გუგულის ბუდეს ვერავინ გადაუფრინა...


გუგულის ბუდეს ვერავინ გადაუფრინა...




დაე, იყოს ნათელი...

 

დაე, იყოს ნათელი...

 

დაე, ნათლად ავუხსნათ

ერთმანეთს, თუ როგორ

უნდა შევუწვეთ სიმარტივეს

და სირთულეს

გაყინულ ლოგინში,

თუნდაც სიმარტოვეს...

 

დაე, მოვითმინოთ დრო

და თეთრი ღრუბლები

გამოვითხოვოთ

სამოთხის კართან...

 

დაე, იყოს ნათელი...

 

დაე, იყოს დაო დე ძინი...

და იყოს ძილი...

და ძილის სამელნეში

თავს ვყოფდეთ

და არამც და არამც

სხვის საქმეებში…
 

დაე, იყოს ნათელი!

 

დიახ, დიახ…

ყველაფერი

ნათელი იყოს მე და თქვენ შორის...

შორიდან მოვდიოდეთ.

უკვდავებიდან მოვდიოდეთ.

გზიდან მოვდიოდეთ.

ცხოვრებიდან მოვდიოდეთ

და ყველაფერი ნათელი იყოს,

როგორც ეს ლექსი

არის ნათელი...

 

დაე, იყოს ნათელი...

 

დაე, ბრალს არ გვდებდეს

შემოდგომის მოსამართლე,

რომ ვერ გავყვითლდით

და რომ ვერ გავნათლდით

ფხვიერი მიწით, დილის ნისლით

და ფოთლების შრიალით...

 

დაე, იყოს ადამიანი.

დაე, იყოს შენდობის სიჩუმე.

დაე, იყოს უბადრუკი ხმაური.

დაე, იყოს გაზაფხული.

მერცხლის წელზე

შენი ხელი

ირწეოდეს ჰამაკივით

და ჰამაკში მწოლიარე

წიგნს კი არა

ჩიტებს კითხულობდე...

თევზებს კითხულობდე...

ადამიანებს კითხულობდე...

ყველა მდინარეს

შენ უერთდებოდე

და ყველა ლექსში

შენ იყო ვრცელი

და ციანიდით

მოწამლულ

თვეებს და წლებს

იკრებდე,

როგორც ძალას...

 

დაე, იყოს ნათელი...
 

 

გუგულის ბუდეს ვერავინ გადაუფრინა...
 

თვალი მითამაშებს.

 

თვალიდან ცხოვრების ნარჩენი ამოვიღე,

როგორც გუგულის ბუდიდან მეტაფორა,

როგორც მიწიდან ღრუბლის ნაჭერი…

ღრუბლის ჭრილიდან 

ერთი წყვილი ანგელოზის

ჩექმა ამოვიღე და გავჩუმდი...

 

მერე?

მერე მომწყურდა შენ სიტყვა

და გულში დავნერწყვე საკუთარი თავი...

 

რაში დავრწმუნდი?  - იმაში, რომ

გუგულის ბუდეს ვერავინ გადაუფრინა...

 

ბეწვის ხიდი ვერავინ აქცია სახლად...

თვალის ხამხამში გასული დღე

ვერ დაიწმინდა, 

ვერც სიცრუისგან და ვერც სიმართლისგან,

რომ თითქოს

წმინდა სიტყვის სამარხში

ვდგავართ...
 

 

* * *

 

როცა საკუთარ თავს შენივე ნიჩბით აიღებ

და უსახურ სხვენში დამალავ

სკამის მომტვრეულ ფეხებთან და საზურგეებთან ერთად,

და ჩიტის ზურგით ნათრევ ღამეში

ჩაიხუთები...

 

როცა დღეებს გაშლი და ხელებს - ვეღარ,

რომ მას დაეუფლო,

მიხვდები, რომ ცხოვრებამ გადაგდგა

ერთი ნაბიჯით უკან და ორი ნაბიჯით წინ

თავისივე ბიოგრაფიის ასტომეულიან

კარადასთან ახლოს და

ჯერ არ სცალია,

რომ ხმაური შეგისწოროს

საბანივით და

შენს მძიმე ლოდს წვენი ადინოს,

როგორც სიჩუმეს...

 

როცა სიკვდილისგან ქრთამს აიღებ,

სიბრალულისგან მეტაფორას,

მთვარეებისგან მტვერს

და ღრუბლებს გაფანტავ

სიამაყის გულში,

შენი სიტყვები აიყრება

ასფალტივით

და ენის ქვეშ დამდნარი

სიყვარული წამოგცდება

ისე ხმამაღლა და ისე ურცხვად,

რომ

გაიყიდები...

 

 

* * *
 

,,აჰა ესერა ვდგა კარსა ზედა და ვჰრეკ, უკუეთუ ვინ ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ და განაღოს კარი, და შევიდე მის თანა და ვჭამო მის თანა სერი, და მან - ჩემ თანა,,

იოანეს გამოცხადება

(თავი მესამე)

 

აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ - მე პოეზია ვარ...

თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას,

მე მასთან ერთად ვისაუზმებ...

მასთან ერთად ვისეირნებ და

მოვუყვები ამბავს ადამიანზე,

რომლის ფანჯრის მინაც ჩამტვრეულია

და ფურცლით ანახლებს...

 

აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ.

ცრემლიც მომაქვს და სიხარულიც...

ფინჯან ყავაზე არ დამპატიჟებთ?

 

,,აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი“

იოანეს გამოცხადება

(თავი მესამე)                          

 

აჰა, მე მოვალ მალე

და შენს სიტყვებს

მზერით წავიღებ...

სულსაც წაგართმევ...

გაგაშიშვლებ...

დღეებს დაგითვლი...

რამდენი მზის სხივი

მოგხვედრია

მარცხენა მხარზე,

იმასაც გეტყვი...

 

 

* * *

 

პრიალაყდიან წიგნებს გაჩუქებ.

პრიალაყდიან ბლოკნოტებს გაჩუქებ.

პრიალაყდიან სინამდვილეს გაჩუქებ.

იქნებ წარსული აგიცურდეს...

 

 

* * *

 

ქარი სიზმრიდან

პირველ გაზეთს შენთვის

მიიტანს სიჩუმის ბაღში...

 

 

* * *

 

ბეწვის ხიდზე გავიარე

და ძაღლის ბეწვივით მხრებზე

ცხოვრება მიმეკრო...
 

 

* * *

 

ყოველდღე ჩემი ლექსის სტრიქონებს

მოგხვევ სულის სამ წრეზე, როგორც ადრე.

როგორც იმ კაშნეს,  SECOND HAND-ში რომ გიყიდე

და შენ შეგიყვარდა დილის ჯაზივით...
 

 

* * *

 

პირველი დაბადება

ბუნდოვანი და გაუაზრებელი იყო...

ყველა ნაკლის მქონე...

უნაკლო მხოლოდ სიტყვა

იყო „დაბადება“.

 


 

 

                                                                                         

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE