უფალს გედები უყვარს ზეცაში...


უფალს გედები უყვარს ზეცაში...




 

ნიგარ ჰასანზადე - აზერბაიჯანელი პოეტი, არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. 2000 წლიდან 2014 წლამდე ლონდონში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, იბეჭდებოდა მოწინავე ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 29 აპრილს ბრიტანეთის დიდმა ბიბლიოთეკამ იგი შეიყვანა 2009 წლის საუკეთესო უცხოელ პოეტ ქალთა ათეულში. 2005 წელს მისი ლექსები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე დიდ ბრიტანეთში შეტანილ იქნა ანთოლოგიებში „XX საუკუნის საუკეთესო პოეტი ქალები“. 2015 წელს ნიგარ ჰასანზადემ დააფუძნა ლიტერატურული გაერთიანება „სიტყვა“, რომელმაც არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. პირველად ითარგმნება ქართულად.

 

 

***

 

„ესეც ჩაივლის...“ –

ამოუტვიფრავთ ბეჭდებზე იმათ,

ვინც ფეხფრთიანნი

მუდამ სადღაც მიიჩქარიან.

„ესეც ჩაივლის...“ -

ამ ლამაზ ფრაზას

მალამოსავით ადებს ბეჭედი

ყველა ვნებას და ყველა ჭრილობას.

დაშინებულმა ქვეყნიერებამ

არ შეაშინოს გმირი ბიჭები...

და ყვავ-ყორნებმა შეიგნონ რომ:

უფალს გედები უყვარს ზეცაში...

მათ, ვისაც მკერდში გული ეგულვით, -

ვინც მძევალია თავისი სიტყვის,

ვინც გუშაგია ბეჭდებისა და მეტაფორების,

შეიგნონ და გაითავისონ ჭეშმარიტება:

არავითარი გამართლება არა აქვს ტანჯვას.

„ესეც ჩაივლის...“ - არ დაგავიწყდეთ

ეს დიდი სიბრძნე.

საბოლოო გამარჯვებამდე უნდა იარო! –

ბრძანებს სიცოცხლე

და უდასტურებს ცხოვრება ამას...

 

 

***

 

ჩიხი არაა ჩვენი ცხოვრება,

მას სწორი კუთხე არ გააჩნია.

წრიული გახლავთ ქვეყნიერება,

და ლივლივებენ ფერები მუქნი,

და ვისაც დიდი გრძნობებით უყვარს,

სამყარო იმათ სხივებსა სჩუქნის.

ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილაკები -

წყალი და სისხლი, მიწა და ხორცი.

ტრიალებს ბროლის სახელმწიფონი,

ვით ეს ფიალა და ვით ეს ბოცი...

ქვეყნიერება წრიული გახლავს,

ნუ გეშინია, ჩიხში არ შეხვალ.

ამ დუნიაზე ყველაზე დიდი

შეკითხვაცა და პასუხიც შენ ხარ.

 

 

***

 

დაკოჟრილ ხელებს აჰყავთ კედლები...

დაკოჟრილებში ბუტბუტებს სევდა...

სარკის წინ ვდგავარ, და ახლა მე ჩემს

დასაწყისსა და დასასრულს ვხედავ.

და თუ არსებობს ბედნიერება,

მის თანაფარდს ხომ დარდს იტევს გული.

კვლავ დამიმარცხა ეშმაკი ზეცამ,

ჩემი ღმერთია გამარჯვებული!

ამ შერკინებას ვერ უძლებს ყველა,

სუსტნი ასპარეზს ტოვებენ მუდამ,

მზერაშიშველთ და ხელებგაშლილებს

ბრძოლის ველისკენ მოვუხმოთ უნდა...

ვიცი, სხვაგვარად არ შეიძლება,

მსხვერპლის გამოა სამსხვერპლო, ვიცი,

გული ბობოქრობს, ბრძოლა იქნება,

სითბო ცას ერთვის, სანთელი იწვის.

 

 

***

 

ცას ბეჭედივით აჩნია მთვარე

და ნაზად ჟინჟღლავს ვარსკვლავთა წვიმა.

რაც ოდენ ერთობ გარდუვალია,

ადექი, კარი გაუღე იმას.

ზეცა სამოსს ხდის მიწას უჩუმრად,

თითქოს პლანეტა ნაზი ქალია.

ჭეშმარიტება იხილონ ბრმათა:

ამ ქვეყნად ყველა წარმავალია...

ვიღაცას სძინავს, ვიღაცა ფხიზლობს,

დადგება ჟამი, ის ჟამი, მჯერა,

გამოკეტილი მარტოობაში

უხილავ ბჭესთან ილოცებს ყველა.

ცას ბეჭედივით აჩნია მთვარე...

კვლავ უცოდველი ვიღაც დარჩება...

ო, ნეტავ შევძლოთ ჩვენ ერთხელ მაინც

ანგელოზის და ჯინის გარჩევა.

 

 

***

 

დღე მოგადგება წყნარი და მშვიდი,

როგორც სტუმარი, რომელსაც ელი,

გულს დაედება ის, ვით მალამო,

რომელიც ყველა ჭრილობას შველის.

უცებ ხვდები, რომ ჟამს და ჟამს შორის

დღე იგი ღვთიურ ხიდად იდება.

ხვდები, ჭაღარა, ასაკი, ბავშვი

დაგრჩა ვით დიდი ავლა-დიდება.

არ გერიდება, ცრემლები გცვივა

და ცრემლებს ერთვის სულის ჩივილი.

გემორჩილება ჩამცხრალი ვნება

და ტანი, როგორც ღამის კივილი.

და ილექება სულში ნელ-ნელა

ტკბილსახსოვარი დღენი მზიანი...

...მოვა დღე, სახლში და თავის თავში

ჩაიკეტება ადამიანი...

ჩაეძიება ათას ერთ კითხვას,

მიხვდება, პასუხს მიაგნებს თუკი:

თურმე სიცოცხლე და კაცის ყოფა

წყალი ყოფილა სულ ერთი ყლუპი.

 

 

***

 

ღმერთო, დაიცავ ჩემი შვილი

დედის ცრემლისგან,

სიძულვილის ზღვარზე გასული

სიყვარულისგან,

და ორპირ ქარში გაზავებული

ცოდვებისაგან.

ღმერთო, დაიცავ ჩემი შვილი,

ისე, როგორც ის დაიცავს

მიჯნას გავლებულს

ნაზ ამბორსა და

მღვრიე სისხლს შორის,

დაიცავ იგი,

ნურცა განსჯის

და ნურც განსჯიან...

დაიცავ შვილი,

რომელიც ასე იზრდებოდა

ჩემს უძილო ღამეებში და

ლამაზ სიზმრებსაც ნახულობდა

ორის მაგიერ.

როგორც ხავსი და როგოც ხალიჩა

მინდა თავი დავუფინო

ჩემს შვილს ფეხებქვეშ,

რათა სიკეთის გზებით იაროს.

დაე, მისმა ვერცხლისფერმა ნატერფალებმა

სიტყვა „დედა“ წამაწეროს მკერდზე, უფალო.

 

 

აზერბაიჯანულიდან თარგმნა

იმირ მამედლიმ

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE