„უფალო! ადამიანი მინდოდა მეგრძნო რამენაირად და
ეს გამოვიდა. და რა ვქნა ახლა?!“ – „შაშვი შაშვი მაყვალი“.
შარშან, შემოდგომაზე თამთა მელაშვილი „ახალი საუნჯის“ ნომრის სტუმარი იყო. მაშინ თავის მესამე რომანს ამზადებდა გამოსაცემად. ერთი წლის შემდეგ თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი“ ბესტსელერია, მასზე წერენ და კამათობენ, განიხილავენ. უყვართ ეთერო, წიგნის მთავარი პერსონაჟი, და არც კრიტიკას აკლებენ. ბევრს ლაპარაკობენ მის გაბედულებასა თუ მიამიტობაზე, მის ენასა და თავისუფლებაზე, მის უცენზურობასა თუ შეზღუდულობაზე...
პანდემიით „გადაფარული“ კიდევ ერთი წლის შემდეგ თამთას მელაშვილს ისევ ონლაინ ველაპარაკები. რა შეიცვალა ამ ერთ წელიწადში, რა მოიტანა მან და რა წაიღო, როგორი აღმოჩნდა ეთეროს პირველი წელი?.. ვლაპარაკობთ ეთეროზე და ვგულისხმობთ ქალებს, უმეტესობას ჩვენს დროსა და ქვეყანაში – არ აქვს მნიშვნელობა პროვინციის ერთ პატარა მაღაზიად ქცეულ გარაჟში დგას თუ ცხოვრების საუკეთესო „პოზიციაზე“.
– ამ ერთ წელიწადში თითქოს რაღაც შეიცვალა და თან, არც შეცვლილა. კი, შეიცვალა ის, რომ რომანი გამოიცა და მისი მთავარი გმირი კარგა ხანია, მარტო ჩემი აღარაა. ის, პირველ რიგში, მკითხველს ეკუთვნის. სხვა მხრივ, ამ პანდემიის პირობებში, მგონი, ბევრი არც არაფერი იცვლება. პანდემიას ისიც ემატება, რომ მის რუტინასთან ერთად, დაუსრულებელ შფოთვასა და მარადიულად დაძაბულ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციას ბევრი იმედგაცრუება და ტკივილი ახლავს თან, მაგრამ ისიც მგონია, რომ ამ ფონზე ადამიანებმა, ეთეროს მსგავსად, პატარა და მარტივი სიხარულებით ტკბობა უფრო მეტად ვისწავლეთ.
– ამ ბოლო დროს არ მახსენდება, ამდენი ეწერათ რომელიმე ახალგამოსულ წიგნზე – სტატიები, პოსტები, გადაცემები, კომენტარები – ელოდი ასეთ გამოხმაურებას? რა შთაბეჭდილება დაგრჩა, მიიღო მკითხველმა „შაშვი შაშვი მაყვალი“ ან როგორ მიიღო?
– თავისთავად, მიხარია ასეთი დიდი გამოხმაურება, თუმცა არ ველოდი. არც იმას ველოდი, რომ წიგნი ბესტსელერი გახდებოდა. ვერასოდეს წარმომედგინა თავი ბესტსელერის ავტორად. მგონია, რომ ავტორისთვის იმაზე დაკვირვება, თუ როგორ რეაგირებს მკითხველი ტექსტზე, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესია. ამით ძალიან ბევრს იგებ იმ გარემოზე, რომელშიც ცხოვრობ. პირველი, რაც დავინახე და რაც ძალიან მახარებს არის ის, რომ ჩვენთან კარგი მკითხველი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მე წარმომედგინა. კარგ მკითხველში ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც ანალიტიკურადაც და კრიტიკულადაც უდგება წიგნს, კონტექსტის შეგრძნება აქვს, ფიქრობს ტექსტზე და შინაარსიან რეფლექსიას აკეთებს. მე მესმის, რომ „შაშვი“ ქმნის მთელ რიგ უხერხულობებს და ამ მხრივ, თითქოს მკითხველი ორ დიდ ჯგუფად დავანაწილე: ერთი, რომელმაც ვერ დასძლია ამ უხერხულობებით გამოწვეული დისკომფორტი, რასაც, ალბათ ძირითადად სექსის სცენა და, როგორც თავად ამბობენ, „ნამდვილი“ ლიტერატურისთვის შეუფერებელი „უხამსი“ სიტყვები იწვევს. მათ აგრესია ან ბრაზი აქვთ ავტორის ან პერსონაჟის მიმართ და არის მეორე ჯგუფი, რომელმაც დასძლია ეს უხერხულობა და ბევრად უფრო მნიშვნელოვან შრეებს მიაქცია ყურადღება. კიდევ არის მესამე, შედარებით მცირე რაოდენობის მკითხველი, ვისაც საერთოდ არ შეჰქმნია პრობლემა „უხამსობაზე“. მეც, როგორც მკითხველი, თავს მათ შორის მოვიაზრებ. მე არ მიქმნის უხერხულობას „უხამსობა“, სხვანაირად ამ ტექსტს ვერც დავწერდი. როგორც მკითხველს, უკვე იშვიათად, მაგრამ ხანდახან მეც მექმნება სხვა ტექსტებთან სხვა ტიპის უხერხულობები, მაგრამ იქვე ვსვამ კითხვას – რატომ შემექმნა ეს დისკომფორტი? და მგონია, რომ ამაზე პასუხის ძიება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესია, რომელიც უკეთესად გაცნობს საკუთარ თავს. მხატვრულ ლიტერატურას, ბევრ სხვა ძალასთან ერთად, საკუთარი თავის უკეთ გაცნობის ძალაც აქვს.
– რატომ „მიატოვე“ ეთერო იმ მიწისქვეშა გადასასვლელში? ფიქრობდი, უშენოდაც „ამოვიდოდა“ იქიდან? ავტორები კარგად ინახავენ პერსონაჟების საიდუმლოებებს და ყველა მკითხველს თავისი „გაგრძელება“ აქვს, მაგრამ მაინც, თვალს რომ გაახელს, როგორ გაგრძელდება მისი „მონოლოგი“ და საით წაიყვანს თავისი, უკვე „ორ-სული“ სხეული?
– კი, რა თქმა უნდა, ამოვა. ქალები, როგორც წესი, „ამოდიან“ „მიწისქვეშა გადასასვლელებიდან“ და ცხოვრებას აგრძელებენ. მაგრამ რას იზამს და როგორ მოიქცევა – ეს მკითხველის გადასაწყვეტად დავტოვე და მიზანმიმართულად გავაკეთე. ხშირად მეკითხებიან, როგორ მოიქცევა მთავარი გმირი და მეც მაქვს ჩემი პასუხი. საბოლოო ჯამში, შეკითხვაზე – რას იზამს ეთერო? – თითოეული ჩვენგანი უპასუხებდა ისე, როგორც მოიქცეოდა თვითონ ეთეროს ადგილას. მე არ ვარ ეთერო და არ ვიცი, ის რას იზამდა, მაგრამ ვიცი, მე რას ვიზამდი მის ადგილას. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ძალიან პირადულია და ამაზე არ ვლაპარაკობ. მეორეც, არ ვამბობ ჩემს ვერსიას, იმიტომ, რომ რახან ავტორი ვარ, მკითხველის თვალში ჩემი ვერსია მეტი „ჭეშმარიტება“ იქნება, ვიდრე მისი. არადა, ჩემი საკუთარი „დასასრულიც“ რიგითი ვერსიაა. მე მინდა, ასე ღიად დარჩეს ამ წიგნის ფინალი და ყველას თავისი ვარაუდი ჰქონდეს. მომწონს, როცა ლიტერატურა ტოვებს მსგავს ღია სივრცეებს, რასაც, თავისთავად, ფიქრისა და რეფლექსიისკენ მიჰყავხარ.
– ყველას სხვადასხვანაირი „მიწისქვეშეთი“ აქვს აქ, ახლა და „ამოსვლა“ ყველას არ შეუძლია. და ის ქალიც, ვის თბილ ხელსაც გრძნობს სახეზე, „მიწისქვეშეთიდან ვერამოსულთაგან“ ერთ-ერთია. როგორ „იპოვე“ ეს გადასასვლელი და ეს ქალი? სიმბოლოა? არჩევანი ეთეროსთვის? არჩევანი მკითხველისთვის? თუ სულაც ერთი „დოკუმენტური კადრია“ შეფასებისა და აღქმის უსასრულო ვერსიებით?
– კი, ასეა, გეთანხმები. ყველა ქალს თავისი „მიწისქვეშეთი“ აქვს. არ ვიცი, როგორ ვიპოვე ან ეს ქალი ან გადასასვლელი, წერა ჩემთვის თითქმის არაცნობიერი პროცესია. არის აქ სიმბოლოებიც, მაგრამ სიმბოლოც ინტერპრეტაციის საკითხია და ვისაც როგორ უნდა, ისე წაიკითხავს. მოკლედ, როგორც შენ ამბობ, „ერთი კადრია“ უსასრულო ვერსიებით და თითოეული ვერსიის არსებობა, როგორიც არ უნდა იყოს ის, ჩემთვის, როგორც ავტორისთვის ძალიან ძვირფასია. მგონია, თუ მკითხველს „ვერსიები“ აქვს, სივრცე აქვს ფიქრისა და ინტერპრეტაციისთვის, გაცნობიერებისთვის და გავიმეორებ, რომ ეს ის საუკეთესო რამაა, რაც ლიტერატურამ შეიძლება შემოგთავაზოს.
– ტექსტი რომ დამთავრდა, მეგონა, ელექტრონული წიგნების აპლიკაცია გაფუჭდა და გაგრძელებას აღარ მიჩვენებდა. მას შემდეგ ხან აბორტის გასაკეთებლად „მივყვები“ ეთეროს და ხან ფხვნილებით სავსე მაღაზიაში „ვხედავ“ დიდი მუცლით. ახლა როგორც ფემინისტ ავტორს ისე გკითხავ – რატომ მეჩვენება მისი „ყველა ამოსვლა“ ასე გულის მომკვლელად საშიში ამ ქვეყანაში ახლაც კი, 2021 წელს? რატომ მეცოდება? რატომ ვგრძნობ მის ამ თავზარს ასე ხელშესახებად?
– იმიტომ, რომ ემპათიისა და კონტექსტის შეგრძნების უნარი გაქვს. მე ძალიან მიყვარს ასეთი მკითხველი, რომელსაც შეუძლია მისგან სრულიად განსხვავებული ადამიანის „ტყავში შეძვრეს“ და თითქმის იგივე იგრძნოს და განიცადოს. შემხვედრია ისეთი მკითხველიც, რომელსაც ეთერო აღიზიანებს, თუმცა მათიც მესმის. აღიზიანებთ, მაგალითად, ის, რომ ეს ქალი „თვითგანვითარებაზე“ არ ზრუნავს, ინტერნეტიც კი არ აქვს და არც უნდა, რომ ჰქონდეს და ა.შ. მკითხველის ამ კატეგორიას ასე უშუალოდ არ ვიცნობ, თუმცა მათი კომენტარების მიღმა, ძირითადად, ნეოლიბერალური იდეოლოგიით შეპყრობილებსა და საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტილებს ვხედავ, ვისაც არ ესმის, რომ თუ ადამიანი „ჭაობში“ რჩება და იქიდან ამოსვლაზე ვერც ოცნებობს, ეს ადამიანის „ბრალი“ არაა, სისტემის ბრალია. ეთეროსნაირებისთვის ყოველდღიური თვითგადარჩენაა საზრუნავი, მათი „თვითგანვითარებისთვის“ და „ინტერნეტებისთვის“ სივრცე აღარსად რჩება.
– რა უნდა მოხდეს, რომ „ეთეროებმა“ სწავლას არ დაანებონ თავი; ჰქონდეთ იმდენი ცოდნა, რომ მიხვდნენ, რა ემართება მათ ორგანიზმს, თუნდაც 47 წლის ასაკში (ერთმა მეგობარმა მითხრა, ცოტა დაუჯერებელია, ჩვენს დროში ფეხმძიმობას რომ ვერ ხვდება ქალიო)? ასე მიტოვებული რომ არ იყვნენ სოფლებშიც და ქალაქებშიც? ახლა პანდემიაა და თითქოს ყველამ ყველა მიატოვა... მაგრამ აქამდე, დიდი ხნით ადრეც ასე იყო.
– იცი რა, შენს მეგობარს არ დავეთანხმებოდი. ვეტყოდი, რომ საკმაოდ დამაჯერებელია, ვერ ხვდებოდეს ეთერო ფეხმძიმობას. აქ ასაკია მთავარი ფაქტორი. ათი წლით პატარა რომ იყოს, უფრო მარტივად მიხვდებოდა, მაგრამ სადღაც 35-40 წლის შემდეგ, ისე „ჩამოწერს“ ხოლმე პატრიარქალური სისტემა ქალის სხეულს, პირველ რიგში, რეპროდუქციისთვის, რომ არაა გასაკვირი, მერე თავად ქალისთვის გახდეს წარმოუდგენელი, მაგალითად, ეთეროს ასაკში დაფეხმძიმება. მეც 41 წლის ასაკში ბუნებრივად დავფეხმძიმდი, ჩემი პირველი შვილი იქნება და მინდა გითხრა, რომ ჩემი ფეხმძიმობის პროცესშიც ძალიან ცნობილი ექიმების დამოკიდებულებაც ჩემი მისამართით ისეთია, რომ ამას უფრო „ღვთის სასწაულად“ აღიქვამენ, ვიდრე ჩემი სხეულის რეპროდუქციულ უნარად. სამედიცინო სფერო უკიდურესად პატრიარქალურია, ქალის სხეული კი ძალიან დაუმორჩილებელია ამ ძალაუფლებრივი ინსტიტუციის მიმართ. ზოგადად, ქალის სხეული ძალიან ძნელად ემორჩილება პატრიარქატსა და მის ინსტიტუციებს და ამიტომაა ამხელა და ამდენნაირი წნეხი ქალებზე. ამ წნეხის გასააზრებლად და აღმოსაფხვრელად საჭიროა ძალისხმევა. ამას ბევრნაირ დონეზე უნდა მუშაობა და შესაბამისი პოლიტიკის გატარება. მაგრამ მე პირველი ნაბიჯი მაინც წნეხის, ჩაგვრის გააზრება მგონია. ეს წიგნიც ამიტომ დავწერე.
– ჰო, ახლა ისევ წიგნს, მის ენასა და „უხამსობას“ რომ მივუბრუნდეთ, გაქვს პასუხი იმაზე, რატომ აღიქვეს უხამსობად სექსის ეს სცენები? თითქოს ამ სიტყვების ხსენება ტექსტშიც და რეალობაშიც პირკატას აღარ უნდა სცემდეს ადამიანს (თუმცა მეც აგერ სულ „ამ სიტყვებს“ ვამბობ). „ნამდვილ“ მწერალს და მით უმეტეს ქალ მწერალს ეს მაინც „სხვანაირად“ უნდა დაეწერა? თუ არც არაფერი, მკითხველის ყველა რეაქცია ბუნებრივია და ასეც უნდა ყოფილიყო?
– კი, ველოდი ასეთ რეაქციას. სიმართლე გითხრა, უფრო მეტადაც. იმ მკითხველს, ვინც ძალიან გაღიზიანდა „უცენზურო“ სიტყვებით და მეტი ვეღარაფერი დაინახა ამ ტექსტში, მეგობრულად ვურჩევდი, დაფიქრდეს, რატომ გაღიზიანდა ასე? ზუსტად ვიცი, გაღიზიანების მთავარი წყარო აქ მაინც ქალის გენიტალიის აღმნიშვნელი სიტყვაა, რომელიც ბევრისთვის ძალიან უხეშად ხვდება ყურს. ქალების უმეტესობა მის თქმას ერიდება. ერიდება კი არა, საერთოდ ამოღებული აქვს ლექსიკონიდან, იმდენად დიდ დისკომფორტსა და უხერხულობას უქმნის. მეც ასე ვიყავი ოდესღაც, ყურები მიჭკნებოდა ამ სიტყვის გაგონებაზე, მაგრამ მერე დავფიქრდი: რატომ მქონდა ამხელა უხერხულობა? რა იყო პრობლემა? ფიქრმა ამ უხერხულობის გადალახვამდეც მიმიყვანა. ფაქტია, რომ ამ სიტყვის ალტერნატივა, რომელიც ზრდასრული ქალის გენიტალიას აღნიშნავს ქართულ ენაში, და არ წარმოადგენს სამედიცინო ტერმინოლოგიას, არ არსებობს.
ეს სიტყვა იმდენად არის მისაკუთრებული პატრიარქატისგან და იმდენად დამაკნინებელი, შეურაცხმყოფელი და ზიზღით სავსე მნიშვნელობა აქვს, რა გასაკვირია, რომ ამ კულტურაში, ქალებს იგივე დამოკიდებულება ჰქონდეთ ამ აღმნიშვნელის მიმართ და ჭირის დღესავით ერიდებოდნენ მის წარმოთქმას. მე კი მგონია, რომ ეს სიტყვა ქალებმა უნდა დავიბრუნოთ, ჩამოვაცალოთ ყველა ეს ნეგატიური და შეურაცხმყოფელი ნიშნულები, გავითავისოთ და ისევ საკუთარ სხეულსა და სიამოვნებას დავუკავშიროთ. მე თუ მკითხავ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ხელიდან გამოსტაცო პატრიარქალურ ენას სიტყვა, რომელიც, პირველ რიგში, შენ გეკუთვნის, და შენად „აქციო“, შენს თავს დაუბრუნო. ამ პროცესში, რაღაც კუთხით, მე ძალიან დამეხმარა ხალხური სკაბრეზული პოეზიაც. გადახედეთ ფოლკლორს, რა ორგანულად, ლამაზად და ჰარმონიულად ზის ქართულ ხალხურ ენაში ეს „უხერხული“ სიტყვები. ძალიან დამეხმარა ასევე სალვა ან-ნუაიმის „თაფლის სამხილის“ ქართული თარგმანიც. ამ რომანში გიორგი ლობჟანიძე არ მორიდებია ამ სიტყვების ქართულ ენაზე პირდაპირ გადმოტანას და ძალიან ორგანულად და ჰარმონიულად ჩასვა თარგმანში. როგორც წესი, ჩვენთან ავტორები კი არა, მთარგმნელებიც ერიდებიან მსგავს გამოთქმებს. მაგალითად, „შაშვის“ საცდელ თარგმანებშიც ეს სიტყვა „გაკეთილშობილდა“. ამით მივხვდი, რომ მთარგმნელებსაც დისკომფორტი შეექმნათ. მე თუ მკითხავ, ნამდვილი გაკეთილშობილების ერთადერთი გზა ისაა, რომ შენი სხეულის ნაწილის აღმნიშვნელი სიტყვა შენს ენას, ცნობიერებას, შენივე სხეულს ჰარმონიულად დაუბრუნო. ამიტომ, ძალიან მიზანმიმართულად გამოვიყენე „უხამსობები“ და პირველ რიგში, სექსის სცენის დროს. ეს სცენაც მინდოდა, რომ ქალის პერსპექტივიდან დამეწერა და ეს ერთმნიშვნელოვნად, მის სიამოვნებასთან ყოფილიყო ასოცირებული. არ ვიცი, შეიძლება არის, მაგრამ მე ვერ ვიხსენებ ქართულ ლიტერატურაში სექსის შედარებით დეტალურ სცენას, რომელიც ქალის პერსპექტივიდან იქნებოდა დაწერილი. მინდოდა ისიც, რომ სიამოვნება და სექსი სრულიად მოულოდნელად ისეთი ქალისთვის, ისეთი სხეულისთვის „მიმება“, ვისგანაც კულტურულად ყველაზე ნაკლებად ელი ამას – შუა ხნის, სექსუალური გამოცდილების არმქონე, პროვინციელი, „ჩაკეტილ“ საზოგადოებაში მცხოვრები ქალისთვის.
– ერთია სექსის, ინტიმური სცენების „ენა“ და მეორე ენაში „ჩარჩენილი ჩაგვრა“, რომელიც განსაკუთრებით ერჩის ქალს: „აბა, დრელიო, ეთოს და მისნაირებს, შინაბერებს და ქალიშვილებს აწი დრელი თუ გაბურღავსო...“. ძალიან საინტერესო დროა ახლა – კონფედერატების ძეგლების აღების თუ ძველი ტექსტების ახალ გამოცემებში დისკრიმინაციის შესახებ გაფრთხილებების. სამყაროს ერთი ნაწილი ცდილობს, შეცვალოს საუკუნეებით ნაკვები წარმოდგენა, ენა, დამოკიდებულება, რასაც ასევე გააფთრებით ეწინააღმდეგება მეორე ნაწილი და მიაჩნია, რომ ისტორია ისტორიაა და ენაც ენაა.
ჩვენ სადა ვართ, სად უნდა ვიყოთ და როგორ უნდა აღმოვჩნდეთ იქ, სადაც საჭიროა?
– კი, გეთანხმები. ენასაც აქვს თავისი ისტორია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის მსოფლიოში, ზუსტად ამ ენის, წარმოდგენების, ისტორიული ფიგურების გადაფასების, რაც საუკუნეების განმავლობაში ლამის სიწმინდეებად იყო შერაცხილი. მგონია, რომ ეს პროცესი ცოტათი დაიძრა საქართველოშიც. არის, მაგალითად, მცდელობები ქართული კლასიკური ლიტერატურა ფემინისტური პერსპექტივიდან იქნას წაკითხული და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მგონია. ოღონდ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, არაა ადვილი. ამ „საუკუნეებით ნაკვებ“ წარმოდგენებს ამ რომანის შემთხვევაში მეც წავაწყდი.
მაგალითად, მკითხველის ნაწილმა ჩათვალა, რომ შუა ხნის, პროვინციელი, გაუთხოვარი ქალი ასეთი „უცენზურო“ სიტყვებით არ ილაპარაკებს და ეს „უცენზურობები“ ტექსტში „არაბუნებრივადაა“ ჩასმული. მე კი მგონია, რომ მათ აღქმაში შუახნის, ე.წ., ქალიშვილი ქალის იმდენად სტერეოტიპული წარმოდგენა არსებობს, რომ ეთეროს მერე მას ამ სტერეოტიპულ სურათ-ხატში ვეღარ ათავსებენ. ეთერო არაა რელიგიური, თავდახრილი, ნათესავებსა და მეზობლებზე გადაყოლილი, კაცით დამფრთხალი ქალი. პირიქით, სრულიად საპირისპიროა. მკითხველის ამ ნაწილს იმასაც ვეტყოდი, რომ ეთერო მეტწილად ფიქრობს „ამ სიტყვებით“, ვიდრე ლაპარაკობს. ერთი ისაა, რომ არავინ იცის, ვინ რა სიტყვებით ფიქრობს და მეორეც, დარწმუნებული ვარ, ყველას ჰყავს ერთი ნაცნობი ქალი მაინც, რომელიც ხმამაღლადაც და მოურიდებლადაც „უცენზურო“ სიტყვებს ყოველდღიურობაში იყენებს. მე პირველად ჩემს მოზარდობაში შემხვდა ერთი-ორი ასეთი ქალი და მახსოვს შოკი მქონდა, იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, ჩემი ოჯახის ქალების სტერილური ენის ფონზე. მახსოვს ამ შოკთან ერთად, რაღაც აღფრთოვანებაც ვიგრძენი. მაშინ ვერ ვხვდებოდი და ახლა, ამ გადმოსახედიდან მგონია, რომ რამაც აღტაცებაში მომიყვანა, ეს უფრო შეგრძნება იყო, ვიდრე გააზრება, რომ „უცენზურო“ ლექსიკა ამ ქალების პროტესტის, რაღაცნაირი წინააღმდეგობის და თუნდაც, თავისუფლების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იყო, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ.
– კი, ეთერო ამბობს, „მე ჩემი გალავანი მაქ, ჩემი ხელდახელ აშენებული“, მაგრამ არა მგონია, ამ გალავანმა დაიცვას, ბავშვის გაჩენას თუ გადაწყვეტს. არა მგონია, „ალიბების“ შექმნის მისმა უნარებმა ძველებურად იმუშაოს.
და რამ უნდა უშველოს უკვე ეთეროს კი არა, სხვებს, სხვა გოგოებს და ქალებს, აი ახლა, ამ მომენტში, სხვადასხვა მიზეზით რომელიღაც „მიწისქვეშეთს“ რომ აფარებენ თავს ამოსასუნთქად, წამით თვალის მოსახუჭად? შეიძლება „ამოსვლის“ სწავლა?
– ხო, ასეა. ბოლომდე ვერასოდეს იცავს ქალებს ეს „გალავანი“, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად მის მშენებლობა-გამაგრებაში ვართ. ვერ იცავს ეთეროსაც. ზემოთ ვთქვი, რომ თვითგადარჩენაზე ზრუნვის დროს სხვა სივრცეები არ რჩება და ამას ემატება მუდმივად საკუთარი თავის დაცვაზე ზრუნვაც. ეთეროსნაირ ქალებს კი, რომელთაც კაცი „მფარველი“ არ ჰყავთ გვერდით, მუდმივად უწევთ ამ თავდაცვის ქსელის ქსოვა თავიანთი თავის გარშემო, იმისთვის, რომ ოდნავ მშვიდად და მშვიდობიანად იგრძნონ თავი. შეკავებული ან თვითაკრძალული სექსუალური ცხოვრებაც ხშირად ამ თავდაცვის ნაწილია. ქალებისთვის და გოგოებისთვის „ამოსვლაც“ ძნელია და „ამოსვლის“ სწავლაც, იმდენად მტრულ გარემოში გვიწევს ცხოვრება. პირველ რიგში, აქ მნიშვნელოვანი მგონია ვიცოდეთ, რომ ამოსასვლელი გზები არსებობს, არსებობს ხელის გასამართი და ერთმანეთისადმი ხელის გასაწვდენი საშუალებები. მაგრამ ეს პროცესი მარტო ქალებს არ ეხება. ეხება კაცებსაც. კაცები სხვანაირად, თავისებურად არიან „ჩავარდნილი“ საკუთარ მიწისქვეშეთში. უბრალოდ, მათი მიწისქვეშეთი, ქალებისგან განსხვავებით, ხშირად მათი კომფორტის ზონაა, სხვის ჩაგვრაზე დგას, მაგრამ ძალიან დახშული და ამაზრზენი სივრცეა. ეს ორი „მიწისქვეშეთი“ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობს, ამიტომ ამ „მიწისქვეშეთების“ გააზრებაცაა მნიშვნელოვანი, რაც ქალობის, და მე თუ მკითხავ, კიდევ უფრო მეტად, კაცობის კატეგორიის გადააზრებას გულისხმობს. ახლა ის, რაც კაცობის უპირატესი კატეგორიაა ჩვენს საზოგადოებაში, ძალიან შემზღუდავი, სწორხაზოვანი, უკან დამწევი და განვითარების არანაირი პერსპექტივის მქონე არაა თვითონ კაცებისთვის. და ეს აისახება კიდეც ძალიან ბევრ კაცზე – მოზარდზეც და ზრდასრულზეც, ყველგან – ყველა სივრცეში, მათ შორის საჯარო სივრცეებში.
– რა იქნება ახლა, „წნეხის, ჩაგვრის“ და კიდევ ბევრი სხვა რამის გასააზრებლად დაწერილი წიგნის შემდეგ? ახალი წიგნი, ახალი კვლევა, სტატია? რა ელოდება თამთა მელაშვილის მკითხველს? როგორ იწყებ ახალ ამბავს? რამდენ ხანში ბოლო წიგნის გამოსვლიდან? უკვე არსებობს იდეა, მონახაზი, ტექსტი, როგორი იქნება მომავალი ერთი წელი მაინც?
– უფრო რომანი, რაღაც კონტურებს უკვე ვხედავ. ეთერო და მისი ენა ტექსტის დასრულების შემდეგაც, წინა რომანებისგან განსხვავებით, დიდხანს დარჩა ჩემთან. რამდენიმე თვის წინთანამედროვე ამერიკელი მწერლის ოტესა მოშფეგის მოთხრობა მომეწონა ძალიან და თარგმნა გადავწყვიტე, მაგრამ დავანებე თავი. რაღაც ნაწილი გადმოვაქართულე, მაგრამ მივხვდი, რომ ამ მოთხრობის გმირს, ნიუ-იორკელ, 30 წლის ქალს აშკარად ეთეროს ენაზე ვალაპარაკებდი და შევეშვი. აშკარად არ ღირდა თარგმანის გაგრძელება და მეტი დრო მჭირდებოდა „შაშვიდან“ თავის დასაღწევად. ბოლო ხანებია მგონია, რომ „თავდაღწევის“ პროცესი დაიწყო, რახან ახალ გმირებს ვხედავ. კი, ძალიან ბუნდოვნად, მაგრამ მაინც, და სიუჟეტსაც თითქოს უკვე ვაგებ. მაგრამ აქ ბევრად მეტი მექნება საფიქრალიც, საკითხავიც და ცოტა თავში საცემიც, რადგან პირველად ჩემს ტექსტში მოქმედება გვიანი სოციალიზმის საქართველოში განვითარდება, მაგრამ ის მამშვიდებს, რომ 1980-იანი წლების საქართველო ასე თუ ისე მახსოვს და მგონია, რომ წინა ათწლეულების რეკონსტრუქციას იმდროინდელი ფილმების, წიგნების, მოგონებების საშუალებით რაღაცნაირად შევძლებ. ის ფაქტი, რომ საბჭოთა საქართველოს პირადი, მართალია მწირი, თუმცა მაინც რაღაც მეხსიერება მაქვს, ამ ახალი იდეისთვის რაღაცნაირად ძალას მმატებს.
გაისად, შემოდგომაზე, იქნებ კიდევ ერთ ახალ ბესტსელერზეც ვილაპარაკოთ. მანამდე კი ისევ „შაშვი შაშვი მაყვალი“ – ქეთო, დომნა, ლელა, ნენო, ცისანა, მედიკო, შორენა, ნენეს და ცისანას გოგოები, მამა და ძმა, მეუფე და პოლიციელი – განწირულები, იმედიანები, შეგუებულები, მშვიდობიანები, გარიდებულები, საძულველები, გაუცხოებულები – ყველა მკვდარი და ცოცხალი, ვინც ეთერო ეთეროდ აქცია, ვინც ეთერომ ჩვენთვის გამოიხმო...
P.S. იწყებ კითხვას და ეთეროს კი არა, ის მიწა რიონის პირას თითქოს შენ გეცლება ფეხქვეშ და იმ „წითელ ვედრაზე“ სწრაფად გითრევს ტალღები. თვალს ვეღარ აცილებ ეთეროს ამბავს და ცხოვრებას, როგორც „წითელ ვედრაში მბრწყინავ შავ მაყვალს“. მიჰყვები ამ ტალღებს, აღმა-დაღმა, შეუსვენებლად, სახიფათო სიმაღლესა და სიღრმეებში; მიჰყვები სულ ბოლომდე, მანამდე, ვიდრე ეთეროსთან ერთად „მიწისქვეშეთში“ არ გადაეშვები... და ამოისუნთქავ. ახლა შეგიძლია გაჩერდე, დაფიქრდე – გაგიკვირდეს, იუცხოო, გაბრაზდე, თანაუგრძნო, ყველაფერი შეგიძლია... და „ამოსვლაც“ შეგიძლია!
ესაუბრა ელისო მეტრეველი