(წიგნიდან „ინგლისის საყმაწვილო ისტორია“)
მაცხოვრის დაბადებიდან ათას ას ოთხმოცდაცხრა წელს რიჩარდ ლომგულმა შეცვალა ტახტზე მეფე ჰენრი მეორე, ვისი მამობრივი გულიც არაერთხელ დაამსხვრია. როგორც ვნახეთ, იგი იყო მეამბოხე ბავშვობიდანვე; მაგრამ როცა მეფე შეიქნა, ვისაც სხვები უნდა ამბოხებოდნენ, აღმოაჩინა, რომ აჯანყება დიდი დანაშაული ყოფილა. ამ ღვთისნიერი აღმოჩენის გამოისობით ცხელ გულზე დასაჯა ყველა, ვინც კი ეამხანაგებოდა მამის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვერაფერს იზამდა ამაზე უკეთესს, მისი ბუნებიდან გამომდინარე, და არც უმჯობესი გაფრთხილება იქნებოდა მლიქვნელთა და პარაზიტთათვის, რომ არ უნდა ნდობოდნენ ლომგულა პრინცებს.
მან მამის ხაზინადარსაც დაადო ბორკილები და დილეგში გამოჰკეტა, საიდანაც მხოლოდ მაშინ გაათავისუფლა, როცა არათუ სამეფო განძი დააბრუნებინა, არამედ თავისივე ფულიც. ამრიგად, რიჩარდმა ნამდვილად დაიდო ლომის წილი საბედისწერო განძეულში ლომის გულითა თუ ულომისგულოდ.
დიდი ზარზეიმით აკურთხეს ინგლისის მეფედ ვესტმინსტერში: ტაძრისაკენ მიემართებოდა აბრეშუმის ბალდახინქვეშ, რომელიც ოთხი საბრძოლო შუბის წვერზე გაჭიმულიყო და თითოეული დიდებულ ლორდს მიჰქონდა. კურთხევის დღეს საშინელი ჟლეტა მოხდა ებრაელთა, რამაც ალბათ დიდი სიამოვნება მიანიჭა იმ მხეცური ბუნების მქონეთ, თავს ქრისტიანებს რომ უწოდებენ. მეფემ გამოუშვა ბრძანება, რაც ებრაელებს (ვინც საზოგადოდ ეჯავრებოდათ, თუმც კი ძალზე მნიშვნელოვანი ვაჭრები იყვნენ ინგლისში) უკრძალავდათ ცერემონიაზე დასწრებას; მაგრამ მაინც მოგროვდნენ ლონდონში ყველა მხრიდან და საჩუქრებიც მოიტანეს ახალი მბრძანებლის პატივსაცემად, ზოგიერთმა ვესტმინსტერის დარბაზშიც კი გაბედა შესვლა საჩუქრით ხელში, რაც ხალისით მიიღეს. სავარაუდოდ, რომელიღაც მყვირალა ჯეელმა, ვისაც მორწმუნე ქრისტიანად მოჰქონდა თავი, ერთ ებრაელს, ვინც ტაძრის კარში შეძრომას ცდილობდა საჩუქრით ხელში, აუტეხა აყალმაყალი და შემოჰკრა კიდეც. ატყდა ჩხუბი. დარბაზში შესული ებრაელები გამორეკეს და ვიღაცამ დაიყვირა ბრბოში: ახალნაკურთხმა მეფემ ურწმუნოების გაჟუჟვა ბრძანაო, – და ხალხი მოედო ქალაქის ვიწრო ქუჩებს და ხოცავდნენ გზად შეხვედრილ ებრაელებს; და როცა ქუჩაში ვეღარავინ ნახეს (სახლებში შეასწრეს და ჩაიკეტნენ), ებრაელთა კარები შეამტვრიეს, შეცვივდნენ და ხანჯლებით აკუწეს და შუბებით დაჩეხეს, მოხუცებსა და ბავშვებს ფანჯრებიდან ჰყრიდნენ იქვე დანთებულ კოცონებში. ამ დიდმა სისასტიკემ ოცდაოთხ საათს გასტანა, და სამად სამი კაცი დაისაჯა, იმათაც სიკვდილი არა ებრაელთა ძარცვისა და ხოცვისათვის მიუსაჯეს, არამედ ზოგიერთი ქრისტიანის სახლის დაწვისათვის.
მეფე რიჩარდი მძლავრი და მოუსვენარი კაცი გახლდათ და თავში ყოველთვის უტრიალებდა მშფოთვარე იდეა სხვისი თავების გატეხვისა, და ძალზე სურდა დიდი არმიით წასვლა წმიდა მიწაზე, ჯვაროსნული ლაშქრობით. რაკიღა დიდი არმიები, თუნდ წმიდა მიწაზე გასალაშქრადაც, უბევრფულოდ ვერ შეგროვდება, გაჰყიდა სამეფო სამფლობელოები და თვით სამეფო ვალდებულებანიც კი უგუნურად გადააბარა დიდებულებს ინგლისელ ქვეშევრდომთა სამართავად, არა იმიტომ, რომ მართვა შეეძლოთ, არამედ – დიდძალი თანხები რომ გადაიხადეს ამ პრივილეგიებისათვის. გაჰყიდა შეწყალების უფლებაც, საკმაოდ ძვირად, და ამას გარდა, ჩაგვრითა და ანგარებით, დიდძალი განძი მოაგროვა. მერე ორი ეპისკოპოსი დანიშნა მის არყოფნისას ქვეყნისათვის მისახედად და დიდი ძალაუფლება და სამფლობელოები მიანიჭა თავის ძმა ჯონს, მისი მეგობრობის შესანარჩუნებლად. სჯობდა, ჯონი დაეტოვებინა რეგენტად ინგლისში, მაგრამ იგი მზაკვარი კაცი იყო და იმიტომაც აქეზებდა ლაშქრობას, ეჭვგარეშეა, გულში უსათუოდ ამბობდა: `რაც მეტს იბრძოლებს ჩემი ძმა, მით მეტი შანსია, დაიღუპოს; და რომ მოკლავენ, მე გავხდები ინგლისის მეფე!~
ვიდრე ახალშეკრებილი არმია ინგლისიდან გაემგზავრებოდა, ახალწვეულებმა და სხვებმაც თავი გამოიჩინეს განსაცვიფრებელი სისასტიკით ბედკრულ ებრაელთა მიმართ: მრავალ დიდ ქალაქში ისინი გასაოცარი ულმობელობით გაჟუჟეს.
იორკში ებრაელთა დევნილმა ჯგუფმა ციხე-სიმაგრეს შეაფარა თავი ციხისთავის არყოფნისას, მას შემდეგ, რაც ცოლები და შვილები თვალწინ დაუხოცეს. მოვიდა ციხისთავი და მოითხოვა შეშვება. „როგორ შემოგიშვათ, ციხისთავო“, გადმოსძახეს კედლებიდან ებრაელებმა, „კარი რომ გავაღოთ ფეხის სიგანეზეც კი, ბრბო შემოანგრევს ღრიალით და ამოგვხოცავს!“
ამის გამო უსამართლო ციხისთავმა უთხრა ხალხს, რომ დაყაბულდებოდა ებრაელთა დახოცვას, და ერთი უსინდისო, ფანატიკოსი ბერი, სულმთლად თეთრებში გამოწყობილი, სათავეში ჩაუდგა მოალყეებს და სამ დღეს უტევდნენ სიმაგრეს.
მაშინ ებრაელთა თავკაცმა ჯოსენმა (რაბი იყო თუ ქურუმი) უთხრა დანარჩენებს: „ძმებო, იმედი აღარაა, რომ ეს ქრისტიანები, რომლებიც ჭიშკარსა და კედლებს ანგრევენ, დაგვინდობენ, როგორც კი შემოცვივდებიან. რაკიღა ჩვენც და ჩვენი ცოლ-შვილიც უნდა დავიხოცოთ ან ქრისტიანთა ხელით, ან ჩვენი ხელითვე, დაე, ჩვენივე ხელით იყოს. მოდი, გავანადგუროთ ჩვენი ძვირფასეულობა და განძეული, რაც აქ გვაქვს, მერე ცეცხლი მოვუკიდოთ ციხე-სიმაგრეს და დავიღუპოთ!“
ზოგმა უარი თქვა, მაგრამ დიდი ნაწილი დათანხმდა. დიდ კოცონში დაწვეს ყოველი ღირებული, რაც მოეპოვებოდათ, და მერე სიმაგრეს მოუკიდეს ცეცხლი. როცა ცეცხლის ალი გიზგიზებდა და ცასა სწვდებოდა მათ ირგვლივ და გავარვარდა, ჯოსენმა ყელი გამოსჭრა საყვარელ ცოლს და გული გაიგმირა. და ყველა დანარჩენიც, ვისაც ცოლ-შვილი ჰყავდა, ასე მოიქცა. როცა ბრბო შემოიჭრა, ნახეს (გარდა აცახცახებული ორიოდე ებრაელისა, კუთხეში რომ მიკუნჭულიყვნენ, რომლებიც დახოცეს) მხოლოდ ნაკვერჩხალთა გროვები და აქა-იქ რაღაც გაშავებული ხესავით ფორმები, რომელნიც აქამდე ადამიანები იყვნენ, ღვთის ხელით შექმნილნი.
ამ საძაგელი დასაწყისის შემდგომ რიჩარდი და მისი ჯარი არცთუ ისე ლაზათიანად გაეშურნენ წმიდა მიწისაკენ. ერთად მონაწილეობდნენ ამაში ინგლისის მეფე და მისი ძველი მეგობარი, საფრანგეთის მეფე. საქმე წამოიწყეს ასი ათასიანი ლაშქრით. ამის მერე ცალ-ცალკე გადაისროლეს თავიანთი ძალები მესინასაკენ, სიცილიაში, რაც დათქმულიყო შეხვედრის შემდგომ ადგილად.
მეფე რიჩარდის და დაქორწინებული იყო ამ ადგილის მეფეზე, მაგრამ იგი გარდაცვლილიყო და მის ბიძა ტანკრედს მიეტაცა ტახტი, დედოფალი ციხეში გამოემწყვდია და მისი სამფლობელოები მიეთვისებინა. რიჩარდმა ფიცხად მოითხოვა დის გათავისუფლება, მიწების დაბრუნება და (კუნძულის სამეფო ჩვეულებისამებრ) ოქროს სკამი, ოქროს მაგიდა, ოცდაოთხი ვერცხლის ფინჯანი და ოცდაოთხი ვერცხლის ჭურჭელი. რადგან წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, ტანკრედმა შეუსრულა მოთხოვნა; ამან ეჭვი აღუძრა საფრანგეთის მეფეს, ვინც ბრაზობდა, რომ ინგლისის მეფე ისაკუთრებდა ამ კუნძულსაც და მესინასაც და სხვა ყველაფერსაც. რიჩარდი კი ყურადღებას არ აქცევდა ამ ჩივილს; და ოცი ათასი ოქროს ანგარიშში ბრძანება გასცა, მისი პატარა დისწულის არტურისა, მაშინ ორი წლის ბავშვი რომ იყო, და ტანკრედის ქალიშვილის ქორწინებისა. ამ პატარა არტურს კიდევ შევხვდებით.
ეს სიცილიური ამბავი ისე დასრულდა, რომ არავისთვის ტვინი არ გაუსხმევინებია (რამაც ალბათ ძალზე გაუცრუა იმედი), წამოიყვანა თავისი და და აგრეთვე მშვენიერი ქალბატონი ბერენგარია, ვინც საფრანგეთში შეუყვარდა და ვინც დედამისმა, დედოფალმა ელინორმა (იგი დიდხანს იჯდა ციხეში, როგორც გახსოვთ, და რიჩარდმა გამოუშვა ტახტზე ასვლისთანავე) გააცნო საცოლედ, და მათთან ერთად გაცურა კვიპროსისაკენ.
მალე სასიამოვნო ამბავიც შეხვდა, კვიპროსის მეფეს შეებრძოლა, ვინც თავის ქვეშევრდომებს იმ ინგლისელ ჯარისკაცთა გაძარცვის უფლება მისცა, რომელთაც გემი დაღუპვოდათ; და იოლად დაამარცხა ეს საბრალო მონარქი და წამოიყვანა მისი ერთადერთი ქალიშვილი ლედი ბერენგარიას მხლებლად, ხოლო თვით მეფეს ვერცხლის ბორკილები დაადო. მერე კვლავ ზღვაში გავიდა დედასთან, ცოლსა და ტყვე პრინცესასთან ერთად და მალე მიადგა ქალაქ აკრას, რომელსაც საფრანგეთის მეფე შემოსდგომოდა ზღვიდან. მაგრამ საფრანგეთის მეფე სახარბიელო მდგომარეობაში არ იყო; არმია შეთხელებოდა სარკინოზებთან ბრძოლაში და შავ ჭირსაც მრავალი გაეწყვიტა; ხოლო სალადინი, თურქთა მამაცი სულთანი, მრავალრიცხოვანი არმიის სათავეში მდგომი ყოჩაღად იცავდა მიდამოს, ირგვლივ შემოჯარულ ბორცვებზე მდგარი.
საითაც უნდა წასულიყო ჯვაროსანთა არმია, ცოტა რამეში თუ აღწევდნენ თანხმობას, გარდა თამაშისა, სმისა და ჩხუბისა, რასაც მეტად მკრეხელურად სჩადიოდნენ; არბევდნენ ხალხს, ვისთანაც გაჩერდებოდნენ, მტერი იქნებოდა თუ მეგობარი; შფოთი და არეულობა მოჰქონდათ მშვიდობიან ადგილებში. საფრანგეთის მეფე ინგლისის მეფეზე ეჭვიანობდა, ინგლისის მეფე – საფრანგეთისაზე, ხოლო უწესრიგო და უხეში მეომრები ერთმანეთზე იწევდნენ; ამ ვითარებაში ორი მეფე იმაზეც კი ვერ შეთანხმდა, რომ ერთობლივად შეეტიათ აკრისათვის; მაგრამ ვიდრე ამაზე დავობდნენ, სარკინოზებმა გამოუცხადეს: ქალაქსაც დავთმობთ, წმიდა ჯვრის ნაწილსაც მოგცემთ, ქრისტიან ტყვეებსაც გამოვუშვებთ და ორას ათას ოქროს ფულსაც გადავიხდითო. ყოველივე ეს ორმოც დღეში უნდა შეესრულებინათ, მაგრამ არ გააკეთეს. მეფე რიჩარდმა ბრძანა, სამი ათასი სარკინოზი ტყვე გამოეყვანათ ბანაკის წინ და თავიანთ თანამოძმეთა თვალწინ დაეკლათ.
საფრანგეთის მეფეს მონაწილეობა არ მიუღია ამ დანაშაულში; რადგან ამ დროისათვის თავისი ხალხის დიდი ნაწილით სამშობლოსაკენ მიემგზავრებოდა; იგი შეურაცხყოფილი იყო ინგლისის მეფის მედიდური მოქმედებით; ადარდებდა საკუთარ სამფლობელოთა ბედი; დასნეულდა მავნე ჰაერით იმ ქვიშიანი ქვეყნისა. მეფე რიჩარდმა ომი უმისოდ გააგრძელა; აღმოსავლეთში დარჩა და მრავალი რამ გადახდა წლინახევარში. ყოველ ღამეს, როცა მისი არმია სალაშქროდ იმყოფებოდა თუ ისვენებდა, მაცნეები სამჯერ დაიყვირებდნენ, რათა შეეხსენებინათ ჯარისკაცთათვის, თუ რა საქმეს ადგნენ: „იხსენით წმიდა საფლავი!~ და ყველა ჯარისკაცი იჩოქებდა და იტყოდა: `ამინ!~ მიეშურებოდნენ თუ დაბანაკდებოდნენ, არმიას გამუდმებით უდაბნოს ქარი დასტრიალებდა და უდაბნოს სიმხურვალე და სარკინოზი მეომრები უტევდნენ, გაგულიანებულნი მამაცი სალადინის მიერ, თუ ეს ყველაფერი ერთად ატყდებოდათ თავს. სნეულება და სიკვდილი, ბრძოლა და ჭრილობები გამუდმებით მათ შორის ტრიალებდა; მაგრამ ყველა სიძნელისას მეფე რიჩარდი იბრძოდა გოლიათივით და შრომობდა უბრალო მუშასავით. დიდი ხნის შემდეგაც კი, როცა იგი მშვიდად იწვა საფლავში, ინგლისური ფოლადისაგან დამზადებული მისი საშინელი საომარი ცული, ოც ინგლისურ ფუნტს რომ იწონიდა, ლეგენდად დადიოდა სარკინოზთა შორის; და როცა ყველანი, სარკინოზებიც და ქრისტიანებიც, მტვრად იქცნენ, თუ სარკინოზის ცხენი გზაზე გაოჩნდებოდა რაიმეს დანახვაზე, მხედარი შესძახებდა: `რისა გეშინია, სულელო, ხომ არა გგონია, რომ მის უკან მეფე რიჩარდი იმალება?~
არავის ხიბლავდა მეფის სიმამაცე ისე, როგორც თვით სალადინს; იგი გახლდათ დიდსულოვანი და მხნე მტერი. როცა რიჩარდს ცხელება შეეყარა, სალადინმა ქორფა ხილი გამოუგზავნა დამასკოდან და თოვლი – მთის მწვერვალებიდან. ხშირად უგზავნიდნენ ერთმანეთს თავაზიან ბარათებსა და ქებას; და როცა რიჩარდი ამხედრდებოდა და იმდენ სარკინოზს დაამარცხებდა, რამდენსაც გასწვდებოდა, მაშინ სალადინი ამხედრდებოდა და იმდენ ქრისტიანს დასცემდა, რამდენსაც გასწვდებოდა. თავის გზაზე მეფე რიჩარდმა ბრძოლით გული იჯერა არსუფსა და იაფაში, და ასკალონში კი ვერაფერი ნახა უფრო სასეირო, ვიდრე აღდგენა ზოგიერთი სიმაგრისა თავდასაცავად, რაც სარკინოზებს დაენგრიათ, და თავის მოკავშირე ავსტრიის ჰერცოგსაც კი ამოჰკრა პანღური, რადგან მეტად ამაყობდა ამ სამუშაოთი.
არმია, როგორც იქნა, წმიდა ქალაქ იერუსალიმს მიუახლოვდა. მაგრამ ეჭვიანობამ, ქიშპმა და ჩხუბმა თავისი გაიტანა და დაიშალა, შეუთანხმდნენ სარკინოზებს სამწლიან, სამთვიან, სამდღიან და სამსაათიან ზავზე. მერე ინგლისელი ქრისტიანები, კეთილშობილი სალადინის მფარველობით, ეწვივნენ მაცხოვრის საფლავს; და მერე მეფე რიჩარდი მცირე ჯარით გემზე ავიდა აკრაში შინისაკენ დასაბრუნებლად.
მაგრამ მისი გემი დაიმსხვრა ადრიატიკის ზღვაში, და იძულებული შეიქნა, გერმანიის გავლით წასულიყო სხვისი სახელით. გერმანიაში მრავლად იყვნენ ისეთები, რომელთაც ემსახურათ წმიდა მიწაზე ავსტრიის ამაყი ჰერცოგის მეთაურობით, ვისაც რიჩარდმა პანღური ამოსცხო; და ზოგიერთმა იოლად ამოიცნო ამ კაცში სახელგანთქმული მეფე რიჩარდი და მსწრაფლ აცნობეს პანღურამორტყმულ ჰერცოგს, ვინც მაშინვე დაატყვევა რიჩარდ ლომგული მცირე ფუნდუკში, ვენის მახლობლად.
ჰერცოგის ბატონი, გერმანიის იმპერატორი, და საფრანგეთის მეფე თანაბრად ნასიამოვნები დარჩნენ ასეთი შარიანი მონარქის გაუვნებელყოფით. ცუდ საქმეში დამეგობრება არასოდეს გამოირჩევა სიმართლით და საფრანგეთის მეფე ახლა ისევე გულით მტრობდა რიჩარდს, როგორც ერთდროს დაუმეგობრდა იმ არაბუნებრივ საქციელში მამისადმი. იგი საზარლად ამტკიცებდა, რომ მეფე რიჩარდმა მოწამვლა დაუპირა ნადიმის დროს; ბრალი დასდო მეგობრის მკვლელობაში; მოისყიდა გერმანიის იმპერატორი, რომ რიჩარდი ციხეში ჰყოლოდა; ბოლობოლო, ორი პრინცის მიერ დადანაშაულებული და შეთქმულების ხლართებში მოქცეული რიჩარდი წარსდგა გერმანული სამსჯავროს წინაშე ამ და სხვა დანაშაულებებში ბრალდებული. მაგრამ იგი ისე იცავდა თავს, რომ საკრებულოს წევრებს ცრემლები მოჰგვარა გულწრფელობითა და ენამჭევრობით. გადაწყდა, რომ მისი ბრწყინვალებისა და ღირსების შესაბამისად უნდა მოქცეოდნენ ციხეში, ტყვეობის დარჩენილ დროში, და მაშინვე გაათავისუფლებდნენ, როგორც კი მძიმე გამოსასყიდს გადაიხდიდა. ინგლისელებმა გამოსასყიდი ხალისით შეაგროვეს და, როცა დედოფალმა ელინორმა გამოსასყიდი გერმანიაში ჩაიტანა, ჯერ თავის დაძვრენა მოინდომეს და უარი თქვეს. მაგრამ ელინორმა გერმანიის იმპერიის ყველა პრინცს მიმართა და შეევედრა ვაჟის გამო, და ისე მოხერხებულად მიმართა, რომ გამოსასყიდიც მიიღეს და მეფე რიჩარდიც გამოუშვეს. ამის მერე მისწერა საფრანგეთის მეფემ პრინც ჯონს: „თავს მიჰხედე. ეშმაკს ბორკილი ახსნეს!“
უფლისწულ ჯონს ჰქონდა მიზეზი, შინებოდა თავისი ძმისა, რადგან უღალატა, როცა რიჩარდი ტყვედ ჩაიგდეს. საიდუმლოდ გაურიგდა საფრანგეთის მეფეს; არწმუნებდა ინგლისის დიდებულებსა და ხალხს, ჩემი ძმა დაიღუპაო; და ამაოდ ეპოტინებოდა გვირგვინს. იმ დროს საფრანგეთში იმყოფებოდა, ევრეთ წოდებულ მხარეში. სულმდაბალი და საძაგელი კაცი იყო და ასეც მოიქცა, რათა ძმას შერიგებოდა. ქალაქში სადილად მოიპატიჟა სიმაგრის მეთაურები და ყველა დახოცა და სიმაგრე აიღო. ამით შეეგება იგი ლომგულს, გაეშურა რიჩარდისაკენ, მუხლი მოიყარა მის წინაშე და დედოფალმა ელინორმაც უთავდება. „მიპატიებია“, თქვა მეფემ, „და იმედი მაქვს დავივიწყებ მისგან მიყენებულ ზიანს ისევე ადვილად, როგორც იგი დაივიწყებს ჩემგან მიტევებას“.
მეფე სიცილიაში გახლდათ, როცა შინ ახალი შფოთი დაიწყო; ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა, ვისაც ქვეყნის მართვა დაავალა, მეორე დააპატიმრა; და ისე ამაყად იქცეოდა, ვითომც მეფე ყოფილიყოს. მეფემ ამის შესახებ მესინაში შეიტყო და ახალი რეგენტი დანიშნა, ლონგჩემი (ასე ერქვა) გაიქცა საფრანგეთში ქალის კაბაში გადაცმული და იქ მოიპოვა საფრანგეთის მეფის მფარველობა. ამ მიზეზებითა და საფრანგეთის მეფის მიმართ დაგროვილი ბრაზის გამო რიჩარდი არ დაბრუნებულა, რათა მოყვარულ ქვეშევრდომებს შეხვედროდა დიდი ბრწყინვალებით, და არც ხელახლა დაუდგამს გვირგვინი ვინჩესტერში, არამედ გადაწყვიტა ეჩვენებინა საფრანგეთის მეფისათვის, რომ ეშმაკმა მართლაც აიხსნა ბორკილები და ფიცხად წამოიწყო ომი მის წინააღმდეგ.
ამასობაში ახალი მღელვარება დაიწყო ინგლისში, შფოთი ატყდა უბრალო ხალხში; ჩიოდნენ: ჩვენ უფრო მეტ გადასახადებს გვაკისრებენ, ვიდრე მდიდრებსო, – და მგზნებარე ფალავანიც გამოიძებნა უილიამ ფიც-ოსბერტის სახით, ლონგბეარდს (გრძელწვერას) რომ უწოდებდნენ. იგი გახდა წინამძღოლი საიდუმლო საზოგადოებისა, ორმოცდაათი ათას კაცს რომ აერთიანებდა. მოულოდნელად რომ დაიჭირეს, ხანჯალი ჩასცა მოქალაქეს, ვინც ხელი გაავლო შესაპყრობად, და მამაცური ბრძოლით გაიქცა ეკლესიისაკენ, სადაც ოთხ დღეს იყო ჩაკეტილი, ვიდრე ცეცხლით გამოსდევნიდნენ და დაჭრიდნენ გამოსვლისთანავე, მაგრამ არ მომკვდარა, და ცოცხალმკვდარი ცხენის კუდს გამოაბეს და ისე ათრიეს სმიტფილდამდე და იქ ჩამოჰკიდეს. სიკვდილი იყო არჩეული ხალხის მოსარჩლეთა გასაჩუმებლად, მაგრამ ამ ამბებს რომ გავყვეთ, მგონია, ბოლოს მიგნება გაგვიჭირდება.
საფრანგეთთან ომი – დროდადრო ზავით წყდებოდა ხოლმე – ჯერაც არ დამთავრებულიყო. როცა ერთმა ლორდმა, სახელად ვიდომარმა, ლიმოჟის ვილონტმა, შემთხვევით იპოვნა მიწაში უძველესი ოქროს ფულების განძეული. როგორც მეფე რიჩარდის ვასალმა, მეფეს ნახევარი გაუგზავნა. იმან მთლიანად მოითხოვა. ლორდმა უარი განაცხადა. მეფე შემოერტყა მის ციხეს და დაემუქრა, რომ იერიშით აიღებდა და ქონგურებზე ჩამოჰკიდებდა მის დამცველებს.
უცნაურ სიმღერას მღეროდნენ იმ მხარეში, რომ ლიმოჟში დამზადდებოდა ისარი, რომლითაც მეფე რიჩარდი მოკვდებოდა. ალბათ ბერტრან დე გურდონი, ციხის მცველი ყმაწვილკაცი, ხშირად მღეროდა ამ სიმღერას, ან ესმოდა ზამთრის ღამეებისას და ახსოვდა, როცა დაინახა საგუშაგოდან ციხის კედელზე მეფე, მხოლოდ უფროსი მეთაურის თანხლებით, ცხენით რომ მოდიოდა და არემარეს ათვალიერებდა. მშვილდი მოზიდა, კარგად დაუმიზნა და კბილებში გამოსცრა: „ღმერთო, წარმართე ისარი!“ და სტყორცნა და მარცხენა მხარში მოარტყა მეფეს.
თუმც თავიდან ჭრილობა საშიში არა ჩანდა, იმდენად მძიმე იყო, რომ მეფე კარავში დარჩა და ბრძანა, შეტევა უიმისოდ დაეწყოთ. ციხე-სიმაგრე აიღეს და ყველა დამცველი ჩამოახრჩეს, როგორც მეფემ დაიფიცა, გარდა ბერტრან დე გურდონისა, ვინც შემოინახეს, ვიდრე მეფე ინებებდა მის ნახვას.
იმ დროისათვის არასათანადო მკურნალობამ ჭრილობა სასიკვდილოდ აქცია და მეფე კვდებოდა. მან ბრძანა ბერტრანის მიყვანა მის კარავში. ჭაბუკი მიიყვანეს მძიმედ დაბორკილი. მეფე რიჩარდი ჯიქურ უყურებდა. ტყვეც ისევე ჯიქურ მისჩერებოდა, როგორც მეფე.
„მონავ!“ - უთხრა მეფე რიჩარდმა. „რა დაგიშავე, რომ სიცოცხლეს მართმევ?“
„რა დამიშავე?“ - მიუგო ჭაბუკმა. „შენი ხელით მოჰკალი მამაჩემი და ჩემი ორი ძმა. მე უნდა ჩამომახრჩო. და რა წამებითაც გნებავს, იმით მომკალი. ის მამშვიდებს, რომ ჩემი წამება ვერ გადაგარჩენს! შენც მოკვდები ჩემი ხელით და მსოფლიო დაისვენებს შენგან!“
მეფემ კვლავ ჯიქურ შეჰხედა ჭაბუკს. და ჭაბუკიც უტეხად უყურებდა. ალბათ დიდსულოვანი მტერი, მუსლიმი სალადინი, გაახსენდა მომაკვდავ მეფეს.
„ჭაბუკო!“ - თქვა მან, - „მიპატიებია. წადი უვნებლად!“
მერე იმ მეთაურს მიუბრუნდა, ვინც მასთან ერთად იმყოფებოდა, როცა დაჭრეს, და უთხრა:
„მოხსენით ბორკილები, მიეცით ასი შილინგი და გაუშვით“.
მიესვენა სარეცელს და თვალთ დაუბნელდა იმ კარავში, სადაც ხშირად მოუსვენია და მიიცვალა ორმოცდაორი წლისა; ათი წელი იმეფა. მისი ბოლო ბრძანება არ შეასრულეს; მეთაურმა ცოცხლად გაატყავა ბერტრან დე გურდონი და ჩამოახრჩო.
შემორჩა ძველი სიმღერა, სევდიანი მელოდია ხანდახან უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე მძლავრი კაცები, თუნდ ოცფუტიანი ფოლადის საბრძოლო ცულის ქნევაც შეეძლოთ, რომლის კვალობაზეც ტყვედჩავარდნილ მეფეს მიაგნეს. მეფე რიჩარდის სახელოვანი მენესტრელი, ბლონდელი ერთგულად ეძებდა თავის მეფეს, დადიოდა და მრავალი ციხე-სიმაგრის მრუმე კედლებქვეშ მდგომი მღეროდა; ვიდრე ერთხელ დილეგიდან სიმღერის ხმა მოესმოდა და იცნობდა, და სიხარულით შესძახებდა: „ოჰ, რიჩარდ, მეფეო ჩემო!“ - შეგიძლიათ, დაიჯეროთ და შეგიძლიათ, არც დაიჯეროთ, როგორც გნებავთ; ცუდი ამბები უფრო იოლი დასაჯერებელია. რიჩარდი თვითონაც მენესტრელი და პოეტი გახლდათ. უფლისწულიც რომ არა ყოფილიყო, ალბათ უკეთესი კაცი იქნებოდა, და ისე იცხოვრებდა, რომ ნაკლებ სისხლს დაღვრიდა და ნაკლებ სიცოცხლეებსაც შეიწირავდა, რისთვისაც პასუხი უნდა ეგო.
ინგლისურიდან თარგმნეს
პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა