თვალთვალი


თვალთვალი




პოეტი მუცლად ყოფნიდანვე დაწყევლილია

 

რანაირ პოეტობაზე ვიქადაგო?!

ჩემი კივილი თუ თქვენამდე არ მოაღწევს,

როგორც მატარებლის საყვირი სრულ წყვდიადში...

გახედავ, ცარიელია ვაგონი,

ეგეც არაფერი, წავა წაიღებს ამბებს.

რა დაგრჩება ქალს გონებაში?!

მხოლოდ ფანჯრიდან დანახული ბუჩქი,

ტანდაბალი ბიჭივით გაშლილი მკლავებით.

შეუფიქრდები თავს:

საკუთარ სხეულს თუ არ მოფერებიხარ,

ვერც კაცს შეასწავლი შენს ფასს,

ვერც იმ ბუჩქს.

ორივე სიბრიყვეში ჩარჩება,

მარტო შრიალში.

კალამსაც მოიმარჯვებ, ხელისგულიც აგექავება,

თითქოს ჭუკებს აწვდი მოხარშულ ფხალს,

მოვა ამბავიც, ნისკარტივით ჩაგიკაკუნებს.

აჰა, აჭმევ ფურცელს სამ, ოთხ ათ სიტყვას

და როდი დანაყრდება,

როდი გეტყვის უარს, საიდუმლოც გათქვა.

ესაა ჩემი პოეზიაც, მცირე პროზით,

როგორც ასწლოვან ასკილზე დამყნილი ვარდი,

ყოველ ცოდვაში გასვრილი,

და, აჰა, რა შეგრჩათ?! –

ხანდახან მოთვინიერებული ქალი,

კოჭს რომ კაბა უფარავს,

უკანალს – მაქმანიანი ფოხანი.

აბა, თუ ბიჭი ხარ, წამოხადე,

მიეცი თვალები სხვის მოვლილ ბაღ-ვენახს,

გემრიელად მოხნულსა და მორწყულს,

გამოსაკრეფ, თითით მოსახლეჩ ატამს...

და, აჰა, რა შეგრჩათ?! –

ხანდახან მოსათვინიერებელი ქალიც,

მეტ დარდს რომ გიჩენს.

ვეღარ არკვევ კაცი,

მორწყვამდე მოხვნა დააკელი თუ

ქორების საფრთხობელად ვერ გამოდექი.

შეიძლება, ამნაირი ქალიც გამოდგე –

ზოგი ნიჭით მოხიბლო, ზოგიც – ჭინჭით.

ჰოდა, ვის ველოდო აწი, საკუთარი თავის გარდა?!

წუხელ ქვაბს სახრჩობელაც არ აკმარეს,

ცეცხლს რომ მისცეს...

მე რა მაკმარეს?!

ე, სიტყვა „კმარა” რომ მესმოდეს...

არადა, ახლა რომ ცოცხალი ვიყო,

ამ ვიწრო კუბოში არ ვიწვე...

ვინ გამოიგონა მაინც ეს კუბო?!

ცოტა აკვანსაც წააგავს,

მიწაც არტახებივით გადამაკრეს.

ხომ არ იცით, სად არის ახლა დედაჩემი?!

ასე რომ ვხავი, არ ესმის?

იქნებ, მომშივდა ან ჩავიფსი.

უთხარით, მოვიდეს, რა!

დაარწიოს მისი გლახა ჩვილი.

სცადოს, გაზარდოს თავიდან.

ოღონდ შეიგნოს,

რომ პოეტი

მუცლად ყოფნიდანვე დაწყევლილია.

 

 

წავალ, თხილის საკრეფად – გავერთობი.

სანამ კბილი საღი მაქვს.

არაფერია მოსაყოლი ამ თხლე დროზე,

ქვეშაფსია ქალობას კარგა ხანია, მოვრჩი!

წამო, თავო,

რა დროს ჩვენი სამარხია,

სიმწვანე თუ შეგვიცოდებს ახლა.

 

დილით ტრიკო უკუღმა ამოვიცვი,

შევღონდი, სადაც ქარი ამიშარდა, ყველგან ავი თვალი მეცა.

ცოტას გავხალისდები, გავიხსენებ მახინჯ ექთანს,

ნემსის დარჭობამდე რომ დამცინა,

რას ცახცახებო, როცა თხოვდებოდი,

იმ „ნემსის“ ხომ არ გეშინოდაო.

არა, რა, სულ ფინთობა როდი ვარგა.

 

აგე, ჩემი საქანელა, მოვაჯდები!

ავალ მაღალზე,

იმ კაცმა

„ცა მიწიდან იწყებაო“.

როგორ არ დავუჯერო?!

ლექსზე ისე არ გაწვალდები,

როგორც კაცზე.

სულ დატესტვა უნდა ქალს,

სულ – აცრა.

რას გაუძლებ აქაურობას,

კაცმა თუ არ დაგიცვა,

ტანზეც არ წამოგიცვა,

როგორც ბამბის მაისური?!

სად გადავრჩე,

რომელ დროში?!

 

ხომ სჯობდა ასეთი რამე:

ადრე მეყვირა,

ერთ სილის გაწვნას ვის არ ვაპატიებდი,

და ახლა?

იყოს რა კოცნაობა გადამრჩენელი,

დარჩეს პურიც არსობისა!

 

თვალთვალი

 

რა გასაკვირია საწოლის რყევა,

დილა რომ გამოდის ჩიტების ცეკვით,

ჩიტების, რომლებსაც ჩემი თვალები მდელო ჰგონიათ.

ეგაა მთელი სანახაობა,

სულ სხვაგან ხარ, სხვაგან იბადები.

ბებიებმა რომ იციან შეცხადება:

„– ვაი, შენ კი არ მომიკვდე!

ეს რა ჩაგიცვამს,

ბარემ სულ გაშიშვლებულიყავი!“

აქაც სანახაობაა.

ორიათასი წელია,

ქალობა მინდა.

მინდა სადმე,

ღელეზე შემდგარ ხიდზე ვიკოცნაო კაცთან,

რომ გახელდეს,

დაფრთხეს, როგორც კვიცი გვარზე მოხტუნავე,

გაიქცეს, შეეფაროს გრძელ ფიქრს,

თქვას, ვის არ შეურგია ტკბობა.

ხომ ხედავთ,

არც კაცია გასაკვირი,

სადამდეც მიუშვებს ქალი,

იქამდე უგრძელდება ხელები.

ქალის მოსაყოლს რა დალევს,

სულ ღვივობაშია,

პურის მარცვალივით, სადაც გინდა, ჩააგდე,

ყველგან აშრიალდება.

ახლაც კი მჭამს ძველი დარდი,

„მეკვინტრავა“, მელაღა,

ეთვალთვალათ, ვინ უშლიდათ,

ოღონდ არ გავეთვალე,

შემაწუხა მთქნარებამ და

პირის უშნოდ დაღებამ,

რომ შევღონდი, მოდგა ღონეც...

ართი კოჩიქ ქუმორთუ დო

მივუშვი და მივუშვი...

 

 

ჰამაკის ამბები

 

1

თუკი ბუნება ასეთი გულწრფელია,

ადამიანებს რატომ გაგვირბის თვალი

მოფარებულში?!

რაღა დამრჩენია,

ამ ჩემი შუშაბანდივით გახსნილი კოფთით,

ცისკენ აშვერილი ტერფებით?!

და ასე განვაგრძობ წერას და,

დრო და დრო, გამოვიმწყვდევ კალმის წვერს კბილებს შორის,

მოვუთბობ მელანს,

რომ მომცეს სითამამე.

 

2

ცქინტლიანი გოგოობის არასოდეს მჯეროდა,

იმთავითვე ამოვწურე,

ძალად ვაგძრელებდი თხაობას,

მოდით, ასწიეთ ყურები, გიამბოთ ჰამაკის ამბებზე.

აბა, ქარო, დაჰბერე დაგვარხიე,

შეხედე,

რა ძალა აქვს ნაწვიმარ სისხამზე

 

ფოთლიდან წვეთის ვარდნის სისწრაფეს,

ჩემს ცხვირზე დანარცხებულ ვნების შხეფს.

გამოდით, ჭუკებო,

ინავარდეთ ჩემსავით ჩრდილში,

თქვე ფხალიჭამიებო,

კაციჭამიობას მე დავჯერდები.

ეს წებოვანი ლოკოკინები და მათი ბრჭყვიალა კვალიც

რამდენ ტკბობას მახსენებს...

 

3

 

თქვენ პირუტყვთან ურთიერთობა მკითხეთ,

თორემ პოეზიამ კარგა ხნის წინ მომირგო,

ისეთი მსუყე სამზერია ჰამაკიდან

საზაფხულო მყრალ გომურში

ცხენების შერწყმა,

როგორც ცხიმიანი რძის თქვეფა მაჯის დაღლამდე.

სულ სხვანაირი ხალისი აქვს

პირით რომ თივას იღებენ და

ძილისპირს მათ ფრუტუნში ჩაგეძინება.

როგორ უნდა მოგბეზრდეს ამ დროს მშვენიერი ქანაობა?!

როგორ არ უნდა შეშინდნენ წამწამები?!

როგორ უნდა გაგეყინოს სუნთქვა და

იქცე უსისხლო ქალად?!

 

4

არადა, ისეთი დასუსხული ღამე შემოდის...

თითქოს ჭინჭარს ვივლებდე ტანზე,

აივანზე გამოგდებული რუსული მაცივარი

მოულოდნელი ხრიალით გულს რომ მიქანებს,

მაცივრის უკან მიგდებულია ბავშვობის ჟღარუნა სათამაშო,

,,ავჩარკის“ კბილებით რომაა მოღრეცილი.

რამ უნდა ამრიოს ამაზე მეტად,

რამ უნდა მიჩქმიტოს ისე მწარედ,

რომ წვა ვიგრძნო კანზე.

დაჭრილი მწყერივით ვთრთი,

ვერ ამოვიშრე

ეს მოუხერხებელი, გაწელილი ციკლის დღეები,

და იმ მონოგამი ბიჭის დამფრთხალი სიშორე.

გეღიმება რთულ მდედრობაში ჩარჩენილს,

შორიახლოს გაბღენძილი ბაყაყების ყიყინიც

 

მთელს ინტიმს ფარავს.

 

5

ვინ არის მოწმე ჩემი ამბების,

თუ არა ეს ორი ბებერი კაკლის ხე?!

მოდი, ავალ, დავუნძრევ ხმელ ტოტს,

გამოვაცლი ქარს ხელიდან საქმეს,

რა კარგია ზემოდან ყოფნა,

რა კარგია მაღალი სიმინდების ცქერა,

ვინ არის მოწმე, რომ ცაზე ასფალტი არ გადის

ან ტრამვაი ან მაქმანიანი ფაეტონი?!

სულ მაღლა უნდა ქალს,

ცოდოა მიწაზე, ძროხაზე ცოდოა,

ძროხას ბალახს დაუყრიან,

ქალს - ჭორს.

 

6

ახლა რომ ვვარგოდე,

წამიერად რამდენი რამის დალაგება შემეძლება თავში,

აკვიატებასავით იელვებს არსაიდან მოსული სიმღერა,

გამბედაობა წასული შუქივით მობრუნდება,

ვაშა - იხარებ, მაგრამ,

საქმე საქმეზე რომ მიდგება,

მცირე ფიქრიც არ გასცდება ჭიშკრის ზღურბლს,

და ასე გრძელდება მშრალი რწევა.

ინათა...

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE