არ მოხვედი


არ მოხვედი




აბაიათ გურბანოვა თბილისში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი ლიტერატურის მასწავლებელია და თავისი შემოქმედებითაც პატარა წვლილი შეაქვს მრავალფეროვან ლიტერატურულ სამყაროში.

 

***

სიყვარული გთხოვე და

მომიტანე ტკივილი.

გულში ჩამრჩა ხინჯივით

სამდურავი, ჩივილი -

ტკივილი რომ მეთხოვა,

მომიტანდი სიყვარულს.

მე ნატკენ გულს მოგცემდი.

შემოსილი ოცნებით

ყვავილივით ამოველ,

როცა გნახე, გავხევდი.

არც კი გამოიხედე,

ჩამიარე, წახვედი.

შენი ხელით დაიდე

ცოდვის მძიმე ხუნდები.

ვიცი აგტკივდები და

მერე დამიბრუნდები.

 

 

მთაში
 

მთაში გაზრდილი მთას დავუბრუნდი,

თეთრ ყაბალახებს იხვევენ მთები.

აქა მღერიან თეთრი გედები,

აქეთ ილტვიან ოდითგან ფრთები.


მე წიგნითა და დავთარით მოველ,

გულში დარდების აფთარით მოველ,

„მშრალმა ხევმა“ და სალოცავებმა

მიმიღეს, რადგან მართალი მოველ.
 

ძველ მეგობრებთან ამოველ მთაში,

ამოვაყოლე საძოვრებს რაში.

მინდა გავიგო ჩემი გვარისა,

და დედ-მამისას გკითხავთ, ვით ბავშვი.
 

გამოვერიდე გზაზე ავ თვალსა,

და დავეწაფე წყაროთა წყალსა.

მინდა გაგიხსნათ გული სულყველას,

მოუსმენთ სიტყვად გადმოღვრილ ქალსა.
 

მაისის ნაღებს, ნაღებს გულისას,

გამოვეშურე, როგორც სულის გზას.

მინდა მთის ნიავს ვკითხო ამბავი

ჩემი პირველი სიყვარულისა.

 



***

ვერ წაუხვალ საწადელსა

ოდეს გეტყვის კაცსა ქალი:

მოდი ერთურთს შევერიოთ

როგორც ორი წყაროს წყალი,

ავბრიალდეთ კოცონივით

ვითარც ორი ცეცხლის ალი.

ანდა ვიყოთ მეზობელი,

ვით სახეზე წყვილი თვალი. –

ვერ წაუხვალ საწადელსა,

თუ მოგიხმობს კაცსა ქალი.



 

გული
 

გული ისეთი სამყარო გახლავს,

რომელშიც უნდა იმოგზაურო.

თუ ვერ გაუგე, გაგიჩუმდება,

და გაგეცლება ის უხმაუროდ.


თუ არ გიგრძვნია გულის წადილი,

გულისთვის თუ არ მოგისმენია,

მას ვერ გაუგებ, ის ვერ გაგიგებს,

და თუ დაკარგავ, ბრალი შენია.



 

არ მოხვედი



ო, რომ იცოდე, როგორ გელოდი,

დამტოვე ჩემი დარდის ამარა.

სიტყვა გატეხე და მე იმედი

თვალს და ხელს შუა დამესამარა.

 

შემოვეყუჟე შენს დანაპირებს,

თუმცა ერთბაშად დამტოვე, კარგო.

თან ჩემი სული რომ გაიყოლე,

გემუდარები არსად დაკარგო!
 

გამახსენდები ხოლმე ხანდახან,

ჩემთვის მომართულ დარდის თარივით.

თუმცა იმ თარზე მე ვეღარ ვუკრავ,

ტრფიალის შარბათს ვერ ვსვამ წყალივით.

 

აზერბაიჯანულიდან თარგმნა იმირ მამედლიმ

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE