✲ ✲ ✲
წავალ და
ფინჯან ყავასთან ერთად დაველოდები გასხივოსნებას,
და აღიარებას, რომ
ადამიანობა არც ისე ცუდია,
ყოველ შემთხვევაში იმდენად მაინც არა, რომ
ასე სევდიანად გარბოდე,
ასე მოცლილად ილაგებდე ჯიბეში
ამოუხსნელ განტოლებასავით გაბნეულ ურთიერთობებს,
ყველას,
ვინც ბარიერად შეგხვდა,
მათაც, ვინც საციგურაო მოედნად გაგეფინა,
მათ, ვინც ერთხელ მაინც წამოგიკრიფა კალთები
და გითხრა, რომ ეს დაცემაა.
ფინჯან ყავასთან ერთად უფრო ადვილია
ყველანაირი აღიარება,
რადგან მისი არომატი
აქვეითებს ტკივილის შეგრძნებებს,
ეს კი მაინც გაქცევაა ისევ,
ოღონდ ლეგიტიმური,
რომანტიკულიც კი,
პოეტურიც კი.
დაცემის რომანტიზებას არ სჭირდება დიდი ოსტატობა,
ირგვლივ იმდენი დაცემულია,
იძულებული ხარ, აღდგე,
გიხაროდეს,
იტყუებოდე, რომ ადამიანობა იმსახურებს
მასზე ჩაბღაუჭებას
და მრავალგზის გამოცდაგავლილი ბავშვივით
ერთხელ აუცილებლად მიიღებ სერტიფიკატს,
რომელიც ვადიანია,
და საჭიროებს პერიოდულ განახლებას,
ისევე, როგორც სიყვარული ქალსა და კაცს შორის,
რომელიც გამოცდიდან გამოცდამდე ხშირად ემსგავსება მეცადინეობას,
დაგეგმილი ღამეები კი – დასახევად გამზადებულ კონსპექტებს
შურისძიების მოტივით.
მაინც რაღაცნაირია ფინჯან ყავასთან ერთად ფიქრი ადამიანობაზე,
როცა აღარ სვამ კითხვებს და არც
ეძებ პასუხებს.
უბრალოდ გინდა,
ამდენი ყლეობა აღარ მოგახვიონ თავს
სიცოცხლის სახელით.
✲ ✲ ✲
მე მასწავლეს, არ თქვაო,
შენი ადგილი იცოდეო.
შენი ლიმიტი იცოდეო. გოგო ხარო.
კარგიაო, გოგო რო ხარო,
ქალი ფაქტობრივად წმინდანიაო.
კაი-მეთქი. მიხაროდა,
წმინდანობას ვეთამაშებოდი შორიდან.
კიდევ ბევრი რამე მითხრეს,
ამას იმიტომ გეუბნებითო, რომ შენთვის კარგი გვინდაო.
გამიხარდა და აღვივსე მადლიერებით.
მერე, კიდე უფრო დიდი გოგო რო გავიზარდე,
შემთხვევით გეგმაზე მეტი შემომესწავლა და
იმდენი კომუნიზმიც არ იყო,
გეგმის გადაჭარბებისთვის ჯილდო რო მოეცათ.
ჯილდო კი არა, ნგრევა იყო.
მერე ნძრევა.
ბოლოს კეთილების ტყვნა.
the end.
✲ ✲ ✲
მე მელატონინის უდაბნოში დავბორიალებ
ცხელ ქვიშაზე
და ლურჯი ბლანტი ქარი
მეხება სახეზე,
ეს აკვანია
და იმ აკაციების სურნელი
გადმოღვრილი ძმრის ნაცვლად.
სურვილი ძილის
ისეთი დიდია,
ქვიშაზე ვტივტივებ
და წყალში ფეხები
ძილის თევზებს ეხებიან
მშვიდი თვალებით
ფართო ლაყუჩებით
გაუჩერებლად რომ ისრუტავენ ჩემს წილ ჰაერს.
და მოგონებები კიდევ არ ჩუმდება
და ჩაიდანი ჯერ ისევ სავსეა,
ცარიელ ფინჯნებზე სევდიანი
მხოლოდ შენი დილა თუ იქნება,
ისიც უდაბნოში.
მელატონინის მელნისფერი მელოდია
და შენი სახე,
როგორც წყალი,
როგორც პალმები,
როგორც ქარავანი.
გამოჰყევ მდინარეს
და დინება მოგიყვანს მელატონინის ზღვაში,
სადაც სიჩუმეში ვიცეკვებთ
და სადაც მელნისფერი ქარი
გამტაცებს ფიქრებს განშორებაზე
და მომიტანს ძილს,
მომიტანს სიზმარს
და მე გავლღვები.
✲ ✲ ✲
ალბათ ასე მარტივად ვერ დაწერენ მარტოობის შეგრძნებაზე
თუ მკერდზე არ დაესვენათ შავი ლიანდაგები
და არ შეიყნოსეს მობლანტო სუნი
ციმციმა მატარებლებიდან.
თუ ოხშივარი არ ასდინდა წვიმის ორთქლით გაჟღენთილ კანს
და არ გადმოასკდნენ ცაში აზიდული წამწამები
ცისფერი თვალების უმზეო ქვაფენილს.
ვერავინ ისაუბრებდა მარტოობაზე,
ამ ჩამოლეწილი ტოტების გარდა,
და მანქანები ემსგავსნენ მასში მსხდომ მგლოვიარე ადამიანებს.
სივრცე – ეს ბავშვობის ბურთია
მეზობლის მინას შელეწილი,
რომელიც სავსეა წყევლით და
სიბერით.
მარტოობა გაუხსნელი კონვერტებია,
რომელიც ახლა ჩემს ფეხებთან ჩემივე თასმებით შეკრულა
და ნაწერები
უფერო ღინღლებად მომბნევია ტანზე.
ფანჯრიდან მარტოსული მოხუცი დამყურებს
და წყევლის ჩემს არარსებულ ახალგაზრდობას,
ჩემი თმა კი უზადოდ ჩამოვარცხნილა მხრებზე
და მელაპარაკებიან იმ ხმებზე,
რომელიც არ მესმის.
ახლა ხომ უკვე გვიანია,
ქალაქი შეთვრა და ყველაფერს სიმართლეს ლაპარაკობს,
ირგვლივ ბნელა და ლამპიონები მხოლოდ თავის საქმეს აკეთებენ,
მხოლოდ იმ ქუჩებს ანათებენ, რომელზეც არავინ დადის.
✲ ✲ ✲
ყველა თავისუფლებას
მსხვერპლის სუნი ასდის,
ყველა თავისუფლებას მსხვერპლის სუნი
ასდის
და როდისღა დავისხნათ თავი მკვლელი
გამარჯვებებისგან?
ღმერთები ჩვენ აღარ გვყავს და
ვერც ვერაფრით ვემსგავსეთ ღმერთის
მოციქულებს,
რომ უპირობო სიცოცხლისკენ
მოვქცეულიყავით,
რომ გვეღიარებინა, რომ მარცხენა პოლუსი
ძალიან ჰგავს მარჯვენას,
რომ დედამიწა დაქსელილია მერიდიანებად
და პარალელებად,
რომ დედამიწა ცვალებადია და ჩვენ
ვერაფრით შევიცვალეთ.
რომ ყოველთვის გული გვერევა ამ
განუწყვეტელ ტურბულენტობაში,
ღრუბლის ზემოთ კი სარკესავით ცაა და
მზე ცოტა მოწითალო.
მაინც ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ ჩანს
გაუწმენდელი ილუმინატორებიდან,
ჩვენ ზემოთ მივფრინავთ,
ჩვენ ზემოთ მივფრინავთ და
სანამ უწონადობას მივაღწევდეთ
ატმოსფეროში იკარგება
მაღალი წნევით გამოშვებული კვამლი.
✲ ✲ ✲
ჩემი გოგო ლესბი არ არის,
არც ლამაზია
და არც ზამთრისთვის შესაფერისი
სენტიმენტები აქვს.
ჩემი გოგო მაღიზიანებს
და მინდა, ვკრა ხელი,
გაბრაზებულმა მივაძახო,
რატომ მოხვედი,
მე კარი განა ღია მაქვს,
უბრალოდ ის მინისაა.
ბეწვის ხიდზე გავივლი და
ვერ გავიგებ მაინც,
როდის დავარღვიე ცხოვრებისთვის მიცემული
დიდი პირობა –
მეცხოვრა არასოდეს.
ნაძვები მაინც ნაძვობენ და
მათზე დაფენილი თეთრი უკვდავება
არც გამოგონილია და
არც გამოსაგონი,
ის ისეთი ცივია,
როგორც ჩემი გოგოს თვალები,
როცა მიყვება
თავის ბიჭზე.
მე კი ტაშს ვუკრავ.
ამ დროს მინდა, დავაზიანო
მსოფლიოში არსებული
ყველა შენობა
და ვიწყებ საკუთარი თავით.
გზა ხსნილია მოჩვენებებისკენ.
თეთრი უკვდავება
ირხევა ნაძვის ტოტებზე,
მე კი ქარი ვარ –
ერთი უბრალო დაქროლვით
ყველანაირ მარადიულობას
გავანიავებ.
✲ ✲ ✲
ძაღლო,
გულიანო ძაღლო და უგულო დედავ,
საიდან სადამდე ათრიე ზურგით თონთქლო ხაჭაპურები,
ყველი რომ გასდის,
არცერთი შენი ნერწყვის შხეფი ჩემს შიმშილს არ მოხვედრია,
ერთგულო ძაღლო,
დაღლილო დედავ.
ტალახები შემოვაწმინდე საძირკველს,
რადგან სახლში სუფთა ფეხით უნდა შემოვსულიყავი,
არადა გრილოდა სახლში,
ყინავდა ორპირში, დედა,
ორპირო ძაღლო!
მორჩენილი ტალახი წყალს გავატანე ფეხსაბანში და
მერე მემთხვია შენ მიერ შემოკეცილი საბანი.
ფანჯრის მიხურვა ნეტავ არ დაგვიწყებოდა, დედა,
ღამ-ღამობით შემოდიოდნენ მაჯლაჯუნები
და სიზმრებში მისახლდებოდნენ
და დახეთქილ კედლებზე ყვაოდა ბზა, ლეღვი და იფანი,
მე შენი სუდარა ვერ გადავიფარე,
ჯვარს მაცვი, დედა,
ერთგულო ძაღლო!
✲ ✲ ✲
ქალო,
რით ვეღარ დაასრულე სარეცხის ფენა,
გაცივდება ცხელი ყავა სამზარეულოში
და ცხელი კაცი – საწოლში,
ყველაფერს ხომ თავისი წესები აქვს,
ზამთარიც იმიტომ არ დამდგარა, რომ
შენ გარეთ გადმოდგე.
შენ უნდა გამოდგა
კონსერვის ყველა ქილა,
თვითონ კი შეიკეტო შენს
საძინებელში,
და ყოველ ორ დღეში ცვლიდე
მორყეულ საწოლს.
უკეთესს რას გააკეთებ, ქალო,
სანამ წელიწადის დროები აყირავებულა,
მოიქციე ყველა თავი
ფეხებს შორის,
ვისაც კი ერთხელ მაინც უთქვამს:
შენი კანი თოვლის ფიფქებზე უთეთრესია.
შენ ისევე კარგად ფლობ
მამაკაცის ეზოთერულობას,
როგორც სამაგრების ხელოვნებას
სარეცხის თოკზე.
სარეცხის გაშრობამდე
უფლება გაქვს დაკავდე სექსით,
მარხილით გაიარო
ატოკებულ სხეულებზე და
თოვლი დაიბერტყო,
ამიტომაა ზამთრის დღეები
განსაკუთრებული,
ღამეებიც,
სარეცხი ნელა შრება,
შენ კი უსწრაფესად შრები
სამზარეულოს და საძინებელს
შორის,
რადგან ყველა სითხე
უსწრაფესად გამოდევნე,
სხეულებსაც ვეღარ თვლი,
ყავაც აღარ დაგილევია.
ახლა,
შენ როცა სარეცხს ფენ
და შენი სურვილები
ვეღარსად იყინებიან,
უსწრაფესად ცივდება ყავა,
უსწრაფესად ცივდება კაცი
და მარხილებში შებმული ცხენებიც
ფლოქვებით ტეხენ მშრალ ყინულებს.