რიტორიკულ კითხვებში ვარჯიში პაატა შამუგიასთან


რიტორიკულ კითხვებში ვარჯიში პაატა შამუგიასთან




„იცით თუ არა, რომ

კმაყოფილება ბედნიერების პატენტია,

რომელსაც სამყარო გვაჩეჩებს,

როგორც ნამდვილს და პირველადს.

ბედნიერად ყოფნის ინსტრუქციები უნდა გადაიწეროს.

რეალობა უნდა აირიოს.

განა ამისთვის ვიდექით ქარში და წვიმაში!..“ – „შუაღამის კატეხიზმო“

 

კარგმა პოეზიამ არ უნდა უპასუხოს მკითხველის მოლოდინს, კარგმა პოეზიამ ის უნდა შექმნას. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მკითხველის ერთ ნაწილს სხვა მოლოდინი აქვს პოეზიისგან. ისინი მიჩვეული არიან, რომ პოეზიამ უნდა დაადასტუროს მათი ესთეტიკური და ეთიკური მოლოდინები, რომლებიც სკოლებმა და უნივერსიტეტებმა ტრადიციული (და უმეტეს შემთხვევაში, არაფრის მომცემი) პოეზიით ამოავსეს... - მითხრა პაატა შამუგიამ.

პაატა შამუგიას შეუძლია ისე მოულოდნელად უპასუხოს მკითხველის მოლოდინს, ისე არ აინტერესებდეს კონიუნქტურა, რომ სულ ერის მოღალატე”, სატანის ლუკმა”, გადაჯიშებული ქართველი”, უტიფარი”, მასონების მიერ მოსყიდული ეძახონ. არადა, მისთვის კლასიკური თუ რელიგიური ტექსტები, ყველა ეს საკრალური სათაური, ავტორი თუ პერსონაჟი, პოლიტიკის თუ კრიმინალის შესახებ ამბები და სულაც სიკვდილი ან არაფერი მხოლოდ მასალაა და გაქვავების თუ გაძეგლების საწინააღმდეგო იარაღი; შთამბეჭდავი პაროდიის, რეკონსტრუქციის, ირონიის თუ სულ სხვანაირი პოეტური სივრცის შესაქმნელი ინსტრუმენტი; და კიდევ, მისთვის ეს დიალოგი, ას- და ათასწლოვან მეგობრებთან კავშირი და მუდმივად ონლაინყოფნა. ვერაფერს იზამ, თუ ანტიტყაოსანი აღმოჩნდება სავსე ძეგლთაყვანისმცემელთა გაავების შესაძლებლობით, როგორც ჩიტის ფრთა სავსე ფრენის შესაძლებლობებით.

ახლა 2021 წლის გვიანი, ისეთი ცივი შემოდგომაა, ხანდახან ზამთრის დღეები რომ სჯობია სითბოთი და სიმყუდროვით. ლაივები, პრესკონფერენციები, აქციები - მონიტორზეც კი ჩანს, როგორ ატანს ძვალსა და რბილში სუსხიანი ქარი ციხეებთან, მტკვრის ორივე სანაპიროზე, პარლამენტთან, რუსთაველზე... მორიგი, „ჩვეულებრივი“ შემოდგომაა საქართველოში, გვიანი შემოდგომის მზიანი, კაშკაშა და მაინც სუსხიანი დღე. პაატა შამუგიას რამდენიმე ონლაინშეკითხვას ვუგზავნი და ვცდილობ, გამოვიცნო პირველად მზიანი დღის ხაზგასმა ჯობია (პოეტია, იქნებ ასე დაწყება უკეთესია) თუ პირდაპირ ვკითხო, როგორ გრძნობს თავს აქციებით, სუსხით და ისევ ამ დაწყევლილი პანდემიით სავსე დღეს, როცა დილითვე კოვიდით გარდაცვლილი კიდევ 83 ადამიანის შესახებ შეგვატყობინეს. ჰო, ამინდით დავიწყოთ, რა ჯობია პოეტთან ინტერვიუს ასე დაწყებას, ვითომ სადღაც, სხვა დროში ვართ.

- პირველ შემთხვევაში უკეთ ვიგრძენი თავი. ამინდი მცვლის არსებითად. ცუდ ამინდში ბოროტი და დეპრესიული ვხდები. მეჩვენება, რომ კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ამინდიც გააავა - უფრო მწარედ იკბინება ქარი და უფრო აგრესიულად იყეფება ყინვა. კიდევ კარგი, რომ ეკონომიკა თავზე დაგვემხო, ქვეყანას ოლიგარქიული მაფია მართავს და ყველანი გარდაუვალი კატასტროფის წინაშე ვართ - ასეთ დროს გაავების ლეგიტიმაცია იოლია, სხვა დროს შეიძლება ვიღაცამ სოციოპათად ჩაგთვალოს. 

- როცა პაატა შამუგიას ვგუგლავ პოეზიასთან ბმაში, მგონი, ნაკლები არჩევანია, ვიდრე აქციებთან, პეტიციებთან, განცხადებებთან და ღია წერილებთან, რომლებიც ხან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზეა და ხან დაპატიმრებულებ თუ განდევნილების მხარდაჭერაზე. როგორია მწერლისთვის ეს დაუსრულებელი „დღის წესრიგები“ და მარათონულ საპროტესტო წლები?

- ახლა გადავამოწმე. შეიძლება ჩემი ბრაუზერი უფრო პოეტურია, რადგან ძირითადად ჩემს პოეზიას მიგდებს გუგლი. თუმცა, ზოგადად, რა თქმა უნდა, ჩემი საზოგადოებრივი აქტიურობა თვალში საცემია. სხვა გზა არ მაქვს. მგონია, რომ ჩემი მოუსვენრობით რაღაცას შევცვლი. თანაც, ეგოისტი ვარ, კარგ ქვეყანაში მინდა ცხოვრება. ტელევიზორის ეკრანზე ჩემი ხშირი ყოფნა არაა გამოწვეული იმით, რომ ვცდილობ, დღის წესრიგს მივყვე. შეგიძლიათ მოიკითხოთ ტელევიზიებში და აუცილებლად გეტყვიან, რომ მე, უმეტეს შემთხვევაში, არ ვპასუხობ არც მათ მესიჯებს და არ ვიღებ მათ ზარებს, რაც უპატივცემულობით არ მომდის. უმეტეს მათგანს კარგად ვიცნობ, ზოგი ჩემი უახლოესი მეგობარიცაა და პატივს ვცემ ამ ხალხს და მათ შრომას, მაგრამ საშინლად მფიტავს ნებისმიერი სატელევიზიო გამოსვლა. ტყუილსაც ვერ ვკადრებ, ამიტომ, როცა არ მაქვს ტელევიზორში გამოჩენის ენერგია, უბრალოდ, არ ვპასუხობ. ზოგჯერ კი მართლა მგონია, რომ აი, ახლა თუ არ გამოვედი და სიტყვა არ შევაშველე კონკრეტულ მოვლენას, შეიძლება რაღაც დაშავდეს. 

მეორეა ის, რომ არსებობს ლიმიტები და ამ ლიმიტების კუდი უკვე მოჩანს ჩემს შემთხვევაში. ადრე თუ გვიან, შევწყვეტ საზოგადოებრივ აქტიურობას, ისედაც საკმარისზე მეტი დრო და რესურსი მოვპარე პოეზიას და საკუთარ თავს. ავდგები და ცოლს მოვიყვან, ცხარე წვნიანს გავაკეთებთ ერთად და საღამოს მძაფრსიუჟეტიან სერიალს ჩავუსხდებით.

თქვენ წლები ახსენეთ და მთელი ეს წლები იყო საზოგადოების ნგრევის წლები, ადამიანები გამოიფიტნენ, იდეოლოგიებმა, პოლიტიკურმა დღის წესრიგმა გამოშიგნა ხალხი, ენერგია გამოაცალა. ეს ქვეყანაა?! აჩრდილების ქვეყანა.

- როცა ჟურნალის ეს ნომერი გამოვა, სავარაუდოდ, ახალი წელი მოახლოებული იქნება. სავარაუდოდ, ხომ არ იცი, როგორი ახალი წელი ვექნება?

- როგორი სუსტები და მსხვრევადები ვართ ადამიანები: მუდმივად გვჭირდება რაღაც ათვლის წერტილები, რომელთაც ჩვენვე გამოვიგონებთ იმისთვის, რომ საკუთარ უმწეობას და უძალობას დავემალოთ. ქართველებს სულაც ორი ახალი წელი გვაქვს, რაც ორმაგად მიჩენს თანაგრძნობას საკუთარი იდენტობისადმი.

- ისტორიულად, გამოცდილებით, როდის უჭირს ხოლმე მწერალს ყველაზე მეტად და საერთოდ, რაც ვიცით და რაზეც თვალი მიგვიწვდება, რა დასკვნის გამოტანა შეიძლება? ფიქრობ, რომელიმე დრო იქნება უფრო კარგი? საით მიდის ადამიანის ვნება და სურვილები - დემოკრატიისკენ? როგორი უნდა იყოს მწერლის კარგი დრო, თუნდაც უტოპიური მოდელი, გიფიქრია ამაზე?

- პოეტებს ყოველთვის უჭირთ. ფინანსურ მხარეს არ ვგულისხმობ მხოლოდ. პოეზია ენაში ყველაზე ღრმად ჩასვლის საშუალება იძლევა, იდეოლოგები კი სწორედ ენის კონტროლით იწყებენ თავიანთი დღის წესრიგის განვრცობას. წინააღმდეგობებიც აქ წარმოიშობა. რაღაც ტიპის მკაცრი კონიუნქტურა ყოველთვის არსებობს. არიან მწერლები, რომლებიც იოლად დაჰყვებიან ამ კონიუნქტურას და, როგორც წესი, მოსაწყენ და ეფემერულ ტექსტებს ქმნიან, რომელთა აქტუალობა თავად ამ იდეოლოგიის ბატონობის ბოლომდეც ვერ ატანს. მაგალითად, ის, რაც ამერიკულ პოეზიაში ხდება ახლა, არის ზუსტი ასლი იმისა, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში. უბრალოდ, ბოლშევიკური სოცრეალიზმი ჩაანაცვლა პოლიტკორექტულობამ. ამიტომაც, დღეს გაცილებით ხარისხიანი პოეზია იწერება, ვთქვათ,  უკრაინაში, რუსეთში, პოლონეთში ან საქართველოში, ვიდრე ამერიკაში. მე არ ვგულისხმობ პალმერს, ფერლინგეტის ან ბერნშტეინს, ისინი ძველი თაობის საკვანძო პოეტები არიან და ეს არ შეხებიათ.

ბუნებრივია, დემოკრატია არის ჯერჯერობით ერთადერთი სასურველი მოცემულობა პირადად ჩემთვის და, კარგად რომ დაფიქრდნენ, მათთვისაც, ვინც ხან ოლიგარქიას ადიდებს, ხან ავტოკრატიას. მე არ მგონია, რომ უკეთესი სახელმწიფო მოწყობა უკეთეს ლექსს დამაწერინებს, თუმცა უფრო მეტის დაწერის საშუალებას ნამდვილად მომცემდა. ბოლოს და ბოლოს, მიტინგებზე არ მომიწევდა ჩემი ახალგაზრდობის წლების გატარება და მაგ წლებს უფრო შემოქმედებით ამბებს მოვახმარდი.

- რა დროა ახლა სამყაროში, ვიყავით ასეთში? ცოტათი მაინც ჰგავს რომელიმეს? არსებობს რამე ცოდნა, ინსტრუქცია, როგორ მოიქცნენ პოეტები და სხვებ?

- ზაკერბერგის დაანონსებულმა „მეტამ“ გამიმტკიცა აზრი, რომ ხელოვნური ინტელექტის დროში იმაზე მალე შევალთ, ვიდრე აქამდე წარმოვიდგენდით. საბოლოო ჯამში, ეს სრულიად ბუნდოვანი დროა დღევანდელი გადმოსახედიდან, რადგან არ ვიცით, რა მასშტაბი ექნება ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ, თუკი ზაკერბერგს ვენდობით, ტელეპორტაციისა და თანდასწრების ეფექტი გარანტირებულია, რაც უკიდურესად მიმზიდველი და საშიში რეალობაა.

მეორე მხრივ, მე მგონი, ავტორიტეტულმა მეცნიერებმა ძალიან იჩქარეს ფრენსის ფუკუიამას დაცინვა, რადგან ის ადამიანები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დროში ძალაუფლებას სრულად ჩაიგდებენ ხელში, იქნებიან სილიკონ ველის ლიბერალი ბიზნესგურუები. არ მგონია, მათ კონსერვატიულ ან სხვა იდეოლოგიურ ტალღაზე გადაწყობა მოინდომონ. თუ ეს ასე იქნება, ცხადია, ფუკუიამას იდეა ისტორიის დასასრულის შესახებ ანგარიშგასაწევი გახდება რაღაც დროით მაინც. და ეს „რაღაც დრო“ შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე მარადისობის განმავლობაში.

მეგობრებს ხშირად გვიკამათია იმაზე, დარჩება თუ არა პოეზიის ადგილი ხელოვნური ინტელექტის დროში. წარმოუდგენელიც კია ამის ცოდნა. მხოლოდ გაუგებარი და ცოტა პათეტიკური ვერსიების შექმნა შეიძლება. ერთი რამე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: ხელოვნური ინტელექტი ვერ იქნება იმაზე დაუნდობელი, ვიდრე ადამიანია. ესეც საქმეა. არა უშავს, კარგ ლექსს თუ ვერ დაწერს. ქართველი პოეტების უმეტესობაც ვერ წერს და არ დაქცეულა ქვეყანა.

- მწერალი, ჟურნალისტი, ბლოგერი, პროგრამისტი - ბოლო სამი პროფესია პირველის გადასარჩენად დაამატე? პროგრამირების ამბავი მაინტერესებს, ამბობენ, რომ პოეზიას ჰგავს, და როგორ არის კიბერშამუგია საქმე? დილამ მითხრა, რომ ამაზე მუშაობდით. ძალიან მინდა AI-ზე მელაპარაკო, კიდევ უფრო მეტი მეტაზე, სილიკონის ველზე ფრთების გაშლაზე, კოსმოსურ ტურიზმზე და... ნახე, შენ შიშები ახსენე ზევით, მე კი სულ სიხარული და შანსები მგონია, ვცდები?

- კიბერგალაკტიონი და კიბერშამუგია ერთდროულად გააკეთა ზურა ჯიშკარიანმა, იმავე „დილამ“, იმავე „კაიაკატამ“. უბრალოდ, მე ვეღარ მოვახერხე ჩემი კიბერასლის დაჭკვიანება. დაჭკვიანება,  კიბერჩატის შემთხვევაში, ნიშნავს მონაცემთა ბაზის განვრცობას, სამართავი პანელიდან სავარაუდო კითხვებზე სავარაუდო პასუხების აგებას, ასევე შემოსული კითხვებისთვის რელევანტური პასუხების მინიჭებას, შემდეგ ამ პასუხების პრიორიტეტიზაციას. შრომატევადი საქმეა, მე კიდევ სულ მოუცლელი ვარ. შესაბამისად, ეს პროექტი გაჩერდა.

პროგრამირება არათუ ჰგავს პოეზიას, ეს ჩემთვის თვისებრივად ერთი და იგივეა. აბსტრაქტული, მნიშვნელობის მიღმა მდგარი სიმბოლოებისგან აწყობ პოეტურ ტექსტსაც და პროგრამულ კოდსაც, და ორივე შემთხვევაში ძალიან ზუსტი მნიშვნელობები იბადება. პოეზიასაც აქვს კომპლექსური ალგორითმი, როგორც პროგრამირებას. ამიტომაც ეს ორივე საქმე მიყვარს. ჩემი სფეროა ვებპროგრამირება, რომელიც არ ეხება ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა უახლოეს მომავალში ვაპირებ, რომ მაგ მიმართულებით გავიღრმაო ცოდნა.

შიშები მომავლისადმი ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ, ახლა ძალიან რთულ მომავალში შეიძლება ამოვყოთ თავი, სადაც ტრადიციული ცოდნა და უნარები გამოუსადეგარი იქნება. ყველას მოუწევს ახალი უნარების დაუფლება ამ სამყაროში ნავიგაციისთვის. ყოველ შემთხვევაში, წინაპირობა ასეთია და ვნახოთ. ის, რაც „მეტამ“ დააანონსა, იმის ნახევარიც რომ შესრულდეს, საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რასაც უძრავი მამოძრავებელი ჰქვია და რაშიც აკვინელი ღმერთს გულისხმობდა. ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება ერთგვარი მინი-ღმერთი იყოს. ამიტომაც, მე კი არა, გუგლის დამფუძნებლებიც კი ამბობენ, რომ ეს საფრთხილო პროექტია, რადგან ძალაუფლების მქონეთა წრე კიდევ უფრო დავიწროვდება. მეორე მხრივ, იმდენად ცუდ დღეშია კაცობრიობა, რომ არსებულ რეალობაზე უარესს რას უნდა ველოდოთ, არ ვიცი.

-ანტიტყაოსანი, დაუჯდომელი, „შუაღამის კატეხიზმო“, დედა ენა“... - საკრალური ტექსტების, სახელების თუ პერსონაჟების გამოძახების დროს მხოლოდ იმედია, რომ ვიღაც მოვა, და ყველა ტაბუს ამაყად წაშლის? თუ ისიც, რომ ვიღაც წაიკითხავს და შეირხევა, აი, ხის ქვეშ რომ დგახარ და ტოტებს არხევ, იქნებ რამე ჩამოვარდეს, თუნდაც თავში დაგეცეს, ოღონდ დარწმუნდე, რომ სადღაც რაღაც ნაყოფი ისე მწიფეა, რომ მასზე ზემოქმედება შეგიძლია.

- კლასიკასთან დიალოგი ძალიან მიზიდავს. არა მხოლოდ სათაურებით, არამედ შინაარსის პაროდირებითაც ვცდილობ, რომ არ გავწყვიტო ეს კავშირი და მუდმივად ონლაინ მყავდნენ ჩემი ას- და ათასწლოვანი მეგობრები. კონიუნქტურა არ მაინტერესებს, არც ზემოდან წამოსული (იდეოლოგიური) და არც ქვემოდან ნაკარნახევი (მკითხველის დიქტატი). პოეზიამ უნდა გააფართოოს მკითხველის მოლოდინის ჰორიზონტი, სხვა შემთხვევაში წერაც აზრს დაკარგავს. კარგმა პოეზიამ არ უნდა უპასუხოს მკითხველის მოლოდინს, კარგმა პოეზიამ ის უნდა შექმნას. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მკითხველის ერთ ნაწილს სხვა მოლოდინი აქვს პოეზიისგან. ისინი მიჩვეული არიან, რომ პოეზიამ უნდა დაადასტუროს მათი ესთეტიკური და ეთიკური მოლოდინები, რომლებიც სკოლებმა და უნივერსიტეტებმა ტრადიციული (და უმეტეს შემთხვევაში, არაფრის მომცემი) პოეზიით ამოავსეს. თუ გნებავთ, ტაბუს წაშლა დავარქვათ ამ პროცესს, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.

რაც შეეხება რეფლექსიებს, ეს რთული გასაანალიზებელია, რადგან არანაირ რაციონალურ ლოგიკას არ ექვემდებარება. ლოურენსი საინტერესო რამეს ამბობს: „შექსპირის „ჰამლეტი” კრომველის დროს პურიტანებს შოკში აგდებდა, ახლა კი ასეთ ზეგავლენას არავისზე არ ახდენს. სამაგიეროდ, არისტოფანეს ზოგიერთი პიესა ახლანდელი მაყურებლისთვის არის შოკისმომგვრელი, ბერძენ მაყურებელზე კი, როგორც ჩანს, ასეთ ზეგავლენას არ ახდენდა”.  რატომ ხდება ასე, არავინ იცის.

- „ლიტერატურა გახდა შეუძლებელი“, პოლიტიკა შესაძლებელია? და ბევრი სხვა რამეც, ალბათ... მთელი ამ „შეუძლებლობებიდან“ თავის დაღწევის, „გადარჩენის“ შანსი გვაქვს? 

- საერთოდ ვერ ვხედავ გადარჩენის გარდაუვალ საჭიროებას. სამყარო ადამიანამდეც არსებობდა და არ მგონია, დიდი დანაკლისის განცდა ჰქონოდა, ვთქვათ, რომელიმე იქტიოზავრს. საერთოდაც, ჩემს კრებულს „არგადარჩენას“ ვარქმევ, თუმცა ეს სხვა არგადარჩენაზეა. ყოველ შემთხვევაში, ლიტერატურას, სამწუხაროდ, ასეთი ცვლილებების ან წახალისება ან შეჩერება არ შეუძლია. ლიტერატურამ თუ საკუთარი თავი გადაირჩინა, ეგეც დიდი საქმე იქნება. 

- იქნება ახალი ლექსების კრებული „არგადარჩენა“, კიდევ პოემების წიგნი და ორივე წლის ბოლომდე გამოვა. დიდი დრო გჭირდება ხოლმე ახალი წიგნის შესაკვრელად? როდის იწყებ და როდის ასრულებ?

- მუდმივად მქონდა სამწლიანი ინტერვალი წიგნსა და წიგნს შორის. ეს ტრადიცია დავარღვიე და ხუთი წელია წიგნი არ გამომიცია. უფრო მეტი ხანიც გაიწელებოდა ეს, გამომცემლობა „ინტელექტი“ უროთი ხელში რომ არ დამდევდეს, რის გამოც ძალიან ვემადლიერები. ერთი იქნება საკმაოდ სქელტანიანი წიგნი, რომელშიც პოემები იქნება, ყველა ის პოემა, რომელიც დამიწერია. დასაწყისის პერიოდი არ მომწონს, მაგრამ კონცეფცია მოითხოვდა, რომ ეგეც შესულიყო.

მეორე და მთავარია „არგადარჩენა“, რომელშიც ახალი ლექსები შევიდა. ეს არის ბოლო 4-5  წლის განმავლობაში შექმნილი ლექსების კრებული. წიგნის სახელწოდების კონცეფცია მიკარნახა ამავე სათაურის მქონე ჩემმავე ლექსმა, რომელიც ბიბლიური თემის სტრუქტურალისტურ რეკონსტრუქციას გულისხმობს. „თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი“. (ფსალმუნნი, გალობა აღსავალთა. 126 (127:1). ბიბლიური თეზა იმედს გულისხმობს, რაც კომფორტის ზონას ქმნის მკითხველისთვის. ჩემს შემთხვევაში კი გადავწყვიტე, ამ კომფორტის ზონიდან გამომეყვანა მკითხველი და შემეთავაზებინა ეგზისტენციალური ჩიხი, სადაც ადამიანი, როგორც წესი, სრული უიმედობის ზღვარზე მოძრაობს. ზღვარზე ყოფნა მომწონს. უფრო სწორად, მაფრთხობს და მომწონს. 

როცა ამ ონლაინინტერვიუს ვასრულებდით, პაატას კიდევ ერთი ინტერვიუ ჰქონდა, ბერძენ ჟურნალისტებთან. ოქტომბერში საბერძნეთში „შიზოგადოება“ გამოსცეს და ის ბესტსელერი გახდა - ქართველი ავტორის ლექსების კრებული საბერძნეთში ბესტსელერია! პაატა კი რამდენიმე დღეში ბერძნულ პრეზენტაციაზე დასასწრებად გაემგზავრება.

პაატა შამუგიას ლექსების პირველი კრებული 2002 წელს გამოვიდა. ორჯერ აიღო „საბა“ წიგნებისთვის „დაუჯდომელი“ (2012), „შიზოგადოება“ (2015). ავტორობის მე-20 და ახალი წელი კი „არგადარჩენით“ დაიწყება... ვნახავთ, როგორი იქნება კომფორტის ზონიდან გამოსვლა, როგორი იქნება ზღვარზე მოძრაობის შიში და ხიბლი... 

„...რა უნდა მოგვცეს პოეზიამ? / ის არ აწარმოებს ბედნიერებას / არ ამრავლებს დროს და არ ყიდის მას. / რა უნდა მოგვცეს პოეზიამ? / ის არაა ბანკი, / არაა მევახშე, / მას მხოლოდ საკუთარი თავის დასახელება შეუძლია, / და ისიც – გაჭირვებით. / რატომ უნდა მოგვცეს პოეზიამ რამე? / რიტორიკულ კითხვებში ვვარჯიშობ...“ – „შიზოგადოება“.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE