ჯადო


ჯადო




ტაარ ბენ ჟელუნი / Tahar Ben Jelloun (1947) მაროკოელი ფრანგულენოვანი მწერალი, პოეტი და მხატვარია. რაბას უნივერსიტეტში შეისწავლა ფილოსოფია. 1971 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში. იქ დაასრულა ფსიქოლოგიის შესწავლა და 1975 წლიდან არის სოციალური ფსიქოპათოლოგიის დოქტორი. 1987 წელს მიიღო გონკურის პრემია რომანისთვის „წმინდა ღამე“. არის ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის კომანდორი, საპატიო ლეგიონის ოფიცრის ჯვრის მფლობელი, ღირსების ეროვნული ორდენის კომანდორი, საპატიო დოქტორი ლუვენის და მონრეალის უნივერსიტეტებში გონკურის აკადემიის ჟიურის წევრი და სამოცამდე წიგნის ავტორი.

 

ჯადო

 

ნაჯამ მთხოვა, ეს ამბავი დაბალ ხმაზე და მშვიდ სინათლეზე მომეყოლა. იუმორით და ფანტაზიით შეზავებული, კიდევ უკეთესი იქნება, რადგან სინამდვილეს, ცოტა არ იყოს, აკლიაო, დაამატა. რატომ ხმადაბლა? იმიტომ, რომ მაროკოში ერთი ცუდი ჩვევა გვაქვს – საოცრად გვიყვარს ხმაური, თუ თვითონ ხმაური არა, მისი გამოწვევა კი ნამდვილად და საერთოდ არ გვანაღვლებს, თუკი ვინმეს ვაწუხებთ.

მეზობელმა რომ გვთხოვოს, ცოტა ჩუმად იყავით, დასვენება მინდაო, აბუჩად ავიგდებთ. არადა, რა ქნას, მთელი დღე სამსახურში გაატარა, საღამოს ცოლი ეჩხუბა, ბიძაშვილმა ნათხოვარი პერანგი უკან დასვრილი დაუბრუნა...

ნაჯას ბებიამ ახალგაზრდობა მელილაში, ესპანელებთან გაატარა და თვლის, რომ მაროკოელები უფრო ხმამაღლა გაჰყვირიან, ვიდრე ესპანელები, რადგან ძალის გამოჩენა სურთ. არადა, ეს ჩვევა, მე თუ მკითხავთ, მხოლოდ თავშეუკავებლობისა და სისუსტის ნიშანია. ადამიანები ფიქრსა და განსჯას ყვირილს ამჯობინებენ, მოქმედებას კი აყალმაყალი ურჩევნიათ.

ნაჯასთვის კაშკაშა სინათლე ხმაურივითაა. მაგრამ როგორ მოვყვე მისი ამბავი მშვიდ სი-

ნათლეზე, აუღელვებლად, ყვირილის გარეშე? ნაჯამ მითხრა:

– შენს რომელიმე ნაწარმოებში მაინც დამითმე პატარა ადგილი, რაკი საწოლში ვერ

ახერხებ.

შემდეგ უკეთ ამიხსნა:

– არა, იმის თქმა მინდა, რომ გამიხარდება, თუკი ჩემს სხეულს შენი სიტყვებით დაფარავ, თუკი გამახვევ შენს გრძელ და დახვეწილ ფრაზებში, თუკი შენი წარმოსახვის საგნად მაქცევ... ვიცი, რომ თავისუფალი არ ხარ, არც შვილები გინდა. მე კი თავისუფალ მამაკაცს ვეძებ, რო მელიც კარგი ქმარი და ოჯახის მამა იქნება, შემოქმედი არ მაწყობს.

ისეთ კაფეში ვიჯექით, სადაც მხოლოდ მეძავები შედიან. მან სიგარეტის კოლოფი ამოიღო:

– შეიძლება მოვწიო? შენთან ერთად ვარ, მეძავად არ ჩამთვლიან. თორემ სხეულით მოვაჭრეს და სერიოზულ ქალს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ. ისე, დარწმუნებული არც ვარ, რომ რასაც ეს კოხტა გოგონები აკეთებენ, მეძავობაა. მამაკაცებთან საჩუქრების ხათრით წვებიან. აბა, როგორ იყიდონ მოდური ტანსაცმელი, ხარისხიანი სუნამო... იმედი მაქვს, თავს იცავენ, თორემ ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა. კარგი, რაც არის, არის. ამისთვის კი არ მოვსულვარ. როგორც გითხარი, ერთი ამბავი უნდა მოგიყვე.

ნაჯა ოცდაათი წლისაა. გიშრისფერი თმა, მუქი კანი და მწვანე თვალები აქვს. დიდი წყალდიდობის დღეს მოევლინა ამ ქვეყანას. მამამისმა ისეთი სახელი შეურჩია, რომ მუდამ ხსომებოდა: თავისი დაბადებით გადაარჩინა ქალაქი, რომელსაც ულმობელი წვიმები დახრჩობით ემუქრებოდა. ნაჯა ნიშნავს „გადარჩენილს“. იგი უფროსი შვილია ხუთი და-ძმიდან. მამამისი იუველირია, დედა – მკერავი. ნაჯა ფრანგულს ასწავლის კასაბლანკას ერთ ლიცეუმში. გათხოვილი არ არის და ვერაფრით მოუხერხებია ბინის პოვნა დასაქირავებლად. უძრავი ქონებით მოვაჭრენი არწმუნებენ, ტყუილად ეძებო: „ხომ იცით, როგორი ქალები ქირაობენ ბინებს მარტო საცხოვრებლად? ბინის პატრონებს არ უყვართ გაუთხოვრები“.

 

ამიტომ, ჯერჯერობით მშობლებთან ცხოვრობს.

როგორ მოხდა, რომ ისეთი ლამაზი ქალი, როგორიც ნაჯაა, უქმროდ დარჩა?

როცა ჰამზას შეხვდა, ოცდაცხრა წლის იყო. ახლად ჩაშლილი ჰქონდა ქორწინება ერთ ახალგაზრდა ჩინოსანთან, რადგან საქმრომ, დიდგვაროვანი ოჯახის შვილმა, იმთავითვე სამსახურის მიტოვება მოსთხოვა. კაცს სურდა, ცოლი მუდამ შინ ყოფილიყო და ოჯახში ეფუსფუსა. ნაჯამ ეს ხელზე დაიხვია და ქორწინებიდან თავი დაიძვრინა, რადგან სინამდვილეში საქმრო არ უყვარდა, მეტისმეტად გაბღენძილი და პრეტენზიული ეჩვენებოდა.

– შეცდომის ჩადენას გადავრჩი. მაგრამ ჰამზა როგორც კი დავინახე, მივხვდი, რომ ჩემი

ცხოვრების მამაკაცს შევხვდი!

ჰამზა დიდი მექალთანე გახლდათ. ადრე ცოლიც ჰყოლია, მერე გაშორებულა. ახლა უნივერსიტეტში აღარ ასწავლიდა, პენსიაზე გასულიყო და მარტო ცხოვრობდა. თან დაფიცებული ჰქონდა, აღარასოდეს გაეყო თავი ცოლქმრულ უღელში. ცოლს იმიტომ გაეყარა, რომ ქალმა მტვერსასრუტი იმ დროს ჩართო, როდესაც ჰამზა ზედიზედ მესამედ დიდი შთაგონებით უსმენდა თავის საყვარელ დისკს – ჩარლი პარკერის Night in Tunisia-ს. ცოლი ჯაზს ვერ იტანდა. უმ კალსუმი და კლოდ ლელუშის ფილმები უყვარდა. სწორედ ასეთი შეუთანხმებლობა იწვევს ზოგჯერ ოჯახურ განხეთქილებას. მეუღლესთან ვერც მუსიკაზე საუბრობდა, ვერც კინოზე. ამიტომ, გადაწყვიტა, წასულიყო და ყველაფერი ცოლისთვის დაეტოვებინა. განქორწინებამ მარტივად ჩაიარა.

ჰამზამ მიზეზად „კულტურული შეუთავსებლობა და თავისუფლების გარდაუვალი საჭიროება“ გამოაცხადა. შემდეგ, პატარა ბინა იქირავა და ერთ ოთახში სპეციალურად ხმის დამხშობი საფარი ააკრა კედლებზე, რათა თავის გემოზე მოესმინა მუსიკა და კლასიკური ფილმების ცქერით დამტკბარიყო. კინოდარბაზსაც სიამოვნებით მოაწყობდა და საყვარელ ფილმებს პროექტორით გაუშვებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მაროკოში კლასიკური ფილმები აღარ შემოდიოდა. კაცმა თავისი არჩეული სიმარტოვე მთელი გულით შეიყვარა. დროდადრო გოგონები სტუმრობდნენ და მათაც ყოველთვის ერთსა და იმავეს ეუბნებოდა:

– მსუბუქად, მსუბუქად მიუდექით ცხოვრებას.

ოღონდ ეგ იყო, რომ ბერბიჭული ცხოვრების სიმსუბუქე ნელ-ნელა სადღაც მიიპარებოდა და მარტოობა, ცოტა არ იყოს, მძიმედ აწვებოდა. შეეცადა, ცოლს შერიგებოდა, მაგრამ ქალს უკვე აღარ უყვარდა და გულის სატკენი სიტყვებით სიამოვნებით გადაუხადა სამაგიერო. ჰამზას თამაში კარგად შეეძლო. პასუხად გაიცინა და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვა.

სწორედ იმ ხანებში შეხვდა ნაჯას „აუიტას“ მატარებელში კასაბლანკასა და რაბას შორის. ნაჯა პაოლო კოლას „აკრობატს“ კითხულობდა. ჰამზამ თავი ვერ შეიკავა, გაეცინა და უთხრა:

– გარეგნულად ჭკვიანი ქალიშვილი ჩანხართ და ამ სისულელის კითხვაში დროს როგორ კარგავთ?

– დროს არ ვკარგავ. მაინტერესებს და ვკითხულობ. თქვენ წაგიკითხავთ?

– სამწუხაროდ, დიახ. მისი თარგმნა შემომთავაზეს არაბულად, მაგრამ იმდენად უსუსური და ყალბია, რომ ვამჯობინე ლოკოკინების სექსუალობის შესახებ მეთარგმნა წიგნი. ამ უკანასკნელს, სხვა თუ არაფერი, პრეტენზია ნამდვილად არ ჰქონდა.

– დაუნდობელი ჩანხართ.

– მე ყველაფრის პატიება შემიძლია, ყველაფრის – სისულელის, ბოროტებისა და თაღლითობის გარდა.

– მართალი ხართ, ეს წიგნი არ ვარგა. მაგრამ ჩემმა დამ მათხოვა და იმიტომ ვკითხულობ, რომ მაინტერესებს, მას რატომ მოეწონა. ისე, მართალი გითხრათ, ჯერ ვერ მივხვდი.

– მარტო თქვენს დას არ მოსწონებია.

მსოფლიოში მილიონობით ეგზემპლარია გაყიდული. უამრავი მკითხველი გამოუჩნდა ერთადერთი ქვეყნის – დანიის გარდა. ეტყობა, დანიელებს სხვებზე უფრო დახვეწილი გემოვნება აქვთ.

– დანიელები ყველაზე კარგი მკითხველები არიან, ალბათ ამიტომაც არ გაებნენ მახეში.

ასე გაგრძელდა საუბარი მდარე ლიტერატურაზე, მარტივი აზრების მატარებელი ნაწარმოებების მიმზიდველობაზე, მცდარ ღირებულებებზე, რომლებმაც კულტურაში გაიდგეს ფესვები.

შემდეგ, ცოტა ხნით დადუმდნენ და, უცებ, ჰამზა ეუბნება:

– ამ საღამოს რესტორანში მივდივართ.

კი არ შესთავაზა, გადაწყვეტილად უთხრა, ბრძანებასავით. ნაჯამ გაიფიქრა: „ჰმ, იცის, რაც უნდა. მაგრამ მე წინააღმდეგობა უნდა გავუწიო“.

– არ შემიძლია. თუ გნებავთ, ხვალ შეგხვდებით, თანაც მე დაგპატიჟებთ. ერთი ახალი ვეგეტარიანული რესტორანი გაიხსნა და იქ წავიდეთ.

– ვეგეტარიანული? რა საზიზღრობაა!

– ან იქ წავალთ, ან არსად!

– კარგი, წავიდეთ. მაგრამ რატომ აირჩიეთ ვეგეტარიანული?

– უბრალოდ, ხორცი არ მიყვარს.

ბაქანზე ერთმანეთს მობილურის ნომრები ჩააწერინეს და მეორე დღისთვის სადგურის შესასვლელში პაემანი დათქვეს.

 

ქალით აღფრთოვანებული ჰამზა მთელი ღამე ლოგინში წრიალებდა.

 

ნაჯაც ძალიან კმაყოფილი იყო და პაემანზე ფიქრში ტკბილად ჩაეძინა. იგრძნო, რომ ეს კაცი სხვებს არ ჰგავდა, რადგან მათი ნაცნობობა ასე უჩვეულოდ დაიწყო. მაშინვე დანებებას არც აპირებდა. უკვე იცოდა, რომ გულის ძახილს დაუფიქრებლად არ უნდა აჰყვეს, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა დასაწყისში დიდ სიფრთხილეს საჭიროებს. ყოფილი საქმროს მაგალითიც თვალწინ ჰქონდა, მაშინ ნამდვილად აჩქარებისა და ნათესავების ჩარევის მსხვერპლი გახდა.

ამ პირველი ვახშმისთვის რომ ემზადებოდა, ნაჯას უამრავი კითხვა უტრიალებდა თავში: „თუ ღვინო შემომთავაზა, დავლიო თუ არა?

ხელი თუ მომკიდა, გავაშვებინო? თუ შინ დამპატიჟა, დავთანხმდე? არა, მერე საწოლში ჩამიწვენს. პირველსავე შეხვედრაზე ამის ნება არ უნდა მივცე. მამაკაცის მოხიბვლა ხელოვნებაა, ნატიფი თამაშია. ჩემო კარგო, თავშეკავებული უნდა იყო, რადგან თუ ეს კაცი მოგწონს, ფრთხილად და ჭკვიანურად უნდა მიუდგე“.

უკვე სახლიდან გასვლას აპირებდა, როდესაც ჰამზამ დაურეკა:

„თხუთმეტი წუთი მაგვიანდება. სახლს ვალაგებდი და... რაღაც მინდა გაჩვენო“.

ჰამზამ ნაჯა შინ დაპატიჟა და შამპანურის ბოთლიც გახსნა.

– შამპანური თავს მატკივებს და დალევას ვერიდები. მაგრამ ახლა გამონაკლისს გავაკეთებ! მართალი გითხრა, გულზე არ მეხატება ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება. ავიწყდებათ, რომ ეს სიამოვნებაა და არა საზოგადოებაზე შურისძიება. საერთოდ, იშვიათად ვსვამ და ისიც ცოტას, დათრობა არ მიყვარს.

– სასმელი იმისთვისაა, რომ კარგ გუნებაზე დაგაყენოს, თავი კი არ უნდა დაკარგო.

– დიახ, ასეა. ელეგანტურობა უნდა შეინარჩუნო!

ნაჯამ სახლის თვალიერება დაიწყო. ავეჯი, ბიბლიოთეკა, ვიოდეოთეკა, კოხტად ჩამწკრივებული დისკები... ყველგან და ყველაფერში წესრიგი! წიგნები და დისკები თემატურად, თემებს შიგნით კი ანბანის მიხედვით იყო დალაგებული. ვიდეოკასეტები კედლის კარადაში ეწყო. „წესრიგის მანიაკთან მოვხვდი, – გაიფიქრა ნაჯამ, – ამით ბევრი რამ შეიძლება დაასკვნა! კერკეტა ბერბიჭას სახლია. სხვისთვის პაწაწინა კუთხესაც ვერ გაიმეტებს“.

– ქალის კვალს ეძებ? დამშვიდდი. მარტო ვცხოვრობ. და ძალიანაც მიყვარს ჩემი სიმარტოვე. თვითონვე ვარჩიე, თავზე არავის მოუხვევია. ვთვლი, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა, რათა მოზრდილმა ადამიანებმა ერთმანეთთან გონივრული ურთიერთობა დაამყარონ. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ასაკში ვერავის მივცემ უფლებას, რომ ნერვები შემიჭამოს.

– გონივრულ ურთიერთობას რას უწოდებ?

– იმას, რომელსაც არ ახლავს შემაწუხებელი სიახლოვე, დამოკიდებულება, ვალდებულებები. ერთად ცხოვრებას სწავლა სჭირდება. ქმნით წესებს და ცდილობთ, მათ დაემორჩილოთ. საუკეთესო გამოსავალია, რათა თავიდან აიცილო სიმდარე, მეწვრილმანეობა, ყოველდღიური პატარ-პატარა უსიამოვნებები. ყველას გვაქვს ცუდი ჩვევები და სულაც არ გვსურს, რომ მათი მოწმე სხვა გახდეს. ეს ბუნებრივია. თავდაცვის ინსტინქტია. არა, იმას კი არ ვამბობ, რომ ასე ცხოვრება ერთად ყოფნის საუკეთესო სტილია, უბრალოდ გაუგებრობებისა და შეწუხებისგან გიცავს...

– ვინმესთან გიცხოვრია ასე, გონივრულად?

– ეგ სხვა საქმეა! გულახდილად გიპასუხებ: არა!

– ჰო, ცოტა დავმშვიდდი. არ გეგონოს, თავი იმ ქალად წარმოვიდგინე, ვინც ასე გონივრულად გაფლანგავდა დროს მომხიბლავ და, ცოტა არ იყოს, მანიაკურ მამაკაცთან. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ცხოვრება უფრო რთულია, ვიდრე შენ დახატე.

– იცი რა, მაროკოში ინდივიდს პატივს არ სცემენ. გიპყრობენ, ყველაფერს გართმევენ, გავიწროებენ, სივრცის პატარა ნაგლეჯსაც არ გიტოვებენ თავისუფლებისთვის. მე დაქორწინებული ვიყავი და ვიცი, რასაც ვამბობ. ცოლის ნათესავებმა თავიდან ფეხებამდე დამხრეს, არც ხელი დამიტოვეს, არც ფეხი, არც ყური... ძალიანაც არ ვაჭარბებ. სახლში ცოლთან მარტო ვერასოდეს დავრჩი. ჩვენთან ყოველთვის რომელიმე მისი ნათესავი ცხოვრობდა: ძმა, და, ბიძაშვილი, ბიძა, მამიდა. დღესასწაულებზე ხომ მთელი ნათესაობა იქ იყრიდა თავს! უჰ! დღესასწაულებს ნუ გამახსენებ! კოშმარად მქონდა გადაქცეული! თუ ავად გავხდებოდი, ყველა მხრიდან დამესეოდნენ. მოდიოდნენ და მოდიოდნენ სანახავად. პროტესტის უფლებაც არ მქონდა. კარგ გუნებაზე უნდა ვყოფილიყავი და თავაზიანად

მიმეღო სტუმრები. რა წამების დღეები მაქვს გამოვლილი! რაც ცოლს გავშორდი, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. ნელ-ნელა ხელ-ფეხიც გავიმთელე, ყურებიც დავიბრუნე, ისევ საკუთარ თავად ვიქეცი. ახლა ის კაცი ვარ, ვინც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს თავისი სივრცის, სიმარტოვის და თავისუფლების დასაცავად. აი, ჩემო კარგო, ასე შეიძლება გახდე მიზანტროპი და თან მზად იყო გონივრული ურთიერთობისთვის.

– ცოტა არ იყოს, რთული პიროვნება ხარ, თუმცა, მაინც მომწონხარ. წამო, ვივახშმოთ.

იმ ღამით, ნაჯა შინ რომ ბრუნდებოდა, ჰამზაზე ფიქრობდა, განსაკუთრებული ადამიანიაო. ჰამზამ თავს ძალა დაატანა, რომ ნაჯასთვის ხელი არ მოეკიდა, გული არ გადაეშალა და სურვილი არ გაემჟღავნებინა. ქალი ძალიან მოსწონდა, ცნობისწადილსაც უღვივებდა, რადგან განსხვავდებოდა იმ ახალგაზრდა გოგონებისგან, მასთან რომ მოდიოდნენ და საწოლში ჩაკოტრიალებაზე თავპატიჟს არ იდებდნენ.

ნაჯას დედა ძალიან წუხდა უფროსი ქალიშვილის გაუთხოვრობას. როგორ უნდოდა, რომ „პატრონისთვის ჩაებარებინა“! ნათესავებისგანაც სხვა რა ესმოდა: „უკვე ოცდაათს მიაღწია და ჯერ კიდევ გაუთხოვარია! მაინც ვის ელოდება? იდეალურ მამაკაცს? სულელი, უთხარით, რომ ეგეთი არ არსებობს! იშვიათი მარგალიტის ძებნას თავი ანებოს! შეაგნებინეთ, თორემ შინაბერობა არ ასცდება, ვადაგასული საქონელი არავის სჭირდება!“.

შინაბერა ნაჯა! როგორია? ამაზე თვითონაც ფიქრობდა, ცხადია. დეიდამისმა პირშიც მიახალა ერთხელ. ნაჯამ თავი ისე მოაჩვენა, ვითომ ვერ გაიგო. ლიცეუმში, ყველა მის კოლეგას ჰყავს ქმარ-შვილი. ზოგიერთი მასთან ურთიერთობას ერიდება, რადგან ფიქრობს, რომ ნაჯას დაფარული ცხოვრება აქვს. გული სტკივა, მაგრამ იცის, რომ მარტოდმარტო ვერ შეებრძოლება მთელ საზოგადოებას.

ფუადს, ხატვის მასწავლებელს, ნაჯა უყვარს. მაგრამ თვითონაც არ ჰყავს ოჯახი და მასაც ათვალწუნებით უყურებენ. ჰომოსექსუალია, ძირითადად ევროპელებთან დადის. ლიცეუმში თავი ყოჩაღად უჭირავს, რომ მიუღებელი მიდრეკილებები არ გამოამჟღავნოს. ნაჯას და ფუადს ხშირად ერთად რომ ხედავენ, მასწავლებლებმა ნაჯას სექსუალობაზეც დაიწყეს ჭორაობა: „მსგავსმა მსგავსი ნახაო“... ერთხელ, კოლეგების ქცევით შეურაცხყოფილმა ფუადმა თავი ვეღარ შეიკავა და მათ პირში მიახალა:

– ამ ქვეყანაში ფარისევლობა მოვალეობად რომ არ ითვლებოდეს, დაუნდობლობა წაგვლეკავდა. თუ საზოგადოებისგან განსხვავდები, მალულად უნდა იცხოვრო, თორემ თითით საჩვენებელ ნაძირალად გამოგაცხადებენ! ერთი შემეძლოს, ვიდეოკამერით გადაგიღოთ ყველანი, როცა ჩუმ-ჩუმად რამე-რუმეებს აკეთებთ. რა სიურპრიზები დაგვიგროვდებოდა! როგორ მასტურბირებთ მამაკაცები, ქალები კი როგორ ითხრით საშოში ნაირ-ნაირ საგნებს. ამას ეძახით სიწმინდეს?

ნაჯა სასწრაფოდ ჩაერია, რომ დაემშვიდებინა. თუმცა, ამავე დროს, ფუადს ისიც შეახსენა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, ისე მოექცეს საკუთარ სხეულს, როგორც მოესურვება.

ეს ამბავი ჰამზას რომ მოუყვა, კაცს სულაც არ გაჰკვირვებია:

– სავსებით ნორმალურია. ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სექსუალობაზე ღელავენ, განსხვავებულის არსებობა აშინებთ.

– ამას ჩემს კოლეგებზე ამბობ?

– რა თქმა უნდა. ფუადი კი არ აშინებთ, საკუთარი ეჭვი აგდებთ პანიკაში. დარწმუნებული

ვარ, ჰომოსექსუალების მოძულე მამაკაცებში თავადაც არაერთი იქნება ჰომოსექსუალური მიდრეკილებების მქონე. ერთი შეხედვით არაფერი ეტყობათ, მაგრამ შემთხვევა თუ მიეცათ, თავპატიჟს არ გაიდებენ. ისეთებიც არიან, შენ მორალს გიქადაგებენ, თვითონ კი საიდუმლო ბინები აქვთ დაქირავებული და სულ წიწკვი გოგონები მიჰყავთ, ლიცეუმის მოსწავლეებიც კი. დროს კარგად ატარებენ და ასდრაჰმიან კუპიურებსაც ჩუქნიან. რამდენიც გინდა, იმდენი მყავს ასეთი ნაცნობი. ამას პროსტიტუციასაც ვერ უწოდებ. მე „სოციალური მოვლენა“ შევარქვი. ახალგაზრდა გოგონები იძულებული არიან, ნებისმიერთან დაწვნენ, იმისთვის, რომ შეძლონ კაბის ან ფეხსაცმლის ყიდვა, ან ზოგჯერ, უბრალოდ მაძღრად დანაყრება. მამაკაცები ურჩხულები არიან. ყველაზე მეტად ის მადარდებს, რომ პროსტიტუცია ნელ-ნელა ორგანიზებულ სახეს იღებს. მობილური თუ გაქვს, ჩათვალე, რომ საქმე გაჩარხულია. აკრიფე ვინმე ნადიას ნომერი (მაჭანკლებს ასეთი, ყველგან გამსვლელი სახელებს ჰქვიათ) და ვისაც გინდა მოგართმევს. დიდი დრო კი არ სჭირდება – ყველა გოგონას მობილური აქვს, დაურეკავს და მორჩა. ესეც შენი მობილური – ჩვენი მღელვარე დროის სეზამი!

– ჰო, ვიცი. ყველა ამაზე ლაპარაკობს. ზოგიერთები ამ სისტემის ლეგალიზაციასაც კი ცდილობენ. მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ მობილურის შემოტანამდე, რომელმაც კონტაქტები გააადვილა, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ახალგაზრდა თაობა გაგვირყვნეს, განსაკუთრებით ოთხმოციან წლებში.

– ამ განსაკუთრებულ ტურისტებსაც ნუ დავაკისრებთ მთელ პასუხისმგებლობას. ჩვენ ხომ ხელი არაფერში შეგვიშლია. თვალები მშვიდად დავხუჭეთ. განსაკუთრებით დიდი როლი კი კორუფციამ ითამაშა. ახლა სხვები აღარ გვჭირდება, რომ გაგვრყვნან: უკვე გარყვნილები ვართ!

– მართალი ხარ. მაგრამ იცოდე, ეს მარტო ზნეობის კი არა, სიმკაცრისა და, საერთოდ, არსებობის საკითხია. კორუფცია მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ ქრთამი უნდა გადაიხადო რამე საშვის ან უბრალოდ ისეთი რამის მისაღებად, რაც კანონით ისედაც გეკუთვნის. კორუფცია ღირსების და სინდისის არქონაზე მიუთითებს, დაუცველი ხალხის ექსპლუატაციაზე... თუნდაც ქალის მდგომარეობა ავიღოთ – როგორაა განსაზღვრული კანონებში და როგორია ყოველდღიურ ცხოვრებაში?

 

ნაჯას უყვარდა ამგვარი საუბრები ჰამზასთან. სწორედ ეს არ გამოსდიოდა თავის ყოფილ საქმროსთან...

პირველად ერთად იმ დღეს დაწვნენ, როცა ნაჯამ ჰამზასთან ნათხოვარი წიგნის დასაბრუნებლად შეიარა. ეს იყო ხუან რალფოს „პედრო პარამო“. შესანიშნავი რომანი, რომელმაც გზა უჩვენა გაბრიელ გარსია მარკესს „მარტოობის ასი წელის“ დასაწერად. არც კი დალაპარაკებიან ერთმანეთს. მოძალებულ ლტოლვას სიტყვები აღარ სჭირდებოდა.

 

მთელი კვირის განმავლობაში ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს და სიყვარულის ალში ეხვეოდნენ. ნაჯა მიდიოდა, ჩანთას დებდა და ჰამზას ნელა ხდიდა ტანსაცმელს. კაცი მეცხრე ცაზე იყო. ეს თამაში უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა. სიყვარულით თავდავიწყებამდე მისული შუა აქტში ქალს ზოგჯერ არაბულად უწყებდა ლაპარაკს. კაცს ეს ისე ახალისებდა, რომ მისი განწყობა ქალზეც გადადიოდა და გულიანად აცინებდა. ნაჯას კისკისი კიდევ უფრო აღაგზნებდა მამაკაცს. არაბული რომანტიკული ენაა. როცა ეროტიკაში გადადის, ყოველგვარ

ტაბუს ამსხვრევს და სხეულებს ამღერებს. ორმოცდათხუთმეტი წლის ჰამზა ჯერ კიდევ შესანიშნავ ფორმაში იყო. ნაჯა მასში ისეთ სექსუალურ ძალას აღვიძებდა, კაცს თვითონაც რომ ვერ წარმოედგინა. ქალს უსაზღვრო ფანტაზია ჰქონდა, იცოდა, სიამოვნება როგორ გაეგრძელებინა უსასრულობამდე, ყოველ პოზას თავის სახელს უგონებდა. როგორც ჰამზა ეუბნებოდა, ამ დროს მისი ინტელექტუალური მხარე იჩენდა თავს. ასე შეიქმნა პოზა „მზე და სხეული“, არტურ რემბოს ლექსის მიხედვით: „მზე, მოალერსე, სიცოცხლის მცველი / მიწას ეღვრება, ვით ტრფობა მწველი“. ქალი ედრებოდა ამ მზეს, რომელიც ჰამზას სიცოცხლეს სიყვარულით ავსებდა. კაცის მკლავებში ძვრებოდა, ფეხებს ტანზე შემოახვევდა და სთხოვდა, ასეთ პოზაში ესიყვარულათ. პოზა „რენე შარი“ – ციტატის მიხედვით: „სურვილი ჩვენი მცხუნვარე კაბას შემოაცლის ზღვას, სანამ ზვირთებში გადაეშვება...“ – ისეთ აკრობატულ მდგომარეობას ერქვა, რომლის დროსაც ქალი მამაკაცს სურვილს უღვივებდა ათასგვარი შეხებით, ჰამზას კი ერექცია უნდა შეეკავებინა თამაშის დასრულებამდე. იყო კიდევ ერთი პოზა: „შეიხი ნაფზაუი“, იმ ბრძენის პატივსაცემად, რომელმაც მუსლიმური ეროტიკული სახელმძღვანელო დაწერა, რათა ერთი უფლისწულისთვის ქალთან სიყვარულობა ესწავლებინა. ნაჯა შესანიშნავად იცნობდა ამ ნაწარმოებს. იგი ფრთხილად ჯდებოდა თავისი საყვარლის აზიდულ ასოზე, ნელა ტრიალებდა და თან კაცის მხრებს თავისკენ იზიდავდა, იქამდე, სანამ ზედ ფეხებს არ შემოსდებდა. იმდენს ახერხებდა, ჰამზას ფეხზე წამოაყენებდა ისე, რომ სასიყვარულო აქტი არ შეეწყვიტა. მთელი ამ დროის განმავლობაში ხან შეიხ ნაფზაუის „სურნელოვანი ბაღიდან“ ნაწყვეტებს კითხულობდა, ხან მწერლის მიბაძვით სახოტბო სიტყვებით ამკობდა საყვარლის ასოს: „ო, ეს დიდებული, ქედმაღალი, სასტიკი, წყეული გველი, აკრობატი, თოკზე მოსიარულე ჯამბაზი, სატანას ძვალი, კერიის მეუფე, ცეცხლოვანი ვარსკვლავი, მეხთა მტყორცნელი, გაუხედნავი, ცნობისმოყვარე, ჟონგლიორი, ჩალმიანი მონა, გალიაში დამწყვდეული ყაჩაღი, მარჯვე ხელი, ცალთვალა მოლაყბე, მოტირალი ფლეიტა, ტეტია, მებაჟე, თაღლითი, მოღალატე, ათქვეფილი ცივი ყავა...“.

ჰამზამ სთხოვა, ამიხსენი, ამ ჩამონათვალში რატომ შეიყვანე „ათქვეფილი ცივი ყავაო“.

– იმიტომ, რომ ამ ყავის სქელი, წებოვანი ქაფი გემრიელი ჩასაყლაპია, ან კიდევ შეგიძლია ენის წვერით ალოკო ჭიქის კიდიდან...

– „მებაჟე?“

– იმიტომ, რომ მებაჟე ქექავს და ჩხრეკს ხელთათმანიანი ხელებით.

– „თოკზე მოსიარულე ჯამბაზი?“

– იმიტომ, რომ ტანგამართული დგას, ერთდროულად გახევებულიცაა და მოქნილიც, არასდროს ვარდება.

– „წყეული გველი?“

– იმიტომ, რომ ესეც წყეულია, სირბილეს კარგავს, მაგრდება და ვეღარ იღუნება!

– „გალიაში დამწყვდეულ ყაჩაღზე“ რაღას მეტყვი?

– ესეც ჩემი გონების ნაყოფია: როგორც კი თავს შიგნით დაიგულებს, თავის ჭკუაზე ამოძრავდება და არ აინტერესებს, რა ხდება მის გარშემო. მე ჩემებურ ხერხს ვიყენებ მის დასაოკებლად, ის კი ნერვიულობს და თავი გალიაში ჰგონია.

– გამაგებინე, სად ისწავლე ეს ყველაფერი?

– შენ, შენი სურვილი, შენი სხეული მკარნახობს ამ ყველაფერს. სკოლაში ნამდვილად არ მისწავლია, როგორ გავყვე საკუთარ იმპულსებს და ინსტინქტებს.

ჰამზა გაოცებული იყო საკუთარი სხეულის შესაძლებლობებით, ცოდნის მარაგითა და მოქნილობით. სხვა ქალებთან მსუბუქად ახერხებდა ამ საქმეს, რაც გამოსდიოდა, კმაყოფილი იყო. ახლა კი, ნაჯასთან, თავისი სიცოცხლის კვალი, საკუთარ თავში ჩამალული მოთხოვნილებები და უსაზღვრო გაქანება აღმოაჩინა.

საღამოობით ხშირად სავახშმოდ რესტორანში მიდიოდნენ. სიამოვნებით საუბრობდნენ, კამათობდნენ, მსჯელობდნენ, ერთმანეთს აზრებს უწუნებდნენ, სისულელეებს ამბობდნენ,

იცინოდნენ, ხუმრობდნენ და მღეროდნენ. კაცს აბდელვაჰაბ დუკალის სიმღერები უყვარდა,

ქალს – ეგვიპტელი და ერაყელი მომღერლები. შუა ქუჩაში ქალი უცებ გადაიხრებოდა კაცისკენ და ჩურჩულით ეტყოდა:

„გამოიცანი, დღეს რა ფერის საცვალი მაცვია!“.

კაცი ფერებს რიგრიგობით ასახელებდა. ქალი თავის გაქნევით პასუხობდა, არაო. ბოლოს, ურჩევდა, საცვალი ხელით მოესინჯა. კაცი ხელით ხვდებოდა, რომ ქალს საცვალი საერთოდ არ ეცვა. ეს უსაზღვროდ აღაგზნებდა. ერთხელ, სალეს სასაფლაოს შესასვლელთან ისიყვარულეს, მეორედ, რუ ბეგრეგის პლაჟზე მიგდებულ ნავში. ასეთი ინიციატივები ყოველთვის ნაჯას მოსდიოდა თავში. სხეულებს ერთმანეთის კარგად ესმოდათ. კაცი ფიქრობდა, ქალმა თავისი სხეული ისე გაწვრთნა, რომ მე ჩემი ბოლომდე შემეგრძნოო!

ეს ნეტარება სამი თვე გაგრძელდა. ჰამზას ძალ-ღონე გამოეცალა. ქალი მთელ ენერგიას ართმევდა. კაცი კი არ იყო მიჩვეული ასეთ მშთანმთქმელ, ყოვლისმომცველ და გამაოცებელ ურთიერთობას. ამავე დროს, ჰორიზონტზე სხეულის ნაცნობი მოდუნებაც დალანდა. გაუკვირდა კიდეც, უფრო ადრე რომ არ იგრძნო. საერთოდ, ერთი-ორი კვირის შემდეგ, ქალს საჩუქარს უკეთებდა და ამ სიტყვებით შორდე ბოდა: „საუკეთესო აფროდიზიაკი ცვლილებაა!“ ამიტომ, ახლა გადაწყვიტა, შეხვედრებს შორის დრო გაეზარდა, ცოტა ნაკლებად ესიყვარულა ნაჯასთან და შუალედებში სხვა გოგონებიც მოეწვია შინ.

მაგრამ ისე არ მოხდა, როგორც ჩაიფიქრა.

ნაჯამ თავისი ვერსია მომიყვა:

– სამი თვის თავზე ყველა სალაპარაკო თემა ამოვწურეთ. მე, ჩემდათავად, კიდევ მქონდა რამდენიმე ახალი პოზა შემონახული. ვხედავდი, რომ ძველებურად ვიზიდავდი, მაგრამ ეს ლტოლვა აშინებდა, აფორიაქებდა. უნდოდა, თავი გაეთავისუფლებინა, ოღონდ არ იცოდა, როგორ. მე ძალა არ დამიტანებია. ცოტას დავცინოდი. მაგალითად, ვეუბნებოდი:

„მსუბუქ-მსუბუქი პატარა გოგონები მოგენატრა? ჩემზე კარგად გართობენ, არა? ხელს არ გიშლი, თუ გინდა, წადი მათთან, ოღონდ მაშინ გამოვა, რომ საკუთარ თავს ღალატობ, იმ კაცებივით იქცევი, რომელთაც თვითონვე უწუნებდი საქციელს, იმ ბერბიჭებივით, „სოციალურ მოვლენას“ რომ თავის სასარგებლოდ იყენებენ. იჟიმავებ და მერე ისევ მარტო დარჩები შენს გაჭირვებასთან“.

ამაზე ბრაზობდა, ცოფდებოდა. სინამდვილეში კი, მასზე შეყვარებული ვიყავი და არ მინდოდა, დამეკარგა. ქორწინებას დავცინოდი, მაგრამ როგორმე უნდა მომეხერხებინა მისი შენარჩუნება. არ ვიცოდი, რა მექნა, როგორ დამერწმუნებინა, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილი. კარგად გავუძელი. გულგრილობა ვითამაშე. აღარ ვურეკავდი, მასთან აღარ მივდიოდი, ველოდი... შემდეგ, მირეკავდა, ცოტას ვახვეწნინებდი – რამდენიც საჭირო იყო, არც მეტს, არც ნაკლებს – და ისევ ვიწყებდით შეხვედრებს... ხომ იცი, არ შემიძლია კაცს დავნებდე, თუკი გრძნობების მორევში არ გავეხვევი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ არის გრძნობა, არც სექსია! რა ვქნა, ეს ჩემზე ძლიერია. მეც ყველა ქალივით სულელურად მჯერა, რომ სიყვარული მარადიულად გაგრძელდება. მიყვარს, როცა სხეულში, სულში, სიყვარულის კვალს, მის მოგონებას, მის სურნელებას, მის ხმას და მის სიჩუმეს ვგრძნობ. როცა შეყვარებული ვარ, ყველაფრისადმი დიდ ყურადღებას ვიჩენ. დრო ქრონოლოგიას აღარ ემორჩილება. ჩემი გული ხან იმით საზრდოობს, რომ ვიღაცას ვუყვარვარ და ის ჩემ გვერდითაა, ხან კი იმ იმედით, რომ ეს ერთად ყოფნა უსასრულოდ გაგრძელდება. დროიდან ამოვარდნილი ვარ, სამყაროს გარეთ დავფრინავ და გონებაც დაბინდული მაქვს. ვაღიარებ, ამ მდგომარეობამ შეიძლება მამაკაცი შეაშინოს. მე მგონი, ჰამზაც პანიკურმა შიშმა მოიცვა!

ნაჯა იტანჯებოდა, მაგრამ ამის თქმას ვერ ბედავდა. ღამღამობით მონატრება და შიში ძილს არ აცლიდა. ახალ მარცხს ვეღარ აიტანდა. დედაზე ფიქრობდა, ეცოდებოდა მოხუცი. არ უნდოდა, მისთვის გული ეტკინა, ეთქვა, რა ძნელია მაროკოელი ახალგაზრდა ქალისთვის დამოუკიდებელი და თავისუფალი ცხოვრება. უკვე მერამდენედ კითხულობდა სტენდალის „სიყვარულის შესახებ“. შუა კითხვაში თავს იჭერდა, რომ სხვა რამეზე ფიქრობდა. სასტიკი უძილობა დასჩემდა. ისეთ მდგომარეობაში ვარდებოდა, რომ ვერც კითხვას იტანდა, ვერც მუსიკას, ვერც ტელევიზორს. არ იცოდა, რა მოეხერხებინა სხეულისთვის, რომელიც კატეგორიულად უარს ამბობდა დაძინებაზე. ისე ეწინააღმდეგებოდა, თითქოს სურდა, ნაჯას თავისი დარდი ბოლომდე გამოეცალა. ნაჯა ფიქრობდა, რატომ შეარქვეს უძილო ღამეს „თეთრი ღამე“? რატომ უჩნდებოდა ასეთი კაეშანი ღამღამობით და ისე აწვებოდა მის სხეულსა და სულს, რომ ძალის უკანასკნელ ნამცეცსაც აცლიდა? ჰამზა ენატრებოდა. ერთხელ ისიც იფიქრა, რომ თვითონ ჰამზა კი არა, მამაკაცი ენატრებოდა, მამაკაცის სხეული, მამაკაცის გვერდით ყოფნა.

ჰამზა სრულიად შეძრული იყო. ის და შეყვარებული? როგორ, კიდევ მონოგამური ურთიერთობის ხაფანგში გაება? არა და არა! ის ხომ ძველი ყურუმსაღია, მოხიბვლის დიდოსტატი და უდრამო, უცრემლო დაშორებების მეფე, წყნარი, ჩუმი დაშორებების, „გონივრულად“, „დელიკატურად“. ახლა კი მისი რეცეპტები აღარ მოქმედებს. ასეთი აფორიაქებული არასოდეს ყოფილა. რა უშლის ხელს, რომ დასცილდეს? რა აქვს ამ ქალს სხვაზე უკეთესი? ასეთი განსაკუთრებული? სექსუალური სითამამე? კი ბატონო. მერე რა, განა ამიტომ ვერ ახერხებს ჰამზა, რომ ერთი სიტყვა, ერთი გადამწყვეტიფრაზა უთხრას, როგორც სჩვევია? ნაჯა უფრომიმზიდველი და უფრო საინტერესო იყო, ვიდრე სხვა ქალები, მაგრამ მათი ურთიერთობა ისეთი მნიშვნელოვანი ხდებოდა და, რაც მთავარია, უკვე მის სათაყვანებელ განძს – თავისუფლებასა და სიმარტოვეს ემუქრებოდა, რომ გულში შიში შეეპარა. ნაჯას დანახვაზე, ყველაფრის უნარს კარგავდა და თავმოყვარეობაც სადღაც ეპარებოდა, თავს ისე გრძნობდა, თითქოს ქალის მონა იყო, მისი სურვილების აღმასრულებელი. არადა, ნაჯას არც ქცევა შეუცვლია, არც ჩვევები. ისევ თავის სიმაღლეზე იდგა. ჰამზასგან განსხვავებით. ნაჯამ მასთან სიარულს მოუხშირა, მის მკლავებში ეძინა, მის მხარზე თავმიყრდნობილი ოცნებობდა. ჰამზას უძილობა დაეწყო, თავში უპასუხოდ დარჩენილი კითხვები უტრიალებდა. ფიქრობდა: „აი, რა ყოფილა სიყვარული! შეყვარებული ვარ! დიახ, მე, ჰამზა, კერკეტი კაკალი, თავგადადებული ბერბიჭა, რომელიც ხელთათმანივით ვიცვლიდი ქალებს, აი, ასეთი კაცი დავიღუპე, მახეში გავები, სიყვარულის მახეში! დიახ, მახეში ვარ, იქამდე დავეცი, რომ ჩემს სატრფოს ვაღმერთებ, პირდაღებული მივჩერებივარ, თითქოს რაღაც აბები გადამეყლაპოს ან რამე ნაყენი დამელიოს, რომელიც ნებისყოფას ანგრევს. უმწეო კრავი ვარ, მას ვეკუთვნი, უნარი არ შემწევს, წინააღმდეგობა გავუწიო, ვუთხრა „არა!“ – სიტყვა, რომელსაც ასე ხშირად ვიმეორებდი და რომლის წარმოთქმის ძალაც დღეს აღარ მაქვს. რას არ მოესწრები კაცი! შეყვარებული და ეჭვიანი ჰამზა! ნაჯას ვუთვალთვალებ, როგორც კი ზურგს შემაქცევს, ჩანთას ვუჩხრეკ, ყველაფერი მინდა ვიცოდე მის ცხოვრებაზე, მის ჰომოსექსუალ მეგობარზეც კი ვეჭვიანობ. აი, როგორ შევიცვალე. პიროვნულობა დავკარგე, ტემპერამენტი მივაძინე, მიყრუებული სადგურის საკანში გამოვიკეტე და ველოდები... რას ველოდები? სიკვდილს? ღმერთო ჩემო! არა, შეუძლებელია! ისეთი არაფერი ჩამიდენია, ეს არ დამიმსახურებია. კი, მართალია, ახალგაზრდა გოგონებს ვაცდუნებდი, მაგრამ ისინი სრულწლოვანები იყვნენ და შეგნებულად მთანხმდებოდნენ, თანაც საჩუქრებს ვაძლევდი, ზოგჯერ ფულსაც, ეს ხომ ბუნებრივია, საზოგადოებას სოლიდარობას ვუცხადებდი... მაგრამ ამ მცირედის გამო ასეთი სასჯელი? აჰ, არა! ო, ეს წყეული პაოლო კოლა! მის გამო გამოველაპარაკე ლამაზ უცნობ ქალს. არამარტო უღიმღამო მწერალია, უბედურების მომტანიც ყოფილა. აი, როგორ დრამებს იწვევს, სანამ თავისი საავტორო უფლებებით ნაშოვნ მილიონობით დოლარს ხარჯავს. პაოლო წყეულია, ყველაზე ბოროტი ლიტერატურული ხუმრობაა. რაღაც უნდა მოვიმოქმედო, ასე ადვილად თავს ვერავის დავაჩაგვრინებ. ამ საღამოს, ჯიქურ დავხვდები და ვეტყვი: „ყველაფერი დამთავრდა, ძვირფასო ნაჯა. აღარ მიყვარხარ. მარტოობა მჭირდება, დიახ, გთხოვ, აღარ მოხვიდე ჩემს ბინაში, ახლავე დამიბრუნე გასაღები და მოვრჩეთ ყველაფერს! გალიაში დამწყვდეული ყაჩაღი, მებაჟე და ყველა დანარჩენი „ბასტას“ გეუბნება, ყველაფერი მორჩა, ისინი აჯანყდნენ, თავისუფლება სწყურიათ!“.

თვალს თვალში გავუყრი, უყოყმანო, მკაცრ მზერას მივაპყრობ, ისე დაველაპარაკები, ხმასაც არ ავიმაღლებ. მარტივ და გასაგებ ენაზე, სიტყვების ღეჭვას კი არ დავიწყებ! ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე! მიყვარს ეს სიტყვა – მი-კიბვ-მო-კიბ-ვა. დაიხ, არავითარი სისუსტე, არავითარი ყოყმანი. კაცი უნდა იყო, კაცუნა კი არა! (ვერ ვიტან ამ სიტყვას, ვშლი) ჩვარი არ უნდა იყო, აი, ასე! უნდა იგრძნოს, რომ მის წინ კაცი დგას, რომლის სიტყვასაც წყალი არ გაუვა. აი ასე, კმარა ენის ბორძიკი!“.

 

მაილს დევისი ჩართო და ივარჯიშა. შემდეგ შხაპი მიიღო, ჩაიცვა, სარკეში ჩაიხედა და საკუთარ გამოსახულებას უთხრა:

„ხომ ხედავ ამ თავს, ამ სახეს, ამ მზერას? პირობას გაძლევ, არ დაგაღალატებენ. ისინი გამოწვევას იღებენ, მხნედ და მტკიცედ შეუტევენ ქალს, რომელსაც შენი თავისუფლების, შენი ცხოვრების დანგრევა სურს. ჩვენ მას ერთად გავუწევთ წინააღმდეგობას და ოკუპაციას ბოლოს მოვუღებთ. გაუმარჯოს ჩვენს თავისუფლებას!“.

საღამოს ნაჯა მოვიდა.

– როგორ ვღელავდი, ჩემო სიყვარულო. ნახევარი საათი დაგაგვიანდა, რა ამბავია! გული ლამის საგულედან ამომივარდა. მენატრებოდი. რატომ არ დამირეკე, რომ გაგეფრთხილებინე. ხომ გაჩუქე მობილური, სწორედ ასეთ დროს უნდა გამოიყენო. კარგი, რაც არის, არის. მთავარია, ახლა აქ ხარ, ლამაზი და მშვენიერი. რაც მეტი დრო გადის, მით მეტად მიჭირს უშენობა. რას ისურვებ, ძვირფასო? აქ ვივახშმოთ თუ შენს ვეგეტარიანულ რესტორანში?

– შენ ხომ იქ არაფერს ჭამ...

– ყაბაყის პიურეს შევჭამ და ხახვის წვენს დავლევ, თეთრ თალგამსა და მწკლარტე ბოლოკს დავაყოლებ. რასაც გინდა, იმას შევჭამ, ჭარხალს, სოიას კატლეტს, გარეული ხორბლის ერბო-კვერცხს, შენი სიყვარულით მეც ვეგეტარიანელი გავხდები, ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ კი ერთად ვიყოთ...

ვახშმის შემდეგ ჩრდილოეთში მოგზაურობაზე ჩამოაგდეს საუბარი. დაგეგმეს, რომ ერთი კვირით გაემგზავრებოდნენ. ნაჯა წავიდა თუ არა, ჰამზამ საკუთარი თავი საყვედურებით აავსო, როგორ ვერ მოვიკრიბე მხნეობა, რომ ჩანაფიქრი განმეხორციელებინაო. შინ დაბრუნდა და ჯონ კოლტრეინის დისკი ჩართო, რათა ოცნებებში წასულიყო და ყველაფერი დაევიწყებინა. მაგრამ რამდენიმე წუთში მიხვდა, რომ მუსიკას არ უსმენდა, ნაჯაზე ფიქრობდა და კიდევ იმაზე, თავი როგორ გადაერჩინა. „ისეთ დღეში ჩამაგდო, რომ მე მისი ნება-სურვილი გავხდი. უფრო სწორად, მისი ნება-სურვილი ჩემიც გახდა, გადაწყვეტილების განხორციელების სიმტკიცე აღარ შემრჩა. ამდენს ვირჯები, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ვირთხა ხაფანგში. აქეთ-იქით ვაწყდები. ნაჯა კი გონებიდან ვერაფრით გამოვაძევე. როცა ჩემთანაა, სურვილი მეძალება, თავს ვკარგავ და მხოლოდ მაშინ მოვდივარ გონს, როცა სურვილს დავიკმაყოფილებ. ეს რა ჯოჯოხეთია! აი, თურმე რა ყოფილა სიყვარული! ვიცოდი, რომ ნაჯა ჩემთვის ერთი მორიგი კეკლუცი არ იქნებოდა, ვგრძნობდი, რომ ჩემი დამონება სურდა. მიზნად დაისახა, ერთ ადგილზე მივეჯაჭვე, სახლში დავები, ჩემი სექსუალური თავგადასავლები აღეკვეცა. ჰოდა, მიზანს მიაღწია! ჩემი ცხოვრების მთელ ეპოქას ერთი ხელის მოსმით ბოლო მოუღო“.

ტანჟერში, როცა ნაჯა ჰამამში შევიდა, ჰამზამ დრო იხელთა და აბდესლამს, თავის ძველ მეგობარს, გული გადაუშალა. აბდესლამმა ყურადღებით მოუსმინა და არც არაფერი გაჰკვირვებია.

– როგორც კი მისი თვალები დავინახე, მაშინვე მივხვდი. ამ ქალს შენ უნდიხარ, გასართობად კი არა, სამუდამოდ, მთელი ცხოვრება. ასეთი ქალები უბრალო სასიყვარულო ფლირტით არ კმაყოფილდებიან. გრძნობების ვამპირია. სურს, რომ მხოლოდ მისი იყო და ამიტომაც ის გააკეთა, რაც წარმატებას მოუტანდა. შედეგიც სახეზეა: უკვე ერთი წელია, ერთად ხართ. ასეთ მდგომარეობაში არასოდეს მინახიხარ...

– რის თქმა გინდა?

– ყველაფერი ნათელია. მოგაჯადოვა! თავი დაკარგე, შენს ქმედებებს ვეღარ აკონტროლებ!

– ჰო, მომაჯადოვა. ისეთი ლამაზია, ისეთი განათლებული... ისეთი გიჟმაჟი სექსუალური ფანტაზია აქვს...

– მორჩი სისულელეებს და მიწაზე დაეშვი. ჯადო გაგიკეთა-მეთქი! არ ვიცი, რა დაგალევინა, ან რა გაჭამა. ნებისყოფა წაგართვა. ყველაფერს ახლა ნაჯა წყვეტს, ნაჯა აკეთებს, შენ კი ემორჩილები. დიახ, ჰამზა ახლა ქალის მონა-მორჩილია! დამიჯერე, არაფერს ვიგონებ. ხომ გნახე მასთან ერთად, ძლივს გიცანი, ისეთი შეცვლილი ხარ. გეთანხმები, ლამაზი ქალია, მაგრამ ეს უფლებას ხომ არ აძლევს, შენი ცხოვრება ხელში ჩაიგდოს. იმედი მაქვს, გულხელდაკრეფილი არ დარჩები... იცი, ქალის გრძნობები რთული ამოსაცნობია. ჩვენ კი გვგონია, რომ მარტივია და კარგად გვესმის. მაგრამ ასე არ არის. დიდი ხანია, უარი ვთქვი, რამე ავხსნა ქალის ქცევაში. იმით ვკმაყოფილდები, რასაც ჩემი ცოლი მაძლევს და თავს არ ვიტკივებ ზედმეტი ფიქრით. მე ხომ შენნაირი მექალთანე არ ვარ. ჩემი ცოლიც მყოფნის. მე ნებაყოფლობით ვთქვი უარი ბერბიჭობაზე და თავი ცოლქმრულ უღელში გავყავი. ახლა ყველაფერს ვყლაპავ და არაფერს ვჩივი. რას მიშველის წუწუნი! რომ მახსენდება, როგორ გვიბურღავენ ტვინს ჩვენს ქვეყანაში ქალთა გასაცოდავებული მდგომარეობით! მოვიდნენ და ნახონ, ვინ უფროსობს ამ საზოგადოებაში! გამოიკვლიონ ოკულტური ძალები, ჩუმად, ისე, რომ ქალებს არ გააგებინონ! მართალია, ჩვენი კანონი მამაკაცებს მეტ უფლებებს ანიჭებს, ვიდრე ქალებს, მაგრამ, აბა, ერთი სახლებში შეიხედონ, რა ხდება. უფალმა ხომ გვითხრა ყურანში: „უსაზღვროა ცბიერება ქალთა“. კარგი, ახლა შენს ამბავს მივხედოთ...

– რა? დახმარება შეგიძლია?

– ხომ გაგიგია, რამაც დაგღუპა, ისევ ის გადაგარჩენსო.

– არავის დაღუპვა არ მინდა, მხოლოდ თავისუფლება მსურს დავიბრუნო.

– გასაგებია, რომ მხოლოდ ეგ გინდა. მაგრამ სწორედ ეგ უკვე ძალიან ბევრია. აბა, მისმინე: „თვლი, რომ ბედნიერი ხარ, რადგან გიყვარს. რასაც გრძნობ, სრულიად განსაკუთრებულია. ეს სიყვარული ახალ ენერგიას გაძლევს, ახალგაზრდობას გიბრუნებს. რა კარგი იქნება, ასე რომ იცხოვრო და მთლიანად შეირგო ეს ღვთის საჩუქარი, ბერბიჭული ცხოვრების პატარ-პატარა სიამოვნებანი ამასთან რა მოსატანია. სიყვარული იშვიათი ხილია. თუ თვალი დაგადგა, ძალისხმევა არ უნდა დაიშურო მის შესანარჩუნებლად, მთელი სულითა და გულით უნდა მიეცე. სხეული და სული არ უნდა დაინანო!“. არ იფიქრო, შენი განსჯა მინდოდეს. ქვების დაშენას არ ვაპირებ... მოკლედ, შენს საქმეზე გეუბნებოდი...

– რას მთავაზობ? ვუთხრა, რომ ერთი ძველი ლოთბაზარა ვარ და ფხიზელ მდგომარეობას

კიდევ დიდხანს ვეღარ გავუძლებ? უნდა შევაშინო, რომ ჩემზე გული აიყაროს...

– არა. ასეთი ლაპარაკი არ გიშველის. უკვე კარგად გიცნობს და მშვენივრად იცის, რომ ლოთი არ ხარ. თუ მართლა გინდა, რომ ეს სიყვარული თავიდან მოიშორო, ჰაჯ ბრაჰიმთან უნდა წავიდეთ, მისი სახელი აქ ყველამ იცის, საოცარი ძალა აქვს. ამბობენ, მაღალჩინოსანი პოლიტიკოსებიც მასთან დადიან თავიანთი საქმეების მოსაწესრიგებლადო. ისიც გამიგია, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, აზნარმა, სწორედ ჰაჯ ბრაჰიმის წყალობით მოიგო არჩევნებიო. ბევრ რამეს ჰყვებიან მასზე, მაგრამ ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია გითხრა – არაჩვეულებრივი ძალა აქვს.

– იმ გადაყრუებულ მთიელთან მოსაუბრე როგორ წარმოგიდგენივარ?

– აზნარი თუ მივიდა, შენ რისი გრცხვენია. თუ არადა, მე მივალ და შენს ამბავს მოვუყვები. ასეთი საქმეების მეტი რა უნახავს. სულ ჯადოების მოხსნაში არ არის? ჯადოქარი და ბოროტი გრძნეული ხომ არ გგონია! მორწმუნე კაცია, რომელიც კეთილ ადამიანებს ეხმარება. მთავარია, დაუჯერო და ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც დაგარიგებს, სისულელეც რომ გეგონოს. თანახმა ხარ?

– ჰო, მაგრამ ნაჯას არაფერი დაუშავოს. უბრალოდ, მომეხმაროს, რომ მივატოვო, მორჩა და გათავდა. მეტი არაფერი!

– მაგაზე ნუ დარდობ! ბოროტი არ არის. მორწმუნეა და შეუძლია ადამიანები ერთმანეთს

დააშოროს, როცა ამას სთხოვენ... გრძნეული არ არის-მეთქი... ნაწერებით მოქმედებს. არ გეგონოს, რამე აბებს მოგცემს, ნაჯას გადააყლაპეო. მკვლელი კი არ არის. არა, იგი შენსა და რვაფეხას საცეცებს შორის ჩადგება.

– რა თქვი? რა რვაფეხა?

– ასე ჰქვია იმ სატანას ჯადოს, შენ რომ გაგიკეთეს. შენ საცეცებივით შემოგეხვია უარყოფითი ტალღები, უკეთური ძალები და შენს სიახლოვეს არ უშვებენ სიმშვიდეს, რომელიც გჭირდება.

– ნაჯა სატანის მიმდევარი არ არის!

– თვითონ არა, მაგრამ ვისაც შენზე ჯადო გააკეთებინა, ის სატანას საშუალებით იმოქმედებდა, სხვაგვარად შეუძლებელია.

– მეშინია. არ ვიცი, თავს რაში ვყოფ.

– მისმინე, შენ გარდა, ასი ათასობით მაროკოელი დადის ჯადოს მოსახსნელად ხან ვისთან და ხან ვისთან და ამის გამო არავინ მომკვდარა.

მეორე დღეს ჰამზა და მისი მეგობარი ღირსეულ ჩალმიან ბერიკაცთან შესახვედრად გაემართნენ. მოხუცი ქალაქგარეთ ცხოვრობდა ერთ პატარა სოფელში, სადაც არც წყალი იყო გაყვანილი და არც ელექტრობა. იგი უბრალოდ ცხოვრობდა, ბედნიერი და მშვიდი ცხოვრებით. მისი სახლის ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა. ბოხჩაში გამოხვეული ძღვენით ხელდამშვენებული კაცები თუ ქალები თავიანთ რიგს ელოდებოდნენ. ზოგიერთს ჩრდილი ეპოვა და მისი სიკეთით სარგებლობას დახარბებოდა. ბავშვები თამაშობდნენ, ზოგი ბზრიალას ატრიალებდა, ზოგი ტერასებზე არბოდა და მშობლებს ემალებოდა. ძველ ჯელაბაში ჩაცმული ერთი გალეული კაცი ხეზე იყო მიბმული, გახელებულ თვალებს აცეცებდა და ყურანის სურებს ბუტბუტებდა. დროდადრო რომელიმე ბავშვი მიუახლოვდებოდა და წყალს ასმევდა. ჰამზამ თავის მეგობარს გადაულაპარაკა, მოდი, გავათავისუფლოთო.

– არა, მაგ კაცმა თვითონ მოითხოვა, რომ მიებათ. თავს ისჯის, რადგან ერთმა ქალმა ჯადო გაუკეთა და მან კი ჰაჯ ბრაჰიმს არ დაუჯერა, არ შეასრულა მისი მითითება. ახლა ნანობს.

– შენ რა იცი?

– აქ ხშირად დავდივარ.

მოხუცმა ჰაჯმა ჰამზას შეხედა თუ არა, შესძახა:

– შორიდან მოსული ტალღებითა და რხევებით ხარ გარემოცული! ჩამოჯექი. ფატიჰათი დავიწყოთ, მერე ტახტის სურა ვთქვათ. ლოცვის შემდეგ კი სიჩუმეს მივაგოთ პატივი.

რაც მართალია, მართალია. ბერიკაცს შთაბეჭდილების მოხდენა ეხერხებოდა. ჰამზამ მორჩილად გაიმეორა ყველა ლოცვა მოხუცთან ერთად.

სიჩუმემ კარგა ხანს გასტანა. შემდეგ ჰაჯ ბრაჰიმმა წარმოთქვა:

– ახალგაზრდა ქალია, საშუალო სიმაღლის, ღია ფერის თვალებით; მე მგონი, მწვანე თვალები აქვს, რაც ჩვენში იშვიათია. ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ ცუდ რჩევას აჰყვა. ბავშვებთან თუ მოზარდებთან მუშაობს. შენთვის ბოროტება არ უნდა, უბრალოდ სურს, რომ დაქორწინდეთ და შვილები გააჩინოთ. თუ გაწყობს, რომ ამ ახალგაზრდა ქალთან ოჯახი შექმნა, კეთილდღეობას გისურვებთ. მაგრამ თუ ეს აზრი ჭკუაში არ გიჯდება, მაშინ...

ჰამზამ აბდესლამს გადახედა. იეჭვა, მან ხომ არ მოუყვა მოხუცს რამეო. მაგრამ ისიც შენიშნა, რომ ოთახში ტელეფონი არ იყო.

– საიდან იცით ეს ყველაფერი?

– ვიცი. შენს სახეზე ვკითხულობ. იმ ქალმა ჯადო გაგიკეთა. თვითონ კი არა, ვიღაცას გააკეთებინა, რათა ნებისყოფა დაგეკარგა. ახლა შენი ნებისყოფა მის ხელშია და როგორც უნდა, ისე გმართავს. ეგ არაფერი. მე მოვხსნი ჯადოს. ოღონდ შენ ყოყმანს გატყობ. მას კარგად უჭირავს სადავეები, სატანური ძალებით ჰყავხარ შებოჭილი. აქ მხოლოდ შენ შეგიძლია იმოქმედო. ყველაფერი შენ და ჩვენმა მოწყალე მეუფემ უნდა გადაწყვიტოთ.

ბერიკაცმა ქაღალდის ფურცელი ოთხად გაკეცა, შემდეგ ისევ გაშალა და სეპიას მელნით არაბულად რაღაც დაწერა. მელანი სულის შებერვით გააშრო და ფურცელი კვლავ დაკეცა.

კიდევ ორი ფურცელი აიღო და მათზეც რაღაც დაწერა. ისინი ორად გაკეცა.

– გამომართვი. ოთხად გაკეცილი შესალოცი შენთან იყოს. ჯიბეში ან ჩანთაში გედოს. ოღონდ ტუალეტში მასთან ერთად არ შეხვიდე. ეს შესალოცი ახალი ჯადოსგან დაგიცავს. მეორე, ორად გაკეცილი, წყლიან ტაშტში ჩადე. მელანი გაიხსნება და ჩემი დაწერილი სიტყვები წყალს შეერევა. იმ წყლით ტანი უნდა დაიბანო. მესამე შესალოცი ხეზე ჩამოკიდე. ქარი შემლოცავ სიტყვებს ჰაერში მიმოაბნევს და შედეგიც არ დაახანებს. მაღალი ხე აირჩიე, ისეთი, რომ ბავშვები ვერ შესწვდნენ. ეს ორი შესალოცი ძველ ჯადოს მოგიხსნის. ახლა კი ღმერთი გფარავდეს! მე ფული არ მინდა, მხოლოდ შაქრის ერთი ნატეხი მიბოძე.

მოხუცისგან რომ გამოვიდნენ, ჰამზამ იგრძნო, რომ გულიდან ლოდი მოეხსნა. აქამდე მას არც ჯადოსი სჯეროდა და არც მაგიის, ყოველთვის სასაცილოდ იგდებდა იმ ხალხს, ვინც ასეთ რამეს ახსენებდა. ქალაქში რომ დაბრუნდა, კოლონის წიგნის მაღაზიაში ერთი მეცხრამეტე საუკუნის ავტორის, ელიფას ლევის წიგნი იყიდა სათაურით „მაგიის საიდუმლოებანი (უზენაესი მაგიის დოგმა და რიტუალი; მაგიის ისტორია; დიდი საიდუმლოებების გასაღები)“. წიგნი ათას გვერდზე მეტს შეიცავდა. ზემოდან გაზეთი გადააკრა და მთელი საღამო მის კითხვაში გაატარა. როცა ნაჯა ეკითხებოდა, რას კითხულობო, ასე პასუხობდა:

 

„ერთ წიგნს ვკითხულობ, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჟერარ დე ნერვალზე, ბოდლერზე, ჰიუგოსა და ანდრე ბრეტონზე!“

ეს ამბავი თავისი განძის უკანა ყდაზე ეწერა.

წიგნში განსაკუთრებით ერთმა ადგილმა მიიპყრო მისი ყურადღება და ის მრავალჯერ გადაიკითხა: „[...] მორალური თეოლოგიის მიხედვით, ყველა სახის მტრული მოქმედება მოყვასის მიმართ კაცისკვლის საწყისია. ჯადოს გაკეთება კაცისკვლაა, თანაც ლაჩრული, რადგან მსხვერპლს თავდაცვის უფლებას ართმევს და კანონითაც არ ისჯება. [...] როცა ჯადოს სიყვარულზე აკეთებენ, ის ყველაზე დიდი ნებისყოფის ადამიანებსაც დაუოკებელ გრძნობას უჩენს“. უფრო ქვემოთ: „ჯადოს ძალა იმ დიდ მაგიურ ძალას წარმოადგენს, რომელიც ბოროტის ზეგავლენის ქვეშ ექცევა, რეალური ხდება და დემონად გვევლინება. [...] როცა ჯადო გრძნობაზე კეთდება, სიყვარული იქნება ეს თუ სიძულვილი, ადამიანი შეიძლება სიკვდილის პირას მიიყვანოს. გრძნობა შეიძლება ისეთი ყოვლისმომცველი გახდეს, რომ მის მიერ დამონებულ ადამიანს არაქათი გააცალოს, ისე, როგორც ვამპირი აცლის სისხლის უკანასკნელ წვეთს თავის საცოლეს. არავინ იფიქროს, რომ ბოროტები ტანჯავენ კეთილებს. სინამდვილეში პირიქით ხდება – კეთილები აწამებენ ბოროტებს“.

მეორე დღესვე ჰამზა მანქანაში ჩაჯდა დატანჟერიდან რემილაში გაემგზავრა. იქ, ალგას მიდამოებში უზარმაზარი მუხის ხეები ხარობს. რის ვაი-ვაგლახით ერთ მაღალ ტოტს მისწვდა. ზედ ორად გაკეცილი შესალოცი მიამაგრა. შემდეგ ქარის მიერ ანანავებულ ბუნებას გახედა და გაიფიქრა: „ახლა შემლოცველი სიტყვები უკვე ჰაერშია, გადავრჩი! ნაჯას გეგმები ჩაიშლება! ვერ მიმიღებს, ვერც რემბოს, ვერც შარისა და ვერც ნაფზაუის დახმარებით! უჰ! ძლივს არ ამოვისუნთქე!“.

სასტუმროში რომ დაბრუნდა, პირდაპირ საწოლში ჩაწვა, თვალები დახუჭა და წარმოიდგინა თეთრ სამოსში გამოწყობილი ნაჯა, რომელსაც უკან სახედაღრეცილი დედაბერი მოჰყვებოდა და კარნახობდა, როდის რა უნდა მოემოქმედა. შემდეგ ის მახინჯი ნაჯად გადაიქცა, ბინძურ და კაციჭამია, უგვანოდ გასივებულ ურჩხულს დაემსგავსა. ბოროტ ჯადოქარს ვერაგი ფიქრები სახეზე დაეწერა. ამასობაში ნაჯას ტკბილად ეძინა მის გვერდით. „ნუთუ ასეთმა ნაზმა და სანდომიანმა ქალმა ჯადოს კეთება იკადრა, რათა მამაკაცი მის გვერდით დაეკავებინა? – გაიფიქრა ჰამზამ და ნაჯას ყოფილი საქმრო გაახსენდა, – მე ხომ არა ვარ დამნაშავე, იმან რომ აწყენინა? რატომ არ გამოიყენა თავისი ჯადო იმ კაცის დასამორჩილებლად? რაღა ჩემზე მოუნდა?!“. კიდევ დიდხანს უყურა ქალს. შემდეგ წიგნი დახურა და სინათლე ჩააქრო. უკვე იცოდა, რომ მტრის გვერდით ეძინა. სიბნელეში თვალებდაჭყეტილი ცდილობდა, წარმოედგინა, როგორ აკეთებდა ჯადოს მის წინააღმდეგ რომელიღაც გრძნეული, ნელ-ნელა როგორ ანგრევდა მის ნებისყოფას ჯადოთი შეზავებული კერძები, რომლებსაც ნაჯა ალბათ მოტყუებით აჭმევდა, შემდეგ კი ეს ჯადო როგორ ბორკავდა მის სულს. ამას როგორ იფიქრებდა? თანამედროვე, განათლებული, მომხიბვლელი ქალები სასიყვარულო საკითხების გადასაწყვეტად თურმე ირაციონალურ მეთოდებს იყენებენ! აქედან მხოლოდ ის დასკვნა შეიძლებოდა გამოეტანა, რომ მაროკოს საზოგადოება თავს ვერასოდეს დააღწევდა ძველ დემონებს და თანამედროვე ეპოქას როგორი გულგახსნილიც არ უნდა შეხვედროდა, ცალი ფეხი სამუდამოდ შუა საუკუნეებში ექნებოდა ჩარჩენილი. ერთხელ ხორხე ამადოს ესაუბრა, როცა სახელგანთქმული ბრაზილიელი მწერალი თავისი წიგნის წარსადგენად მაროკოში ჩამოვიდა. მის რომანში შეყვარებული ქალები ტყის გრძნეულების დახმარებით მუდამ აღწევდნენ სასურველი მამაკაცის გულის მოგებას. მაშინ ხორხე ამადომ უთხრა: „ჩვენი აზროვნების ოთხმოც პროცენტზე მეტი ირაციონალურშია. ხალხს ჰგონია, რომ სამყარო ლოგიკურადაა აწყობილი. არა, ბატონო. სამყაროს მხოლოდ მეცნიერება კი არ მართავს, არამედ მაგიაც და მასთან ერთად ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვერ შევიცნობთ. ქალებს მამაკაცებზე უკეთ ესმით სიცოცხლის ეს ასპექტი. ამიტომაც, ისინი მაგიურ ძალებს უფრო ხშირად მიმართავენ, ვიდრე მეცნიერულს!“.

ახსოვს, ამ საუბრის შემდეგ, ჰამზა კარგა ხანს ენაჩავარდნილი იდგა. ისე, ყველაზე მეტად მაინც ის აწუხებდა, რომ მახეში გაება. ის, ასეთი აგნოსტიკური, ყოველგვარი რწმენისგან თუ ცრურწმენისგან თავისუფალი! ბოლოს დაასკვნა: „ორიდან ერთია: ან არ ვიჯერებ ჯადოს არსებობას და ჩემს პრობლემას ობიექტურად, ანუ მეცნიერულად უნდა მოვუარო, ანდა ვიჯერებ და მასთან ერთად მთელი დანარჩენი მონაჩმახიც ყურად უნდა ვიღო. ოღონდ ეგაა, რომ ამ ჭაობში ფეხს რომ ჩადგამ, მერე წელამდე ჩაგითრევს და ბოლოს მთლიანად ჩაეფლობი... არ ვიცი, რა ვქნა, ვის დავუჯერო, თავი როგორ გადავირჩინო. ხვალვე დაველაპარაკები ნაჯას. პირდაპირ ვეტყვი, რაც გულში მაქვს, არავითარი მიკიბვ-მოკიბვა!“.

მეორე დილაც გათენდა:

– ნაჯა, ჩემო მშვენიერო, ჩემო „ათას ერთი ღამის“ პრინცესავ, კარგად გეძინა? იცი, როგორ მენატრები, როცა გძინავს? იცი, პაოლო კოლას ბოლო რომანი ვიყიდე. იმიტომ კი არა, რომ წავიკითხო – ისე, ერთს კი გადავხედავ – არამედ იმიტომ, რომ სიმბოლურად მადლობა გადავუხადო. ის რომ არა, მას რომ „აკრობატი“ არ დაეწერა, ჩვენ ხომ ერთმანეთს ვერ გავიცნობდით! დღეს რა გსურს, რომ გავაკეთოთ?

– დღევანდელი დღე მინდა „მირაჟში“ გავატაროთ. ამბობენ, იმ ზღაპრული სასტუმროდან მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ხედია ზღვაზე.

– სიამოვნებით, ჩემო ძვირფასო. ოღონდ მანამდე „ლალა მინაში“ გავიაროთ, მკერავთან. დღეს კაბის ჩაზომების დღე გაქვს. მაგრამ თუ გინდა, ეგ ხვალისთვის გადავდოთ და დილიდანვე „მირაჟში“ წავიდეთ. ხომ იცი, შენი სურვილი ჩემთვის ბრძანებაა, სიამოვნებისგან ვგიჟდები, როცა შენ ბრძანებას მაძლევ, მე კი ვასრულებ.

უცებ, ენა ჩაუვარდა, ეს ბოლო ფრაზა გულში კიდევ ერთხელ გაიმეორა და გაიფიქრა: „საცოდავო ჰამზა, შენი საქმე წასულია!“.

მთელი დღე „მირაჟში“ გაატარეს. თავაზიანი, საქმის კარგად მცოდნე მეტრ-დოტელი ჟილალი წყვილს თავს ევლებოდა. ეგონა, ახალდაქორწინებულები იყვნენ და თაფლობის თვე ჰქონდათ. ნაჯა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო, ჰამზა კი რაღაც გაურკვეველ ფორიაქს აეტანა. როცა ქალი ზღვაში საცურაოდ შევიდა, დრო იხელთა და აბდესლამს დაურეკა:

– იმ შენი ჯადოს მომხსნელის შელოცვები როდის დაიწყებს მოქმედებას?

– სულ მთლად მათ იმედზე ნუ იქნები. შენც უნდა გამოიდო თავი: უნდა ირწმუნო, უნდა გჯეროდეს. დამშვიდდი და შელოცვილ ტალღებს დრო მიეცი. შენ თვითონვე იგრძნობ ცვლილებებს. მოვა, მოვა. სულწასული ნუ ხარ. ხვალემ აკეთოს ხვალისაო, ხომ ამბობენ.

– ვინ ამბობს?

– რა მნიშვნელობა აქვს. დამშვიდდი. კარგ გუნებაზე იყავი, ნაჯას მიბაძე. ის ხომ არაფერზე ღელავს. შეირგე მზე, პლაჟი, სამოთხეში ხარ, ძმაო. მე აჰმედს უკვე ველაპარაკე, სასტუმროს პატრონზე გეუბნები. ჩემი მეგობარია, ლიცეუმში ერთად ვსწავლობდით. ჰოდა, ძვირს არ გამოგართმევს. ასე რომ, იცხოვრე და ისიამოვნე, შელოცვები კი თავის საქმეს გააკეთებს.

– მართალი ხარ. თავი ხელში უნდა ავიყვანო. მაგრამ გულახდილად გეტყვი, ცოტა არ იყოს, მრცხვენია. ასე როგორ დავეცი, რომ ჯადოებს და შელოცვებს ავყევი. მთელი ჩემი გონება ისეთ წინააღმდეგობებშია, რომ კარგ ხასიათზე ვერაფრით ვდგები... ან არადა, ბედს უნდა დავნებდე, უნდა შევეგუო იმას, რომ ვარ შეყვარებული, რომელსაც ჯადო გაუკეთეს. პანდორასაც ხომ მასზე სიგიჟემდე შეყვარებული მამაკაცები სიკვდილის პირას მიჰყავდა.

– იმიტომ, რომ მის სიყვარულს უბედურება მოჰქონდა...

– მე სხვა რამ ვიგულისხმე. ასე მგონია, უფრო ადვილია, დავნებდე ამ სიყვარულს, ვიდრე მის მოსაშორებლად ვიბრძოლო.

 

– თუ ასეა, მაშინ მიჰყევი შენს გრძნობებს, წინააღმდეგობას ნუ გაუწევ სიყვარულისა და ლტოლვის ბობოქარ მდინარეს და რამდენიმე თვეში „ელ გაზიში“ აღმოჩნდები, სალეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში!

– არა, მე მგონი, უფრო სასამართლო დარბაზში აღმოვჩნდები, რადგან ვგრძნობ, ჩემში ბოროტმოქმედის მონაცემები იღვიძებს... მეშინია, ნაჯა არ მოვკლა!

– არა, მკვლელი არ ხარ: შენნაირმა კეთილსინდისიერმა ადამიანმა ასე შეიძლება დაიქადნოს, მაგრამ არასდროს შეასრულებს. გაიხსენე მაილს დევისი, ჩარლი მინგუსი, ბილი ჰოლიდეი, ჯონ კოლტრეინი, ან კიდევ, ლუბიჩი, ჰოვარდ ჰოუქსი, ფრიც ლანგი, ორსონ ველესი – ის გენიოსები, შენს პატარა ბინაში რომ გყავს შეკრებილი... განა შეიძლება მათთან განშორებაზე დათანხმდე ქალის გამო! შენს თავზე იფიქრე, რაღაც ჭირვეულობის გულისთვის ხომ არ დაინგრევ ცხოვრებას!

– მართალი ხარ. მგონი, შელოცვები უკვე ჩემში შემოდის, ვგრძნობ, როგორ მიბრუნდება სიმტკიცე და სიძლიერე!

ერთკვირიანი არდადეგების შემდეგ, ჰაჯ ბრაჰიმის შელოცვების შედეგმა უკვე თავი იჩინა. ჰამზამ ნაჯასთან შეხვედრის სურვილი დაკარგა. უფრო მეტიც, მასზე საერთოდ აღარ ფიქრობდა. ოთხი დღე ისე გავიდა, ქალთან არ დაურეკავს. ეს ნამდვილად რეკორდი იყო: ჰამზა დღეებს ითვლიდა და გრძნობდა, როგორ ეძალებოდა სიამაყე. წინააღმდეგობის გაწევა აღარ აშინებდა. ბოლოს, ნაჯა თავისი ნებით გამოცხადდა. ერთ ნაშუადღევს პირდაპირ სამსახურიდან მოვიდა. ჰამზას ამ დროს „პანდორა“ ჰქონდა ჩართული და ავა გარდნერით ტკბებოდა. ქალს სთხოვა, ხელი არ შემიშალოო. სახტად დარჩენილმა ნაჯამ მასთან საუბარი სცადა. კაცი არაფერს პასუხობდა, პირში წყალჩაგუბებული იჯდა და უკვე მრავალჯერ ნანახ ფილმს მისჩერებოდა.

– ეს ხომ შენი საყვარელი ფილმია! ალბათ ორმოცდაათჯერ მაინც გაქვს ნანახი. გააჩერე ვიდეომაგნეტოფონი და დამელაპარაკე.

ჰამზას ქალისკენ არც გამოუხედავს, მშვიდი, მაგრამ მტკიცე ხმით უთხრა:

– წასვლამდე გასაღები მაგიდაზე დატოვე, გეთაყვა. გმადლობთ.

– გახსოვს, მეუბნებოდი: „ქალები სასტიკები იმიტომ ხდებიან, რომ მამაკაცები არიან ლაჩრები?“

– მერე რა? ეს დემაგოგიაა.

– გინდა, რომ ერთმანეთს დავშორდეთ?

 იმდენი გამბედაობა მაინც მოიკრიბე, რომ მითხრა, რატომ.

ჰამზა არაფერს პასუხობდა. ქალისთვის ზურგი შეექცია და, ვითომ არაფერიო, ფილმს თვალს არ აცილებდა.

გაცეცხლებული ნაჯა წამოხტა და გასაღები იატაკზე მოისროლა:

– ლაჩარო! გამბედაობა სად დავკარგეთ, ბატონო ინტელექტუალო?! ვერც კი ბედავ, რომ სახეში შემომხედო, ზურგშექცეული მელაპარაკები, თავი თანამედროვე და განათლებულ ადამიანად მიგაჩნია და ასე უღირსად იქცევი! მივდივარ და გტოვებ შენს კასეტებთან, შენს ქაღალდის ღმერთებთან, შენს საცოდავ სიმარტოვესთან. არ იმსახურებ, რომ ნამდვილ ქალთან ერთად იცხოვრო...

როგორც კი ნაჯამ კარი გაიჯახუნა, ჰამზამ ფილმი გააჩერა, ერთი ბედნიერად ჩაისუნთქა, გამარჯვების ყიჟინა დასცა და აბდესლამს დაურეკა.

 

– იმოქმედა! გავაგდე. ყველაფერი დამთავრდა. შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამავსო და წავიდა. ასე მგონია, ახალგაზრდობა დამიბრუნდა, ისევ მე ვარ, ძველი მე, სიამოვნების მაძიებელი, სიმსუბუქესა და სიმარტოვეზე შეყ ვარებული. ბარაქალა შენს შელოცვებს, გადამარჩინა!

– მოიცა, ნაადრევი ზეიმი არ გამოგივიდეს. რამდენიმე დღე კიდევ მოითმინე. ასე ადვილად არ წავა. შენ მას თავმოყვარეობა შეულახე. შეურაცხყოფილი ქალი სახიფათოა. რას მოიმოქმედებს, არავინ იცის.

– ჰო, მაგრამ თვითონ რატომ გამიკეთა ჯადო? ჩემი შებოჭვა რატომ მოინდომა? მე თავი დავიცავი, მორჩა და გათავდა. ახლა არ მითხრა, რომ რამე დავაშავე...

ნაჯას არ ესმოდა, რამ გამოიწვია ჰამზას ასეთი უეცარი ცვლილება. რამდენჯერმე დაურეკა, მაგრამ კაცი ყურმილს არ იღებდა, ავტომოპასუხე ჰქონდა ჩართული. ნაჯა გრძნობითა და სინაზით სავსე დანაბარებს უტოვებდა, თავიანთი სიყვარულის სცენებს ახსენებდა, სასიამოვნო და სასაცილო წუთებს აგონებდა. არაფერს სთხოვდა, მის სიტყვებში მხოლოდ მონატრება იკითხებოდა. ჰამზასთან მისვლა არ უნდოდა, ეშინოდა, რომელიმე „მსუბუქ“ გოგონას არ წასწყდომოდა. ქალს მელანქოლიამ დარია ხელი და გული კაეშანმა დაუმძიმა. ჰამზა უყვარდა და ოცნებობდა, მისგან შვილები გაეჩინა. არაფრად ენაღვლებოდა ოცწლიანი განსხვავება ასაკში. დარწმუნებული იყო, რომ ორმოცდაათს გადაბიჯებულ მამაკაცს მშვენიერი წლები უდგებოდა. გაიხსენა კაცის ყველა ახირება, ჩვევა, რომელიც არ მოსწონდა, იმედი ჰქონდა, მის დავიწყებაში მიეხმარებოდა: „წესრიგის მანიაკია; ცოტა არ იყოს, ძუნწია; ყოველდღე დედამისთან დადის და სულ ცოტა ერთ საათი მაინც რჩება; არ უყვარს ბავშვები; არ შეუძლია ქალის ერთგულება; მალე დაბერდება; ლუდი უფრო მოსწონს, ვიდრე ღვინო; გაუბედავია... მაგრამ მიყვარს და რა ვქნა!“.

ბოლოს, დედას გადაუშალა გული:

– მე მგონი, შინაბერა დავრჩები, ვადაგასული საქონელი ვიქნები. სწორედ ახლა დავცილდი კაცს, რომელთანაც ისე კარგად ამეწყო ურთიერთობა. მოწიფული მამაკაცია, მაგრამ ქალების სიკვდილივით ეშინია. მისთვის ქალი გამოკეტილობის, ციხის სიმბოლოა. ვუყვარდი, ჩემთან ისეთი თავაზიანი და ხელგაშლილი იყო. ერთი კვირით ტანჟერში წავედით და საოცარი დრო გავატარეთ. არ ვიცი, რა იდუმალი რამ მოხდა იმ ქალაქში, მაგრამ როცა დავბრუნდით, კაცი თითქოს გამოცვალესო. ერთ დღეში გაუცხოვდა. ისეთი ტონით მომმართა, მისგან პირველად რომ მოვისმინე. პირდაპირ დაჯერება მიჭირს. ვიცოდი, რომ მამაკაცები ლაჩრები არიან, მაგრამ მან ყოველგვარი სილაჩრის რეკორდი მოხსნა. იმაზეც უარს ამბობს, რომ დამელაპარაკოს და გამაგებინოს, რა მოხდა.

– ჩემო საბრალოვ, კი არ შეიცვალა, შეგიცვალეს! შენ მიმართ შეცვალეს!

– რას ამბობ?

– კარგად ხვდები, რასაც ვამბობ...

– არა, ეგეთი არ არის. იმ სისულელეების არ სჯერა.

– რა შუაშია, ეგეთია თუ არა. ცხოვრება ასე მარტივი ნუ გგონია! ადამიანური ურთიერთობები მღვრიე და ბუნდოვანია, იდუმალებითა და ჩრდილებითაა სავსე. ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაზე რთული არაფერი მეგულება ამქვეყნად. ჩემს დროში ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა: კაცი გარეთ, ქალი შინ. ერთგვარი ჰარმონია სუფევდა. ეს წესი სრულყოფილი არ იყო, მართალია, მაგრამ ყველამ იცოდა თავისი ადგილი. ქალები კი არ ჯანყდებოდნენ, უკეთეს გზას პოულობდნენ: ეშმაკობით და მოქნილობით მოქმედებდნენ. რაც სურდათ, სინაზითა და ჭკუით იღებდნენ. თუმცა, ყოველთვის ვერა, რა თქმა უნდა. დღეს ყველაფერი შეიცვალა. ქალები აჯანყდნენ, მამაკაცებს თავს აღარ აჩაგვრინებენ. როგორც შეუძლიათ, ისე იბრძვიან. ზოგი მისნებთან და გრძნეულებთანაც დადის... არც ისე ცოტა, სხვათა შორის.

– შენ გგონია, ჰამზაც...

– რა თქმა უნდა, ჩემო კარგო. ეჭვიც არ მეპარება.

– ის ხომ თანამედროვე კაცია. ჯაზი და კლასიკური კინო უყვარს. სვამს და რამადანს არ იცავს. ევროპული აზროვნება აქვს. ისეთ ხალხთან არასდროს ჰქონია საქმე. საიდან უნდა ეპოვა ვინმე, ვინც...

– როცა კაცი კუთხეშია მომწყვდეული და გასაქცევს ეძებს, ყველაფერზე წავა.

– მომწყვდეული რატომ იყო?

– ჩათვალა, რომ ხაფანგში გაება, ცხოველივით გალიაში გამოამწყვდიეს. შენ არაფერს გიწუნებდა, მაგრამ თავისუფლების დაბრუნება უნდოდა. შენ კი შენი მოთხოვნები გქონდა, იმედოვნებდი, რომ ცოლად მოგიყვანდა, ოჯახს შექმნიდით, ბავშვები გეყოლებოდათ... ის სიამოვნებით გიწვენდა ლოგინში, მაგრამ ვალდებულების აღება არ სურდა. ამიტომ გამოსავალი იპოვა – ჯადო გაგიკეთა!

– არა, შეუძლებელია. ვერ დავიჯერებ. ვერ წარმომიდგენია, ეს როგორ უნდა ეკადრებინა.

– ცხადზე ცხადია, ჩემო კარგო. ხვალამდე დამაცალე და ყველაფერს ზუსტად გაგიგებ.

კიდევ რამდენიმე დღე გავიდა.

ნაჯა დაბნეული იყო. მას შემდეგ, რაც შელოცვების ამბავი გაიგო, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს გააბრიყვეს, შეაცდინეს, საკუთარ ხრიკებშივე გახლართეს. ბოლოს გადაწყვიტა, ჰამზა დაევიწყებინა, მათი ურთიერთობისთვის კი იუმორით დაესვა წერტილი. ამიტომ, ტელეფონზე დაურეკა:

– შენი შემლოცველი ჩემსაზე მაგარი აღმოჩნდა! ხომ არ მიმასწავლიდი?

ჰამზამ გაიცინა... კითხვა ჰაერში გამოეკიდა... ნაჯამ ერთი გულიანად გადაიკისკისა და ყურმილი დაკიდა.

 

ფრანგულიდან თარგმნა თამარ ხოსრუაშვილმა.

არტურ რემბოსა და რენე შარის ლექსების ციტატები აღებულია გიორგი ეკიზაშვილის თარგმანებიდან

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE