ზურა რთველიაშვილის ხსოვნას
ზურას ამბავზე ყველა სხვადასხვა თემაზე დაგზავნეს: კუბო, საფლავი, მღვდელი, ქელეხი, ბალზამირება, ეკლესია, რამე... ყველაზე ხანდაზმულებს - ილო-ბაბილოს გაზეთ „თბილისის“ რედაქციაში მისვლა და ნეკროლოგის მიცემა დაევალათ.
სადარბაზოდან გამოსულები ერთნაირად მოხრილი მხრებითა და მორკალული ზურგებით გაუყვნენ განიერ გამზირს.
- ისევ იქაა ეგ? - იკითხა ილომ.
- დიდ სტამბაში! - უპასუხა ბაბილომ და ნიკაპი ჩაიქნია.
- ლენინზე ანუ...
- ლენინი ახლა კოსტავაა!..
- ეუჰ...
- მაშ!
- მერე არ გავაჩეროთ რამე?
ბაბილო შეჩერდა და ილოს დამცინავად გამოხედა.
- რა არი?.. სახლში გელოდებიან?
ილოც გაჩერდა და დაფიქრდასავით.
- ვინ უნდა მელოდებოდეს?.. თევზიც კი აღარ მყავს აკვარიუმში!.. - აიჩეჩა მხრები და გზა განაგრძო.
თბილისი შემოდგომის მიწურულის იყო. ფოთლებს გრილი სიო ხვეტავდა. ფილარმონიასთან ერთი „აფნცხი" ბრძანა ილომ, რაზეც ბაბილომ ხელად შეაგება:
- მუზას ძეგლი პირად საკუთრებაში!
- რათ მინდა? რაღა დროს ჩემი ცოლია... - შედგა ილო.
- გაყიდი! - არ შეეპუა ბაბილო და მეგობარს მხარზე ხელი დაჰკრა. - წავიდეთ მერე სადმე... სამხრეთის კუნძულებზე! - ისე თქვა, თითქოს ილოს საბანკო ანგარიშზე წამი-წამზე უნდა დამჯდარიყო მუზას ქანდაკების გაყიდვიდან მიღებული თანხა.
- ჯერ გაზეთამდე მიმიყვანე!
მიწისქვეშაში ჩასულებმა ერთად აუწიეს ხელისგული იქვე მოჟღრიალე ბენდის თავიკაცს და ქუჩის მეორე მხარეს ამოვიდნენ. მალევე შეჩერდნენ დიდი სტამბის შესასვლელთან.
- ახლა საით?
- ნეკროლოგები იკითხე!..
ილო იქვე მდგომ შინაურს მიადგა.
- ახლობელი დაგვეღუპა, ბრატჯან!
- მეოთხეზე, უფროსო!.. აწერია ზედ. ლიფტიდან მარცხნივ!
ლიფტთან რიგი დახვდათ. პრიალა, ცივ კიბეს სვენებ-სვენებით აუყვნენ.
ააღწიეს. კარამდეც მივიდნენ. ერთმანეთს შეხედეს და შეაღეს.
დიდ დარბაზში დიდი მისვლა-მოსვლა იყო. რაღაც თაბახის ფურცლებს დააფრიალებდნენ ვიღაც ფორმიანები და უფორმოებიც.
ილო და ბაბილო უცებ გაერკვნენ წესებში, რიგის ბილეთი აიღეს და მალევე აღმოჩნდნენ ვიღაც ძაან ტუჩებდაბერილ გოგოსთან. გოგოს წინ კომპიუტერი ედგა.
- ტექსტი დამიტოვეთ!
- რა ტექსტი?.. - ერთად დაიბნენ ილო და ბაბილო და მალევე მოეგნენ გონზე. - აჰ, ვახ, ტექსტი ტო! ეგ როგორ დაგვავიწყდა!..
- აზზე ხარ?!
- ისე ვერ გავიხსენებთ?
- მე ვიცი ვიღაცეები...
- ეგრე მეც მახსოვს ალაგ-ალაგ...
- რომ გიკარნახოთ? - შეეკითხა ილო გოგოს.
- ჯერ თქვენ ჩამოყალიბდით აქ! - გაუწოდა გოგონამ თაბახის ფურცელი. - რასაც ვერ გავარჩევ, თქვენ შემისწორებთ!
- კალიგრაფია კაი გვაქვს ჯერ კიდევ! - გაიპრანჭა ილოს მაგივრადაც ბაბილო.
- მით უმეტეს! - დაყენებული ღიმილი არ გადასდიოდა ტუჩებიდან გოგოს.
***
- საიდან დავიწყოთ, ესე იგი?!
- რა გაყვირებს?! ცოტა დაუწიე! ხალხია!
- ჰო. კაი!
- ცოცხლები ვინც ყავს - იქიდან... რეებს მეკითხები?
- ჰო! კაი-მეთქი! ნუ შემჭამ ცოცხლად, ისედაც მარცხენა ყურში რაღაც ხმა მაქვს ჩართული!
- რა ხმა?
- რა ვიცი მე?!... შიშინია თუ სისინი!.. ხანდახან გეგონება რადიო-სიხშირეებს ასწორებს ვიღაც! ზუმერივითაცაა ხოლმე!..
- შენ სულ გაგიფრენია?
- ყველაფერს გეფიცები!
- მერე „ალო“ ვერ უთხარი აქამდე??
- შემეშვი რა!
- იქნებ კონტაქტზე უნდათ გამოსვლა, შენ კიდევ - „ხმა მაქ ჩართული!“ - წრუწუნებ. აბა რა უნდა გქონდეს ჩართული?! მესამე თვალი არ უნდა გქონდეს რო უკვე გახსნილი? აიღე ტრუბკა, შე ბებერო მაჩო!
- მოკლედ, მამა მკვდარია!
- ჰო. რობერტი ძია ბავშვობაში მოუკვდა ზურას. ბებია-ბაბუაც - ასევე. ბიძა?..
- მოიცა!.. ბიძა მამის მხრიდან, ანუ რობერტის ძმა... ჩვენი ლევანა! სადაა აბა ლევანა? ჩამოვიდა?
- ვერ ასწრებს, მაგრამ დარეკა!.. მოისამძიმრა.
- აბა ლევანა ყველა ვარიანტში ჩასაწერია!.. მოიცა! ბიძა - ლევანი... ეგრე ჩაწერე! სხვა ბიძა არ ყოლია ზურას?
- მამის მხრიდან ლევანაა მხოლოდ...
- მერე ლევანას არ ყავს არავინ? შვილი, ან ცოლი?..
- ცოლი არ ვიცი! ისე, ვიღაც ქალთან ცხოვრობდა ვიბორგში, უშვილოდ... მაგრამ ახლა მარტოა. ისევ მანდაა სადღაც... ფინეთის ყურეს ვუყურებო!
- ეჰ, რომელი ცოლი გაუძლებდა ლევანას?..
- ჰა-ჰა!
- და-ძმა არ ყავდა ზურას?
- კი. ნახევარდა... ლია!
- არ გააგებინეს?
- რა ვიცი მე...
- ჩავწეროთ ჩვენ მაინც!..
- ქართულს ცეკვავდა ეგ აქ ანსამბლში ადრე. სოლისტკა იყო!
- აჰ, გამახსენდა! ხო, ლია!.. არ ქონდათ მაგას და ზურას დიდი კონტაქტი...
- ლია ამერიკაში დარჩა სამ გოგოსთან ერთად! გასტროლების დროს!.. მოიხიენ რა!.. დარჩენის გეგმა გამზადებული ჰქონდათ!
- ჰმ... შენ საიდან იცი ეგ ყველაფერი, თუ კაი კაცი ხარ?
- მამალაძემ მომიყვა ადრე...
- მამალაძე ჭორიკანა და ინტრიგანი სირია! ჯერ კიდევ ასოს ჭკუაზე დადის ამხელა ვირი!..
- ასო ვინღაა?
- ასო ასოა! საკუთარი! ასო რა... რა გჭირს?
- აა... ჰოოო. მე მეგონა ვინმე ახალი მეზობელია უბანში...
- ვერ ხარ შენ? ასო როგორ უნდა დაუძახო ვინმეს?
- აბა ასპიროზებს რას ეძახიან?
- კაი! ხო! ტვინი მეტკინა!
- ასიკოებს?
- ბიძა - ლევანი! და - ლია! მოიცა, გვარები ხომ უნდა? ლევანა რა გვარია?
- ქილაფთარი.
- ვა! ეგ გვარია თუ კლიჩკა?
- ფსევდონიმი... ჩაწერე შენ!
- სპარსულია?
- რავი მე!.. კია ეგრე! არც ძეზე მთავრდება და არც შვილზე!
- ესე იგი, ბიძა - ლევან ქილაფთარი, და ლია... ხომ ხურციძეა ლია?
- იცის რო ძმის ამბავი? ამერიკაო!.. გააგებინა ვინმემ?
- ჩვენ მაინც ჩავწეროთ!
- კაი. ზურა დეიდა-მამიდებში როგორ იყო?
- მოიცა... ლევანას და მარინას ყავდათ ერთი და კიდევ. დარია.. მაგრამ მოკვდა ადრე.. გულის მანკით...
- მახსოვს-მახსოვს!.. დარია! რა ლამაზი სიარული იცოდა!.. წაცეკვებით. მოკლედ, არ ყავს ეგენი არცერთი... მკვდარს ხომ არ ჩავწერთ?
- ლიას ქმარი არ ყავს?
- ეყოლება ვინმე იქაური პოლიცაი!.. ისეთი კაი გოგო იყო, დაცვა ჭირდებოდა აქ, და იქ მით უმეტეს დაჭირდებოდა!
- ახლა ლიას ქმარი მარკვევინე კიდე!.. არ გვინდა ქმარი!.. ესე იგი, ბიძა - ლევან ქილაფთარი, და - ლია ხურციძე, მერე?
- კიდევ რა იწერება?.. მაზლი-მული...
- ეგ რომელი რომელია, კი არ მახსოვს...
- მაზლი არის ქმრის ძმა! და მული ქმრის და!
- და ცოლისდას რა ქვია?
- ცოლისდა ცოლისდაა.. ცოლისძმაც!
- ე, ეგ რატომ დაჩაგრეს?! იქით მაზლი-მული, და აგეთ უბრალოდ ცოლისძმა-ცოლისდა? ძალიან არასწორია ეგ...
- ეგ იუნესკოს მიწერე! მოგცლია რა!
- გავაგრძელეთ!..
- ეგენი არცერთი არ ყავდა ზურას... კიდე რა იწერება?
- ნათესავები საკმარისია... ახლა მეზობლები!
- კაი რა!
- აბა მარტო ორ კაცს ხომ არ ჩავწერთ?
- კაცო, მეზობლებზე წინ ეგრე მე მეგობრებს და კოლეგებს დავაყენებდი!
- აბა მეზობლებზე ანდაზები როა იმდენი?
- ეგ მხოლოდ ანდაზებია!.. თანამედროვე ცხოვრებაში არ მუშაობს! ვასილ პავლოვიჩის დრო კი არაა - იტალიური ეზოები და ოჯახებით მეგობრობა! ხალხი ისე ცხოვრობს, მეზობლებს ვერც ხედავს...
- კაი ახლა... მე ვიცნობ ჩემ მეზობლებს!
- ზურამ გარდაცვალებამდე ამბავი მოყვა: „საერთოდ არ ვიცნობდი და ისე უცნაურად გავიცანი, მრცხვენიაო!“
- ეგ რა სპორტია?
- ხომ გადავიდა ახალ კორპუსში? ოთხი ბინაა ბაქანზე. ერთში თვითონაა. მიდის-მოდის - არცერთხელ არც ლიფტში შეხვედრია კარის მეზობელი, არც სადმე... არც წასვლისას, არც მოსვლისას...
- იქნებ არავინ არაა?... ან მიუკაკუნოს, პროპოშნიკი თხოვოს... არ იცის მაგდენი?
- პროპოშნიკი კი არა!... ისეთ შარში გაეხვნენ კინაღამ ეგ და ჭედია. მეზობლის ამბავში.
- რაო?
- რაო და ეგ ბინები ხომ ერთმანეთს გავს ოთახების განლაგებით...
- მერე?
- ერთ საღამოსაც ზურა და ჭედია კოკასთან სვამდნენ არაყს და აყოლებდნენ პლანს. გაუთავდათ სასმელი. რა უნდა ექნათ?
- რას იზამდნენ?
- ჩავიდნენ ერთად ბუხოები მარკეტში. იყიდეს გასაგრძელებლად და დასაყოლებლად ყველაფერი. უკან ამობრუნდნენ... გააღეს, ეგრევე დიდ ოთახში გავიდნენ, დააწყვეს დაბალ მაგიდაზე ყველაფერი. გახსნეს არყის ბოთლი.. და ამ დროს ზურა ამბობს ჩურჩულით:
„შალომ, ეს ჩემი ბინა არაა, სართული აგვერიაო“.
- ვახ!
- ლოჯი შემინულია, ფარდა კიდია ოდნავ გამჭვირვალე. იქ ილანდება ვიღაც ასე ოცდაათ წლამდე ტიტველი გოგო. ზის ფეხი ფეხზე გადადებული კრესლოში, უყურებს ტელევიზორში საინფორმაციოს და ეწევა პაპიროსს ფსიხივით... აქეთ არც იყურება...
- მაგასაც ხომ არ ჩავწერთ?
- ჰაჰა! უყურეს კაი ხანს ამ გოგოს! ათვალიერეს! მერე გაიცურცლნენ ფეხისწვერებზე ისე, რომ იმ ტიტველ გოგოს არც გამოუხედავს... ვერ გაიგო ვერაფერი, ისე იყო ტელევიზორში შემძვრალი!.. ხედავ რა დრო მოვიდა?
- დარჩენილიყვნენ უნდა!
- მეც ეგ ვუთხარი!
- მოიცა, სასმელი დატოვეს?
- აუ, ეგ კი აღარ მიკითხავს!.. რას დატოვებდნენ! სვავებივით იყვნენ ეგ და ჭედია ერთად! დალევა-მოწევა, დალევა-მოწევა!
- ეგ გოგო არ შემოვა პანაშვიდზე?
- წესით კი! მეზობელი იყო ბოლოს და ბოლოს ქვედა... თუ ზედა?
- ესე იგი, მეგობრები უნდა - რომ შეივსოს!..
- ნუ მეგობრები თავისთავად!... მაგრამ ეგ უკვე ბევრი გამოვა...
- მაშინ ახლო ძმაკაცები!
- აგერ მე და შენ თავისთავად!.. კიდევ ვინ ჩავწეროთ?
- მერე ვინმეს რო გაუტყდეს?.. მე და შენ გადავუწყვიტოთ ამდენ ხალხს?
- აბა შეკრებას ხომ არ მოვაწყობთ მაგის გამო?
- მოიცა! აი მითხარი, რას ნიშნავს საერთოდ ახლო ძმაკაცი?
- რას და...
- არა, თქვი!.. გისმენ! მოყევი აბა!
- ჰო. ესე იგი...
- მიდი ჰო!
- რას მაწვები? მაცალე, კაცო!.. რას ვამბობდი...
- ახლო ძმაკაციო!.. არ დამიწყო ახლა მკლავზე ბეწვის ადგომა და ეგეთები!
- მე უფრო კაი ვიცი... ჩემი ფორმულა მაქვს!..
- გამოუშვი აბა!
- ოთხი კილომეტრი მხარდამხარ იაროთ და ხმა არ გაიღოთ არცერთმა, ახლო ძმაკაცები ყოფილხართ!
- ჰმ!.. ვინ თქვა ეგ?..
- ეგრეა!
- ეგრე მე და შენ რამდენი კილომეტრი გამოგვდის ჩუმად გამოვლილი?
- ეგ იმაზე მეტია, ვიდრე აქედან ევიპტემდე მარშუტკით...
- მაშინ საერთოდ არავინ არ მივაწეროთ ძმაკაცებიდან!.. „და ახლო მეგობრები“, ეგრე უნდა დავასრულოთ!
- და ბოლოში - „იუწყებიან, რომ...“!
- იუწყებიან, რომ გარდაიცვალა!.. გვარი, სახელი, მამისსახელი!
- ზურაბ რობერტის ძე რთველიაშვილი.