ის მე არა ვარ


ის მე არა ვარ




თავად უკრაინაში, მისი მშობლები კი სლოვაკეთში დაიბადნენ. 1947 წელს ოჯახი უკრაინაში გადაასახლეს, რადგან ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსინები, როგორც ერი არ არსებობდა და რუსინული ენა მხოლოდ უკრაინულის დიალექტს წარმოადგენდა. მხოლოდ 1968 წელს შეძლეს სლოვაკეთში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო არასდროს ჰქონიათ, თავს დამოუკიდებელ ეთნიკურ ჯგუფად მიიჩნევენ, ამბობენ, რომ აქვთ თავიანთი კოდიფიცირებული ენა, განსაკუთრებული კულტურა, რომელიც ძალიან განსხვავდება უკრაინულისგან.

ახალგაზრდობაში რევოლუციური იდეებით შეპყრობილი ვალერი კუპკა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ახლა ფილოსოფიის კათედრაზე ლიტერატურას ასწავლის. გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული. მის სახელს უკავშირდება თანამედროვე ქართული ლიტერატურის ნიმუშთა თარგმანები და გამოცემები სლოვაკეთში.

 

ის მე არა ვარ

 

*

ღია ზღვა გველის

მოცურავს ლოდი, როგორც ფარფლებნაკლული თევზი

არხის ჭავლიღა ათრთოლებს ტალღებს

და ქარიშხალი დასტრიალებს მოქუფრულ სიზმარს

 

*

არც მობრუნების არც გზის პირას ჩამოჯდომის და

არც უცაბედი შეხების არ მწამს

თითქოს რიგზეა ყველაფერი და ეს ტერფები

მიწის გულს არც კი ართმევდნენ ამ წამს

 

*

მხოლოდ სიცრუის უდაბნოა ნათება ჩემ წინ

დამწვავს ან თუნდაც საზარელი წყურვილით დამახრჩობს კვლავაც

უშველებელი ჯიქნებით გადიან ძროხები

ფატა-მორგანის სიმაძღრის შარას

 

*

კატა კნავილით იყურება ფართო სარკმელში

ცარიელ სახლში ჩქამის ხმაც კი არ ისმის ახლა

(თითქოს ეს სახლი ლოცვის ნიშანს არც კი იძლევა)

ან იქნებ ლოცვა უბრალოდ არ ისმის

ან იქნებ სახლი სიზმარში ჩამრჩა

 

 *

და მხოლოდ ღრუბლებს აწვდენილი კვამლი ამჟღავნებს:

- იქ ვიღაც ჩანდა, იქ ნამდვილად ვიღაცა ჩანდა

 

 *

ჩაიწვა სანთელი სითბო შეცოტავდა

ჩამოწვა წყვდიადი დამოკლდა ეს გზაც

ჩრდილები როკავენ სანთელს კი ხმა უთრთის

ყველანი წავიდნენ ვერ ნახავთ აქ მგზავრს

 

*

შეგიძლიათ არც დაიჯეროთ

მაგრამ ცა ფეხად ჩამოვიდა დედამიწაზე

მნათობებზე ფეხის დადგმას ვეღარ გაუძლო

დაშინებული ბეღურების აქშევისას ალბათ იფიქრა

რომ დალურსმული ვარსკვლავები ებნია ზეცას

 

*

 სხვადასხვა მხარეს დაიფანტნენ თითქოს ბურთები

მგონი რომ შევცდი, თითქოს ყვავებს უფრო ვამსგავსებ

ათასი ფერის - ნისკარტის და ფრთების გარეშე

ასეთი რამის მოფიქრებას მეც ვერ შევძლებდი

 

*

და ეს ცხოვრება რა მარტივად დაიცლებოდა

რომ არა მიწას დანარცხება, ჩემი დაცემა

 

*

მშვენიერია ეს უჩვენო ზაფხულის დილა

ყვავილების წკრიალა ხმებით

ტოტიდან-ტოტზე ლაღად ფრენენ თითქოს ნოტები

და ზუსტად ახლა, ერთ-ერთს უცებ ფეხი დაუსხლტა

და უზარმაზარ გალიაში ჩავარდნას გოდებს

 

*

მიწისპირს კი, ისევ აფრინდა ჩიტი

არა რა ჩიტი ის ნამდვილად არა ჰგავს ფრინველს

ბევრად შავია უფრო მეტად წააგავს ხოჭოს

ფართხალებს, თვალში ნაოსნობის სათავეს მიმხელს

 

*

შენი სამყარო დაფარულია თეთრი ლაქებით

 და ღამის წყვდიადს ჩრდილოეთის არღვევს ციალი

რა საცოდავად ითხოვს ქარი აქ შეწყალებას

ვრეკოთ ზარები, ენა მაინც იტყვის - როდემდე?

 

*

ჩაქრა მნათობი. ჩაინავლნენ თვალის გუგებიც

და უცებ საფლავს უნებური გმინვა აღმოხდა

გაწყდა სიმები ტოტებზე და გამგმირავმა ხმამ

დაიღმუვლა, დაიღრიალა. იქვე დავჯექი გადაღლილი

იქნება ძილი გადამავიწყდა?! ახლა რომ უცებ გავარხიო ნოტიო ტანი

იქნებ სარკიდან დავამჩნიო კვალი ცხოვრებას?!

 

*

ხე გადაიწვა, მაგრამ ცეცხლი არვის უნახავს

არადა ეს ხე ოდესღაც ხომ მართლა ყვაოდა

ახლა კი გდია გუშინდელი დღის ნამწვავივით

ჩიტების ორკესტრს მომლოდინე - მოჰგავს ნაოხრალს.

 

*

მე ვაღებ კარს და კარი მაინც ჩარაზულია

მთელი სამყარო დუმილს ირჩევს ჩემი ზღურბლივით

 

                   ჩემსა და გაღმა ნაპირს შორის, ნეტავ რა არის?

 

ეს მყრალი კვამლი ღრუბლებისკენ მიედინება

 

მე ისევ ვდგავარ

 

              ფანჯარაში კი ჭაღარა ანარეკლია

 

თითქოს მის უკან, სიბნელეში ვიღაც გამოჩნდა

 

ალბათ ასეა, ზუსტად ასე.

ის მე არა ვარ.

 

*

ჩემს ნაკადულში ფრთხიალებენ თევზები

რომ არა წყალი

ალბათ ცაში აფრინდებოდნენ.

 

*

თავქვე ჰკიდიან

მოჯადოებული ყვავები

მსუქანი ჯადოქარი

ფრთებზე უკრავს

პიანისტივით

რომელსაც

თეთრი უფსკრულები

თითებს შორის შეუცოტავდა.

 

*

მთა

თავდაყირა

თავით ქვევით

კიდია

წყალი მშვიდია

სიწყნარეა

ყველგან

თითქოს არავინ

ლაპარაკობდეს.

 

თარგმნა კატო ჯავახიშვილმა


 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE