იმ დღეს, გაფიცვა რომ გამოცხადდა, სატელეფონო მომსახურების ქსელის უწესრიგობისა და უცნაურობის გამო არაერთმა მომხმარებელმა დაიჩივლა. სხვადასხვა პრობლემასთან ერთად ცალკეული კომუნიკაციის იზოლირება შეუძლებელი გახდა და დიალო გები აირია. ადამიანები ერთმანეთის საუბარში ერთვებოდნენ, ზოგი სხვის ლაპარაკს ჩუმად ისმენდა, ზოგი კი თავის აზრს გამოხატავდა.
ერთ საღამოს, ათს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, მეგობართან დარეკვა ვცადე. სანამ ბოლო რიცხვს დავატრიალებდი, ჩემი ტელეფონი უცხო საუბარში ჩაერთო, რომელსაც მერე კიდევ სხვა საუბრებიც დაემატა და მოულოდნელად ერთ დიდ ყრილობაში აღმოვჩნდი, სადაც ხალხი ყოველგვარი გათვალისწინებისა და დაგეგმვის გარეშე შედიოდა და გადიოდა. გაუგებარი იყო, ვინ ირთვებოდა და ვინ ემატებოდა, არც შემოსულებს ესმოდათ, ჩვენ ვინ ვიყავით. ასე ლაპარაკობდა ყველა თავისუფლად, ყოველგვარი ფარისევლობისა და მოკრძალების გარეშე. მალე მშვენიერი, მხიარული დაჯგუფება ჩამოყალიბდა, სწორედ ისეთი, როგორც წარსულში, კარნავალების დროს იყო, ჩვენამდე მხოლოდ ნაამბობი ზღაპრებით რომ აღწევდა.
დასაწყისში გავიგონე, ორი ქალი საუბრობდა, უცნაურია, მაგრამ – ტანსაცმელზე.
– არაფერიც! მე ვამბობ, რომ შეთანხმება ნათელი იყო. ქვედაწელი მას ჩემთვის ხუთშაბათს უნდა მოეტანა და ახლა ორშაბათი საღამოა უკვე, და გეუბნები, ქვედაწელი ჯერ კიდევ არ არის მზად! ახლა, იცი, მე რას ვიზამ, ჩემო ძვირფასო, ქალბატონო ბროჯი? მე ქვედაწელს მას დავუტოვებ, მან ჩაიცვას! – მწვავედ ისმოდა აღელვებული ხმა, რომელიც შეუჩერებლად, განუწყვეტლივ ლაპარაკობდა.
– ყოჩაღ! – უპასუხა მეორე ხმამ, უფრო ახალგაზრდულმა, თავაზიანმა და ღიმილიანმა, ცოტა ხავერდოვანმა, ემილიური აქცენტით. – და ასე რას მოიგებ? მოიცადე ცოტა, მაინც ხომ დაგიბრუნებს!
– უნდა ვნახო ერთი, უნდა ვნახო! გამაბრაზა, ყელში არ გადამდის, ისე გამაბრაზა! ფულიც რომ უნდა დავკარგო, ფულიც? შენ, კლარა, მასთან პირველად რომ მიდიხარ, თუ ღმერთი გწამს ერთი, უთხარი, რაც ეკუთვნის, მაგრად გაეცი პასუხი. ასე არ შეიძლება ადამიანს მოექცე-თქო! ქალბატონმა კომენჩინიმაც მითხრა, მაგასთან აწი აღარ მივალო. გაუფუჭებია მისი წითელი ქსოვილის სამი მეოთხედი და მათხოვრის სამოსს დაუმსგავსებია. კლიენტები რაც აიყვანა, ყველაფერს თავის ჭკუაზე აკეთებს. გახსოვს, ორი წლის წინ, რას ამბობდა? როგორ იწყებდა? ასეო, ჩემო ქალბატონოო, ისეო, აქეთო, იქითო... კომპლიმენტების თქმას ვერ ათავებდა, თქვენისთანა ქალბატონის ჩაცმაზე ზრუნვა, თქვენისთანა ქალბატონისთვის კაბის შეკერვა ჩემთვის დიდი სიამოვნებააო, ისეთი ტანი გაქვთ, ყველაფერი გიხდებათო... სულ ასეთებს მეუბნებოდა. და ახლა? ახლა, მიყურეთ და არ შემეხოთო, მთლად შეიცვალა ლაპარაკიც და ყველაფერი. არ მეთანხმები, კლარა? შენც ხომ მიხვდი ამას? სულ სხვანაირად ხომ ლაპარაკობს ახლა? მოკლედ, ხვალისთვის, ჯულიეტასთან ჩაის დასალევად რომ უნდა წავიდე, რა ჩავიცვა, არ ვიცი, არაფერი აღარ მაქვს. შენ რას იტყვი, რა ჩავიცვა?
– კარგი რა, ფრანკინა! – უპასუხა კლარამ მშვიდი ხმით. – შენ თუ აღარ იცი, რა ჩაიცვა! იმდენი ტანსაცმელი გაქვს, შესანახ ადგილს ვერ პოულობ.
– ოჰ, ეს არ უნდა თქვა! ყველაფერი ძველია. ახალი ტანსაცმელი შარშან შემოდგომაზე ვიყიდე მხოლოდ. ის თხილისფერი კომპლექტი გახსოვს? მას შემდეგ აღარაფერი...
– მე, აბა? რას მეტყვი? მე ალბათ, მწვანე ქვედაწელს ჩავიცვამ, ფართო რომ არის. ზედ შავ პულოვერს შევუხამებ. შავი მაინც ყოველთვის ელეგანტურია... ანდა ის ახალი ხომ არ ჩავიცვა, ნაცრისფერი რომ მაქვს, ნაქსოვი? თუ ის საღამოსია უფრო? შენ რას მეტყვი?
ამ დროს უხეშად, ვინ იცის, საიდან, ჩაერთო ერთი კაცი:
– მე გეტყვით, ქალბატონო! ამდენ ლაპარაკს, არ ჯობია, ყვითელი, ლიმონებიანი კაბა ჩაიცვათ და თავზე კომბოსტოსნაირი რამე დაიხუროთ?
სიჩუმე ჩამოვარდა. ქალები გაჩუმდნენ.
– აბა, რას მეტყვით, ქალბატონო? – დააჟინდა კაცი რომანიული აქცენტით. – ფერარადან ახალი ამბები რა ისმის? და თქვენ, ქალბატონო ფრანკინა, რას მეტყოდით? შემთხვევით, ენა ძირს ხომ არ დაგვარდნიათ? აი, მაშინ იქნება სწორედ მთელი უბედურება, არა?
სიცილი გაისმა. ეტყობა, სხვებიც შემოემატნენ, ხაზზე ჩაერთნენ. ზოგმა ეს ლაპარაკი ჩუმად მოისმინა, ჩემსავით.
ამ დროს ფრანკინამ გაბრაზებით წამოიძახა:
– თქვენ, ბატონო, არ ვიცი, ვინ ხართ, მაგრამ უზრდელი კი ხართ, მეტიც, დიდი უზრდელი, ორმაგად, რადგან არ იცით, რომ სხვების საუბარი არ უნდა მოისმინოთ. ეს ელემენტარული ზრდილობაა, რაც...
– ოჰ, რა ლექციებს მიკითხავთ! კარგი რა, ქალბატონო თუ ქალიშვილო, ასე ნუ მიიღებთ. ხუმრობა შეიძლება, იმედია... მაპატიეთ! პირადად რომ მიცნობდეთ, ჩემ მიმართ ასეთი მკაცრი არ იქნებოდით.
– დაანებე თავი, – უთხრა კლარამ მეგობარს. – ამ უზრდელებთან დროს რას კარგავ!
დადე ყურმილი და მერე დაგირეკავ.
– არა, არა, მოიცადეთ ერთი წამით! – ჩაერთო ვიღაც კაცი თავაზიანი, იდუმალი ხმით, უფრო მომწიფებული ჩანდა, ჩამოყალიბებული, ასე რომ ვთქვათ. – ქალიშვილო, კლარა, ერთი წამით, მერე შეიძლება ერთმანეთს ვერც კი შევხვდეთ.
– ჩემთვის ეს დანაკლისი სულაც არ იქნება!
ამ ჩახლართულ საუბარში ახლად შემოჭრილი ხმებიც გაისმა, დაახლოებით, ასე:
– გეყოფათ ახლა, თქვე ჭორიკნებო! – ერთი ქალი იყო.
– ჭორიკანა თქვენ ხართ, თუ მაინცდამაინც, სხვის საქმეში რომ ყოფთ ცხვირს!
– მე ვყოფ ცხვირს სხვის საქმეში? გრცხვენოდეთ! მე არ...
– ქალიშვილო კლარა, ქალიშვილო კლარა, – მამაკაცის ხმა იყო. – თქვენი ტელეფონის ნომერი მითხარით, რა! არ მეტყვით? მე, იცით, რომანიელი ქალები ძალიან მომწონს... ვაღიარებ, მიტაცებენ პირდაპირ.
– მე მოგცემთ ნომერს ცოტა ხანში. – ქალის ხმა იყო, ალბათ, ფრანკინასი.
– და თქვენ, შეიძლება ვიცოდე, ვინ ხართ?
– მე ვარ მარლონ ბრანდო.
– ჰა, ჰა, ჰა!.. – გაისმა კოლექტიური სიცილი.
– ღმერთო ჩემო, რა ხუმარა ხართ!
– ადვოკატო, ადვოკატო ბარტეზაგი! ალო, ალო! თქვენ ბრძანდებით? – გაისმა აქამდე უცნობი ქალის ხმა.
– დიახ, სწორედ მე ვარ, და თქვენ რა იცით?
– მე ნორინა ვარ, ვერ მიცანით? გირეკავდით, რადგან ამ საღამოს სამსახურიდან რომ გამოვდიოდი, დამავიწყდა მეთქვა, რომ ტურინიდან...
ბარტეზაგი აშკარა უხერხულობით:
– ოჰ, ქალიშვილო, მოგვიანებით დამირეკეთ. აქ არა მგონია, სწორი იყოს ჩვენი პირადი საქმეების მთელი ქალაქისთვის გაგებინება.
– ეი, ადვოკატო! – გაისმა უცხო კაცის ხმა.
– კარგი შემთხვევა კი გქონდათ გოგოების შესახვედრად, არა? ბატონ ადვოკატს, მარლონ ბრანდოს ძალიან მოსწონს რომანიელი ქალები, ჰა, ჰა, ჰა!..
– გაჩერდით, გთხოვთ! ზოგს ასე საჭორაოდ დასაკარგი დრო არ აქვს, სასწრაფო საქმისთვის რეკავს! – ხმა ერთ ქალს ეკუთვნოდა, სამოცი წლისას, ალბათ.
– ერთი ამას მოუსმინეთ! – ჩაერთო ფრანკინას ნაცნობი ხმაც. – ტელეფონების დედოფალი ხომ არ მყავხართ ერთი?
– გათიშეთ ახლავე! აღარ დაიღალეთ ამდენი ლაპარაკით? მე საქალაქთაშორისო ზარს ველოდები და სანამ თქვენ აქ...
– აჰ, გასაგებია, და ამასობაში მე მისმენდით, არა? და ეს ჭორიკნობას არ ნიშნავს?
– მოკეტე ახლავე, შე კვატო, შენა!
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ეს შეკამათება ყველასთვის დიდ დარტყმასავით იყო. ფრანკინამ ამ სიტუაციას რაღაც მომენტში საპასუხოდ ვერაფერი მოუძებნა, მაგრამ მერე კი წამოიყვირა:
– ეეე, ერთი ამას დამიხედეთ, მართლა ამ კვატს, ამას!
სიცილი ქუხილივით გაისმა, თორმეტი ადამიანის მაინც იქნებოდა. მერე ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ერთად როგორ გაჩუმდა? თუ რომელიმეს ინიციატივას ელოდნენ? კარგი მიყურადებით სიჩუმის ფონზე ჩურჩული, გულისცემა და სუნთქვა მაინც იგრძნობოდა.
როგორც იქნა, თავისი მშვიდი და ლაღი აქცენტით კლარა შემოვიდა:
– მოკლედ, მარტონი ვართ?.. ჰოდა, ფრანკინა, რას მეტყვი, ხვალ რა ჩავიცვა?
გაისმა ამ დროს ახალგაზრდა მამაკაცის ხმა, ლამაზი, ლაღი, დამოუკიდებელი, ავტორიტარული, ცხოვრების ძალას რომ იძლევა, ისეთი:
– კლარა, თუ ნებას დამრთავთ, მე გეტყვით! ხვალ თქვენ შარშანდელი ლურჯი ქვედაწელი ჩაიცვით, ზედ იისფერი პულოვერით, რომელიც ახლახან ლაქების ამოსაყვანად მიიტანეთ... შავი ქუდიც დაიხურეთ, „ქლოკის“ ფრომის, ხომ ხვდებით, რომელი?
– კი მაგრამ, თქვენ ვინ ხართ? – ხმა შეეცვალა კლარას, ახლა უფრო შეშინებული ჩანდა.
– არ მეტყვით, ვინ ხართ?
მამაკაცი გაჩუმდა.
მაშინ ფრანკინა ჩაერთო:
– კლარა, კლარა, მაგრამ რა იცის ამან...
მამაკაცი სერიოზული ტონით:
– მე ბევრი რამ ვიცი.
კლარა:
– სისულელეა! თქვენ მხოლოდ რაღაც გამოიცანით.
მამაკაცი:
– გამოვიცანი? გინდათ კიდევ გითხრათ
რამე?
კლარა უყოყმანოდ:
– ჰო, მიდით, მიდით, გაბედულად!
მამაკაცი:
– კარგი. ქალიშვილო, კარგად მომისმინეთ აბა! თქვენ, ქალიშვილო, ერთი ხალი გაქვთ... მაგრამ ვერ გეტყვით, სად, რა ადგილას.
კლარა უცებ:
– შეუძლებელია თქვენ ეს იცოდეთ!
მამაკაცი:
– მართალია თუ არა?
– თქვენ ეს არ გეცოდინებათ!
– მართალია თუ არა?
– ვფიცავ, ჯერ ის არავის უნახავს, არასოდეს, ვფიცავ, დედაჩემის გარდა!
– ხედავთ, რომ მცოდნია?
კლარა იმ დონემდე იყო უკვე მისული, რომ ტირილის დაწყებას აღარაფერი აკლდა:
– არავის უნახავს, თქვენ ძალიან ცუდად ხუმრობთ!
მაშინ მამაკაცი თითქოს მის დასამშვიდებლად:
– მე ვნახე-მეთქი, კი არ ვამბობ! ის პატარა ხალი თქვენ გაქვთ და მხოლოდ ამას გეუბნებით.
ამ დროს ერთი უცხო მამაკაცის ხმა გაისმა კიდევ:
– გეყოფა ერთი შენც, დეგენერატო!
მეორეც იქვე იყო მზად:
– ფრთხილად იყავით თქვენ, ჯორჯო მარკოცი ენრიკოს ძევ, 32 წლის, კიაბრერას ქუჩის 7 ნომერში მცხოვრებო, სიმაღლით მეტრი და სამოცდაათო, ცოლიანო, ორი დღეა ყელი რომ გტკივათ და სიგარეტს მაინც ეწევით! საკმარისია?.. ყველაფერი სწორია?
მარკოცი დამორცხვებულად:
– კი მაგრამ, თქვენ ვინ ხართ? რა უფლებას აძლევთ თავს? მე... მე...
მამაკაცი:
– არ მიაქციოთ ყურადღება და ვეცადოთ, ცოტა გავმხიარულდეთ, თქვენც კლარა! იშვიათია ასეთ ლამაზ და ძვირფას კომპანიაში მოხვედრა.
მისთვის უკვე აღარავის გაუბედავს წინააღმდეგობის გაწევა და გახუმრება. მალული შიში სუფევდა ყველაში, განცდა იმისა, თითქოს რაღაც იდუმალება დასადგურებოდა სატელეფონო ქსელს. ვინ იყო? ვინმე ჯადოქარი? ვინმე ზებუნებრივი ძალით დაჯილდოებული, კომუტატორებს რომ მანიპულირებდა გაფიცულების მაგივრად? ეშმაკი? ერთგვარი ელფი? მაგრამ ხმა ეშმაკისეული არ ჰქონდა, პირიქით, მიმზიდველი და მომაჯადოებელი ჩანდა.
– ჰე, ჰე, ხალხო, რა გჭირთ ახლა? ხომ არ შეგეშინდათ? გინდათ, რამე გიმღეროთ?
ხმები:
– ჰო, ჰო!
ის:
– რა ვიმღერო?
ხმები:
– „სკალინატელლა“... არა, არა, „სამბა“... არა, „მოულინ როუჯე“... „აჯჯიო პერდუტო ო სუ-
ონნო“... „ავევა უნ ბავერო“... „ელ ბაიონ, ელ ბაიონ!“
ის:
– თუ ვერ წყვეტთ!.. თქვენ, კლარა, რას აირჩევდით?
– ოჰ, მე „უფემია“ მომწონს!
იმღერა. მოჯადოება იყო თუ სხვა რამ, არ ვიცი, მაგრამ მსგავსი ხმა ცხოვრებაში ჯერ არ გამეგონა. ჟრუანტელმა ხერხემალში დამიარა, ისეთი იყო, ბრწყინვალე, ლაღი, სუფთა, წმინდა. სანამ მღეროდა, ხმას არავინ იღებდა. ბოლოს წამოძახილები აფეთქებასავით შეიქნა: ყოჩაღ! ბრავო! ბის!
– თქვენ გრანდიოზული ხართ! თქვენ მომღერალი ხართ! თქვენ რადიოში უნდა იმღეროთ!
მილიონებს დააგროვებთ, გეუბნებით! ნატალინო ოტოს ნამდვილად დასამალად ექნება საქმე! ჰე, მიდით, კიდევ გვიმღერეთ რამე!
– ერთი პირობით: თქვენც თუ იმღერებთ ჩემთან ერთად.
უცნაური ზეიმი შეიქნა, რომელსაც ადამიანები ყურმილით ხელში ქმნიდნენ, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სახლიდან, სხვადასხვა უბნიდან ჩართულიყვნენ. ვინ დერეფანში ფეხზე იდგა, ვინ იჯდა, ვინ ლოგინზე იწვა... ყველას წვრილი, კილომეტრის სიგრძის ძაფი აკავშირებდა. უკვე აღარ იგრძნობოდა, როგორც დასაწყისში, ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობა, ამპარტავნობა, სიამაყე, ვულგარულობა და სისულელე. იმ ინდივიდის დამსახურებით, რომელსაც სახელის თქმა არ უნდოდა, არც ასაკის და არც მისამართის, თხუთმეტამდე ადამიანი, ერთმანეთი რომ არასოდეს ენახათ, და შეიძლება ითქვას, მთელი საუკუნის განმავლობაში ვერც ვერასოდეს ნახავდნენ, და-ძმასავით ქცეულიყო. თითოეულს სჯეროდა, რომ ახალგაზრდა, ლამაზ ქალებს ელაპარაკებოდა ანდა დიდებული ასპექტის მამაკაცებს, მდიდრებს, საინტერესოებს, თავგადასავლებით სავსე წარსულის მქონეებს. შუაში კი ორკესტრის ის საოცარი ხელმძღვანელი იდგა, რომელიც ცაში, ქალაქის შავ სახურავებზე მაღლა აღაფრენდა მათ, და ამას აკეთებდა თავისი უმწიკვლო, ლაღი, ბავშვური, მომაჯადოებელი სიმღერით.
თავადვე იყო, თითქმის შუაღამის დადგომისას რომ თქვა, ახლა დავასრულოთ, უკვე გვიანიაო:
– კარგი, გვეყოფა ახლა, საკმარისია. ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე. დიდი მადლობა ყველას ასეთი ლამაზი კომპანიისთვის!
მის ნათქვამს მთელი ქოროს პროტესტი მოჰყვა:
– არა, არა, ნუ გვიღალატებთ, ნუ დაგვტოვებთ, გთხოვთ! ცოტა კიდევ, ერთი სიმღერა კიდევ გვაჩუქეთ.
– არა, სერიოზულად ვამბობ, უნდა წავიდე. მაპატიეთ, ბატონებო და ქალბატონებო, ძვირფასო მეგობრებო, ღამე მშვიდობის!
ყველა გაწბილებული დარჩა. დაღვრემილებმა და ცხვირჩამოშვებულებმა ერთმანეთს დაემშვიდობნენ:
– რა გაეწყობა, როცა საქმე ასეა... მშვიდი ღამე ყველას! მშვიდი ღამე!.. ვინ იცის, ვინ იყო ის... ჰო, ვინ იცის... მშვიდი ღამე!.. მშვიდი ღამე!..
წავიდნენ, ზოგი – აქეთ, ზოგი – იქით. ღამის სიმარტოვე სახლებზე ერთიანად დაეშვა.
მაგრამ მე კიდევ იქ ვიყავი და ვუსმენდი.
მართლაც, რამდენიმე წუთში, იმ იდუმალმა პიროვნებამ დაბალი ხმით ისევ დაიწყო ლაპარაკი:
– მე ვარ, ისევ მე ვარ... კლარა, მისმენ, კლარა?
– დიახ! – უპასუხა მან ნაზი ხმით. – გისმენ... მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ყველა წავიდა?
– ყველა ერთის გარდა. – უპასუხა მამაკაცმა კეთილგანწყობილი ხმით. – ერთის გარდა, რომელიც აქამდე სულ ჩუმად იყო, მხოლოდ უსმენდა, პირი ერთხელაც არ გაუღია.
მე ვიყავი. გულისფეთქვით დავდე მაშინვე ყურმილი.
და ის ვინ იყო? ანგელოზი? წინასწარმეტყველი? მეფისტოფელი? თუ თავგადასავლების სული? იქნებ, უცნობის ინკარნაცია, კუთხეში რომ გველოდება? თუ უბრალოდ იმედი? დიდი ხნის დაუოკებელი იმედი, რომელიც ბუდეს წარმოუდგენელ და შეუძლებელ ადგილებში იკეთებს, ტელეფონების ლაბირინთებშიც კი და მაშინაც, როცა გაფიცვაა, ადამიანების საცოდაობა რომ გამოისყიდოს?
იტალიურიდან თარგმნა მაია ტურაბელიძემ