ტერუელელი შეყვარებულები


ტერუელელი შეყვარებულები




ზამბახი

 

ხედავ?

მშვენიერებას ენა ჩემგან გამოუყვია,

მისი ძირიც კი ისეთი ლამაზია და მოხატული!

მაგრამ ხომ იცი,

სილამაზეში იშვიათი გულწრფელობით

მოჩანს სიკვდილი!

უფრო საზარლად,

ვიდრე ორი კვირის

წყალში დამხრჩვალის გვამში ნახავდი…

სიცოცხლე საამო,

ქავილის მსგავსი შეგრძნებით მოდის

და სპაზმური კრუნჩხვით სრულდება!

ო, ბუნების ნემსით მოხატულო პეპელავ,

განა შენც იგივეს არ გრძნობ,

სანამ არარას ნახვრეტში შეფრინდები?!

შეხე, მეც -

დღის ბოლოსკენ

სიცივეში სათესლე პარკივით მომეკუჭა კანი -

სილამაზე უკუსვლით ჩემშივე ჩაბრუნებულა.

 

 

***

                მუდამ უბილეთოდ მგზავრობს

                ჩრდილი ადამიანისა!

 

ჩრდილი რა არის?!

საკუთარ თარგზე გამოჭრილი

სიკვდილის აჩრდილი ასდევნებია

ყველა საგანს, ყველა სულიერს.

შენ უკან მდევი, იგი,

კარებში რამდენჯერ მოყოლილა!

სახიფათო ადგილებში შენ წინ მავალს

ხომ უშენოდაც უსკუპია?

მაგრამ ო, სიყვარულში შენთან ერთად გადაშვებულა...

აი, თუთიყუშისფერი კოქტეილი _

მისი ჩრდილი ზღვისპირა ბარის კედელზე

სასიკვდილო სამსალად მოჩანს,

ან უცნობ გოგოს ვარცხნილობა

გველეშაპად გამოუსახავს. 

უჩრდილოა მხოლოდ მზე-კიბორჩხალი

შეხე, ცაზე როგორ მიბობღავს,

ვიდრე ზღვაში ჩასულა!

 

 

უკვდავების სურვილი

 

ღმერთო, ხომ გახსოვს

ჩემივე თავი რომ გავგზავნე

ჩემსავ საპოვნად

ღრმა ხეობაში  -

სისხლიან ჭრილობაზე

ნისლის ბამბა რომ ეფინა,

როგორც სალბუნი?

თუკი ვიპოვე იგი,

როგორც ვრცელ ზღვაში

კუნძულის თმიანი თავი -

მაშინ ჩემშივე უსასრულოდ გადავიშლები...

ჩაუქრობი სინათლის ბეწვით დაფარულო,

ხომ უთვალავჯერ გინახავს

სიკვდილის წინ რომ ნათდება ოთახი

და მერე ქრება?

ან ახლადდამარხულის ჩრდილი

რომ ბრუნდება სახლისკენ მარტო?

მკვდრის ოცნება ხომ სხეულთან ერთად არ იმარხება?!  -

იგი ჰელიუმიანი ბუშტივით ზეისწრაფვის.

შეიძლება მკვდარმა სულაც

ცის თვალებით გამოიხედოს,

საღამოსკენ მზის ჩასვლაც ნახოს  -

ზღვას რომ ეხება დიდებული მისი საჯდომი.

 

 

ზაფხულის ელეგია

 

                        ვუძღვნი გივი ალხაზიშვილის ხსოვნას

 

ზაფხული მიდის,

თვალს თუ მოკრავ მის ხუჭუჭა თავს

და უნაკერო სივრცის პარეოს!

მზის ოქროსფერი თმაა

ჩემს ბალიშზე

ზღვისპირა სახლში -

სახელდახელოდ ნაყიდი პროდუქტებით

სუფრა გავშალეთ:

ყველი, შოთი და თხილეული,

ძეხვის ასო,

გავჭერით ნესვიც -

თუმც ბავშვი არ გაუჩენია,

თასზე ბრწყინავს ოქროსფერი მომყოლი მისი!

შეხე, დროდადრო რომ მკვრივდება ტალღა -

ეს დელფინია!

აქა-იქ ჩნდება წყლის ღიმილით მოხატული

მისი პირსახე.

ზაფხული მიდის -

ხეს უკანასკნელი მოწყდა ხილი,

ყუნწის მოწყვეტის ადგილას

სისხლის წვეთი გროვდება...

 

 

ტერუელელი შეყვარებულები

 

შეყვარებულნო,

საფლავებში გვერდიგვერდ მწოლნო,

ვნება ხომ არ გაქვთ

გარიჟრაჟზე მიწის საბანი რომ ზეაზიდოს?!

მაგრამ თქვენი სიყვარული ისევ მწველია

და უცვეთელი, როგორც მდინარის ქვებზე

გადაფენილი წყლის საბურველი...

სიყვარული სიკვდილით უკვდავდება,

უსასრულოდ მხოლოდ ასე ქაფდება იგი.

ვარსკვლავებიც შეყვარებული გვამების თვალების ათინათებია,

ჩათვალეთ, გაზაფხულის შხაპუნა წვიმად შარდავენ ისინი...

  შეყვარებულნო,

ადამიანურ ხორციდან გასულხართ დიდი ხანია,

მიწიდან ბალახად გეზრდებათ თმები

და ახლა უკვე ო, იზაბელა_

შენი ძუძუების ზეფირებს შორის

მზის კულონი ანათებს, როგორც

მარადიული სამკაული!

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE