პოეტი ალყაშემორტყმული ქალაქიდან


პოეტი ალყაშემორტყმული ქალაქიდან




პოეტური ციკლის, „პან გოგიტოს“ შემოქმედი, მრავალი ესესა და დრამატული ნაწარმოების ავტორი, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ბევრჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე, 80-იან წლებში  მჭიდროდ თანამშრომლობდა ანტიკომუნისტურ ოპოზიციასთან. მის ლექსებს მრავალი ბარდი მღეროდა. 1986 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე პოეტი პარიზში ცხოვრობდა და ჟურნალ, „ლიტერატურულ ფურცლებთან“ თანამშრომლობდა.

 

            „მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში შემდეგი ზნეობრივი კრედოთი ვხელმძღვანელობდი: თუ ორი გზიდან ერთ-ერთს უნდა დაადგე, აირჩიეს ის, რომელიც შენთვის გაცილებით ძნელი გასავლელია“ - წერდა ზბიგნევ ჰერბერტი ჟურნალ „პოლიტიკაში“ 1972 წელს.

 

მცირე შესავალი

 

ჰერბერტი - ეს გვარი, როგორც წესი, მოიხსენიება ხოლმე ისეთი ცნობილი მწერლებისა და პოეტების გვერდით, როგორებიც არიან ჩესლავ მილოში, თადეუშ რუჟევიჩი, ვისლავა შიმბორსკა... ანუ გვერდით იმ პოეტების, მწერლების, რომელთაც მთელ მსოფლიოში დიდად აფასებენ, როგორც კრიტიკოსები, ასევე მკითხველებიც.

ზბიგნევ ჰერბერტი პატივისცემისა და სიყვარულის შარავანდედით იყო გარემოსილი სამშობლოშიც და საზღვარგარეთაც, სადაც მისი ლექსები, პოემები თუ პროზაული ნაწარმოებები იყო თარგმნილი. საგულისხმოა, რომ ჰერბერტი მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. იგი თავის შეხედულებებს საკუთარი ცხოვრების წესითაც უმაგრებდა ზურგს. მაგალითად, მისი ხელწერა ამშვენებს 70-იანი წლების შუა ხანებში პოლონელ მწერალთა  და საზოგადო მოღვაწეთა საპროტესტო წერილს პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციის შესწორებასთან დაკავშირებით. ამის გამო განრისხებულმა ხელისუფლებამ პოეტის ნაწერების გამოქვეყნება აკრძალა და ჰერბერტი იძულებული გახდა, თავისი ლექსები ემიგრაციულ თუ იატაკქვეშა გაზეთებში დაებეჭდა.  სიცოცხლის ბოლო წლებში კი იგი ლუსტრაციისა და დეკომუნიზაციის ძალზე დიდი მხარდამჭერი გახდა. ყოველივე ამის გამო, ჰერბერტი მორალურ ავტორიტეტს წარმოადგენდა მრავალი თაობის პოლონელთათვის,

ქვემოთ მოტანილი ესე ჰერბერტის შესახებ, დაწერილია ცნობილი პოლონელი მწერლისა და ჟურნალისტის, ანჯეი ფრანაშეკის წიგნზე დაყრდნობით, რისთვისაც მას უდიდეს მადლობას ვუცხადებ.

 

პოეტის ბავშვობა

 

,,ჩემი ერთადერთი, მშობლიური ქალაქი არის ლვოვი. სხვა დანარჩენი: ფლორენცია, ათენი, რომი, რავენა და ა.შ. შემდეგ შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში“ - ასე იხსენებს ლვოვს პოეტი. თუმცა მას ასევე უყვარდა პოლონეთის სხვა ქალაქებიც. ის ლონდონიდან თავის გერმანულად მთარგმნელს, ჰენრიხ კუნტსმანს, რომელმაც პოლონეთი მოიარა, ასეთ წერილს მისწერს: ,,ძალზე მსიამოვნებს, რომ ასე მოგეწონათ ჩემი სამშობლო. ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ იმის გაგება, თუ მე, დასავლეთის ასეთი მოყვარული, კვლავ და კვლავ ჩემს მშობლიურ ბუდეს რატომ ვუბრუნდები. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ჩემი ნამდვილი ბუდე ლვოვია“.

1924 წელს, როდესაც ჰერბერტი დაიბადა, ლვოვი უკვე შვიდას წელზე მეტს ითვლიდა. ამ ადგილას მომცრო ქალაქი მეცამეტე საუკუნეში რუსმა თავადმა, დანიელ რომანოვიჩმა ააგო და როგორც ისტორიკოსებს მიაჩნიათ, თავისი ვაჟის, ლევის სახელი დაარქვა. ქალაქი სავაჭრო გზების გასაყარზე მდებარეობდა, რამაც მის სწრაფ ზრდას შეუწყო ხელი. აქ სახლდებოდნენ რუსინები, პოლონელები, ებრაელები, სომხები, თათრები, გერმანელები...

სიცოცხლის ბოლოს ჰერბერტი ასე იხსენებდა თავის მშობლიურ ქალაქს: „ლვოვმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა ჩემზე. მე ამას მხოლოდ ახლა ვაფასებ. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის მრავალეთნიკური ქალაქი. დაბადებიდანვე თითქოს აცრილი ვარ ყოველგვარი სახის ქსენოფობიის მიმართ. ანტისემიტიზმი ჩემთვის რაღაც გაუგებარი რამაა. ბავშვობაში ბევრს ვთამაშობდი ებრაელებთან, ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ... ქალაქი ხომ მხოლოდ შენობები, ქანდაკებები, მოედნები და ხიდები არაა, ქალაქი, უპირველეს ყოვლისა, მის მკვიდრთა შორის ურთიერთდამოკიდებულებაა. და მე მეჩვენება, რომ ჩემს ქალაქში ეს დამოკიდებულება ძალიან თბილი, უაღრესად ტოლერანტული იყო...“.

და კიდევ: ,,ყოველი კულტურის სიმდიდრე მისი მრავალეროვნულობაა. ჩემთვის პოლონეთი ეროვნული უმცირესობის გარეშე, განსაკუთრებით ხმაურიანი, ინტელიგენტური, ცოცხალი ებრაული უმცირესობის გარეშე, რაღაც საწყალი, ღარიბულია. დღევანდელი, 99%-ით ეთნიკური პოლონეთი უკვე აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც მე მახსოვს, რომელიც მე მიყვარდა და საიდანაც სასიცოცხლო წვენს ვისრუტავდი“.

გერმანულ რადიოს კი ჰერბერტმა ასეთი რამ განუცხადა: „მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი გაუთვალისწინებელი შედეგი ეთნიკურად წმინდა სახელმწიფოების წარმოშობა იყო. ახლა პოლიტიკური საზღვრები, ისე, როგორც არასოდეს წარსულში, ემთხვევა ეროვნულ საზღვრებს... პოლიტიკური თვალსაზრისით ეთნიკურად წმინდა სახელმწიფო შეიძლება იყოს იდეალი, მაგრამ ვეჭვობ, არის თუ არა ის  კულტურული იდეალი“.

ჰერბერტს ცხოვრების მატერიალური მხარისაკენ განსაკუთრებული ყურადღება არასოდეს არ გამოუჩენია. „პოეტს ესაჭიროება ბიბლიოთეკა, მოხერხებული სავარძელი, საძილე ოთახი, საშხაპე ცხელი წყლით და წიგნებით სავსე თაროები სამუშაო ოთახში - არწმუნებდა ის თავის ლონდონელ მეგობარს. - აი, ის ყველაფერი, რომელთა წყალობითაც მწერალს შრომის ორგანიზაცია ძალუძს“.

წიგნები, რომლებიც ჰერბერტის სამუშაო ოთახში თაროებზე ჩანს, ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის მის ინტერესებზე: კამიუ, თომას მანი, გოეთე, შექსპირი, ტოლსტოი, დანიელ დეფო, სასამართლო მედიცინის სქელი ტომები, ხელოვნების ისტორია; აქვეა წიგნები ფიზიკაზე, ასტრონომიაზე, ბოტანიკისა და ზოოლოგიის სახელმძღვანელოები. ტყუილად კი არ ურჩევდა ჰერბერტი ახალგაზრდა მწერლებს, დაინტერესებულიყვნენ ცოდნის ყველა სფეროთი, ეკითხათ ფილოსოფოსები, ისტორიკოსები, ყოველდღიური გაზეთები და მხოლოდ რიტმისა და რითმის ძებნით არ დაკავებულიყვნენ. ამავე თაროზე დევს ფსიქიატრიის ლექსიკონი, რომელშიც ,,ეგზისტენციალურ დეპრესიაზეა“ სანიშნე დატოვებული. სულ ზედა თაროზე იოზეფ პილსუდსკის[1] პორტრეტია, ასევე კუნძულ კრეტადან ჩამოტანილი ფიგურა და ბერძნული ვაზის ნამსხვრევი...

რაც შეეხება მუსიკას, ჰერბერტს განსაკუთრებით ბეთჰოვენი უყვარდა: ჩემი პირველი მუსიკალური სიყვარული ბახი და ბეთჰოვენია. ბეთჰოვენი ჩემთან ასევე ძალზე ახლოა, როგორც ადამიანი. აბა, წარმოიდგინე, როგორი ღარიბი იყო. სიცოცხლის ბოლოს დაყრუვდა კიდეც... ბეთჰოვენზე ჰერბერტს ლექსებიც აქვს.

პოეტი მთელი სიცოცხლე  მისთვის საძულველ სისტემასა და იმპერიას, სოციალიზმსა და საბჭოთა კავშირს ცხოვრების წესითა და შემოქმედებით ებრძოდა, ოღონდ, თუ მეორე დიდი პოეტი, ნობელიანტი მილოში, სოციალისტური ბანაკიდან გაიქცა და გარედან უტევდა მტერს თავისი პოეზიითა და პუბლიცისტური წერილებით, ჰერბერტი ბოლომდე სოციალისტურ პოლონეთში დარჩა და იმავე საქმეს იქ აკეთებდა. ის არასოდეს შერიგებია სისტემას და მასზე რაიმეთი დამოკიდებული რომ არ გამხდარიყო, ოფიციალურ დონორადაც კი დარეგისტრირდა სისხლის გადასხმის ინსტიტუტში და საკუთარი სისხლის გაღებით მოპოვებული ფულით ირჩენდა ერთხანს თავს.

ნაცნობ-მეგობრები ასე ახასიათებენ ჰერბერტს: „მახსოვს მისი ღიმილი, რომელიც არასოდეს შორდებოდა მის სახეს... ამასთან, ამ ღიმილით ის პატარა ონავარს წააგავდა“.

            „ჰერბერტების გვარი უელსიდან მოდის“ - ვკითხულობთ სამოციანი წლების შუაში გამოსულ ლონდონის გაზეთ „თანამედროვე პოეზიის თარგმანებში“.  ორიოდე წლის შემდეგ თავად ჰერბერტი, მის მიერ მომზადებულ ავტობიოგრაფიაში, რომელიც ლექსების კრებულს უნდა წამძღვარებოდა, წერს: ,,ჩემი წინაპრები ინგლისიდან იყვნენ, საიდანაც რელიგიური მოტივის გამო გამოიქცნენ. ჩემი გვარის მამაკაცები ქორწინდებოდნენ გერმანელებზე, ავსტრიელებზე, ჩეხებსა და სომხებზე. ამას ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ მე პოლონელი მწერალი ვარ - თუმცა არცთუ ისე მოდური პატრიოტი... ‘’.

თავის ბავშვობის წლებს ჰერბერტი ასე გაიხსენებს: „მამაჩემი პოზიტივისტი იყო, ჰქონდა კარგი ორგანიზატორული უნარი, ვერ იტანდა უსუფთაობასა და უწესრიგობას. მერიდებოდა და მეშინოდა მისი. მამა ხვდებოდა, რომ მე არამყარი ხასიათის ბავშვი ვიყავი და უფრო ხელოვანი გავხდებოდი. და ეს, ვფიქრობ, მოსწონდა კიდეც: ის ხომ თავის თავში ხელოვანს, პოეტს მალავდა“.

 „მეწადა სამხედრო გავმხდარიყავი, ოღონდ თავიდანვე გენერალი, სხვა დანარჩენი მე არ მაინტერესებდა“ - იტყვის მოგვიანებით ,,ალყაშემორტყმული ქალაქის“ ავტორი.

ჰერბერტს მოგზაურობისადმი სიყვარული მამისაგან, ბოლესლავისაგან გადმოჰყვა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ მამის მოგზაურობას უფრო სერიოზული და სოლიდური სახე ჰქონდა და ახალი ადგილების სანახავად მეგობრებთან ერთად მიდიოდა ხოლმე, შვილი ხშირად უფულოდაც კი წასულა მოგზაურობაში, გამვლელი მანქანის იმედად.

თუ, მაგალითად, უკვე მოზრდილი ჩესლავ მილოშისათვის მამა სულაც არა ყოფილა მისაბაძი, ჰერბერტის შემთხვევაში სრულიად სხვაგვარ, ამის საპირისპირო ვითარებას ვხედავთ. მისთვის სიკვდილამდე ბოლესლავი ავტორიტეტად, იმ ფიგურად დარჩა, რომლის შესახებაც ვაჟიშვილი შემდეგ სხვებს მოუყვება, ხშირად სითბოთი და სიყვარულით გაიხსენებს, უფრო მეტიც: საკუთარ თავზე მაღლაც კი დააყენებს, როგორც მამაკაცს.

ჰერბერტის მამა ცნობილი კოლექციონერიც ყოფილა. მას მხატვრული ტილოების კარგი კოლექცია ჰქონდა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჰერბერტი ასეთ კარგ ესეებს დაწერს ჰოლანდიელ მხატვრებზე, ტერბორხზე, ვერმეერზე და სხვებზე (მისი ესეების ჩემ მიერ ნათარგმნი წიგნი „ნატურმორტი ლაგამით“, „სულაკაურის გამომცემლობამ“ 2018 წელს გამოსცა).           

ზბიგნევს უყვარდა ფოტოგრაფია; აი, მისი ერთ-ერთი მოგონება ამ თემასთან დაკავშირებით: „მამამ ფოტოაპარატი მიყიდა. ის პირველად კრაკოვში, სკოლიდან ექსკურსიაზე წასვლის დროს გამოვიყენე. VI კლასში ვიყავით. ექსკურსიის ოფიციალური გამართლება იყო მარშალ იოზეფ პილსუდსკის მემორიალის მშენებლობაზე მონაწილეობის მიღება. სახლში სხვადასხვა სამახსოვრო ნივთები მოვიტანეთ: პლაკატები, ნიჩბები, რომლებსაც წარწერები ჰქონდა“.

აქვე აღსანიშნავია, რომ პილსუდსკის მემორიალის მშენებლობაში პოლონეთში ემიგრანტმა ქართველებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ იქ ქართული მიწა მიიტანეს (იხ. ჩემს მიერ გამოცემული წიგნი: „ქართველები პოლონეთში“, თბ. 2008 წ.).

 

სკოლა

 

ჰერბერტს ძალიან უყვარდა ცხოველები და სკოლის დასრულების შემდეგ ვეტერინარულზე აპირებდა სწავლის გაგრძელებას. მამას კი სურდა,  ვაჟიშვილი ექიმი გამხდარიყო. ამის შესახებ ჰერბერტი სხვა დროსაც იტყვის: „სულაც არ მოვმზადებულვარ პოეტის როლისთვის, მე უფრო რაიმე სამოქალაქო პროფესია მიტაცებდა. ძალიან მინდოდა ვეტერინარობა, დღესაც ძალიან მიყვარს ცხოველები“. ჰერბერტს შემდეგაც, როდესაც უკვე საქვეყნოდ ცნობილი პოეტი გახდა, არ შენელებია მცენარეებისა და ცხოველებისადმი სიყვარული.

როგორც ჰერბერტის ყოფილი თანაკლასელები გაიხსენებენ, ზბიგნევი წყნარი, გაუბედავი ბავშვი ყოფილა, განსხვავებით სხვა ჩხუბისმოყვარე ონავრებისაგან. ის არ მონაწილეობდა შესვენებებზე გამართულ ბიჭების კინკლაობაში, არ ტრაბახობდა დანებით, არ ცდილობდა ამ მხრივ თავის გამოჩენას. სამაგიეროდ, აქტიური იყო სასკოლო წარმოდგენებში, მხატვრულად ამბობდა ლექსებს, ეხერხებოდა პაროდია, ბაძავდა ადამიანების სასაცილო მანერებს, კარგად ოხუნჯობდა. მსახიობის უნარის გამოვლენა ჰერბერტს შემდეგაც მოუწევს.

ჰერბერტი ძალიან მადლიერი იყო სკოლისა და ამბობდა, რომ მან მომავალ პოეტს ბევრი რამ ასწავლა, თუნდაც ისეთი სფეროებიდან, რომელთა საჭიროებაც მას მომავალ ცხოვრებაში არ გასჩენია. მისი აზრით, ლექსის წერისათვის მხოლოდ ლიტერატურის ცოდნა არ კმარა. პოეტმა უნდა იცოდეს ასევე საბუნებისმეტყველო საგნებიც, განტოლებების ამოხსნაც. პოეზია ხომ აზროვნების დისციპლინაა. ჰერბერტი ერთ-ერთ ინტერვიუში თავის უწინდელ პროფესორებს, როგორც მკაცრ და მომთხოვნ, შეფასებებში დაუნდობელ ადამიანებს, ისე მოიხსენიებს. „თითოეული მათგანი ფრიად საინტერესო ინდივიდი იყო. მე ახლა არა მხოლოდ მათი სახელი და გვარი მახსოვს, არამედ მათი სახე, ჟესტი, ხმის ტემბრი, მათი ხუმრობა და საყვარელი გამოთქმებიც კი“. მაგალითად, გიმნაზიის ერთი პროფესორის ასეთი გამონათქვამი: „სისულელე არის ყველაზე გადამდები ავადმყოფობა მსოფლიოში. სისულელე ისეთივე უკიდეგანოა, როგორც სამყარო“.

ჰერბერტს ახსოვდა, ერთი პროფესორი, რაფალ ჟებროვსკი, თუ როგორ უჩიჩინებდა, კარგად ესწავლა და ამას ასე ასაბუთებდა: „დაიხსომე, ზარმაცო ბიჭო, რომ სიზარმაცე შენ ფსკერზე დაგძირავს. აი, მაშინ, შეიძლება ერთი დუქნის წინ გამოჩნდეს ვიღაც, ვინც ლათინური სენტენციის წაკითხვის გამო შენ ერთ ჭიქა არაყს გადაგახუხინებს“. როდესაც ის საკლასო ოთახში შემოდიოდა, კარს ენერგიული მოძრაობით შემოხსნიდა, დაკვირვებული მზერით დაგვათვალიერებდა და შემდეგ თავის საკრამენტალურ ფრაზას წარმოთქვამდა: „Salvete, pueri!“ (გამარჯობა, ბიჭებო!), რაზედაც ჩვენ ხმამაღლა ვპასუხობდით: „Salve, magister noster!“ (მოგესალმებით, ჩვენო მასწავლებელო!)“.

„არავინ ჩვენ მატერიალურ დაინტერესებას არ გვპირდებოდა ორიგინალში პლატონისა და სენეკას წაკითხვისათვის. ეს უბრალოდ გონების გავარჯიშება, ასევე ხასიათის წრთობა იყო, რადგან მეტად რთულ საქმესთან გვიხდებოდა შეჭიდება... საკლასო ოთახში თითქმის სამხედრო ატმოსფერო სუფევდა... როდესაც უკვე შესამჩნევად ვიღლებოდით, ჩვენი პროფესორი წამოხტებოდა სკამიდან და მთელი ხმით ლათინურად დაიყვირებდა: „Ave, Caesar, morituri te salutant!” (სასიკვდილოდ მიმავალნი, მოგესალმებით კეისარო!), ჩვენც ვიწყებდით ყვირილს და ამრიგად ვძლევდით მოქანცულობას.  გიმნაზიაში სწავლისას კარგად გავეცანი ანტიკურ მწერლობას, რომის იმპერიის ცხოვრებასა და მის ადმინისტრაციულ მოწყობას.“

„პროფესორი ხშირად გვეუბნებოდა, - იხსენებს ჰერბერტი, - რომ ძალას არ დაგვატანდა, გინდა თუ არა გვესწავლა. მას ჩვენი გონიერებისა და პასუხისმგებლობის იმედი ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ასაკის რომაელები მამაკაცის ტოგას ისხამდნენ და მსოფლიოს უდიდესი იმპერიის სამართავად და საპატრონოდ ემზადებოდნენ... შემდეგ მან რომის მოედნის, Forum Romanum დახაზვა დაიწყო. გვითხრა ასევე მასზე მდებარე ნაგებობების სახელები: კურია, ბოსტრა, იულიას ბაზილიკა, ვია საკრა და ა.შ., ხოლო თუ რა - რა იყო, ეს შემდეგ უნდა აეხსნა. ჯერჯერობით პროფესორი მხოლოდ ამით დაკმაყოფილდა: იქნება ოდესმე რომში ჩახვიდეთ და სირცხვილია ამ მარადიული ქალაქის მთავარი ნაგებობების უცოდინრობა. არ მინდა კეისრების ქალაქში ისე იბოდიალოთ, როგორც გაუთლელმა ბარბაროსებმა“.

პოეტის დღიურში არის იმ წიგნების ჩამონათვალი, რომლებსაც ლიცეუმში ასწავლიდნენ. რომაელ ავტორთაგან აღსანიშნავია ციცერონის წერილები, სენეკას, ტაციტის, ძმები პლინიუსების და ასევე ტიტუს ლივიუსის ნაწარმოებები.

           

            საბჭოთა ოკუპაცია

 

პოეტის ბავშვობის დასრულება საბჭოთა ოკუპაციას დაემთხვა. ოკუპაციამ ადამიანებს შემგუებლური თვისებები განუვითარა. მათი ცხორების არცერთ სხვა სფეროში ეს ისე აშკარად არ გამომჟღავნებულა, ისეთი ეფექტი არსად ჰქონია, როგორც ტანისამოსში. ლვოვის ქუჩები მალე დაემსგავსა სხვა საბჭოთა ქალაქების ქუჩებს. იქ დადიოდა რუხი, ცუდად შემოსილი ხალხი. ქუჩაში ადამიანი ცდილობდა, არაფრით ყოფილიყო გამორჩეული ანონიმური ბრბოსაგან.

ზბიშეკის გიმნაზიას 1939 წლის ოქტომბერში ათწლიან საშუალო სკოლად გადააკეთებენ, ხოლო რადგანაც გიმნაზიაში სწავლა საბჭოური სტანდარტების შესაბამისად უნდა წარმართულიყო, ყოფილ გიმნაზიელებს ერთი კლასით უკან დასწევენ.

კრემლი ცდილობდა დაპყრობილ და საბჭოთა კავშირს შემოერთებულ ქვეყნებში რეალობის ყოველ სფეროს შეხებოდა, ამიტომ იქ ყველგან მოსკოვის დრო შემოიღო.

როდესაც ზბიშეკი სკოლაში შევიდა, მას სკოლის კედლებიდან იგნაცი მოსციცკისა[2] და იოზეფ პილსუდსკის ფოტოების ნაცვლად სტალინისა და ბერიას პორტრეტები შემოეგება. სწავლების პროგრამიდან ამოიღეს არა მხოლოდ რელიგია, არამედ ლათინურიც, და მათ ნაცვლად მოსწავლეებს უკრაინული და რუსული ენები უნდა ესწავლათ. დაიწყეს ასევე სამხედრო მომზადების სწავლება. „უნდა დაგვეშალა და აგვეწყო ავტომატი და რუსულ ენაზე მისი ყოველი ნაწილის სახელი გვესწავლა. გვასწავლიდნენ ასევე F-1 ტიპის ყუმბარის ხმარებასაც“ - წერდა შემდგომში ჰერბერტი.

1940 წელს გამოჩნდა ახალი სახელმძღვანელოები, რომლებშიც ასახული იყო პოლონური ლიტერატურისა თუ ისტორიის ახალი ვერსია. გერმანულის სახელმძღვანელოშიც კი მრავალი გაკვეთილი ევროპაში კომუნიზმის მშენებლობის პერსპექტივებს ეხებოდა.

ცხადია, პოლონელები, განსაკუთრებით, ახალგაზრდობა, წინააღმდეგი იყო ასეთი მკვეთრი ცვლილებების. მაგალითად, სკოლის მოსწავლეების პროტესტი განსაკუთრებით რელიგიური ხასიათის გაკვეთილების გაუქმებამ გამოიწვია. ამ მიზეზით იყო განპირობებული პოლონელი ახალგაზრდების მანიფესტაცია 1939 წლის 15 ოქტომბერს; როდესაც ებრაელმა და უკრაინელმა ახალგაზრდებმა სტალინისა და კომპარტიის სადიდებელი სიმღერები დაიწყეს, მათი ხმა დაფარა პოლონელი ახალგაზრდების შეძახილებმა: ჩვენ გვწამს ღმერთი, მშობლიურ მიწას არ მივატოვებთ. ამას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა; რამდენიმე ებრაელი იცემა კიდეც.

პოეტის დის გახსენებით, ზბიგნევის ინიციატივით, მისმა კლასელებმა მერხები ისე შემოატრიალეს, რომ სტალინისა და სხვა პარტიული ფუნქციონერების ფოტოების მიმართ ზურგით მსხდარიყვნენ. ზბიგნევი თანაკლასელთა  სულიერი განწყობილების ასამაღლებლად იუმორისტულ ლექსებსაც თხზავდა.

ორი უზარმაზარი მონსტრი ერთმანეთს ეჯიბრებოდა პოლონეთის მოსპობაში. გერმანელებმა გაცილებით ადრე მოამზადეს „ბარბაროსას“ გეგმა, დიდხანს აგროვებდნენ თავიანთ სამხედრო ძალას აღმოსავლეთის საზღვართან, ხოლო როდესაც შეტევაზე გადავიდნენ 1941 წლის 22 ივნისს, საბჭოთა მხარე განცვიფრებული დარჩა: სტალინს ხომ ბრმად სჯეროდა ჰიტლერთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების და თავის ძალებს მოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ არ ამზადებდა. შედეგად თავდაპირველად ვერმახტის წარმატებები უდიდესი იყო და ისე ჩანდა, რომ გერმანული არმია კიდევ ერთ ბლიცკრიგს განახორციელებდა. შეტევის პირველ დღეებში ლვოვი მრავალჯერ დაბომბა ლუფტვაფემ. ლვოველები და, მათ შორის, ჰერბერტების ოჯახი ასეთი დაბომბვების დროს თავს სარდაფში აფარებდა.

იმ დღეებში ჰერბერტმა თვალი მოჰკრა შეყვარებულებს,  რომლებიც, მიუხედავად იმისა, თუ ირგვლივ რა ხდებოდა, ერთმანეთს ჩახვეოდნენ. პოეტი მეხსიერებაში შემორჩენილ ამ სცენას შემდგომში არაერთხელ მიუბრუნდება. მას თავისი ლექსების კრებულის შესავალ წერილშიც გაიხსენებს 70-იანი წლების დასაწყისში. „შევნიშნე, - წერს იგი, - როდესაც მე თავად შიშით ვიყავი აღვსილი, თუ როგორ კოცნიდა ერთმანეთს წყვილი. ეს ნამდვილად უჩვეულო ამბავი იყო ასეთ მძიმე და კრიტიკულ სიტუაციაში... ასეთი ტოტალური საფრთხის დროს ადამიანის მთელი არსება გადარჩენის ინსტინქტითაა შეპყრობილი, ასეთ დროს ის უახლოეს ადამიანებსაც კი ივიწყებს და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და იმას ცდილობს, როგორმე გადარჩეს. და ამ დროს ორი ადამიანი ამ საშინელებას სიყვარულის ძალით უპირისპირდება“. ამ მომენტს ჰერბერტი თავისი პოეზიის დასაწყისად მიიჩნევდა.

  როგორც შემდგომში ჰერბერტის მეუღლე, ეკატერინე იხსენებს, ცოლ-ქმარი თითქმის არასოდეს ლაპარაკობდა რელიგიაზე, მაგრამ ერთხელ ქმარმა მას უთხრა, რომ ომისდროინდელმა მოგონებებმა და განცდებმა და იმან, რაც მან მაშინ ნახა, ჰოლოკოუსტმა, მას რწმენა დაუკარგა.

 

            მშობლიური ქალაქის დატოვება

 

ვარშავისა და ლვოვის მკვიდრთ, რომლებიც გერმანელების ოკუპაციისას კრაკოვში მოხვდნენ, ეს ქალაქი, ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში, სიმშვიდის ოაზისად წარმოუდგათ. აქაც ჰქონდა ადგილი ეგზეკუციებს, ბანაკში გაგზავნას, მაგრამ მსგავსი ინციდენტები თითქოს იკარგებოდა ქალაქის შედარებით ერთიან, წყნარსა და მშვიდ გარემოში. მაგრამ როდესაც 1944 წლის ზაფხულში ვაველის[3] ქვეშ თავი მოიყარა აღმოსავლეთიდან წამოსულ ლტოლვილთა დიდმა ტალღებმა, ხოლო ორიოდე თვის შემდეგ გადამწვარი დედაქალაქიდან - ვარშაველებმაც, კრაკოვშიც ყველაფერი შეიცვალა.

ამ პერიოდში ისე ჩანდა, თითქოს პოლონელები ორად იყვნენ გაყოფილი: ვისლას მარჯვენა და მარცხენა მხარეს მცხოვრებლებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საბჭოთა ოკუპაციაგამოვლილებად და იმათად, ვისაც ეს რეჟიმი არ განეცადა, საკუთარ თავზე არ ეწვნია და მასზე წარმოდგენაც კი არა ჰქონდა; მათ ბოლშევიკები ჯერაც არ ენახათ და ქალაქის ქუჩებში მხოლოდ პოლონური საუბარი ესმოდათ.

რაც შეეხება ჰერბერტების ოჯახის მატერიალურ მხარეს, მათთვის ოკუპაციას მაინცდამაინც დიდი გაჭირვება არ მოუტანია. მათ იმდენი დანაზოგი ჰქონდათ, რომ არა მხოლოდ შიმშილს გამკლავებოდნენ, არამედ ელეგანტურადაც ჩაეცვათ, ხოლო ზბიგნევსა და მის დას, ალინას უცხო ენებიც ესწავლათ. ისინი ამ ქალაქში ცუდად არ მოწყობილან. ოჯახი კრაკოვის ცენტრალურ ქუჩაზე, შორეული ნათესავების სახლში დაბინავდნენ და წარმატებულ სავაჭრო საქმიანობას ლვოვში, უსაფრთხო ქალაქში ბიზნესი ამჯობინეს.

სხვათა შორის, კრაკოვში ცხოვრებისას ჰერბერტში ლვოვში ჩასახულმა მეწარმეობრივმა სულმა გაიღვიძა და პოეტმა თავის მეგობართან ერთად სააქციო საზოგადოების შექმნა გადაწყვიტა. ეს უნდა ყოფილიყო ფირმა „ზ და ზ“ (ზბიგნევი და ზდისლავი). ფირმას თავიდან ორი განყოფილება უნდა ჰქონოდა, კრაკოვსა და ლვოვში, ხოლო წარმატების შემთხვევაში, ფილიალები, მათ შორის, საზღვარგარეთ. ჯერჯერობით კი მათ ფირმას საქონელი (მაგალითად, აბრეშუმის ქსოვილი, სამოსი, თეთრეული და ა.შ.) უნდა შეეძინა ლვოვში და კრაკოვში გაეყიდა. მართალია, ფირმამ წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ ამ ეპიზოდიდან ჩანს, როგორ ცდილობს ახალგაზრდა კაცი დამოუკიდებელი ცხოვრების აწყობას და იმ მძიმე დროში მამისათვის ცოტა შვების მიცემას.

ამ პერიოდში თავისი ცხოვრების შესახებ ჰერბერტი შემდეგს წერს: „ჩემი უზრუნველი ბავშვობა დასრულდა... მამაჩემი იმალებოდა. ამიტომ უკვე თხუთმეტი წლისას მომიწია ოჯახზე მზრუნველობამ. რაღაც შემოსავალი უნდა გამეჩინა, რომ ოჯახი მერჩინა. ამას გარდა, შევქმენი ცამეტკაციანი კონსპირაციული ჯგუფი. მცირე ხანს ვმოქმედებდით - ნახევარ წლამდე. ეს მცირე საბოტაჟი იყო: ვამსხვრევდით ძეგლებს, მოვაწყეთ 3 მაისის[4] ზეიმი და ა.შ.“ ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესოა ისიც, რომ თავისი უნგრელი მთარგმნელისათვის ჰერბერტს მოუყოლია, საბჭოთა ოკუპაციის დროს თუ როგორ გლეჯდნენ კედლიდან სტალინის პორტრეტებს, ხევდნენ აფიშებს და რომ ის მღვდელთან იმალებოდა, ვიდრე ლვოვში გერმანელები არ შევიდნენ... რომ თვრამეტი წლისა მეგობრებთან ერთად ეროვნული არმიის რიგებში იბრძოდა და დაწვა თავისი ლექსები, რადგან ასეთი მსხვერპლი მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა.

ლვოველები იმედს არ კარგავენ. მათ განსაკუთრებით გენერალი ანდერსი ეიმედებათ, ფიქრობენ, რომ გენერალი თეთრ ცხენზე ამხედრებული დაბრუნდებოდა და ლვოვს გაათავისუფლებდა. მაშინ ასეთი სიმღერაც იყო გავრცელებული: ერთი ბომბი ატომური და ვბრუნდებით ლვოვში („Jedna bomba atomowa, a wrócimy znów do Lwowa“). ამ დროს ასეთი ანეკდოტი შეიქმნა: კაცი გაზეთების ჯიხურში მიდის და გაზეთ „თავისუფლების“ („Wolność“) შეძენა სურს. გამყიდველი პასუხობს: „თავისუფლება აღარაა, რუსებმა წაიღეს“.

რათა ცხოვრებაში ფეხზე მყარად მდგარიყო, ჰერბერტმა სპეციალობის შესწავლა დაიწყო. ეს ეკონომიკა და სამართალი იყო. თუმცა... სჯობს თავად მას მოვუსმინოთ: „დავიწყე ეკონომიკისა და სამართალის შესწავლა, მაგრამ ორი თუ სამი წლის შემდეგ მივხვდი, რომ იმ ეკონომიკას, რომელსაც ჩვენ გვასწავლიდნენ, ვერაფერში გამოვიყენებდი. იგივეს თქმა შეიძლება რომაული სამართალის მიმართაც. დავინახე, რომ სიკეთისა და სამართლიანობის ხელოვნება უკვე აღარ არსებობდა... მეცნიერებას დავეწაფე. ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ჩემი ეს გაორება ლიტერატურასა და ბუღალტერიას შორის“. მისი თანამედროვეების გადმოცემით, ჰერბერტი სწავლობდა პოლიტეკონომიას, საერთაშორისო ვაჭრობას, სტატისტიკას, პოლიტიკურ სამართალს და ბუღალტერიას. როგორც ჩანს, არცთუ სახარბიელო ნიშნებს იღებდა. ჰერბერტი ხვდებოდა, რომ ქვეყანაში უკვე აღარ აინტერესებდათ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ხოლო სავაჭრო ატაშეს თანამდებობას მხოლოდ პარტიული მუშაკები იკავებდნენ, ხშირად უშიშროების ორგანოებიდან და არა ბურჟუაზიის შთამომავლები. ალბათ ძირითადად ეს განაპირობებდა, რომ მას სამაგისტროზე სწავლა აღარ გაუგრძელებია. უფრო მეტიც: სწავლის დასრულების შესახებ დიპლომიც კი არ აუღია.

სამაგიეროდ, ის ძალზე აქტიური იყო ლიტერატურულ კლუბში, სადაც თავის ნაწარმოებებს კითხულობდა. იმათი გადმოცემით, ვინც ჰერბერტს კრაკოვში ხშირად ხვდებოდა, პოეტი იყო ამბიციური, ერუდირებული ახალგაზრდა, რომელიც თავის თანამედროვეებზე მთელი თავით მაღლა იდგა და ხალხს მხატვრული ლიტერატურის, ხელოვნების უზადო ცოდნით ხიბლავდა. მან არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მრავალი სხვა პოეტის ლექსიც ზეპირად იცოდა. მათ შორის ელუარის, არაგონის, რემბოს და სხვების. ჰერბერტმა პირველმა გააცნო პოლონელ მკითხველს ესენინი და მისი ლექსები რუსულ ენაზე წაიკითხა. ლექსის ზეპირად წარმოთქმის ხელოვნებით ჰერბერტი ხიბლავდა ყველას, განსაკუთრებით, ქალებს. 1950 წელს ის ერთ-ერთ შეყვარებულს წერს: „ვხატავ და ვწერ. ახალგაზრდა კათოლიკე მწერლად ვარ აღიარებული, რაც ძალზე საპატიოცაა და ძალზე დამღლელი მძიმე ტვირთიც... ვეძებ ღმერთს, ძალიან შევიცვალე, მიყვარხარ...“.

სასიყვარულო ურთიერთობებისა და ლექსების წერის პარალელურად ჰერბერტი დიდ დროს ანდომებდა მხატვრობასაც. ის მონაწილეობდა სოპოტში გამართულ მხატვრობის კურსებზე, რომელიც იქაურმა მხატვართა კავშირმა მოაწყო. ამით აიხსნება ისიც, რომ მისი ერთ-ერთი ძველი ტილო სწორედ ამ ქალაქს წარმოგვიდგენს. „საკანცელარიო რუტინიდან თავისუფალ დროს ვხატავდი და ჩემი ნამუშევარი, პეიზაჟი ერთ პროფესორს ვაჩვენე. მან შენიშვნები მომცა, რომელიც დაუყოვნებლივ შევასწორე“ - იხსენებს ჰერბერტი და უმატებს, რომ ზოგჯერ ყოველ დღეს ახალი ლექსი მოჰქონდა, ხოლო თითქმის ყოველ ღამეს ფერადი სიზმრები: „ხილი და ყვავილები მესიზმრებოდა. თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, როგორ მშურს თქვენი, რომ მხატვარი ხართ, - წერს ჰერბერტი ცნობილ მხატვარს, ჰეროინ სკურპსკის, - გაქვთ სამხატვრო სახელოსნო, თქვენი სასწაულებრივი ქვეჩარჩოები და ზეთი... თქვენ ცოტათი მრეწველი ხართ, ანუ პატიოსანი ადამიანი. მე კი ვიმყოფები სიტყვებს შორის, რომლებიც უვარგისი ტილოსავით ხუნდება და სრულიად უსარგებლო ხდება.“ ეს სიტყვები 1956 წელსაა დაწერილი და როგორც ჩანს, გვახსენებს, რომ კომუნისტური პროპაგანდა სიტყვების დამახინჯებაზე იყო სპეციალიზებული, თუნდაც მაშინ, როდესაც მსოფლიოს დაპყრობისაკენ გააქტიურებული მცდელობა საყოველთაო მშვიდობის დამყარებისაკენ მიმართულ ბრძოლად იყო მონათლული.

მრავალმხრივ დაჯილდოებული ნიჭის პატრონი იყო ჰერბერტი. ზოგი მას დიდ მსახიობობას უწინასწარმეტყველებდა. აი, რას ამბობს პოეტი ერთ-ერთ ინტერვიუში: „როგორც ოსტერვამ მითხრა, არტისტებს შორის პირველ ათეულში ვარ. მას ამის შესახებ ჯერ სახალხოდ არ განუცხადებია, მხოლოდ მე მითხრა. მისი აზრით გამოჩენილი არტისტი გავხდები. ამასთან, არა კომიკური, არამედ დრამატული. დაახლოებით ისეთი, რომელსაც ჰამლეტის თამაში შეეძლება“.

            იმის შემდეგ, როდესაც ჰერბერტმა ხელოვნების ნაცვლად სერიოზულად მოკიდა ხელი სამართლისა და ეკონომიკის შესწავლას, ძნელი სათქმელია, ეს მისი ნებით მოხდა, თუ მამამისის სურვილი იყო და შვილიც დაჰყვა მის ნებას. მხატვრობით, პოეზიით ხომ ძნელია ცხოვრება, თავის გატანა, ხოლო ბოლესლავი პრაგმატული კაცი იყო, იცოდა ეს ყველაფერი და სურდა, ვაჟი ცხოვრების სწორ გზაზე დაეყენებინა. ალბათ, შვილიც ადვილად დაჰყვა - უმაღლეს სასწავლებლებში წმენდა ჯერ კიდევ არ დაწყებულიყო.

1947 წელს ჰერბერტი მეგობარს სწერს: ვსწავლობ შეერთებული შტატების სამოქალაქო სამართალს, ვწერ ეკონომიკურ ნაშრომს, რომელიც მე პოლონელი ფიშერის სახელს დამიმკვიდრებს. მასში საკუთარ მოსაზრებას ვანვითარებ ინფლაციის თემაზე“. ჰერბერტის კურსელის განცხადებით, „ზბიგნევი სტუდენტებს შორის გამორჩეული სტუდენტი იყო, ბრწყინავდა სემინარებზე, ხშირად წამოჭრიდა ახალ და საინტერესო იდეებს.“

კრაკოვიდან სოპოტში ჰერბერტი 1947 წელს მიდის, როგორც ჩანს, არდადეგებზე. ის რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ქალაქებს შორის დადის, ინტენსიურად ეწაფება ცოდნას. არაა რაიმე ცნობილი იმის თაობაზე, თუ რატომ გადავიდა ჰერბერტი კრაკოვიდან, სადაც სწავლობდა, სოპოტში, ზღვის სანაპიროზე. შესაძლოა, ამის გაკეთება მშობლებმა, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობდნენ, აიძულეს.

საინტერესოა ამ პერიოდში ჰერბერტის მიერ შედგენილი და მეგობრებისათვის გაცნობილი მისი უახლოესი პერიოდის პუნქტებად დაყოფილი გეგმა:

ა) ცხოვრებისეული: უარს ვიტყვი დაქორწინებაზე და შესაძლებლობის ფარგლებში, არავის დავუმეგობრდები (განსაკუთრებით, გარკვეული სახის ქალებს!);

ბ) ფილოსოფიური კუთხით: ვიფილოსოფოსებ; გამოცდილი ხალხი მირჩევს ვწერო - დავიწყო ესთეტიკით და ფილოსოფიის ისტორიით;

გ) ლიტერატურული: შევკრიბო და დავამუშავო ლექსები... დავწერო ციკლი ოკუპაციისდროინდელი ამბების შესახებ, კიდევ ერთხელ დავწერო დრამა სოკრატეს შესახებ, რომელიც, უკვე სამი წელიწადია, მაწვალებს. გავაგრძელო ესეების ციკლი ფილოსოფიის და ლიტერატურის გადამკვეთ თემაზე, სათაურით ,,კლეოპატრას ცხვირი“.

 

             ჰერბერტი - პოეტი

 

 „ტრადიციულად მეშჩანურ ევროპაში პოეტების ბედი სიღატაკე იყო, ან ყოველ შემთხვევაში, მატერიალური უპერსპექტივობა... მაგრამ კომუნისტურ პოლონეთში მწერალთა კავშირის წევრობა პრივილეგიებს მოასწავებდა: უფასო სადილი, შემოქმედებითი მოღვაწეების სახლში უფასოდ ცხოვრება, დამატებითი საცხოვრებელი ფართი და ა.შ. ომისაგან განადგურებულ პოლონეთში კი ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. მწერლებს ადრინდელი პუბლიკაციების საფუძველზე იღებდნენ კავშირში, ოღონდ - ერთი პირობით: მას პარტიის გენერალური ხაზი უნდა გაეზიარებინა და პროგრესულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაშიც მიეღო აქტიური მონაწილეობა“ - წერს ჰერბერტის თანამედროვე ზდისლავ ნაიდერი. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჰერბერტს არავითარი მსგავსი პრივილეგიით არ უსარგებლია, თუმცა თავდაპირველად კავშირის წევრი ისიც გახდა. ამან პოეტს გარკვეული სარგებლობა მოუტანა, ისიც, ისევე, როგორც კავშირის სხვა წევრები, იღებდა ფინანსურ დახმარებას და მისცეს საცხოვრებელი ფართიც.

პირველი პოეტური კრებული ჰერბერტმა 1949 წელს გამოსცა, 31 წლისამ, ანუ მაშინ, როდესაც დებიუტი დაგვიანებულია. იმ დროისათვის პოლონური ლიტერატურა უკვე სოცრეალიზმის ორბიტაზე ტრიალებდა. ჰერბერტსაც მოუწია გარკვეული ხარკის გადახდა სტალინისათვის და თავისი ქვეყნის კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის, ბეირუტისათვის თუ არა, მსოფლიოში მშვიდობისათვის, სამეურნეო აღმშენებლობისათვის და ა.შ. მსგავსი კლიშეებისათვის მაინც. ის არ ეძებს მეტ-ნაკლებად შემოსავლიან სამსახურს, მაგალითად, ადვოკატის ან ნოტარიუსის, რათა თავი ირჩინოს, რომ აღარაფერი ვთქვათ, ოჯახის შექმნაზე. მას სურს, კვლავაც გაიღრმავოს ცოდნა, დამოუკიდებლად იაზროვნოს, თავისუფალი იყოს. ამიტომ 1949 წელს კოპერნიკის სახელობის უნივერსიტეტში ფილოსოფიურ ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას. როგორც ჩანს, მცირე ცვლილება მომხდარა მის ცხოვრებისადმი შეხედულებებში. ანკეტის იმ რუბრიკაში, სადაც მას „განსაკუთრებული სიყვარულის საგანი“ უნდა ჩაეწერა, ადრინდელი ეკონომიკის ნაცვლად ახლა ლიტერატურას ჩაწერს და აქვე მიუთითებს, რომ არის პოლონეთის მწერალთა კავშირის წევრი.

თანამედროვეები მის გალანტურობაზე მიუთითებდნენ: „ყოველთვის, როდესაც ქუჩაში მას ხალხი ხვდებოდა, ის ძალზე ხრიდა თავს, თითქმის ქამრამდე. ამ სახის მისალმება ერთგვარ იუმორს იწვევდა - ტორუნი მაშინ პატარა ქალაქი იყო და იშვიათად როდი ხვდებოდნენ ნაცნობები ერთმანეთს“.

ამასთან, როგორც გადმოგვცემენ, ჰერბერტი მეტად დაურიდებელი კრიტიკოსი ყოფილა, როდესაც კამათი მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა, თუნდაც მისი ოპონენტი ქალი ყოფილიყო. აი, ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეეპასუხა ის ერთ მეგობარს, რომელიც მარქსიზმის შეუცდომლობის დასაბუთებას ცდილობდა: „რას ამბობ, ზოსია, ასეთი ინტელექტუალური ქალი ხარ და ასეთ სისულელეს იმეორებ. რომელი შეუცდომელი და მეცნიერული ეგ იდეოლოგიაა?! მარქსიზმი არის ყველაზე ეკლექტიკური, კომპილატორული სისტემა, როგორიც კი ადამიანის გონებამ შეიძლება მოისაზროს. ცოტა ჰეგელი, ცოტა ფოიერბახი, ნაწილობრივ ამონარიდები ზოგიერთი სხვა ფილოსოფიური და ეკონომიკური სისტემიდან - აი, შენი მარქსიზმი. მთლიანობაში ეს არის ძალზე არათანმიმდევრული, კაბინეტში შეთითხნილი თეორია და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - სრულიად უტოპიური“.

ჰერბერტს არც ფილოსოფიის სწავლების საბჭოური მეთოდოლოგია მოსწონს: „ვსწავლობ ფილოსოფიას, უფრო სწორედ, იმას, რაც მისგან დარჩა რაციონალური გულის ამოღების შემდეგ. ამჟამინდელი საუნივერსიტეტო ფილოსოფია ფსიქოლოგიისა და ლოგიკისაგან შედგება,  ხოლო მე ეს ნაკლებ მაინტერესებს“ - წერს იგი 1950 წელს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდისათვის ჰერბერტმა უკვე საკმაოდ კარგად იცის რუსული და გერმანული, სუსტად ინგლისური და ფრანგული (თუმცა კითხულობს ამ ენებზე) და ლათინური.

1951 წელს ის მეგობარს სწერს: „ნელ-ნელა ლათინურს ვსწავლობ. ამას მხოლოდ და მხოლოდ ლუკრეციუსის გამო ვაკეთებ. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელში ავიღე De rerum natura[5] და სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ბევრი ვერაფერი გავიგე. თუმცა, რაც გავიგე, ძალიან მომეწონა...“.

ჰერბერტი 50-იანი წლების დასაწყისში ჯერ კიდევ ჭოჭმანობდა და არ იცოდა, ფილოსოფოსი გამოვიდოდა, თუ პოეტი. ერთი პროფესორის შეკითხვაზე, ლექსის წერა ფილოსოფიურად აზროვნებას ხელს ხომ არ უშლისო, ზბიგნევმა უპასუხა, რომ შეეცდება, ლექსის წერას გადაეჩვიოს. თუმცა მალევე იმავე პროფესორმა უთხრა, რომ ფილოსოფია პოეტისათვის საკვების მიმწოდებელია, და რომ მას ლექსის წერა არ უნდა შეეწყვიტა.

ამ პერიოდში ჰერბერტი წერს ასევე თავის პირველ დრამატულ ნაწარმოებს - ,,ფილოსოფოსთა გამოქვაბული“. უფრო სწორედ, მან ამ პოეტური დრამის წერა გაცილებით ადრე დაიწყო და 1956 წელს დაასრულა. პიესაში მოქმედება ათენში, სოკრატეს დროს მიმდინარეობს და ფილოსოფოსის ბოლო დღეებია აღწერილი, როდესაც ის სასჯელის აღსრულებას ელოდებოდა. პიესის მთავარი თემა ჰერბერტმა პლატონის დიალოგიდან (კერძოდ კი ფედონისა და კრიტონის კამათიდან) აიღო. ამ დიალოგის საშუალებით ჰერბერტი გამოკვეთს სოკრატეს კლასიკურისაგან სრულიად განსხვავებულ პიროვნებას. დრამის მთავარი გმირი ინარჩუნებს ბერძენი ფილოსოფოსის ეთიკურ სახეს, ეთანხმება არასწორ სასამართლო გადაწყვეტილებას, უარყოფს მეგობართა შეთავაზებას გაქცევის შესახებ და ღირსეულად მიიღებს მომაკვდინებელ საწამლავს. საგულისხმოა ერთი ფრაზა დრამიდან: „დღეს სასჯელმისჯილის დაცვა ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა“. ავტორი გულისხმობს ბოლშევიკების მიერ შემოღებულ „ტროიკებს“, რომელთაც ადამიანისათვის ფრიად ტრაგიკული სასჯელი ხანმოკლე მსჯელობის შემდეგ გამოჰქონდათ. ფრაზას პოლიტიკური ელფერი რომ არ მისცემოდა, მას ასეთი გაგრძელება აქვს: „მაშინ მოსმენის ტექნიკა დაბალ დონეზე იყო“.

ამ დრამაში მოქცეულია პოეტის მთელი მანამდე განვლილი ცხოვრება - ომისშემდგომი ტერორის გამოცდილება, ცნობილი ფილოსოფოსების (მაგალითად, ელზენბერგის) შეგირდობა, ნიშცეთი გატაცება, ქრისტიანული რწმენის დრამატული განცდა და ღმერთთან ბრძოლა.

 

          ბოლო წლები

 

1993 წლის ბოლოს ჰერბერტის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდება. მეგობრისადმი მიწერილი ბარათიდან ვგებულობთ: საავადმყოფოში ვწევარ. არა ვარ მიუჩვეველი ასეთ დღის წესრიგს. ყველაფერს ვუჯერებ ექიმებსა და ექთნებს“. შემდეგ წელს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, მას სიარულიც აღარ შეეძლო და ეტლით გადაადგილდებოდა. ექიმები ვეღარ მალავდნენ იმ ფაქტს, რომ მომავალი პოეტს კარგს არაფერს არ უქადდა.

1997 წლის შემოდგომაზე ჰერბერტი, ჯანმრთელობის მხრივ, უკიდურეს მდგომარეობაშია. ტრაქეოტომიის მეშვეობით მას სიცოცხლე კი შეუნარჩუნეს, მაგრამ გონება რამდენიმე დღე დაკარგული ჰქონდა. გონზე მოსვლის შემდეგ მან თავის დას ძალის დიდი დაძაბვით ასეთი რამ დაუწერა: ალბათ არ იცი, რა დიდი სიხარული მომგვარა შენმა დანახვამ.

1995 წელს ჰერბერტი დღიურში ჩაწერს: „ჩემი ბოლო ფილოსოფიური დაკვირვება შემდეგია: ტანჯვა სრულიადაც არ აკეთილშობილებს ადამიანს. ადამიანურ ცხოვრებაში რაღაც პროპორცია უნდა იყოს დაცული ტანჯვასა და სიხარულს შორის, რადგან ვგონებ, ოდენ ეს იძლევა სრულყოფილ ადამიანურობას. ადამიანი, ვისაც მხოლოდ ტანჯვა არგუნა უფალმა, თავის თავში იკეტება...“.

ვფიქრობთ, საინტერესოა ისეთი დიდი პოეტის, როგორიც ჰერბერტი იყო, დამოკიდებულება რელიგიასთან, ქრისტიანობასთან. „დიდი კათოლიკე მე არა ვარ, - ამბობდა ის 1981 წელს ადამ მიხნიკთან საუბარში, - მაგრამ თაყვანს ვცემ რელიგიას, ქრისტიანობას, რომლის წიაღშიც ვიზრდებოდი“.

პოეტმა თავის მეგობართან საუბარში ეს თემა კიდევ უფრო განავრცო: „მე ჩემს თავს რელიგიურად ვთვლი, ოღონდ რელიგიის გარეშე. ეს რას ნიშნავს? ანუ მე მაქვს ძალზე დიდი რელიგიური გრძნობა, ღმერთის არსებობის გრძნობა. სამაგიეროდ... არ მწამს აღდგომის... ხოლო რადგან ეს არ მწამს, არა მჯერა სიკვდილის შემდეგ ავტომატურად ჯილდოს მიღებისა... ის, რისი ნაკლებობაც ქრისტიანულ რელიგიაში იგრძნობა, არის უნდობლობა სხეულის მიმართ. არა სხეულის კულტი, არამედ მისი უმნიშვნელო საგნად აღთქმა. სხეულის ასეთი უგულვებელყოფა ჩემში უკურეაქციას იწვევს. არაა ჩემი გმირი ბოძზე ამძვრალი სიმონ მესვეტე, არც სხეულის ტანჯვა მომწონს... რა არის იმაში მოსაწონი, რომ სული ძლიერი და ამაღლებული მაქვს, ხოლო სხეული მოშვებული და დასუსტებული?! მქონდა ასეთი პერიოდი და ვიცი, რასაც ვამბობ. და კიდევ: რაა იმაში მისაბაძი, რომ სხეული ფანტასტიკური მაქვს, ხოლო სული დონდლო და არაფერი იქიდან არ გამოდის, გარდა ქლიავის ღვეზელის საჭმელად წასვლის სურვილისა?“

ბოლო წიგნი, რომელიც ჰერბერტმა წაიკითხა, უფრო სწორედ, ეკატერინემ წაუკითხა,  ტომას მერტონის[6] „ხუთსართულიანი მთა“ იყო.

1998 წლის 27 ივლისს ჰერბერტი ისე შეუძლოდ შეიქნა, რომ ეკატერინემ სასწრაფო დახმარება გამოიძახა. პოეტი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც დილით 74 წლის პოეტი უკვე აღარ იყო ცოცხლებს შორის.

,,მოკვდა დიდი პოეტი. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ყოველ ქვეყანას მხოლოდ რამდენიმე ისეთი პოეტი შეიძლება ჰყავდეს, რომელთა სიტყვები თაობიდან თაობას გადაეცემა. ასე მოხდა ჰერბერტის შემთხვევაში, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში“ - მილოში თავის მეგობარ პოეტს ამ სიტყვებით სამუდამოდ დაემშვიდობა. 

 



[1] იოზეფ პილსუდსკი (1867-1935) - პოლონელი სამხედრო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაური 1918-1922 წწ. პოლონეთის არმიის დამაარსებელი, მარშალი.

[2] პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1926-1939 წწ. სწავლული ქიმიკოსი, პოლონეთის ქიმიური მრეწველობის დამაარსებელი.

[3] გორაკი კრაკოვში, სადაც პოლონეთის მეფეთა და ეროვნულ მოღვაწთა პანთეონი მდებარეობს.

[4] პოლონეთის მიერ კონსტიტუციის მიღების თარიღი, 1791 წელს, პირველად ევროპაში.

[5] ლუკრეციუსის პოემა „საგანთა ბუნება“

[6] ტომას მერტონი (1915-1968) - ამერიკელი პოეტი, ბერი, ღვთისმეტყველი.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE