ჩემნაირი გოგონები არ უნდა იბადებოდნენ


ჩემნაირი გოგონები არ უნდა იბადებოდნენ




***

გწერ ერთგულების ქვეყნიდან,

უფრთო ჩიტების და ულაყუჩო თევზების ქვეყნიდან,

იქიდან, სადაც ფორთოხლის ყვავილებით ივსებიან ორმოები.

სადაც სიტყვები მარმარილოს ქანდაკებაზე ამოუჭრელ ღიმილებს ჰგვანან.

გწერ წითელცხვირა ჯამბაზებისა და

ჩაფლავებული ილუზიონისტების ქვეყნიდან.

მიწისგან დაგრეხილ, ღრუბლებშორის გაჭიმულ თოკზე მივქანაობ

და მივქაქანებ.

გწერ, ქაღალდს ვნერწყვავ, სულს ვუბერავ და შენკენ ვუშვებ,

მოლიპული აეროდრომისკენ.

არავინაა, ვისაც ესმის.

ჩემი ღრუბლისფერი კომპასი მცდარია.

ტურბულენტური უარყოფის ზონაში შესულ,

სიტყვადამგზავრებულ თვითმფრინავს უჩნდება ცეცხლი.

შენ ვერც კი ხვდები, მერამდენე სიტყვა შევწირე

ამ შუა ციდან ჩამოვარდნილ გულწრფელ საუბარს.

თვითმომტყუებელთა ქვეყნიდან გწერ,

სადაც ხუჭავენ ორივე თვალს, ღრმად ჩაისუნთქავენ და

თვალებს მიღმა სარკის ნატეხებივით მზეზე დალაგებული,

ბრჭყვიალა ტყუილებით იჭრებიან,

ხარბად ყლაპავენ ამ სიცრუე ბედნიერებას.

გეძახი.

შენ კი არცერთხელ არ ისვრი მზერას ნემსკავისაკენ,

რომელზეც ჩემი გული ფართხალებს.

წითელი ორგანიზმიდან ამოყვანილი, დასაღუპად განწირული გული,

რომელიც საცაა, შეწყვეტს ფართხალს, ჩამოშავდება,

ჩამომყრალდება და მშიერი ფრინველი შეჭამს.

 

 

***

მოსამართ კაცებს, კაცებს - ყულაბებს

უნდა უფრთხილდე, რომ არ გაღარიბდე.

ცრემლებით არ ჭრა მონეტები, მასში რომ ყარო და დაიქოქოს,

და გაგიღიმოს,

მოგეალერსოს.

საკუთარი მე ამოგწოვოს.

ამ მექანიკურ კაცებს, დედის სათამაშოებს,

ბრბოს მქადაგებლებს,

მატერიის მოთაყვანეებს,

შემდგარ მსახურებს,

სახელმწიფო მოხელეებს და სესხის ოფიცრებს,

მათემატიკური აზროვნების გენიოსებს,

მუდმივად მოუცლელებს, მუდმივად დაუკმაყოფილებლებს,

პირზე ნერწყვმომდგარებს, მესამე ფეხზე ამდგარებს,

მოჩქარეებს და მაგინებლებს,

ფულის ტომრებს სავსე ღიპებით, ცარიელი თვალებით,

უემოციო ნაკვთებითა და მკვდრის იდუმალი ღიმილით,

ერთი სული რომ აქვთ, კუთხეში მიგაყენონ,

ამ კაცებს, მოსამართ თოჯინებს,

უფრთხილდი, არ მისცე.

სული.

 

 

***

ერთ დღესაც ჩაწვები ახალ თეთრეულში,

საგულდაგულოდ შენახულში,

ხარისხიან და ძვირიან თეთრეულში,

სულ რომ ინახავდი და სახმარად ვერ იმეტებდი.

ჩაწვები იდეალურად დაბანილი,

გაპრიალებული კანით, რომელსაც საპარსის კვალიც არ დაეტყობა,

არც რამდენიმე ღერი თმა დაგრჩება სადმე.

ერთ დღესაც ჩაწვები და გეცოდინება,

რომ ხვალ ვეღარ გადმოყოფ ფეხებს საწოლიდან,

ვერ შეაწყობ გაცვეთილ ფლოსტებში,

ვერ წამოდგები მოსაფსმელად,

კბილების გამოსახეხად,

ჩაის დასალევად,

ვერ დაყოვნდები შხაპის ქვეშ ულოგიკო დროით.

შემოგეკრობა გარდიგარდმო ყვითელი ფერი და იმ დღიდან მოყოლებული,

ვინ იცის, რამდენი დღე მოგიწევს ასე წოლა.

შეჭამს თეთრეულს შენი ჭუჭყი ბასრი კბილებით,

გადავა შენი სხეულის მონახაზი მასზე,

ფსლის სუნი და მიმხმარი ფეკალიები.

მთელი ის წლები, რაც იცხოვრე,

განსხეულდება გამჭვირვალე ბავშვის ფორმაში

და ასე, ათასობით გამჭვირვალე ფერი შემოგისხდება გარშემო,

დაცინვით, ირონიით, დამცირებით.

შენ შეაწუხებ ყველა სულიერს, იგრძნობ მათ თვალებში, რომ ყელში ამოუხვედი ყველას და იმასაც კი იფიქრებ,

სადაცაა, უნდა გითხრან:

- მოკვდი, ფსლისსუნიანო ბებრუხანავ!

- ჩაძაღლდი, შე ნაბიჭვარო!

მაგრამ ისინი სურვილშეკავებულნი დაელოდებიან, როდის მოგეღება ბოლო.

მერე კი შვებით ამოისუნთქავენ და გულისტკივილით მოგიგონებენ.

ისიც - იშვიათად.

 

 

***

ჩემნაირი გოგონები არ უნდა იბადებოდნენ.

ყავარჯენივით გოგონები - დაცემულსა და ჩამონგრეულს რომ შეუდგამენ მკლავებს და სიმძიმისაგან მხრებში მოიხრებიან.

ვეებაგულიანი გოგონები - მატერიალიზმზე, ფიზიკაზე, რეალობაზე ტრიუმფალურად აღმატებული გოგონები.

გაცრეცილი ქაღალდებით,

კალმებით,

წიგნებით.

ჩემნაირი გოგონები არ უნდა იბადებოდნენ.

საკუთარი თავების გარდა ყველა და ყველაფერი რომ უყვართ,

მშიერ ძაღლებზე რომ ეტირებათ,

არაფერს ითხოვენ,

დუმან...

ჩემნაირი გოგონები არ უნდა იბადებოდნენ.

ძალიან ხმამაღლა რომ საუბრობენ საკუთარ გრძნობებზე და ემოციურ ფონზე და თავები ძლიერები ჰგონიათ.

სახეჩამოლეწილები რომ წვებიან და სამყაროს აჩუმებენ.

მუდამ კუთხეში მდგარი,

მუდამ მინიმალისტური,

წკრიალა თვალებითა და სევდის იერით.

ყველასგან უარყოფილი,

შორიდან სასურველი,

იდეალისტი, მეოცნებე გოგონები.

პირობის პირნათლად შემსრულებელი,

სენტიმენტალური, რომანტიკოსი, ჯიბეგაფხეკილი გოგონები,

თავიანთი ერთგულება ფასდაუდებელი რომ ჰგონიათ და

ჩალის ფასდადებულნი რჩებიან თავად.

თავიანთი გულწრფელი გამოხედვა,

სიყვარულით გაჟღენთილი სხეული

ძვირადღირებული საჩუქარივით რომ მიაქვთ ერთეულებთან და ჰგონიათ,

ეს ვინმეს სჭირდება.

მეოცნებე გოგონები, საკუთარ ოცნებას რომ ვერ ეკარებიან,

თრთიან მის წინაშე,

ბედნიერების უფლება რომ ჩამოიწერეს,

მშობლებს, ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს რომ შეეწირნენ.

ჩიტებივით რომ არიან გალიებში შეყუჟული,

ძალაწართმეული, სასოწარკვეთილი,

ყველა ადგილისგან დაკბენილი,

ყველა მკერდიდან მოკვეთილი,

ჯვარზეგაკრული, იმედებშელახული გოგონები,

სამყაროს რომ ეზედმეტება და დადიან ასე,

სახეჩაღუნულები, დამძიმებულები, წყალშესრუტული ღრუბლებივით.

იბერებიან, იბერებიან და გასკდომა რომ ვეღარ ეღირსათ.

სიკვდილდახატული გოგონები,

მოსიარულე კუბოები,

დაუმარხავი, მიწამიუყრელი გოგონები,

კეთროვანივით შორიდან რომ ეფერებიან და ესიყვარულებიან.

სიყვარულის ობიექტისგან, ბობოლა ოჯახებისგან, 

ცხვირაბზუებული ბიჭებისგან და ბიჭის დედებისგან,

ამპარტავანთაგან და ორპირთაგან, მოღალატეთაგან და წარწყმედილთაგან,

მატყუარათაგან და ფლიდთაგან

გულმოკლული და სულდაჭირხლული გოგონები,

ერთი სული რომ აქვთ, ფრთები გამოისხან და ცამდე აფრინდნენ.

ჩემნაირი გოგონები არ უნდა იბადებოდნენ,

ან დაბადებისთანავე კვდებოდნენ უნდა.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE