გველები


გველები




ვერ იტყვი, ახატანში ბევრი ხალხი ცხოვრობსო, მაგრამ წყაროსთან ყველა ერთად რომ შექუჩდა, მაინც მიიქცია გამვლელი თბილისელი მონადირეების  ყურადღება,  ემანდ რამეს ხო არ ითხოვს სოფელიო.

ოფლისგან იცლებოდნენ შეჯგუფებული ადგილობრივები და მალ-მალე ავსებდნენ წყლის ბოთლებს.  ზოგიერთი მოყუდებით სვამდა, ზოგიც პირდაპირ თავზე გადაისხამდა ხოლმე, გავგრილდეო. წყალი არ იყო ცივი, რადგან ივლისის პაპანაქებაში მზემ  რკინის მილებიც გაახურა.

თავიდან ერთ ალაგას დიდი ენთუზიაზმით შეყრილ ახატნელებს უკვე ძალიანაც ეზარებოდათ იქ დგომა და სახემოღრეცილები პერიოდულად ფურთხთან ერთად მწარე გინებასაც გამოისროდნენ ხოლმე.  სახლში მაინც  არავინ მიდიოდა. დიდი აზარტი ჰქონდათ თბილისელი მეგველეების ნახვისა.

ჰოდა შვებით ამოისუნთქეს დასიცხულმა სოფლელებმა, წყაროსთან პიკაპმა რომ მოაჩერა. ერთმა ისიც წამოიყვირა, კიდე კაი, მოაღწიეს, თორე მერე ჟურნალისტები დაგვცინებდნენ, ახატნელებმა გველების შიშით თავი მზეს შეუშვირეს და რადიაციით გაიჟუჟნენო.

პიკაპიდან სამი კაცი გადმოვიდა. ერთი ადგილობრივი პოლიციელი, ერთი ვიღაცა გაპრანჭული ქალაქელი ბობოლა და ერთიც სამხედრო კომბინიზონში ჩავარდნილი გამხდარი ჯეელი.

„გამარჯობათ, ხალხნო...“ - დოინჯი შემოირტყა პოლიციელმა.

„გაგიმარჯოს!“ - საყვედურით ჩაილაპარაკა ერთმა ბებერმა ახატნელმა.

„ბიძაჩემო, სანამ  ამბავს მოყვებით, აეს ჩიტები გააჩუმეთ. მაგარ პახმელიაზე ვარ და ტვინში მირტყავს მაგათი ჭიკჭიკი.“ - გახუმრება სცადა კომბინიზონიანმა ჯეელმა.

„ჩიტები გავაჩუმო რა, მაუგლი ვარ?!“ - იწყინა მოხუცმა ახატნელმა.

„აგე, რეები ცოდნია პაპას.“ - ნიშნისმოგებით გადახედა კომბინიზონიანს გაპრანჭულმა ქალაქელმა.

„ვერ გავაჩუმებთ მაგ ჩიტებს.  იმიტო, რო ეგენიც ახატნელები არიან და ეგენიც შეწუხდნენ.“ - გამოეყო მასას ახალგაზრდა ახატნელი ჭაბუკი.

„კაი, არ გეწყინოთ, ხალხნო. ჩვენ სულ კი არ ვხუმრობთ. აბა, მოყევით, რა ხდება.“ - დასერიოზულდა გაპრანჭული ქალაქელი.

„რაღა რა ხდება, კაცო?! გავიხედავ და ყოველ დილით ეს ჩემი კატა წიწილას მოათრევს. ვიცი, ჰოო, სოფელია და ხან გველის წიწილა იქნება და ხან ნიანგისა, მაგრამ ერთი კვირა, ყოველ დილით,  კაცო?!  ეგეც რო არ იყოს,  აგე, იმ დღეს კაიშაურ დათიკას გადაეყარა ზუსტად მაგ ფერისა, რა ფერისაც ჩემ კატას მოჰყავდა ხოლმე. ოღონდ დიდი. დაუკბინა ძროხები. მერე კი გაუჩეჩქვა დათიკამ თავი, მაგრამ სამი ძროხა გაიყოლა იმ ოხერმა.  რაღამდენი  მოგიყვე. ეგენიც ისე დადიან გზებზე, როგორც ჩვენა.  ჩვენზე მეტნიც არიან. ამოვიდა ყელში. როგორ გინდა, გველებთან ერთად იცხოვრო... ხალხი ჰო ვართ ჩვენცა?! -  ამოალაგა სათქმელი მოხუცმა ახატნელმა.

„თქვენი სახელი, ბიძაჩემო?“ - შეეკითხა გაპრანჭული ქალაქელი.

„როლანდი მქვია. შენ რა გქვია?“ - კითხვა შეუბრუნა მოხუცმა.

„მე ნიკა. მისმინე როლანდ, ჩვენგან რას ელით, რა უნდა გავაკეთოთ?“ - საქმიანი კაცის იერი მიიღო ქალაქელმა.

„შენ ჰო ხარ სახელმწიფო?“ - თვალი თვალში გაუყარა როლანდმა.

„მერე?“

„რაღა მერე, ადექი და მოგვაშორე ეგ გველები. რო დაგჭირდეს, ომს დაიწყებ, სახელმწიფო რო ხარ და ეს გველები ვერ უნდა გააქრო?!“ - ყვირილზე გადავიდა როლანდა.

„საქმე იმაშია, ბიძაჩემო, რო... ჩვენ ის არ გვევალება,  დავდგეთ და ძებნა დავუწყოთ. ხო ხედავ, ორნი ვართ. ერთიც თქვენებური პოლიციელი. ჩვენ მაშინ უნდა დაგვირეკო, დაჭერილი რო გყავს და ჩვენ რო უნდა წავიყვანოთ. ან როცა იცი, სადაც არი და მეტყვი.  მე შევალ და ავიყვან. გაიგეე?“ - ხელები დაიბანა ნიკამ.

„დაჭერილი თუ გვეყოლება, მოვკლავთ კიდეც,  შენ რაღად გვინდიხარ...“ - გაისმა ხალხიდან ქალის ქირქილი.

„აბა, სხვა რა გითხრათ...“ - ნიკა მანქანისკენ წავიდა.

„წამო, უნდა განახო, სადაც არი და დაიჭირე!“ - წამოხტა როლანდა.

„წამო, მანახე.“ - შემოტრიალდა ნიკა.

„ბუდეს განახებ მაგათსას და ერთი არ დაგიჭერია...“ - ჩქარი ნაბიჯით დაიძრა აღმართისკენ როლანდა.

„დაიცა, როლანდ. რამდენნი იქნებიან იმ ბუდეში?“ - ყოყმანი დაიწყო ნიკამ.

„მე რა ჩემი ფეხები ვიცი. ათი. ასი. ათასი...“ - ხელები გაშალა როლანდმა.

„არა. არ გეწყინოს, ბიძაჩემო, მარა მაგდენს ვერ დავიჭერთ სამი კაცი. დიდი რისკია. მოკლედ, ეხლა ჩვენ წავალთ და თქვენ თუ კიდე დადგებით კონკრეტული ფაქტების წინაშე, დარეკეთ და დიდ ბრიგადას მოვიყვან.“ - გაპრანჭული ნიკა მანქანისკენ წავიდა.

პიკაპი წამში მოსწყდა ახატნის ხრიოკებს. დაბნეული და მოტყუებული ახატნელები ერთთავად დადუმებულიყვნენ. აწითლებული როლანდი  ჩამოჯდა და პრიმას წაუკიდა.

„წავიდნენ ქალაქელები? ეეე, ნინას სუფრა გავაშლევინე. პური მაინც ეჭამათ, კაცო...“ - დანანებით წამოიყვირა ახლადმოსულმა შუახნის ახატნელმა.

 

*  *  *

 

„მიწაც არი და ორსართულიანი სახლიც.“ - თავს იწონებდა ყურმილში ვალერი გიგაური.

„ვახ, შენ რა მაგარი ხარ.“ - იცინოდა კლიენტი დიტო.

„დიდი ხანია არ მინახავს, მაგრამ მაქსიმუმ, ფანჯრები ჩამტვრეულიყო. მოკლედ, რემონტის გაკეთება უეჭველად მოგიწევს და მაგიტო  ძვირს არ გიფასებ. აგიყვან იმ კვირაში ბარემ და განახებ, რა.“ - ბავშვივით ცქმუტავდა ვალერი გიგაური.

„ბოლო ფასი რა მითხარიი?!“ - ვითომ არ ახსოვდა დიტოს.

„ოცდაათი ათასი.“ - მოჭრით თქვა გიგაურმა.

„ოცდაათიი...“ -  ხმამაღლა დაფიქრდა კლიენტი.

„კაი, ბატონო დიმიტრი, რა. ეხლა არ მითხრა ძვირიაო.  აგარაკია, მანქანა  ხო არა. წარმოიდგინე, რამხელა შენაძენია. მეც მაგრად რო არ მიჭირდეს, აი, პროსტა...  მაგას რა გამაყიდინებდა კაცო?! მამაჩემი, იმის მამა, იმის მამის მამა და ყველანი მანდ ისვენებდნენ. წარმოიდგინე, ჩემი ოჯახის ისტორიას გაძლევ ოცდაათი ათას დოლარად და გთხოვ, ვაჭრობას ნუ დამიწყებ, რა.“ -  გაიკრიფა ვალერი გიგაური.

„კაი, დაწყნარდი, ძმაოჯან. არ გევაჭრება არავინ. ამიყვანე და მანახე იმ კვირაში. დავაი, ეხლა უნდა გავთიშო.“

 

ვალერი გიგაური ნიჭიერი მხატვარი იყო. ეგ კი არა, ნიჭიერს რომ ეძახდნენ, ეგეც ეხამუშებოდა. ნიჭიერი კი არა, უნიკალური ვარო. ვერ იტყვი, ზღვაზე ნაპოვნი გამჭვირვალე ქვებით მარტო ვალერი გიგაურს შეეძო ქალაქის ხედების ხატვაო, მაგრამ მაინც ეთქმოდა უნიკალური. გიგაურის გარდა, სხვას არავის გასჩენია მსგავსად ხატვის სურვილი და იმიტომ. 

 ქალაქში ყოველთვის პატივს სცემდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ჰქონია ფული. ერთხელ მისი ერთი ნახატი ერმიტაჟშიც გამოფინეს და მთვრალი გიგაური ახლა ყველას მაგას უყვებოდა ხოლმე, ლეონარდოს გვერდით ვეკიდე და მაგიტომ ყველას მაგრად ვეკიდეო.

 უცნაური კაცი იყო ვალერი გიგაური. სიმდიდრე უტყდებოდა. ეშინოდა იმ ადამიანების, რომლებიც მანქანის, მაცივრის, საჭმლის და საერთოდ, რამის ყიდვაზე ფიქრობდნენ. რუტინის შავი მუშები არიანო - ამბობდა.

ფული ძალიან როცა სჭირდებოდა, წინა ცხოვრებიდან შემორჩენილ პაჭაპუჭა რამეებს დაუნანებლად ყიდდა, ან გლდანის ლომბარდებში ტოვებდა. ახლა კი, როცა ბევრი ფული დასჭირდა, საგვარეულო აგარაკსაც მიადგა. თავიდან იფიქრა, ოცი წელია, ფეხი არ ამიდგამს და ეხლა გულიც არ დამწყდებაო, მაგრამ კლიენტ დიტოსთან ყოველი სატელეფონო საუბრის დასრულების შემდგომ სულ უფრო და უფრო სტკიოდა გული,  მის აგარაკს ვიღაცა მეშჩანი ვირიშვილი რომ უნდა დაპატრონებოდა.

 

„რა ქენი, მაა?“ - კალთაში ჩაუხტა გიგაურს მეოთხეკურსელი ქალიშვილი ანანო.

„მგონი, მოვაყომარე, მამი. არ ინერვიულო.“ - შუბლზე აკოცა გოგონას გიგაურმა.

„აეეეეე...“ - წამოიყვირა ანანომ და ოთახში დაიწყო სირბილი.

„გიხარია, ჰო?“ - ამაყობდა მამა საკუთარი თავით.

„აბა, რააა?!  სორბონაში მივდივაააარ. სორბონაში მივდივაააააარრ. შენ არ ინერვიულო, მა. იქ რომ წავალ და მერე რომ დავბრუნდები, იმდენი ფული მექნება, ოც აგარაკს გიყიდი!“ - ხტუნაობდა და ყვიროდა ანანო.

 

*  *  *

 

წყაროსთან, ახატნის ბირჟაზე, ახლა მხოლოდ ორი კაცი იჯდა. ორი ბებერი. მენახირე, დათიკა და დროებით უმუშევარი როლანდა, ახალგაზრდები ზურგს უკან  რომ დასცინოდნენ და ხევისბერს ეძახდნენ.

მენახირის ძროხები ჩრდილში იდგნენ და კუდებით ბუზებს იგერიებდნენ. დათიკას ფეხებზე ეკიდა ძროხები. გაცხარებული ურტყამდა ხელებს რკინის მაგიდაზე, რადგან დომინოში მარცხდებოდა ბრძენ და შეუპოვარ თანასოფლელთან.

„ცხელააა. ცხელააა და იმიტო მიგებ, როლააანდდ.“ - იღირინებოდა მენახირე.

„სიცხე რა შუაშია.“ - როლანდამ პრიმას ნამწვი გადააგდო.

„თავი გადამიხურდა. გულს ვერ ვუდებ და შენ კიდე მიგებ.“ - აგრძელებდა თავის გამართლებას დათიკა.

„მე რა, განა სკვაზნიაკი მაქ თავში.“ - მშვიდად აბათილებდა მოწინააღმდეგის არგუმენტებს როლანდა.

„რაო, იმ ქალაქელებმა, აღარ მოვალთო?“ - თემა შეცვალა დათიკამ.

„დაიკარგონ,  მაგათი დედაც ვატირე.“

„ის უთხარი, ძროხები რო დამეხოცა?“

„ვუთხარი.“

„მერე?“

„ფეხებზედაც არა ჰკიდიათ?“

„იქნება, რამე შეღავათი მაინც მამცენ...“

„რა შეღავათი?“

„აი, რამე ფულადი...  ეხუმრები სამ ძროხას?“

„ელოდე.“ - გაიცინა როლანდამ.

„ის ვინ მორბის?“ - შარას გახედა მენახირემ.

„შალიკოს გოგოა.“

„როლანდაა პაპააა, როლანდა პაპააა....“ - კიოდა ბავშვი.

„რა იყო, გოგო, რა გაწივლებს?“ - დაუხვდა როლანდა.

„ვეშაგურების ბავშვები დაუგესლიათ გველებს ტყესთან.“ - ჩქარ-ჩქარა სუნთქავდა გოგონა.

„ცოცხლები არიან?“ - წამოხტა დათიკა.

„არ ვიცი. მანქანით გააქციეს, შრატი უნა გაუკეთონო.“ - მხრები აიჩეჩა შალიკოს გოგომ.

„აეხლა მაგათ ვუტირებ ყოფას!“ - წამოიყვირა როლანდამ და  გაიქცა.

„სად გარბიხარ, კაცოო...“ - გასძახა დათიკამ.

„ბენზინი უნდა მივასხა  და დავწვა ის სახლი, მაგის დედაც ვატირე! იქ არიან დაბუდებულები. იქიდან მოსრიალებენ ეგ ნაბიჭვრები.“ -  ყვიროდა გაქცეული როლანდა.

 

*  *  *

 

„უკანა გზაზე მაგრად ვჭამოთ მცხეთაში.“ -  საჭეზე ხელებს აკაკუნებდა კლიენტი დიტო.

„არ მშია. სიგარეტი გაქ?“ - ვალერი გიგაურს მაგრად ეძინებოდა.

„ბარდაჩოკშია და აიღე. ეხლა არც მე მშია.  რო მოვტრიალდებით,  ხო მოგვშივდება და ლობიო და ხინკალი გავუკეთოთ.“ - თვალი ჩაუკრა გიგაურს დიტომ.

ვალერი გიგაური ფიქრობდა, რას მიძმაკაცდება ეს უგემოვნო, მაყუთიანი ლოხიო. იმ აგარაკის ფული გამოვართვა და მერე მცხეთაში ჭამა კი არა, ფეისბუქიდანაც წავშლიო. საშინლად გრძნობდა თავს კლიენტი დიტოს ჯიპის მარჯვენა სავარძელში. ვერც იძინებდა, არც დიტოსთან ლაპარაკი უნდოდა და უაზროდ ეწეოდა ღერს ღერზე.

„ვახ, ეს არაგვია, ჰო?“ - იკითხა დიტომ.

„ჰო.“

„რომელი, ე?“

„რა რომელი?“ - ვერ მიხვდა გიგაური.

„შავი თუ თეთრი?“

„არ ვიცი. სადაც იყოფა, იქ გაირჩევა მარტო. აქ შეიძლება შერეულია.“

დიტომ მუსიკა ჩართო. გიგაურს გაუხარდა, ეხლა აღარ დამელაპარაკებაო. რაღაცა კლუბურ იდიოტობას უსმენდა კლიენტი დიტო. აგე, ხო ვამბობდი, უგემოვნოაო. - გაიფიქრა გიგაურმა.

„აქ, ზევით აუხვიე.“ - მიუთითა ვალერიმ.

„აქა?“

„ჰოო, მანდა. ტყეა და მაგ ტყიდან პირდაპირ იქ გავდივართ.“

„დავაააი...“

„ვაჰ... ტყემალი გაიჩითა.“

„შევანელებ და მომიწყვიტე რამდენიმე ძმურად. მაგრად მევასება.“

„პაბალშომუ შენ ჭამა გევასება მაგრად, ჰო?!“ - გაიცინა გიგაურმა.

„ჭამა ვის არ ევასება...“ - დაიმორცხვა დიტომ.

„რავი. მე მკიდია, მაგალითად. აჰა, გამომართვი.“ - ვალერიმ დიტოს ხუთი ცალი წითელი ტყემალი მისცა.

„უუუ... მაგლა ასწოლებს. ამისგან ლა ტყემალი გამოვააა.“ - ალუღლუღდა პირგამოტენილი დიტო.

„აი იქ,  ზევით გააჩერე.“

დიტომ მანქანა გააჩერა. პირველი ვალერი ჩავიდა. რამდენიმე მეტრი გაირბინა ეზოსკენ. ბავშვობა გაახსენდა. დიტო უკან მიჰყვა.

ვალერი მოიკეცა. რომ არ წაქცეულიყო, მუხლებზე დადგა.

 

„ეს რა არი, ტოო?!“ - წამოიყვირა დიტომ.

„დამწვარია...“ - მექანიკურად უპასუხა შოკირებულმა გიგაურმა.

„ამაში უნა მოგცე ოცდაათი?!“ - ისევ ყვიროდა დიტო.

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE