საუბრები ლილისთან (ფრაგმენტები რომანიდან)


საუბრები ლილისთან (ფრაგმენტები რომანიდან)




პირველი საუბარი

                                                                                                           

- ჩუ… გესმის? უცნაურად ფხაჭუნობს რაღაც...

- სადღაც აქვეა.

- მეზობელია ალბათ.

- არა მგონია.

- რა არის ნეტა?

- რა უნდა იყოს, ალბათ პეპელაა.

- შეხედე, სარკმლის მარცხენა კუთხეშია. როგორი ლამაზიააა…

- ჩვენებურად ამას Der kleiner Fuchs-ს ეძახიან.

-  პატარა მელიას?! რატო ნეტა?

- ფერის გამო.

- მოდი გავუშვათ. - სკამზე ვდგები და სარკმელს ვაღებ. ლილი სკამის გარეშეც წვდება. ფრთხილად სვამს პეპელას ფურცელზე და ცდილობს გარეთ გაუშვას… Der kleiner Fuchs-კი გამჭვირვალე ფრთებს აერთებს. რამდენიმე წუთი გატრუნული ზის. შემდეგ თავის ფარატინა ფრთებს მარაოსავით შლის და თვალის დახამხამებაში მოპირდაპირე მხარეს, აკაციის მაღალი ხეების თავზეა.

- ნამდვილად პიტერი იყო!

- ვინ?!..

- პეპელა!

- პიტერი ვინღაა?

- ჩემი დის ქმარი.

- პიტერი რა შუაშია? საიდან მოიტანე?!

- რა და… სულ ამას იძახდა, სიკვდილის მერე პეპელად გადავიქცევიო. ჰოდა, რაც აქ გადმოვედი, ხშირად მსტუმრობს ხოლმე. სულ პირველად, ფანჯრებს რომ ვღებავდი, მაშინ მოფრინდა. მთელი დღე რაფაზე იჯდა და მაკვირდებოდა. ხედავ, ახლაც მესტუმრა.

- ამ ყველაფრის გჯერა?

- პიტერს ხომ სჯეროდა! - რბილად იღიმის ლილი. - ადამიანს უნდა დაუჯერო.

- მეც რა გავიკვირვე, ნაკამურას ცოლიც ხომ პეპელად გადაიქცა…

- მართლა?

- ჰო, მართლა!

- მოკვდა და მერე?

- არააა… უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, გავფრინდებიო, ჰოდა, ადგა და პეპელად გადაიქცა… დილით ნაკამურამ რომ გაიღვიძა, ცოლი აღარ იწვა მის გვერდით, პეპელა ეჯდა მკერდზე. იმ წუთში მიხვდა, რომ ეს მისი ცოლი იყო. სხვათა შორის, თეთრ ტბასთან გავიცანი…

- რატომ  არაფერი გითქვამს?

- მაპატიე, სულ გადამავიწყდა. ოთხშაბათობით დავფრინავ ხოლმე...

-  რა მაგარია, როცა ფრენა შეგიძლია!

-  ძალიან ადვილია, თუ გსურს, შენც გაფრინდები.

- მართლა?

- უჰუ… თუ ადამიანს გულით რაღაც უნდა, ყველაფერს  შეძლებს.

- მაშინ მოდი, იცი, რაა.. აი დღესვე… - სათქმელს ლილის ტელეფონის ზარი აწყვეტინებს…

 

……………………

 

აბრეშუმის გამჭვირვალე ფარდებში შემოდგომის სიყვითლე ატანს. ფანჯრის მეორე მხრიდან კი პეპელა ოთახში შემოსვლას ლამობს…

 

მეორე საუბარი

 

- რა გემრიელი სუპიააა!

- სხვათა შორის, მე „სუპისტების ორდენი“ მაქვს.

- ვაოოო… შენს ორდენში მინდა!

- მაშინ ფიცის სწავლა მოგიწევს!

- ფიცის?!..

- ორდენში ხომ უნდა გაწევრიანდე…

- „გა-წე-ვრიანდე“ რას ნიშნავს?

- ანუ ამ ორდენის წევრი გახდე.

- აააა… რა თქმა უნდა, მინდა! ოღონდ წავიკითხავ, თუ შეიძლება?

- შენთვის გამონაკლისს დავუშვებ… ბლატით მიგიღებ!

- „პლატი“ რაღაა?

- „პლატი“ კი არა და „ბლატი“,  ე.ი. ნაცნობობით.

- აააა… თანახმა ვარ! ძალიან სასარგებლო ყოფილა „სუპისტად“ ყოფნა - ამბობს ლილი და მისი კისკისი ბურთებივით სამზარეულოს კუთხეებში იფანტება. უჩუმრად ვაგრძელებთ ჭამას… სიჩუმეს მხოლოდ თეფშებზე კოვზების შეხება, ტუჩების ცმაცუნი, ფოთლების შრიალი, მანქანების სისინი და მეზობელი სახლიდან თეფშების მსხვრევის ხმა არღვევს.

- ბავშვობაში ოცნება მიყვარდა, - შეპარვით იწყებს ლილი, - სულ რაღაც

თოთხმეტიოდე წლის ვიყავი... ის კი ოცდაათის. დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა! ტბის ნაპირას საათობით იჯდა. მე ყოველდღე დავდიოდი ტბაზე საცურაოდ, რომ მენახა. ვცურავდი და რა ილეთებს აღარ ვაკეთებდი, ოღონდ ჩემთვის ყურადღება მოექცია. ხან ჩავყვინთავდი, ხან ამოვყვინთავდი და ასე, გაუთავებლად… მოკლედ, ყურებამდე ვიყავი შეყვარებული. არ ვიცი, ხვდებოდა თუ არა, მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო. ალბათ მხოლოდ ძაღლებს და ბავშვებს შეუძლიათ უპასუხო სიყვარული. სოფელში უცნაური ჭორები დადიოდა მასზე...  მე ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. ჩემთვის განსაკუთრებული იყო და მორჩა! არც კი ვიცი, რატომ მომწონდა... უტყვი და მშვიდი რომ იყო, შეიძლება, იმიტომ.

სახლში ჩემს პატარა დას ვაბოლებდი: იცი? - ვუთხარი ერთხელ, როდესაც მორიგი „პაემანიდან“ დავბრუნდი,  - ტბასთან ერთი კეთილი ჯადოქარი ზის. წარმოგიდგენია, ბაყაყი მეფის ასულად შეუძლია აქციოს, ყველაზე საშინელი მხეცი მოარჯულოს, ზამთარი გაზაფხულად და ზაფხული შემოდგომად შეცვალოს. თავზე, მარცხნივ, ხუთი მწვანე ნაწნავი აქვს, მარჯვნივ კი სამი ყვითელი. კიდევ, კეფა აქვს მელოტი და უპრიალებს-მეთქი. პანკიაო?!..- გაიოცა ჩემმა დამ. საიდან მოიტანე, ჯადოქრები პანკები არ არიან-მეთქი. რატომო?!.. - არ მეშვებოდა. იმიტომ, რომ თვალები ტბისხელა აქვს და მხოლოდ მე მომცა თვალებში ჩახედვის უფლება… ჰოდააა… ამიტომაც ჩემი მოტყუება შეუძლებელია-მეთქი. მახსოვს, ამ ნათქვამმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ჩემს დას პანკები მაშინვე გადაავიწყდა… ლილი ჩუმდება.

………………………………

 

- რა, საერთოდ არ გამოგლაპარაკებია?

- არა.

- ალბათ შენმა აპოლონმა ცოლი მოიყვანა.

- ამას წინათ გავიგე, იმ ტბაში დამხრჩვალა...

.................................................   

 

სიჩუმე სამზარეულოს სივრცეს ჩვენ შორის ორად ყოფს.

შეორთქლილ მინებს იქით ჩანს: ეზო, ქუჩა, სახლები, გამვლელები…

სუპი დიდი ხანია გაცივდა.

-   დღეს ღამით თოვლი მოვა. - ამბობს ლილი და მაგიდის ალაგებას   იწყებს.

 

                                                                               

მესამე საუბარი

 

- ძველებურ ხალიჩაზე წამოწოლილი, ასე მგონია, მფრინავ ხალიჩაზე ვწევარ... თვალდახუჭული და სიცხისგან გათანგული, ლილის ბინას ვაფარებ თავს.

- შეხედე, ისევ აქაა... - მესმის ყურთან.

- ვინ? -  ზანტად ვკითხულობ... „ფრენას“ ვწყვეტ და თვალებს ვახელ.

- Der kleiner Fuchs-ი. - ჩუმად ამბობს ლილი და ბროლის ჭიქით ხელში თავზე მადგას. ჭიქაში პეპელა გაუნძრევვლად ზის.

- ჩვენთან მწერებს, ცხოველებს და ადამიანებს სქესის ნიშანი არ აქვთ, გერმანულში კი პეპელას მამრობითის აღმნიშვნელი არტიკლი უძღვის წინ.

-  პეპელა ისეთი ნაზი არსებაა, რომ უფრო ქალის არტიკლი შეესაბამება, არა?

- პიტერი ქალად ხომ არ გადაიქცეოდა?!..

- „ქალად“ და „კაცად“ რა შუაშია, ლილი... ეგ ხომ პიტერის სულია...

- ჰოოო... ვერ გავითვალისწინე... მართალი ხარ...  როგორც არ უნდა იყოს, შეხედე, გთხოვ... - ნაღვლიანად მეუბნება ლილი და ბროლის ჭიქას მაწვდის.

- ხო, ვხედავ, რა მერე?!..

- რატომღაც არ ირხევა...

- მკვდარია,  ლილი, და როგორ გაირხევა?!.. - ლილი ნაწყენი ნაბიჯით გადის მეორე ოთახში. თითქოს მე მიმიძღოდეს რაიმე ბრალი პეპელას წინაშე - კარგი რააა, ლილი... როგორ იცი ხოლმე... სულ ტყუილუბრალოდ  განიცდი... ფრენდა  თავისთვის, ფრენდა და ბედნიერად დაასრულა სიცოცხლე! თვალებს ვხუჭავ და „ფრენას“ ვაგრძელებ...

....................................................

 

- საიდან იცი, რომ ბედნიერად დალია სული? - ყურთან კვლავ ლილის ხმა ჩამესმის. „მფრინავი ხალიჩიდან“ ძირს ვვარდები.

- ვიზე ამბობ?!

- ვიზე ვიტყვი, რა თქმა უნდა, kleiner Fuchs-ზე.

- შენც ნახე რა, სანერვიულო...

- საიდან იცი, რომ ბედნიერად ეთხოვებიან სიცოცხლეს? მინდა, ვიცოდე, გრძნობენ თუ არა რამეს?

- დამშვიდდი რა... გთხოვ... ყველას ხომ თავისი კარმა აქვს.

- ახლა კიდევ ვიღაც „კარმა“ გამოეჩხირა.. ისე თქვი, რომ გერმანელმა ადამიანმა გაიგოს რააა...

-  ლილი, კარმა ყველა ენაზე კარმაა და „ვინმე“ კი არ არის, ბედს ნიშნავს! შეგიძლია, გული დაიმშვიდო, ჩვენგან განსხვავებით, პეპლები არაფერს „განიცდიან“!

- საიდან იცი?!..

- რომ წაგეკითხა, გეცოდინებოდა.

- რამდენიც გინდა, იკითხე, თუ უსულგულო ხარ. ის არ ვიცით, ადამიანებს რა უტრიალებთ სულში  და თავში და პეპელასი ხომ - მითუმეტეს, არაფერი გაგვეგება. ეგ შენი მეცნიერები აფრენენ...

- როგორი ჯიუტი ხარ, ლილი...

- მაშინ ამიხსენი! თუკი ეგ, როგორც შენ ამბობ, „კარმაა“, მერე რა ხდება? ჩვენც ხომ გვაქვს ეს კარმა, ასე არ არის?

-  „ეშმაკმა დალახვროს, რატომ განიცდის ამ პეპლებს ასე?..“ მინდა გითხრა, როოოომ....მმმ... აი, ნაკამურას ცოლი გაიხსენე...

- მაგით რისი თქმა გსურს?

- „რას გადამეკიდა, ღმერთო ჩემო... რა მინდა ნეტა, რომ ვთქვა?..“  მინდა გითხრა, როოომმმ...

- ხედავ, ვერაფერსაც მეუბნები... ხომ შეიძლება, პიტერი იყოს?

- მერე და მაგას რა ჯობს!

- თუკი მოკვდა, რაა მაგაში კარგი?!

- პიტერი დიდი ხანია, მკვდარია. უკვე ხომ გითხარი, ეს პიტერის სულია-მეთქი, დაგავიწყდა? ჰოდაააა... როდესაც პეპელა კვდება...მმმმ... „ვინ მექაჩებოდა ენაზე ნეტა?“ ეს იმის ნიშანია, რომ მისი სული სხვა პეპელაში გადასახლდა...

-  მაშინვე როგორ ვერ მივხვდი! - სიხარულით მაწყვეტინებს ლილი და

მოპირდაპირე კედლთან ერთ ნახტომში ჩნდება. თეთრი კედლიდან

ფიფქივით პეპელა ხელისგულზე ფრთხილად გადმოჰყავს. პეპელაც,

თითქოს მოილაპარაკესო, ლილის დიდ და კეთილ ხელისგულზე

გადადის. „ღმერთო ჩემო, ნეტა როგორ პოულობს ამ პეპლებს?! იქნებ

მართლა პიტერია, ვინ იცის?!..“

……………………………………

 

ლილი აივანზე გადის. პეპელა ისე გატრუნულა მის ხელისგულზე, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანისთვის ემზადებაო. ნელი სიო ეხება მის ფარატინა ფრთებს. უცბად, როგორც ასაფრენ ზოლს, ისე სწყდება ლილის ხელისგულს თეთრი პეპელა და ისეთი სისწრაფით იღებს სიმაღლეს, რომ წამში უკვე სახურავების თავზეა...

- ლილი, ერთი შეხედე, ჩიტივით აიჭრა ცაში!

- ეს თეთრი ანგელოზია!

- ლილი, ჩამოყალიბდი, პიტერია თუ თეთრი ანგელოზი?!

- არა, არა, თეთრი ანგელოზია! მოდი, გავყვეთ? - სხვა რა გზა მაქვს… მოდი-მეთქი... ვთანხმდები...

- დღეს რომ შაბათია? - ტრაგიკულად მაწყვეტინებს.

- რა მნიშვნელობა აქვს, რა დღეა?!

- შენ არ თქვი, ოთხშაბათობით დავფრინავო?

- ოთხშაბათამდე ხომ არ მოვიცდით? ჩვევა ცუდი რამეა! 

………………………………………

 

მივფრინავთ…

 

- ყურადღებით იყავი! - ქარის ხმაურს მინდა გადავაყვირო, ხმა რომ მივაწვდინო ლილის. - თვალსაწიერიდან არ დაკარგოოოო!

- ეკლესიის გუმბათთანაა! ხედავ? - მიყვირის ლილი და პატარა ბავშვივით გულიანად იცინის...

თეთრი ანგელოზი ჩვენ გარშემო ტრიალებს... შემდეგ ლილის აჯდება მხარზე.

სამივე ნელ-ნელა ვშორდებით მტვრიან და ხმაურიან ქალაქს...

…………………………………………

 

ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე, წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ, სად და როდის გადაეყრები თეთრ ანგელოზს…

 

მეოთხე საუბარი

 

- ალო, ალო… სადა ხარ, რატომ ყურმილს არ იღებ? - ყურმილში ლილის აღელვებული ხმა მესმის. - რა გჭირს? არ გიხარია ჩემი ხმის გაგონება? ალო, ალო…

- რას ამბობ, ლილი… რაღაცებს  ნუ იგონებ. უბრალოდ, ახლა გავიღვიძე და…

- შენს თავს რაღაც ხდება… ხუთ წუთში მანდ ვარ. სამამდე დაითვალე და, როგორც ჯინი, გავჩნდები შენთან.

- შენ რა, ჩამოხვედი?!.. - მაგრამ ტელეფონის ყურმილი არავითარ სასიცოცხლო ნიშნებს აღარ იძლევა. „რა გადარეულია, ღმერთო ჩემო…“ - ვერც კი ვასწრებ ამის გაფიქრებას, რომ კარზე ზარია. დგას ლილი, ლამაზი, გარუჯული და ჯანსაღი, მთების, ტყისა და ზღვის სურნელს აფრქვევს.

- ერთი დამიხედეთ, რა სიჩქარე განავითარა?!..

- შენ რა, გიკვირს? - ერთმანეთს ვეხვევით. ლილი მძიმე ზურგჩანთას იატაკზე აგდებს. - აბა, ჩამოყაჭე, რატომ ხარ ცუდ ხასიათზე! შემომხედე, ნამტირალევი გაქვს თვალები, თუ რა...

- ყველაფერი ძველებურადაა, გეფიცები... - ვარიდებ თვალებს -  უბრალოდ, დავიღალე... ამ ბოლო დროს ბევრი სამუშაო მაქვს. ცუდადაც მძინავს. ცუდ სიზმრებს ვხედავ... კიდევ, სავსე მთვარეა და მოკლედ, ცოტა გადავიღალე...

- შენი ნებაა, ნუ მეტყვი. - მაწყვეტინებს.

- რა გითხრა, ძვირფასო? ყველაფერი ძველებურად მაქვს. მოგზაური შენ ხარ  და შენ მოყევი, სად იყავ, რა ნახე, ვინ გაიცანი და ვინ შეგიყვარდა...

- ყველაფერს მოგიყვები, სად წავალ… მაგრამ ჯერ ცხელი, მწვანე ჩაი მინდა დავლიო! შენ დალევ? - თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. - ძალიან კარგი, წავალ და მოვადუღებ. შენი სამზარეულო მომენატრა. - ლილი ოთახიდან გადის. მე მისაღებში შევრბივარ და მთელ ოთახში მიმობნეულ წერილებს, სურათებსა და წვრილმანებს ჩქარ-ჩქარა იატაკიდან ვხვეტ… ჩემს წარსულს ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება, იქ ვტენი… „ოღონდ მოვასწრო…“ -ვფიქრობ, მაგრამ ლილი უკვე თავზე მადგას ჩაიდნითა და ფიალებით ხელში. მშვიდად დამყურებს. მე, როგორც პატარა ბავშვი, რომელსაც თითქოს რაღაც ისეთზე მიუსწრესო, ლილის თვალს ვარიდებ. ის კი, ვითომც აქ არაფერი, ლანგარს ჩაიდნითა და ფიალებით იატაკზე დებს, ლოტოსის პოზაში ჯდება  და ჩაის ფიალებში უსიტყვოდ ასხამს.

მეც ვცდილობ, როგორმე ლოტოსის პოზაში ლილის გვერდით ჩავჯდე. ძლივს ვახერხებ. ჩუმად ვსვამთ ჩაის… ცოტა ხანში, საწერი მაგიდის ქვეშიდან, ლილი პატარა მწვანე, რეზინის სპილოს იღებს. ხელში ატრიალებს…

- ეს ხომ თეონას სპილოა?

- ჰო... ჩემმა დამ მომცა. სულ ამ სპილოს დაატარებდა ყველგან. ძალიან უყვარდა. რავი... ისეთი არაფერი..  თითქოს ჩვეულებრივი, რეზინის სპილოა... სახელიც კი არ აქვს..

- თეონას სპილო. რა, ცუდი სახელია? უკეთესს ვერც კი მოიფიქრებდა კაცი!

- მოკლედ, ძალიან უყვარდა.. სპილოსაც უყვარდა.. ახლა კი მოწყენილია.. სიჩუმეში მხოლოდ ჩვენი ტუჩების შეხება ისმის ფიალებთან... ვსვამთ და ჩუმად ვართ... ჩუმად ვართ და ვსვამთ... ლილი ოხრავს...

- ალბათ დაიღალე, არა?

- სულ სამსახურის ბრალია.

- სამსახურის?!  „წამით არ მოგაწყენს...“ - მეგონა დასასვენებლად წახვედი..

- სულ დამავიწყდა შენთვის მეთქვა... ახალი სამსახური მაქვს...

- ახალი სამსახური?! მეგონა, დასასვენებლად იყავი...

-  ჰოოო... დასასვენებლად ვიყავი, მაგრამ... მე „მწუხარების კრიმინალისტი“ ვარ.

-  მწუხარების კრიმინალისტი?!..  პირველად მესმის...

- გასაგებია, რომ პირველად გესმის, იშვიათი პროფესიაა. ყველა კი არ კიდებს ხელს. შენ გგონია, მაგის გამოჭერა ასე ადვილია?

- რისი გამოჭერა?..

- რისი და მწუხარების!

- ააააა... მწუხარების... გასაგებია... წარმოდგენილი მაქვს, როგორი სახლაფორთოა.  - ლილის თამაშს მხარს ვუბამ...

- რაც მართალია, მართალია,  სახლაფორთოა. მთავარია დროულად გამოიჭირო.

- როგორც ვატყობ, გისხლტებიან?

- ხან როგორ და ხან როგორ…

- სირთულე რაშია?

- ყველაზე რთული საკუთარი მწუხარების გამოჭერაა.

- საკუთარის?!..?!..?!..

- აბა, რა გეგონა?

- ვერც კი ვიფიქრებდი, საკუთარი მწუხარების გამოჭერა ასეთი ძნელი თუ იყო... კი მაგრამ, საკუთარის დაჭერა რაღა საჭიროა?!

- თუ სხვისი მწუხარების დაჭერა გსურს, ჯერ შენსას უნდა მიხედო! შენი თქვი, თორემ სხვისი მწუხარების დატყვევებას არაფერი უნდა. სხვისი წუხილი უკეთ ჩანს და მოსათვინიერებელადაც ადვილია. ერთ-ორ ტკბილ სიტყვას თუ ჩააწვეთებ, მოეფერები, გაამხნევებ, მხარს დაუჭერ და მომავლის იმედს ჩაუსახავ, ჩათვალე, რომ გამოჭერილი გყავს! აი, საკუთარი მწუხარება  კი -  ნამდვილი კატასტროფაა. სულ გაგირბის, გემალება, რას არ იგონებს, რომ თავი შეინიღბოს, ოღონდაც ხელში არ ჩაგივარდეს.

- ნეტა რატომ?

- თავისი თავი თვითონვე ეცოდება და მაგიტომ. ცაცა, ცაცაო, ჩემო საყვარელო და სულზე უტკბესოო - თავის თავს ასე ეფერება და ეუბნება… ადამიანს ეს მდგომარეობა ძალიან მოსწონს. თავისი ვნებების ტყვე ხდება. მოკლედ, მთელი რიგი ამბების ჯაჭვია… არცთუ ისე იოლია ეს ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება კაცს მოგეჩვენოს… სამუშაო მართლაც ძალიან ბევრია…

- ერთი ეს მითხარი, როგორ გამოიყურება ეგ შენი მწუხარება, როგორც ჩიტი თუ როგორც მწერი?

- უხილავია. ამიტომაც უნდა გრძნობდე. თავად ინტუიცია საოცრად განვითარებული აქვს და კიდევ ყნოსვა. მსხვერპლს უტყუარად გრძნობს!

- ვერც კი წარმომედგინა, ასე რთულად თუ იყო საქმე.. ეგ კარგი, მაგრამ, აი როდესაც უკვე დაიჭერ, მერე რას უშვრები?

- რა უნდა ვქნა, უბრალოდ, სიხარულზე ვცვლი და ეგ არის!

- სიხარულზე?!..

- აბა, რაზე შეძლება მწუხარება კიდევ გადაცვალო?!.. -  ლილი თვალებს ხუჭავს და ცხელი ჩაით სავსე ფიალა ტუჩებთან მიაქვს. რამდენიმე ყლუპას აკეთებს და თეონას სპილოს მაწვდის. სპილო უკვე სიხარულით და იმედით შემომცქერის.

................................................................

 

მზერა ფანჯრებისკენ გადამაქვს… ბერლინის მოშავო-მოლურჯო ცა თითქოს ქურდივით ფანჯრებიდან ოთახში მოიპარება… გრძელი სიჩუმე უკან მაბრუნებს. მზერა მაგიდიდან თაროებისკენ, თაროებიდან ქოთნის ყვავილებისკენ, შემდეგ თეონას სპილოზე გადადის… და ასე, საგნიდან საგანზე ნელ-ნელა მიცურავს და ტახტთან ჩერდება…

ვხედავ, „მწუხარების კრიმინალისტი“ ტახტის გასწვრივ, იატაკზე გაწოლილა და უშფოთველ ძილს მისცემია. მე თბილ პლედს ვაფარებ და ოთახიდან უხმოდ გავდივარ. ეძინოს, როგორც ეტყობა, მწუხარების თვალთვალმა ძალზედ მოქანცა.

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE