პასუხები


პასუხები




_ ჰო, ყველას აქვს სუსტი მხარე, ჩემი ორიენტაციაა, შენი კიდე მთავარი _ არაადამიანი ხარ კარგად განვითარებული ორიენტირებით! _ ჩავყვირე ყურმილში და გავთიშე. მისი მოსმენა აღარ მინდოდა. ეს მაშინ ხდება, როცა სათქმელი არ გაქვს და პასუხებსაც აღარ ელი...

გმირთა მოედანზე ვიყავი, საცობში... სხვები, აი „იმისნაირი“ ჭკვიანები, შესაბამის ზოლში კი არ იდგენენ, მესამე ხაზად მოძრაობდნენ და საპირისპიროდ დაძრულ ნაკადს ავიწროებდნენ. იყო პიპინი და გაიწიე-გამატარე. რას უნდა ელოდო სხვას, როცა პიკი საათია...

_ ღორო, გგონია, ეხლა ჩემს რიგში ჩაგაყენებ?! აი ეგრე, იყავი ეხლა ეგრე, გაშეშებული ცხვარივით. ხო, შენ, შენ გეუბნები, ცხვარი მე კი არ ვარ, ამ ნაკადს რომ მორჩილად მივყვები, შენ, შენ ხარ! _  შავ, დაბურულმინიან ჯიპს მივაძახე. შავი ჯიპი სტატუსია, ინდოელებს ახლა რომ შეექმნათ რელიგია, უმაღლესი კასტის პირმშო შავი ჯიპის პანორამიდან გაჩნდებოდა... აბა ჩემი ვერცხლისფერი პრიუსი მონათა კლასია. ფართო გასაქანს მიჩვეული ღვთაებრივი მანქანა უკიდურესად ჩემს მხარეს გადმოიწია, ლამის სალონში შემოიჭრა და ხელი შემომხვია...  არ დავუთმე, პირიქით, მეც უკიდურესად მარცხენა მხარე დავიჭირე და ის იძულებული შეიქნა, უფრო მეტად გადასულიყო საპირისპირო ზოლში. ისმოდა საყვირებისა და მრავალსართულიანი მოხსენიების ხმები... ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებდა, სამართლიანობის განცდა დიდი ადრენალინია, მითუმეტეს, თუ პრივილეგირებულ კლასს ეხება საქმე.

_ ეი, გამომხედე, აქეთ, შენ, ჰო შენ! ღმერთს გზააბნეული ცხვარი რომ უფრო მეტად უყვარს, არ გაგიგია?! _ მომაძახა შავი ჯიპიდან მამაომ და ფანჯარას კიდევ უფრო დაბლა ჩაუწია.

_ უკაცრავად, არ ვიცოდი! _მოულოდნელობისაგან შევცბი.

_ უყურე ამას შენ, არ იცოდა, კაბას რომ ხედავ ზრდილობიანი ხდები, ხომ?! ოხ, შე ფარისეველო... გადააყენე ერთი, აი ცირკთან, ხიდის ქვეშ!

_ გადავაყენო რა, პატრული ხარ?! _ იმდენი გიჟი და ახირებული დადის ქალაქში, პატრულის იმედი მაქვს. უფრო სწორად, იმედი კი არ მაქვს, ერთადერთი, რაც ამ დროს მაგონდება, ისაა, რომ პატრულს უნდა დავურეკო... ეს პატრულიც, დიდი ვერაფერი, მკვდარზე გვირგვინი, მოვლენ, ილაპარაკებენ, იცინებენ და მერე დიდ ფურცლებს შემავსებინებენ. წერა არასდროს მიყვარდა, მასწავლებელი ხელებში სახაზავს მირტყამდა ცუდი კალიგრაფიის გამო. მესამე კლასში დაადგინეს, რომ მიოპია მქონდა და ამის მერე მასწავლებელს სახაზავი აღარ დაურტყამს, მხოლოდ ნიშანს მაკლებდა. ერთს კი არა, ორს. გუშინწინ, სამსახურიდან რომ გამოვედი, ერთი აგრესიულად მოცლილი ამეკიდა... მოიცა, მოიცა, შენ ის არა ხარო?! დამცინავად შემომქირქილა და სვლას აუჩქარა ჩემი მიამრთულებით... გამოვიქეცი, მანქანაში შევხტი თავქუდმოგლეჯილი, როგორც იქნა, გასაღები მოვარგე და გამოვქროლდი... ერთი ეგაა, სანამ იმ ნაგიჟარს გადავურჩებოდი, გულში გავიფიქრე, ღმერთო, თუ მართლა არსებობ, მიშველე-მეთქი...

_ გადააყენე, სანამ გარდამისახიხარ! - არ შემეშვა საგზაო წესების დამრღვევი ანაფორიანი ჯიპი, უფრო სწორად კი ჯიპი ანაფორიანი. მამაოები ყოველთვის მაღიზიანებდნენ: ზემოდან იყურებიან _ მე ცოდვილი და ის კიდევ ღმერთის მსახური. იმათი ცხოვრება ჭეშმარიტია, ჩემი ცოდვილი და სამუდამო განსაცდელისათვის განწირული... რელიგიურ წიგნებს ბავშვობაში ვკითხულობდი, ეკლესიაშიც დავდიოდი, ვეზიარებოდი, აღსარებას ვამბობდი... პირველად მაშინ ვიკითხე, რა საჭირო იყო სქესი, როცა შეიძლებოდა უბრალოდ ადამიანი ყოფილიყავი. ეგ რანაირად, უსქესოდო, ვერ მიმიხვდა მამაო. ახსნას შევეცადე. შენო, ეშმა გიზისო და დღეში სამჯერ უნდა ილოცოო და ასი მეტანია აკეთოო, ასე მითხრა... იქიდან მოყოლებული,  ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო, იმიტომ კი არა, რომ მეტანიების კეთებისაგან „პარკეტჩიკების“ ავადმყოფობა ავიკიდე, იმიტომ რომ პასუხებს ვერ ვპოულობდი...

რამეს, არაშაბლონურს რომ ვიკითხავდი, ეგ ღმერთმა იცისო, ასე მამხნევებდნენ. ღმერთი არცთუ ისე ძალიან მომწონდა, იმიტომ რომ ხშირად ბრაზდებოდა და სჯიდა ადამიანებს... იესო პირიქით, დასჯილებს კურნავდა. დასჯა ყველაზე ცუდი რამაა, რაც ოდესმე გამოგონებულა. თუ ვინმე შემავიწროვებს პატრულს იმიტომ კი არ ვიძახებ, რომ დავსაჯო, იმიტომ, რომ თავი დავიცვა, ღმერთს კიდე თავის დაცვა არასდროს დასჭირვებია, ყოველთვის ყველაზე ძლიერი და მაგარი იყო, იესოსაგან განსხვავებით...

ამ ბოლო დროს სულ ხელებზე ვიყურები, ალბათ იმიტომ, რომ საჭესთან ვარ და კიდე იმიტომაც, რომ ყველაზე კარგად ნებისმიერი ადამიანი თავის ხელებს ხედავს. რომ შემეძლოს, უფრო თხელი და გრძელი თითები მექნებოდა, ჩემი იმაზე მოკლეა და მსხვილი. ბევრ რამეს შევიცვლიდი გარეგნობაში. ზუსტად ვიცი, ერთ დღეს ისეთი გავხდები, როგორიც მინდა.

მშობლებმა რომ წინასწარ იცოდნენ, როგორი შვილი ეყოლებათ, უფრო ნაკლები ბავშვი გაჩნდებოდა, ან პირიქით, უფრო მეტი. ეგ სტატისტიკა ჩემს მდგომარეობას არ აიოლებს, მე უკვე ვარსებობ, იმის მიუხედავად, გავამართლე თუ არა მათი მოლოდინი. დედაჩემი არ მელაპარაკება, მამა დიდი ხნის წინ  წავიდა სახლიდან, ჩემი ძმები სადაც მნახავენ, ცემით მემუქრებიან... როცა ღმერთი ადამიანს ქმნიდა, ალბათ წინასწარ იცოდა, რაც გამოვიდოდა, თუ არ იცოდა - ეგეც ეპატიება... ამიტომაც არ ეწოდა ადამს ღმერთის შვილი და დარჩა მხოლოდ და მხოლოდ პირველი ადამიანი... რომ შეიძლებოდეს, მეც ასე ვიტყოდი. არავის ვეკუთვნი, არავის შვილი ვარ და არავის და, მხოლოდ და მხოლოდ ანა-ბელპირველი. ერთადერთი და განუმეორებელი. ბუნებამ განსაკუთრებით იზრუნა ჩემზე და საბოლოო დაღიც დამასვა, აქამდე არსებულ საზრუნავებს შორის ახლა კიდე ახალი, სასამართლოც დამემატა.

საჭე ძალიან მიყვარს, მანქანის ტარება ჩემი გატაცებაა, შემიძლია საათობით ვატარო, მაგრამ საცობებში დგომას ფეხით სიარული მირჩევნია... საჭესთან ყოფნა იმითაა კარგი, რომ სულ ფიქრობ, ფიქრობ და თან კარგ მუსიკას უსმენ... გმირთა მოედნის საცობმა ჩვეულ დროზე მალე გაიწოვა, ისე, როგორც მილში გაჭედილმა წყალმა... კარგად რომ ამოტუმბავ, სივრცის მაქსიმალურად გადავსების შემდეგ წნევა თავისას იზამს, ერთი გრანდიოზული „დღლუმპ“ იქნება და მილიც იხსნება, შეგუბებული ნაკადი სიღრმეებს დააწვება.

წრეებს ვარტყამდი, კარგად, საკაიფოდ ბნელოდა, სახლში წასვლას ვწელავდი. სახლში წასვლა არ მინდოდა. ვინმესთან დარეკავდა ადამიანი, მაგრამ არავინ მახსენდებოდა. ასეა, ერთ ადამიანს რომ მიებმები და იმედებს ააგებ, მერე ყველას ჰკარგავ, საბოლოო ჯამში კი მარტო რჩები... ესეც ჩემი ფანტაზიაა, ესეც არაა მართალი, ერთია - მე რას წარმოვიდგენ, და მეორე კი - რაც სინამდვილეა, სწორედ ეგაა ჩემი ცხოვრების მთავარი პრობლემა, ჩემი განცდები და დამდგარი რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა. სხეულის შემთხვევაში ეს გადაჭრადი პრობლემა აღმოჩნდა, სხვა დანარჩენი კი განუზომლად რთული. მთლად უმეგობროც არ ვარ, რამოდენიმესთან დარეკვა თუ შემეძლო და იმათ კიდე, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემთვის აღარ სცალიათ. ჩემს პრობლემებს და წუწუნს, კარგა ხანია, ადეკვატურად არ განიხილავენ, „დიდ და მასშტაბურ“ ამბებში არიან ჩაფლულნი, მე კი რა? არაფერი, მხოლოდ ჩემი თავი და გადამისამართებული პასუხისმგებლობები...

უამრავი მცდელობის შემდეგ მაინც ვერაფერი გავუგე ამ დაუსრულებელ წრეებს გმირთა მოედანზე, ან, იქნებ გავუგე და ორიენტაციას ვაბრალებ იმას, რაც სულ სხვა რამის ბრალია. წასასვლელი რომ არსად გაქვს, იმის მიუხედავად რომ სახლიც გაქვს და კარიც, საკრედიტო ბარათიც, მანქანაც, ეგაა მთელი ტრაგედია... ცირკთან, ხიდის ქვეშ ჯიპი შევნიშნე, ფარები დამიციმციმა.

მოვკრუგე და უკან მივუყენე...  კარგა დიდი პაუზის შემდეგ გადმოვიდა მანქანიდან. სტანდარტულ მამაოს არ ჰგავდა, მაღალი, გამხდარი და გვარიანად გამოპრანჭული იყო. „კარწიე დეკლარეიშენი“-ს სუნი მეცა, ამ სურნელზე ყოველთვის ჭკუას ვკეტავდი, ისიც კი გავიფიქრე, დაღლილობისგან მოლანდებები ხომ არ დამეწყო-მეთქი, მაგრამ როცა უფრო მომიახლოვდა და ჯვრის საკოცნელად მოვიხარე, ყველაფერი ცხადი გახდა. არაფერი მომლანდებია.

_ კარგა ხანი მალოდინე...

_  უნდა გარდამსახოთ? _ გახუმრება ვცადე. მაგრად მეუცნაურებოდა მამაოს საქციელი. ცნობისმოყვარეობამ მძლია და იმიტომაც დავპარკინგდი ხიდის ქვეშ. რაც არ უნდა არაპროგნოზირებად ამბავში გავხვეულიყავი, ეგრე მერჩია. ჩემი ადვილად გამოსაცნობი დღის წესრიგი სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა სახლში ტელევიზორის წინ მოკალათება, ჭიქა შავი ყავა და საინფორმაციოს სამსაათიანი ჩხავილი. მეც არ ვიცი, რატომ ვუყურებ ამ საინფორმაციო გადაცემებს, ძალიან არ მომწონს, მაღიზიანებს, ტელესერიალების ყურებას კიდევ ეგ მირჩევნია. უქმეებზეც დიდ ვერაფერ დროს ვატარებ, უფრო ხშირად ექიმებთან მივდივარ, ხანდახან გოგოები თუ შევიკრიბებით და კლუბში წავალთ... იქ კიდე, ერთმანეთზე შეწეპებულები, ჯერ კარგად ვსვამთ და მერე ლიზბიანკებივით ვუფათურებთ ხელებს ერთმანეთს. სცენის ცენტრში თვალდახუჭული ვცეკვავთ, თან ერთი ხელი ზემოთ გვაქვს აწეული, ვინმე თუ მოგვიახლოვდება და გამოლაპარაკებას ცდის, ვიღიმი და ენას მეექვსე კბილზე ვიდებ... კლუბის კაცები მანც ყველაზე უცნაური ხალხია, ლიზბიანკები არ აღიზიანებთ და „ფედერალისტებს“ დედას აგინებენ, ჩემზე რომ არაფერი ვთქვა... გოგოებისთვის ეგრე არაა, მთავარია, შენ კაცს არ გაეპრანჭოს სხვა ქალი, დანარჩენი მეორეხარისხოვანია. კლუბში გაცნობილ ნასვამ მამრებზე ყურადღებას ნაკლებად ვხარჯავ, კარგად მესმის, რომ ყოველთვის მოინახებიან ჩემზე სრულყოფილი და ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც უარს არაფერზე ეტყვიან, აჰყვებიან...

_ შუქნიშანი არაა, სწრაფად უნდა გადავიდეთ, ჩქარა, ჩქარა!_ ხელი მაჯაში ძლიერად ჩამჭიდა მამაომ. თვალის დახამხამებაში ქუჩა მეცხრეკლასელებივით გადავირბინეთ.

_ სწრაფად, დაგვიანდა! _ მომაძახა, გზას რომ დავადექით. სიარული გამიჭირდა, ეს ტაბლეტების ბრალიც იყო... ის კარგი სპორტსმენივით მიდიოდა წინ. ნამდვილად უცნაური ვინმე იყო, ეჭვიც კი შემეპარა, რომ ნამდვილ მამაოს მივყვებიოდი.

პანიკამ ამიტანა, მუხლები ამიკანკალდა, ეს მოქნილი სპორტსმენი კაბაში, შეიძლება მანიაკი ყოფილიყო, აქვე გამომჭრიდა ყელს და მიმაგდებდა. რატომ იგონებს ადამიანი თავგადასავლებს, რატომ ვერ აფასებს იმას, რაც აქვს, ცხელი ყავა და საინფორმაციო არ ჯობდა ყველაფერს?! ცხელი ყავა, საინფორმაციო, და მარტო ყოფნა კვირა საღამომდე... ისე მარტო, რომ შეიძლება ჯობდეს კიდეც მანიაკთან სეირნობდე ტყეში.

_ ერთი წუთით?! _ რაც შემეძლო ხმამაღლა დავიყვირე. მოტრიალდა. საუბრის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ საკუთარი გულისცემა ყელში მებჯინებოდა. მიწაზე წამოვჯექი და ღრმად სუნთქვა ვცადე. ჯიბეში სიგარეტი მოვიძიე, სანთებელა - ვერ. მამაომ ჯიბიდან ასანთი ამოიღო და გამომიწოდა.

_ რანაირი მამაო ხარ? არ ხარ მამაო?! _ წინ მედგა და ამპარტავნად იცინოდა.

_ რატომ, მოძრაობის წესებს რომ ვარღვევ და ასანთს ჯიბით ვატარებ? _ მამაოს სიძულვილი აშკარა იყო, აკვირდებოდა ჩემს სამოსს, თითებს, შეხსნილ ქურთუკს, გარღვეულ კოლგოტს.

_ უეჭველი ისაა, რომ შავი ჯიპი გყავს, ეგეთები მარტო თქვენ გყავთ. ნუ, მარტო თქვენ თუ არა, უმეტეს შემთხვევაში, აი, ეგ ჯიპები თქვენია... სიგარეტის მოწევა ცოდვა მეგონა და ასანთი მომეცი... მგონი მანიაკი ხარ, კი აშკარად მანიაკი ხარ!

_ გაჩუმდი, ნუ სცოდავ!

_ მაპატიეთ! _ ტონს დავუწიე და თავი დავხარე.

_ შეგინდობ... მართალია, ტყეში შენნაირი არავის უნდა გაჰყვეს, ვინც არ უნდა იყოს...

_ რატომ, საშინელი ვარ და მომკლავს? მაგიტომ წამომიყვანე?! ჩემი გაუპატიურება თუ გინდა, არსად გამქცევი არ ვარ, მაგრად დავიღალე _ ვუთხარი და გამეცინა.

_ ადექი! _ ზიზღით მიმაძახა, ქუდი შეისწორა. დავემორჩილე.

ალბათ მიცნო, გავიფიქრე და დავმშვიდდი. რთული არ იყო, ცოტახნიანი დაკვირვება და ეჭვის თვალით შეხედვა ჰყოფნიდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, თანახმა ვიყავი, აღარ მეშინოდა. წინა კვირას გამოწერილი ფეხსაცმლის დარდი მქონდა, გზაში ხის ნაფოტს წამოვდე და ცხვირი გავუფუჭე. ფეხსაცმელები ყოველთვის მიყვარდა, თუ საჭირო გახდებოდა ამისათვის თავსაც გავწირავდი, ბიუჯეტი რა მოსატანია.

_ სად მუშაობ? _ მკითხა, აღმართს რომ გავცდით, ტყე გამოვიარეთ და ჩვენს წინ მკრთალად განათებული შენობა გამოჩნდა.

_ მე ანა-ბელი მქვია, ვულე-ვუში ვმუშაობ. მთავარი მენეჯერი ვარ, ოთხი ფილიალი მაბარია. სერტიფიკატიც მაქვს ხარისხის, პარიზში ავიღე.

_ ეს ანა-ბელი რაა, კათოლიკე ხარ, ხო? პარიზებში კი მისცემდნენ შენნაირს სერთიფიკატს. ყველანაირი გარყვნილება ევროპიდან მოდის... _ განათებული შენობა დაუსრულებელი ეკლესია აღმოჩნდა, ხარაჩოები მიედგათ გარედან და გზა მოესწორებინათ...

_ როგორ ჩემნაირებს, შემომხედე და მითხარი, როგორი ვარ?! _ სისხლი თავში მაწვებოდა, ცრემლებით ამევსო სახე. აღარც ღამის მეშინოდა, აღარც ტყის და არც მამაოსი. იმ წამს მზად ვიყავი ყველას და ყველაფერს შევბრძოლებოდი, ვინც ჩემს არსებობას ეჭვქვეშ დააყენებდა.

_ გზას აცდენილი ხარ, შენ! _ განაჩენივით მომახალა, წელში გაიმართა და კმაყოფილება იგრძნო.

_ გზას აცდენილები ღმერთს უფრო უყვარს! - პირველად მიშველა ღმერთის სახელმა, სხვა შემთხვევებში ამ დროს „ფუი ეშმაკს“ მომაძახებდნენ.

_ ჰოდა ილოცე, მაგისთვის მოგიყვანე აქ!

 

***

რიგში ყოველთვის მიწევდა დგომა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან ვიზიტი მკაცრად განსაზღვრულ საათზეა ჩანიშნული. რიგში დგომა მოუცლელობის გამო კი არ მაღიზიანებს, არამედ სულ სხვა რამის გამო... ყოველთვის გამოჩნდება სხვა განყოფილების რიგიდან ერთი-ორი მოხალისე, გინებას რომ დამიწყებს... ამ ზაფხულს მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად პატარა რემონტიც კი გააკეთეს და ჩვენს განყოფილებაში დიდი გამჭვირვალე კარი დაკიდეს, იქ შემოსვლა საშვის გარეშე ვერავინ რომ შეძლოს.

ჰორმონალური თერაპია ხანგრძლივი პროცესია. მორჩილად ვსვამ ყველა აბს და ზედმიწევნით ვასრულებ ვარჯიშებს.  ჩემი სხეული ნელ-ნელა იმ სახეს იღებს, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. მჯერა,  ზუსტად ის ვიქნები, ვისკენაც ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ.

_ რა ჯიშია... რასა ჰგავს... უბერავს... დარეხვილია... ნაზიკო, ნახე რა... ეს მახინჯი... ამის დედა... დაიჭირეთ, დაიჭირეთ, მოკალი, მოკალი! _ ჩემი დევნა იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე გავაცნობიერებდი, რომ საზოგადოებისაგან განსხვავებული მოთხოვნლებები და შეხედულებები მქონდა. ადრეული ასაკიდან, მაშინ, როცა სხვებს ჯერ კარგადაც არ ჰქონდათ გათვითცნობიერებული სქესის მნიშვნელობა. მახსოვს, ასე მოხდა: ოთხი წლის ვიყავი, ადრე გამეღვიძა, საწოლიდან დაუხმარებლად გადმოვღოღდი, ყველას ეძინა... აივანზე გავედი, მოაჯირის კიდეში დავჯექი, ფეხები ჰაერში გამოვკიდე და მზეს შეფიცხებული ჩემს ხელებს დავაკვირდი... ვფიქრობდი, რა ლამაზია, რა ლამაზია გლუვი კანი და თეთრი თითები...

_ ანა-ბელ! მობრძანდით, ექიმი გელოდებათ _ ოთახის კარი გაიღო და სასიამოვნო გარეგნობის გოგონამ მიხმო. ჩემი ექიმი ორმოცდაათს გადაცილებული ქალია, შვილები არ ჰყავს, არც ქმარი, ჩარჩოში მაგიდაზე დედისა და მამის ფოტო უდევს... მაინც რა არის ადამიანი, ის, რაც უნდა რომ განახოს, რომ არის, ის, რაც უნდა რომ შენ მასზე იფიქრო... ჩემს ექიმს უნდა, ვიცოდე, რომ ყველაზე მეტად დედა და მამა უყვარს, მე კი მინდა იფიქროს, რომ ძალიან მოწესრიგებული და წესიერი ადამიანი ვარ. ზედატანს ვიხდი და ლამაზად ვკეცავ სკამზე, ლიფსაც ვიხსნი...

_ ანა-ბელ, ძვირფასო, ასეთი ბიუსტჰალტერი არ გამოგადგება, რაც შეიძლება რბილი და დამყოლი შეარჩიე, გუბკები პრობლემა არაა, თუ გინდა ჰქონდეს, მაგრამ მე მაინც თავისუფალს გირჩევ... ეს ძალიან მოჭერილია... აი, ნახე, აი აქ, კბილანის კვალი გემჩნევა _ ხელს ნაზად მკიდებს მკერდზე და სარკეში ნაჭდევს მაჩვენებს... _ კანი კარგ მდგომარეობაში გაქვს, ასეთ შედეგს არ ველოდი მოკლე დროში... _ კმაყოფილია, მომწონს, რომ მაქებს, მე თუ არა - ჩემს სხეულს, სხეულს, რომელიც ჩემია, მიყვარს და როგორც იქნა დავიბრუნე...

_ ფსიქოთერაპავტთან კიდევ დადიხარ, თუ  დაასრულე?

_ კურსი წინა კვირას დავასრულე... ძალიან კმაყოფილი ვარ, უფრო მეტად დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში. მშვიდად ვარ... პლასტიკურ ქირურგთან ორ თვეში მივდივარ, დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ჩარევის შემდეგ საბოლოოდ შევძლებ მშვიდად ცხოვრებას... სამსახურში წინა კვირას მითხრეს, რომ ჩემი თანხმობის შემთხვევაში დიდი საიმოვნებით გადამიყვანენ ბათუმში, დასავლეთ საქართველოს ყველა ფილიალს მე ჩამაბარებენ. ალბათ სექტემბრიდან გადავალ. მეც ეგ მინდა, ახალი ქალაქი, ახალი ცხოვრება...

_ ძალიან კარგი, ხომ ხედავ ყველაფერი ისე ეწყობა, როგორც შენ გინდა! თავს გაუფრთხილდი, ჩემგან თავისუფალი ხარ _ მეუბნება ექიმი და მიღიმის. კარგი ქალია, სულ იღიმის, მოვლილია, გემოვნებით აცვია და შანელ „შანსი“ ასხია... სუნამო ჩემთვის ბევრ რამეს ამბობს ადამიანზე, შემიძლია მათი ხასითიც გამოვიცნო ამის მიხედვით. შანელ „შანსი“ იმ ქალების არჩევანია, თავისი საქმის იმედი რომ აქვთ და ცხოვრებისეულ პრობლემებს ღირსეულად უმკლავდებიან. ასეთი ქალები ყოველთვის რაღაცას მალავენ... იმიტომ მალავენ, რომ ასე აღზარდეს: სხვას მხოლოდ გაღიმებული სახით უნდა ესაუბრო და შენი პრობლემები შენთვის დაიტოვო.

საღამოს ნინას ვურეკავ, ჩემი თანამშრომელია, კონსულტანტად მუშაობს და დაწინაურება უნდა.  ნინამ თბილისში დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა და ბიძაშვილთან ერთად თემქაზე ბინა იქირავა. სამსახურში დროულად რომ მოვიდეს სახლიდან ორი საათით ადრე გამოდის, გემოვნებით აცვია, მაკიაჟის კურსები გაიარა, ყველაზე მეტად ქალაქელი ბიჭის პოვნა და გათხოვება უნდა. ნინა და მისი ბიძაშვილი ვერანდაზე მეპატიჟებიან. ნინას ბიძაშვილი ცოტა მეგოიმება, მაგრამ არ ვიმჩნევ, მეჩვენება, რომ სულ ცდილობს, წამკბინოს, ნინა ყოველთვის აგრძნობინებს, რომ არ მოწონს მისი საქციელი.

ერთმანეთს შარდენზე ვხვდებით და ვსეირნობთ. მე ახალი მოკლე ვარდისფერი კაბა მაცვია, ნინოს შავი, გრძელი და მოტკეცილი, ნინო ჩემზე დაბალია, ბიძაშვილი კი ზემოდან გვიყურებს, გრძელი ზედატანი აქვს და მოკლე ფეხები. გოგოებს ვეუბნები, რომ დღეს მე ვპატიჟებ და საცეკვაოდ ბარში მივდივართ.

_ მაგრად შეიცვალე, მგონი ყველა შენ გიყურებს, ჩვენ ვეღარ გვხედავენ... _ მეუბნება ნინას ბიძაშვილი და ჯინ ტონიკს სვამს.

_ ჰოო, მადლობა... სულ მალე ყველაფერს მოვრჩები და აღარ მომიწევს ექიმებთან სიარული... ძალიან მაგრები არიან, მეც არ ველოდი ასეთ შედეგს...

_ ანა-ბელ, მეც მინდა შენნაირი ლამაზი ვიყო! _ მეუბნება ნინა და მეხუტება... ასე იცის, ორი ჭიქის შემდეგ მოწყვლადია, ყველა უყვარს და ეფერება. ვგრძნობ ნინას ახურებულ სხეულს, გაოფლილ კეფას და ხშირ სუნთქვას. ნინას ნაზად ვკოცნი სამჯერ, ბიძაშვილი ზიზღით მიყურებს.

_ მოიცა რა, რაც ღმერთმა მოგცა, ის უნდა იმყოფინო, ეგეთი არაფერი მინდა, ღმერთმა დამიფაროს! _ ბიძაშვილი პირჯვარს იწერს, ძალიან სასაცილოა, პირჯვრის შემდეგ სასმელით სავსე ჭიქას ერთი გადაკვრით აცარიელებს და მაგიდაზე ისე ანარცხებს, როგორც კაცი.

_ რას მერჩი? _ ძალიან მშვიდად ვეკითხები, გული მწყდება.

_ სიმართლე გითხრა?

_ მითხარი...

_ შენნაირები არ უნდა იბადებოდნენ, შეცდომაა ეგ!  ქალად გადაკეთდები და ყველას მოატყუებ, სულ ასეთი ვიყავიო?! პასპორტსაც გადააკეთებ, ჰო, სქესს ქალს ჩაიწერ... შენ რაც არ უნდა ქნა, მაინც ვერ მოისვენებ... აი აქ, ყველა რომ მოგშტერებია მაგ მოღებულ გულზე და გამობზეკილ ტრაკზე... რომ გაიგონ, როგორიც ხარ და ვინცა ხარ, ფეხქვეშ გაგიგდებენ...

_ ასე თუ ვერ მიტან, რატომ დადიხარ ჩემთან ერთად?!  _ თვალები ცრემლით მევსება, ნინა ფხიზლდება, ამბობს თავბრუ მეხვევაო და ტუალეტში გარბის...

ის ნინას მიჰყვება ტუალეტში, მე ვდგები და მოვდივარ, მაგიდაზე ასლარიანს ვტოვებ... ვიცი, რატომაც დადიან ჩემთან ერთად, სხვა მეგობარი არ ჰყავთ, ფულიც არ აქვთ. ნინა მაინც უფრო კარგი გოგო მგონია, მთვრალია თუ არა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, როცა მეხუტება, ვგრძნობ, რომ იმ მომენტში ნაღდია... ისე მეხუტება, როგორც ქალი ქალს. სოლიდარულად. ჩემი არ შურს, ეგ ქალებში იშვიათია. თუმცა, ადრე პირიქითაც მიგრძვნია, გაურკვეველი და ჩამოუყალიბებელი შეხებები... ამ დროს არ ვიცი ხოლმე, რა გავაკეთო... ერთადერთი, რასაც ადამიანებისგან ვითხოვ, ისაა, რომ ისეთი მიმიღონ, როგორსაც მე ვეუბნები, რომ ვარ და ვთავაზობ.

გარეთ გამოსვლა მსიამოვნებს, კარგი ჰაერია, სიგარეტს ვიღებ და სანთებელას ისევ ვერ ვპოულობ... უცნობი მიახლოვდება და სიგარეტზე მიკიდებს.

_ დიდი მადლობა! _ ვეუბნები და ვირინდები. უცნობი სიმპატიურია, ჩემხელა იქნება, ან ჩემზე ოდნავ უფროსი. ძალიან თეთრი კბილები აქვს, ალბათ ითეთრებს. ნასვამია. სოფლელს არ ჰგავს, აშკარად ვერელია ან მთაწმინდელი.

_ არაფრის, რა გქვია?

_ ანა-ბელი...

_ რა სექსუალური სახელია, ძალიან ლამაზი გოგონა ხარ, არ გინდა, აქვე, ყავა დავლიოთ?

უცნობს მანქანაში ვუჯდები, მანქანას ტყავის სალონი აქვს, ახალია. სახელის კითხვა მავიწყდება, მერე ვიკითხავ, როცა კაფეში მივალთ. რაღაც სუნამო ასხია, ვერ ვხვდები, ალბათ იმიტომ ვერ ვხვდები, რომ ორი სუნამო ასხია ერთად... არ მომწონს ეს ამბავი, ორი სუნამო ერთად მანიაკებს ასხიათ და გაუმაძღრებს.

უცნობი ცენტრალური გზიდან უხვევს და რამოდენიმე წუთში ჩაბნელებულ ადგილას ვჩერდებით. კარგი მუსიკა აქვს ჩართული, მსიამოვნებს, მაგის გამო ხმას არ ვიღებ და მომწონს კიდეც გზას რომ აგრძელებს.

_ რა გქვია? _ სიჩუმეს ვარღვევ.

_ რა მნიშვნელობა აქვს...

_ აქვს, მითხარი!

_ არჩილი მქვია, აჩოს მეძახიან... რა ლამაზი გოგო ხარ, ანა, რა ლამაზი მკერდი გაქვს _ მეხვევა, ხარბად მკოცნის. ვნებიანია, სწრაფი. უხეშია, შავი თმა აქვს, თითები _ მოკლე და მსხვილი, დაკუნთული სხეული, ალბათ ვარჯიშობს ან სპორტსმენია...

_ შემეშვი! _ ვყვირი გამეტებით.

_ რა გაყვირებს, შენ შიგ ხომ არ გაქვს?! _ მხეცივით ღრიალებს. კარს ვაღებ და მანქანიდან გადმოვდივარ.

_ იდი ნახუი! _ ამბობს ის, ფარებს რთავს, მანქანას ატრიალებს და მიდის.

ტაქსიფაი ჩატვირთული მაქვს ტელეფონში, ვერ ვიძახებ, მისამართს ვერ აგნებს, მაგისტრალამდე ფეხით ჩასვლა მიწევს. არ მეზარება, ვცდილობ ფეხსაცმელი არ გამიფუჭდეს. ნინა მირეკავს, არ ვპასუხობ. მეოთხეჯერაც რომ რეკავს, მოთმინებას ვკარგავ.

_ ჰო, რა ხდება?

_ სად წახვედი, რა პონტია, იცი, რა ცუდად ვარ, თინამ კინაღამ სასწრაფო გამოიძახა, მოდი რა, მეშინია...

_ სად ხარ? ფეხით გამოვედი, ჰაერზე...

_ შენს სახლთან ვართ, ვაზარეთ, ვაზარეთ და არ გაგვიღე...

_ დამელოდე, ტაქსი საცაა მოვა და ათ წუთში მანდ ვარ...

_ თინას ბოდიშის მოხდა უნდა, მართლა ბევრი დავლიე და მგონი ვაწყენინეო... რაღაც საშინელი კოქტეილი იყო, დედა გვიტირა, შენ გული არ გერევა?

სახლში რომ მივდივარ, ნინა და თინა სადარბაზოს კიბეებზე მხვდებიან. ნინას სძინავს. ვაღვიძებ. თინა ჩემს ბინას ათვალიერებს, თვალს აპარებს საძინებლისკენ. ვეუბნები, რომ უკვე გვიანია და ჯობს ჩემთან დარჩნენ. ნინა ტანზე იხდის და აბაზანაში შედის, თინას ჩემთან დარჩენა არ უნდა, ამბობს, რომ კბილის ჯაგრისის გარეშე შანსი არაა სადმე დარჩეს. მე ზედმეტ კბილის ჯაგრისს ვერ ვპოულობ და ვთავაზობ აფთიაქში გადასვლას და ყიდვას...

_ რაღა აფთიაქში გადავიდე, ბარემ სახლში წავალ! _ მპასუხობს და მიდის.

ნინას მიმობნეულ სამოსს ვაგროვებ და ვკეცავ. ჩემსას სარეცხ მანქანაში ვდებ, მგონია, რომ მთელ სხეულზე იმ გაუგებარი ორდუხიანის სუნი მაქვს. ფეხსაცმელს ვწმენდ და ყუთში ვინახავ. ვბანაობ, თმას ვიშრობ, აბებს ვსვამ და ვწვები. ნინა ჩემს ლოგინშია, შიშველია, თმა სველი აქვს, ორივე ბალიში ნამიანია.ბალიშს მეორე მხარეზე ვატრიალებ. კიდეში ვიწევი, საბანს ვიკეცავ. ნინას ეღვიძება, ჩემსკენ ბრუნდება, სხეულზე მეკვრის, მკოცნის, მკერდზე მეფერება, მუცელზე...

_ ნინა! _ ვუწყრები, მინდა გამოვაფხიზლო. ნინა უმართავია. მთელი სხეული უხურს. _ სიცხე გაქვს, მგონი სიცხე გაქვს! _ ვეუბნები, ლოგინიდან ვდგები და თერმომეტრს ვეძებ. ნინა ადრეც ბევრჯერ დარჩენილა ჩემთან, ასე არასდროს მოქცეულა. ერთ ლოგინში მწოლი, მე კედელს ვეტუზებოდი და ის კიდე მეორე კიდეს, ჩვენს შორის კიდევ ერთიც დაეტეოდა. ლოგინი კინგსაიზია, ნინა კი ისეთი, აი, რომ ამბობენ, ქალი ლოგინში უნდა გეკარგებოდესო. წინა ცხოვრებაში მაღალი არ მეთქმოდა, ახლა კი ასეთი ვარ, მეტრა და სამოცდათხუთმეტი სიმაღლის ქალი საშუალო სიმაღლეში ნამდვილად არ გადის. წინა ცხოვრებაში საშუალოობის კომპლესი მქონდა, ახლა ვფიქრობ, რომ ნინას სიმაღლის ქალი ყველაზე სექსუალურია...

თერმომეტრს იღლიაში ვუდებ, ჩემს ხელს იჭერს და ფეხებს შორის იცურებს.

_ ეს შენთან მინდა რომ გავაკეთო... _ მეუბნება და მკოცნის...

წარმოვიდგენ, რომ ნინას სხეული ჩემი სხეულია, მისი მკერდი ჩემი, მისი წელი ჩემი, თმებიც ჩემი. განცდა მაქვს, რომ საკუთარ თავს ვეფერები. ასეთ რამეზე არასოდეს მიფიქრია, ასეთი რაკურსით საკუთარი თავისთვის არასდროს შემიხედავს. მის სხეულზე დამხობილს მეძინება...

 

***

_ ილოცე! _ მეუბნება მამაო და კელაპტარს მაჭერინებს ხელში. მეორე კვირაა რაც აქ დავდივარ, მე თვითონაც არ ვიცი რატომ, როგორ მოხდა. არაფრის იმედი მაქვს, შველას არც ველი, თუ რამის მჯერა, ამ მამაოს სიჯიუტის. ლოცვა გვიან ღამით სრულდება. როგორც ყოველთვის, ბოლომდე ვრჩები, ხალხი რომ იშლება, მამაოსთან მივდივარ. მამაოს იობი ჰქვია და ჩემზე დაკვირვებებს ატარებს, თუ რაღაც ეგეთი. მისიონერი ვარ, უნდა მოგაქციო, შენ მხოლოდ დამემორჩილე, სხვა არაფერიო...

_ მაინც ღმერთის შვილი ხარ, მაგრამ მის ნებას აღუდექი, ცოდვაში ხარ, უნდა მოახერხო შენი ჭეშმარიტი სახის დაბრუნება, ამაში ლოცვა დაგეხმარება! _ მილიონჯერ ავუხსენი, რომ მე კი არ უნდა დავიბრუნო პირვანდელი, ე.წ ჭეშმარიტი სახე, არამედ ჩემი თავი უნდა დავიბრუნო, ის თავი, შეცდომით სხვა სხეულს რომ გაუკეთეს, უფრო სწორად სხეულს კი არა, სქესს...

_ ნუ სცოდავ! _ ამას ხშირად მეუბნება იობი. ყოველთვის, როცა ღმერთზე რამე სხვანაირს ვამბობ. მისი აზრით, ჩემი ახირება ისეთივე სიგიჟეა, როგორც ვინმემ დაიჩემოს. რომ ნაპოლეონია, ან რავი, დეზდემონა. ასეთებს საგიჟეთში ამწყვდევენ და შენნაირებს კი უფლებებს უწესებენ ენჯეოები, ფული რომ აკეთონო... ენჯეო ყველაზე დიდი სატანაა, მე კიდე მეშველება რაღაც, იმათ არაფერი.

მაინც ვერ გავიგე, თუ ყველაფერი ღმერთის ნებაა, რატომღა მებრძვიან. ან პირიქით, თუ ღმერთის ნებაში ის იგულისხმება, რომ რაც ბუნებამ მოგცა, უცვლელად უნდა დატოვო, რატომ იკეთებენ სათვალეს, ცხვირის ოპერაციას, ეპილაციას, რავი, ათას რამეს. თუ ყველაფერი დაშვებულია და ის პროგრესი, რაც ცივილიზაციამ მოიტანა, მიღებული და გამართლებული, მე რომ ქალი გავხდი, ამითი ვის რა უშავდება?! ყველაფერს შეგიძლია შეეხო სასქესო ორგანოს გარდა _ აი, მთავარი და შეუცვლელი დოგმა შენს ცხოვრებაში... ღმერთის მთავარი ჩანაფიქრი სქესი ყოფილა, დანარჩენი ჩვენს ნებაზე შეგვიძლია მივუშვათ. მამაოს წვერს მაინც ვერაფერი გავუგე. წვერი ადრე ხომ იმიტომ ჰქონდათ, რომ საპარსები არ იშოვებოდა და მოდა იყო ასეთი, ახლა კიდე იშოვება და მაინც არ იპარსავენ...

სხვა მამაოები ჩემნაირებს ეკლესიაში არ უშვებენ. ერთი-ორი „მამათმავალი“ იობსაც ჰყავს მრევლში, იმათი იმედი აქვს, გამოსწორდებიანო... ჩემი საქმე კი გაცილებით ცუდადაა... არ იცის, საიდან დაიწყოს და გამოსავალი როგორ ნახოს.  ფსიქოლოგმა მირჩია, იობისგან თავი შორს დავიჭირო, სტრესულიაო, ვერ გაგიგებსო... ჩემს ფსიქოლოგს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მისგან დამოკიდებულებას ვერ ვგრძნობ, მხოლოდ და მხოლოდ პროფესიაა რჩევების მიცემა, დაყვავება... ეს მამაო კი, მიუხედავად იმისა, რომ ახირებულია და ჩემი გადაკეთება უნდა, უფრო მეტად მესიმპატიურება. „კარწიე დეკლარეიშენის“ ბრალი არ არის მხოლოდ და მხოლოდ, სხვებს არ გავს და ჯერჯერობით ანათემისათვის არ გადავუცივარ, თუმცა მემუქრება, ასე ვიზამო. მე რომ იობმა მომაქციოს, დიდი გამარჯვება იქნება მისთვის, სჯერა, რომ ეს მხოლოდ ჭეშმარიტ მორწმუნეს შეუძლია გამოუვიდეს... ამიტომაც ცდილობს.

ქრისტე რომ ახლა დაბადებულიყო, არ ვიცი, ჩემზე რას იტყოდა, ალბათ განმკურნავდა, ოღონდ ეს განკურნება როგორი იქნებოდა, ეგაა საკითხავი. წინა სხეულში დამაბრუნებდა და ბუნების შეცდომას გამოასწორებდა, თუ ახალ სხეულში დამიმკვიდრებდა მშვიდობას... ალბათ, როგორც ჭეშმარიტი ღმერთის შვილი, მამისა და ბუნების ნამოქმედარს „გააპრავებდა“. რადგან ქრისტე დიდი ხნის წინ აცვეს ჯვარს და ღმერთის სახელით მხოლოდ სასჯელს თუ მოგისჯიან. ისღა დამრჩენია, ადამიანური ძალებით მივაღწიო საწადელს... სულ ცოტა დარჩა, მალე სხვა ქალაქში გადავალ, ან ვერ გადავალ, ყველაფერი ნინაზეა დამოკიდებული... თითქოს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა...

მაინც ვერ გავიგე, სხვას თუ კაბა აცვია, რატომ არის ბუნებრივი და ჩემი სამოსი ყველას თვალში რატომ ეჩხირება. დედამ მასწავლა, ვინმეს განსხვავებულს თუ დაინახავ, არ დასცინოო. დაცინვა ბოროტებააო, ესენი კიდე, თუ შემამჩნიეს, უკან მომყვებიან და ქვებს მესვრიან. ახლა შედარებით დავისვენე, ახლა სრულყოფილებას ვუახლოვდები, ზოგჯერ გამვლელები ამბობენ რომ ლამაზი ვარ, უფრო ხშირად კი ვულგარული. რა არის ეს ვულგარული, ის, რომ რაღაცას რადიკალურ ზომებში და ტონებში გამოხატავ? ეგრეც რომ იყოს, ვისი რა საქმეა, ასე ვხედავ და ასე მომწონს.

ამ კვირას ვაპირებ ბოლოჯერ ვნახო იობი, ბოლოჯერ, იმიტომ რომ ჩვენს საუბრებს აზრი არ აქვს, ამასთან, მალე სასამართლო პროცესი დაიწყება.

_ მაინც ვერ გავიგე, აი, ქალი თუ ხარ, ასე თუ გრძნობ, ის რატომ გაქვს, ის ხომ დაიტოვე?.. ან, ქალი თუ ხარ, ის სასამართლო ამბავი როგორ ავხსნა?! _ მეკითხება მამა იობი. ნინასთან დამართული ამბავი სადღაც ახარებს კიდეც, ამბობს, რომ ჩემი სხეული მებრძვის და ჩემში კაცი იღვიძებს. ლოცვა უნდა გავაძლიეროთ.

_ რაღაც მოხდა, გესმის, მამაო, რაღაც მოხდა. ეგეთი დავიბადე, ეგრე ვიგრძენი. აი, ეხლა, წარმოიდგინე, ქალი რომ იყო, გაგიხარდებოდა? შეეგუებოდი, უბედური არ იქნებოდი? წარმოიდგინე, რომ ერთ დღესაც სხვის სხეულში იღვიძებ...

_ თუ ღმერთის ნება იქნებოდა ვიქნებოდი ქალი, მაგრამ მადლობა ღმერთს მის მსახურში ვარ!

_ არა, აი ეგეთი რომ იყო და ქალი იყო, გაგიხარდებოდა?

_ უფალმა შეგინდოს და გაპატიოს, მისი ნება ყველაზე მთავარია... თუ ასე გადაწყვეტდა, ასეც იქნებოდა, მე ვინ ვარ, მის ნებას წინ აღვუდგე... შენი ცოდვა ყველაზე მძიმე ცოდვაა, ერთია სოდომი და გომორი, შენ კიდე ყველაზე დიდი ეშმა გყავს შეჩენილი, თან გაქალდი და თან კიდე ქალიც იმასა ქენი _ იობს ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ გამოსავალი ეპოვნა: ყველა პროცედურა უნდა შემეწყვიტა და სანამ გვიანი არ იყო, უკან დავბრუნებულიყავი. უკან, წინა ცხოვრებაში. მას მერე, რაც ასე მოხდებოდა, მონასტერში გამიშვებდა და იქ აუცილებლად მიშველიდნენ.

 

***

_ ეს რატომ გააკეთე, მართლა მაგისთვის გჭირდებოდა? _ მხოლოდ ეს ვკითხე პროცესის დაწყებამდე, თინა მის უკან იდგა და ზიზღით სავსე თვალებით მიყურებდა. ნინა თვალს არ მისწორებდა. ენჯეოშნიკების დაქირავებულმა ადვოკატმა ამიხსნა, რომ საქმე არცთუ ისე მარტივად იყო, ნინას თავისი უნდა დაემტკიცებინა. ექსპერტიზის პასუხების დიდი იმედი მქონდა...

იმ ღამის შემდეგ ნინა პირველად ვნახე. დილით, რომ გავიღვიძე, იქ უკვე აღარ იყო. მეგონა სამსახურში მოვიდოდა. სამი დღე გააცდინა. მხოლოდ ერთხელ დავურეკე და ყურმილი არ აიღო.  თინას ესემესი მივიღე: „ყველაფრისთვის პასუხს აგებ, ნაძირალა!“... მზად ვიყავი, ყველაფრისთვის ბოდიში მომეხადა. მეთქვა, ძალიან ვნანობ, მეც არ ვიცი, რანაირად გამოვიდა-მეთქი, მაგრამ ჯერ მე თვითონაც ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა და რატომ...

ნინა მიყვარდა, თუ ვინმეზე შეიძლება რომ მეთქვა, მიყვარდა, ის იყო... ზოგჯერ სიყვარულს ისეთი უცნაური ფორმები აქვს, რას გაუგებ. ყველაზე დიდი ხათაბალა სქესია, ადამიანი მარტო სქესს კი არა, ორიენტაციასაც უნდა ირჩევდეს. ეს რომ ხმამაღლა ვთქვა, სასამართლოსთან შეკრებილი ხალხი ჩამქოლავს.

რთულია, უცხო სხეულში გრძნობდე თავს. ამაზე ალბათ არავის უფიქრია. თუ უფიქრიათ, მხოლოდ და მხოლოდ ინტერესის გამო, ნეტა როგორი ვიქნებოდი საპირისპირო სქესის რომ დავბადებულიყავიო. ყველას გაუვლია გონებაში მსგავსი ფიქრები, მაგრამ მხოლოდ იშვიათად შეუგრძნიათ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა მათი სქესია... ჩვენ არ ვირჩევთ, როდის დავიბადოთ და როდის მოვკვდეთ, ჩვენ მხოლოდ ვცხოვრობთ, ვცოცხლობთ და ვეგუებით ხილულ ჭეშმარიტებას, რომ ყველაფერი დროებითია და ერთ დღესაც აღარ ვიქნებით... მხოლოდ იმას ვერ ვეგუებით, თუ აღმოვაჩენთ, რომ ქალის ნაცვლად ბუნებამ მამაკაცად გაგვაჩინა. ამასთან შეგუება და ამის დათრგუნვა ყველაზე მძიმეა _ ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება, ვერავინ გაიძულებს, სხვა იყო... ბუნების დაშვებულ შეცდომას მთელი ძალით ვასწორებ, დავდივარ ექიმთან, ვიკეთებ ოპერაციებს, ვიცვლი ხმას, ვიკორექტირებ ფორმებს, ვუძლებ ტკივილს, შეურაცხყოფას, ღალატს.

ნაზად ვმოძრაობ, ფეხს ფეხზე ვიდებ, კატასავით გავლას ვცდილობ, ტუჩზე საცხს ვისვამ, სუნამოს ვიპკურებ... ჩემი კაცური სხეულით ეს შეუძლებელი იყო. ვოცნებობდი, ოღონდ ქალად დავბადებულიყავი, თუნდაც ყველაზე უშნო ვყოფილიყავი, არ დავეძებდი... ოცნება როგორც იქნა ამიხდა, სულ მალე ქალაქსაც შევიცვლი, სამსახურსაც, ახალ ცხოვრებას დავიწყებ... ვერავინ ვერასოდეს გაიგებს იმას, რაც მე არ მსურს, იმიტომ რომ ადამიანის უფლებაა, ის გითხრას და ის იყოს, რაც თავად აირჩია, საზოგადოების ვალდებულება კი _ მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ.

ამ დიდი და ტანჯული გზის შემდეგ, ვერასდროს წარმოვიდენდი, რომ ვინმე მამრი, სახელად, მურთაზი _ ნინას ადვოკატი დამირეკავდა და სამსახურეობრივი უფლებომოსილების გამოყენებით, სექსუალურ ძალადობაში დამდებდა ბრალს. ზოგადად ძალადობა, და განსაკუთრებით, ქალთა მიმართ ძალადობა ყველაზე გავრცელებული რამეა. სამწუხარო ისაა, რომ ხშირად ისეთი ადამიანები აიტაცებენ თემას და ტანჯულის ხატად გამოეფინებიან, რომ სინამდვილეში მსხვერპლის როლში ყოფნას არ იმსახურებენ. ნინას დაგებული მახის არსებობას ვერ ვიჯერებ, ყველაფერი თინას მოფიქრებული მგონია. ნინა მაინც მიყვარს, იმიტომ რომ ჯერ ბოლომდე არ გამიაზრებია, რაც მოხდა.

გმირთა მოედანზე, საცობში ვიდექი, რომ დამირეკა. მისი ნანატრი ხმის გაგონება ტკივილამდე გამიხარდა...

_ ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ. ყველაზე უშნო, ბუნების შეცდომა! პასუხს გაგებინებ ყველაფრისათვის... შენი პრობლემა არა მარტო სქესი, ორიენტაციაცაა. ასეთი საშინელი როგორ უნდა დაიბადო, ჯერ ქალად გადაკეთდე და მერე კიდევ ქალზე გაიწიო... არც მე მინდა ამ ამბის გახმაურება, მერე ყველამ უნდა დამცინოს... რანაირად ვთქვა, ვის მოვუყვე... ერთადერთი გამოსავალი ვიპოვე, სამსახურიდან უნდა წახვიდე და რეკომენდაცია ჩემზე დატოვო. უნდა თქვა, რომ ნინა ყველაზე მეტად იმსახურებს შენს დაკავებულ თანამდებობას... შენს გადაწყვეტილებას არავინ შეეწინააღმდეგება, შენზე მაგარი ჩვენს გენ. დირექტორს არავინ ჰგონია. ნიჭი აქვსო, ასე თქვა, ეგ რომ არ გვყავდეს, ვერაფერს გავხდებოდით, თორემ მეც დიდი სიამოვნებით გავაგდებდიო... მე ვიმსახურებ ღირსეულ ცხოვრებას, მჭირდება ეგ სამსახური... თუ არა და, სასამართლოში შემაქვს სარჩელი. ადვოკატმა მითხრა, რომ კარგი ხნით ჩაგაყუდებენ.

_ ნინა, რას ამბობ, რეებს მელაპარაკები, შენ ხარ? არა, არ მჯერა!

_ რა არ გჯერა, აბა, რა გეგონა, შენთან დაწოლაზე ვოცნებობდი?! შე მახინჯო, შე უორიენტაციო!

_ ჰო, ყველას აქვს სუსტი მხარე, ჩემი - ორიენტაციაა, შენი კიდე მთავარი _ არაადამიანი ხარ კარგად განვითარებული ორიენტირებით! _ ჩავყვირე ყურმილში და გავთიშე. მისი მოსმენა აღარ მინდოდა, ეს მაშინ ხდება, როცა სათქმელი არ გაქვს და პასუხებსაც აღარ ელი... 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE