ვინ ამოკრეფს მაყვალს თოვლიდან


ვინ ამოკრეფს მაყვალს თოვლიდან




 

 

***

                     „ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი. იქნებიან იქ მარადიულნი"

                                                            (ყურანი. სურა II ალ-ბაყარაჰ. თავ.257 )

 

მზე ჭკნება.

სანამ დრო არის,

ვიწვეთ მიწაზე.

ცა იყოს ლურჯი.

მოხარშული ჩაის გემო აქვს შენს ტუჩებს,

მხრებს და შიშველ ფეხებს.

ყვავილებით სავსე მოტოციკლს

მიჰყვება თეირანის ქუჩა.

როცა ინგრევიან მეჩეთები,

რწმენა შენდება.

და ღმერთის ნაცვლად,

დღეს ჩვენ გვაწამებს.

ვდგავარ ტყვიისფერ უდაბნოში

და ბალახს ვთესავ.

თუ ძვლებში იზრდება სიყვარული,

ხელს მოვიტეხავ.

ან შიშს გადავცემ

სხვა სიხშირეზე ჩაწყვეტილ სულებს.

როგორც ყოველთვის,

განშორებისას მინის ფერდობებს

ასკდებიან ნაცნობი ხმები.

დარტყმის, ჩალეწვის.

როცა დასჯიან ჩვენს სხეულებს

და მიწით სავსე მდინარეში დამარხავენ.

სიყვარული განმეორდება.

ღმერთს ჩვენ გარდა არავინ ჰყავს!

ღმერთს ჩვენ გარდა არავინ ჰყავს!

ღმერთს ჩვენ...

თეირანის ქუჩებს მიჰყვება თოვლი

 

 

***

მტვრევის დროს შეგიძლია

საგნები განასხვაო ერთმანეთისგან.

დაფშვნილი ნივთების ხმები დათვალო.

შიმშილის დროს ჩაიდინო დანაშაული

უარგყოს ყველამ

და ისე მოკვდე.

თვალებგახელილს დაგმარხავენ.

ხელებს წყალში ამოვლებულ მიწას დააფარებენ.

ლურჯ და წებოვან სიმშვიდეში დაგტოვებენ.

რომ აღარასდროს გაგიხსენონ,

ღამეს დღე არჩიონ

და სიზმარს ცხადი.

რადგან შიში დამუნჯებით ძლიერდება.

ლექსები კი უარყოფას ნიშნავს.

ხმას, რომელიც

გარეთ უნდა დატოვო.

 

 

***

რის შესახებ შეუძლია ლაპარაკი

მიწიდან ამოსულ ადამიანს,

ვიდრე არსებობას

დაუდასტურებს გარშემომყოფებს.

ხანგრძლივ სიმშვიდეში მყოფი

მივა მათთან

ლამაზი,

მკვდრისფერი და

როცა ტანში სისხლი

ნაყოფივით ამოძრავდება,

გახდება ბავშვი,

კოცნისა და დანაშაულის შეგრძნებით.

თანამონაწილე იმ სიზმრების,

სადაც მონატრების დროს

ცეცხლს აშრობენ,

თოვლს წვავენ,

ის კი ღამის ფსკერზე წევს და

პირიდან ვერცხლისწყალი ეღვრება.

 

 

***

შეგიძლია აირჩიო მიწა.

ან თიხის სამშობლო,

ქვების გროვა

თეთრ ზეწარზე დაყრილი.

მოძებნო ხმები

რომლებიც გვყოფს ერთმანეთისგან.

მიხვიდე საკუთარ თავთან და

თანაგრძნობა გამოუცხადო.

როგორც მკვდარს,

რომელსაც აქვს არსებობის უფლება.

თუ წყალს დაეყრდნობი,

სიმძიმის გამო უფრო გაგიძლებს,

ადამიანი მარტივად ტყდება.

და თუ კედლები ზამთარს იმახსოვრებენ,

ჩვენი სახლების ცარიელ ადგილს

დარჩება თოვლი.

 

 

***

ვინ ამოკრეფს

მაყვალს თოვლიდან

და ვინ ჩაწვება

სიკვდილის ბაღში.

ყვავილების სველ ცეცხლზე

წვანან სიზმრები.

ამოთხრილი წრეები

აშრება მიწას,

ხმაური აღვიძებს

ცისკრის ჟირაფებს და

გრძელ კბილებს

სასიკვდილოდ ასობს ყელში.

წყალში გადაყრილი

მარილი,

ქვიშისფერი თევზების ჯოგი.

ფაიფურმა შეიზილა

თეთრი.

ანგელოზები ყვავიან

რბილი ხორცით სავსე თასში.

მწიფე პამიდვრების ბაღი

ცას ანათებს.

ცხოვრება ნაადრევი

მარტოობაა.

ნებადართულია შიში,

ან სხვა ზამთარში

დეკემბერი,

რომელიც განდინარე

სისხლისგან

თბება.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE