! - რიკარდომ ბრაზითა და ოხვრით დაიწყო ხელში გასაღებების თვლა - აბა დამაცადეთ! ახლა განახებთ მე... - როგორც იქნა, საჭირო გასაღები იპოვა და დიდი ჯაჯგურითა და ჩხარუნით საკეტი გადაატრიალა. ჟანგნაჭამი რკინის კარი ბოლომდე არც გაიღო, რიკარდომ ხვნეშა-ხვნეშითა და გაჭირვებით ძლივს შესრისა თავისი აზვირთებული ღიპი საკანში. წვეტიანი ცხვირი ჰქონდა, უშნო, ჩაშავებული თვალები, უფრო შავი და მსხვილი წარბები, ლამის ერთმანეთზე გადაბმული. წითელ ოფლიან სახეზე ლოყები ჭუჭყიანი ცომის გუნდებივით ჩამოსწელვოდა. საკბილოს მაძებარ ვირთაგვასავით ცივ მწვანე თვალებს შეშინებული აცეცებდა აქეთ-იქით.
კოლტონს თავზე წამოადგა. ცოტა ხანს ათვალიერა. ხმა არ ამოუღია. არ იცოდა, რა ეთქვა. პატიმარს ორივე მკლავზე სქელი ბორკილი ედო და კედელზე იყო მიჯაჭვული. ჯაჭვები კი ერთმანეთში ალუფხულიყო. რიკარდომ საკეტებს დაუწყო ძებნა და ჟანგიანი გასაღებების მორგება.
- რას აკეთებ? - ჰკითხა გაკვირვებულმა კოლტონმა.
- გათავისუფლებ! - ახარა რიკარდომ.
- როდის აქეთ ათავისუფლებს პატიმრებს ქალაქის მერი თავისი ხელით?
- როგორ გეკადრება, კოლტონ! - სიცილმა სრუტუნით გაიზრიალა მის კბილებში, - მე აღარა ვარ ქალაქის მერი! ახალი მერი გყავთ! მე აღარავინ აღარა ვარ! ამიერიდან სანაპიროს ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარა გახლავართ! - ცოტა ხანს შეფიქრიანდა - რაც, მე მგონი, ყოველთვის ვიყავი კიდეც! - ისევ გააგრძელა ბორკილების დახსნა. - მაგრამ ვისაც ჩემზე მეტი ჰგონია თავი, ახლა ისინიც ნახავენ, ვინაა ვიგინდარა. მალე ყველაფერი გაირკვევა. შენ ხომ კარგადა ხარ?
- ჩემი გათავისუფლებით გაირკვევა რამე?! - შეხსნილი ბორკილები იატაკზე დაყარა კოლტონმა.
- ნახავ, კოლტონ, შენ თვითონ ნახავ! - მზის სხივზე წამომართულ გოლიათს რიკარდო ისე შეჰყურებდა, როგორც მხსნელსა და მესიას. მართალია, დაბალი კაცი იყო რიკარდო და მის გვერდით ისედაც ყველა გოლიათს ჰგავდა. მაგრამ ასეთი სიხარულით არასოდეს აუპყრია თვალები ზემოთ ვინმესაკენ.
- მე ისეთი აღარ ვარ, რიკარდო, - ამოიხვნეშა კოლტონმა, მაგრამ როგორც კი მკლავები მოითავისუფლა, მიხვდა, უკან აღარაფერზე დაიხევდა. - რამდენი წელია აქ ვზივარ! ხშირად დამლაპარაკებელიც არ მყავდა. დავბეჩავდი, დავბერდი...
- შენ მაგაზე არ ინერვიულო, კოლტონ, - რიკარდომ ისევ ციხის კარებს დაუწყო ჯაჯგური, და რომ ვერ გააღო, ღიპი წეღანდელივით სრუტუნით შეიკეცა და გისოსებს შორის გასაძრომად მოემზადა.
- და რაში გჭირდები? - კოლტონმა მკლავები ჩასჭიდა რკინის კარს და შეჯაჯგურებით დაახევინა უკან. რიკარდო დერეფანში ისევ წეღანდელივით გადაგორდა. შარვალი მუცელზე ამოიწია, გასწორდა, მერე კოლტონისკენ შებრუნდა და ამაყად განუცხადა:
- არაფერში, კოლტონ, არაფერში! - სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო - გადი, ჩადი ქალაქში და იცხოვრე თავისუფლად! - რიკარდომ დერეფანში მოგროვილ მცველებს გასაღები გადაუგდო და ერთხელ კიდევ შეუბღვირა:
- გაატარეთ კაცი! თავისუფალია! გაუშვით აქედან!
ერთი ბეწო მხრებით გასწია ყველა, გზა გაათავისუფლა და კოლტონი პატარა ბავშვივით გამოიყვანა საპყრობილის ეზოში.
- აბა, შენ იცი, კოლტონ! - ლამის ცრემლი მორეოდა რიკარდოს თვალზე - არ დამაღალატო! ბევრი მეც აღარაფერი მაქვს, მაგრამ ცოტა ხანს მაინც გაგწვდება, ჭერს იშოვი სადმე და ლუკმა-პურს - მრგვალად დახვეული ქაღალდის ფული ჩაუდო მუჭაში.
- მაინც ვერ ვხვდები, რატომ გამომიშვი... - უხერხულად მოიშორა ჩასახუტებლად წამოსული ბურთივით კაცი კოლტონმა.
- რა მიხვედერა უნდა?! სიყვარულისა და პატივისცემის გამო! მე და შენ სიყვარულის და კეთილი გამარჯობის მეტი არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის... კარგი, უნდა წავიდე. აგერ, მელოდებიან! დიდი მადლობა შენ და აბა, შენ იცი! - რიკარდო იქვე მდგარ შინდისფერ კარეტაში აძვრა, ღიპი უფრო მოქნილად შეტია შიგნით, თხელი კარი ღონივრად მოიჯახუნა და ელვის სისწრაფით დაეშვა ფერდობზე.
კოლტონმა მიმოიხედა. არემარე ათასფერ ყვავილებს გადაეჭრელებინა. ღრმად შეისუნთქა ნაადრევი გაზაფხულის გრილი ჰაერი. ნესტმა სასიამოვნოდ დაუარა მკლავებში. რამდენი წელია ქარის შრიალი არ უგრძვნია. ბევრი ისეთი რამ მოენატრა, რაც ადრე არასდროს ჰყვარებია. ყვავილობის კვირა იდგა, იცოდა, მალე გაყრუვდებოდა ეს სიცოცხლით ჭრელი მინდვრები. მალე გადახმებოდა და დასკდებოდა მწვანე ბუჩქნარით დაფესვილი ბელტები. ოკეანის ხაზს გააყოლა თვალი. დაინახა ქალაქი: საკმაოდ შეცვლილი, გაზრდილი, გალამაზებულიც კი, რაღაც მხრივ. არ ეგონა, ამ ქალაქს ოდესმე რამე თუ გაალამაზებდა. რიკარდოს კარეტამ ფერდობიდან მარცხნივ გადაუხვია, ქალაქის საპირისპიროდ და აღარასოდეს დაბრუნებულა უკან.
კოლტონი ნელ-ნელა ჩაუყვა ბილიკს. არ იცოდა, სად უნდა წასულიყო, ან რა ეკეთებინა, მაგრამ თავი დიდად არც შეუწუხებია ამაზე ფიქრით. მისნაირი კაცი უსაქმოდ არ დარჩებოდა. ნახევარზე მეტი ცხოვრება კი ისედაც ხელმოცარულმა გაატარა. ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ქალაქში ჩასულიყო და თავისი სამშობლო ენახა. იცოდა, დღეს იქ სულ სხვა ხალხი დახვდებოდა. ათი წელი თითქმის არავის ხმა არ მისწვდენია ციხეში. არავინ დალაპარაკებია. კოლტონი ხარბად სუნთქავდა გაზაფხულს და ისე უსწორმასწოროდ ადგამდა დაღმართზე ნაბიჯებს, თითქოს ხელახლა იდგამდა ფეხს.
როგორც იქნა ქალაქამდე მიაღწია. ქუჩებს გულდასმით აკვირდებოდა: ზოგს ცნობდა, ზოგს - ვერა. გზები ქვაფენილში ჩაესვათ. ტალახითა და მიწით აღარ იყო კედლები მოსვრილი. შენობები გაესუფთავებინათ, მაგრამ ეს მხოლოდ ფასადის მხარეს, უკან, ვიწრობებში, ისევ იმალებოდა და ბნელიდან იცქირებოდა ის ქალაქი, რომელიც კოლტონს ათი წლის წინ დაატოვებინეს. წმინდა ჯოვანის მოედანს მიადგა. თავისი უფროსი ძმის ქანდაკებას ამრეზით ახედა. მისი სახე აღარც ახსოვდა, მაგრამ ჩათვალა, რომ ქანდაკება საერთოდაც არ ჰგავდა ნამდვილს. ჯოვანის ოდნავ ვიწრო მხრები და გრძელი ხელები ჰქონდა, ეს კაცი კი საოცრად განიერი მხარ-ბეჭითა და მსხვილი კიდურებით გამოექანდაკებინათ. ჯოვანის თავი დაეხარა და ორივე ხელი გულზე ედო. ქანდაკებას სპილენძში ჩასმული ლამაზი წარწერა ამშვენებდა: „ჩვენ სიყვარული გვაშენებს.“
კოლტონმა გამვლელებს გადაავლო თვალი. ქუჩები ნახევრად დაცარიელებული ეჩვენა. თითქოს ყველა სადღაც კუთხეში შეყუჟულიყო, ან ფარდას ამოფარებული ცალი თვალით იჭყიტებოდა გარეთ. ქუჩებს თითქოს ლამაზად მოქარგული ზეწარი ჰქონდა გადმოფარებული, მაგრამ ზეწრის ქვეშ უხილავი მატლები ღრღნიდნენ ერთმანეთს. მოედანზე წმინდა ჯოვანის ძეგლი და ლამაზი ბილიკები მხოლოდ ტურისტებს უხვევდა თვალს. ძველი სანაპირო კი ჩუმად იცდიდა კუთხეში. კოლტონმა იცოდა, როგორც კი ღამე ჩამოწვებოდა, შველა არ იქნებოდა არსაით, არც გასაქცევი. ადამიანი სრულიად უმწეოდ იდგა აქ და წუთისოფელი აუცილებლად გათელავდა მას. მხოლოდ იმაზე უნდა ეოცნება, ნეტავ დატორილმა მაინც შევძლო ორ ფეხზე დგომაო. ყაჩაღები და ბანდიტები ციხეში ბოროტმოქმედებმა ჩაყარეს, ასე რომ, გულის გულში, სანაპიროს ისევ ისეთი შავი სისხლი უჩქეფდა, როგორც ყოველთვის.
სკამზე ჩამომჯდარმა ვერც კი შეამჩნია, როგორ მიუახლოვდა ნაცრისფერში გამოწყობილი მამაკაცი. მხოლოდ მისმა ხმამ გამოაფხიზლა:
- კოლტონ უაით? - თავაზიანად მიმართა უცხომ.
- ჰო... - ხმა ჩაუწყდა და ძლივს ამოთქვა ხრინწით.
- ქალაქის ახალმა მერმა გამომგზავნა, როგორც კი თქვენი გათავისუფლება შეიტყო, - თვალებდახრილი საუბრობდა კაცი, - ბატონ ერიკ გრინვალდს თქვენთან შეხვედრა და გასაუბრება სურს.
- კარგი, - ფეხზე წამოდგა კოლტონი, - წავიდეთ!
- არა, - უხერხულად შეიშმუშნა უცხო, - ჯერ გვარიანი მოწესრიგება არ გაწყენდათ - და ალმაცერად დახედა კოლტონის დაფლეთილ ტანსაცმელს, გაბანჯგვლულ წვერსა და თვალებზე ჩამოფხატულ ჭუჭყიან თმას.
- რა გაეწყობა, - ხელები გაშალა კოლტონმა - გამიძეხით!
ჯოვანის მოედანი ეგონა ცენტრი, მაგრამ კოლტონმა მხლებელთან ერთად უფრო და უფრო ლამაზი ქუჩები გაიარა და მოედანი უკან მორჩათ. უფრო და უფრო აჭრელებული შენობები, უფრო და უფრო ჩამოჟამებული ვიწრო გასასვლელები; თითქოს ქალაქის შიგანი აჩრდილივით არ შორდებოდა არსად. ლამაზ სახლებსა და ფერად სკვერებში მხოლოდ სევდა, სიბინძურე და ჯანღი გამჯდარიყო. ქალაქის კვასკვასა ცისარტყელაში იისფერი მწუხრი ჭარბობდა.
როგორც იქნა აბანოში მივიდნენ. ცხვირაბზეკილი მოსამსახურეები ისეთივე გარინდული მზერით მიდი-მოდიოდნენ, როგორც კოლტონის მეგზური. თითქოს კოლტონი არც კი იყო იქ. ცხელი აბანო სხეულზე თაფლივით მოედო. ჩამოიბანა ციხის სიცხე, ჭუჭყი და ნესტი. დარდი და დაღლილობაც, ცოტა ხნით, სადღაც გვერდით გადადო. ცოტა მიუყრუა სამყაროს, თვალი მოუხუჭა ოდნავ, ალბათ, პირველად თავის სიცოცხლეში. მთელი ახალგაზრდობა გამალებული ეძებდა რაღაცას, მერე მას ეძებდა ყველა. ახლა კი დევნა შეწყდა, მაძებარიცა და დევნილიც დაიღალნენ ერთმანეთით, თავიანთი ყოფით. კოლტონმა თავი გადასწია. ჩაეძინა. ბოლო დროს არაჩვეულებრივ სიზმრებს ხედავდა, მაგრამ ახლა ფრიდრიკი დაესიზმრა. ჯერ დიდხანს მიუყვებოდა გრძელ დერეფანს, სადაც ყველა კარი ღიად დაეტოვებინათ და ყველა კარიდან ვიღაც ეძახდა, მაგრამ არცერთს ყური არ ათხოვა. დერეფნის ბოლომდე იარა და მაღალი, წაბლისფერი კარი შეაღო. ცარიელ ოთახში ფრიდრიკი იჯდა სკამზე. კოლტონი სიხარულით ეცა და ჩაეხუტა.
- მე მეგონა, შენ მოგკლეს! - ცრემლები მოადგა თვალზე, - როგორ მინდოდა შენი ნახვა!
- არა, ჩემო ძმაო... - ჩურჩულებდა სიზმარში ფრიდრიკი - სიკვდილი ვერ მომერია...
კოლტონმა უფრო მაგრად მოუჭირა ხელები და იგრძნო, მის მკლავებში ნელ-ნელა როგორ აორთქლდა და გაქრა ფრიდრიკი. აბანოს კარის ხმამ გამოაღვიძა და მაშინვე ცრემლები მოიწმინდა. ფეხაკრეფით შემოსული გოგონა მასთან შიშველი ჩავიდა წყალში.
- გამარჯობა. - ღიმილით მიეგება კოლტონს.
- შენ რამდენი წლის ხარ? - ბრაზით მიმართა დაუკითხავად შემოსულ სტუმარს.
- იმდენის! - გაიცინა გოგონამ, - სიყვარული უკვე ვიცი!
- გადი! - ხელით კარისკენ მიუთითა, - გადი და უთხარი, ვინმე უფროსი შემოუშვან! დროზე!
გოგონა მიხვდა, რომ არაფერი გაუვიდოდა და სწრაფადვე ისკუპა წყლიდან. სანამ კარში გავიდოდა, ერთი კი ამოიოხრა, რა ყველა ავადმყოფია ამ ქალაქშიო.
ცოტა ხანში გოგონას მაგივრად ქალი შემოვიდა და უსიტყვოდ ეახლა კოლტონს. ქალს რბილ მკლავებში ჩაჭიდა ხელი, ახლოს მიიზიდა, ყელში კოცნიდა და გაზაფხულის სურნელებით იყო ატანილი. მკლავები შემოაჭდო და შესავლის გარეშე გააშლევინა ფეხები. ეს არ იყო სიამოვნება, კოლტონმა ცოტა ხანში მხოლოდ ერთგვარი შვება იგრძნო, თითქოს მის მხრებზე ჩამომდგარი სანაპირო ცოტა ხნით შეხსნეს და ამოასუნთქეს. ქალი ისევე უჩუმრად გავიდა, როგორც შემოვიდა. შემდეგ კი ერთ-ერთმა შეგირდმა შემოიხედა და კოლტონი დალაქთან დაიბარა.
- წვერი გაგკრიჭოთ? - შეეკითხა დალაქი და მზრუნველი წარბები შუბლზე აუთამაშდა.
- არა, მთლიანად გამპარსეთ. - კოლტონმა პირველად დაინახა, რომ ჭაღარა ჰქონდა შეპარული თმაში.
თანხმობის ნიშნად მეგზურმაც თავი დაუკრა, რომელიც არაფრის დიდებით არ ეუბნებოდა, რა საქმეზე იყო დაბარებული ქალაქის მერთან. ცოტა ხანში ლამაზ ტანსაცმელშიც გამოაწყვეს; ყავისფერი ტყავის ჩექმები, მოხდენილი შარვალი და კოლტონის შესაფერისი მუქი პიჯაკი. მეგზურმა ჰალსტუხი და ბანტიც შესთავაზა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. კოლტონმა თეთრ პერანგს სულ ზედა ღილი ააგლიჯა, ცოტა ჩაიხსნა, შავი ჟილეტიც მაგრად მოქაჩა, გააგანივრა. ახალ ტყავში გაიბრძოლ-გამოიბრძოლა და თავი მოიშინაურა. სამოსის შესწორებას რომ მორჩა, მერე ომახიანად იკითხა:
- როდის მიმიღებს ბატონი გრინვალდი?
მოქურუხებული მეგზური თვალს არ აშორებდა, ცალი წარბი ჩამოსწია, კოლტონის უხეშ გემოვნებას შეეგუა და ხმადაბლა მიუგო.
- წამომყევით.
დიდი ნაბიჯებით გაუყვნენ ლამაზ ბილიკებს. ერთ-ერთ მოსახვევში ქალაქის მცველი შეეგებათ. ლამაზ აბჯარში იყო გამოწყობილი. შიგნით წითელი პერანგი ეცვა. კოლტონმა მცველი და მისი აბჯარიც ქალაქს მიამსგავსა. მხოლოდ გარედან იყო ლამაზი, მაგრამ გამოცდილმა თვალმა მიახვედრა, რომ ამ აბჯარს პატარა ხელცულის ღონიერი მოქნევაც კი ნაფოტებად აქცევდა.
მწვანედ აბიბინებული ეზო გაიარეს და თეთრი, განიერი შენობის კარში შევიდნენ. ამ შენობამ კოლტონს გრინვალდის სახლი გაახსენა, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ჰქონდა ნანახი; განიერი, მსხვილი, მართკუთხა და კარგად ნაშენი. თითქოს სახლის პატრონი ყველას შორიდანვე ეუბნებოდა: აქედან ფეხის მომცვლელი არ ვარო.
- რა გვინდა ჩვენ ყველას? - ღიმილით შეუძღვა გრინვალდი სტუმრებს თავის კაბინეტში, სადაც უამრავი ადამიანი ფუსფუსებდა. - რა გვინდა სხვა, თუ არა მშვიდობა და აყვავება? - მარცხენაში ძველი ყავარჯენი ეჭირა ისევ, მარჯვენა კი ოქროსფერ გულსაბნევზე ჰქონდა დადებული. კოლტონს გაახსენდა ძველი მეგობრის მერკანტილური ამბიციები.
- უკვე ხმამაღლა ამბობ შენს სურვილებს? - დამცინავად ჩაილაპარაკა კოლტონმა. უცხო ხალხში ჯერაც უხერხულად გრძნობდა თავს. ადამიანის უნახავს, უნდოდა ყველას დაკვირვებოდა, ყველა შეესწავლა, მაგრამ ამისთვის არ ეცალა. მასპინძელი დილიდან რაღაცას უმზადებდა და სურდა გაეგო - რას.
- ქალაქი როგორ მოგეწონა? რა ხანია არ გინახავს. - გრინვალდს უნდოდა რაიმეზე მაინც დაეთანხმებინა სტუმარი, სანამ თავის სათქმელზე გადავიდოდა, - ჯოვანის მოედანი ნახე?
- ვნახე. - მოკლედ მოუჭრა კოლტონმა.
- მერე? რას იტყვი?
- ადამიანი ისევ ისე ებრძვის ამაოებას.
- რას გულისხმობ? - დაინტერესდა გრინვალდი და გაუხარდა კიდეც, რომ საუბარში აიყოლია.
- რას და, უკვდავების რომ გვწამს, ვეძებთ, მაგრამ ვერასდროს ვიპოვით.
გრინვალდმა პირში სიმშრალე იგრძნო, საფეთქელთან ნერვი დაეჭიმა, მარცხენა ხელი, რომლითაც ყავარჯენს აწვებოდა, რატომღაც ასტკივდა და ოქროს გულსაბნევი მკერდში ჩაერჭო.
- გასაგებია, - მკაცრად მოუჭრა კოლტონს და მოფუსფუსე ხალხს შეუძახა: - მორჩა, დაგვტოვეთ. გადით ყველანი!
ყველა მორჩილად გავიდა ოთახიდან, ნაცრისფერში გამოწყობილმა მხლებელმა კარი მიხურა, იქვე დადგა და გაყუჩდა.
- კოლტონ, ჩვენი ქალაქი გიყვარს? - მაგიდასთან სავარძელში ჩაესვენა გრინვალდი, სტუმარსაც დაჯდომა შესთავაზა და ჯერაც არ კარგავდა იმედს, რომ მათი საუბარი მეგობრულად ჩაივლიდა.
- შენს კეთილგანწყობაზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, - დაჯდომაზე უარის ნიშნად ხელი გაიქნია კოლტონმა - ცხოვრებაში შემდგარი ადამიანის საუბარს ღვარძლი და შური არ ეკარება. მაგრამ ჩვენ ხომ ასეთები არა ვართ.
- დიდი დრო გავიდა, კოლტონ - შეფიქრიანდა გრინვალდი - არ ვიცი, ადრე რას მიწუნებდი, მაგრამ მე დიდად შევიცვალე. ქალაქი ახლა მე მაბარია, და მის კეთილდღეობაში დახმარებას გთხოვ. ...ნუთუ ჩვენი ქალაქი არ გიყვარს? - თვალებდაჭყეტილი შესცქეროდა გრინვალდი.
- ამ შეკითხვის პასუხი არც ჰოა და არც არა.
- გასაგებია, - თავი ჩახარა გრინვალდმა, წამოდგა და ოთახის კუთხეში, კარადიდან რკინის ყუთი გამოიღო, - ქალაქი ხომ ნახე? ხომ შეავლე თვალი?
- კი, - კოლტონი მიხვდა, ყუთში რაც იდო, მაგრამ ბოლომდე ვერ ამოეხსნა თავსატეხი.
- ხომ ნახე რა სილამაზე, წესრიგი და სისუფთავეა, ასეთი ხომ არასოდეს გინახავს? - კმაყოფილი ღიმილი აუციალდა ერიკს სახეზე.
- ეგეც ვნახე, და სხვა რამეც, - კოლტონმა ქუჩებს მიღმა ჩარჩენილი, დაღვრემილი ჭაობი იგულისხმა.
- ზუსტად! მეც მაგას გეუბნები! - გაუხარდა გრინვალდს - ყველაფერი, რაც ლამაზი და კარგი დაინახე - მე ვარ, ხოლო ყველა აჩრდილი, რაც იმალება და მოსვენებას არ გვაძლევს - ისაა!
- ის?.. - გაიკვირვა კოლტონმა.
- დიახ, ის... - ქალაქის მერს ზიზღი ჩაუდგა მოჭუტულ თვალებში, - შენი ციხის უფროსი და ქალაქის მთავარი ინსპექტორი.
- ლუთერი?!
- დიახ, ლუთერი, - ყუთს თავი ახსნა, კოლტონმა ვერცხლისფრად მბზინვარე რევოლვერი დაინახა. სიგრძეში ოცდახუთი სანტიმეტრი იქნებოდა, ლულას კორპუსი სამკუთხა ფრთებად ჰქონდა გაყოლებული. მთლიანად ვერცხლისფერ იარაღს მხოლოდ ტარი ჰქონდა კუპრივით შავი.
- მე და შენ ერთი და იგივე კაცი გვაწუხებს - თქვა გრინვალდმა და ტყვიების ჩალაგებას შეუდგა.
- ლუთერი მე არ მაწუხებს.
- არა?! - იარაღი ხელში აათამაშა და კოლტონს გაუწოდა - შენ გგონია თავს დაგანებებს?! ლუთერი მანამდე არ მოისვენებს, სანამ შენ ისევ ციხეში არ ჩაგაყუდებს. ასე რომ, ეს გამომართვი! ჩემგან საჩუქრად ჩათვალე, თავისუფლებას გილოცავ. დიდი იმედი მაქვს, ჩვენ ორნი ისეთ ქალაქში ვიცხოვრებთ, როგორსაც ჭეშმარიტად ვიმსახურებთ!
კოლტონმა იარაღი გამოართვა. ყუთიდან ქამარი ამოიღო, წელზე შემოირტყა და რევოლვერი ბუდეში მოათავსა.
- შინაომები გარეშე მტერთან ბრძოლაში ხელს არ მოგვცემს - ყავისფერი ქუდი ჩამოხსნა საკიდიდან, დახედა, ხელი გადაუსვა და დაიხურა, - სანაპიროს არასდროს ჰქონია შინაომების ფუფუნება! - კარი გაიხურა და ქალაქის მერი თავის კაბინეტში გაზაფხულის სუსხს შეატოვა.
***
ვიწრო დაღმართებით კოლტონი თავქვე დაეშვა. ცოტა ხანში იმ მაღლობს მიადგა, სადაც ქალაქის საუკეთესოები სახლობდნენ. უბანს ვერ დაარქმევდი, ერთგვარი დასახლება იყო. დიდი და ლამაზ-ლამაზი სახლები უშნოდ გადაგრეხოდნენ ერთმანეთს. სიმწვანე და სილამაზე ღობეებითა და გალავნით იყო მომხრჩვალი, ზღუდის გადმოღმა კი მიწა ქვების, ბელტების, თვეების წინ გამხმარი ტალახისა და ლაფის უდაბნოდ ჰქონდათ ქცეული.
სახლების უმეტესობა დაესრულებინათ, ზოგი კი შუა გზაზე იყო მიტოვებული. გამხმარი ტალახით დანაოჭებულ აღმართზე რამდენიმე მუშა ჩამოდიოდა, კოლტონმა გზა ჰკითხა და სვლა გააგრძელა. ჰაერში აქაც საოცარი სურნელი იდგა. როგორც კი ქალაქს გამოშორდებოდი, ყველგან იგრძნობოდა ყვავილობის კვირა. მზის სხივები თითქოს ყაყაჩოების სიწითლით უთბობდნენ ლოყებს. კოლტონი ვერაფერზე ვერ ფიქრობდა. შიგნიდან იჭერდა რაღაც უხილავი კავი. უზარმაზარი ნაბიჯებით ებრძოდა დაკოჟრილ მიწას, ზედ ახტებოდა პატარა ბიჭივით, მაგრამ სული გამოუთქმელი ჯაჭვებით ისევ კედლებზე ჰქონდა მიბმული. მის გასათავისუფლებლად მსუქანი რიკარდო და ჟანგიანი გასაღებები ვერას გახდებოდნენ. ეს მხოლოდ თავის მეციხოვნესთან, ლუთერთან უნდა გაერკვია.
ლუთერის სახლს, სხვებისგან განსხვავებით, დაბალი გალავანი ეკრა, სიმაღლეს მხოლოდ წვრილი გისოსები იცავდა. სახლი სხვებისგან ოდნავ მოშორებით, ვაკეზე იდგა და რკინის ჭიშკართან შედარებით ლამაზად მობილიკებული გზა ჩაუდიოდა. კოლტონმა ჯერ კიდევ შორიდან დაინახა, როგორ წამოდგა ეზოს კუთხეში მოფუსფუსე ქალი და როგორ მოიჩრდილა ხელით მზე. როცა მიუახლოვდა, მუქი ლურჯი კაბა მობერილმა ქარმა ქალს სქელ თეძოებზე მიატმასნა. ცალი ხელით კაბას ისწორებდა, ცალით კი - შინდისფერ თმას.
კოლტონი უხმოდ მიესალმა გალავნის იქითა მხრიდან. ქალმაც თავი დაუკარა. ორივე ერთმანეთს ელოდა, პირველი რომელი დაძრავდა სიტყვას. კოლტონმა ხელი უხერხულად დაიქნია და როგორღაც ამოთქვა:
- ლუთერთან მოვედი.
- თქვენ... კოლტონ უაითი ბრძანდებით? - ახლაღა შენიშნა ქალის ხელში პატარა სამკუთხა ნიჩაბი და თხრილები მის ფეხებთან.
- დიახ - თავი დაუკრა კოლტონმა და შეამჩნია, რომ ქალმა ნერვიულად ჩაუჭირა ხელი ნიჩაბს, - თქვენ როგორ მოგმართოთ?
- მე... ალისა, - ნიჩბის დადება გადაწყვიტა, მაგრამ მხოლოდ უცნაურად შეტორტმანდა, თვალები დახარა, მერე ისევ მოიკრიბა გამბედაობა და მზერა გაუსწორა სტუმარს, - მე ლუთერის მეუღლე გახლავართ.
- გასაგებია... - კოლტონმა ჭიშკრისკენ გაიხედა, მალევე მოაცილა მზერა და უკან დაიხია - დაველოდები.
- კარგი. - თავი ხელში აიყვანა ქალმა და ხელით ჭიშკრისკენ ანიშნა - შემობრძანდით, შინ დაელოდეთ!
- თქვენ ხომ მე არ მიცნობთ? - გაუკვირდა კოლტონს.
- გიცნობთ... იმდენი რამ მსმენია თქვენზე... - ალისა დინჯად გაუყვა გალავანს.
- მერედა, მაინც მენდობით? - ჩაეკითხა კოლტონი.
- მთავარ ინსპექტორს რომ ვენდე, მაგით რა მოვიგე? - მეგობრული ღიმილი შეაგება სტუმარს.
- იქ რას აკეთებდით? - თხრილზე მიუთითა ქალს.
- ოჰ, რა ვიცი... - ამოიოხრა ნაზად – წლებია, ვცდილობ ყვავილების დარგვას, მაგრამ... - ჭიშკარს მიადგნენ, ნაზი ხელებით მასპინძელმა ურდული გასწია და სტუმარს კარი გაუღო - ჩვენთან არაფერი არ ხარობს.
კოლტონს ახლა გისოსები აღარ უშლიდა მხედველობას, ქალის სახე კარგად შეათვალიერა. ალისას ფართო სახე ჰქონდა, მკვეთრი, მაგრამ ნაზი ნაკვთები. შეწითლებული ყვრიმალები გეგონებოდა სახელდახელოდ იყო გამოქანდაკებული. გონიერი თვალებით მისჩერებოდა სტუმარს. ბაგე გახსნა და ბავშვურ ღიმილში კოლტონმა მის კოხტად ჩამწკრივებულ თეთრ კბილებს შეავლო თვალი. ეზოში შეაბიჯა და მასპინძლის დინჯი ნაბიჯით სახლისკენ გაემართა.
- ჩემს მეუღლეს კარგად იცნობთ? - ჰკითხა გზაში ქალმა.
- არ ვიცი... არა მგონია.
- ეგ როგორ?
- მისი კეთილი საქმე არ მინახავს. მისი მხოლოდ ბოროტება მახსოვს. ციხის გარეთ რისი მაქნისია, ვერ გეტყვით. შეიძლება ითქვას, არც კი ვიცნობ.
- მხოლოდ ჩადენილი სიკეთე გკარნახობთ ადამიანის ავკარგიანობას? - შეიშმუშნა ალისა და მაღალი ხის კარი შეაღო.
- მინდა მჯეროდეს, რომ ნებისმიერი ადამიანის ამოსაცნობად მთავარი მის მიერ გაკეთებული სიკეთეა. ვცდილობ, ამით ვიხელმძღვანელო ხოლმე.
მისაღები ოთახი დარბაზს უფრო ჰგავდა, მაღალი თეთრი ჭერი ლურჯად მოხატულ ბოძებს ეჭირათ, შემოსასვლელიდან მუქი ხის კიბე მეორე სართულზე ადიოდა. დარბაზის ცალ მხარეს მაღალი შუშაბანდი ჭერამდე იყო აწვდილი. ხედი ვერანდაზე გადიოდა და იქიდან სანაპირო ხელისგულივით მოჩანდა.
- ახლავე მოვალ! - თქვა ალისამ და მოსამსახურეს გასძახა.
კოლტონი ვერანდაზე გავიდა, მოაჯირს დაეყრდნო, ქალაქს დააკვირდა. თითქოს აქედანაც ისეთივე ჩანდა ყველაფერი, როგორიც ციხის მაღლობიდან, ოღონდ ლუთერის სახლი ქალაქის ჩრდილოეთით იდგა, ციხე კი სამხრეთით. ცოტა ხანში ციხეც შენიშნა, უმნიშვნელო წერტილად რომ ჩაძირულიყო პეიზაჟში.
ალისა გამოვიდა, ხელში ჭიქები ეჭირა, ერთი კოლტონს გაუწოდა და გვერდით ამოუდგა.
- მალე ძალიან დაცხება, უკვე იწყებს, არა? - დიდი ყლუპები მოსვა.
- ჰო - კოლტონი ჭიქაში ჩაძირულ ყინულსა და ლიმნის ფრთებს ჩააკვირდა, შეანჯღრია და უგემურად მოიყუდა - მაგრამ ჯერ ისევ ყვავილობის კვირაა!
- თქვენ... იცით ყვავილობის კვირა? - სიხარულით შესძახა ალისამ.
- რა თქმა უნდა, სანაპიროზე ვინ არ იცის?
- აღარ იციან! - ხელი გადაისვა გაოფლილ შუბლზე, - ყველას ვუხსნიდი, ვასწავლიდი, მაგრამ მაინც დაივიწყეს, ლამის მეც დამავიწყეს!
- ჩემს ძმას უნდოდა, რომ ყვავილობის კვირა სანაპიროზე დიდი დღესასწაული ყოფილიყო. - კოლტონმა ჭიქა მოაჯირზე დადგა.
- ჰო - შეფიქრიანდა ალისა - ...ძალიან ვწუხვარ თქვენი ძმის გარდაცვალების გამო.
- მადლობა, მაგრამ ფრიდრიკს არ ვგულისხმობდი.
- კიდევ გყავდათ ძმა? - გაუკვირდა ქალს.
- ჯოვანი. მოედანი ხომ იცით? - გაეღიმა კოლტონს.
- წმინდა ჯოვანი თქვენი ძმა იყო?!
- ჰო, ესეც ყველამ დაივიწყა? რამდენი რამ შეცვლილა ამ ათ წელიწადში - კოლტონმა იქვე სავარძელი დაინახა და ოხვრით ჩაესვენა შიგ, - ჯოვანი მეც არ მახსოვს კარგად, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი.
- მარტო თქვენ დარჩით? - ალისაც გვერდით მიუჯდა, შეტყუპებული იდაყვებით მუხლებს დაყრდნო და ჭიქა აათამაშა ხელში.
- დიახ, მაგრამ მაინც არა მგონია, რომ მარტო ვარ - სიტყვა მარტო რაღაცნაირად ეტკინა კოლტონს, ისედაც იცოდა, მაგრამ ახლა დარწმუნდა, რომ ადამიანი ციხიდან ერთ დღეში ვერ გამოვიდოდა.
- მეგობრები გყავთ? ახლობლები?
- არ ვიცი, უნდა მოვძებნო. დიდი დრო გავიდა... - ნიკაპზე მოისვა ხელი ჩაფიქრებულმა კოლტონმა.
- ...და ჯერ ლუთერთან მოხვედით? - ცნობისმოყვარეობა არ სცილდებოდა ალისას გონიერ თვალებს.
- ჰო, ჯერ ლუთერთან.
- ჩემი მეუღლის მოკვლა განიზრახეთ? - ალისას მზერა კოლტონის რევოლვერს მისწვდა, რომელიც დაჯდომისას უშნოდ ამოჩროდა ბუდიდან.
- არა! - სწრაფად გაასწორა ბუდე - რა თქმა უნდა, არა.
- აბა? - გაიკვირვა ალისამ.
- არ ვიცი, ისე, სალაპარაკოდ.- იოცნებეთ! - ჩაიცინა თავისთვის - წლებია, ჩემს მეუღლეს მე ვერ დავლაპარაკებივარ.
- თქვენ მაინც გინახავთ მისი კეთილი საქმე? - როგორც იქნა კოლტონმაც შეძლო შეკითხვის დასმა.
- თქვენ, მე მგონი, ადამიანის კეთილი საქმით მისი სისუსტის დანახვას უფრო ცდილობთ. - გულახდილობის ნიშნად მოუხუჭა ცალი თვალი ქალმა - ვისაც ეხმარება და რასაც აშენებს, ისაა მისთვის ყველაზე მტკივნეული წერტილიც.
- ადამიანის პიროვნება დიდწილად მისი სისუსტის მალვას ემსახურება - კოლტონმა ბოლომდე ჩაცალა წყლის ჭიქა და ლიმნის ნაჭრებიც მიაყოლა.
- ალბათ... - შეფიქრიანდა ალისა - მაგრამ, არ ვიცი, არ მახსოვს ლუთერის კარგი საქმე, რთული სათქმელია. ლუთერის კარგი საქმე ბოროტებას ემსახურება. მაგალითად მე, ხომ ხედავთ, რამხელა სახლში ვცხოვრობ, მდიდრულ უბანში, მაგრამ ეს ჩემი ნანატრი სახლი დილეგად მიქცია. ჩემს სარკედ. თითქოს დამსაჯა, რომ მე მხოლოდ ეს მაინტერესებდა და ახლა ჩემსავე ოცნებაში ვყავარ გამომწყვდეული.
- ჰო, ლუთერს ეს სჩვევია, - შეფიქრიანდა კოლტონი, - მეც მაჩუქა ერთხელ ციხეში მეგობარი, და როცა მართლა დავუმეგობრდი, სწორედ მაშინ წამგვარა ეს ერთადერთი შვებაც.
- სამწუხარო ისაა, რომ ადრე სჯეროდა მაინც, სიკეთეს ვემსახურებიო. ახლა კი თვითონაც აღარ იცის.
- ძალიან იოლია ადამიანი ხატად აქციო, ანდაც ეშმაკად შერაცხო, თითქოს რაღაც გიბიძგებს კიდეც ასე მარტივად ცხოვრებას - კოლტონი თვალებში ჩაჰყურებდა ალისას და ისე ლაპარაკობდა, თითქოს ყურში ეჩურჩულებოდა რამეს - მაგრამ მე მივხვდი, რომ არც მაცხოვარი ვყოფილვარ ოდესმე, და არც ის რომაელი ჯარისკაცი, შუბი რომ აძგერა ჯვარცმულს. მე ერთი უბრალო მაყურებელი გახლდით გოლგოთაზე.
- ლამაზი ნათქვამია! - თვალები აუწყლიანდა ალისას, ოღონდ ვერ გაეგო, ეს კოლტონის გამჭოლი მზერის გამო იყო თუ მისი სიტყვების - იცით, მე მგონი, თქვენ მიმართ სიბრალული ვიგრძენი. წარმომიდგენია, როგორ გიჭირდათ...
- ჩემი აზრით, დიდი ხანია ორივენი ჩვენ-ჩვენს დილეგში ვცხოვრობთ, უბრალოდ, თქვენი ოდნავ უფრო ლამაზი ყოფილა, - ირონიულად ჩაიღიმა კოლტონმა.
- დარწმუნებული ვარ, თქვენ იქ ბევრად უარეს დღეში იყავით - ალისამაც სცადა გაეღიმა.
- იცით, ჩემი ცხოვრების დიდი უბედურება ისაა, რომ ხშირად იმითაც კმაყოფილი ვარ, რაც მაქვს. - კოლტონმა აჩეჩილი მხრები შეაგება მის ღიმილს.
ალისა კოლტონთან შეხვედრიდანვე ჟრუანტელს ჰყავდა ატანილი და მასთან საუბრისას ყოველ სიტყვაში, ყოველ წინადადებაში და ყოველ ამოსუნთქვაში დახვეწილი სიკეკლუცე, და აქამდე უჩვეულო ცხოვრების ხალისი იგრძნობოდა. თვალებიც კი მდიდრული ჭაღივით აუბრწყინდა, ვარსკვლავებივით უციმციმებდა და ჩაწიკწიკებული კბილები ვერსად გაურბოდნენ უბრალოებით გაჩენილ ღიმილს. კოლტონმა ვერც კი იგრძნო, როგორ მოენატრა ასეთი განცდები და ქალით მონუსხული იოლად იძირებოდა გაზაფხულის მათრობელა ეპიზოდში.
- ასე დაივიწყეს ყვავილობის კვირა? - ზედმეტი სითამამით მიმართა ალისას - როგორ შეიძლება?! ხელი მომეცი - მარჯვენა ჩაავლო ალისას და მოაჯირთან მიიყვანა - თვალები დახუჭე, და წარმოიდგინე, რამდენი ყვავილი გაიფურჩქნა ახლა სანაპიროზე. რამდენ ვარდს, ტიტასა და ყაყაჩოს არხევს ქარი. როგორ სურნელებას აფრქვევენ ისინი ერთად და ცალ-ცალკე, - კოლტონის ხმა მძიმედ ჩაესმოდა ალისას - მიაყურადე ნიავს, გრძნობ, როგორ მოუყვება ფერდობს, როგორ იწევს მაღლა, როგორ ამოდის? ამ ნიავს მოაქვს ყვავილობის კვირა! მალე მოგვწვდება, ქალაქის ნისლსაც გაჭრის, გადაუსწრებს და მთლიანად ჩვენთან დაისადგურებს - ყველაზე სუფთა, ყველაზე წმინდა და ნაღდი გაზაფხულის ქარი, როგორსაც მთელი წლის მანძილზე სანაპირო ვეღარ ნახავს.
სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ნიავი ნელ-ნელა შეეპარა ორივეს ტანსაცმელში, ფრთხიალა მერცხალივით დაუარა მთელს სხეულზე და ალისას მგზნებარედ წაუნისკარტა მუცელში. ნიავს შრიალა ქარი მოჰყვა, კოლტონს ქუდი ააცალა, ალისას თმები აუწეწა, მერე ტანსაცმელიც აუშრიალა ორივეს. ალისა იცინოდა, კისკისებდა, ხითხითებდა და ყვავილობის კვირა თითქოს მის თეთრ კბილებში კეკლუცობდა. კოლტონსაც კი გაჰკრა გულუბრყვილო ღიმილმა და მივიწყებულმა ემოციებმა აზვირთებული ტალღებივით დაუწყეს ცემა. ალისას უფრო მაგრად ჩასჭიდა ხელი ამ ვნებათაღელვის მოსაგერიებლად.
ალისა მიეხუტა, პატარა ბავშვივით ადევნებდა თვალს ჰაერში აფრიალებულ ყვავილებს, სიცილს ვერ იოკებდა, ტკბილად მომდგარი ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ფიფქისფერ ლოყებზე და ცრემლების რომ შერცხვა, თავი კოლტონის მკერდში ჩარგო.
- იცით - თავაუწევლად ბურტყუნებდა მის პიჯაკში - ასე მგონია, დღეს, სულ ცოტა ხნით, მეც თქვენთან ერთად დავტოვე ციხე.
- მე კი მგონია, რომ ამისათვის ჩვენ ერთმანეთი გვჭირდებოდა - უპასუხა კოლტონმა, თავი ააწევინა და სველი თვალებიდან ხელის ზურგებით ჩამოწმინდა შეგუბებული ცრემლები. ორივე ხელი სახეზე მიადო და ჰაერში აფრიალებული ფოთოლივით მსუბუქად მიიზიდა თავისკენ. დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს ჩუმად. თითქოს გაზაფხულის თავისუფლება ერთმანეთში იპოვეს და გრძელი, ღრმა ძილის სიზმარი ორივეს ახლა აუხდა ცხადად. კოლტონმა ისე აიტაცა ხელში და ისე აღმოჩნდნენ საძინებელში, რომ არცერთს არ გაუგია და ვეღარც გაიხსენებდნენ მერე. ალისას სქელი თეძოები, მოხდენილი ტანი და მსხვილი მკერდი ნამდვილი სიამოვნება იყო, და უფრო მეტიც. ეს შეხება იყო ყველაზე მძლავრი, ცოცხალი, მწველი და ნაღდი. ალისას მხოლოდ მასთან უნდოდა, მაშინაც, ადრეც და დიდი ხნის მერეც. მაგრამ ცხოვრებამ მათთვის სულ რამდენიმე უსასრულო საათი გაიმეტა და არცერთ წამს არ ზოგავდნენ. ციხე, რომელშიც ორივე იჯდა, მყიფე შუშაბანდივით ხმაურიანად დაიბზარა, გატყდა და ნამსხვრევებად იქცა. კოლტონის სული, რომელიც წეღან ჯერ კიდევ კედლებზე იყო აჭედილი, ახლა მთელ სანაპიროს დასტრიალებდა თავს და სწამდა, რომ მთელი ქალაქი ხელისგულში ეჭირა.
კოლტონს ღამით გამოეღვიძა, ალისას საბანი სულ თავისკენ გაექაჩა და მარტოობას ნაჩვევი, ლოგინის შუაში გაშხლართულიყო. კოლტონს ტაომ დააყარა სხეულზე და პიჯაკის მოსაცმელად წამოჯდა. ალისასაც გამოეღვიძა.
- არა, არ ადგე! - ლამაზი თითები ჩასჭიდა მხარში და საბანი გადაუგდო - იყავი აქ!
- შენი და შენი ქმრის ლოგინში წოლა არ მინდა - უპასუხა კოლტონმა.
- ჩემი ქმარი ამ ლოგინში არ წევს, - ხელით თავისკენ მოქაჩა ალისამ - ხშირად საერთოდ სახლშიც არ მოდის, როგორც ახლა, ხედავ? შუაღამეა და სახლში მარტო ჩვენ ვართ.
- კარგი - კოლტონი მოეშვა და ისევ დაწვა, ალისა კი ზემოდან დაჰყურებდა და აფორიაქებული თვალებით ეძებდა რაღაცას.
- ჩემი ქმარი უნდა მოკლა? - პირდაპირ არჩია შეკითხვის დასმა.
- არა. - თავი გააქნია კოლტონმა - ხომ გითხარი, არა-მეთქი.
- მეგონა, მომატყუე.
- არა, - მძიმედ ამოიხვნეშა კოლტონმა,- ლუთერის მოსაკლავად არ მოვსულვარ.
- აბა რატომ მოხვედი?
- არ ვიცი!
- არავის არ უყვარს ლუთერი, არც მე, არც შენ და არც არავის!
- სწორედ ეგაა მაგის უბედურებაც, ოდესმე მიხვდება.
- ჩემთვის მაგით არაფერი შეიცვლება - ამოიოხრა ალისამ და იმედგაცრუებული წამოჯდა ლოგინზე.
ჩამოვარდნილი სიჩუმე მალევე გაარღვია ჭიშკრის ხმამ და ფლოქვების თქარუნმა. ალისა მაშინვე ლოგინიდან წამოხტა და ჩაცმა დაიწყო. მთვარის ნათელში საამურად ბზინავდა მისი ფიფქისფერი კანი. კოლტონს თვალი გაუშტერდა. ქალი რაღაც საოცრად ცხოველურსა და ჟინიანს ჰყავდა ატანილი. თითქოს სხეულში უცხო, ველური მხეცი ჰყავდა ჩასახლებული. ლამაზ ყალიბში გამოყვანილი ტანი ამ მხეცის ჭურჭლად იყო ქცეული. მხეცი არ იყო კეთილი, მაგრამ იყო მომნუსხველი და აზარტული. კოლტონი შიშმაც კი აიტანა, ეს ერთი დღე სულ უფრო სწრაფი და მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა წინ.
- ლუთერი მოვიდა!.. - აფორიაქებულმა მიაძახა კოლტონს - ჯერ მე დაველაპარაკები. არ გამოხვიდე.
კოლტონი ნელა წამოდგა. აუჩქარებლად დაიწყო ტანსაცმლის ჩაცმა. დიდხანს ზოზინობდა და მერე ნელ-ნელა ჩაუყვა კიბეებს. ამასობაში ლუთერი გაგულისებული მიმოდიოდა სახლში. შეშფოთებული უყვებოდა ცოლს რაღაცას. თითქოს ბოდავსო: ხან ყვიროდა, ხან ღრიალებდა. ალისა ცდილობდა, მეუღლე როგორმე დაემშვიდებინა, და მაგიდასთან დაესვა. ლუთერმა არ იცოდა, რომ უარესი ჯერ კიდევ წინ იყო. ბოლოს, როგორც იქნა, დაარწმუნა და მაგიდასთან დასვა. კოლტონი კართან მიდგა და სმენად იქცა
- ტყუილად იღლები მის ძებნაში და ტყუილად ნერვიულობ! - მშვიდად არწმუნებდა ალისა.
კოლტონს არ უნდოდა დალოდება, არასდროს ჰყვარებია მალვა და ახლა ძალიან შესძულდა თავი. ამიტომ კარი პირდაპირ შეაღო და ოთახში შევიდა. ათამდე ლამაზი ლამფა იყო კედელზე გაწყობილი, მაგრამ ახლა მხოლოდ რამდენიმე ენთო და ყვითლად ანათებდა ლუთერის ყავისფერ კანს. გაფითრებული უფროსი ინსპექტორი თვალებს არ უჯერებდა. ლამის პატარა ბავშვივით პირი დაეღო. კოლტონი პირისპირ დაუჯდა, თვალი გაუსწორა, შეეცადა მისალმებოდა, მაგრამ სრულიად უადგილოდ ჩათვალა. ლუთერს ოფლმა დაასხა, შავ შუბლზე სიცივე იგრძნო, გული თვალებში მოაწვა, ხელები დაეჭიმა და ბრაზი ყვრიმალებში აუტრიალდა.
- რა გინდა? რისთვის მოხვედი? - ჰკითხა გაბოროტებულმა.
- სალაპარაკოდ.
- დიდხანს ვერ დარჩები გარეთ! - თითი მოუღერა კოლტონს - ამიტომ, სანამ დრო გაქვს, გირჩევნია სანაპიროდან მოუსვა! თანაც რაც შეიძლება შორს და სწრაფად!
- ხომ იცი, მე ვერსად ვერ წავალ - აუღელვებლად მოუჭრა კოლტონმა.
- რა, დაიმსახურე სანაპიროზე თავისუფლად ყოფნა?
- მე ერთი რამისთვის მოვედი, - კოლტონმა ხელი ქამრისკენ წაიღო, ლუთერი იარაღის დანახვაზე შეკრთა, - მე შენთან გასაყოფი არაფერი მაქვს - იარაღი ამოიღო და მაგიდაზე დადო, - არც გზაზე გადაგიდგები. ჩემს სახელს ვერც კი გაიგებ. ჩემი სასჯელიცა და ვალიც უკვე მრავალგზის მოვიხადე თქვენ წინაშე. ახლა კი დროა გამიშვა. დავიღალე მეც. მართალი ხარ, მინდოდა სანაპიროზე ყველასგან გამორჩეულად მეცხოვრა, ზოგჯერ ყველას ზემოდან დაგყურებდით კიდეც, ზოგჯერ, საერთოდაც, არად გაგდებდით იმათ, ვისაც რაღაცის შენება გეწადათ. მაგრამ ახლა მხოლოდ ის მინდა, რისაც ყველაზე მეტად მეშინოდა. მინდა ნორმალურად ვიცხოვრო, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა.
- არ გეკუთვნის! - ლუთერი ყურადღებით უსმენდა, და როგორც კი კოლტონმა სიტყვა დაამთავრა, მაშინვე რევოლვერს სწვდა, - შენ თუ ციხიდან გამოხვედი, რაშიც სანაპიროზე აქამდე ოფლი გვიღვრია, ყველაფერს წაბილწავ და ძირს გამოუთხრი!
- ბევრი არაფერი გიშენებიათ, ვნახე ქალაქი. გაპრიალებულ ქვას ვერცხლად ვერ გაასაღებ, ხომ იცი! - თავისას არ იშლიდა კოლტონი.
- შენ ხარ კაცი, რომელმაც შელახა ვეტერანების სიყვარული და პატივისცემა. შენ ხარ კაცი, რომელმაც შეაფურთხა დადგენილ წესრიგს, შენ ხარ კაცი, რომელიც ყოველთვის თავისაზე იდგა, მხოლოდ თავისი აინტერესებდა და სისხლის ფასადაც რომ დასჯდომოდა, მაინც თავისას გაიტანდა. ამყოლიც ბევრი გყავდა. მართლმსაჯულების გარეშე სანაპირო ვერასდროს შედგება!
- ლუთერ, შენ მართლმსაჯულება და საკუთარი თავი დიდი ხნის წინ აგერია ერთმანეთში.
- შენნაირ კაცს რა გაეგება მართლმსაჯულების?! - ნერვიულად აუტოკდა ხელი ლუთერს, მაგიდიდან წამოდგა და კუთხეში ატუზულ თავის ცოლს ესროლა მზერა, -იცი, კოლტონ უაითი დღეს ციხიდან გამოაპარეს, - დაიწყო მოყოლა - შემდეგ გაურკვეველი გზებით, იარაღი იშოვა და გაიგო, სად ცხოვრობდა მისთვის ასეთი საძულველი მთავარი ინსპექტორი. როცა შურის საძიებლად მის სახლში მივიდა, შინ მხოლოდ მისი მეუღლე დახვდა. როგორც ცივსისხლიან მკვლელს შეეფერებოდა, დაუცველი ქალი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი სიცოცხლეს გამოასალმა და თავის მთავარ საკბილოს დაელოდა. თუმცა ძილი მოერია და სავარძელზე ჩათვლიმა, ფლოქვების ხმაზე გამოღვიძებულმა ვეღარ შეძლო დროულად რეაგირება და დამნაშავეს ინსპექტორი საკუთარ სახლში, მისივე იარაღით გაუსწორდა!.
ლუთერმა იარაღი ცოლს მიუშვირა. ალისას ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა, ხელები პირზე ჰქონდა აფარებული. ეგონა გული გაუჩერდა. ოთახში მძიმე, წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, დრო შედედდა და გაიყინა. კოლტონს მილიონმა აზრმა გაუელვა თავში, ეს ერთი დღე მთლიანად გადაიმეორა, მაგრამ ვერ გაარკვია, სად დაუშვა შეცდომა და რა ჰქონდა სანანებელი. ბოლოს მხოლოდ ეს ამოღერღა:
- ეს როგორ ხდება, რომ იარაღის რომელ მხარესაც უნდა ვიდგე, მაინც მე გამოვდივარ ცუდი კაცი?
ლუთერმა ჩახმახს გამოჰკრა, მბზინვარე ლულიდან გამოსულ ლურჯ ალს ზრიალი მოჰყვა უკან და ქვემეხივით იფეთქა მთელ სახლში. ალისა ცივ ოფლში ცურავდა, გასროლის ხმაზე კი ძალა მთლიანად გამოეცალა და კედელთან ჩაიკეცა. ხელები მუცელზე დაიდო, ვერაფერს გრძნობდა, მხოლოდ კვამლის სუნი და შუშაბანდების ზრიალი ედგა ყურებში. გაფითრებულმა აკანკალებული ხელები კიდევ მოისვა ტანზე, თან შეშინებული თვალს არ აცილებდა ქმარს. თუმცა ჭრილობას ვერ გრძნობდა. როგორც იქნა გაბედა და სხეულზე დაიხედა. სისხლი არსად ჩანდა. ლუთერი მიხვდა, რომ იარაღში ცარიელი ტყვიები ეწყო და მაშინვე ხელიდან გააგდო. წეღანდელი ჩამოვარდნილი მძიმე სიჩუმე ახლა ლუთერს შეუგუბდა საფეთქლებში. გული ისე აუჩქარდა, ეგონა, სისხლი ყურებიდან გადმოხეთქავდა. სახე ხელებში ჩარგო, თითებით მოისრისა და სავარძელში ჩაესვენა. თავის ბოროტებასთან პირისპირ დარჩა, აკანკალებულს და გაუსაძლისს მარტოობა ცხვირ-პირიდან წყალივით ჩამოსდიოდა.
კოლტონი ძალიან ნანობდა, რომ ასე მიენდო ბედს. ძალიან ნანობდა, ისევ გოლგოთაზე რომ იდგა და სეირის მაყურებლის როლს მაინც ვერ ასცდა ვერაფრით. რატომ ჩათვალა, რომ ბედთან დამორჩილება იქნებოდა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. რომ არა ერიკ გრინვალდის მზაკვრობა და ბოროტება, ახლა ყველაფერი ერთ წამში დამთავრდებოდა. იარაღს დასწვდა, ისევ ბუდეში დააბრუნა, პიჯაკი გაისწორა და სანამ გავიდოდა, ლუთერს უთხრა:
- გახსოვდეს, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მე სანაპიროზე ჩამიდენია, თქვენ მაინც ყველას გჯობივართ... მხოლოდ იმით, რომ სიყვარული იარაღად არასოდეს გადამიქცევია.
მაღალი ხის კარი ნელა გააღო, უკანმოუხედავად გაიხურა და ცოლ-ქმარი ერთმანეთის სიმწარეს შეატოვა. უკვე განთიადი იდგა, წითლად ამოწვერილი მზის წვრილი სხივები ლოყებზე ნემსებივით ჩაესო. სიცხე იწყებოდა, იწურებოდა ყვავილობის კვირა, თუმცა ლუთერი ამას ვერასდროს იგრძნობდა.