ბრმები


ბრმები




ვიაჩესლავ კუპრიანოვი დაიბადა 1939 წლის 23 დეკემბერს ნოვოსიბირსკში. 1967 წელს დაამთავრა მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტი. ინსტიტუტში შექმნა ლიტერატურული გაერთიანება „ფოტონი“. მისი კრებული „ცხოვრება მიდის“ (1982) ХХ საუკუნის მეორე ნახევრის რუსულ პოეზიაში ერთ-ერთი გამორჩეული ვერლიბრის წიგნია. 2010 წელს ბუნინის, 2012 წელს კი მაიაკოვსკის სახელობის პრემიების ლაურეატია. მიღებული აქვს საერთაშორისო ლიტერატურული პრემიები იტალიაში, ავსტრიაში, სერბეთში და მაკედონიაში. მისი ლექსები თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე. თარგმნის გერმანულენოვან ლიტერატურას (ჰიოლდერლინი, ნიცშე, რილკე, ჰერმან ჰესე, პულ ცელანი, ერიხ ფრიდი და ა.შ.). წერს ასევე რომანებს და მოთხრობებს. არის რუსული პენ-ცენტრის წევრი.

 

ბრმები

 

ბრეიგელის ბრმები

ერთურთის მიყოლებით ცვივიან ხრამში

ბრეჟნევის ბრმები

რომ არ დაეცნენ

გაუნძრევლად დგანან

ერთმანეთს ჩაჭიდებულები

სტალინის ბრმები

ორმოებს უთხრიან ერთიმეორეს

ლენინის ბრმები

გრძელ

რიგში დგანან

მის დასანახად

 

 

ანატომიის გაკვეთილი

 

მომიტევეთ

მოწაფეებო

ჩემი ჩონჩხი

თვალსაჩინო ნიმუშად

არ გამოგადგებათ

სიცოცხლეში

ისე მიყვარდა თავისუფლება

რომ მკერდის ძვლები გამოვტეხე

და მივუშვი გული ნებაზე

თითოეული ნეკნიდან კი

ვდილობდი

ქალი გამომეძერწა

თავს კი

ცხოვრების საკითხებზე

ვიტეხდი მუდამ

რა თავის ქალა

რის თავის ქალა...

 

 

ამაოების მწუხრი

 

ყოველღამ

მკვდარი

საფლავის ქვას

მაღლას სწევს და

თითით ამოწმებს

ხომ არ წაშლილა

ქვაზე

სახელი

 

 

* * *

 

მუდამ ორნი ვართ

ერთადერთი მზის ქვეშ -

მე და ეს ჩემი ჩრდილი

როცა ვმღერი

მისმენს იგი

ხოლო როცა ვწერ

კითხულობს ხოლმე

ვარსკვლავების ქვეშ ღამით

თითქმის უხილავი ვარ

ყოველი ვარსკვლავის სინათლისაგან

პაწაწინა ჩემი ჩრდილი

ეცემა მიწას

და თითოეულს საკუთარი აზრი აქვს

ჩემზე

მისი ვარსკვლავის შუქს რომ ვფარავ

ასე რომ ღამის ყიამეთში

ძალზედ ვიბნევი

ვეღარავის ვეუბნები

საკუთარ სათქმელს

შორეული ვარსკვლავების

ყურადღების მიუხედავად

 

 

დავიწყება

 

სუყველაფერს ივიწყებენ: მთვარე

დარჩათ ძველ კარადაში,

იქ ის თაგვებმა შეახრამუნეს,

წრუწუნებმა

გაჩენის დღიდან იწყეს ფრქვევა

სინათლისა,

კატები მათ აღარ ჭამდნენ,

ეშინოდათ,

დაიხოცნენ კატებიც და დაივიწყეს

მათ შესახებაც...

 

 

ჩემი ენა

 

ჩემი ენა - გადამტანი

ბაბილონის გოდოლისა

და სპილოს ძვლის

სუყველა კოშკის

სატელევიზიო

ანძის ქვეშ ძევს

მდუმარედ ახლა

 

 

* * *

 

ამ უცნაურ სასაფლაოზე

უცნაური კუზიანი საფლავები

იყო, და მე ვკითხე დარაჯს,

ვინაა აქ დამარხული, და მან

მითხრა, რომ აქ დამარხეს

კუზიანები, რომლებიც ასე მოიღუნნენ,

იმიტომ რომ ცხოვრობდნენ და იხოცებოდნენ

ისტორიის მკვეთრ მოსახვევზე,

მე ვკითხე, სამარემ ისინი რატომ

ვერ გაასწორა, მაგრამ დარაჯმა

არაფერი მიპასუხა ამაზე და ზურგი

მაქცია, და შევამჩნიე,

რომ თურმე ისიც კუზიანია

 

 

წიგნის მსგავსი ადამიანი

 

წიგნის

მსგავსი ადამიანი

წევს თავისთვის ტახტზე

კითხულობს

ოცნებობს

რომ ყველაფერი იყოს ისე

როგორც წიგნებში

საკუთარ თავს

გადადებს ხოლმე

თაროზე შემოდებს

და ივიწყებს

ვეღარ პოულობს

ვეღარ ფურცლავს

საჭირო გვერდზე

აზრზე მოდის რაღაც მომენტში

და თუკი ვინმე ახლოს დალანდა

ეკითხება:

არ წაგიკითხავთ?

 

 

* * *

 

ნამღერია შენი სიმღერა

ბულბულო და

მოდის ჟამი

მგლის ყმუილის

გველის სისინის

აფთრის კივილის

ნიანგის ცრემლის

და ლომის

წილის

 

 

დროის ოდა

 

ო!

ო, შვიდის ნახევარი!

ო, შვიდს აკლია თხუთმეტი! ო, ხუთი აკლია!

ო, დილის შვიდი!

ო, რვა! ო, ცხრა! ო, უკვე ათი!

ო, თერთმეტი! ო, თორმეტი! ო, პირველი!

ო, შუადღის შესვენება! ო, ტვინის ძილი

ნასადილევზე! ო, ფავნების ნახევარდღიანი

დასვენებები! ო, ცნობები

უკანასკნელი! ო, კოშმარი! ო, ვახშამი!

ო, ბოლო წვეთი! ო, ქარიშხლის

ბოლო ღრუბელი! ო, ფოთოლი

უკანასკნელი! ო, პომპეის უკანასკნელი

დღე! ო, ჟუჟუნა წვიმის შემდეგ

ხუთშაბათობით! ო, ჩვენს შემდეგ

წაუღია ყველაფერი წარღვნას! ო, თორმეტის

ნახევარი! ო, აკლია ხუთი წუთი!

ო, შუაღამე!

ო, შუადღე!

ო, შუაღამე!

ო, პირდაპირ შუბლში ტყვია!

ო, მოსკოვის დროით!

ო, ვის უხმობს ზარი!

ო, საათის რეკვა! ო, კარგები, ბედნიერები!

ო, თერთმეტის ნახევარი!

ო, შუადღე!

ო, შუაღამე!

ო, აკლია სულ ხუთი წუთი!

 

 

სიცილი (1991)

 

სიცოცხლის შემოტევისას

ადამიანი იცინის და

კბილებს აჩენს -

თავის ქალის

ყველაზე ხანმოკლე

ნაწილს

სიკვდილი მოდის

ისე როგორც სიცილის

სიკვდილი

 

 

მოსახლეობის აღწერა

 

მოსახლეობის აღწერამ

გამახსენა შუასაუკუნო კამათები

იმის შესახებ

თუ რამდენი ანგელოზი

შეიძლება დაეტიოს ნემსის წვერზე

ახალ (საბჭოთა) დროში

ეს იყო ზოგიერთი

კომუნალური პრობლემის

მოგვარების მოდელი

ახალ (პოსტსაბჭოთა) დროში

ეს უკვე ვითომდა პიროვნული ფასეულობების

ერთგვარი კრიტერიუმია:

ანკეტის მთავარი კითხვაა,

თუ რამდენი კვადრატული მეტრი

მოდის ერთ სულზე.

ესაა ყველაფერი,

რაც ღირს, რომ იცოდეს სახელმწიფომ

ჩემი სულის შესახებ.

 

 

ადამიანური უსამართლობა

 

ორი ხელი

ბევრი პირის

გამოსაკვებად

და ბევრი ხელი

ერთი პირის

გასაჩუმებლად

ერთი ნეკნი

ერთი ქალის

შესაქმნელად და

ოცდაოთხი ნეკნი გულის

გალიაში

გამოსამწყვდევად

ოცდათორმეტი კბილი

იმ ენას რომ

დააჭირო

რომელიც ცდილობს

საერთო ენა

გამოუძებნოს

კბილებამდე იარაღასხმულ

კაცობრიობას

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE