ანუშ ქოჩარიანი პროფესიით კულტურის ჟურნალისტია. დაიბადა 1990 წელს სომხეთის მესამე პოსტსაბჭოთა ქალაქ ვანაძორში (კიროვაკანი). მიიღო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი. IVLP (International Visitor Leadership) პროგრამის კურსდამთავრებულია. 2012 წლიდან 2020 წლამდე ,,ჰეტქ’’ ელექტრონულ პერიოდიკაში კულტურის სვეტის ჟურნალისტი იყო, სადაც წარმოადგინა პოპულარული მედიაპროექტი ,,აივანი’’. ამ და სხვა პერიოდიკასა და ლიტერატურულ პლატფორმებზე (გრანიში, ინქნაგირი და სხვა) ქვეყნდება ანუშის ესეები და ლექსები. ის ასწავლიდა ერევნის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად არის „ჰოვერ“ სახელმწიფო კამერული გუნდის გენერალური მენეჯერი, დოკუმენტურ-მუსიკალური, კულტურული პროექტის „საღსარა“ გენერალური პროდიუსერი, „ლოფტ “ თვითგანვითარების ცენტრის მთავარი მრჩეველი, წარმოადგენს ცალკეულ არტისტებს სომხეთში და მის ფარგლებს გარეთ, ზოგიერთი მათგანის სომხეთის წარმომადგენელ-აგენტია. ანუში არის ლიტერატურული სააგენტო „არი“-ს ერთ-ერთი მწერალი, 2014 წელს „ევროდრამის“ მთარგმნელობითი პროგრამის გამარჯვებული (საფრანგეთი), 2015 წელს ნიურნბერგის სახელმწიფო თეატრის ლიტერატურულ კონკურსზე მეორე ადგილის მფლობელი დრამატურგი. ანუშ ქოჩარიანის ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ და გერმანულ ენებზე, 2022 წელს კი ავტორის ლექსების კრებული „ველური ბალახები“ გამოიცემა.
ანუშ ქოჩარიანის პოეზია ქართულად პირველად ინედება, ასია დარბინიანისა და დიანა ანფიმიადის თარგმანით, პენ-სომხეთის, პენ-საქართველოს და პენ-ამერიკის ერთობლივი - „Burning Poet“ პროექტის ფარგლებში.
ველური ბალახი ჩემი ენისთვის
(გასროლიდან ნახევარი წლის შემდეგ)
საკუთარ თავს რომ მშვიდობიანად მივუახლოვდები,
იქნებ სხვებსაც მოვუყვე შენზე,
ან იმაზე, თუ ღამეები როგორ
იქცევიან დაცლილ ტყვიებად
და ვერშემდგარი სიკვდილის ორბიტით სიცოცხლეს ხაზავენ.
თუ როგორ ფეთქდება მთვარე და ნაკვალევი,
და მის ადგილას ხარობს ველური ბალახი
და პატარა სივრცეები როგორ აგიჟებს
ყველას, ვინც მათ ხელებს ეთაყვანება.
ჩემო სულო, უცებ თუ ისე გამოვა,
რომ მშვიდობა იქნება და მე აღარ,
მიმიყვანე ველურ ბალახთან,
მიწას დაადე ჩემი ენა
ხელები თანაბრად გამიხსენი,
ახლოს, ძალიან ახლოს,
სადაც ველური ბალახი აღმოცენდა ჩემი ენისთვის.
წერილი
ჩემო სიყვარულო,
ჩემი სხეულითურთ მოვედი
და მიწაზე უენოდ დავწექი,
რასაც ადრე ვფლობდი
და შენი დაკარგვის სიმღერებმა
ღამით ომობანა უნდა ითამაშონ
და გათენებამდე უნდა მოვკვდეთ.
***
ოცდაათწლიანი სიზმრიდან გაღვიძება
სიკვდილის ცნობაა.
ოთახი ყველამ გაიარა
ოთახი არავინაა.
ყველა წამსვლელთან ერთად თოვლი წამოვიდა,
და ვინც ვერ გაიარა, თოვლქვეშ დაიფლო.
წყალმა დაისადგურა ოთახში...
აქ, ახლა როცა ვარ,
ქალები არიან,
სხვა არავინ,
აქ და ახლა
ომია.
***
და იქნება სახლი,
უმისამართო
და განისაზღვრება
მარცხის ადგილად.
***
და ახლა
და ახლა, როცა წავაგეთ მშვიდობასთან
და როცა გაგვცეს,
და ახლა, როცა თითქმის ორი ათასი წელი
წყალზე გავლის შესახებაა,
მარტივი დღის ამ საღამოს
მომკალი შენი მრუდე თითებით,
მიმაახლოვე შენი სხეულის საფრთხეს,
რომელმაც წააგო მშვიდობასთან და სახლები ააგო,
რომელმაც მისცა ვიღაცას თესლი,
მერე სიტყვები, სიტყვები, სიტყვები.
თქვი მარტივად და ჭეშმარიტად,
თქვი უხეშად:
რომ დაბრუნდი, რადგან ნახე.
სიყვარულის ბოლომდე
შემაძლებინე,
რომ არაფერი დარჩეს ჩემგან.
ეპიზოდი 2
მოხდა ის, რომ მე უნდა მეშვა და არ ვშვი,
და მოხდა ის, რომ არაფერიც აღარ გაგრძელდა,
ღმერთმა, რომელიც დერეფანში იყო,
იკითხა - შეეძლო თუ არა ბანაობა,
ბეტონის აბანოსკენ წაიყვანე
და კარი ჩარაზე.
(ღმერთი აღარ გამოსულა)
***
და დავრჩით სხეულებთან ერთად.
და დავრჩით სრულიად მარტო.
აუტანელი მოგონება.
სომხურიდან თარგმნეს ასია დარბინიანმა და დიანა ანფიმიადმა