ტანჟერის დღიურები


ტანჟერის დღიურები




პოლ ბოულზი 21 წლის იყო, ჩრდილოეთ აფრიკას პირველად რომ ესტუმრა. ახალგაზრდა მწერალზე არაბულ სამყაროს დიდი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა, რადგან მისი პირველი რომანი „ზეცის საფარველი“, რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა (მოგვიანებით ბერტოლუჩი წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმს გადაიღებს), სწორედ ჩრდილოეთ აფრიკაში ვითარდება. 1947 წელს მწერალი საბოლოოდ გადასახლდა ტანჟერში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა კიდეც. პოლი აქტიურად წერდა, თარგმნიდა, ქმნიდა მუსიკას და მეგობრობდა ბერბერ უწიგნურ მწერლებთან. ისმენდა მათ ზეპირ ამბებს და შემდეგ მათზე თხზავდა წიგნებს და მუსიკას. პოლის სახლი ამერიკელი და  ევროპელი იმიგრანტების თავშესაფრად იქცა, ბიტნიკების მექად. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ ალენ გინსბერგი, უილიამ ბეროუზი, ტენესი უილიამსი, ალფრედ ჩესტერი, ტრუმენ კაპოტე, ჯეკ კერუაკი, პატი სმიტი და სხვა მრავალი. პოლ ბოულზიმ თარგმნა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაროკოელი მწერლის, მუჰამედ შუკრის რომანი „მხოლოდ პურისთვის.“

პოლ ბოულზი 1999 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ტანჟერში.

მისი და მისი თანამედროვეების -  ირა კოენის, ალენ ჰიბარდის, დანიელ აბდი ალ-ჰაი მურის და სხვათა ნაწერები და დღიურები მათი მაროკოში ცხოვრების შესახებ „ნექსუს ჟურნალის“ ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა. აქვეა შესული ცნობილი მაროკოელი ამბავთმთხრობელის, მუჰამედ მრაბეტის მოთხრობა, რომელიც ინგლისურად თავად პოლ ბოულზიმ თარგმნა.

 

 

ალენ ჰიბარდი

 

ალენ ჰიბარდი, ამერიკელი მწერალი და პოლ ბოულზის ბიოგრაფი, ავტორია ცნობილი წიგნებისა „საუბრები უილიამ ბეროუზთან“, „პოლ ბოულზი: მხატვრული მოთხრობის კვლევა.“

 

ტანჟერში დაბრუნება: დღიური

 

9 ოქტომბერი, 97

იმ დროისათვის, როცა „ბისმილაჰ“[1] ტანჟერის ნავსადგურს მიადგა, უკვე შებინდებულიყო. ნახევარმთვარე მათლაფასავით ჩამოკიდებოდა ცას. ვენერა და სატურნი კაშკაშებდნენ. ნავსადგური გამოჩნდა თუ არა, ხარბად შევუდექი ქალაქის შესწავლას. შორიდან ვცდილობდი მისი უბნები გამომეცნო. ათი წელი გასულიყო  ჩემი ბოლო ვიზიტიდან. ნელა-ნელა აღმიდგა მოგონებები. ერთადერთი, რასაც ვხედავ, განათებებია. ვცდილობ, დავადგინო სასტუმრო „კონტინენტალის“ ადგილმდებარეობა. ის კი ვიცი, რომ მედინასა და ნავსადგურს შორის უნდა იყოს.

ჩემი ბარგი წამოვკრიფე. თავიდან მოვიშორე აბეზარი მტვირთავები, კონსიერჟები და ტაქსის მძღოლები. სასტუმროში შევედი. მიმღებში აბდელსალაამი ზუსტად იმავე ადგილას დამხვდა, სადაც 10 წლის წინ დავტოვე. ფართო ღიმილმა სახე გაუბადრა. „ოჰ, ბატონო ჰიბარდ, რა დრო გავიდა. ოჰ, ზამალეკ, ზამალეკ!“[2] წამოიძახა და ამით ხაზი გაუსვა, რომ ახსოვდა, წინა სტუმრობისას კაიროში რომ ვცხოვრობდი. პიტნის ჩაიზე დამპატიჟა. გამოჩნდა აბელატიფიც, რომელსაც 1987 და 1988 წლების ზაფხულში საუზმე მოჰქონდა ხოლმე ჩემთვის,  და მანაც მაშინვე მიცნო. გულუხვად მომესალმა მაღრიბულ დიალექტზე. მას ისევ იგივე სამოსი ეცვა, რაც წინათ: წითელი ფესი[3], თეთრი პერანგი და შავი მაროკოული შარვალი - საერთოდ არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით დროის იმ კვალს, რომელსაც ათი წელი ტოვებს სხეულზე. იქვე იყო მორიდებული მრეცხავი ქალი. მან მორცხვად გამიღიმა და ამით მიმახვედრა, რომ მიცნო. საინტერესოა, ის თუ ახსოვს, გასარეცხად მიცემულ შარვლის ჯიბეში ჰაშიში რომ ჩამრჩა. მან იპოვა და უჩუმრად დამიბრუნა. დღემდე მისი მადლიერი ვარ გამოჩენილი ტაქტისთვის. იმ დღეს, მახსოვს,  ფეხის ქირა გავუორმაგე. საღამოს მუსტაფა მოვძებნე. ის მამარაგებდა ხოლმე მოსაწევით. მისი მოძებნა არ გამჭირვებია. და არც დამჭირვებია. ისევ იქ იდგა, სადაც ათი წლის წინ დავტოვე, სასტუმროს გვერდით მდებარე კაფეს კედელზე არხეინად მიყუდებული. „ყოველ დილით ვიღვიძებ და ამ სანახაობას ვუყურებ,“ მითხრა მან, „რად მინდა მოგზაურობა, ხალხი თავად მოდის ჩემთან, ასეა, აი, შენც, ჩემო კარგო მეგობარო, შენც მოხვედი ჩემთან. და ჩვენ შენ კარგად დაგხვდებით, იმიტომ, რომ შენ კარგი ადამიანი ხარ.“ ვხვდები, რომ ამ ტკბილი საუბრით იგი ჩვენი ძველი ბიზნესის  აღდგენას ლამობს.

 

11 ოქტომბერი

გუშინ ფილიპის სანახავად წავედი. სუკის[4] გავლით უშეცდომოდ გავიკვლიე გზა, მდელოზე ავედი, ესპანურ კულტურულ ცენტრს გავცდი და მივაღწიე  იმეუბლე იტესას აპარტამენტებს, სადაც იმ დროს პოლი ცხოვრობდა. ფილიპს გავესაუბრე რამდენიმე წუთით და შემდეგ პოლის სანახავად ავედი.

პოლი საწოლში დამხვდა. გაფითრებული, მობერებული და დამჭკნარი. მაგრამ, მაინც მოღიმარი ასხივოსნებდა თავის ჩვეულ ხიბლს. მისი გონება საღია, ცნობისმოყვარე, ახლის მაძიებელი. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვეღარ ხედავს და სმენაც დაუქვეითდა. ხშირად გაიგონებთ, როგორ ღრიალებს, „რაო? რა თქვი?” (თუმცა ალფრედი[5] სულ ამტკიცებდა, იგონებს, ვითომ არ ესმისო). ფილიპი ნერვიულად დადიოდა ოთახიდან ოთახში ტელეფონით ხელში.  პოლის მუსიკის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ და  ხელშეკრულების ჩამოტანას აგვიანებდნენ. „ვინ არის ეს ხალხი, საიდან მოვიდა? - ხშირად წამოიძახებდა ხოლმე ქუჩაში, მაროკოელ ხალხს რომ ხედავდა. ხოლო, როცა იქაურ ქალს დაინახავდა ჰაიკში,[6] ასე ამკობდა: „აი, კიდევ ერთი მოსიარულე სარეცხის გუდა.“

ვირჯინიამ წასვლისას მოგვაძახა: „ხვალამდე, პოლ! ოჰ, და ალენ, იმედია სამშაბათს მოხვალთ ვახშმად.“ აბდელოუედი, პოლის მძღოლი, ყოველდღე მოდის, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ პოლი რიგიანად ვახშმობს, შედი-გამოდის პოლის საძინებელში. მე და პოლი ვსაუბრობთ, ვიხსენებთ იმ დროს, როცა ბოლოს ვიყავი აქ. ერთად ვსეირნობდით და მანქანით დავდიოდით აქეთ-იქით. მოვუყევი ჩემი მოგზაურობის შესახებ. მერე ალფრედზე ვსაუბრობთ. პოლი ჯანჯაფილის ორცხობილას მთავაზობს, რაზეც თავაზიან უარს ვეუბნები. ის მაინც განაგრძობს წიგნებით, ქაღალდებითა და ნახევრად ცარიელი წამლის ქილებით სავსე მაგიდაზე ხელების ნერვულ ფათურს. მე ვეკითხები, რამით თუ შემიძლია დახმარება. ის ჩერდება და ამოიოხრებს: „შეგიძლია, სიკვდილში დამეხმარო?“ ვსაუბრობთ ტანჟერში მისი ცხოვრების შესახებ. „ყველა მეკითხება, რატომ გადავწყვიტე აქ დარჩენა. მათ არ ესმით, რომ მე ამ ყველაფერს პრაგმატულად ვუყურებ. იმდენი ხანია აქ ვცხოვრობ, რატომ უნდა წავიდე სხვაგან, მაინცდამაინც ახლა?“

ფილიპი და აბდელოუედი ოთახში დაბრუნდნენ და ჩვენ ათას რამეზე დავიწყეთ ხუმრობა და ლაზღანდარობა, უმეტესად კი სექსზე, იგივე ატაჰარიზე, როგორც ამას ადგილობრივები ეძახიან. აბდელოუედი გვეკითხება,  ვოშკას თამაში თუ ვიცით. ჩვენ ვპასუხობთ, რომ არა. თამაშში ოთხი კაცი მონაწილეობს. თამაშის ბოლოს ირკვევა, ვის ვისთან უნდა ჰქონდეს სექსი. აბდელოუედი ძაფს კუჭავს ისე, რომ მხოლოდ ოთხი ბოლო მოჩანს. თითოეული ვირჩევთ თითო წვერს, რის მერეც თითო ძაფის ორი ბოლო ერთიანდება და მეწყვილეებიც გამოვლინდებიან: მე პოლი შემხვდა, ფილიპს - აბდელოუედი.

მე და ფილიპი გიტასთან მივდივართ სავახშმოდ. გზაში ფილიპი წუწუნებს, რომ ტანჟერში ცხოვრება სულ უფრო და უფრო სახიფათო გახდა. მისი კრიმინალური ამბებით გატაცება კიდევ უფრო გაზრდილიყო ამ ბოლო წლებში. ეს ალბათ პოლის გავლენა იყო. მან კიდევ ერთხელ მიამბო ტელეფონით უკვე მოყოლილი ამბავი: როგორ დაჭრეს დანით მისი მეგობარი კარიმი „ნაიკის“ ბოტასის გამო, რომელიც მისი ნაყიდი იყო. უფრო მეტი ხალისით მომიყვა, ახლახან, ძლიერი წვიმის დროს, როგორ ჩავარდნილა ერთი მაროკოელი ქალი საავდრო საკანალიზაციო მილში. მისი ცხედარი ჯერაც ვერ უპოვიათ. ალბათ წყლის დინებამ ზღვაში გაიტანაო.

შენობის გარე კედელზე ერთადერთი პატარა, მბჟუტავი, წითელი წარწერით ვერავინ მიხვდება, რომ შენობა, სადაც მივედით, რესტორანია. თავისი გაპარტახებული ბაღით, მიმოყრილი ნაგვითა და გაუსხლავი ბუჩქებით ის უფრო წაქცევის პირას მისულ სახლს ჩამოჰგავდა. კოლონიალური პერიოდის ბოლო ბასტიონს. თანამედროვე ტანჟერის მკაფიო ნიშანი. კარი მოხუცმა კაცმა გაგვიღო. სქელმინებიანი სათვალე ეკეთა და წითელი ფესი ეხურა. ლონ ჩეინს ჰგავდა. რაღაც ჩაიბუტბუტა და გაუჩინარდა. ჩვენ ჩვენით მოვძებნეთ დასაჯდომი ადგილი. ჩვენ გარდა მხოლოდ ერთი მაგიდა იყო დაკავებული. გიტა თავად გამოემართა ჩვენკენ შეკვეთის მისაღებად თავისი დიდი მკერდის ქნევით. ორივემ ხბოს ხორცი ავიღეთ. მალე კარიმი შემოგვიერთდა, რომელიც კერეტთან ერთად დილის ოთხი საათიდან მუშაობდა ჟან-კლოდ ვან დამის ფილმზე, რომელსაც აქ იღებდნენ. კარიმი იდეებით იყო სავსე, მაგრამ დაღლილი და გაღიზიანებული. ჩემთან ძალიან თავაზიანი და მეგობრული, ფილიპის მიმართ კი ფხუკიანი და ანჩხლი. არც ფილიპი დარჩენია ვალში. ორივეს ყოჩობა უნდოდა და თან ჩემთან თავი მოჰქონდათ, აქაოდა, მე ვარ მთავარიო. მეტოქეები ერთმანეთს კარგად სცნობდნენ და იცოდნენ, როგორ გაეღიზიანებინათ ერთმანეთი. მე მათი უნებური მაყურებელი გავხდი.

 

13 ოქტომბერი

ბევრ დღეს ვაცდენ. ბევრი არაფერი ჩამიწერია. ბევრსაც არ ჩავწერ.

ჩემი საათი გაჩერდა რამდენიმე დღის წინ. მესაათეს წავუღე, პატარა დახლთან რომ ეჭირა ადგილი მინზაზე. ცოტა გაკვირვებული ჩანს, რადგან თანამედროვე არაბულით მივმართე (აქ სრულიად გაუგებარ მაღრიბულ დიალექტზე საუბრობენ). ასე თქვა, ბატარეა ჯდებაო და ახალი ჩასვა, თუმცა არც ძრავა აქვს ძლიერიო. მომდევნო ღამით საათი ისევ გაჩერდა, ამიტომ წარმოდგენა არ მქონდა, როდის გამეღვიძა. ისევ წავედი ჩემს მესაათესთან და ვთხოვე, ძრავა გამოეცვალა. მან ფული გამომართვა, საათი დაიტოვა და ხუთი საათისათვის დამიბარა. თავიდან უნდოდ შევხედე, ვყოყმანობდი, მაგრამ ბოლოს დავთანხმდი. სხვა რა გზა მქონდა.

შიდი ბუჯარის ოცდარვა ნომერი ვიპოვე, სადაც ალფრედი ერთი თუ ორი წელი ცხოვრობდა. პოლმა მითხრა, რომ მისი სახლიდან ძალიან ახლოს იყო, იქვე, კუთხეში. მაღაზიაში გავიკითხე.

„კი, კი, შიდი ბუჯარის ქუჩა.“ მითხრა ორმოცდაათიოდე წლის კაცმა, „რატომ ეძებ ოცდარვა ნომერს?“ ვუთხარი, რომ იქ ერთი ამერიკელი ცხოვრობდა ასე ოცდაათი წლის წინ. „ახლა იქ ახალი საცხოვრებელი სახლი ააშენეს, თავად ნახეთ“ და ხელი გაიშვირა ქუჩის ბოლოსკენ. იქ მართლაც იდგა ბეტონის დაუმთავრებელი, უშნო, ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. რამოდენიმე სურათი გადავიღე. მუშები უნდოდ მიყურებდნენ ამის გამო.

ექვსი საათისათვის ფილიპთან ვიყავი. გადავწყვიტეთ, ვახშმამდე პოლისთვის გაგვევლო. ის საწოლში დაგვხვდა. წინა დღეს ექიმთან იყო. ემფიზემა დაუდგინეს. ექიმმა სასტიკად აუკრძალა მოწევა, ის კი წინა დღეს, სანამ ჩაწერას დავიწყებდით, მარიხუანას ეწეოდა. „მაინც როდის უნდა დაანებო თავი“ გამოვრთე ჩამწერი და ვკითხე. „დავანებებ, რა თქმა უნდა, დავანებებ!“

უკან მიბრუნებულებს ბიჭებიც სახლში დაგვხვდნენ. კენეტი დაღლილობას იმიზეზებს და თავის ოთახში შედის. ფილიპი სამზარეულოში გადის ერბოკვერცხის შესაწვავად. კარიმი მოსაწევს გაახვევს. იატაკზე ვსხედვართ ერთიმეორის გვერდით და ვეწევით. ის თან სარკეში შეჰხარის თავის თავს და კიდევ უფრო იმართება წელში.

როცა ღამით, ათი საათის მერე ან უფრო გვიანაც, ვბრუნდები სასტუმროში, ისინი მზრუნველობით, ხან კი შეშფოთებით მთხოვენ, რომ ტაქსი დავიჭირო, მითუმეტეს თუ შემატყვეს, რომ ფეხით სიარულის ხასიათზე ვარ. „ხომ გაქვს საკმარისი ფული?“ - მეკითხება კარიმი. საფულეს ვიღებ და ხურდას ვითვლი. ის სამ დირჰამს მიმატებს.

გარეთ რომ გამოვედი, სასტუმრომდე ფეხით გადავწყვიტე მისვლა. თუმცა მაინც აქეთ-იქით ვიხედებოდი ფრთხილად. ფილიპის მონათხრობი ჯერ კიდევ ყურებში მიგუგუნებდა. წარმოვიდგინე, როგორ გადმოხტება ვიღაც უცნობი სიბნელიდან, ჩამარტყამს დანას, ამაცლის საფულეს და მიმაგდებს ასე სასიკვდილოდ განწირულს. მაინც რა იწვევს ამ შიშებს? ეფემერულია ჩვენი შიშები, მოკლებული ყოველგვარ საფუძველს თუ ბოულზის კითხვისა და ფილიპის მონათხრობის ლოგიკური შედეგია? უცებ აღმოვაჩინე, რომ ცხოველების მსგავსად, ადამიანებიც ძალიან მალე ამჩნევენ შიშს, ხოლო შიშის წყაროს მიმართ თაყვანისცემის ბუნებრივი მიდრეკილება აქვთ.

 

14 ოქტომბერი

ქარიანი დილაა. პალმის ტოტები ერთმანეთს ეხეთქება. ხანდახან ზოგიერთი მოტეხილი ტოტი უსულოდ ენარცხება მიწას.

გუშინ მთელი დღე ვიარე, შემოვიარე ძველი მთა ვილა პალმას ძებნაში. ამაოდ.

 

15 ოქტომბერი

ქარი არ ჩამდგარა. ძილ-ბურანში ვარ და წარმოვიდგინე, თითქოს ჩემი ძმის სახლში ვარ, ვაშინგტონში და არყის, ალვის და აკაციის ხეებს შორის წუის ქარი. ვილა პალმა ვიპოვე. პოლმა მიმასწავლა ზუსტად. უკანა გზაზე ერთ კაფეში შევედი. კაცები ისხდნენ, მარიხუანას ეწეოდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. ცოტა რომ გავშინაურდი, საჭირო მომენტს დაველოდე და ალფრედ ჩესტერის სახელი ვახსენე, ამერიკელი, რომელიც ოცდაათიოდე წლის წინ ვილა პალმაში ცხოვრობდა. ერთ-ერთი მათგანი ამის გაგონებაზე გამოცოცხლდა, თითქოს ერთბაშად გამოერკვა მარიხუანის ბინდბუნდიდან და წამოიძახა: „აჰ, ეგ შერეკილი თავმოტვლეპილი ამერიკელი, დღე და ღამე გადებული მყავდა.“ ამ კაცს გავეცალე, სხვას მივუბრუნდი, ჩემზე გაცილებით ახალგაზრდას, და მას გამოველაპარაკე, თან იმაშიც დავარწმუნე, რომ ჭეშმარიტი მუსლიმი ვიყავი.

 

16 ოქტომბერი

დრო სწრაფად გადის. საწოლიდან ადგომა მიჭირს. თავი მიბრუის.  ნეტა რომელი საათია? დღეს რა საქმე მაქვს? რაღას ვაკეთებ აქ? მომწყინდა. წასვლის დროა. ჩემს აქ დარჩენას აზრი აღარ აქვს. რომ ვწერდე, კიდევ ხო. უქნარა მეოცნებედ გადავიქეცი. ხვალ ფილიპიც წავა და დამლაპარაკებელიც აღარ მეყოლება. რას ვაკეთებ ამ სასტუმროში, რომელსაც აშკარად უკეთესი დღეები უნახავს, ან ამ ქალაქში, რომელსაც უკეთესი დრო ახსოვს, ან პოლთან რაღა დამრჩენია, რომელსაც უკეთესი ცხოვრება გამოუვლია. ყველაფერი ხრწნისკენ მიდის. ყველაფერი.

სულ ათი დღე გავიდა, რაც აქ ვარ, მაგრამ ესეც საკმარისია, რომ ადამიანი ჭკუიდან გადავიდეს, მოსწყდეს საკუთარ კულტურულ ფესვებს, ამ პოტენციურად მტრულ გარემოში, პოლ ბოულზის აჩრდილის ქვეშ, რომელიც დღედაღამ თავს დაგტრიალებს. მახსენდება ნაწყვეტი ფრანსის პულის სტატიიდან „ტანჟერი და მისი რიტმი,“ რომელსაც ახლა ვკითხულობ: „ტანჟერი განსაკუთრებით მოქმედებს ფაქიზი ნერვული ფსიქიკის მქონე ადამიანებზე, სულ ადვილად შეიძლება მიიყვანოს ისინი გაუწონასწორებელ მდგომარეობამდე,  სიგიჟემდეც კი. თავი სრულად დააკარგვინოს.“ ვფიქრობდი, როგორ გაგიჟდა აქ ალფრედი, როცა პირველად ჩამოვიდა 1965 წელს. მერეც, მეორედ რომ ჩამოვიდა და ჯერ ასილაში, შემდეგ კი ვილა პალმაში ცხოვრობდა. რამდენიმე წერილის გარდა იმ პერიოდში არაფერი დაუწერია. როგორც ჩანს, დეპრესიით იტანჯებოდა. პოლმა გაიხსენა ერთხელ, მასთან მისულს მთელი ოთახი დამპალი ფორთოხლით სავსე დამხვდაო. ვიღაცისგან უყიდია მთელი ყუთი. კაცმა არ იცის, რატომ.

 

18 ოქტომბერი

ნახევარი საათია უკვე ვიცდი. კარიმი მაინც არ ჩანს. არადა, შევთანხმდით, რომ ათ საათზე შევხვდებოდით და ასილაში წავიდოდით დრის[7] შესახებ ცნობების შესაგროვებლად. ალბათ ჩაეძინა, ვან დამის კინოს გამო ძალიან იღლება, ან საერთოდაც დაავიწყდა. მაინც ახლოს ვიყავი და გადავწყვიტე პოლისთვის შემევლო გზად და დავმშვიდობებოდი. ვაკაკუნე, მაგრამ კარი იქაც არავინ გამიღო. ახალგაზრდა ბიჭმა გამომხედა, ვინც იმავე შენობაში ცხოვრობდა და ფრანგულად მითხრა, ბატონი ბოულზი სახლში არაა, ალბათ აბდელოუედთან ერთად გავიდაო.

ქალაქის ცენტრისკენ მივდივარ. ვფიქრობ, კარიმის გარეშე წავიდე ასილაში და მარტო მივყვე დრის კვალს თუ არა. სჯობს, წავიდე, მაგრამ თან მეზარება. რაღას ვაკეთებ ამ ქალაქში. ფილიპიც წავიდა. კარიმის დახმარებით გადავწყვიტე ჩემი დეტექტიური საქმიანობის გაგრძელება. ახლა ისიც აღარ ჩანს. პოლი რომ ახლანდელ ტანჟერში ჩამოსულიყო, საკითხავია, დარჩებოდა კი აქ? აიტანდა ამ აქოთებულ კანალიზაციის მილებს, აქაურების ტურტლიანი, გამხდარი სახეების რიგებს, სიღარიბეს, საცობებს, გამონაბოლქვს - თანამედროვეობის ეს საძაგელი ნაირსახეობები - რაც პოლს ასე სძულს და გაურბის - დარჩებოდა კი ასეთ ტანჟერში, ახლა რომ ჩამოსულიყო პირველად?

მოგვიანებით ისევ გავუარე პოლს, მაგრამ კარი ამჯერადაც არავინ გამიღო. შევშფოთდი. ალბათ რაიმე ზომები უნდა მიმეღო, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ იგი კარგადაა. იქნებ მოკვდა კიდეც და კაციშვილმა არ იცის და ვერც გაიგებს, თუ არ შევედით სახლში. მაგრამ მერე ფილიპის მონათხრობი გამახსენდა, როგორ ნერვიულობდა მთელი კვირა პოლზე, რომელიც კარს არ აღებდა. თურმე ეძინა და კაკუნი არ ესმოდა. ხოდა, მეც მოკლე ბარათი დავუტოვე და სახლში დავბრუნდი.

„ბოლოს ყველა ისეთ სიკვდილს იღებს, როგორიც თავად ამოირჩია,“ უთხრა გლორია კირბიმ[8] დევიდ ჰერბერტს[9]. „პოლმა თავად მიიმწყვდია საკუთარი თავი კუთხეში.“ ამაზე წარმოვიდგინე, როგორ შეეპასუხებოდა თავად პოლი, „მქონდა კი სხვა გზა?“ და მახსენდება ნაწყვეტი მისი ავტობიოგრაფიიდან „შეუჩერებლად“, რომელიც 1972 წელს გამოაქვეყნა:

„მაროკოელები ამტკიცებენ, იმისათვის, რომ ცხოვრება მთელი სისავსით შეიგრძნო, საჭიროა, სიკვდილს უმზირო გამუდმებითო. უდავოდ ვეთანხმები. სამწუხაროდ,  ჩემი სიკვდილის ჭვრეტა იმით შემოიფარგლება, რომ საკუთარ თავს წარმოვიდგენ ძალიან მოხუცს, უკბილოსა და დაუძლურებულს, რომელსაც სხვისი დახმარების გარეშე გადაადგილებაც კი უჭირს. დამხმარე, რომელიც, რა თქმა უნდა, გასამრჯელოს იღებს გაწეულ სამსახურში, შეიძლება, ნებისმიერ დროს წავიდეს და სიკვდილის ამარა მიმაგდოს. თქმა რად უნდა, როდესაც სიკვდილის ჭვრეტაზე საუბრობენ, მაროკოელები ამას სულაც არ გულისხმობდნენ, და ალბათ ჩემს აზრებსა და წარმოდგენებს დამამცირებელ შიშად მონათლავდნენ. ვერც გაამტყუნებ. ერთი კულტურის თერაპია, მეორე კულტურის ტანჯვას შეიძლება წარმოადგენდეს. „მშვიდობით,“ ეუბნება მომაკვდავი  კაცი საკუთარ თავს სარკეში, „ჩვენ ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით.“ როდესაც ვალერის ეს ეპიგრამა გამოვიყენე ჩემს რომანში  „ზეცის საფარველი“, მაშინ ეს ფანტაზიის სევდიანი და მკვეთრი გამოვლინება იყო და მეტი არაფერი, ლიტერატურული ტრიუკი. ახლა კი, როცა მაყურებლიდან მე თავად ვიქეცი მოქმედ გმირად, აღმოვაჩინე, თუ რაოდენ დამთრგუნველია ეს ყველაფერი. მოკლედ რომ ვთქვათ, მომაკვდავ ადამიანს ორი სიტყვის მეტი არაფერი დარჩენია: „გმადლობ, უფალო“

ფული გადავახურდავე, რათა სასტუმროს ხარჯი გამესტუმრებინა და ახლობლებისათვის პატარ-პატარა საჩუქრები მეყიდა. აქაური ჩაის ჭურჭელი ბერბერული მოტივით, ტყავის საფულეები და ათასი წვრილმანი.

მაღრიბი. დაისი. ციდან დაშვებული ნაადრევი მზის სხივები, თეთრად, ყვითლად და ლურჯად რომ ირეკლება და მე ვფიქრობ... ესეც ხომ სახლი იყო, მთელი თავისი უცნაურობებით, ხომ დამაბრუნა თავის წიაღში, რათა ჩემი მოგონებების მეტრზე კიდევ ერთხელ მოეზომა დროის წარმავლობა და სიცოცხლის ზეიმი.

 

 

დანიელ აბდი ალ-ჰეი მური

 

ამერიკელი პოეტი, ესეისტი და ლიბრეტისტი, 1970 წელს სუფიზმის მიმდევარი გახდა და სახელი შეიცვალა აბდ ალ-ჰაი მურად.

 

სუფის დაბრუნება

 

„სუფის წიგნი მხოლოდ მელანი და ასოები არაა,

ესაა გული, სპეტაკი, როგორც თოვლი“

რუმი, „მესნევი“

 

 შევეჩვიე ჰალუცინაციებს; სულ უფრო ხშირად ვლანდავ მეჩეთს, ნაცვლად ქარხნისა.

არტურ რემბო, „სეზონი ჯოჯოხეთში“

 

გვიანი 1980-იანი წლები იყო. კალიფორნიაში კაფე „სანტა-ბარბარას“ ტერასაზე ვსადილობდი ლორენს ფერლინგეტისთან ერთად, სან-ფრანცისკოელი და იმ დროს უკვე სახელმოხვეჭილი მწერლების გამომცემელთან. მან ჩემი ადრეული ლექსები გამოსცა ორ წიგნად, მე კი სანტა-ბარბარას ხელოვნების ფესტივალზე მივიწვიე იგი, რათა საკუთარი ნაწერები წაეკითხა. თავის 1969 წელს გამოცემული წიგნის შესავალში ჩემზე ასე წერს: „მური სუფი გახდა და რემბოს მსგავსად წერილობით პოეზიაზე უარი განაცხადა.“ ყავის დასალევად კაფე „ტრიესტეში“  წავედით და მან გაიხსენა, რომ ჩვენ, ყველა, კულტურული შოკის ქვეშ ვიმყოფებოდით, თითქოს თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა პლანეტიდან ჩამოსულიყო. იგი დაინტერესდა იმით, თუ რას ვსაქმიანობდი მთელი ის წლები, რაც ერთმანეთი არ გვენახა: „რატომ არ წერ შენს შთაბეჭდილებებზე? დაწერე პატარ-პატარა ეპიზოდები, მაგრამ წერე ყოველდღე და ერთ დღესაც ნახავ, რომ ასე მთელ წიგნს დაწერ. დაარქვი ‘სუფის დაბრუნება’.“ შემდეგ თავისი გამოუცნობი, ლაჟვარდოვანი თვალები აუციმციმდა, ირიბად გამიღიმა და მითხრა: „დაწერე, სანამ დაგვიანებულა.“

 

მაროკო

როგორც იქნა, მაროკომდე ჩამოვაღწიეთ. მანამდე კი იყო გრძელი და მშფოთვარე გზა. ბორანით გადმოვცურეთ გიბრალტარი, დავლანდეთ ამ უჩვეულო ტერიტორიის კულტურული მრავალწახნაგები (ჩრდილო-აფრიკული? ესპანური? ბრიტანული?). ყველგან შავ-თეთრი კრამიტია, საჭადრაკო დაფის დარად.

საზღვარი და საბაჟო დაუბრკოლებლად გავიარეთ. ინგლისთან შედარებით პროცედურა აქ მარტივი იყო. უკიდეგანოდ მოწყენილი მაროკოელი პოლიციელები პირქუშად იყურებოდნენ, მაგრამ მათგან არანაირი საფრთხე არ გველოდა. სუფთები ვიყავით. მართალია, ცოტა მოუწესრიგებლები, აწეწილები, მოჰიპოები, მაგრამ არც მოსაწევი გვქონდა, არც კონტრაბანდა, არც ფოტოაპარატი ან სხვა რაიმე ძვირფასი ნივთი, რომლებსაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს მივასაღებდით. ამიტომ ვიძახი, სუფთები ვიყავით-მეთქი. ისლამის რჯულზე ახალი მოქცეულები მექნესში მოსალოცად მივდიოდით და გულიც სასწაულის მოლოდინით გვიცემდა.

ტანჟერზე ლეგენდები დადის, მაგრამ ქალაქმა გაგონილს გადააჭარბა. იქ ჩასულებმა მაშინვე სასტუმრო „კონტინენტალს“ მივაშურეთ, სადაც წინდაწინ, ჯერ კიდევ ლონდონიდან დავიკავეთ ოთახები, არც ისე ძვირად. ეს ძველებური, გვიანდელი მე-19 საუკუნის მოფამფალებული სასტუმრო, რომელიც გორაკზე გაშლილიყო და ამაყად გადაჰყურებდა ნავსაშენებს,  ევროპული ელეგანტობისა და დახვეწილობის ნიმუშს წარმოადგენდა. სასტუმრო მოხუცი ფრანგი ცოლ-ქმრის განკარგულების ქვეშ იყო. კონსიერჟი კაცი ბუზღუნა და სულმთლად დანაოჭებული, ჟილეტში გამოწყობილი, შესაბამისი ძველებური ჯიბის საათით თავის აფორიაქებულ, მაგრამ მაინც ელეგანტურ ცოლთან ერთად, რომელსაც ნიკაპამდე გამონასკვული ზონრიანი სამოსი ეცვა, სასტუმროს ძველებურ ფონს ბრწყინვალედ შეესაბამებოდა. სასტუმროს ძველი, მაღალჭერიანი ოთახები ასკეტურად იყო გაწყობილი. ოთახებში რკინის საწოლები იდგა და მის ძველ იატაკს სიარულისას ჭრაჭუნი გაუდიოდა. ისეთი გარემო სუფევდა, გასაკვირიც არ იქნებოდა, უეცრად დერეფანში ჰამფრი ბოგარტს რომ გადაყროდით. შევთანხმდით, როგორ გავნაწილდებოდით ოთახებში და ნაჩქარევად მივაშურეთ ქალაქს.

ჩვენი გიდის, აბდ ალ-ქადირის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ შემოვიარეთ ბაზარი, რათა მაროკოული ხალათები გვეყიდა. ეს გარეგნულად ნაკლებად თვალშისაცემს გაგვხდიდა და ანონიმურობას შეგვძენდა, თუმცა ერთი შემოხედვაც კმაროდა, კაცი მიმხვდარიყო, რომ შენიღბული დასავლელი ნეოფიტები ვიყავით. მაროკოული ხალათები მაინც ვიყიდეთ, რათა ჩვენი მექნესელი სუფი თანამოძმეების შესაფერისად გვცმოდა.

ჯელაბა, ასე ეძახიან მაროკოულ ხალათს. ის გრძელია, შალისგან მოქსოვილი, მთელ სხეულს ფარავს და ფრანცისკანელი ბერის მსგავსად, დიდი კაპიუშონი დასთრევს უკან.  ასევე მოვიმარაგეთ თეთრი და ოქროსფერ-ყვითელზოლებიანი ჩალმები, ტყავის ფლოსტები და კრიალოსნები, რომლებსაც მორწმუნეები ზიკრის[10] დროს იყენებენ, რათა ლოცვა დაითვალონ. ჯგუფებად დავიყავით (სულ ცამეტნი ვიყავით). ისინი, ვინც მაროკოში უკვე ნამყოფები იყვნენ (ჰაშიშის მწეველები), გაგვიძღვნენ ბაზარში პირველი თავგადასავლის ძიებაში.

ჩვენმა გიდმა მკაცრად გაგვაფრთხილა, ციბრუტიანი ტურისტებივით არ ჩამოვმდგარიყავით თვალებდაელმებულები, ჯგუფს არ ჩამოვრჩენილიყავით და უსაქმურად არ გვეყიალა.  ასევე გვეკრძალებოდა ავყოლოდით მაცდურ ეგზოტიკას. ამის მაგივრად, გვირჩიეს, უყოყმანოდ აგვეღო ის, რისი ყიდვაც გვინდოდა, გადაგვეხადა საფასური და საჩქაროდ გავცლოდით იქაურობას. ზედმეტი სისულელეების გარეშე!

რამდენიმე პატარა, ჩაბნელებულ, ტყავის სუნით გაჟღენთილ მაღაზიაში შევაბიჯეთ. იქ შალის ჯელაბების გორები დაგვხვდა, ერთმანეთში შეწყვილებული მაროკოული ფერად-ფერადი ფეხსაცმელი, სასიამოვნოდ გაოცებული გამყიდველები კი ფრიად კმაყოფილები ჩანდნენ მოჯადოებული დასავლელი სტუმრების ხილვით, რომლებიც ცდილობდნენ, ადგილობრივ მაცხოვრებლებს დამსგავსებოდნენ.

ჩვენი ასაკის მაროკოელებს მხოლოდ ფრანგული მოდა აინტერესებდათ, ვიწრო ჯინსები, ტანზე შემოტმასნილი სამოსი და მოპედები. ისინი ფრანგულად საუბრობდნენ. ჩვენც. ამიტომ ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ისინი გვეხმარებოდნენ ჯელაბების შერჩევაში. 

უეცრად ერთ-ერთ მაღაზიაში, ხალათებს რომ ვისინჯავდით, შუახნის, დაბალი ტანის, მაგრამ საკმაოდ მოქნილი კაცი შემოვიდა მკაცრი სახითა და მეტყველი თვალებით, გიშერივით შავი წვერით და წვრილი თითებით. პირდაპირ შემოაბიჯა კაშკაშა ქუჩიდან ამ ბნელ მაღაზიაში და მაშინვე საქმეზე გადავიდა. გამყიდველებს მითითებები მისცა, თითოეული ჩვენთაგანი ყურადღებით შეათვალიერა, შემდეგ მზერა ჩვენს ჯელაბებზე გადაიტანა, ან იმათზე, რომლის მოსინჯვასაც ვაპირებდით. ამის შემდეგ ისევე სწრაფად გაუჩინარდა ქუჩაში, როგორც შემოვიდა. მაგრამ სამაგიეროდ დატოვა თავისი მომნუსხველი აურა, თითქოს მოგვაჯადოვაო, და ჩვენც უცებ გამოვფხიზლდით, საქმიანები გავხდით, ზუსტად ვიცოდით, რისი ყიდვა გვსურდა, და ცოტა ხანში ჩვენც ისე შემართებით დავტოვეთ მაღაზია, როგორც იმ უცნაურმა კაცმა, იღლიებქვეშ კი ქაღალდში გახვეული ნადავლი ამოგვეჩარა ამაყად.

ყველანი ერთად დავირაზმეთ და სასტუმროში დავბრუნდით, ისე, რომ აღარსად შევჩერებულვართ და არც გვიყალთაბანდია. არც დრო, არც ფული ქარაფშუტულად არ გაგვიფლანგავს. სწორედ ისე, როგორც ჩვენმა კეთილგონიერმა გიდმა დაგვარიგა. სასტუმროში დაბრუნებულები მეორე ჯგუფს შევხვდით. აღმოჩნდა, რომ ისინი ბაზრის მეორე, საპირისპირო მხარეს იყვნენ, თუმცა ის უცნაური კაცი, ზუსტად იგივე გარეგნობითა და ქცევით, მათაც გადაყრია.

ის კაცი მუქადემი ყოფილა, ტანჟერში შეიხის წარმომადგენელი. მის მოვალეობაში შედიოდა, დაწვრილებით სცოდნოდა ყველა მაღაზიის ასავალ-დასავალი, რა ხდებოდა ბაზარზე და ზოგადად, ყველაფრის კურსში უნდა ყოფილიყო. ამბობდნენ, რომ მას გასაოცარი ნიჭი ჰქონდა, სახლიდან გაუსვლელადაც შეეტყო გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ და საჭირო დროს საჭირო ადგილას გაჩენილიყო. იქნებ მას იმის ნიჭიც ჰქონდა, ერთსა და იმავე დროს ორ ადგილას ყოფილიყო? სუფიზმში ამას აბდალს ეძახიან.  ვინ იცის. ალაჰს ეცოდინება.

აბდ ალ-ქადირს რომ ამოუცნობ კაცზე მოვუყევით, მაშინვე მიხვდა, ვისზეც იყო საუბარი. ეს კაცი თურმე ძალიან  პატარა სახლში ცხოვრობდა და ამბობდნენ, სხეულიდან ბოროტი სულების, იგივე ჯინის გამოდევნა შეუძლიაო.  ამასთანავე, შეიხის მლოცველთა შორის დიდად საეჭვო რეპუტაციით სარგებლობდა. ერთხელ აბდ ალ-ქადირი მასთან სახლში მისულა. სახლის ყველა კედელი შავად ყოფილა შეღებილი და ზედ თეთრსაღებავიანი უშველებელი ფუნჯით კაცი ყურანიდან ამოწერილ ათასნაირ ჯადოსა და ფრაზას ხატავდა. უმეტესობა ახდა და თანაც ძალიან ცუდად. ის კაცი მეტად აღარ შეგვხვედრია.

იმ საღამოს, ვახშმის  შემდეგ, ისევ შევიკრიბეთ ახალნაყიდ მაროკოულ ხალათებში გამოწყობილები და  ჩალმის სწორად გაკეთებაში დავხელოვნდით. ცალკე ცოდნა და მოხერხება სჭირდებოდა ტყავის მაროკოული ჩუსტებით გლუვ ქვაფენილიან ქუჩებში სიარულსაც. არც სხვადასხვა ზომისა და მოდის კრიალოსნები დაგვვიწყებია.

გადავწყვიტეთ, მეჩეთში წავსულიყავით და მაღრიბულ ლოცვას დავსწრებოდით, რომელიც, როგორც წესი, მზის ჩასვლისთანავე იწყებოდა. „გრანდ ოტელის“ თაღოვან ხის ჭიშკარს გავცდით და ჩვენს გიდს, აბდ-ალ-ქადირს გავყევით, რომელიც ნაცნობი მეჩეთისკენ გაგვიძღვა. ღია, უზარმაზარი შენობა იყო, მაღალი მინარეთით, მარმარილოს კიბეებით და გადატვირთული ინტერიერით. ამას გარდა, ყოველი მხრიდან თვალისმომჭრელად ანათებდა საგანგებოდ დამაგრებული ნათურები, რაც საზეიმო და, უფრო მეტიც, საცირკო ატმოსფეროს უფრო ქმნიდა, ვიდრე რელიგიურს.

კაპიუშონებში თავჩარგულები შევედით მეჩეთში. პირველად მეღირსა მუსლიმურ ქვეყანაში ნამდვილ მეჩეთში შესვლა, რაც ადრე, როგორც არამუსლიმს, მეკრძალებოდა. მეჩეთია ადგილი, სადაც მორწმუნე მუსლიმები ლოცულობენ მკაცრი თავდადებითა და რუდუნებით. დღე დღეს მიჰყვება, ღამე - ღამეს, წელი - წელს, რამადანი - რამადანს, და ასე -  სიკვდილამდე. კიბეებზე რომ ავდიოდით, გზად მოხუცი კაცები გვხვდებოდნენ ცელქი, ხმაურიანი ბავშვებით გარშემორტყმულები. ზოგი შედიოდა მეჩეთში, ზოგიც კი იქიდან გამოდიოდა.

ამ ადგილმა და სივრცემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. მიუხედავად თავისი განსაზღვრული და ერთობ ვიწრო დანიშნულებისა, შენობა ჩანდა უზარმაზარი, გაშლილი, უსაზღვრო და ტკბილი. ჰაერში საკმევლის მკვეთრი სურნელი ტრიალებდა. ამას დამატებული უჩვეულო სინათლე და ექო ჯადოსნურ გარემოს ქმნიდა, ისეთს, სადაც ნებისმიერი სასწაული შეიძლება მოხდეს. გაშლილი სივრცისა და ღია სახურავის ფონზე ცარიელი კედლები უსასრულობაში ამავალ თაღოვან გისოსებს ჰგავდა. ვუმზერდი უცნობი ქალებისა და კაცების ზურგებს, რომლებიც ლოცვისთვის ემზადებოდნენ, ან მოსამზადებელ ლოცვებს ლუღლუღებდნენ, ანდაც უბრალოდ ჩუმად ელოდნენ ლოცვის დაწყებას, ხელში კრიალოსანს ათამაშებდნენ, ბავშვებს კიცხავდნენ და სიწყნარისაკენ მოუწოდებდნენ, ან მედიტაციაში იყვნენ ჩაფლულები ან უბრალოდ თვლემდნენ.

თითქოს მოკვდავი და ციური სადგურების გასაყარზე ვიყავით, ინდივიდუალური და ანონიმური ადამიანების გვერდით, დროსა და სივრცეში გამოკიდებულები და ვგრძნობდით ღმერთის თითქმის ხელშესახებ არსებობას.

მინარეთზე დამაგრებული მიკროფონიდან ლოცვის დაწყება გვაუწყეს. კარგად არ მესმოდა ლოცვის სიტყვები. ხალხის ნაკადში იმამსაც კი ვერ მოვკარი თვალი, მაგრამ იმდენი მოვახერხე, რომ წინა რიგში ჩავმდგარიყავი და მშვიდად დავლოდებოდი ლოცვის დაწყებას. კაცებმა ერთდროულად ასწიეს ხელები და ყურებზე მიიდეს. სამარისებულმა სიჩუმემ გადაურა ხალხის ტალღას. მწუხრის ლოცვა დაიწყო. ამას მოჰყვა მეტანიები. ხან დაიჩოქებდნენ, მერე ისევ წამოიმართებოდნენ, ხან სულაც მიწაზე გაერთხმებოდნენ, ხან მხოლოდ თავს უკრავდნენ. ამით აღასრულეს დაისის ლოცვა.

სასტუმროში დავბრუნდით. კაპიუშონიანი დახრილი თავებით, როგორც ეკლესიის მსახურთ შეეფერებათ. არაბესკული, თაღოვანი გზებისა და იქვე ჩამდგარი რვაკუთხა მაგიდების გავლით სასტუმროს თბილ, ნაცნობ დერეფნებს დავუბრუნდით. საკუთარ საწოლებს.

 

 

მუჰამედ მრაბეტი

 

მუჰამედ მრაბეტი მაროკოელი მწერალი, მხატვარი და ამბავთმთხრობელი იყო. მისი მოთხრობები და ზეპირგადმოცემები პოლ ბოულზიმ ჩაიწერა, თარგმნა და გამოსცა ინგლისურად.

 

შოკოლადის კრემები და დოლარები

 

თარგმანი პოლ ბოულზის

(ნაწყვეტი)

 

შუადღეს სამი საათისთვის მივდივარ, - თქვა ბატონმა ჰეპკინმა. კენდი და კაროლა კიდევ რამოდენიმე დღეს დარჩებიან. კიდევ ერთი კაცი მოვა, ზედა სართულს დაიკავებს, მხოლოდ ზედა სართულს, გესმის? მოვა და გაიცნობ.

მაგიდას უსხდნენ და საუზმობდნენ, როცა ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. დრისმა კარი გააღო. იქ ნაზარენე[11] იდგა. „ლევისის“ ჯინსის შარვალში, სანდლებში, ძველ სამხედრო მაისურსა და კარგად გაცვეთილ ქურთუკში გამოწყობილი. სრულიად მელოტი იყო. საძაგელი სახე ჰქონდა.

სახლის პატრონი შინაა? იკითხა.

დიახ.

მასთან ლაპარაკი მინდა.

სახელი?

გადაეცით, რომ ალფრენია.

დრისი სასადილო ოთახში შებრუნდა: ვიღაც უცხო კაცია, ამბობს ალფრენი ვარო.

შემოიყვანე, სწორედ მასზე გეუბნებოდით წეღან, სთქვა ბატონმა ჰეპკინმა.

ალფრენი ოთახში შევიდა. კენდის და კაროლას გაეცნო და მაგიდას მიუჯდა. დრისმა მას ყავა დაუსხა.

ეს დრისია, იგი ამ სახლში ცხოვრობს. უთხრა ბატონმა ჰეპკინმა უცნობს.

ალფრენმა დრისს თავი დაუკრა.

შენ ზედა სართულზე განთავსდები, ქვედაზე კი დრისი იცხოვრებს. მაგრამ იცოდე, მთელი სახლი მას აბარია. თუ რამე დაგჭირდა, მას მიმართე.

დიახ, რა თქმა უნდა.

დრისმა კალათა აიღო და ბაზრისკენ გასწია, მაგრამ ბატონი ჰეპკინი დაეწია და ოცი ათას ფრანკიანი მისცა. საჭმლისთვის, დასძინა თან.

დრისმა საგულდაგულოდ აარჩია პროდუქტი, ივაჭრა და სახლში დაბრუნდა. კენდი და კაროლა კარშივე მიეგებნენ. შეიძლება, სანაპიროზე წავიდეთ, რა თქმა უნდა, ბობი რომ წავა, მერე.

სამ საათზე ტაქსი მოვიდა და ბობი მათ დაემშვიდობა. იგი ტანჟერის აეროპორტიდან მიფრინავდა. წასვლამდე მან ორასი ათასი ფრანკი კიდევ მისცა დრისს სახლის ხარჯებისთვის.

მისი წასვლის მერე დრისი და გოგონები სანაპიროზე გაემართნენ. გოგონებმა გაიხადეს და საცურაო კოსტუმების ამარა დარჩნენ. შემოსილი დრისი კი ჰაშიშიან სიგარეტს ეწეოდა და მათ უყურებდა. თვლიდა, რომ კენდი კაროლაზე უფრო ლამაზი იყო, ყურებით კი მაინც ორივეს უყურებდა. ერთი საათი ან ცოტა მეტი დარჩნენ სანაპიროზე, მერე კი იქვე ბარში შევიდნენ. დრისმა კოკა-კოლა შეუკვეთა, გოგონებმა კი ლუდი. იქ კარგა ხანს დარჩნენ, სანამ დრისმა სახლში დაბრუნება არ შესთავაზა.

უკვე გვიანი იყო, სახლში რომ დაბრუნდნენ. დრისი სამზარეულოში გავიდა და სენდვიჩები მოამზადა. ჩაის დააყოლეს. შემდეგ დრისმა თევზის ტაჟინი[12] შემოდგა ცეცხლზე და ცხვრის ხორცი ჩაშუშა. მისაღებ ოთახში ისხდნენ, ჰაშიშს ეწეოდნენ და ჯილალას[13] უსმენდნენ. ისინი ბედნიერად გრძნობდნენ თავს, ხუმრობდნენ, ცეკვავდნენ და იცინოდნენ. უცებ დრისმა ჰკითხა: რას იტყვით, ეს ღამე რომ ჩემთან გაატაროთ?

ჩვენ თანახმა ვართ, კარგი!

და გაიცინეს.

დრისმა ოთხ ფეხზე დაიწყო სიარული, კენდი ზედ მოაჯდა და ასე დადიოდნენ ოთახში, შემდეგ ადგილები გაცვალეს, ახლა კენდი დაატარებდა დრისს. კაროლას იმდენი ჰაშიში მოეწია, მოძრაობის თავი აღარ ჰქონდა. იგი ზურგზე იწვა და პირდაღებული უყურებდა მათ. იგი იცინოდა. როგორ არ ცდილობდა, მაგრამ ადგომის თავი არ ჰქონდა.

ათ საათზე სამზარეულოში გავიდნენ და გემრიელად ივახშმეს. ყავა დააყოლეს და გნაუას[14] მუსიკას მოუსმინეს, შემდეგ ჯილალას[15]. ყველაზე მეტად მუსიკის ეს ორი მიმდინარეობა მოსწონდათ გოგონებს.

ძალიან ცხელოდა იმ ღამით. დრისმა სამოსი გაიხადა და მხოლოდ საცვლების ამარა დარჩა. ამის შემხედვარე გოგონებიც უმალ გაშიშვლდნენ. დრისმა სინათლე ჩააქრო. ახლა ოთახს მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა. დრისმა მუსიკას დაუწია. კენდი და კაროლა დიდ ფარდაგზე იწვნენ შიშვლები. დრისი მათ გვერდით მიუწვა. ხან ერთს კოცნიდა, ხან მეორეს.

ყველაფერი რომ მორჩა, ის წამოდგა და თქვა: დასაძინებლად მივდივარ.

მოიცადე, უთხრეს მათ, ჩვენც შენთან დავიძინებთ.

სამივე მის საძინებელში შევიდა და დაიძინა.

მეორე დღეს, საუზმეზე, კენდიმ დრისს უთხრა: ნეტავ შემეძლოს კიდევ დარჩენა. მაროკო ლამაზია. ხალხიც კარგია, ძალიან ზრდილები.

მაროკოელები ყველანი ზრდილები და კულტურულები არიან. მათ იციან უცხოელთან მოქცევა.

არიან ახალგაზრდები, რომელთაც ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი. უპასუხა გოგონამ.

ხო, მაგრამ ეგ ყველგან მასეა, არა მხოლოდ მაროკოში. ინტელექტის უამრავი დონეა. ისინი, რომელთაც არ იციან წესიერი მოქცევა, ყველაზე დაბალ საფეხურზე დგანან, მათ თითქმის არ გააჩნიათ ინტელექტი.

მართალია, მიუგო გოგონამ, ისინი იდიოტები არიან.

კარზე დააკაკუნეს. დრისი წამოდგა და კარი გააღო. ზღურბლზე ალფრენი იდგა ესპანელ ბიჭთან ერთად.

შემოდი, უთხრა დრისმა.

ეს პეპეა, თქვა ალფრენმა.

დრისმა ხელი ჩამოართვა პეპეს.

დრისი სტუმრებს სამზარეულოში შეუძღვა და კენდი და კაროლა გააცნო.

დალევ რამეს? ჰკითხა ალფრენს.

დიახ, ღვინო თუ შეიძლება.

დრისმა საყინულედან ღვინის ბოთლი ამოიღო, საცობი მოაძრო და ალფრენს წინ დაუდგა. პეპემ ყავა მოითხოვა.

იცი ხომ, რომ ამ სახლში უნდა ვიცხოვრო, ზედა სართულზე, უთხრა ალფრენმა დრისს, შენ სულ აქ ხარ, ხომ ასეა?

ასეა.

ყველაფერს მიშოვი, რასაც გთხოვ?

თუ იშოვება, გიშოვი, თუ არადა - ვერა, უპასუხა დრისმა.

თქვენ აქ ყველაფერი გაქვთ, რაც მე მჭირდება.

ხო, მაგრამ არის რაღაცეები, რაც არ იშოვება, უპასუხა დრისმა.

ალფრენი წამოხტა. სახეზე სულ წითელი იყო. შენ მე ყველაფერს მიშოვი, რასაც გთხოვ, გასაგებია?

ხო, ხო, ამ ქალაქში ყველაფერია, რაც შენ გჭირდება, მართალია.

ხოდა მეც მაგას ვამბობ, წამოიძახა ალფრენმა გაფიცხებით.

ნახევარი საათის მერე ღვინის ბოთლი უკვე ჩაცლილიყო. ალფრენმა ცარიელი ბოთლი ჰაერში ასწია, კიდევ გაქვს? ჰკითხა დრისს.

ღვინო ფული ღირს, უთხრა დრისმა.

ალფრენი მიაშტერდა დრისს და შეაგინა. გმადლობ, უპასუხა დრისმა.

თუმცა ბევრი რამ უფასოა, უთხრა ალფრენმა.

მაგის არ მჯერა, უპასუხა დრისმა.

გეუბნები, მსოფლიოში უამრავი რამაა უფასო.

ეგ არაა მართალი. ღვინო არაა უფასო. არც საჭმელი. არს ტანისამოსი. სექსისთვისაც კი ფული გჭირდება.

კი მაგრამ, რატომ? წამოიყვირა ალფრენმა. რატომ მოიგონეს ფული. ყველაფერი უფასო უნდა იყოს!

ჩვენ არ მოგვიგონია. თქვენ მოიგონეთ ფული. უთხრა დრისმა. მანამდე ბარტერული ანგარიშსწორება იყო. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ევროპელები მოვიდნენ.

მოდი მოვრჩეთ ფულზე ლაპარაკს, უთხრა ალფრენმა. მე პეპეზე მინდა დალაპარაკება. ის ჩემი დიდი მეგობარია და მე ის ძალიან მიყვარს.

და შენ მასთან გძინავს, და სექსის გარდა სხვა არაფრით ხართ დაკავებული, არა? ჰკითხა დრისმა.

ხო, უპასუხა ალფრენმა.

კენდის და კაროლას გაეცინათ.

ალფრენმა მათ რაღაც უთხრა გაბრაზებულმა, რაზეც გოგონებმა კიდევ უფრო გულიანად გაიცინეს. ალფრენი წამოხტა და მათზე დასარტყმელად გაიწია, მაგრამ დრისმა დროულად დააკავა. შენ ახლა წახვალ. სანამ ეს გოგონები არ წავლენ  აქ მოსული აღარ დაგინახო, გასაგებია?

მე ხვალ გადმოვდივარ აქ.

არ შემოგიშვებ.

მაგასაც ვნახავთ!

წაიყვანე აქედან შენი მეგობარი, უთხრა დრისმა პეპეს.

დრისმა კარი მიუჯახუნა. ქუჩიდან ალფრენის ლანძღვა-გინება ისმოდა. ცნობისმოყვარე ბავშვები გარს შემოეხვივნენ მოჩხუბარ ნაზარენეს. ალფრენმა კარს წიხლები დაუშინა. ამან ბავშვები ძალიან გაახალისა და მათ ალფრენს დაცინვა დაუწყეს.

ალფრენი ახლა მათ გაეკიდა. და რაკიღა ვერ დაეწია, ქვების სროლა დაუწყო. საბედნიეროდ, გზად თავისი ორი მეგობარი გადაეყარა, რომლებმაც იგი დააშოშმინეს და სასტუმრომდე მიაცილეს. ეს ყველაფერი დრისმა მოგვიანებით, ბაზარში შეიტყო.

უკან მობრუნებულს სამზარეულოში კენდი დახვდა. ის ამერიკელი გიჟია, არა?

გიჟები ჩვენ ვართ. ის არაა გიჟი. მას უბრალოდ სხვების გაგიჟება უნდა. ეგ კაცი წიგნებს წერს. თქვენი აზრით გიჟს შეუძლია წიგნების წერა?

ნუთუ იგი მწერალია? ერთხმად იკითხეს გოგონებმა

გაიგეთ, რაც ბატონმა ჰეპკინმა მითხრა?  იგი ზედა სართულს დაიკავებს. მე არ მინდა, რომ მან აქ იცხოვროს. მაგრამ  სხვა გზა არაა. ასეა თუ ისე, ის მაინც გადმოვა აქ საცხოვრებლად. ვნახოთ, რაც იქნება - იქნება. მაგრამ თუ ჭკუით არ მოიქცა, პოლიციას გამოვუძახებ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ამაღამ ჯილალას ცეკვის სანახავად მინდა წაგიყვანოთ.

რა არის ჯილალა?

ბიძაჩემი ჯილალას მიმდევარია. ყოველ წელს სახლში ჯილალას საღამოებს აწყობს. ვკითხე, თქვენი მიყვანა თუ შეიძლებოდა. ნება დამრთო, მაგრამ ერთი პირობით. მაროკოულად უნდა შეიმოსოთ.

კი მაგრამ, მაროკოული ტანსაცმელი რომ არ გვაქვს?

მე გიშოვით.

დიდებულია.

დრისი დედამისთან წავიდა და თხოვა ეშოვა ორი კაფტანი, ორი კაბა, ორი გრძელი თავსაბურავი და მოქარგული ფეხსაცმელი. დედამისი იძულებული იყო ეს ყველაფერი მეზობლისთვის გამოერთმია. დრისი სახლში სირბილით დაბრუნდა. როდესაც კენდიმ და კაროლამ  მაროკოული სამოსი ჩაიცვეს, ვერავინ გაარჩევდა მათ მაროკოელი ქალებისგან.

ხოდა წავიდნენ დრისის ბიძის სახლში და დრისმა ისინი თავის ოჯახს წარუდგინა. იქ მოუსმინეს სხვადასხვა არაბულ მუსიკალურ საკრავებს. თორმეტი კაცი უკრავდა ფლეიტაზე და გრძელ დასარტყმელ ინსტრუმენტებზე. ერთი მათგანი რკინის ქარქაბაზე ურტყამდა ხელს. შემდეგ შიდა ეზოში გავიდნენ. ჩაის დასალევად ჩამოსხდნენ. ორი მამაკაცი ისევ ფლეიტაზე უკრავდა, მათ მალე დასარტყმელი ინსტრუმენტებიც შემოიერთეს. დრისის ბიძა საცეკვაოდ წამოხტა.

ეზოს შუაგულში დიდი ცეცხლი დაენთოთ, სადაც მხოლოდ ზეთისხილის ტოტებს წვავდნენ. დრისის ბიძამ თავისი ჯელაბა გაიძრო და ჩამირიც[16] მიაყოლა. ბოლოს ჩალმაც მოიხსნა და გადაპარსული თავის ქალა გამოაჩინა, საიდანაც ერთი ცალი წვრილი ნაწნავი უფრიალებდა ღორის კუდივით. შემდეგ მუქადემი წამოიმართა. ხელში მწვანე ქსოვილი ეკავა, რომლის შიგნიდან გრძელი დანა მოჩანდა. დრისის ბიძამ ქსოვილი გამოართვა, დანა გამოათავისუფლა. ქსოვილი თავზე შემოიხვია და ასე განაგრძო ცეკვა დანით ხელში. ცეკვის დროს დანით მკლავებსა და ფეხებს ისერავდა, საიდანაც სისხლი სდიოდა. მერე დანა გულმკერდზე და სახეზეც დაისვა, და იქიდანაც სისხლმა იწყო დენა. ამის შემდეგ მან სახე მწვანე ქსოვილით მოიწმინდა, რომელიც ჯერ კიდევ თავზე ჰქონდა შემოხვეული. ბოლოს მიწაზე დავარდა. მაყურებელმა საბანი გადააფარა, ხოლო  მუსიკოსებმა ახლა სხვა კომპოზიცია დაუკრეს. ნელა-ნელა დრისის ბიძა წამოდგა და ისევ აცეკვდა. ცეკვას რომ მორჩა, სისხლი მოიწმინდა სხეულიდან,  რომელზეც ერთი იარაც კი არ დარჩენოდა. ის თავის ოჯახს დაუბრუნდა და მათ შორის დაჯდა. მათ ჰკითხეს, თუ როგორ გრძნობდა თავს. თითქოს ხელახლა დავიბადეო, უპასუხა.

შემდეგ ვიღაც უცხო კაცი წამოდგა და ძალიან უხეში ცეკვა წამოიწყო, რომლის დროსაც ის გავარვარებულ ცეცხლში შევარდა და ერთიანად ამოიბუგა. ცეკვას კი მაინც არ წყვეტდა. ბოლოს ცეცხლი თითქმის სულ ჩააქრო, თავად კი ტანზე დამწვრობის ნაკვალევიც კი არ ჰქონდა. მხოლოდ ტერფები გაშავებოდა. მეტი არაფერი.

კენდი და კაროლა ხმის ამოუღებლად შესცქეროდნენ სანახაობას. დრისმა მათ სახეზე შიში ამოიკითხა. სანახაობა კი გრძელდებოდა. ზოგი ადუღებულ, ქაფქაფა წყალს სვამდა ჩაიდნიდან, ზოგიც ცეცხლზე გავარვარებულ დანებს იდებდა სხეულზე. საღამოს გემრიელად ივახშმეს და კარგი დროც გაატარეს.  დრისმა გოგონებს უთხრა, რომ სახლში წასვლის დრო იყო. პირველის ნახევარზე დაბრუნდნენ. გოგონებმა სკოჩი და სოდა გაიმზადეს, დრისმა კი ყავა.

კენდიმ დრისს შეხედა, ეს მართლაც დიდებული იყო.

კაროლამ კი დაამატა: ასეთი რამ პირველად ვნახე ჩემს ცხოვრებაში!

როგორ შეიძლება კაცმა ასე დაიჩეხოს თავი და ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონდეს.

არ ვიცი, უპასუხა დრისმა. მაგრამ ფაქტია, რომ მართლა ქნეს. რაიმე ფანდი გამორიცხულია. უარესებსაც აკეთებენ, დღეს ყველაფერი არ უჩვენებიათ.

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამეები არსებობს. თქვა კენდიმ, წიგნში რომ წამეკითხა, ერთ სიტყვასაც არ დავიჯერებდი.

მაგრამ შენ ხომ საკუთარი თვალით იხილე.

ხვალამდე თუ ვიცოცხლეთ, შეიძლება კიდევ უფრო უცნაური რამეები ვიხილოთ, ვინ იცის, თქვა დრისმა.

რა უცნაურობები? რას გულისხმობ?

რომ დავიძინებთ, და ხვალ თუ გავიღვიძებთ, ეგ უკვე ახალი დღე იქნება, და რა იცი ეგ ახალი დღე რას მოგვიტანს.

აჰ, უპასუხეს მათ.

დრისმა ყავა მოხვრიპა. დავიღალე, წავალ, დავიძინებ, უთხრა გოგონებს.

ერთმანეთს ძილი ნებისა უსურვეს. გოგონები თავიანთ ოთახში ავიდნენ. ოთახში შესულმა დრისმა კი ხმის ჩამწერი მომართა და იმ დღეს რაც გადახდა, ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა აპარატს. არც ალფრენის ამბავი გამორჩენია. რომ მორჩა, ჩამწერი გამორთო და ლოგინში ჩაწვა.

დილით ადრე გაეღვიძა. დაიბანა, ჩაიცვა და ტერასაზე ავიდა. წყნარი დილა იყო და ზღვაც მშვიდად ნარნარებდა მის წინ. ქვემოთ ჩავიდა სამზარეულოში. საუზმე გაიმზადა, სინზე მოათავსა და ტერასაზე აიტანა. ზღვის ტალღები მსუბუქად ელამუნებოდნენ სახლის ქვედა კედლებს. ყავას ჰაშიში მიაყოლა. მეთევზეები სათევზაოდ გადიოდნენ  ნავსადგურში. გარშემო სიწყნარე ჩამომდგარიყო. არც ადამიანის ხმა ისმოდა, არც ძაღლის ყეფა. მხოლოდ ოკეანის წყალი ლივლივებდა საამოდ. და კიდევ, მოპირდაპირე სახლიდან იადონების გალობა ისმოდა. დრისს უყვარდა იადონების მოსმენა. ქვემოდან ხმაური შემოესმა. ჩავიდა. კენდი დაუხვდა სამზარეულოში.

დილა მშვიდობის, მიესალმა დრისი გოგონას და აკოცა. შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმზადა საუზმე და მასთან ერთად დაჯდა მაგიდასთან. ცოტა ხანში კაროლიც ჩამოვიდა სამზარეულოში.

შეგიძლია ამ საღამოს ტანჟირის სასტუმრო „მირზანში“ დარეკო და ჩვენთვის ორკაციანი ოთახი დაჟავშნო? ჰკითხა კაროლამ. ხვალ დილით, ადრიანად მივფრინავთ.

კი, დავრეკავ. თქვენ უკეთ იცით, უნდა წახვიდეთ თუ არა.

დრისი ოთახიდან გავიდა. რომ დაბრუნდა, უთხრა, რომ ყველაფერი მოაგვარა და მათთვის სასტუმროში ოთახი დაჯავშნა.

შემდეგ სასეირნოდ გავიდნენ. შუადღის სამი საათი იყო, უკან რომ მობრუნდნენ. კაროლა აბაზანაში შევიდა. კენდი და დრისი კი დრისის ოთახში ავიდნენ და ფანჯრიდან გარეთ იცქირებოდნენ.

გული მწყდება, რომ მივდივარ, უთხრა გოგონამ.

საწოლზე დაწვნენ და სიყვარულს მიეცნენ.

კენდი აბაზანაში შევიდა შხაპის მისაღებად. დრისი გარეთ გაიქცა და ტაქსი დაიჭირა. უკან რომ მობრუნდა, გოგონების ბარგი უკვე ჩალაგებული დახვდა. ჩანთები მანქანაში ჩააწყო და მძღოლს ფასზე შეუთანხმდა. ამასობაში კენდი და კაროლა სახლიდან გამოვიდნენ. თითოეულს დრისისთვის გამზადებული კონვერტი ეჭირა ხელში. დამშვიდობებისას ერთმანეთს აკოცეს. გოგონებს ცრემლი სდიოდათ.

 

ინგლისურიდან თარგმნა ნათია მეჩითიშვილმა

 



[1] არაბულად - უფლის სახელით

[2] უბანი კაიროში, ეგვიპტე.

[3] ქუდი, გავრცელებულია აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

[4] ბაზარი.

[5] ალფრედ ჩესტერი.

[6] ქალის თეთრი თავსაბურავი, გავრცელებულია ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში.

[7] იგულისხმება დრის ელ კასრი, მეთევზე ასილადან, რომელიც გადმოცემის თანახმად, აფრედ ჩესტერს თავდავიწყებით შეჰყვარებია.

[8] ამერიკელი გალერისტი და კოლექციონერი, გარდაიცვალა ტანჟერში 2017 წელს.

[9] ბრიტანელი მწერალი. 50 წელი გაატარა ტანჟერში და იქვე გარდაიცვალა 1995 წელს, მისი საფლავის ქვაზე აწერია „მას უყვარდა მაროკო.“

[10] ლოცვა, ვედრება.

[11] ასე ეძახიან დასავლელს მაროკოში.

[12] მაღრიბის ქვეყნებში გავრცელებული კერძი, რომელსაც სპეციალურ კერამიკულ ქოთანში ამზადებენ ხოსცისგან, ბოსტნეულისგან, ჩირებისა და სუნელებისგან.

[13] მოროკოული, ექსტაზური ტრანს მუსიკა.

[14] გნაუას მუსიკა აერთიანებს აფრიკული, ბერბერული და არაბული რელიგიური სიმღერების რიტმებს.

[15] ჯილალას სუფისტური წარმოშობის ექსტაზური მუსიკაა, 1970 -იან წლებში გავრცელდა მოროკოში.

[16] იგივე ტუნიკა, კაცის გრძელი ტრადიციული მოსასხამი არაბულ ქვეყნებში.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE