არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც რობერტ ჯონსონმა საკუთარი
სული ეშმაკს მიჰყიდა, რათა ბლუზი შეექმნა.
1
ზაფხულის ჩვეულებრივი, მდორე დილა იყო. რუფემ თავის ერთოთახიან ნაქირავებში გაიღვიძა და გადაწყვიტა, სამსახურში არ წასულიყო. ჩვეულებრივი გადაწყვეტილება იყო იმის გათვალისწინებით, რომ რუფეს არც თავისი სამსახური მოსწონდა და არც მუშაობა, ზოგადად.
ის ასეთ დილას "ყვითელს" ეძახდა. ამ ერთი შეხედვით პოზიტიურსა და ნათელ ფერში ყოველგვარ დისკომფორტსა და სიმყრალეს მოიაზრებდა, რომელიც თან ახლდა ზაფხულს. ბუზების ბზუილი, იღლიიდან ჩამოსრიალებული ოფლის წვეთები, კოღოების მიერ დაკბენილი ტერფები, გრიბოედოვის ქუჩის ყოველ ნაბიჯზე ძაღლის განავლის ყროლი და სეზონური დერმატიტი, რომელსაც ხელების გადატყავებამდე მიჰყავდა - იყო "ყვითელი დღე". ამ სიტყვებსაც წარმოსახვითი მრავალწერტილით წარმოთქვამდა ხოლმე, თითქოს ყველასთვის გასაგები და, უფრო მეტიც, მისაღები უნდა ყოფილიყო მის მიერ შემოტანილი კომპოზიტი.
მას დიდ ტრაგედიად მიაჩნდა თავისი რუტინა - "იმად ვიქეცი, რასაც ვებრძოდი!" - არტისტული სინანულითა და რიხით შესძახებდა ხოლმე, როგორც კი ალკოჰოლი მოეკიდებოდა. ზემოხსენებული ბრძოლის ობიექტი კი საოფისე სამსახური გახლდათ, საშუალო ხელფასით, სრული განაკვეთითა და მცირე ბონუსებით.
ახლაც ხელების ქავილმა გააღვიძა. გაღვიძებისთანავე საჩვენებელი თითის სისხლიანი ფალანგი გაუაზრებლად ტუჩზე მიიდო და ლოღნა დაუწყო.
"ჩვენ დღეს არსად წამსვლელები არა ვართ..." - ჩაიბურტყუნა და დორბლიანი ხელი ბალიშზე შეიშრო. იფიქრა, უფროსისთვის დაერეკა და რამე სისულელე შეეთხზა, რაც მის არყოფნას საპატიოს გახდიდა, მაგრამ ეს არწასვლის გადაწყვეტილება მხოლოდ დღევანდელ დღეზე არ ვრცელდებოდა. რუფემ ამის შესახებ ჯერ არ იცოდა, მაგრამ გული უგრძნობდა, რომ საქმე მხოლოდ სიცხესა და ნაბახუსევში არ იყო. იმ დილას მასთან ერთად დიდი ხნის მიძინებულმა მეოცნებემ და ჯანყის თავმა გაიღვიძა, მაგრამ არც ეს იცოდა რუფემ. მობილური უბრალოდ გამორთო და მაღაზიაში ჩავიდა ლუდის საყიდლად.
2
ერთი შეხედვით, მის ცხოვრებაში არაფერი იყო ისეთი, რაც მის მარად სევდიან მზერასა და პილიგრიმისებურ სიარულის მანერას გაამართლებდა. ის ადრეული ასაკიდან დიდ დრამას ეძებდა. ისეთ დრამას, რომელიც ადამიანების პიროვნებას განსაზღვრავს ხოლმე და მათ თვალებში ცხოვრებისეული სიბრძნისა და ენიგმატურობის ნაპერწკალს ანთებს, მაგრამ რუფეს გარემო მუდამ მიცვალებულის პულსივით მშვიდი და უძრავი იყო. ის ადამიანთა იმ ნაწილს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ბავშვობიდან საკუთარ თავსა და ოცნებებში იკეტებიან, ჰყავთ წარმოსახვითი მეგობრები და ამხანაგებთან თამაშს ალაპარაკებული სათამაშოები ურჩევნიათ. ერთხელ, საკუთარი ბავშვობის გახსენებისას, იფიქრა - აუტიზმი ან ყურადღების დეფიციტი ხომ არ მჭირსო. დაფიქრდა იმაზე, თუ რაოდენ იშვიათად უშვებს უცხო ადამიანებს საკუთარ ცხოვრებაში, რაოდენ უჭირს მრავალგზის მოსმენილისა თუ წაკითხულის დამახსოვრება, ან ახალ გარემოსთან შეგუება, მაგრამ რუფე, სხვა ღირსებებთან ერთად, ზარმაციც იყო, ამიტომ თვითდიაგნოსტიკისა და მკურნალობის აზრი მალევე ამოიგდო თავიდან.
ყმაწვილობაში, რჩეულობის იდეით შეიპყრობილმა, მთელი თეოგონია გადაიკითხა, რათა სადმე საკუთარი ღვთაებრიობის სიმპტომები ეპოვა. როდესაც დარწმუნდა, რომ არც ღმერთი იყო და არც ღმერთის ნაბიჭვარი, გადაწყვიტა, რომ ყველას შეგვიძლია ზეადამიანებად ვიქცეთ, თუკი ამას მოვინდომებთ. რუფე იდეალისტი იყო, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. მისი დამოკიდებული რელიგიებისა თუ წვრილი მოძღვრებებისადმი სრულიად ამორფული, მაგრამ ყმაწვილურად მარტივი იყო. სჯეროდა, რომ ყველა ღმერთი და ყველა მოძღვრება ერთდროულად არსებობს, ამიტომ ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა რომელიმე მათგანისთვის მაინც მოეწონებინა თავი და ყველა ტიპის რიტუალს, შეძლებისდაგვარად, ასრულებდა. ის სულიერ მეგობრებად მიიჩნევდა თეოსოფოსებს. განსაკუთრებით - ტომას ელიოტს სწყალობდა. "ისიც ჩემსავით გრძნობსო" - იტყოდა და სახეზე სიამაყისა და კმაყოფილების უნებური ღიმილი ესახებოდა ხოლმე.
მისი ერთოთახიანი საცხოვრებელი მოიცავდა - გასაშლელ დივანს, რომელზეც ეძინა, ერთ ტახტსა და საწერ მაგიდას, რომელზეც მუდამ ტანსაცმელი და დაცლილი ბოთლები ელაგა. დივანის გვერდზე წიგნები სვეტებად ჰქონდა დაწყობილი. შემსვლელი იფიქრებდა, ალბათ, დღეს და ღამეს კითხვაში ასწორებსო, - რუფემ ეს იცოდა და მოსწონდა კიდევაც, რომ ასეთი შთაბეჭდილება ექმნებოდათ სტუმრებს, თუმცა, სინამდვილეში, წლებია, არცერთ წიგნს არ გაჰკარებია და, ბოლო დროს, ვერც სტუმრების სიჭარბით დაიტრაბახებდა. ტელევიზორი მეგობარს აჩუქა, როგორც კი გაიაზრა, რომ საინფორმაციო გამოშვებებზე დამოკიდებული გახდა. მთელი დღის მანძილზე არხიდან არხზე დახტოდა, რათა ყოველ ერთ საათში ერთი და იგივე ამბავი სხვადასხვა ჟურნალისტის პირიდან სხვადასხვა ინტერპრეტირებით მოესმინა. საინფორმაციო გამოშვებების ყურება მას გარკვეულ სიმშვიდეს ანიჭებდა და თავს უფრო დაზღვეულად აგრძნობინებდა. თავადაც არ იცოდა რისგან, მაგრამ გრძნობა უთუოდ ასეთი ჰქონდა.
ოთახში ერთადერთი ფანჯარა იყო, რომელიც პირდაპირ კონსერვატორიას გაჰყურებდა. ბინის შერჩევისას სწორედ ამან მოხიბლა - დილიდან საღამომდე სტუდენტების სიმღერა ისმოდა. "ყოველი დღე კლასიკასთან, არა?!" კმაყოფილმა უთხრა ბინის მფლობელს, როდესაც გასაღებს ართმევდა. ერთი თვე საკმარისი აღმოჩნდა, რათა ენატრა, რომ ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები დაწყებულიყო და თუნდაც ასფალტის გადამამუშავებელ მანქანებს ჩაეხშოთ კონსერვატორიის სტუდენტების უსასრულო მოთელვა ვოკალში.
დროთა განმავლობაში რუფეს სოციალური ქცევა სრულ წინააღმდეგობაში მოვიდა მის წარმოდგენასთან საკუთარი თავის შესახებ. ხალხში ის ძალიან თავაზიანი, შეიძლება ითქვას, მორცხვიც კი იყო. სამსახურში ხშირად აჰყოლია მისი წარმოდგენით მდაბიო და უგემოვნო ხუმრობებს. არც გაღიმებაზე ეტყოდა ვინმეს უარს. სამაგიეროდ, სახლში დაბრუნებული საკუთარ თავს დაძინებამდე ლანძღავდა ამ ყველაფრის გამო და ყოველ ღამე ლოცვასავით იმეორებდა: "მე ვიტყვი არას! მე აღარ გავიცინებ იმაზე, რაზეც არ მეცინება! მე ამ ყველაფერზე მაღლა ვდგავარ!" თუმცა, ეს შეთქმა იმაზე ამაოდ ჩაივლიდა ხოლმე, ვიდრე ლოცვა-ვედრება ლატარიის მოგებაზე.
ერთხელ, ზაფხულში სოფელში ჩასულმა გადაწყვიტა გოგოსთვის თავი მოეწონებინა (იმ დროისთვის ყვითელი მხოლოდ ფერი იყო), მთელი საღამო ეზოთერიკასა და სპირიტუალიზმზე საუბრით გამოულაყა ტვინი. გოგო კი თავის მხრივ ერთი ჭკუამხიარული ადგილობრივი გახლდათ, რომელსაც რუფე შორიდან მოსწონებოდა. ვიზუალურად მართლაც ვერაფერი დაეწუნებოდა რუფეს. მაღალი, გამხდარი, მაგრამ განიერი მხრებით, მოხდენილი ნაკვთებით, ფითქინა კანითა და მუქი შავი თმით. თუმცა საკმარისი იყო ვინმესთან ხმა ამოეღო და მაშინვე ყველას აფრთხობდა თავისი აბდაუბდა საუბრებითა და იმანენტური ქედმაღლობით. გოგონასთან ხანგრძლივი საუბრის მერე ორივემ იგრძნო, რომ სიტყვებმა თავისი ძალა მოლია და მოქმედების დრო დადგა:
- ხელები მომკიდე - თქვა რუფემ და გოგოს თვალი გაუსწორა. მანაც ჯერ გადაჯვარედინებული, გარუჯული ფეხები დემონსტრაციულად გაასწორა, მოკლე ქვედაბოლო კიდევ უფრო მაღლა აეწია და სახეზე მოლოდინის ღიმილი აუთამაშდა. - არა, ადექი! - რუფეს თვალებში ცეცხლი ენთო.
- კა-არგი - ჩაიკისკისა გოგომ და სახე მაქსიმალურად ახლოს მიუშვირა.
- ახლა თვალები დახუჭე. - თავად უკვე დაეხუჭა თვალები. ქუთუთოებს იდიოტურად აწვებოდა. - მოგენატრა თოვლი?
- რა?
- მე შენ მოგიძღვნი თოვლს! - თქვა და რამდენიმე წამი გაუნძრევლად, ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ. სიცხისა და სიახლოვისგან ხელისგულები ორივეს გაუოფლიანდა. სუნთქვა ქშინვაში გადაუვიდა და უცნაური მოძრაობების კეთება დაიწყო კანკალსა და კრუნჩხვას შორის. გოგოს ხარხარმაც არ დააყოვნა და ხელები გაუშვეს ერთმანეთს.
რუფემ თვალები გაახილა და გარშემო ისე იყურებოდა, თითქოს ორი წამის წინ დავარდნილ ნივთს ეძებდა. თოვლის არმოსვლა სრულიად გულწრფელად გაიკვირვა. გოგო კი სიცილს არ წყვეტდა. მაგრამ ის არ დანებდა, აგვისტოს უთოვლობა გოგონას სულიერ მოუმწიფებლობას დააბრალა და დაუყონებლივ გაეცალა იქაურობას. თუმცა, არც მისი სულიერი სიმწიფე გაგრძელდა დიდხანს. იმედგაცურებების სერია არ სრულდება და რამდენიმე წელიწადში ფანტასტი რუფე - ტიპურ სკეპტიკოსად ჩამოყალიბდა. უსარგებლო ინფორმაციით ამოტენილი თავითა და ნულოვანი წარმოდგენით პრაგმატული სამყაროს შესახებ.
მრავალი ყვითელი დილის შემდეგ, რუფემ გაიღვიძა და თქვა - "ჩვენ დღეს არსად წამსვლელები არა ვართ..."
3
ათი ქილა "ლოვენბრაუ" დახლზე დააწყო, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო - ორი ღერი აკლდა.
- და ერთი წითელი ,,მარლბოროც". - მცირე პაუზის შემდეგ დაურთო - თუ შეიძლება... - კონსულტანტის ამრეზმა მზერამ რუფეს გადატყავებული ხელებიდან მის გაღიმებულ სახეზე გადაინაცვლა. სიცხადისთვის უნდა ითქვას, რომ რუფეს ღიმილი ძლიერ აუშნოებდა. საქმე არც კბილებში და არც ნაკვთებში იყო. უბრალოდ, ისე იღიმოდა, იფიქრებდი, ვიღაცამ იარაღი მიაბჯინა და გაღიმებას აიძულებსო. ამიტომ, საპასუხო ღიმილსაც იშვიათად აწყდებოდა, რამაც მისი თანდაყოლილი, მიზანთროპული განწყობები უფრო გააღრმავა.
ის უკანასკნელია, ვიზეც იტყვი "შენახული კაციაო". მხოლოდ სიგარეტზე ჰქონდა გართულება. რამდენჯერაც მაღაზიაში მოხვდებოდა, იმდენჯერ ყიდულობდა სიგარეტს. "შენახულს" თუ არა, "ჩვევების" ადამიანს მარტივად უწოდებდით. არასდროს არაფერს გეგმავდა, მისი ფიქრები ან ოცნებებს, ან გონების სავარჯიშოდ შექმნილ ანტითეზებს ეკავა. თუმცა მისი ცხოვრება სავსე იყო კანონზომიერი, თითქმის რიტუალური ჩვევებით. - სიგარეტის მარაგის შევსებაც ერთ-ერთი ამ ჩვევათაგანი გახლდათ.
***
რუფემ ქილები ტახტის გარშემო შემოიწყო, ლეპტოპში მუსიკა ჩართო, სიგარეტს მოუკიდა და პირველი ლუდი გახსნა. სიმთვრალე ქავილის შეგრძნებას უხშობდა. ის მთელი არსებით გაურბოდა იმაზე ფიქრს, რომ ალკოჰოლიკია და როგორც ალკოჰოლიკების უმრავლესობა, სმის მიზეზად ხან უძილობას ასახელებდა, ხან სტრესს და ხანაც - ხელების ქავილს.
რობერტ ჯონსონის "Crossroad" გაჟღერდა, ფონად კი კონსერვატორიიდან გამომავალი ბარიტონის გაბმული ხმა ისმოდა. "ასე ჯობია" - ჩაიჩურჩულა და ერთი დიდი ყლუპი მოსვა. დიდი ხანია, ბლუზისთვის არ მოუსმენია. რუფესთვის ბლუზი იმ მაგიურ ოცნებებთან და მიზნებთან ასოცირდებოდა, რამაც მთელი მისი ახალგაზრდობა მოიცვა.
ლუდის სუნმა თავის პირველ კათხაში დააბრუნა. რატომღაც გაახსენდა პირველი თრობის სიამოვნება, ბავშვობის მეგობრები, რომლებიც ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ და ის, თუ როგორ არასდროს ბეზრდებოდათ ერთმანეთი. ,,როგორც ჩანს, მაინც მოგვბეზრდა" - ფრაზამ მისდაუნებურად გაიელვა თავში. მალევე მიხვდა, რომ მისი მოგონებების არქივი არცთუ ისე ბევრ პოზიტიურ კადრს ინახავს. საერთოდაც, ცოტა რამ ახსენდებოდა მნიშვნელოვანი, გარდა თავისი წარმოდგენების და ოცნებებისა. მან ისე ცხადად იცხოვრა საკუთარ ფანტაზიებში, რომ ვერც შეამჩნია, როგორ გაექცა ყოველდღიურობასა და რუტინაში რეალური ცხოვრება. მისი პათეტიკის ადამიანი იტყოდა "ოჰ, რამდენ რამეს შევცვლიდიო", მაგრამ რუფეს ქედმაღლობა არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ თუნდაც ფიქრებში დაეკნინებინა საკუთარი ცხოვრების მნიშვნელობა. ამიტომ მისთვის მისაღებ გამოსავალს პულობდა - "უბრალოდ, რაღაც ისე ვერ წავიდა, როგორც უნდა მომხდარიყო...".
ის დარწმუნებული იყო, რომ ადამიანის ცხოვრება მხოლოდ ერთ საქმეში დასაოსტატებლად იყო საკმარისი და ახლა, ოცდაათ წელს მიახლოებული რუფესთვის - ყველაფერი გვიანი იყო.
ლუდის ქილა ჰაერში აღმართა, თითქოს დიდი აუდიტორიის წინაშე მდგარიყო და არტისტულად შესძახა ცარიელ ოთახს: ,,ჩვენ ვიბეგრებით, ყოველდღიურად, დროით, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება. და ძალიან ცოტა დროა საჭირო იმისათვის, რომ მთელმა ჩვენმა დარჩენილმა დრომ მნიშვნელობა დაკარგოს!"
რუფე მთელი ცხოვრება წიგნის დაწერას გეგმავდა. ბევრჯერ დაიწყო კიდეც, მაგრამ რამდენიმე გვერდის შემდეგ იტყოდა "ეს სამყაროს ვერ შეცვლის" - და თავს ანებებდა. ერთი შეხედვით, საინტერესო იდეები ჰქონდა, თუმცა ხელი არ უვარგოდა. ხოლო სტილზე ვარჯიში შრომისუნარიანობას საჭიროებდა, რასაც ის მოკლებული იყო. როდესაც მეცნიერებმა "სივრცე-დროის ველი" აღმოაჩინეს, რუფემ ჩათვალა, უფრო სწორად, წარმოიდგინა, რომ სწორედ ის გახდებოდა პირველი, ვინც ველს დაიმორჩილებდა და მის პრაქტიკულ გამოყენებას შესძლებდა. მაგრამ მისთვის სრულიად უცხო მეცნიერების წინაშე აღმოჩენილმა თქვა: "ცხოვრება მხოლოდ ერთ საქმეში დასაოსტატებლად არის საკმარისი" და დიად წიგნზე ფიქრს დაუბრუნდა.
კიდევ ერთი ქილა გახსნა და ფანჯარასთან დადგა... შუბლით ფანჯრის შუშას აკრობოდა, იფიქრებდით, დაჟინებით უთვალთვალებს ვიღაცასო, მაგრამ მისი ფოკუსი შუშასაც არ გასცდენია.
სიმთვრალეში სიმარტოვე ყველაზე აუტანელია. მითუმეტეს, თუ უკმაყოფილებით, არერეალიზებულობის შეგრძნებითა და თვითგვემით ხარ სავსე. ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ყველაფერში ის არის, რომ შეგიძლია, ფარისევლურად თანამგრძნობი მზერების გარეშე იტირო. რუფეც ტიროდა. იმდენად შეითრავდა ცრემლი, რომ ლამის კრუნჩხვებში ვარდებოდა ტირილისგან. "ცარიელი ვარ" - ამოიბლუყუნებდა ხოლმე, თუკი ყელში გაჩხერილი ბურთი მისცემდა ამის საშუალებას. მას მუდამ სწამდა, რომ მისი ცხოვრება სავსე იქნებოდა გრანდიოზული, კაშკაშა მომენტებით. რომ ამ მომენტების მოზიარედ ეყოლებოდა ქალი, რომელსაც რუფეში ის ეყვარებოდა, რაც თავად რუფეს უყვარდა საკუთარ თავში. ან უფრო მეტიც!
- მარიამი ახლა აქ უნდა იყოს... ჩემთან. - ჩაილუღლუღა, ცრემლები შეიშრო და კიდევ ერთი ქილა გახსნა.
***
მარიამის შესახებ ორ რამეს მოგახსენებთ:
I - მას უყვარდა რუფეში ის, რაც თავად რუფეს საკუთარ თავში და უფრო მეტიც (კერძოდ, ღიმილი).
II - წავიდა (დამატებითი დეტალებისთვის დაუბრუნდით პირველ პუნქტს).
4
მორიგი ქილის ფსკერამდე ჩასულმა რუფემ თქვა - ჯერ არაფერია დაკარგული! - დაცლილი ლუდის ქილა აკურატულად დადო მაგიდაზე და წამოდგა. ოფლი წურწურით მოსდიოდა და მთვრალი სხეული ძლივს ასწია, რათა ისევ ფანჯარასთან მისულიყო. ახლაღა გაიაზრა, რომ მთელი ამ საათების მანძილზე "Crossroad blues"-ს ჩახვეულად უსმენდა. გარეთ უკვე საღამო იდგა. კონსერვატორიიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმოდა სტუდენტების გეგმები საღამოს შესახებ.
მარტო დარჩენილს უყვარდა თეატრალიზებული მონოლოგების წარმოთქმა. სიამოვნებდა იმაზე ფიქრი, რომ მისგან დიდი მსახიობი დადგებოდა. გრძელ თითებს განსაკუთრებით მოქნილად აამოძრავებდა, ხოლმე მონოლოგების წარმოთქმისას. სახეზე მეტად, სწორედ ხელის მტევნით გამოხატავდა სათქმელს. ხან საპროტესტო აქციის ორატორად, ხანაც კი როკ-ვარსკვლავად წარმოიდგენდა თავს, ხოლო როდესაც რეალობა სახეში სილას გააწნავდა, რუფე იმეორებდა: "უბრალოდ, რაღაც ისე ვერ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო."
ცალი ფეხი სკამზე შემოედგა და მღელვარედ წარმოთქვა:
,,ადამიანები უსასრულოდ მიიწევენ მწვერვალებისკენ. ზოგისთვის მწვერვალი ტელევიზიაში მოხვედრაა, ზოგისთვის - უცხოური დელეგაციის დახვედრა, ზოგისთვისაც - ხვრელში ჯოხის შეყოფა. მე მათთვის ცუდი ამბავი მაქვს: არავითარი მწევრვალი არ არსებობს! რამეთუ ადამიანის გონებისა და სულის განვითარებას არ გააჩნია ლიმიტი, არ გააჩნია საზღვრები და მწვერვალები! არსებობს მხოლოდ უსასრულობა, რომელშიც ვცურავთ და მნიშვნელოვანიც სწორედ ის არის, თუ რამდენად ღრმად შევცურეთ დროის იმ მონაკვეთში, რომელიც მოგვეცა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი იარსებე... შეიძლება, ცურვისას ახალგაზრდას გული გაგისკდეს. შეიძლება, იმდენ ხანს იცურო, რომ სიბერემ შეგიწიროს. შეიძლება, უსასრულობიდან ურჩხულმა ამოყოს თავი და მან დაასრულოს შენი უმშვენიერესი აქტი! მთავარია, რამდენად ღრმად შეცურე. რამდენად იმუშავე საკუთარი ცურვის მანერის დასახვეწად, რათა უფრო ღრმად შეგეცურა...
მთავარია ცურვა!"
საკუთარი მონოლოგით დამუხტულმა რუფემ უკანასკნელი ქილა გახსნა, ერთიანად ჩაცალა, წვერ-ულვაშზე შერჩენილი წვეთები ჩამოიწურა და მხნედ წარმოთქვა: ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ!
მას გაახსენდა რობერტ ჯონსონის ლეგენდა, რომლის თანახმადაც დიდმა ბლუზმენმა საკუთარი სული გზაჯვარედინზე ეშმაკს მიჰყიდა, რათა გიტარაზე დაკვრა ესწავლა. თუმცა რუფე დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა. ეს დილემა ეხებოდა არა ეშმაკის არსებობა-არარსებობას, არამედ იმას, რომ არ იცოდა, თუ რისი მიღება სურდა მას შემდეგ, რაც ჯოჯოხეთს გაინაღდებდა.
ცოტა ხანში ეშმაკისთვის სულის მიყიდვა რადიკალურ გადაწყვეტილებად ეჩვენა და ალტერნატიული გზების ძიებას შეუდგა. დიდი ხანი არ დასჭირვებია, რათა ვუდუიზმის ტექსტები ამოტივტივებულიყო მის მთვრალ გონებაში:
- პაპა ლეგბა! - შესძახა, მღელვარებისგან ათრთოლებული ხელებით საფულე გახსნა და ფულის დათვლას შეუდგა. - ერთ რომს უნდა ეყოს! - ამოიხვნეშა და მეკობრისებურად გადაიხარხარა.
***
(პაპა ლეგბა)
პაპა ლეგბა - სიცოცხლისა და სიკვდილის გზაჯვარედინის მკვიდრი, ლოას სულთაგან ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი, ყველა ვუდუისტურ რიტუალში პირველი სადიდებელთაგანი, სულთა სამყაროს კარიბჭის გამგებელი, რომელიც ადამიანებს მუნდშტუკიანი მოხუცის ან ქოფაკის სახით ევლინება. ის, ვისთვისაც ლოცვისა და ვედრების გულწრფელობაზე მნიშვნელოვანი სწორად მირთმეული უხვი ძღვენია:
- თეთრი ქათამი მსხვერპლად, თამბაქო, ქოქოსი, სიმინდი, რომი, მრავალი სახის ტკბილეული, სიგარა, თხილეული და ხელნაკეთი სათამაშოებიც კი!
მას, ვისაც ძალუძს გზაჯვარედინზე გამოგეცხადოთ და ლოას სპირიტის შეწევნით თქვენს ნებისმიერ სურვილს ხორცი შეასხას სამომავლოდ გაწეული სამსახურის სანაცვლოდ. სწორედ მას, ვისი სახელიც მთელ ვუდუისტურ სამყაროს აღავსებს მაგიითა და არაადამინური ძალით - რუფემ გადაწყვიტა, რომ ერთი "შიპუჩკა" რომი აკმაროს.
5
- ეს რა ღირს? - მთვრალმა რუფემ რომის პატარა ბოთლი ისეთი ძალით დაახეთქა დახლზე, კონსულტანტმა შეშინებული თვალებით ახედა. - ეგრე ნუ მიყურებ, ჩემთვის არ მინდა... - თავი ისე გააქნია, თითქოს მწერები დასტრიალებდნენ - ჩემთვის, მაგრამ არა დასალევად. რა ღირს?! - გოგონამ რომის ბოთლი მაქსიმალურად ნელა გაატარა, ისე, რომ რუფესთვის თვალი არ მოუშორებია.
- ექვსი. - სიტყვა კევის ღლაჭუნში ჩაიკარგა.
- რამდენი?! - თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თითქოს ვიღაც მოსდევსო.
- ექვსი!
ფული გადაიხადა და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა მთაწმინდის აღმართს. ჯერ ზუსტად არ იცოდა, საით მიდიოდა. გზაზე მრავალ გზაჯავარედინს შეხვდა, მაგრამ ყველგან გამვლელები მიმოდიოდნენ, რუფეს კი ნამდვილად არ სურდა ვიღაცას ენახა, თუ როგორ იფურთხება რომს ოთხივე მიმართულებით და ცდილობს ჰაიტური ვუდუიზმის სულის გამოძახებას.
საბოლოოდ ერთ ვიწრო გზაჯვარედინს მიადგა. ყველა მხარეს ფანჯრები იყო ანთებული და დიდი ალბათობით დაინახავდნენ კიდეც, მაგრამ აღმართზე სიარულით დაღლილმა გადაწყვიტა, რომ ეს იდეალური ადგილი იყო. რომის ბოთლი გახსნა და სანამ სასმელს პირში ჩაიგუბებდა, თვალებში მამა დავითის ეკლესიის ხედი ჩაიგუბა. "შენც გქონდა შანსი" - თქვა და ბოთლს ტუჩებით შეეხო.
პირველი ყლუპი ჩრდილოეთის მიმართულებით გადააფურთხა და ჩუმად წარმოთქვა "პაპა ლეგბა, გამიღე კარიბჭე, რათა იქიდან დაბრუნებულმა შევძლო შენთვის მადლობის გადახდა."
იგივე გაიმეორა ოთხივე მიმართულებით და გზაჯვარედინის ცენტრში დოინჯშემორტყმული დადგა. "ცოტა მეტი უნდა წამეკითხა" - წარმოთქვა სინანულით. რაღაც მომენტში ისიც გაიფიქრა, ხომ არ დავიჩოქოო, მაგრამ აზრი მალევე ამოიგდო თავიდან. გარშემო სრულიად არაფერი ისმოდა, გარდა შორეული ჭრიჭინისა.
ის-ის იყო ბრაზისგან უნდა შეეკურთხა და სიგარეტისთვის გაეკიდებინა, როდესაც უკნიდან ფხაკუნი გაიგო. თითქოს ორმოციოდე ჩლიქი მოიწევდა მისი მიმართულებით. რუფეს სახეზე ოფლი გაუცივდა და იგრძნო, შიშისგან როგორ ეცლებოდა მუხლებში ძალა. თავადაც არ ელოდა, რომ ასე შეეშინდებოდა, მაგრამ ყბების კანკალიც კი აუტყდა და მუდარით სავსე თვალებით ახედა მამა დავითს.
როდესაც წვივზე შეხება იგრძნო, სუნთქვაშეკრულმა თვალები დახუჭა და შეემზადა ყველაზე მძიმე დასასრულისთვის. რამდენიმე წამში თვალები გაახილა, რათა ენახა ის, რის წარმოდგენასაც მისი გონება ვერც კი გაწვდებოდა - მის ფეხებთან წამოგორებული ფინია, რომელსაც მოფერების იმედად ფეხები გადაეშალა და არაპროპორციულად დიდი ყვერები მიეშვირა რუფესთვის.
კუდაქიცინებულ ძაღლს გაშეშებული მიშტერებოდა. შემდეგ გონს მოეგო და ისეთი ხარხარი მორთო, ცრემლები წამოუვიდა.
"პაპა ლეგბა", თქვა სიცილით და ძაღლს ყურები მოუზილა.
თავს გადახდენილმა ისტორიამ რუფე გამოაფხიზლა, სიგარეტს გაუკიდა და სახლისკენ გაეშურა. ფინიაც გვერდზე აკრობოდა და მხიარულად მიჰყვებოდა.
სასიამოვნო ნიავმა დაუბერა, მხოლოდ ფოთლების შრიალი და ფინიას ბრჭყალების კაკუნი ისმოდა. სახლს მიახლოებულმა რუფემ შორიდან ნაცნობი სილუეტი დაინახა.
- მარიამ?! - ისე წარმოთქვა, თითქოს, მოჩვენება დაინახა.
მარიამმა, ჩვეული, მზრუნველი თვალები მიაპყრო რუფეს. შემდეგ მისი მზერა პატარა ფინიამ გაიტაცა. - ეს ვინ არის?! - შესძახა ბავშვური ხალისით.
- ე-ეეს... - რუფემ კეფა მოიფხანა და უნებურად უპასუხა. - პაპა ლეგბა!
- შენს გარდა ვინ მოიფიქრებდა ასეთ სახელს? - კისკისით უთხრა რუფეს, რომელსაც სახეზე გულუბრყვილო ღიმილი გამოსახვოდა. ისეთი, როგორც ადრე. ისეთი, როგორც მხოლოდ მასთან.