ბალიასინი და გარდაცვლილი სტარცევი ბავშვობას იხსენებენ


ბალიასინი და გარდაცვლილი სტარცევი ბავშვობას იხსენებენ




თანამედროვე რუსი პოეტი. დაიბადა 1971 წელს, 1990 წელს გადავიდა საცხოვრებლად დანიაში, 1997 წელს დაბრუნდა რუსეთში, მუშაობდა ჟურნალისტად ჯერ ტელევიზიაში, მერე სხვადასხვა გამოცემებში. ამჟამად ცხოვრობს ჩერნოგორიაში. არის ლექსების ოთხი კრებულის ავტორი. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, ლატვიურ, სერბიულ, სლოვენიურ და სხვა ენებზე. 2015 წელს არგენტინაში გამოიცა მისი კრებული. უცნაური ფაქტია, მაგრამ მისი ლექსების ინგლისურენოვანი თარგმანების პუბლიკაციების რაოდენობა აჭარბებს რუსულენოვან პუბლიკაციებს. რუსულ პოეზიაში შეიტანა გროტესკულფანტასტიკური განზომილება ამერიკული და საბჭოთა სამეცნიერო-ფანტასტიკური კინოსა და ლიტერატურის შტამპების გამოყენებით. 2008 წელს გამოაქვეყნა „ახალი ეპოსის“ მანიფესტი (თავად მიაჩნია, რომ ეს არის არა მანიფესტი, არამედ თანამედროვე რუსულ პოეზიაში გაჩენილი ახალი ტენდენციის ფორმულირების მცდელობა). ეს ტექსტი ხანგრძლივი შუალედის შემდეგ იყო პირველი ლიტერატურული მანიფესტი, რომელმაც რუსული ლიტერატურული საზოგადოების მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო.

 

ჩვენ ვართ აქ ადამიანები

 

მზე მალე აფეთქდება

ადამიანები უკვე გაფრინდნენ

 

დატოვეს ცხოველები და რობოტები

ყველა, ვინ ვერ შეეტია

 

დატოვებულებს უხარიათ: ვაშა

ახლა ჩვენ ვართ აქ ადამიანები

 

ყველაფერი ცალ ფეხზე გვკიდია

არაფერი დაგვემართება

 

(ანთროპომორფული კანონის მიხედვით

ყველაფერი ცდილობს იქცეს ადამიანად)

 

უხარიათ ფრენენ ცაში

აწყობენ ფოიერვერკებს

 

მიმართავენ ერთმანეთს ტატიანა პეტროვნა ასკოლდ ტიმოფეიჩ

ანტონ პავლოვიჩ, ჩაის ხომ არ ინებებდით?

 

კვდებიან ვნებით

დანებს აფრიალებენ

 

ერთგულებას ღირსებაზე მაღლა აყენებენ

მარკებს და ძველ მონეტებს აგროვებენ

 

ბოლო ექვსი საათის განმავლობაში

უკანასკნელ მომენტამდე

 

 

როცა ვიღაც გჭირდება

 

როცა ვიღაც გჭირდება

ყველა ავადაა

 

გუშინწინ სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ

მოინდომეს

ყველაფერი დაგეგმეს

და უცებ ავად გახდნენ

 

ყველა ერთსა და იმავეს ამბობს:

თუ რამეა

გადმომირეკე

კრეფს კაცი ნომერს - ყველა დეპრესიაშია

სიცხიანი

 

შემოდგომით მგლები არ ნადირობენ

ავადმყოფობენ

ქორჭილას გაციებულს სძინავს

ჭიჭყინა რაღაცნაირად

დემონსტრაციულად

აცემინებს

 

ზაფხულში უცებ

პეპლები სიკვდილამდე გადაიღალნენ

ხოჭოებიც ვერ არიან ხასიათზე

 

ღამით პუშკინი მოვიდა:

იცი ჩვენ აქ

მოვეთათბირეთ ექიმებს და

გადავწყვიტეთ აღარ დავწერით

ევგენი ონეგინი

 

 

ფოკუზნიკი

 

ბიჭუნამ გადაწყვიტა ფოკუზნიკი გამხდარიყო

მაგრამ სწავლას არ შედგომია

 

არ ეყო მოთმინება

ძალიან იზარმაცა

 

უბრალოდ

აიღო ხერხი

შევიდა სამზარეულოში

და გადახერხა ბებია

 

ბაბუა მაღაზიიდან

მობრუნდა

ჰოდა გადახერხა

ბაბუაც

 

გადახერხა ყველა მეზობელი

თავის სართულზე

მილიციის რაზმი

და მეხანძრე მესამე სართულიდან

 

მაგრამ ამის მერეც

არ გასჩენია

სწავლის წყურვილი


ასეთები ხართ თქვენც ბავშვებო

ყველაფერს

არასწორად გააკეთებთ

თუ არ იმეცადინებთ

 

უბრალოდ

აიღებთ ხელში სახრახნისებს

საკვეთებს

ხერხებს

დანებს

ჩაქუჩებს

ელექტროხერხებს აიღებთ

ნიჩბებს

წერაქვებს

 

და

მხიარული კონცერტების ნაცვლად

ახალი თანამედროვე სახლების აშენების ნაცვლად

დახვეწილი ტექნოლოგიების

და ხელოვნების ნაცვლად

 

ჩვენ

ყველას

ამოგვხოცავთ

 

 

თებერვლის ბოლო

 

უკვე თებერვლის

ბოლოა

 

ცოლი მეუბნება:

ჰო, ეგრეა, მე მეჩვენება

რომ

აუტანელი გახდა აქ ცხოვრება

ისეა, თითქოს ზაფხული აღარ დადგება

მზად ვარ

დავტოვო ეს პლანეტა

თვალები მოვჭუტო და

ხომალდის ბორტზე ავიდე

 

და

ვერ ვიტან

ამ ყავისფერ

თოვლს

და ნაცრისფერ ღრუბლებს

და მუდმივ მაგნიტურ ქარიშხლებს

 

ამას ჯობია ვიღაც დანაირონელები

მეჩურჩულებოდნენ თავიანთ აჯღაბუჯღა ენაზე

ოღონდაც

მუდამ

ანათებდეს

მზე

 

მე ვეუბნები მას:

შენ ადრე სულ გინდოდა

აქ რაღაც გაგეკეთებინა

ახლა კი ამბობ, რომ გირჩევნია გაფრინდე

და დროა ბილეთი გიყიდო

მე კი აქ

ცოტა ხნის წინ სამსახურში

დაწინაურება შემომთავაზეს

ხელფასი ერთნახევარჯერ მეტი მექნება

საშუალება გაჩნდება რაღაც თანხა დავზოგოთ

ცხადია, მოგვიწევს შევეშვათ ამ ძვირიან მივლინებებს

უცხო ქვეყნებში მოგზაურობებს

მაგრამ ჩვენ

ბოლოს და ბოლოს ბინას შევიძენთ

გამოვისყიდით მას 10-15 წელიწადში

და ამის მერე დავიწყებთ თანხის შეგროვებას ბინისთვის პროვანსში

 

ის კი მეუბნება:

არა არა

აქ ისეთი სევდაა

არ მინდა დარჩენა


ამას ჭუჭყიანი ჩვრებით სავსე სახელმწიფო ვარსკვლავთმფრენი მირჩევნია

ამას მირჩევნია ხელით ვამტვრიო მეთანის ყინული

იუპიტერის თანამგზავრზე

ამას მირჩევნია ტონობით

ყავისფერ ქვიშაში ვიჩიჩქნო

ტირენის მიწაზე

ან დედალუსის პლატოზე

ან თუნდაც ელადის ველზე


მე ვეკითხები: სადაა ეს?

 

ის მპასუხობს: მარსზე

 

 

ბალიასინი და გარდაცვლილი სტარცევი ბავშვობას იხსენებენ

 

საღამოთი, სილკებორგის ნაპირას

ბალიასინი მოულოდნელად მასთან მისულ

მკვდარ სტარცევს ახსენებს

თუ რას აკეთებდნენ ისინი

ბავშვობისას

მოსკოვში

1977-1980 წლებში:

 

ყველაფერი, რასაც არ ვაკეთებდით, კარგი იყო ჩვენთვის

ვახრჩოლებდით დამწვარ გაზეთებს

ცეცხლს ვუკიდებდით ბალახს

გვეშინოდა მსხვერპლი გავმხდარიყავით

იმ მანიაკის

სამშენებლო მასალით ამოვსებულ ღრანტეში რომ იმალებოდა

მცენარეებს გამდნარ ცელოფანს ვაწვეთებდით

ვიჭერდით ტრიტონებს

ჭიაყელებს

ჭაობზე დავცურავდით

ხის კარით როგორც ტივით

რიგრიგობით გვიყვარდებოდა ვიღაც სვეტა, ლანა

ერთმანეთს ურიებს ვეძახდით

დედას ვიგინებოდით

ჯარიდან ახლადაბრუნებული ძმით ვიმუქრებოდით

მშენებლებს ელექტროდებს

კარბიდს ვპარავდით

სიდრით ვთვრებოდით

ჩაძინებულ სკოლის დარაჯს ვაწვალებდით

ყველანაირ ამინდში საათობით ვსეირნობდით

ლელქაშებში გვამებს ვპოულობდით

ვთამაშობდით დასაკეცი დანებით და სამზარეულოს დანებით

საბავშვო ბაღში ბალს ვიპარავდით

გველებს ვიჭერდით და ხალხს ვაშინებდით

ვეწეოდით „ოპალს“, „როდოპის“, „ამიგოს“

„ლაიკას“ ქაღალდის ფილტრით

მძღნერს ვესროდით ერთმანეთს

გარდა ამისა, ჯოხზე ვაცვამდით

და ვამბობდით, რომ ესკიმოა

კვირაობით დილის ათ საათზე კინოში მივდიოდით

სანაგვეზე დაგდებულ ჟანგიან მაცივარში ვძვრებოდით

მოპარული ყუთებით გაჩაღებულ კოცონზე კარტოფილს ვწვავდით

ვყვიროდით საზიზღრობებს

რომელიღაც მშენებლობაზე მთელი დღე ფილებს შორის დავრბოდით

შავი პურის ყუას ვლოღნიდით

დღეში სამ ლიტრ

ბურახს ვსვამდით

ზურგზე ვიწექით და ცას ვაფურთხებდით

იაპონურ კალენდრებს ვკოცნიდით

ვეძებდით

და ვპოულობდით მეტროსთან ძირს დაგდებულ მანეთიანებს

სადარბაზოებში ვთბებოდით

ვაფსამდით ნაგვის ბუნკერებში

თვითნაკეთ ხიშტებს ცეცხლს ვუკიდებდით

აფეთქებებს ვაწყობდით

პრესს ვჭიმავდით და ერთმანეთს მუცელში ვურტყამდით

ვაშენებდით შტაბს

უმცროსებს ვცემდით

უფროსებისგან ვიტყიპებოდით

საკუთარ თავს სამხედრო დოკუმენტებს ვუწერდით

მილიციისგან გავრბოდით გარაჟების სახურავებით

საბავშვო ბაღში ვერანდაზე კარტს ვთამაშობდით
მაგრამ

ეს ყველაფერი შეწყდა

1990 წელს

რადგან, დასანანია, მაგრამ ყველა სადღაც წავიდა 90-ში -

ამბობს ბალიასინი

 

სტარცევი პასუხობს:

ჩემთვის ეს დასანანი სულაც არაა

სიმართლე გითხრა, საშინელი იყო ბავშვობა

ახლა მე მაქვს გამოცდილება

შემიძლია შევადარო

და იცი, ჩვენ, პრინციპში, როგორც ჯოჯოხეთში, ისე ვცხოვრობდით
 

 

მონღოლეთი

 

1.

 

იაპონური სამხედრო რობოტები

პეკინს უტევენ

 

ყველა ჩინელი მოკლულია

მაგრამ პროგრამაში ხარვეზის გამო

ბავშვებს არ ეკარებიან

ისინი

ნანგრევებს შორის რჩებიან

 

2.

 

ასფალტზე ბალახი ამოდის

ტიანანმენის მოედანზე

სადამდეც თვალი წვდება - ყველგან ყვავილებია

გაუკაცრიელებულ ქუჩებში ელექტრონული სპილოები დაყიალებენ

 

მათი მხედრები რობოტები არიან

ყველა ავადაა

 

ენერგია აღარავისა აქვს

დასატენად მჟავაა საჭირო

მაგრამ არაა მჟავა

მიდის

ომის დაწყებიდან

მეხუთე წელი

 

3.

 

იაპონელი ბიზნესმენის ქალიშვილი აიკო

გორაკის თავზე ცხოვრობს

ძველი სახლის ნანგრევებში

ფანჯრიდან ქალაქი მოჩანს

დაბლა - დანგრეული სატუსაღოა

 

ის არავის ელის

12 წლისაა და მარტო დარჩა

 

მასთან მხოლოდ მისი მეგობრები არიან -

დაფლეთილი დათვი და ბრინჯით გატენილი ძაღლი

პლასტმასის რომელიღაც ცხოველის ნამტვრევები

 

საკუჭნაოში კონცენტრატები თავდება

მხოლოდ ათი ყუთი

აძმარებული ღვინოღა დარჩა

 

4.

 

ვახშმისთვის ვირთხას ეძებს

სატუსაღოს სარდაფში ჩადის

 საშიში სიბნელეა

უცებ, თითქოს, ვიღაცამ დაუძახა

 

- აქ ვინმეა?

- გოგონი, გოგონი

მოდი მალე აქ

ძალიან მარტო ვარ

ძალიან ცუდადა ვარ

დანგრეული ქალაქები მიდგას სულ თვალწინ

 

5.

 

ბოილერის უკან, ძველ სახლში

რეპლიკანტი დაიმალა

ადამიანის მსგავსი რობოტი

კვდება

ინფარქტი აქვს

განსაკუთრებული პოლიმერისგან დამზადებული გულის კუნთი

დაუსუსტდა

შიგნით ძრავა უხრიწინებს

 

- მე მქვია რუიჩი სი 9

მე მჟავა მაქვს საშოვნი

და მზე მჭირდება

მომე მჟავა, მჟავა!

და გარეთ, ჰაერზე გამიყვანე!

 

6.

 

აიკოს ეშინია

ეს რობოტია

რომელიც ადამიანებს ესროდა

 

მაგრამ ის ახლა მხოლოდ წევს და შესცქერის მას

და სულ არ ჰგავს მტერს

მკვლელს

ან ავაზაკს

ბოლოს და ბოლოს

- ფიქრობს აიკო -

მე მაინც ასე მარტო ვარ

 

მიდის საკუჭნაოში

და მიაქვს რეპლიკანტთან ჭიქა ღვინო

 

ამჟავებული ღვინო რობოტს აყოჩაღებს

ის ახერხებს ფეხზე წამოდგომას

 

ქუჩაში გასვლას

და ნორმალურად სუნთქვას

 

7.

 

მაგრამ თუ გინდა გადარჩე

ცარიელი რეზერვუარები

მარილიანი, რუხი მჟავით

უნდა დაიტუმბო

 

- სადღაც ჩრდილოეთში, ამბობენ, რომ სახელმწიფოა - სახელად მონღოლეთი

იქ ადამიანებს მანქანები ყავთ და დენი აქვთ

 

იქ ალბათ რობოტებისთვის არის მჟავა

ბავშვებისთვის კი ნამცხვრების და კანფეტების წარმოება

 

გახსოვს რა არის კანფეტი, აიკო?

 

- ცხადია, არა

 

8.

 

რატომ უნდა გავატარო მთელი ცხოვრება დანგრეულ სახლში?

- მსჯელობს აიკო -

დრო გადის

და არაფერი ხდება

ამას ჯობს გავახმო რამდენიმე ვირთხა

ავიღო ღვინო

სათამაშოები

და მჟავის და კანფეტების

საძებნელად გავეშურო

 

დაე

რობოტმა

მოიწმინდოს ნამუსი

და იყოს ადამიანის მეგობარი გზაზე

ხოლო თუკი დავიღლები

ხელით მატაროს

 

9.

 

რა კარგია - ფიქრობს აიკო - რომ იყო ომი

და მთელ ქვეყანას ბალახი მოედო

მთელი ცხოვრება ხომ ტყე და სოფლებია

და ქალაქები

სადაც სიჩუმეა

წყალი

და დაგლეჯილი მავთულები

 

მხოლოდ ქარია

მხოლოდ

ბალახი და ქარი

სტეპში

 

ღამით რუიჩი კოცონს ანთებს

აიკოს ეუბნება:

მე გიდარაჯებ

შენ დაიძინე

 

10.

 

მთელი ათი თვე დასავლეთისკენ მიდიოდნენ

მერე ორი თვე სადღაც მარცხნივ გადაუხვიეს

ბოლოს ისევ აღმოსავლეთისკენ აიღეს გეზი

 

რუიჩი სულმთლად დაიღალა

ღვინოც გაუთავდა

და ბოლომდე გაუწყდა ქანცი

 

აერიათ გზა-კვალი და

მონღოლეთი ვეღარ იპოვეს

 

ღონე წაერთვა აიკოსაც

მაგრამ რუიჩის უკვე აღარ შეეძლო

 

მისი ხელით

ტარება

 

11.

 

ერთ დილას

ახალგაღვიძებულმა

აიკომ

მხოლოდ ის შეძლო რომ

შეჰყვირა: აჰ

 

ველურმა მხედრებმა შეამჩნიეს ისინი

გადამწვარ

ბალახებში

დაეწივნენ, დაიჭირეს

რობოტს მუცელში ჩააზილეს

(მას თვალები დაუბნელდა)

გააგზავნეს ორივე ქალაქში

და ჩაამწყვდიეს სატუსაღოში

 

12.

 

სწორედ ესენი იყვნენ მონღოლები

და ამ მონღოლებს არა აქვთ

არც ქარხნები

არც ფაბრიკები

არც ჟავა

არც კანფეტები

არც ელექტროსადგურები

თითქმის შიშვლები დადიან

და ყოველი მეორე კაციჭამიაა

 

13

 

აიკო და რუიჩი

ათი დღეა სხედან

მიწის ქვეშ

ელოდებიან, როდის შესანსლავენ მათ

 

- რუიჩი, რა იქნება ჩვენს თავს?

 

ალბათ ეს ხალხი

ის მონღოლები არ არიან

რომელთაც ვეძებთ

 

იცი, მე არ მეშინია

მაგრამ სხეულში სიცარიელეს ვგრძნობ

 

მინდება, გავფრინდე აქედან

სულ სხვა ადგილები მოვინახულო

 

რეპლიკანტი პასუხობს

- აიკო, ეს შემთხვევითი არაა

მე დავეცი

სარდაფში

მჟავის გარეშე დავრჩი

 

და მე შენ გადაგეყარე

 

შეიძლება ჭეშმარიტი მონღოლეთი

აქ არაა

მონღოლეთი ქარი და ველ-მინდვრებია

სადაც ჩვენ ვიპოვეთ

ცარიელი სახლებიც

ლელქაშებში

(მათი იატაკი მტვრიანია)

გამხმარი ყვავილებიც

და მათი თესლიც

 

ეს იგივეა როცა მიდიხარ

და ხედავ შორს გორაკებს

გორაკებზე მაღალ სახურავებს

და დროშებს

და თითოეულ ეზოში ხარობს ატამი, ალუბალი

 

მაისია

და მალე ზაფხულიც დადგება

 

და მინდორს რომ გადადიან

ახალგაზრდა იაპონელი და მისი ელექტრონული მეგობარი

ხედავენ მათი ფეხებიდან

როგორ გამორბიან ბაჭიები

ანდა შესაძლოა, მელიები

და არა ბაჭიები

 

იცი, მე მსიამოვნებს

ამაზე ლაპარაკი

 

შეიძლება, არსი იმაშია, რომ რობოტი ეული იყო

და არ ფიქრობდა ამაზე

და შენც მარტოსული იყავი

მერე კი ღვინო

მომიტანე

 

14.

 

მონღოლები კი უკვე დანებს ლესავენ

დატყვევებულებს გრძელი სიცოცხლე არ დარჩენიათ

 

15.

 

მაგრამ

ჩვენ არაფერი მოგვივა

ამბობს რუიჩი -

ჰო, ყველგან წყვდიადია

და ნებისმიერი უდანაშაულო შეიძლება დაისაჯოს

შეიძლება უბრალოდ უგზო-უკვლოდ დაიკარგოს

მიუხედავად იმისა

რომ არავითარი ომი არაა

 

მაგრამ მე გავიგონე რადიოტალღების ხმა

და საპასუხო სიგნალი  გავუგზავნე

უბრალოდ წინასწარ არაფერი მითქვამს შენთვის

 

ჩვენსკენ უკვე მოიჩქარის

სპეციალური ტიბეტური სუპერრაზმი

 

მათი მეთაური იტყობინება, რომ ძალიან მოხარულია

რომ პატივი აქვს

გადაგვარჩინოს

 

როგორც კი ჩამობნელდება

ისინი მოვლენ

და გამოიყენებენ ლაზერს

კედელი აორთქლდება

და დღე დადგება

 

შენ გაიღვიძებ

 

მე ახალგაზრდა ადამიანი

აღმოვჩნდები

 

შენ სრულწლოვანი იქნები

 

დავქორწინდებით

 

წავალ სამუშაოდ

კვირაობით კი

როგორც წესია

მდინარეზე ვივლი

ანკესით და მოლაპლაპე სათლით

 

სახლში ნათევზავებით ხელში

დავბრუნდები ხოლმე

 

 

16.

 

მანამდე კი

სანამ მოწყენილობაა

შეგიძლია ღრუბლები ათვალიერო

ან რამე იმღერო

ან უბრალოდ იჯდე

და ელოდო

და როცა ეს ყველაფერი დაიწყება

ელოდო

რაღაც ნიშანს

 

- ნიშანს?

 

- ჰო, მაგალითად, დაიქუხებს

 

შენ დახუჭავ თვალებს

და

ამ პირველი ელჭექის შემდეგ

ყველაფერი მკვდარი ცოცხალი აღმოჩნდება

 

(დაე ყველაფერი, რაც გიყვარს,

დაგხვდეს საიქიოში

- თავისთვის ბურტყუნებს რობოტი)

 

მე

დატეხილი დინოზავრი

დათვი

და ბრინჯის

ძაღლი

 

თარგმნა შოთა იათაშვილმა

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE