Belacqua


Belacqua




როგორც ყველაფერი ცუდი, ეს ამბავიც დილიდან დაიწყო - დაძაბული ძილისა და მრუმე გამოღვიძების შემდეგ. იმ დილით ბელაკვა საწოლიდან წამოდგა, გავიდა ტუალეტში, დადგა უნიტაზთან და... მოშარდა ხაშმის საფერავი!

მოულოდნელობისგან პირკატა ეცა, ტუჩებს ვერ ამოძრავებდა. Confutatis! Dies Ire! აი ჩემი განკითხვის ჟამმაც მოაწია, აი დაიწყო - დაიწყო, მარა რა დაიწყო! ესე არს სისხლი ჩემი ახლისა…

უსაკუთრივეს შარდში მოჭარბებული უსაკუთრივესი სისხლის უცაბედი აღმოჩენის მდგომარეობა,  ეს ანაზდეული წამი, მანამდეც განუცდია; ერთ-ერთ თავის ბოლო ტექსტში, ხოლო ბელაკვა მწერალი იყო, აღწერს კიდევაც. მაგრამ, სად მოსიურრეალისტო რომანში დატრიალებული ეპიზოდი, და სად რეალში განცდილი - აქ და ახლა, აბსოლუტური აწმყო, წარსულისა და მომავლის ერთბაშად ჩამყლაპავი, პირდაპირ შუბლში მორტყმული, მზაფრავი, Unheimlich.

თუმცა, პირველადი შოკის შემდგომ, ეს ტოტალური აწმყო ისვე წარსულსა და მომავალში გადადის, უფრო ზუსტად - სადღაც ამ ორს შუა და მიღმა იმალება, ჩასაფრებული და მომლოდინე. იწყებ ფიქრს იმაზე, თუ რა მიჰქარე ადრე და რა გელის წინ. უბრალოდ ფიქრს კი არა - მშფოთვარე ქანაობას იწყებ, იქით და აქეთ. ოცდაათწლიანი ლოთური მარათონი, საშუალოდ ორი ბოთლი ღვინო, ანდა სამასი-ოთხასი გრამი მაგარი სპირტიანი სასმელი ყოველ საღამოს, სიგარეტის ნახევარსაუკუნოვანი წოვა, ყოველ ცისმარე დღეს: ინფანტილური ორალური ეროტიკული ლტოლვის მუხტი - ზედროული დედა და მისი რძე, ეს რძე, როგორც დრო, ხანიერება, განმავლობა, რაც ჩაგდის პირში და გადაგდის ყელში და იქედან შიგადში და მერე მომავალში - განავლის სახით წამოსული...

მომავლის სურათში ერთი რამ დომინირებს: მედიცინა, როგორც სამართალწარმოება! სიმპტომები, სინდრომები, ანალიზები, ციტოლოგიები, სხვადასხვა რამ სკოპიები, ბიოფსიები, რეზექციები, მაგნიტურ-რეზონანსული ტესტები, ნივთმტკიცებები, გამოკითხვები, დაკითხვები, საქმის წინასწარი განხილვა, საქმის არსებითი განხილვა… ო, როგორ მიყვარს ეს სამედიცინო გრეკო-ლათინიზმები: შარდის ბუშტი სავსე. ისახება მალიგნური პროცესისთვის დამახასიათებელი დიფუზიის გამოხატული შეზღუდვის მქონე, ინტენსიურად კონტრასტირებადი არასწორი ფორმის ქსოვილოვანი მასა სისქით 1,3 სმ-მდე, სიგრძით 2,4 სმ-მდე, ხოლო კრანიო-კაუდალური ზომით 2,1 სმ. აღნიშნული მასა მოიცავს მარცხენა ურეთეროვეზიკალური შესართავის არეს და ვრცელდება მარცხენა შარდსაწვეთის ინტრამურულ ნაწილში, რის ფონზე შარდსაწვეთი პროქსიმალურად დილატირებულია 1,1 სმ-მდე. წარმონაქმნის მიმდებარე ლორწოვანი გასქელებულია, მაგრამ არ ავლენს დიფუზიის შეზღუდვას. ფიბროზული ღერო სარწმუნოდ არ ვიზუალიზდება. შარდის ბუშტის უკანა კედლის კუნთოვანი შრე ლოკალურად გასქელებულია, მისი შიგნითა კიდე დაკბილული კონტურით ისახება, რაც კუნთოვან შრეში  ინვაზიის ნიშანია.   აღნიშნული მასის დონეზე შარდის ბუშტის გარე ჰიპოინტენსიური შრე ისახება სარწმუნო წყვეტის გარეშე, მაგრამ მცირედ არამკაფიო და  უსწორმასწორო,  სავარაუდოდ დესმოპლასტიური რეაქციის  გამო. და... მოისმინეთ განაჩენი! მოქალაქე ბელაკვა, თქვენ დაგიდასტურდათ შარდის ბუშტის სიმსივნე, ანუ - კიბო, მეორე სტადიისა! სამიდღემჩიოდ გეკრძალებათ სიგარეტი და ალკოჰოლი! და მთავარი: სამედიცინო კოდექსის ამა და ამ მუხლითა და პრეცედენტული სისხლის ფიზიო-სამართლის ძალით მოქალაქე ბელაკვას ამოეჭრას შარდის ბუშტი და  ზედ პროსტატაც მიაყოლონ - რადიკალური ექტომიით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე...

„მწუხარების ხუთი სტადია, კიუბლერ-როსის მოდელით: უარყოფა, ბრაზი, ვაჭრობა, დეპრესია და შეგუება - როცა რაღაცა ვერ აგცდება, როგორც პატარძალს, აჯობებს, ეგრევე შეეგუო, მიირქვა, როგორც წმინდა სვიმეონმა მიირქვა სარწმუნოება, სასოება, სიყვარული, ხოლო ეს სამი მარადიულია, ხოლო კიუბლერ-როსის სტადიები დროშია გაშლილი, ხოლო დრო არ ითმენს...“ - გაიფიქრა ბელაკვამ განაჩენივით დიაგნოზი რომ დაუდეს წინ. პრიორიტეტები აერია თავში; ვერ გაეგო, რა უფრო თრგუნავდა: მარადიულის (სიგარეტი და სასმელი) დაკარგვა, თუ - დროითის (შარდის ბუშტი და პროსტატა).

მთელი ამ პირველი ინსტანციის სამართალწარმოების განმავლობაში ბევრი რამ იყო უსიამო, დამაცირებელიც კი - მედიცინაში ხომ ადამიანის შიშველი ხორცები ფიგურირებს, სხვათათვის დასანახად და შესასწავლად გამოფენილი, ასევე - შარდი, სისხლი, განავალი, ლორწო, წათხი, ჩირქი და ა.შ., თავისი ჩაფსმებითა და ჩაჯმებით... მაგრამ ბელაკვას შემთხვევაში ორი რამ უნდა გამოიყოს, როგორც განსაკუთრებულად უსიამო და დამთრგუნველი. ესენია: კათეტერი და მაგნიტურ-რეზონანსული ტესტი!

მაშ ასე: კათეტერი! გენდერული თვალსაზრისით, შარდვის ხელშემწყობი ეს გამოგონება ერთობ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ქალთა და კაცთა. მათი გენიტალიების სტრუქტურა-აგებულების გამო, იგი უფრო ადვილი ასატანია ქალთათვის, ვინემ კაცთათვის. დიახ, მძიმეა კათეტერიანი კაცად ყოფნა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კათეტერს ჩაგიდგავენ შარდის ბუშტის ფუნქციონირებაში მცირედი ქირურგიული ჩარევის შემდეგ - შეაღწევენ შიგნით, და ბუშტის კედლიდან სულ პატარა ნამცეცს ამოგაჭრიან, ბიოფსიის ამბავში შესასწავლად. ასე რომ,  შარდის ბუშტი დაკოდილია და სისხლმდენი... და აი, ასეთ ვითარებაში, პირდაპირ პენისის გავლით, პირდაპირ ურეტრიდან, პირდაპირ შარდის ბუშტში შეჰყავთ წკირი, რომელსაც ბუშტში დაგროვილი შარდი და სისხლი უნდა გამოყვეს, ჩაუყვეს გამჭვირვალე სადენს და ჩავიდეს პლასტიკურ კონტეინერში, რომელსაც ფეხზე გიმაგრებენ, მოკლედ - კათეტერი! იგი თავის ფუნქციას პირნათლად ასრულებს, მაგრამ, რა ემართება ამ დროს მამაკაცს? დაკოდილი და სისხლმდენი შარდის ბუშტი შარდვისას შეკუმშვას იწყებს, რომ სითხე ურეტრაში გამოდევნოს, იქიდან კი გარეთ. მძაფრი ტკივილი და წვაც ეგრევ იწყება. თუმცა,  ეს არაა მთავარი პრობლემა. მთავარი ისაა, რომ ამ დროს კაცი კი გრძნობს, რომ შარდავს, მაგრამ, უფრო მეტად გრძნობს იმას, რომ ვერ შარდავს; დიახ, და აი სწორედ ეს პარადოქსი ქმნის მთავარ დაძაბულობას - Spannung! დაკოდილი ბუშტიდან სისხლიანი შარდის დინების დროს დროის დინება ჩერდება: გაჩერებული დროის ეს წამიც აბსოლუტური ხდება წარსული და მომავლის წამების მიმართ, განდევნის მათ. ფენომენოლოგიურად რომ ვთქვათ, ედმუნდ ჰუსერლის ენაზე - ინტენცია აქ შთანთქავს რეტენციას და პროტენციას. კათეტერული პარადოქსი: შარდავ, მაგრამ გრძნობ, რომ ვერ შარდავ... აბსოლუტური წამი... შეჩერდი წამო, შენ მე მაწამებ!  ერთმა მაჩო-კაცმა, ვისაც ეს მომენტი გამოცდილი ჰქონდა, თქვა: „კათეტერით მოფსმა იცი რა არი? აი, ადრე ხომ შენ ურჭობდი შენს კუტუს სხვებს, ახლა კი პირიქით - შენ გირჭობენ და თანაც პირდაპირ მაგ შენს კუტუში. და შენც გინდა გაათავო, მაგრამ ვერ ათავებ...“ მოკლედ, ესეც თავისებური დეკონსტრუქციაა რა - მაჩო-კაცის კათეტერული დეკონსტრუქცია.

ამის შემდეგ, ბელაკვა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კამერაში მოათავსეს.  

 მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ერთობ საჭირო რამ არის სამედიცინო დიაგნოსტიკის თვალსაზრისით - სულ მისხალ-მისხალ დაგანახებს რა ხდება შენს ძვალ-რბილში. სრულიად უვნებელი პროცედურაა, უმტკივნეულო, მაგრამ, აქაც, როგორც იტყვიან - კაცს გააჩნია. თუ კაცს ჩაკეტილი სივრცის შიში, ანუ - კლაუსტროფობია სჭირს, მაშინ საქმეში წარმოსახვა ერთვება და მთელი ეს დიაგნოსტიკური პროცედურა სხვა განზომილებებში გადაჰყავს.

თურმე ამ ტესტის დროს, თვალები თავიდანვე უნდა დახუჭო და ბოლომდე არ გაახილო, და ყურებიც კარგა მაგრად დაიცო,  მაგრამ ბელაკვამ ეს არ იცოდა და მისმა წარმოსახვამაც არ დაიზარა მუშაობა.

სანამ ამ დიაგნოსტიკურ მინი-ცისტერნაში შეგასრიალებენ, თვალს მოჰკრავ მის შიდა განათებას - მკრთალ ცეცხლისფერს - და ეგრევე წარმოგიდგება კრემაციის კამერა, გვამების დასაწვავი ალაგი, სადაც საცაა შენც იქნები. ხო, ცეცხლის ენებში გახვეული გვამი, წარწყმედილი სული - ცეცხლის საკნიდან გამომტყვრალი - ფარინატა დელი უბერტი, დანტესა და ვერგილიუსს რომ ელაპარაკება ქვესკნელის ხვატსა და ოხშივარში  მდგარი! ცოცხლად დაწვისა თუ ცოცხლად დამარხვის სახეები  უხვად მოდიან... და მერე იწყება ხმაური! იწყება ჭახაჭუხი - ჯერ მოშორებით, ფეხებთან, ხოლო შემდეგ, უცბად, პირდაპირ ყურთან, თითქოს რამდენიმე გადარეული მჭედელი გრდემლს უროებს ურახუნებს - ისე, უმიზნოდ, არაფერს ჭედავენ. გრძელწვერა, გრძელცხვირა გნომები მოძვრებიან, იღრიჭებიან, გაურკვეველ ენაზე ბურდღუნებენ. ხოლო შენ პასუხობ ჩურჩულით, ლექსების ჩურჩულით, შენთვის ნაცნობ ენებზე, რომ რაღაცას ჩაეჭიდო... ტანი შენი გაშლილია როგორც მთაგორიანი ლანდშაფტი, ნარინჯისფრად მოელვარე ზღვაში შეჭრილი ნახევარკუნძული, რომლის ფერდობებზე დიდრონი რკინის მწერისებრი არსებები დარბიან. მერე უცებ მთელ ნახევარკუნძულს მიწისძვრის ბიძგები დაუვლის. სუნთქვას უხშირებ, გრძნობ, რომ ჰაერი აღარ გყოფნის (არადა, კამერა მშვენივრად ნიავდება), სულ უფრო და უფრო უხშირებ სუნთქვას, მერე იწყებ ხვნეშას, და მერე იწყებ ფეხების და ხელების ბრაგუნს, რომ შენი ხმა გაიგონონ, იქ, გარეთ, რომ შეწყვიტონ, რომ მორჩნენ და დაამთავრონ, რომ გაგიშვან, გარეთ გაგიშვან, ჰაერზე, ჰაერზე, ჰაერი არ გყოფნის, იხუთები!!!

სულ ხუთიოდ წუთი გაძლო ბელაკვამ მაგნიტურ-რეზონანსულ დელირიუმში.

პრინციპში, იმავე კიუბლერ-როსის მოდელით თუ ვიმსჯელებთ, განაჩენის გაგებისა და გათავისების შემდეგ, ბელაკვას არც უარყოფის სტადია გაუვლია, არც ბრაზისა, არამედ პირდაპირ ვაჭრობას შეუდგა.

„ეგება ქიმიოთერაპია ვიკმაროთ? ეგებ არაა საჭირო რადიკალური ჩარევა? გეფიცებით, აღარც სიგარეტს ჩავიდებ  პირში, აღარც ალკოჰოლს გავეკარები!!!“ - სხვადასხა ჯურის ექიმებთან მოლაპარაკება გააბა. საზღვარგარეთსაც დაუკავშირდა - ვიდეოკონსულტაციები ონლაინ... ბოსტონის კლინიკა, მსოფლიოში მეორე ადგილზე რომ იყო უროლოგიური სიმსივნებიის მკურნალობის დარგში: კვაკერბიბლიოთეკარივით თავაზიანმა ბოსტონელმა ონკო-ქირურგმა თვალები დახარა და უთხრა - „არა, ქიმიოთერაპიას ვერ დავჯერდებით, სერ, ამოსაჭრელია და კიდევ სტენტსაც ჩაგიდგამდით თირკმლიდან გამომავალ არხში, სიმსივნემ რომ დაბლოკა.“ იგივე პასუხი მოვიდა თურქეთიდან - ფლორენს ნაინტინგეილის სახელობის ბრიტანულ-თურქული კლინიკიდან. ფლორენს ნაინტინგეილ! - სახელოვანი მოწყალების და, ყირიმის ომის დროინდელი, ისტორიაში შესული, დაჭრილ-დავრდომილთა გამო თავდადებით მზრუნველი, სათნო და მშვენიერი ახალგაზრდა ქალი. ალბათ მისი სახელობის კლინიკაში ასევე სათნოდ და მშვენივრად მოეპყრობოდნენ მის შარდის ბუშტსა და პროსტატას, ფიქრობდა ბელაკვა. მაგრამ, არა - სათნო და მშვენიერმა ფლორენსმაც იგივე მიახალა, რომ ამოსაჭრელია ერთიცა და მეორეც, და რომ კიდევ სტენტიცაა ჩასადგმელი! ეს უკანასკნელი უარი გულში მოხვდა ბელაკვას უფრო, ვინემ ბოსტონური: ქალი რომ გეტყვის რაღაცაზე უარს უფრო მტკივნეულია, ვიდრე კაცის ნათქვამი უარი, რაგინდ მსოფლიოში მეორე ადგილზე იყოს...

და აი, შედგა კომუნიკაცია გერმანიასთანაც და მოვიდა პასუხი: „რა გვეჩქარება, ამოჭრას ყოველთვის მოვასწრებთ, ჯერ შევისწავლოთ, ჩავუღრმავდეთ და მერე ვნახოთ, ეგებ ქიმიოთერაპიამაც გამოიღოს სასურველი შედეგი, რომ ცხოვრების ხარისხი შეუნარჩუნდეს პაციენტს...“ დიდ არს გერმანთა გონიერება და წინდახედულობა! აღმოხდა ბელაკვას და საყვარელი ანეკდოტი გაახსენდა, ერთი კროს-კულტურული სახუმარო ამბავი: რუსებს, ფრანგებსა და გერმანელებს წიგნის დაწერა შესთავაზეს სპილოთა ბუნების შესახებ. რუსებმა წარმოადგინეს ბროშურა, სათაურით „აფრიკული სპილოს რუსული წარმომავლობის შესახებ“; ქართველებიც, სომხებიცა და ირლანდიელებიც იგივეს დაწერდნენ, ცხადია. ფრანგებმა წარმოადგინეს ესეების კრებული, სათაურით: „ძუ სპილოების სქესობრივი ცხოვრება“, აბა სხვა რას წარმოადგენდნენ, როგორც კულტურული სტერეოტიპები გვაუწყებენ. ხოლო გერმანელებმა დადეს ორი სქელტანიანი ტომი, სახელწოდებით: „სპილოთმცოდნეობის შესავალი“, აი ასე! ხო, ფუნდამენტური ხალხია, პროლეგომენების ტრფიალი ხალხია...

„რომ ცხოვრების ხარისხი შეუნარჩუნდეს პაციენტს...“ - არის ამაში რაღაცა ონტოლოგიური, გაიფიქრა ბელაკვამ. განა არ კმარა, რომ უსიგარეტოდ და უსასმელოდ მისი ცხოვრების ხარისხი ისედაც საგრძნობლად ეცემა!

 ეს ფუნდამენტური, გულისხმიერი და პროლეგომენური პასუხი გერმანიის ქალაქ ნიურნბერგიდან მოვიდა. ხოლო ნიურნბერგის გაგონებაზე ბელაკვას თავში უმალ იფეთქა რიხარდ ვაგნერის „მაისტერზინგერების“ უვერტიურამ! პააა პააა პა პა... სიყვარულისა და პოეზიის ხოტბა, ხალასი ნიჭისა და ოსტატობის დღესასწაული, სიცოცხლით მფეთქავი უსაზღვრო მუსიკა, ტალღებად წამოსული ენერგია - კონტრაპუნქტით გადასერილი, გადახსნილი სივრცეები, სილაღე და თავისუფლება.

ნიურნბერგის ის კლინიკა, საიდანაც პასუხი მოვიდა, წმინდა ტერეზა ავილელის სახელობისა იყო. წმინდა ტერეზა ავილელი! ფლორენს ნაიტინგეილში არ აგერიოთ, გეთაყვა. ეს ესპანელი ქალბატონი მთელი კათოლიკური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი წმინდანია, ეკლესიის პირველ დოქტორ ქალად აღიარებული. თავის ღვთაებრივ ნაწერებში მან გახსნა და წარმოაჩინა ლოცვისა და მედიტაციის ინტიმური სიღრმეები, მაცხოვართან პირისპირ დარჩენის ტრანსცენდენტალური სიტკბოება. ხშირად უნახავთ, წირვისას ჭვრეტად დანთქმული როგორ იწყებდა ლევიტაციას - ჰაერში იწეოდა ექსტაზის ზებუნებრივი ძალით. უცნობილესია მისი სკულპტურა, შესრულებული ჯან ლორენცო ბერნინის ხელით, რომის სანტა მარია დელა ვიტორიას ტაძარში: ანგელოზი შუბით განგმირავს ტერეზას მკერდს, ღვთაებრივი სიყვარულისგან მომავალი ტრანსვერბერაციით. ინგლისელმა მეტაფიზიკოსმა პოეტმა რიჩარდ კრეშომ ვრცელი ბაროკალური ლექსი მიუძღვნა წმ. ტერეზას ექსტაზს. ასეთი ქალის სახელობის კლინიკაში უბრალო ყასბები ვერ იმუშავებდნენ, თავს იმშვიდებდა ბელაკვა, ანესთეზიის საქმე მაინც ექნებათ მაღალ დონეზე...

წმინდანის ექსტატურ ლევიტაციაზე ფიქრებში წასულს უცებ წარმოუდგა ჰაერში გამოკიდებული ჩამომხრჩვალი ფიგურები - რიბენტროპი, კაიტელი, კალტენბრუნერი, და მერე - გერინგი, ციანიდიან სუიციდში განსვენებული. ხო, ესეც ნიურნბერგია, სადაც ის დიდი პროცესი შედგა!

ხოლო ბელაკვას თავისი პროცესი და განსაცდელი ელოდა, რომელიც უნდა განევლო.

 

 

***

 

მთელ მსოფლიოს ვირუსი მოედო, პანდემიაა, ბელაკვა კი წელს ქვემოთ კიბოს დაატარებს, როგორც დედა-კენგურუ თავის პირმშოს. არა, კენგურუ არა, სალვადორ დალის პერსონაჟია - ანთროპომორფული კარადა, ტორსოზე გამოღებული უჯრები რომ აქვს; ორი უჯრა აქვს გამოღებული ბელაკვასაც - შარდის ბუშტისა და პროსტატის დონეებზე. შთამბეჭდავი სურათია, ჟამიანობას უხდება: ირგვლივ არავინაა, ხორშაკი ქარი ქრის, თვალისმომჭრელი მზე ანათებს, ეს კი უჯრებგამოღებული აგდია და ხელ-ფეხს ასავსავებს. მერე წამოდგება, ბარბაცით გაივლის რაღაცა მანძილს, მერე რაღაცა ბნელ გასასვლელში შეაბიჯებს და ისევ ძირს ეცემა... ამ ბნელი გასასვლელის ბოლოში ქუჩა ჩანს, მზით გადაპენტილი; იქ ხალხი მიდი-მოდის. ბელაკვა წამოდგომას ცდილობს, მაგრამ ვერ დგება, თან გამვლელებს ხელს უქნევს, უნდა ხმა მიაწვდინოს, მაგრამ ბგერასაც ვერ გამოსცემს. ჩერდება, ხელებს ჩამოყრის, გამოღებულ უჯრებში იქექება, იქ კი არაფერია...

და მერე უცებ, რაღაცა ძალა აიტაცებს - მაღლა და მაღლა... მიფრინავს... მიფრინავს... დიდ კალათაში ზის, რომელიც ვეება საჰაერო შარდის ბუშტზეა გამოკიდებული - საჰაერო შარდის ბუშტით მიფრინავს!

სრულ თავისუფლებას გრძნობს, რატომ? იმიტომ რომ სნეულია, ხოლო სნეული ადამიანი თავისუფალია სოციალური ვალდებულებებისგან. ერთადერთი სოციალური ვალდებულება რჩება - ამ სნეულებისგან განკურნება. დიახ, მთელი ეს კლინიკურ-სამედიცინო ამბები, ექიმები და მკურნალობის ფორმები, ეს ყველაფერი ისევ და ისევ სოციალური დაკვეთის შესასრულებლად წამოიწყო და არა იმიტომ, რომ არ მოკვდეს, სიცოცხლე გაიხანგრძლივოს და ა.შ.  თორემ, იცხოვრებდა კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადს, სიგარეტით პირში და ჭიქით ხელში, როგორც აქამდე, მერე კი ნელ-ნელა წავიდოდა - მორფისა და ტკივილგამაყუჩებლებისა და სევდიანი ახლობლების თანხლებით; ეგეთი აზრებიც წამოუვლიდა ხოლმე ბელაკვას, როცა იმღვრეოდა უნიკოტინოდ და უალკოჰოლოდ.

მიფრინავს, ვეება საჰაერო შარდის ბუშტით მიფრინავს! თავისუფლად მიფრინავს, რამეთუ კიბო აქვს... კიბოც თავისუფალი თამაშია, როგორც შემოქმედება; როგორც ხელოვანი გარდაქმნის გარემოს თავისი მხატვრული მეთოდით, ისე გარადაქმნის კიბო შიდა ორგანოებს, სპეციფიური ესთეტიკა შეაქვს კუნთოვან ქსოვილში, თავისებურ ხატოვან ფორმებს ქმნის. ყველაფერში მოძრაობაა - მეტამორფოზები: ანთებითი პროცესი იქნება, ჩირქოვანი, თუ ქსოვილის გადაგვარება. ყველა პათოლოგიურ-ფიზიოლოგიურ პროცესში პერფორმანსია. ალბათ კიბოს უჯრედები უფრო ნიჭიერები არიან, შემოქმედებითი თვალსაზრისით, ვინემ ბელაკვას ტვინის უჯრედები. ამ ტექსტს, რომელსაც ახლა ბელაკვას ორგანიზმში მოქმედი კიბოს უჯრედები ქმნიან, თავისი მკითხველი ჰყავს, ცხადია - მედიკოსები. თუ ზოგადად ლიტერატურული ტექსტის წაკითხვის დონე დღეს ერთობ დადაბლდა - ზედაპირული და ანგაჟირებულია, შიდა პათოლოგიების თანამედროვე სამედიცინო წაკითხვა ერთობ სიღრმისეული და მრავლისმომცველი გახდა, როგორც ჭეშმარიტი ჰერმენევტიკა; ხდება ურთულესი პროცესების წაკითხვა უმცირეს, მინუსკულურ დონეებზე. ეს ადრეც ასე იყო. მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისურ პოეზიაში შეიქმნა განვრცობილი მეტაფორა: პაციენტი, როგორც მაგიდაზე გაშლილი რუკა და ექიმები, როგორც კარტოგრაფები. ასე თუ ისე, ბელაკვა კმაყოფილი უნდა ყოფილიყო: თუ მის ლიტერატურულ ოპუსებს ბევრი მკითხველი არასდროს ყოლია, მის შინაგან პათოლოგიურ ტექსტს შესანიშნავი ინტერპრეტატორები გამოუჩნდა - შინაური გინდა თუ გარე.

“ეჰ, დეკადანსია ეს ყველაფერი,” - გაიფიქრა ბელაკვამ და ფრენა განაგრძო...

 ამ ვეება საჰაერო შარდის ბუშტით ფრენისას ბელაკვა სულ უფრო მეტ თავისუფლებას გრძნობდა. გრძნობდა, თუ როგორ ეცლებოდა ისეთი სიღრმისეული ხორციელი ლტოლვები, როგორიცაა სექსი და პოლიტიკა. მანამდე ეშხიან ქალს რომ დაინახავდა, უმალ მასში შეღწევისა და მისი დაპყრობის სტრატეგიული ამბიცია უჩნდებოდა, ტაქტიკური ხურუში დაუვლიდა ხოლმე, ყვერებში მცირე რამ ენერგიული მუხტი გაუელვებდა, რა დროსაც აღელდებოდა ისე, თითქოს მრავალათასიან მიტინგზე სიტყვით უნდა  გამოსულიყო. პოლიტიკურ ახალ ამბებს სააგენტოების ინტერნეტ-გამოცემებში და ფეისბუკ-პოსტებში და კომენტებში იმგვარადვე ეწაფებოდა, როგორც მავანი მემრუში ეწაფება პორნო-საიტებს. ხოლო საქართველო პოლიტიკურ ვნებებში იყო გახვეული ისე, როგორც ჩუკენი კაცი თავის ეროტიკულ ხილვებში.

ახლა კი აღარც ეროტიკა უნდოდა ბელაკვას და აღარც პოლიტიკა. მისი ლიბიდოც თითქოს სადღაც გაფრინდა, უცხო მხარეში. ლიბიდოც კი აღარ ერქმოდა და აღარც ფრენა შეეძლო, არამედ ვნებისგან დამდნარი და დალეული, თვალებდასიებული გოლუმივით ჩამძვრალიყო კლდოვან ჯურღმულში, დაძრწოდა და აბოდებდა იმ თავისი „ხვითოს“ გამო - my pleasure!

ზოგადად სნეულება, რაგინდ მძიმეც იყოს, არ გამორიცხავს ეროტიკული ცხოვრების შესაძლებლობას. კიბოიანს, ჭლექიანს, ფსორიაზიანს - სიყვარული ყველას უნდა. მეტიც, კარგადაა ცნობილი, რომ სნეულება თავისებურად ამძაფრებს ეროტიკულ ფანტაზიებს. ინდოეთსა თუ  ინდონეზიაში ყვავილი ხარობს ერთი - ვეება, ულამაზესი, ისეთი ფორმები და ფერები აქვს, თვალს ვერ მოაშორებ. ჰოდა, გაზაფხულზე გაფურჩქვნისას ეს ყვავილი ისეთ სუნს გამოსცემს, რომ გვერდით მდგომს გულზიდვა ეწყება. სნეულებაში გამძაფრებული ეროტიკული ფანტაზიებიც ამ ყვავილივითაა - ლამაზი და გულისამრევი, თავი დაიმშვიდა ბელაკვამ, რომელსაც აღარც ეროტიკა უნდოდა, აღარც ბოტანიკა...

რაღაცა ამბის მოყოლა მოუნდა.

იყო ერთი კაცი - მეოჯახე, ცოლ-შვილზე გადაგებული, მშრომელი. ერთხელაც ფილტვის სარკომა დაუდგინეს, შორს წასული მეტასტაზებით, უსაშველო. ოპერაცია უნდაო, მარა ჯერ ქიმიოთერაპიაო. იმ კაცმა, სასოწარკვეთილმა, ხელი ჩაიქნია, თქვა, თავი დამანებეთო და მიჰყვა თავისი სენის დინებას. საქმე კი ნელა მიდიოდა ფინალისკენ, საკმაოდ ნელა. ამასობაში კაცს უცნაურობები დასჩემდა: ეჩვენებოდა, რომ ხან მამაკაცი იყო, ხანაც ქალი; ხან ერთის ხორციელი ვნებები მოეძალებოდა, ხანაც მეორისა, ხან ქალებთან წვებოდა, ხანაც მამაკაცებთან. იყო ასე და მშვენივრად გრძნობდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ მასში დაბუდებულ ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი არ უყვარდათ, მეტიც - სძულდათ. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ამ ორს შორის სასიყვარულო ვნება მაინც გაღვივდა, გაღვივდა და ისეთი სქესობრივ-ეროტიკული ხლართები გააბეს, რომ კამა-სუტრა იმასთან შედარებით დედა ენასავით უმანკო რამ სჩანდა. ბორგავდა კაცი, შეურაცხადი გახდა. მერე დაიჩემა, რომ ორსულადაა და მერე კი მოკვდა. რომ გაკვეთეს, მუცელში პატარა თხა-ბიჭი უპოვეს - რძისფერი, ფითქინა, ბანჯგვლიანი ფეხებით, ციცქნა რქებითა და ჩლიქებით. ცოცხალი იყო.  უცებ თვალები დაჭყიტა და კიკინით წართქვა: „ჰეი, ხალხნო, ძველ მამამთავრის კადმოსის შვილნო!“ მერე ახტა, პათანატომიურ მაგიდაზე დახტა და აცეკვდა ფეხების ბაკუნით...

აი ასეთი მდარე და უნიჭო ამბავი გამოუვიდა ბელაკვას - ორგანული პათოლოგიების ფონზე აღმოცენებული ეროტიკული ფანტაზიები მცირედი ტრაგიკული დასასრულით... თუმცა, წელსქვემოთ რაღაცა მოძრაობა იგრძნო. ქვემოდან მეორე უჯრა გამოაღო და რას ხედავს: უჯრის კუთხეში ის თხაბიჭი დგას და ქვემოდან ზემოთ უყურებს. „შენ აქ რა გინდა?“ - ჰკითხა ბელაკვამ. თხაბიჭმა ერთხანს ისევ უყურა ქვემოდან ზემოთ და მერე ამოსძახა: „ჩათვალე, რომ მეეე შენი თანამგზავრი ვარ, კომპანიონი, თუ გნებავს - მეეე შენი თანმდევი პატარა ტრაგედია ვარ, დასტურად იმისა, რომ შენს დასაწყისში შენი დასასრულია, კიიიი. და საერთოდ, მოგზაურობა დიდი წამოწყებაა, ხოლო მოგზაურ კაცს თანამგზავრი უნდა ახლდეს, უცილობლად, სულ ასე იყო. ხოლო ის თანამგზავრი ვინაა და რა უნდა, ეს მოგზაურობის ბოლოში გაირკვევა! მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს არ იქნება საჭირო, აკი პირდაპირ გითხარი - შენი თანმდევი პატარა ტრაგედია ვარ მეეეე... ჰოდა მაშ მივყვეთ ქარის ნაკადებს, წინ რომ მიგვაქროლებენ!“ ეს თქვა და კარგად გამოცდილ იუნგასავით შეახტა საჰაერო შარდის ბუშტის ერთ-ერთ ბაგირს და აცოცდა; იქ მაღლა რაღაც თოკები დაგრიხა, ჩააბა ერთმანეთში და გაკვანძა და გამოკვანძა... მერე ისევ ძირს ჩამოხტა ეს იუნგა თხაბიჭი და ბელაკვას მიაჩერდა.

და ვინაიდან ბელაკვა შეჩვეული იყო ასეთ ინტერტექსტუალურ-მეტატექსტუალურ გადასვლებს ერთიდან მეორეში, და ვინაიდან ისიც კარგად ესმოდა, რომ მის დასაწყისში მისი დასასრულია, თხაბიჭს თვალი ჩაუკრა და აწეული ცერა თითიც აჩვენა, მოწონების ნიშნად.

 

 

***

 

მარტოკაცი გაფრენაშიც ცოდოა! და ბელაკვამაც დაიტოვა ეს თხაბიჭი, არ მოისროლა, თუმცა - შეეძლო. სახელად „იუნგა“ დაარქვა - არა მხოლოდ იმიტომ, რომ მართლა იუნგასავით დაძვრებოდა ზევით-ქვევით, ბაგირებსა და თოკებზე, არამედ იმიტომაც, რომ არქაული წარმომავლობისა იყო, თერიომორფული, თანაც ზედროული, არქეტიპებთან დაკავშირებული არსება, ანუ - კარლ-გუსტავ იუნგის სიღრმის ფსიქოლოგიასთან შეკრული.

ასე განაგრძო ბელაკვამ ფრენა დასავლისკენ. ქარი ზნეკეთილი იყო - საამოდ მქროლავი, თითქოს ხელს უცაცუნებდა: მიდით, ბიჭებო, მიდით! ტაროსიც მშვენიერი იდგა. ფრენისას კაცი და თხაბიჭი საუბრობდნენ ხოლმე: სიმართლეზე, როგორც ამაოების ტვირთზე, მთქმელისთვის მუდამ საზარელზე; შვილების მსხვერპლად შეწირვის სასტიკ და ულმობელ მადლზე; არ-დაბადების სიკარგეზე; გაბუდაყებაზე, როგორც სასჯელის ფორმაზე; დამაბრმავებელ სიბრძნეზე; სიკვდილისგან მოგვრილ შვებაზე; შურისძიების დამანგრეველ ძალაზე; ღმერთის და კაცის კანონთა ჯახზე; თავისუფლებისკენ სწრაფვის ინსტინქტურ თუ რაციონალურ ბუნებაზე; შიშისა და თანაგრძნობის თერაპიულ თვისებებზე; მუსიკის სულზე; ანაქსიმანდრეს აპეირონზე; ასევე - პოსტმოდერნიზმზე ევრიპიდეს „ბაკხ ქალებსა“ და არისტოფანეს „ბაყაყებში“; და სხვა და სხვა და სხვა... 

საჭმელ-სასმელი თუ მოაკლდებოდათ, მიწაზე დაეშვებოდნენ, სადმე - ფუნდუკთან, დანაყრდებოდნენ, დალევდნენ, იხალისებდნენ, იჩხუბებდნენ კიდევაც - ერთხელ ბელაკვა კარგად მიჯეჯგვეს, ხოლო თხაბიჭი „იუნგა“ საბანზე ათამაშეს ზევით-ქვევით...

შუადღე იყო გადასული, ბაგირზე გამოკიდებულმა „იუნგამ“ ჭოგრიტი მოიმარჯვა და ჰორიზონტის შესწავლას შეუდგა. ბელაკვა საფრენი კალათის კუთხეში მიყუჟულიყო და რაღაცას წერდა, თან ჩალურჯებულ ყვრიმალს იზელდა ხოლმე და ღიღინებდა: ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო...

„ჩვენსკენ რაღაცა მოფრინავს.“ - თქვა იუნგამ.

ბელაკვა ზანტად წამოდგა და დურბინტში გაიხედა. კი, საჰაერო შარდის ბუშტის მიმართულებით რაღაცა მოექანებოდა...

„ვერ გაარჩევ,“ - თქვა ბელაკვამ.

 „ძალიან კარგადაც გაარჩევ...“ - უთხრა თხაბიჭმა და მერე უცებ შესძახა, - „აჰა, ექიდნეს და პითონის სახელოვანი ასული მოგელავს ჩვენსკენ, მზაფრავი სფინქსი!“

„დაგინახე, დაგინახე! აუფჰ!“ - აღმოხდა ბელაკვას, რომელსაც ფრთოსანი არსებები არ უყვარდა საერთოდ, და მეღამურნი განსაკუთრებით; აქ კი ხარისკუდიან, ლომისტანიან, არწივისფრთიან და ქალისთავმკერდიან ურჩხულთან უნდა დამდგარიყო პირისპირ.

ოდეს მიუახლოვდა, სფინქსმა ირაო გახსნა, შეითამაშა, მერე პიკირებით წამოვიდა, საფრენ კალათაში შემოვარდა და ბელაკვას გულზე დააჯდა, აი, როგორც გიუსტავ მოროს ცნობილ ტილოზეა! მერე იმ თავისი დიდრონი არწივის ფრთებითაც შემოეჭდო და მხურვალე, ცეცხლოვანი ჰაერი შეასუნთქა პირდაპირ სახეში. ბელაკვას ნესტოებში გოგირდის, სისხლისა და ღვინის სუნი ეცა, ინფერნალური კოქტეილი! ვერ გაუძლო,  თავი უკან გადაწია და პირდაპირ ძუძუებზე არწყია ქალ-ლომ-არწივ-ხარს... სფინქსმა არც კი შეიმჩნია, თვალებში მიაჩერდა, ისევე ღრმად, როგორც მანამდე ენა ჩაუყო, და მოგუდული ხმით ჰკითხა:

„შარდის ბუშტს რომ ამოგაჭრიან, მერე რა უნდა ქნა?“

ბელაკვამ ქოშინით უპასუხა:

„ჩემივე წვრილი ნაწლავიდან ახალს გამიკეთებენ და ჩამიყენებენ...“

„მერე და რომ არ ივარგოს მაგ ახალმა?“ - კვლავ ჰკითხა ექიდნე-პითონის ასულმა.

„გარედან მუცელზე სტომას დამიყენებენ, შარდის კონტეინერს...“

„და რომ გაუვიდეს ხოლმე მაგ შარდის კონტეინერს?“

„გაუვა და გაუვიდეს, მაგის...“

“და მერე ხალხი რას იტყვის? არ იტყვის, ეს ფსუტიანი ესაო?“

„იტყვის, იტყვის, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს.” - დინჯად მიუგო ბელაკვამ.

„და ივლი ასე, ბერტრან დე ბორნივით, თავმოჭრილი და წელებგადმოყრილი,“ - ანაზდად ჩაუღრმავდა გრძნეული არსება, - „არ გიტყდება?“

„პერფორმანსები დღეს მოდაშია, განსაკუთრებით ხელოვანის საკუთარი შიშველი ტანისა და ამოტრიალებული შიგადის მონაწილეობით, პარდონ - პოზიციონირებით,“ - ჩაილაპარაკა ბელაკვამ და გულმიუდრეკი ღიმილი დაიდო სახეზე.

თხაბიჭმა ბლოკ-ფლეიტას ჩაჰბერა: ჯერ დორიულ კილოზე, მერე მიქსოლიდიურად...

სფინქსმა კი განაგრძო:

„ფეკალიების, შიშველი ტრაკის პოზიციონირება განა რა ხელოვნებაა?! პლაგიატია ესე ყოველი, ბუნებას პარავენ მისსავე ქმნილებებს. აბა სცადონ და თავადვე შექმნან რაიმე, ისეთივე რთული და მიზანშეწონილად გაწყობილი, როგორც, ვთქვათ, შარდის ბუშტია, ან პროსტატა, ან იგივე ფეკალიები. არა, ვერ ქმნიან, მასალის იქით ვერ მიდიან! არადა მთავარი ისაა, რაც ამ მასალის მიღმაა, ფეკალიების მიღმაა...

„მაინც რა?“ - ჰკითხა ბელაკვამ.

„აქ მე ვიძლევი შეკითხვებს!“

ბელაკვა ისევ დადუმდა.

თხაბიჭი იუნგა იონიურ კილოზე აკვნესდა.

„ვინ ხარ შენ?“ - ჰკითხა სფინქსმა.

ბელაკვამ ცოტა ხანს იფიქრა და მიუგო:

„მე ვარ ის, ვინც ჯერ ოთხ ფეხზე დაიარება, მერე ორ ფეხზე, მერე სამ ფეხზე, მერე კი ფეხებით წინ გაიტანენ“ - ჩაეცინა.

„,უბრალო ხუმარა ყოფილხარ, მეტი არაფერი... კარგი, ერთსაც კიდევ გკითხავ!“

და სფინქსი სახეში ეძგერა ბელაკვას: გრძელი, ალივით ენა ტუჩებში შეუსრიალა, ღრმად - ხახაში, ყანყრატომდე...

აქ ბელაკვა გაითიშა.

მერე სიზმარი იყო:

ბელაკვა იდგა სამზარეულოში, ქურასთან. ქურაზე ქვაბი იყო შედგმული და ქვაბში მდუღარე წყალი თუხთუხებდა. ბელაკვა კიბოებს ყრიდა წყალში მოსახარშად. მაგრამ, კიბოები არ იხარშებოდნენ, პირიქით - უკან მოძვრებოდნენ გრძელი ულვაშებისა და მარწუხების ცეცებით. ეს ყრიდა და ყრიდა, ისინი კი მოძვრებოდნენ და მოძვრებოდნენ, ერთმანეთზე გადმოდიოდნენ. ბელაკვა თვალებს არ უჯერებდა: ეს შობელძაღლები ნახე, ე!

უცებ, კაფელით გაწყობილ კედელზე სფინქსის სახე გამოტყვრა.

„რა არის შენში უკვდავი?“ - ჰკითხა გრძნეულმა სახემ.

„სულიო, ამბობენ...“ - დაუფიქრებლად მიუგო ბელაკვამ.

„არა, შენი სულიც მოკვდავია, შენი ხორცივით.“ - უთხრა სფინქსმა და მერე - „მაგრამ, შენში მაინც არის უკვდავების ნაპერწკალი.“

„ეგ როგორ?“ - თვალმოჭუტულმა იკითხა ბელაკვამ.

სფინქსმა კი მიუგო:

„ყველა ჯანსაღი უჯრედი ბერდება და კვდება შენში. მხოლოდ კიბოს უჯრედები არ ბერდებიან, ასეთია მათი  ბუნება...“

„მერე?“

„ისინი შენზე მეტხანს იარსებებენ... შენი სირცხვილივით!“

და სფინქსი გაქრა.

ბელაკვამ ცოტახანს კიდევ უყურა იმ ადგილს კედელზე, საიდანაც სფინქსი ელაპარაკებოდა. მერე ისევ თავის სამზარეულოს მიუბრუნდა, ისევ დაიწყო მდუღარე წყალში კიბოების ჩაყრა, ისინი კიდევ უკან მოძვრებოდნენ, მოძვრებოდნენ და მოძვრებოდნენ!

და ბელაკვამ აღაპყრო თავი და ამღერდა იგი ხმამაღლა: ქრიიიიისტე აღდგა მკვდრეთიიიით! სიკვდილიიიისა სიკვდილითა დამთრგუნველიიიიიი!

 

(გაგრძელება იქნება)

 

 

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

       

     

         

         

 

 

 

 

 

   

 

  

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE