* * *
უშაქრო ყავას სვამთ
ათვალიერებთ ჟურნალებს
მე კი მიშველოს რამ
ასი წელია ვმკურნალობ
ასი წელია ვმკურნალობ
სამარხვო ხინკალს ჭამთ
ჩემს თეფშს უყურებთ ირიბად
ჭამის წინ ლოცავთ იესოს
მე კი ვღიღინებ ამ
ამ ბრმადმორწმუნე სირებმა
რა ავად მიიჩნიესო
რა ავად მიიჩნიესო
ულამაზესი ხართ
თქვენი ატლასის პერანგით
რა მალე მიდიხართ
გთხოვთ ცოტა ხანიც ელაგეთ
გთხოვთ ცოტა ხანიც ელაგეთ
***
არც სახლი გაქვს და არც სადგომი გამვლელი ხარ
არაფერია რასაც შენ არ წააგებდი
შენ გესიზმრება ბრაზილია ამერიკა
თავისი დიდი ქალაქებით
თუმცა ამ ჩიხში არაფერი დაგრჩენია
აქ ცხოვრობ მაინც იმ მომავალ სიცოცხლემდე
ყველა კუთხეში მოჩვენება გაგჩენია
ყველა სურვილში ჭიანჭველა გიცოცდება
და შენი თავი ამდენ თავში შერეული
მკრთალი ნათებით დაატარებს შარავანდედს
ბოლოს ქუჩაში ლამის ფეხი გერეოდა
ბოლოს სარკეში ლამის გული გერეოდა
ბოლოს ოთახში შეხვედი და გადავარდი
***
უკვე ბევრჯერ ნანახი
უფროთ ბევრჯერ გაგონილი
ახალ იმედს გკარნახობს
შენც ებმები ვაგონივით
ახალ სისულელეში
შენი გზა კი არსადაა
შენ ამზადებ ვახშამს
სუყველაფრის ფასადაა
ფრთების ერთი გაშლა
ჯერ ამზადებ მერე შლი
მერე კომპოტს ხარშავ
დილით შიშით უყურებ
უზარმაზარ სარკეს
გახრჩობს გულის გუგუნი
მერე კოკას ჟაკეტს
მოიცვამ და იხსენებ
ვის შესძულდი შარშან
შენი გზა რომ არსადაა
შენი შიშიც ამაოა
სუყველაფრის ასატანად
ერთი ვარდნაც არ გამოვა
მეგობარო არ გამოვა
ამ ჭახჭახში ყოფნა
თორემ ბევრჯერ ვეცადეთ
თორემ ბევრჯერ გავძელით
არც მანტია გვეცვა და
არც გვქონდა სავარძელი
მოგვიწმინდა ოფლმაც
თორემ ეს არაფერი
თორემ ეს სიფითრე
ეს ამდენი ნარბენი
წლებია რომ ვითმენ
ძალიანაც მყოფნის
***
თქვენ თქვენი გზა უკვე გელოდებათ
ჩემი ჭრილობების მერიდება
ღმერთო ყველაფერი მეორდება
ყოველი ჩხუბი და შერიგება
და თქვენი წყეული მელოდია
მოგიტყანთ შარფები ბერეტები
ვახსოვარ მეძებენ შემოდიან
ოთახში რომელშიც ვერ ვეტევი
და მერე სიცხესაც მიზომავენ
და მერე აბებსაც მთავაზობენ
ჯულიეტები და იზოლდები
ძალიან ძალიან ლამაზები
და მერე მიდიან რიდეებით
და მე მათ ვუჩრდილავ მცხუნვარე მზეს
საცოდავს თვალების მიდევნებით
საცოდავს უქონელ უნარებით
მსაყვედურობენ და მაღმერთებენ
მსაყვედურობენ არც რცხვენიათ
და ჩვენ ვართ საშინლად ასეთები
და ჩვენ არავისთვის გავჩენილვართ
***
მას ხშირად ურეკავენ მას ხშირად არ სცალია
და მუდამ მართალია
არაფერს იგონებს
ვაკეთებ „შორტ ფილმებს” სულ რაღაც სამწამიანს
ხელებზე ჩაქრობილ სიგარეტს
და მზერას გატეხილს სარკესავით
და ჩემს ძაღლს საშინლად ონავარს
ნუ ფიქრობ რაიმე დამეზაროს
დიდი მიღწევების მონა ვარ
მე მის მზეს არასდროს ვიფიცებდი
ამიტომ არასდროს მეფერა
მე დიდი უვადო მივიწყების
მეფე ვარ
მას ხშირად ურეკავენ აწუხებენ
მას ხშირად შეშლილი ვგონივარ
რად მინდა ისეთი პასუხები
მეტი თუ არაფერი მომივა
***
ჩვენი საერთო სურვილების დიდი სკივრიდან
ჩვენი საერთო გადარჩენის გარეთ დარჩენილს
თუ რამე დარჩა ამდენ მკვდარში უნდა მივლიდე
ამდენ სიკვდილს თუ გადამარჩინე
თუკი ამდენჯერ არ ამიხდა ჩვენი სიზმარი
და ყველაფერი გაგრძელებას დაემორჩილა
რაც უნდა მექნა სხვები იზამენ
მე ფრთებმოჭრილი
და უყველაფრო კოლოფებით კედელს ვაშენებ
და მჯერა ჩემი ოცნებები გადამარჩენენ
მე არაფერზე დარდიც ვიცოდი და არაფერზე წერაც ვიცოდი
და არაფერში ყოფნას ვაგრძელებ
ყველა გავუშვი ჩემთან ერთად ვინც კი იბრძოდა
და გემი ამის შემდეგ ჩავძირე
ჩვენი საერთო სურვილები როგორ არ გახსოვს
რომ ვიცინოდით
ჩემი ოთახი უნდა აგევსო
ხმით და სინათლით
თურმე რამდენი კარი ჰქონია და დერეფანი
ამ სიჩუმეს და ამ სიმარტივეს
თუ იმ სროლაში გადამეფარე
ამ გამარჯვებებს რად შემატოვე
სად არის ჩემი პირღია დარდი
რად მომიყარეს ფეხებთან ზეცა
რად არ გამომდის მომავლის გარდა
არაფრის შეცვლა
და მომავალიც ისე ცხადია
თითქოს წინასწარ დაუხატიათ
თითქოს ხეები უფრო გამაღლდნენ
თითქოს რაიმე ახალს იტყვიან
და მე ქუჩაში ისე ამაყად
მივდივარ მთვრალი თითქოს იდეა
მქონდეს ერთიც კი როგორ ვიცხოვრო
რა დიდები ხართ რა სიდიდეა
და მე კი ამ დროს ვიცი ვინცა ვარ
სად უნდა ვნახო ამხელა დროში
ჩემი წამები
რომ სხვებიც იყვნენ რომ ვიყო რომ შენც
იყო დაღლილიც და ნაწამებიც
მზეს მიჩრდილავდე
ოღონდ დილამდე
დამეხმარე და გადამიტანე
და რა აზრი აქვს ახალს უკვე რაღას იტყვიან
რომ ჩვენ ვიცოდით რომ თავიდანვე
ერთ დღეს მიდიან
თითქოს ხეები უფრო გამაღლდნენ
თითქოს რაიმე ახალს იტყვიან
ეტლში რატი ზის რატი ციყვია
თითქოს ხეები უფრო გამაღლდნენ
და მახსენდება სახლში მისვლები
და ამ უფსკრულზეც უნდა გადავხტე
და მერე მზეში ამოვისვრები
და არაფერი თითქოს ხეები
უფრო გამაღლდნენ უფრო შორია
ცა თითქოს ჩემი თეთრი დღეები
არც ყოფილა და არც მიცხოვრია