„ვეფხი“ ჩემთვის პოეზიის სინონიმი გახდა სტუდენტობის დროიდანვე, მას მერე, რაც ინგლისური პოეზიის დედანში კითხვა დავიწყე. აი, ცოტათი იმის მსგავსად, „ვაშლი“ რომ ხილის სინონიმია უმეტესობა ადამიანისთვის, ღამე რომ გააღვიძოთ და აბა ჩქარა, რამე ხილი დაგვისახელეო, დასძახოთ. მსგავს სიტუაციაში მე რომ დამდგომოდით თავზე და ინგლისური ლექსი მოგეთხოვათ, ალბათ პანიკაში პირველი, რაც თავში მომივიდოდა „ვეფხია“ (ალბათ იკითხავთ, რატომ „ვეფხი“ და არა „ვეფხვიო“? რა ვიცი, ჩავთვალე, რომ რახან ბლეიკს Tyger უწერია და არა Tiger, მეც რაღაც მსგავსი გზით უნდა წავსულიყავი და სიტყვის არქაული ფორმა ავირჩიე. ვიცი, რომ ზოგი შემომედავება, ვეფხი „ავაზას“, „ჯიქს“ ნიშნავსო, მაგრამ მაინც... თანაც ვფიქრობ, რომ ბლეიკმა სიტყვის არქაული ფორმა აირჩია ვეფხვის იდეის და არა თვითონ ცხოველის გამოსახატავად: ეს არის იდეა მრისხანე, ულმობელი და სასტიკი სტიქიური ძალისა, რომელიც ბუნებაში კრავის არსის - უმანკოების, თვინიერებისა და მსხვერპლშეწირვის საპირისპიროა;) Tyger, Tyger burning bright in the forest of the night… ეს ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური და იდუმალი, წარმოსახვის შემაჯანჯღარებელი დასაწყისია ჩემთვის ლექსებს შორის, იმწამსვე რომ თითქოს გატყვევებს და მოაქვს ცოცხალი, მძაფრი სურათ-ხატები და გონებასაც აღაგზნებს თავისი უცნაური ნაპერწკლით (ასეთივეა, ალბათ, „მიჰქრის, მიმაფრენს..“, „გაღმა ჩანს ქისტის სოფელი...“ ან „Once Upon a Midnight Dreary…”, ან „April is the Cruellest Month...“ (ქართულად: „მე დავიბადე აპრილის თვეში...“) და რაც ამ ექსპოზიციას მოსდევს, არის ლექსი-სტიქია (გნევაბთ, მეწყერი), ლექსი-გამოცანა, რომელიც უთავბოლო კითხვების კორიანტელად არის აგებული და ჩვენც უამრავ კითხვას გვიჩენს. რა არის ეს ვეფხი, სად ბინადრობს? „ღამის ტყშიო“, ამბობს ბლეიკი და ამით სრულიად გარკვევით მიგვანიშნებს მის ინფერნალურ წარმოშობაზე (დანტეს Una Selva Oscura - უსიერი ტყე - „ჯოჯოხეთიდან“) და ამ არსებისადმი მისი ძრწოლაც აქედან მომდინარეობს. ლექსი დიდი ემოციური მღელვარების დროს დაწერილს ჰგავს და მისი ქორეულ ტერფებზე დაფუძნებული რიტმი თითქოს ვეფხვის „აძგერებული გულის“ ბაგაბუგს იმეორებს. პოეტი ისეთ ძრწოლას ჰყავს ატანილი, გეგონებათ აზრი ერევა, სუნთქვა ეკვრის და ფრაზებს ბოლომდე ვერ ამთავრებს (დედნის პირველი სტროფის მესამე და მეოთხე სტრიქონებში რითმა დისონანსური და განლეულია; ერთმანეთზე დახვავებულ, მოუთმენელ კითხვებს ზოგან ზმნა აკლია); მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც ბლეიკს აწვალებს იგივეა, რაც რომანტიკოსი პოეტების უმრავლესობას (მათ შორის - ჩვენს ბარათაშვილსაც) ტკივილად დასდევს - ვინ არის ის დემიურგი, ვის უკვდავ ხელსაც ერთდროულად შეუძლია შექმნას როგორც ვეფხვი, ისე კრავი - როგორც ბოროტება, ისე სიკეთე. ტკივილი კი იმის გაცნობიერებას მოაქვს, რომ ეს ფიქრები და შეკითხვები ცისკენ კი „მოისწრაფვიან“, მაგრამ „ჰაერშივე განიბნევიან“, ვინაიდან „ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს“.
„ვეფხი“ 1894 წელს დაიწერა და შესულია კრებულში „უმანკოებისა და გამოცდილების სიმღერები“. ვარაუდობენ, რომ მის შექმნას უშუალო ბიძგი მისცა ბლეიკის მიერ ცოცხალი ვეფხვის ნახვამ, რომელიც მალბოროს ჰერცოგს ჰყავდა და ტაუერში მოკვდა.
ბლეიკი, რომელიც ბავშვობიდანვე ხილვებს ხედავდა ხოლმე, თვითმყოფი მხატვარიც იყო და თვითონ ასურათებდა საკუთარ პოეტურ ნაწარმოებებს. სოჰოში 1757 წელს დაბადებულმა ცხოვრება თითქმის გაუსვლელად ლონდონში გაატარა და იქვე გარდაიცვალა 1827 წელს.
გია გოკიელი
ვეფხი
უილიამ ბლეიკი
ვეფხო, ვეფხო, ცეცხლის ენავ,
ღამის ტყეში იწვი, ელავ!
ვინ ჩამოქნა, მძლავრი ხელით,
ტანი შენი, ზარის მგვრელი?
ქვესკნელ იყო, თუ ცარგვალი -
სად იშვა მაგ თვალთა ალი?
რა ფრთამ აიტაცა მქმნელი,
როცა შენს ცეცხლს სტაცა ხელი?!
ვინ ოსტატმა და რა წესით
დაგიგრიხა გულის მყესნი?
რომ აძგერდა გული მეხი,
ვისი ხელი? ვისი ფეხი?
რა ურო? რა ძალაყინი?
სად, რა ბრძმედში იწრთო ტვინი?
რომელ გრდემლზე, რა მაშებით,
ვინ შებოჭა ძალა შენი?
როცა მიწას ვარსკვლავებმა
შუბ-ისრები მოაპნია,
ცის კამარა ცრემლით მორწყა,
ნამის ბროლი მოაფრქვია,
დატკბა თავის ნახელავით,
შეასვენა როცა მკლავი?
ნუთუ, ვინც შენ გამოგჭედა,
იმავ ხელმა შექმნა კრავი?!
ვეფხო, ვეფხო, ცეცხლის ენავ,
ღამის ტყეში იწვი, ელავ!
ვინ ჩამოქნა, მძლავრი ხელით,
ტანი შენი ზარის მგვრელი?