უტუ მიქავა


უტუ მიქავა




კოჩიში კოჩი ვაარსებენდას ოკო! (მეგრ.) ( „ –  კაცის კაცი არ უნდა არსებობდეს!)

                   მჭედელი უტუ მიქავა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ნიკოლოზ კოლუბიაკინს. 1857 .

 

წიე, ჩქიმდე გიჭარუნი თი ლერსი რენო ეთი გაზეთის ბეშტელი?! ქომუჩი აშო, კალბასიში გაკირალო გუმმოდირთუ. (მეგრ.) („ ბიჭო, ჩემზე რო დაგიწერია, ეგ ლექსია მაგ გაზეთში დაბეჭდილი?! მომეცი, ძეხვის გასახვევად გამომადგება.“ )

                  მეურიკე უტუ მიქავა ლექსის ავტორს. 2020. .


ეს ყველაფერი, ქაოსი და სიბინძურე, ხმაური, სიმყრალე,

ხშირად ყელში გაქვს, ამოგდის და ვერც ამოგდის, გაწვალებს, ხშირად კი

გაბედნიერებს, ეს ხომ შენი სამყაროა. და შენი პირადი

სივრცე – ურიკა (სხვა სივრცე არ გაგაჩნია) – ტივტივებს, ტრიალებს

ამ საგიჟეთის ზედაპირზე, შუაგულში. ქალაქი (ქალაქი,

რომელსაც დიდი თუ არ ეთქმის, არც – პატარა.), უგემურ სალაფავს

რომ არ გაყვედრის, ვაგზლის თავში იწყება და ბოლოში მთავრდება

შენთვის, იქით კი, თუ უნდა, ქვას უთოვია, თუ უნდა, პირწმინდად

გადაბუგულა... მეყვავილის დახლის უკან დამჭკნარი ვარდების

(მხოლოდ ვარდებს ცნობ) და სხვა ჯიშის ყვავილების გორა დგას. „ – მიწიდან


ხილს ნუ აიღებ! ნურც – სხვა რამეს! “ –  გასწავლიდნენ, ბავშვი რომ იყავი,

მაგრამ, როდესაც გაიზარდე – დაივიწყე. აი, შენს ფეხებთან

ვიღაცამ ნამწვი დააგდო და დააჩერდი, იხრები, ეგება

ზედ რამე იყოს დარჩენილი, ნაფაზს არტყამ, სადღაა. იგივე,

რაც მილიონჯერ – მხოლოდ ფილტრის მწარე გემო, მაგრამ სულ არაფერს

მაინც ჯობია, რამე კიდევ გამოჩნდება. გზის გაღმა, არაბულ

მაღაზიასთან, ჯამბიებს და ბებუთებს რომ ყიდიან, ყოველთვის

ყრია ნამწვები, იშვიათად – მოზრდილებიც. ცხადია, სხვაგანაც

ყრია, მაგრამ ის ადგილები სხვებს ეკუთვნით, კოლეგებს, რომელთა

მუდმივ საზრუნავს, შენსავით, ის წარმოადგენს, გადარჩნენ. დაბანილ,


დავარცხნილ, მოვლილ, მაძღარ ხალხს რომ დაინახავ, შურით და

ბოღმით არასდროს ივსები და არც ბრაზდები, ერთი, რაც

გინდა, ის არის, სულ თბილოდეს, და ცხოვრება შენთვისაც

გახდეს ცოტათი ასატანი, ყინვა, თორემ მშიერი

შენ არ დარჩები, ყინვაა, რაც ბოლოს გიღებს, ქუჩაში

ვისაც არასდროს უცხოვრია, რას მიხვდება – გათიშე

ტელევიზორი, ჩათბი, ტკბილად დაიძინე... შენ კი აქ

ცივი ურიკის პლატფორმაზე იყინები, ზედ მთელი

შენი ბინძური გარდერობი გაფარია, ეს კია,

რომ, როცა გარეთ გეღვიძება – გიხარია, შეძელი


ამ ერთხელადაც გადარჩენა, დილის არაყს გადაკრავ,

შეხურდები და დღისით – სავსე, ამჯერად კი ცარიელ

ქუჩებს გახედავ, შენ გეკუთვნის, ერთიც გინდა – დალიე!

მოგეკიდება, და ცოტა ხანს ვერც კი ხვდები, სადა ხარ.

გამოძვრებიან საიდანღაც კოლეგები, თანდათან

თავს იყრიან და ლაპარაკობთ, ჯერ ჩხუბი და კამათი

ადრეა, თრახებს მხოლოდ მაშინ იწყებთ, როცა მოდიან

მოვაჭრეები, საწყობიდან საქონელი გამოაქვთ,

და დაიწყება... შენ უყვირი კოლეგას, რომ ლოთია,

ის გიყვირის, რომ ბინძური ხარ, სწორედ ამის გამოა,


"მეტაჭკეები" რომ არ უყვართ, დასცინიან... და ვინც შენ გიყვირის,

იმას სხვა ლანძღავს, იმ სხვას – სხვა, და ასე შემდეგ, ომია ნამდვილი,

არც ისე ხშირად, მაგრამ, ზოგჯერ, ცემთ ერთმანეთს, დაგარტყეს ამ დილით,

შენც დაუბრუნე, მერე თითქოს არაფერი, განაგრძეთ სირბილი

და აწყვეტილი რბოლა თქვენი ურიკებით. შენ ნიკი ლაუდას

გეძახის ერთი, შენ კი იმ ერთეს – შუმახერას, და მასაც რა უნდა

მეტი, დაქრით და დააქროლებთ, იმას ცდილობთ, რომ ბევრი რეისი

მოასწროთ, მუდამ იმაზე ხართ, კლიენტები წაართვათ ერთმანეთს.

ლანძღვა-გინება, მუშტიკრივი, ასეთები გეყოფა, დღეისთვის

საკმარისია! მიწისქვეშას პარაპეტთან მიმსხდარან შემთვრალი


კოლეგები და მიდი, გვერდით მიუჯექი, ღარიბულ პურ-მარილს

ხურმის არაყი შეამატე, სადღაც, მგონი, ყველი და პურიც გაქვს,

და მათ მარჩენალ ურიკებთან მიაყენე ეს შენი ურიკაც,

შენიანები არიან და ხელს არ გკრავენ, იციან, სტუმარი

ღვთისაა. სვით და, შიგადაშიგ, ეოხუნჯეთ ჭადრის ქვეშ, ლომბარდთან,

მიყუჟულ ბოზებს, თავიანთი მორალი თუ კანონი რომ აქვთ და

იცავენ, რომლის მიხედვითაც „მეტაჭკესთან“ არასდროს წვებიან.

თქვენ გეცინებათ (ოდნავ სიმწრით) მათ სიტყვებზე, ქცევებზე, მედიდურ

გამოხედვაზე. ერთი ბოზი, მარჯვნივ რომ დგას, კიბესთან, წლებია,

რაც მოგწონს, მაგრამ მის ნათქვამს თუ ვერწმუნებით (ვერწმუნოთ!), წყნეთიდან


არ დაგანახებს. თუმცა, იმედს იტოვებ, რომ ოდესმე

მორბილდება და დაგთანხმდება, შენი ფულიც ფულია.

თავს არ უტყდები, მაგრამ ზოგჯერ ეჭვიანობ. სრულიად

უცხო ხარ მისთვის, არავინ ხარ, რა უფლებით?! ათასი

საფიქრალი გაქვს ისედაც და თავს მიხედე, ჯობია.

აი, იმ ამბავს ვერ ივიწყებ, ერთ საღამოს, ლობიანს

(თუ არ ვცდები) რომ ღეჭავდი და თან აფსამდი მეწაღე

სერჟიკას ფარდულს, დაეკეტა, უკვე სახლში წასული

გეგონა, თუმცა, რაღაც ხმები შემოგესმა, შეაღე

კარი, რას ხედავ: ამ შენს ტურფას, სწორედ ამას, სასულე


ინსტრუმენტივით პირში უდევს ინსტრუმენტი... ნაბიჭვარ

სერჟიკს თვალები მიუნაბავს... დაიბენი, თავიდან

გინდოდა, მათთვის ზედ დაგემხო სკამები და მაგიდა,

მაგრამ მოთოკე ნერვები და (ვერ შეგნიშნეს) ნაბიჯი

უკან, უკანვე გამობრუნდი. ურიკაზე დაემხე

ნაღალატევი ქმარივით და ჭმუნვა. დარდი. მკვდარი ხარ.

წინ – არაფერი... თანდათან კი მოიკეთე. და მერე

კარგა ხანს ნახვაც არ გინდოდა, მთელი ვაგზლის დედოფალს

ვეღარ იტანდი... ცხადი გახდა, ამ ყველაფრის წამალი

შურისძიება იყო მხოლოდ. კმარა! მორჩა ყბედობა!


საქმის დრო დადგა: ერთხელ, ღამით, მიიპარე სერჟიკას ფარდულთან,

მიადექი და ნათხოვარი ძალაყინით გატეხე საკეტი,

რაც შიგნით დაგხვდა, ყველაფერი გამოზიდე, ხიდისკენ წახვედი

და გადაყარე მტკვარში. ამით შენი ტანჯვაც მორჩა და დასრულდა.

დანაშაულის გრძნობაც გაქრა, გაწვალებდა, თითქოს შენ იყავი

დამნაშავე, რომ ბოზი იყო ის ქალი და, ამჯერად, სიხარულს

გრძნობდი, რომ უკვე აღარ გრნობდი, აღარ გჭამდა, რატომღაც გაქრა და

დარჩა პატარა, თუმცა მაინც ტკბილი გრძნობა, ან ჟინი, რა ვიცი,

ის დაუძახე, რაც გერჩივნოს. მეორე დღეს იყიდე ქაღალდის

ვარდი, დიდხანს რომ გაეძლო, არ დამჭკნარიყო, უკვდავი. თავიდან


ორგანზისას და ატლასისას დაეტაკე, ისინი ძვირები

ღირდა, ამიტომ ქაღალდისას დასჯერდი და შენს ტურფას მიართვი

(ანონიმურად). ფეხქვეშ ისევ შეიგრძენი სიმყარე, წინა დღით

სიცარიელე იყო ფეხქვეშ. როგორც ადრე, შორიდან, შილიფად

ჩაცმული ქალის ყურებითაც საათობით ტკბებოდი. ტკბებოდი

ოცნებით, თითქოს სოფელში შენს ჩამოქცეულ ოდასახლს რემონტი

გაუკეთე და, თითქოს, ცოლად მოიყვანე ეს ქალი... ოცნებას

ჯერ ხომ არავინ არ მოუკლავს, იოცნებე... ისე კი, ის სახლი

იმ ადგილზე დგას, სადაც, თურმე, წყარო იყო, და სადაც მოწმეთა

ცნობით, უტუმ და მისმა ჯარმა შეისვენეს, დილით კი, სისხამზე,


გზა გააგრძელეს ზუგდიდისკენ... ამიტომაც დაგარქვეს

უტუ. ხანდახან შენც გინდება, სათავეში ჩაუდგე

"მეტაჭკეთა" დიდ აჯანყებას, მიზეზიც გაქვს: საიდან

მოვიტანეთ, რომ კილომეტრზე ტვირთის ზიდვა, და აქვე,

ახლო მანძილზე, გაგორება ერთნაირი ჯაფაა

მეურიკისთვის?! და ორივე შემთხვევაში – ლაპარაკს,

გაპროტესტებას აზრი არ აქვს – ერთ ლარს გიხდით, ვინ მოგვცა

უფლება, თვითონ დაგიწესოთ ფასი? ზოგჯერ მაგასაც

გაკლებთ და, თითქოს, არაფერი. ხშირად ბრაზობ იმაზე,

რომ ჩვენი შრომა ათასისა გვგონია და აბაზად


არ გვიღირს – თქვენი. აჯანყება. თუმცა, ვინმე ხომ უნდა

იყოს, ერთი (ან, თუნდაც, ორი), კონკრეტული, ვისზედაც

ჯავრს ამოიყრით, დაშინდება, მოთხოვნებსაც მიხედავს.

მაგრამ მეორე მხარეს მთელი სამყარო დგას: ამინდი

(თოვლი), სეზონი (ზამთარი) და ჩვენ (ყველანი), ერთ მუშტად

შეკრულნი. ყველას და ყველაფერს ერთიანად შეუჩნდა

ეშმაკი. ხოდა, სხვა რა გზაა, მოდუნდი და მიჰყევი

დინებას, თვალში შენი ხელით შეიყარე ქვიშა და

ნაცარი. პროტესტს აზრი არ აქვს, ტყუილია, სიტყვებით  

რას უნდა გახდე. ხომ იცადე აქამდე და იცადე


აწიც, შემდეგაც და შემდეგაც მოითმინე. იფიქრე იმაზე,

რომ ქვეყნად ბევრი, ბევრზე ბევრად ბევრი, შენზე უარეს დღეშია,

შეხედე, თუნდაც, აი, აქვე: თამრო ბებო, რომელიც დედაშენს

გაგონებს, სახე – დაღარული, ალბათ, ადრე არც ისე ლამაზი,

მაგრამ, ამჯერად, ისე სათნო, ისე თბილი, ნახავ და გულამდე

ჩაგწვდება სითბო. დღის ბოლოსთვის მიუჯდები, და უთვლი, რამდენი

იშოვა, თვითონ ვერ დაითვლის, ბრმაა და შენ გეძახის. უბრალოდ

აინტერესებს, თორემ მისთვის სულ ერთია, იმ ფულებს ისედაც

აახევს შვილი უკანასკნელ კაპიკამდე. მაგარი დამპალი

გოგო ჰყავს, ერთხელ აგიშარდა აბსურდული მიზეზით, მიზეზი:


ფულს უტეხავო. ასეთია. ის ხომ გახსოვს, შარშანწინ, ახალ წელს,

დედამისი რომ მოიყვანა, დაასკუპა. არ მისცა უფლება,

იმ ერთ დღეს მაინც დაესვენა საცოდავ ქალს. თქვენი და ძაღლების

გარდა ახალ წელს იქ ვინ უნდა ყოფილიყო. რაც გქონდა, დახარჯე

წინა ღამით და, შემცივნებულს, ნაბახუსევს, ჯიბეში გროშიც კი

არ გიჭყაოდა, რას მისცემდი. შეგეცოდა საშინლად, საშინლად

შეგეცოდა და მიხვდი, რაღაც უნდა გექნა, მიხვედი, მოკიდე

ხელი და დასვი ურიკაზე. ის იჯდა და პეშვებში მალავდა

სიცილს. ეს გზები, სადაც სხვა დროს ქაოსია, და ხალხის ნაკადში

გავლაც ჭირს, ისე ფართო იყო, ცარიელი, იქამდე არასდროს


რომ არ ყოფილა, თითქოს მაშინ შეამჩნიე პირველად,

და მიაწექი შენს ურიკას. "ოქროს ბირჟა," მერე კი

"ბავშვთა სამყარო", "თერგის" კუთხე, "კიდობანი"... ურიკა

მოატრიალე ოსტატურად (ცალი ხელით), გავლილი

გზა ისევ უკან. არ ელოდი: კოლეგები გელოდნენ,

და მწკრივად მოგყვნენ ურიკებით. აი, ასე, დილიდან

მხიარულება! ჩაიარა უცნაურმა აღლუმმა

"დეზერტირებთან", პირდაპირ და, მერე, მარჯვნივ "ბოშების

ბაზრობის" გავლით... თუ ვაგზალი ყველაფრისგან დაღლილი

მათხოვარია თამროსავით, თუ დავუშვებთ, მაშინ ეს


ჩვენი "დინამო" ალუმინის ჭუჭყიანი თეფშია

მათხოვრის ფეხთით. მოგეწონა შედარება. მანამდე

ასე ხატოვნად ვერ იტყოდი, იმ დილით თქვი. გფარავდეთ

ღმერთი, რომელსაც მისხლითაც კი არაფერი შეშლია,

როცა გიქმნიდათ ვაგზალს, ანუ ჩვენც გვიქმნიდა, სუყველას,

მაგრამ, თუ გინდა, თქვენი იყოს, არ წაგართმევთ, ნუ ღელავ...

იმ დილით ჰიმნსაც მღეროდით და თქვენი "ჩემი ხატია

სამშობლო", დილის უჩვეულო სიჩუმეში, ადგილთან

და დროსთან ქმნიდა კონტრასტს, თუმცა აკაკის ძეგლს, ცხადია,

მოუხდა, ნაღდად საკაიფო იყო, მაგრამ რად გინდა,


აბა, მსმენელი?! პარკში მდგარი სამიოდე ყრუ-მუნჯი სიმღერას

ვერ გაიგებდა, თუმცა ნახვით დაგინახეს, იცინეს, თან ბევრი

იცინეს. წინ! წინ, ბერლინამდე! თამრო ბებოს, ბევრ ხმაში ნამღერი,

ჰიმნი ართობდა, ზოგჯერ ტაშსაც შემოჰკრავდა, მოსწონდა იმდენად,

რომ ცრემლებიც კი... ნაოჭებში... ნიკაპისკენ... პარკიდან გამზირზე

გახვედით, წინ! წინ მეტრომდე და იმის იქით! როგორც ჩანს, არც ისე

ჩვეულებრივი ჩანდა თქვენი მსვლელობა და შორიდან რაღაცით

საეჭვოც იყო. გააჩერა "პატრულმა" და კარგა ხანს გიყურათ,

დემონსტრაცია თუ ეგონა. ამ ქალაქში, აბა, ვინ დაგაცდის

მხიარულებას. სხვაც მოვიდა, სხვა "პატრულიც", დამპლური საყვირით


დაგისაყვირეს, და დაშლისკენ მოგიწოდეს. შარის და ჯანდაბის

თავი ვის ჰქონდა, დაიშალეთ და ვაგზალზე დაბრუნდით ცალ-ცალკე,

ასე დამთავრდა, მაგრამ თამროს სულ ახსოვს და, თავისი მაწაკი

შვილის ჯინაზე, სიკვდილამდე ეხსომება, შენც – სულ. და იმდენად

ამაყობ შენი მაშინდელი საქციელით, არასდროს ხელიდან

არ უშვებ შანსს, რომ ის დილა არ გაიხსენო. ბრაზდები, ვერ იტან,

როდესაც ვინმე ამ დიადი ამბისადმი ინტერესს არ იჩენს,

როგორც ახლა და ახლაც ბრაზობ, კოლეგები ბოლომდე გისხამენ

ჩარჩენილ არაყს, გამშვიდებენ. გადაწვდები. აიღებ. დაიჭერ

ჭიქას. ჩასცქერი. დაკრავ. გჯაბნის. ერთიც ვნახოთ – დილაა სისხამი.

მალე ხვდები, რომ საღამოა, დაგაღამდათ. შემთვრალ და კმაყოფილ

კოლეგებს ხედავ. დგანან. დგები, მთვრალი უკან არასდროს არ იხევ,

მოვაჭრეებმა ჩაალაგეს საქონელი, ღიაა საწყობიც,

საღამოს რბოლა, მოემზადე, დიდი რბოლა, სტარტს მალე აიღებს.


............................................


 

ავტორის მიერ ლექსის ლირიკული ობიექტის შესახებ ჩატარებული მრავალგვერდიანი საველე კვლევის ნაწილი:


"ლიმონის ლამზირა: – მე ტაჭკა რაში მჭირდება, დავავლებ ჩემს ლიმნის პარკებს ხელს და სახლში წავიღებ. მარა მსმენია, რო ბევრს დახმარებია ტავარის წაღებაში უფასოდ. აბა, ფულზე თუ წაიღებ, რაღა დახმარება გამოვა. ხოდა, მსმენია. ბანანის იამზემ მითხრა თუ სუნელის ქეთინომ, ეგ კი არ მახსოვს. იმათაც სმენიათ, თორე არც მათ ჭირდებათ ტაჭკა."


"ავტორი: – შენ და უტუმ რატო იჩხუბეთ?

"მეტაჭკე" თამაზა: – ტრაკია და იმიტო. ყველა კლიენტი თავისთვის უნდა, ეგრე სადაა, მე აქ შახმატის სათამაშოდ კი არ ვარ. მეგრელი და კაი კაცი მე არ მინახია!"


"ავტორი: – დაახლოებით ორი წლის წინ, ახალი წლის დილას, წერეთლის გამზირზე მეურიკეების მსვლელობა უკანონოდ რატომ აღკვეთეთ?!

უფროსი ლეიტენანტი ჩირგაძე (209-ე საპატრულო ეკიპაჟის მეთაური): – მიმართეთ პრესცენტრს!

ავტორი: – თქვენთან ერთად რამდენმა ეკიპაჟმა მიიღო მაშინ მონაწილეობა მშვიდობიანი მსვლელობის არაადამიანური მეთოდებით დარბევაში?!

უფროსი ლეიტენანტი ჩირგაძე (209-ე საპატრულო ეკიპაჟის მეთაური): – მიმართეთ პრესცენტრს!"


"დათო (75 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლი): – ერთხელ არასამთავრობო, თუ რა ჯანდაბა ქვიათ, ორგანიზაციიდან იყვნენ აქ მოსულები, უსახლკაროების, აი, ბომჟებს რო ვეძახით რა, მაგათი მდგომარეობა აინტერესებდათ თუ რაღაც. ამ მეტაჭკეებიდან ზოგს კი აქ სახლი, მარა ბევრი ღია ცის ქვეშ ათენებს ეგერ, საწყობის უკან. ბრეზენტით აქვთ გადახურული. ხოდა, მაშინ იმ არასამთავრობოს გოგომ თქვა, ამათ ამ ტაჭკების გარდა, პირადი სივცე არა აქვთო, რაღაც ამდაგვარი თქვა მოკლედ, და მას მერე დაუჩემებია უტუიას პირადი სივრცე, პირადი სივრცეო, ტაჭკაა ჩემი პირადი სივრცეო (იცინის). ისე, ეგ პირადი სივრცე მე ვაჩუქე, სახლში მეგდო, ერთი პაკრიშკა აკლდა მარტო!"


„ბოტასების ინდირა: – ჩემთვის რა აზრის აქვს, ტავარს უტუ მომატანინებს საწყობიდან თუ ძუკუ? მაინც ფული უნდა გადავუხადო.“


"ავტორი: – ძია სერჟიკ, ის თუ იცი, რო შენი ფარდული უტუმ გაქურდა?

მეწაღე სერჟიკა: – რას ამბობ, კაცო. აბა უტუ?!

ავტორი: – აი, მეტაჭკე როა.

მეწაღე სერჟიკა: – ეგ არაკაცი, ეგა. განა, რა დამიშავებია. მაგისი ყროლიანი ჯღანიც დამიკერებია ბეზპლატნა. ეგა, ეგ ჩამოთრეული, ეგა! სოღდებილელი სომეხი ვარ, გული თბილისელი. მაგისგან მეკუთვნოდა?! მახლას! ჯანი არ მომდევს, ფათრეთი მივულეწო გემოზე. მაცა, მილიციაში ჩავასმინო!"


"ბანანის იამზე: – დამანებე თავი, რა მეუტუება, სიფთა არ გამიყიდია. დამაღამდა თავზე!"


"ავტორი: – ბატონო აკაკი, როგორ გაიხსენებთ ახალი წლის იმ მშვენიერ დილას, როცა მეურიკეები თქვენი ლექსის მოტივებზე დაწერილ საქართველოს ჰიმნს მღეროდნენ?

აკაკის ძეგლი: ...!

ავტორი: – დიდო მგოსანო!

აკაკის ძეგლი: ....! ....!


პ. ს. სასარგებლო ინფორმაცია: აკაკი წერეთლის ძეგლი, მისივე სახელობის გამზირის დასაწყისში, დაიდგა 1990 წელს. მოქ. ბ. ავალიშვილი. არქიტ. ო. ლითანიშვილი. მასალა: ბრინჯაო.“


„წინამძღვრიშვილის ქ. №187-ში, მეოთხე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრები ქალბატონი: – ძეგლს რო მიდგომიხარ, გიპასუხებს თუ რა?! მე მკითხე, ისე მახსოვს, როგორც შენ გიყურებ. აქ ყოველთვის ხმაური და რია-რიაა. ერთადერთი ახალ წელსაა სიმშვიდე. გემრიელად გვეძინა, როცა მაგათმა ბღავილმა გაგვაღვიძა მთელი უბანი. ჩემს ცხონებულ ქმარს ძლივს ვაკავებდი. არა, რა. ეს ბაზრობები უნდა მოაშორონ აქედან! გაიტანონ, ბატონო, ქალაქგარეთ. რამდენჯერ მივმართეთ გამგეობას, მერიას, არავინ გვისმენს!


პ. ს. ავტორმა, კუკიის სასაფლაოზე, წინამძღვრიშვილის ქ. №187-ში, მეოთხე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრები ქალბატონის ნეტარხსენებული მეუღლის სამუდამო განსასვენებელს, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მიაგნო.“


„ „მეტაჭკე“ ემზარა (შუმახერა): – ჰაჰ! უტუ ლაუდა. გარიჯგვინებია თავი, ჰაჰ! არასდროს პაპიროზი არა აქ, ჩემს პაპიროზზეა, ჰაჰ!“


„ავტორი:  هل رأيته ؟ ( – ხშირად ხედავთ ხოლმე?)

ე. წ. „არაბული მაღაზიის“ მეპატრონე ეიმენი:  هو دائما يتمشى هنا يجمع اعقاب السجائر هو يبدو شخص هادئ ومثير للشفقه ( – სულ აქ დადის, სიგარეტის ნამწვებს აგროვებს. ისე, მშვიდი ადამიანი ჩანს, თანაგრძნობას იწვევს.)


„მაკა ქისტაური (არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭერი შენ“): – ვაგზლის მოედანზე უამრავი ადამიანი ღია ცის ქვეშ ათენებს ღამეს, მათ შორის მეურიკეებიც არიან. ამ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ, დავურიგოთ მათ ლეიბები, საძილე ტომრები, კარვები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საშუალებები. პერსპექტივაში კი ვგეგმავთ, ავუშენოთ მათ ჰოსტელის ტიპის საერთო საცხოვრებელი, სადაც შეეძლებათ, თბილად და კომფორტულად გაატარონ ღამე. მერიასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით.“


„სუნელის ქეთინო: – გვალო ჯგირი კოჩიე თინა, სქუა. გაჭირებულო რე ნარდი. ჩქიმი და თიშ სამეზობოსიე გათხილი დო თევრე მიჩქუ. ექ ქვერსემ მახორობა გეუპანჯუ, მარა მიკაჯინალიე. წვალენს ენა აქ, მუ ღოლას, მითინქ ვადასკიდუ. (მეგრ.) ( – ძალიან კარგი კაცია, შვილო. სიმწრითაა გამოზრდილი. ჩემი და მაგის სამეზობლოშია გათხოვილი და იქიდან ვიცი. იქ უზარმაზარი სახლი უდგას, მარა ხელის შევლება უნდა ცოტა. აქ წვალობს, რა ქნას, აღარავინ შემორჩა).“


„კალთამადლიანი მირანდა: – რააა? ეგ როზა მაგან გამომიგზავნა? ფუუუ, მეთქი ვინმემ.

ავტორი: – სხვა თაყვანისმცემლებიც გყავს?

ფეხმსუბუქი მირანდა: – მეღადავებიიი?! ნახევარ თბილისს ვუყვარვარ! ერთხელ რო მოვტყნავ, მერე ვეღარ მეშვებიან! (იცინის).

ავტორი: – მართლა უთხარი, ფუნიკულიორიდან არ დაგანახებო?!

წამხდარი მირანდა: – ეგრე არ მითქვამს. წყნეთიდან არ დაგანახებ თქო. (იცინის).

ავტორი: – აცი თავის გულს გთავაზობს. სერიოზული გეგმები აქვს, შენი ცოლად შერთვა უნდა.

ნაძრახი მირანდა: – უი, შენ რა, მაჭანკალი ხარ?! (იცინის).

ავტორი: – არა, უბრალოდ მეცოდება. იცი რამხელა სახლი აქ სოფელში?!

მსიძავი მირანდა: – თუ ასე მოგწონს, თვითონ გაყევი ცოლად! (იცინის).

ავტორი: – არ გეხუმრები. დამწვარია კაცი.

აშაღლარი მირანდა: – ცივი წყალი გადაისხას. ისე, დაბანაც არ აწყენდა! (იცინის).

ავტორი: – ეხ, რა შანს უშვებ ხელიდაან...

ქვეყნის ნათრევი მირანდა: – სად წახვედი, ბიჭო. არ გინდა, ზევით ავიდეთ? საერთოდ, ჩემთან ერთი სექსი სამოცდაათი ღირს, შენთან ორმოცდაათად ვიზამ.“


„გამვლელი ტურისტი: – Who the hell is Utu?! Fuck off! ( – უტუ ვინ ჯანდაბაა?! გააჯვი აქედან!)

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE