ვიღაც დროებითი


ვიღაც დროებითი




ორი მხარე

 

ყველაფერი ნათქვამია უკვე,

რა აზრი აქვს წუხილსა და განსჯას,

ვიღაცა რომ განცდებშია თურმე,

აქ მეორეს ეცინება მაგრად,

 

ერთს რომ უცხო ბოლო კაპიკს აძლევს,

ეცოდება, თან თვითონაც უჭირს,

ამ დროს ღორი ბოლო გროშებს ართმევს,

სხვა უდღეურს, საწყალსა და დუხჭირს,

 

ყველაფერს აქვს თურმე ორი მხარე,

როცა უნდა შეიცვლება პოზა,

ცოტა თუ აქვს ბევრს განახებს მარჯვედ,

ბევრს კი უცბად გამოაჩენს ცოტად.

 

ასეთია მედლის ორი მხარე,

ორთავ მხარე ლაპლაპებს და თვალს გჭრის,

ერთ დღეს ვინმე თუ აგიწევს წარბებს,

მეორე დღეს, უსირცხვილოდ თავს ხრის.

 

ყველაფერი ნათქვამია უკვე,

რა აზრი აქვს წუხილსა და განსჯას,

ყველაფერი მარტივია თურმე,

სირთულესაც  სიმარტივე მართავს.

 

 

*  *  *

 

ჩემი თვალები მჭრელი

შესწებებია მინას,

სადაც სხეული შენი

იხდის და ბნელში ბრწყინავს.

 

სხვისი თვალების ფერი

აინტერესებს ამ თვალს,

რადგან სიზმარს ცვლის ჭერი,

რადგან არ გძინავს ნამგზავრს,

 

გაჩერებული ღამე,

სასუნთქი გზების ფშვინვა,

ჩემი თვალები ჭამენ

ქალის ოთახის მინას.

 

 

ვიღაც დროებითი

 

დროებით შენ გერქვა ვიღაცის სახელი,

დროებით ვიღაცის იყავი საცოლე,

ვითომდა დროებით დაკეტე კარები

და ჩუმად აივნის კარებთან მაკოცე.

 

დამარქვი ვიღაცის სახელი დროებით,

რომ ვარ ნათესავი შორიდან, ობოლი,

მართობდი უაზრო გაცვეთილ პოზებით,

მე ვუმკლავდებოდი „იმ საქმროს“ მოლოდინს.

 

და შემდეგ დარეკა ზარმა და დასრულდა...

ვიღაც დროებითი ვდგები და მივდივარ,

კართან სხვა უცხოა, მიხვედრაც არ უნდა,

მართლა რიგითი ვარ და ამის ღირსიც ვარ.

 

დროებით ქუჩაში მარტო ვარ ნაწყენი,

მგონია ეს გზებიც დროებით გაჩერდნენ,

მივდივარ, მიმყვება ვნებების ნაფლეთი,

ის ორნი ამ დროს კი ახალ დროს აჩენენ.

 

 

მეხსიერება

 

მე ვარ დუმილი, შენ კი ქარი, ჩემში გამჯდარი,

უბერავ სიოს, ნაღველიდან ამოსულ სევდას,

ის, რაც აქამდე არ ყოფილა ჩემში გამქრალი,

გაფანტე ისე, რომ ღრუბელიც ვერ ასწრებს შეკვრას,

 

გამწესდა ჩუმად მიუსაფარ ტკივილთა ჯარი,

და ჩემში ისევ მყინვარებას მოითხოვს სული,

არ არის შველა და წამალი არ არის ფარი,

მტკივან საათებს გააღვიძებს ნაფლეთი ქუსლი,

 

მე ვარ დუმილი და შენ კიდევ გრიგალი ჩემში,

მეხსიერებავ იქნებ ისევ დამტოვო სადმეს,

არ ვარ მებრძოლი და აღარ მაქვს ძალები ფეხში,

დამტოვე, თორემ ეს ქარებიც ბოლო წლებს მართმევს.

 

 

ძებნილის სიმღერა

 

ვიღაცის სახლში ვარ, ვიღაცის მეზობლად,

განგებაც რატომღაც ერთბაშად მიწყრება,

მარტო ვარ, არავინ მოვიდა მეგობრად,

„ძნელია“ ასეთ დროს მეგობრის „მიგნება“.

 

არა ვსვამ სასმელს და არა ვწევ სიგარეტს

და შესაბამისად, ფული არ მჭირდება,

ვიღაცის დაგდებულ ძველ პურის სიმძაღეს

ვეჩვევი ნელ-ნელა, „გემო არ მიქრება“.

 

ვიღაცის ძველ ამბებს ანაზდად ვიხსენებ,

ან რაში მადგება, რა ჩემი საქმეა,

მხოლოდ სხვისი ამბით ამ დღეებს ვიგრძელებ,

სანამ მომაკითხავს სამართლის მანტია,

 

და ასე ერთ ოთახს ვდარაჯობ სიჩუმით,

კედლებს მოუყვება გინების არშია,

კანონს ვემალები ნესტიან მიწურით,

ცხოვრებამ საჩუქრის ეს ფორმა არჩია.

 

 

*  *  *

 

ახალი წელია, ახალი წელია,

საცივი გრილია, ტოლმა კი ცხელია,

ახალ წელს გვილოცავს ქალაქის მერია,

მშიერი თვალები სიახლეს ელიან,

ინთება ნაძვისხე, ქალაქი ნათდება,

თან ყველამ იცის, რომ ოცნება არ ხდება,

ახალი წელია, ახალი წელია,

ვისთვის იოლია, ვისთვის კი ძნელია, -

მოსმენა მოლოცვის, მაძღარის პირიდან

სამადლოდ დაგდებულს თუ იღებ ძირიდან

და მაინც წესია, ახალ წლის მოსვლამდე,

მღვდელიც და მინისტრიც ღიმილით გლოცავენ.

დავთვრებით, ვმღერივართ, - ახალი წელია,

ო დელა დელია, ო დელა დელია.

 

 

*  *  *

 

ჰეი  მამაჩემო, მითხარი, სადა ხარ,

ამბობენ, ქვეყანა მიბრუნებს ანაბარს,

და ამ დროს საბუთიც, აღმოჩნდა, არა მაქვს,

ნაფლეთი ქაღალდი, რომელიც დანამატს

შემმატებს და ჩამხსნის დუხჭირთა ქარავანს,

ცოტახნით მეც ვნახავ ამ ქვეყნად რაღაცას.

ჰეი, მამაჩემო, მანიშნე, სადა გაქვს

საბუთი, რომელიც უდრიდა განავალს,

და ახლა დაედო ფასი და ასავალს

მთავაზობს ქვეყანა, ვინც მიგვცა დასავალს.

 

 

*  *  *

 

ეზოდან ეზოში, ქუჩიდან ქუჩაზე დაგდევდი,

არ იყო საშველი, არ იყო სათქმელი, მაბნევდი,

ამბიდან ამბავი, ართქმიდან ნათქვამი მოჰქონდათ,

დახრიდან დახრამდე, ეს თავი გათქმამდე მორცხვობდა,

დარდი კი დარდამდე უშენოდ ყოფნას რომ დარდობდა,

გატკეპნილ ასფალტზე დრო შენთან შეხვედრის - გარბოდა,

სახლიდან სახლამდე, სივრციდან სივრცემდე გალობდა

ეს ჩიტი, რომელიც დამდევდა, ამბებით მართობდა,

მალვიდან მალვამდე დღეები სულ უფრო ქრებოდა,

ხელიდან ხელში კი ოფლი და სიცივე რჩებოდა,

სიმოკლემ სიმოკლით მამცნო, რომ ჯერ კიდევ შორია,

დრო უნდა ყველაფერს, მახსოვდა სხვებისგან - სწორია,

და ბოლოს და ბოლოს და ბოლოს და ბოლოს და ბოლოს,

ვფიქრობდი, მაკოცოს, სულ ერთხელ მაკოცოს, მაკოცოს,

ცხოვრებას ვუქნევდი, ვუქნევდი, ვუქნევდი ამ თავს და

თვალსა და ხელს შუა ეს ჩემი სურვილიც დამთავრდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE