სავალი გზის შესაძლო დასასრული


სავალი გზის შესაძლო დასასრული




გაქრობა

 

დავალთ ქალაქში და ერთმანეთს ვაგებებთ მზერას,
განმსაზღვრელია ესეც, ალბათ, ჩვენი ყოფისა.
მთავრდება კვირა, სიწყნარეა - დრო მშვიდობისა.
სადგურის კიდეს მივუყვებით დინჯად და ნელა.

რუხი სხეული, შეხიზნული ტანსაცმელს ხალვათს,
უძრავ-უგრძნობი არის უკვე ახლა, დღის ბოლოს.
ჩვენი სული კი, განწირული ნამცეცი მხოლოდ,
ნაკეცებს შორის ირხევა და ცდილობს მიმალვას.

ჩვენ ვარსებობდით, ლეგენდაა ამის დასტური,
და ეს ქალაქიც აღიმართა ჩვენს სურვილთ კვალად;
ჩვენ ვიბრძოდით და მტრის წინაშე ვავლენდით ძალას,
მერე ხელები მოგვიდუნდა და მივატოვეთ.

შესაძლებლობა გაგვეპარა ყოყმანის ბზარით,
ცხოვრება გაცვდა, გაცივდა და ლამის სულ გაქრა.
ჩვენ თითქმის წაშლილ სხეულებს თუ ვუყურებთ ახლა,
მინდობილები რამდენიმე მდუმარე თარიღს.

 

ნაშუადღევს



ზანტი მცდელობა მოძრაობის მთავრდება ტანჯვით,
ასი ნაბიჯის მერე გიჯობთ, უკან დაბრუნდეთ,
დაემორჩილოთ ამ საძაგელ ყოფას და მიწვეთ,
რადგან ეს ერგო თქვენს არსებას, ტკივილით ნამძიმს.

გარეთ კი თბილა - ცა ასხივებს ალმურს და ფერებს
და ატრიალებს ახალგაზრდა სხეულთ ცხოვრება,
და მათ ბუნება გაზაფხულის ზეიმზე უხმობთ,
მხოლოდ თქვენ, ერთი, შეუპყრიხართ სიცარიელეს.

და თუ გრძნობთ რამეს - აუტანელ სიმძიმეს ტანის,
და აღარ ფიქრობთ ცხოვრებაზე - ის დარჩა განზე,
თქვენი სხეული უკვე იქცა დამჭკნარ ფერ-ხორცად;

და სისხლიც ისე დუნედ უვლის გარს მტკივან სახსრებს,
რომ სიყვარულიც, რა ხანია, თქვენ აღარ გახსოვთ
და ღამე, როგორც განაჩენი თავზე გემხობათ.

 

კრესი-ლაშაპელის მატარებელი
 

გვიან, როდესაც უძილობა ღამეს დაბზარავს
ო, როგორ მინდა ახლობელი ვინმე ჩემ გვერდით
იყოს და ვინმემ თანამიგრძნოს სიტყვით თუ მზერით,
ვილაპარაკო და მისმენდნენ მშვიდად და წყნარად.

და სიმორცხვეში გამოკეტილს ამ უნდობლობით
ჩემს ავადმყოფ ტვინს ღამე ისე ხანგრძლივად უჩანს,
რომ მირჩევნია, გვერდით მყავდეს ვინმე და თუნდაც
მეუბნებოდეს, როგორ ვკარგავ წლებს ამგვარ ყოფით.

სულ დათრგუნული ვიყავ ხოლმე, ვმგზავრობდი როცა
ყოველ შაბათ დღეს მატარებლით „კრესი-ლაშაპელ“:
უბრუნდებოდნენ ლიცეუმის ყმაწვილნი სახლებს,
ვუყურებდი და მშურდა მათი ლაღად მიმოსვლა.


ჩემში თითქოსდა სურვილების ზღვა ირწეოდა,
შაბათ საღამოს შევყურებდი ჩემს უჟმურ სახეს
და ვერ ვბედავდი ვერც ცეკვას და ვერც წასვლას სადმე,
არც ვინმე მყავდა მოსულიყო და მომხვეოდა.

 

*  *  *

 

იმგვარად უნდა გადალახო  სივრცე ლირიკის,
როგორც გაარღვევ ხოლმე სხეულს სასურველს, ძვირფასს.
გამოაღვიძო უნდა  შენში მძლავრობის ნიჭი:
მარადისობის ჟინი, ეჭვი და პათეტიკა.

 

 

არსებობა, აღქმა

 

ერთგვარ ნარჩენად აღვიქმები
რუასი 2-ის ჩასასხდომ დარბაზში
ველოდები რეისს ალიკანტეს მიმართულებით
იქ გაგრძელდება ცხოვრება ჩემი
ალბათ კიდევ რამოდენიმე წელი
თან მეყოლება ჩემი ძაღლი
და მექნება სიხარულები (თანდათან მცირე)
და ტკივილიც (უფრო და უფრო მეტი)
უეცარი სიკვდილის წინმსწრები წლების
 

 

სავალი გზის შესაძლო დასასრული

 

რა საჭიროა დრტვინვა? მე ხომ ვცოცხლობდი მაინც;
ვხედავდი ხალხსაც და ცაზედაც ვამჩნევდი ღრუბელს,
ნაკლებად ვსდევდი, მაგრამ მაინც ვიგემე ჟამი -
ნაშუადღევის უფრო ძვირფასს ვუმადლი წუთებს.

ბაღის ავეჯის განლაგებას, მათ წახნაგ-ხაზის
უმანკოებით, ვფიქრობ, ვიცნობ ძალიან კარგად.
ნაცნობია ეს გაწკეპილი გზა საით გადის
და ეს მოწყენაც, თავისუფალ დროს რომ თან ახლავს.

ამ საუკუნის მიწურულში ვიცხოვრებ ასეც.
ჩემი სავალი არ იყო სულ შფოთი და ტანჯვა
(მზის დაკვრა კანზე და ყოფითით შეჭმუხვნა სახის),
მინდა ჩავწვე და თავი ამ მშვიდ ბალახებს ვანდო.

მეც ბალახივით ხნიერი ვარ, ან მისებრ ნორჩი,
გაზაფხულისგან სავსე მწერით და ილუზიით.
ვიქნებოდი მეც ნაწამები, მათსავით ურჩი
ამ ეპოქაში, სამუდამოდ რომელიც მიდის.

ნუთუ ასეა, რომ სიკვდილის მერე ჩვენ სადღაც
სწორედ ასეთებს მიგვიღებენ და ვეყვარებით?
ტანზე გადამდის ღამის ცივი ჰაერის ტალღა
და ვერავისკენ მიპოვნია გზა და კარები.

თუ ხდება მართლა, შეაშველოს კაცმა კაცს ხელი?
და ცამეტი წლის მერეც გრძნობდე ბედნიერებას?
მე კი ვფიქრობ, რომ ზოგ მარტოსულს ვერც-რა უშველის,
და სიყვარულსაც ბევრი რამ არ დაეჯერება.

როდესაც ღამე ჩამოდგება ქალაქის ცენტრში,
გავდივარ გარეთ, ადამიანს ვეძებ და ვნატრობ.
ავსებულია ბულვარები ოქროვან ჩქერით
და არვინაა, შემომხედოს და დამინახოს.

მერე კი, გვიან, მივეგდები ჩემს ტელეფონთან,
ვკრეფ ნომრებს, მაგრამ იქვე ვთიშავ - რა მაქვს სათქმელი?
და აპარატთან მოკუნტული ჩემივე ფორმა
მიღიმის ბნელში, რადგან დრო აქვს თავზესაყრელი.

 

***

 

გიპყრობს სურვილი არაფრის ქმნის, არაფრის განცდის.
გინდა სიჩუმე, უეცარი განცალკევება
ამ სიმშვიდეში - ლუქსემბურგის ბაღში ლოდინი,
აქ დაბერება უკვე ყოფილ სენატორივით.

აღარც ბავშვები, არც გემები და  შორით ვალსიც
არ დაგირღვევდეს  უიმედო მედიტაციას.
აღარც შიში და გეგონოს, რომ შვება გეღირსა.
არც სიყვარული,  აღარც ხსოვნა ჩახუტებისა.

 

ბოლო ჟამი


დადგება მძიმე დღეები და საშიში ყოფა,
იქნება ტანჯვა, ღამღამობით წრიალი, შფოთვა.
ხელდაყრდნობილი მაგიდასთან უაზროდ ტირი.
ცხოვრებამ ფეხზე დაგიკიდა, გიქცია პირი
და სულ გგრძნობ, ჩემო სიყვარულო, ქალაქში რომ ხარ

დაიწერება წერილები, რომლებსაც დავხევთ,
მეგობრებიც და იმედებიც თანდათან გაქრნენ
სულ უსარგებლო მიმოსვლანი აქეთ და იქით,
გაშეშებული საათები მზის გულზე სიცხით
და თავს ვერ ვაღწევ ჩემსავე შიშს, დუმილით თანმხლებს.

მიახლოვდება და პირდაპირ სახეში მიცქერს
ლამაზ ღიმილით, ნაბიჯები: ნელი და მტკიცე.
ბროლის თვალებში მოგონების კადრები უჩანს,
ლითონის ხელთ კი მომავალი უპყრია უტყვად
და სამყაროზე დგას ყინულის შარავანდისებრ.

მოვა სიკვდილიც, საყვარელო, ესეც ხომ იცი?
იქნება ბევრი უბედობა ამ დღეებისა.
არ დავივიწყებთ, ეს სიტყვები და სახეები
უკანასკნელი ნაპირისკენ გასცურვენ ლხენით.
სინანული და ბოლოს ძილი - მძიმე ძილმისჯილთ.
 

 

***

მას ეცვა ცისფერი მანტო,
მოედანს ცაც ლურჯით ჰფენდა.
თვალებში სნეულის სევდა
ცის ფერად უჩანდა მარტოს.

 

***


აქედან როცა გავეშურები,
იქნებ შეიძლო, მინდა, მჯეროდეს,
რომ ჩემთან იყო ბოლო წუთებში,
ნდობით სწორედ შენ შემოგცქეროდე.

პატარა მხეცო, შენი მღელვარე
ძუძუები მსურს ჩემს ხელში - ორივ,
რომ მაგ თეთრ სხეულს ბნელშიც ვხედავდე
საზღვრად ამ და იმ სამეფოს შორის.

 

***

რა ბუნებრივი არის,
როგორ ღელავს და ფშვინავს,
საყვარელ ჟოზეფინას
მკერდი თაფლისფერ ღარით.

 

 თარგმანი თემურ ჩხეტიანის
(პწკარედები ფრანგულიდან ქეთევან კოკოზაშვილის)

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE