მონრეალი


მონრეალი




ჟორჟ აბუ-საბის ლექსების კრებული „მდინარე“ მონრეალიდან ასეთი წარწერით მივიღე: „მდინარე აკავშირებს მონრეალსა და საფრანგეთს, საქართველოსა და ლიბანს“. ეს კავშირი კიდევ უფრო გამყარდა დღეს, როცა პოეტის მდინარე ქართულენოვან კალაპოტში შემოდინდა, შემოდინდა საკუთარი რიტმით, პუნქტუაციის ჯებირების უგულებელყოფითა და გრაფიკულობით. დიახ, ეს მდინარე უნივერსალურია, რადგან იგი გულუხვია და ალტრუიზმისა და ემპათიის ტალღებით მოჩქეფს. პარალელებიც არ აყოვნებს, მათ შორის, რუსთაველთან, როცა ეს ღელვა „ქვეყნად მოდის, რათა გასცეს“, როცა მას „არაფერი აბადია და მაინც გასცემს, და რასაც გასცემს, ის აბადია“.

ჟორჟ აბუ-საბი წარმოშობით ლიბანელი თანამედროვე ფრანგულენოვანი პოეტია. იგი ბეირუთში დაიბადა და 1984 წლიდან კვებეკში, მონრეალში ცხოვრობს, სადაც კონკორდიას უნივერსიტეტში უძღვება ლექციების კურსს არაბული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ. განათლებით ფილოლოგი და ისტორიკოსი, მრავალენოვანი კულტურული ჟურნალის – Mïtra – ერთ-ერთი დამაარსებელია. 2002 წელს, მან მიიღო სორბონის უნივერსიტეტის პრიზი ლექსისთვის „მატარებელი“. არის რამდენიმე კრებულის ავტორი, მათ შორის, არაბულ ენაზე გამოცემული ლექსების კრებულისა „დროის სარკეები“ (Maraya al-waqt, Les miroirs du temps, Georges Abou-Hsab, Dar al-Jadid, Beyrouth 2007). მასვე ეკუთვნის არაერთი ესეი და კრიტიკული წერილი თარგმანის, ლიტერატურისა და ისტორიის თემებზე.

მთარგმნელი

 

ენის ნამდვილი ალქიმიკოსი, ჟორჟ აბუ-საბი სიტყვების მუსიკას ააშკარავებს. იგი ის იდუმალი გამტარია, ვისაც მკითხველი ხილულის მიღმა გაჰყავს, ზედაპირის ტლანქი სინათლის მიღმა. მისი სიტყვები სამყაროს ქსოვილს გვიჩვენებს, ძაფის დაუზიანებლად. მის პოეზიაში ირწევა ორი ქვეყნის მელოდიები და ფერები, ქვეყნებისა, რომლებსაც პოეტი დაუსახელებლად უმღერის. იგი ქალაქსაც უმღერის – მონრეალს, რომლის მშვენიერებასა და სიმყიფეს თანაბრად გვიმჟღავნებს. და მოედინება ჩვენკენ გამჭვირვალე სიტყვები, როგორც მდინარე „მჩქეფარეც, მდორეც“, რომელიც ამბობს: „მარად ვახლდები და ვმეორდები, ერთმანეთთან ვაკავშირებ ქალაქებს და ვაშორებ ქვეყნებს“.

ან ლიზ ლე კორი, პოეტი

Anne Lise Le Corre, poète

 

კრებულიდან "მდინარე", ლანკტო-ედიტორი, მონრეალი 2006

Du recueil Le fleuve de Georges Abou-Hsab, Lanctôt éditeur, Montréal 2006

 

 

მონრეალი

 

სამშობლოვ ჩემო უცხო სიტყვების

 

მათხოვე თუნდაც ერთი ლექსის განმავლობაში

მდინარსარტყელას ფერები შენი

რომ იცურონ ჩემმა სიტყვებმა

შენს ქათქათა მოგონებებში

და ზურმუხტის მოჩვენებებში

 

მათხოვე თუნდაც ერთი კაეშნის

ან ერთი კოცნის განმავლობაში

შენი მფეთქავი

გულის ფორმა

რომ ჩემმა სისხლმა იდინოს როგორც

მზერამ შენმა

როგორც წყალმა შენ რომ გატარებს

და რომელსაც მუდმივად ავსებ

შენი შუქებით

 

რომ ჩემმა სისხლმა იდინოს

მარად

საყვარელი მაშრიყისაკენ

 

*******

 

უქათქათესო მონრეალო

მზეო მწუხრის

და მოკრძალების

 

როცა მშიერი ციყვების და

უცაო მტრედის

როცა მხრჩოლავი მანქანების

და ნეკერჩხლების

ჩეროების და პოეტების

ნაკვალევი

შენი კანის

სიჩუმეს ამსხვრევს

 

როცა ისე ცივია

ქარი

წამში რომ გთოშავს

როცა უსულო სხეულები შენს მუცელში იწყებენ ფუსფუსს

როცა არ ვიცით რად ვსახლობთ შენში

მაშინ არასდროს ყვითლდებიან შემოდგომის ფოთლები შენი

და იქცევიან ფრთებად რომლებიც

მოფრენენ შენი მომთაბარე მარტოობისკენ

 

*******

 

ტალღოვანო მონრეალო

თან ღიღინებ თანაც ტორტმანებ

 

როგორც ბოშა ამერიკისა

 

როდესაც ცეკვავს შუაღამე შენს მწვანე კანზე

 

როდესაც გრძელ და ცელქ მდინარედ იქცევიან შენი ქუჩები

რომლებსაც კვებავ უსასრულო მელოდიებით

 

როცა მდინარე

მდინარეზე ბევრად მეტია

შენ კი იმაზე ბევრად კოხტა

ვიდრე ქალაქი

 

და ამ ცეკვისას

ერთმანეთში ურევ იოლად

სასიყვარულო სიმღერას და

თავად სიყვარულს

 

სულ რამდენიმე აკორდისთვის გყვარობენ მხოლოდ

სულ რამდენიმე მთვარისათვის

რამდენიმე კამარისათვის

და ესაა

თავად სიცოცხლე

 

*******

 

მონრეალო

სრულყოფილო ქალაქო

რადგან

არასოდეს დასრულებულო

 

პატარა მთაო

ფეხდაუდგმელო

 

ხსოვნათა კოშკო

აგებულო ოთხპირი ქარით

 

სამშობლოვ ჩემო

უზეთისხილო.

 

 

მდინარე

 

მარტოდ მიმავალს ერთადერთ გზაზე

            ხეები მსვამენ

                        მე კი ჩრდილებს ვსვამ.

 

არცარა მიყვარს

            არცრას ვუყვარვარ

                        არცარა მძულს

                                    არცრას ვძულვარ.

 

ოდნავადაც არ მიცნობენ

            და არც მე ვიცნობ

                        დაწყევლილ გრძნობებს

                                    სიცოცხლეს რომ წარმოშობენ

                                                და თან რომ კლავენ

                                                            და ხვავდებიან სიტყვების ფსკერზე

                                                                        დღეების ფსკერზე

                                                                                    გველის თვალთვალით.

 

მე მდინარე ვარ

            მჩქეფარეც

                        მდორეც

                                    მარად ვახლდები

                                                და ვმეორდები

                                                            ერთმანეთთან ვაკავშირებ ქალაქებს და

                                                                        ვაშორებ ქვეყნებს.

 

შუქები

            და სიშიშვლეები

                        და გადმოხრილი ტოტები

                                    მკვეთენ.

                                                როგორ მეხება ტირიფი კანზე,

                                                            როგორ მეხება ეს ტირიფი!

                                                                        როგორი სევდით.

 

მე მდინარე ვარ

            წუთიერი

                        მარადიული

                                    ყოველივეს ვეძებ ყოველში

                                                და საკუთარ თავს ვეძებ ჩემში

                                                            არც წყაროა ჩემი აკვანი

                                                                        არც ზღვა – საფლავი

                                                                                    მთების ნაოჭებს ვაქანდაკებ

                                                                                                დრო კი სახეზე აღმიბეჭდავს

                                                                                                წელიწადის დროების ნაკვთებს

                                                                                                                        და მერე წაშლის.

 

მივღელავ მიმაქვს ოცნებები

            ჩონჩხები და

                        ვარდის ფურცლები

                                    უძველესი ზღაპრების ექო

                                                და ხეობების საიდუმლო

                                                            საბოლოო მიმართულებით

                                                                        ერთადერთი ბედისწერისკენ.

 

მე ვიცნობ ჩემი გზის ხვეულებს გრძელსა და ვიწროს

            დავალ

                        უმთვაროდ

                                    და უმზეოდ

                                                მდინარეს მხოლოდ მდინარე თუ უჩვენებს გზა-კვალს

                                                            ვრცელია ნისლი

                                                                        ყოველს რომ შთანთქავს

                                                                                    ვრცელია ნისლი!

 

კბილებით ვარღვევ

            მყარ ნიადაგს

                        და მტვერს მედიდურს

                                    ადამიანის შემადგენელს

                                                გარღვევა ჩემი ცხოვრების გზაა

                                                            გზა ვარ, წყალი ვარ

                                                                        და ხეობა ვარ ქარიშხლების

 

ყოველი საგნის ბედისწერა თავად ჩემი ბედისწერაა

            რღვევა კბილებით

                        უსიყვარულოდ უსიძულვილოდ

                                    იმ დაწყევლილი გრძნობების გარეშე

                                                სიცოცხლეს რომ წარმოშობენ

                                                            და თან რომ კლავენ

                                                                        და გროვდებიან სამკლის ცაზე შემოდგომისას

                                                                                    პირქუშ ღრუბლებად.

 

ქვეყნად მოვდივარ რათა გავცე

            არაფერი მაბადია და მაინც გავცემ

                        და რასაც გავცემ ის მაბადია

                                    ზღვა ჩემით არსობს

                                                და ზღვა ჩემი ბედისწერაა

                                                            მისი სიჩუმის მელოდიებს მე კარგად ვიცნობ

                                                                        მისი სიშმაგის მღელვარებას

                                                                        მე ვკვებავ მიწას მწვანეს თეთრს წითელს

                                                                                                ჩემს მშობელ დედას

                                                                                                            ვიცნობ მის ქანებს

                                                                                                                        და მის თავთავებს.

 

არაფერი მაბადია და მაინც გავცემ

            და რასაც გავცემ ის მაბადია

                        მოდით ჩემთან

                                    ველურნო მხეცნო

                                                მარტოსულნო დასარწყულებნო

                                                            დამლიეთ

                                                                        შესვით ჩემი ცრემლები

                                                                                    ჩემი სიამე

                                                                                                წვეთ-წვეთ დამლიეთ.

 

მეც ხომ თქვენსავით

            მარტოდ დავალ, ერთადერთ გზაზე

                                    კბილებით ვარღვევ ჩემს გზას

                                                ერთადერთს

 

მ ო დ ი თ

 

 

წერა

 

ჩემი თვალები ეძებს ქარიშხალს

გამონაქროლს ათასი მხრიდან

აბეზარსა და

მოუსვენარს

იმ ტვირთის გამო, რომ ემძიმება და მაინც დააქვს

 

ქარიშხალს, დღეებს რომ უცვლის ფერებს

და სახელებსაც

 

ჩემი თვალები ეძებს ქარიშხალს

გამონაქროლს პოეზიიდან

 

მომითხრობენ რასაც ვარხვები

თან საკუთარ სიტყვებს უფრთხიან

მიფრინავენ სხვა ბაღებისკენ

 

პალმის ხეა ჩემი სხეული

მზის ბურჯი

ქვიშის თავშესაფარი

 

ნამია ჩემი სიყვარული

რომ მისგან იშვას ოკეანე

 

სიტყვები ქარში

და მშვიდობა დედამიწაზე.

 

 

მატარებელი

 

დედამიწის შეყვარებული ეხვევა თორმეტ ოქროსფერ ბორცვს

მკის შვიდ სეზონს

აყვავებული ოცნების სურნელს

 

ხეობები იმეორებენ მის ერთფეროვან სიმღერას

საპასუხო სიმღერას

 

უწვიმობის გამო

დამჭკნარი ღრუბლები

ზღვის ნახვის სურვილით

შეპყრობილი ტბა

უცქერენ მას

 

დედამიწის შეყვარებული ზამთრის ზღაპრისკენ მიაქანებს

სამ მზეს გადაცმულს ინდიელთა ტომის ბელადად

ვარსკვლავი ეძებს თავის მოგვებს

ათას პეპელას

 

მაგრამ სურნელგამოცლილი დროის ბილიკზე

ლექსის ბორცვის სულ სხვა ფერდობზე

გოგონა ხაზავს ლიანდაგებს

და ელოდება.

 

 

გელოდები

 

ეს არ არის სიყვარული

 

ღვინო ჭიქას ელოდება

და თვალებს რომლებიც მას შესვამენ

 

გელოდები

 

ღამე ბავშვს ელოდება

რომელიც ვარსკვლავს შობს

დღე ჩიტს ელოდება

რომელიც მზეს დაამსხვრევს

 

გელოდები

 

მიქრის ზეფირი

და მიქრიან გრძელი დღეები

 

გემი ღუზას უშვებს ზეცისკენ

და მიფრინავს

მაგრამ ყოველი ჩაძირვისას

იღვრება ორი მარგალიტი

ზღვის თვალებიდან

 

მე სისხლი მდის

და გელოდები.

 

 

შენ ხარ…

 

ცა ხარ

თუ მიწა

ჩიტი

თუ ტოტი?

 

ზაფხული ხარ

თუ ზამთარი

დღე

თუ

ღამე?

 

ნეტარება ხარ

თუ ნაღველი

ალი

თუ ნაცარი?

 

შენ ხარ ის ვინც ხარ

საიდან ვიცი

ანდა რატომ ?

 

სიტყვები

ოცნებები

ლექსები

იალქნები

ფესვების მონატრება

ძახილი ბედისწერის.

 

 

საზღვაო სიმღერა

 

როცა შუქურა მოიწყენს და

            თავს ძილს მიანდობს

                        რომ სიზმრად ნახოს

                                    თითქოს მგზავრობს უპორტო გემით

 

როცა ქარი მხოლოდ სიცოცხლის

            და მომთაბარე ყვავილების

                        სურნელს დატოვებს

 

როცა წყნარი ზღვა აღელდება

            რომ განიწმინდოს

                        და მახვილად იქცევა წყალი

 

მე გავშლი აფრებს – საკუთარ ხელებს

            იმ საფრთხისკენ ჩემში რომ სახლობს

                        მომავლის სუნთქვით

 

ჩრდილოეთის ყინულებო

სამხრეთის ცეცხლის ალებო

 

იმისთვის, რათა უფრო უკეთ აღმოვაჩინო

            უკაცრიელი კუნძულები

                        ნეტარებისა

 

                                    ეს ღვთაებრივი კუნძულები

                                                სადაც ვცოცხლობთ და სადაც ვკვდებით

                                                            სადაც ვკვდებით და სადაც ვცოცხლობთ

 

მე გავშლი აფრებს – საკუთარ ფრთებს

            რომ უსასრულოდ აღმოვაჩინო

                        შენი თვალები.

 

 

განფენილობა

 

გზას გავუყვეთ მდინარისაკენ

რომ დავმწუხრდეთ ტირიფთან ერთად

 

ქარს ტუჩებით მივეალერსოთ

რომ მითებში კვლავ დავიბადოთ

 

შევსვათ ჩრდილები

რომ განვიფინოთ ფესვებივით

 

ჩვენ ვინც სუყველა დედისგან ვართ დაბადებულნი

ვინც ტაძრების ხეობებში დავბორიალებთ

ვინც ვაქანდაკებთ იერსახეს ჩვენი სხეულის.

 

 

ხარ დედოფალი

 

როცა ხორბალი ქვიშისა და

სიმწრის ფერია

 

როცა პალმის ხე ბრმა მერცხლების ესკადრონია

რომელიც ჩრდილთა

ხმაურს გაურბის

 

როცა ტიგროსში წყურვილს იკლავენ

მხოლოდ დამწვარი წალკოტები

მხოლოდ ჩონჩხები

 

როცა დროს სახე ეკარგება

ან მხოლოდ ცრემლი

და რისხვა უჩანს

 

როცა სიტყვების ძველი სისხლი

გამაჩნია მე შენთვის მხოლოდ

 

შენ იქცევი

კვლავ იქცევი

სიტყვის დედოფლად

ქვეყნის დედოფლად

 

ბაღდადი

 

აი შენი გვირგვინი.

 

                   ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE