ჯეი ჰოპლერი - ამერიკელი პოეტი. დაიბადა 1970 წელს, პუერტო რიკოში. განათლება მიიღო პურდიუსა (დოქტორის ხარისხი ამერიკათმცოდნეობაში) და ნიუ-იორკის (ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ბაკალავრი) უნივერსიტეტებში. მისმა ორივე პოეტურმა კრებულმა დაიმსახურა უამრავი ჯილდო თითქმის ყველა ამერიკული სალიტერატურო ორგანიზაციიდან: 2006 წელს იელის უნივერსიტეტის გამომცემლობაში გამოიცა „მწვანე შკვალი“ , ხოლო 2016 წელს - „ატმოსფერული ნალექების მოკლე ისტორია“.
ჯეი ჰოპლერი ამჟამად სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორია, მიჰყავს შემოქმედებითი წერისა და პოეზიის კურსები.
დამერწმუნეთ, ჯეი ჰოპლერის პოეტური ხმა არავის ხმას არ ჰგავს მათ შორის, ვინც დღეს ინგლისურ ენაზე წერს. მისი სტრიქონები სავსეა ვნებიანი, უხვად დამუხტული ჟღერადობით და ეს მუსიკალობა, ნაწილობრივ, წარმოიქმნება კომპოზიციის მისთვის დამახასიათებელი მეთოდიდან. ჯეი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ წერის დროს „მუსიკას მიჰყვება“, რაც იმას ნიშნავს, რომ ეძებს ისეთ სიტყვებს, რომლებიც საშუალებას აძლევს, კონკრეტული ჟღერადობა განუწყვეტლივ ისმოდეს და მეორდებოდეს მთელ ლექსში. სწორედ ბგერწერა აძლევს ფორმას იმ ლექსიკურ არჩევანს, რომელსაც ის ენის საფუძველზე აკეთებს. მაშინაც კი, როცა მისი ლექსები იწყება გრძნობის ორგანოების გავლით მიღებული გამოცდილების აღწერით - ეს იქნება ღრუბლის ფერი თუ ხის ფოთლებში ქარის მოძრაობა, - ანუ ის, თუ როგორ ხედავს ის ღრუბელს ან ხეს, დამოკიდებულია ამ სიტყვებში (clowd-ღრუბელი და tree-ხე) OW და EE ბგერათკომპლექსების მიერ შექმნილ რიტმზე. ეს თავისებურება მისი ნაწარმოებების თარგმნის დროს გარკვეულ სირთულეს ქმნის. კიმბერლი ჯონსონი - პოეტი, ინგლისური ლიტერატურის პროფესორი.
მარტოობის ისტორია
1.
მაღალი, რუხი ბალახიდან გამოვარდა უცებ კურდღელი - პატარა, რუხი,
გასწია მინდვრის შუაგულისკენ და თათებზე ჩაჯდა.
სულ ადვილად დაუთვლით ნეკნებს
ასეთ შუქშიც კი -
შემოდგომის საღამოს მომდგარ
მიმქრალ ბინდ-ბუნდში.
2.
ნოემბრის ბოლო დღეებია.
სულ მალე ზამთრის პირველი სველი, მსხვილი ფიფქები ჩამოცვივა
და ის მინდორი კურდღლებიანად
სადღაც გაქრება.
3.
მინდვრის ზედაპირს დაიკავებს სულ სხვა საფარი -
ზამთრის თხელი თეთრი ფიქალი. მისი მოფენა იქნება ერთობ
უხალისო და .... გამყინავი.
4.
ამ ზედაპირზე შეიძლებოდა
მარტოობის ისტორია
დაწერილიყო.
სამხრეთის გულები
დასვენება შეუძლებელია ამ ადგილას, სადაც ყველაზე ბანალური მზის ჩასვლაც კი
ერთი გაბმული, თავაწყვეტილი
ჟღარუნია
ყირაზე გადასვლებით. გრძელკუდიანი
თუთიყუშებიც კი,
რომლებიც ასეთ დროს ღამით ზანტად თვლემენ,
პალმებს შორის დაქრიან შურდულივით - ეს მას შემდეგ, რაც საბოლოოდ
გადაიწყვიტეს დაძინების იმედი მანამ, სანამ მზე ნათებას დაასრულებდა,
ხოლო ჰაერი მიმწუხრისას დაკარგავდა იისფერ ალებს.
დანარჩენები, უბრალოდ, ვსხედვართ,
ამ ყველაფრის უკეთური, თავბრუდამხვევი აურზაურით გაოგნებულნი.
ჩვენი გულები იკუმშება და ფართოვდება,
შეიკუმშება საბოლოოდ,
როგორც გაშლილი ხელის მუჭები.
ქორწინების სადიდებელი
სასადილო ოთახს უხმაუროდ ეცემა მზის სხივები.
რატომ ვერ ვახერხებთ, ჩვენც ვიყოთ მათსავით მშვიდები?
იქნებ, დაქორწინებაც მოგვეხერხებინა.
სამოთხისგან
შავი ბუზი იძირება ლუდის ჭიქაში.
შავი ბუზი იძირება ლუდის ჭიქაში.
რატომ ვერავინ ამჩნევს
ამ შავ ბუზს?
ის ისეთი შავია, როგორც უსარგებლო ციფრი ნული.
ისეთი შავია, როგორც საშუალო სკოლის ზედა კლასები.
კაცი, რომელსაც ლუდი უდგას, მეთევზეა.
რა პატარა და თან უზომო მოჩანს იგი
გამოწყობილი თავის თეთრ, მაღალყელიან რეზინის ჩექმებში.
რა დაგვემართა?
სამივეს ყელში ამოგვივიდა სამოთხე.
ამ ჭრილობებიდან მთვარე ამოცურდება
ახლა, მზე როცა უკვე ჩავიდა და გადაიღო თითქმის წვიმამაც,
სამეზობლოში როცა ნათურა ანათებს ყველა სადარბაზოს კარს,
გამოვიგონოთ, იქნებ, რამე. მაგალითად, მე სამყაროს
ახლებური განცდის საშუალების გამოგონებას ვისურვებდი, ამ გზით
ჩემში შევიტანდი იმ ერთადერთ შუქს, რაც ანთია საგნების ცენტრში,
ოღონდ ისე, რომ არ დამეკარგა მის გარშემო მოტრიალე პლანეტები -
უღრანი და ექსცენტრიული. ასე მგონია, შენ ისურვებდი, გყოლოდა უფრო
მზრუნველი, თავაზიანი შეყვარებული... სამწუხაროა, ვარსკვლავების ძარღვი არ არის
ფორთოხლის ხის ყვავილების ის სველი ნამწვი, ახლა ნელა რომ მისრიალებს
ჭის ცხაურისკენ.
შეიძლებოდა ერთ-ერთ მათგანზე ნატვრაც ჩაგვეთქვა; მაგრამ ის არა,
რომლის მიხედვით, ყველაფრის ნატვრა შეიძლებოდა შეუძლებელი სურვილის გარდა.
ღმერთების ყმუილი
ხმაური იყო გარშემო სიწყნარე იყო გარშემო არ გვძინებია გვეძინა.
სიზმარი არ გვინახავს. გვესიზმრებოდა ლეოპარდები და ქინძისთავები, ორქიდეები და სანაგვეები.
მთვარე არ ჩანდა. სხვა დროს არასდროს ყოფილა
მთვარე - ასე ბრწყინვალე. ძაღლებიც კი მოჯადოებულნი შესცქეროდნენ.
ასე წაიკითხეთ: ღმერთებიც კი, ღმერთებიც კი მოჯადოებულნი შესცქეროდნენ.
არ ყოფილან იქ ძაღლები. იქ არაფერი არ იყო ძაღლისმაგვარი.
ასეც რომ ყოფილიყო, მაინც შეუძლებელი იყო ძილი -
ყმუილის გამო! გვესიზმრებოდა ლეოპარდები და ქინძისთავები, ორქიდეები და სანაგვეები.
რას იტყვი, განა, ასე არ იყო? - არა. და თუკი გვესიზმრებოდა,
ჩვენ სიზმრებს მაინც არ ვხედავდით.
ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა