ლევან ბრეგაძის წიგნში „მოთხრობები ლიტერატურაზე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.2008) ერთი ასეთი სტატიაც არის: „იგივე არაკია“? ავტორი მასში განიხილავს სულხან-საბა ორბელიანის ცნობილ იგავს „უსამართლო შირვანშაჰი“, გვამცნობს, რომ „ასეთივე ფაბულას ვხვდებით მეცამეტე საუკუნის დიდი სირიელი სწავლულისა და მწერალ-ენციკლოპედისტის აბულ-ფარაჯის (1226-1286) „გასართობი ამბების წიგნში“, რომელიც აღმოსავლურ-დასავლური წარმოშობის მინიატურების კრებულს წარმოადგენს“. შემდეგ ავტორს მოჰყავს თვით ეს არაკი:
„ერთხელ, სეირნობისას ერთმა ხელმწიფემ და მისმა თანმხლებმა ბრძენმა დანგრეული სოფლის გვერდით გაიარეს. უეცრად ხელმწიფის მზერა ორ ჭოტზე შეჩერდა. ისინი რაღაცაზე გაცხარებულნი საუბრობდნენ.
- შენ, მგონი, გესმის ფრინველთა ენა? - მიუბრუნდა ხელმწიფე ბრძენს, - საინტერესოა, რას ლაპარაკობენ.
- რაღაც-რაღაცები გავიგე, მაგრამ ვერ ვბედავ გითხრა, - მიუგო ბრძენმა.
- თქვი, ნუ გეშინია.
- შემომფიცე, რომ არ დამსჯი.
- გეფიცები.
- ერთ ჭოტს ვაჟი წამოეზარდა, მეორეს - ქალიშვილი და მათი შეუღლება გადაწყვიტეს. მეორე ჭოტი-საპატარძლოს დედა-მზითვად ასი დანგრეული სოფლის მიცემას აპირებს, მაგრამ სასიძოს დედას ეს ეცოტავება, საპატარძლოს დედა კი ეუბნება: „თუ ამ ხელმწიფემ ისევე განაგრძო სახელმწიფოს მართვა, როგორც დღემდე მართავდა, ერთი წლის თავზე მზითვად ათას დანგრეულ სოფელს მოგართმევო“.
ხელმწიფე ღრმად ჩაფიქრდა და ამის შემდეგ სამართლიანად შეუდგა თავისი სამფლობელოს მართვას“.
ავტორი გვამცნობს სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედების ცნობილი მკვლევრის ზურაბ ავალიშვილის მოსაზრებას: „აქ საქმე გვაქვს არა ანალოგიასთან ან მხოლოდ თემატურ ნათესაობასთან, არამედ ეს, უბრალოდ, იგივე არაკია. სირიელი ავტორის ვარიანტს მხოლოდ დასაწყისი აკლია, სადაც შაჰის სისასტიკეზეა ლაპარაკი, ამიტომ ჭოტების საუბარი ცოტა არ იყოს ნაკლებმოტივირებული ჩანს“. შემდეგ ავტორი განიხილავს გარკვეულ განსხვავებებს: „სირიელი მწერლის არაკში ერთი პერსონაჟით ნაკლებია: იქ არ არის მომჩივანი, რომელიც თავის გადასარჩენად იტყუება“. როგორც გვახსოვს, „სიბრძნე სიცრუისაში“ ლეონის მიერ მოყოლილი ეს არაკი ასე იწყება: შირვანშაჰი უსამართლო და უმოწყალო მმართველია. მისი სისასტიკის გამო მთელი სამეფო აოხრებულია. ერთ დღეს ვიღაც მომჩივანს ნახავს და მისი მოკვლის ბრძანებას გასცემს. ის უბედური სახელდახელოდ ასეთ ტყუილს მოიფიქრებს: „მე მოსაკლავი კაცი არა ვარ, ამად რომე ყოველთა მფრინველთა და მხეცთა ენა ვიციო“.
ისევ ლევან ბრეგაძეს მოვუსმინოთ: „აბულ-ფარაჯის ბრძენს მართლა ესმის ფრინველთა ენა (ესე იგი, ის ფანტასტიკური პერსონაჟია) და, რაც მთავარია, ჭოტები მართლა ამბობენ იმას, რასაც საბას ვერსიაში მოხერხებული ვაზირი თვითონ იგონებს“. ავტორი აღნიშნავს იმასაც, რომ ვაზირის საუცხოო რეპლიკა „წოტნი ეგრე იტყვიანო“ მხოლოდ საბას ვერსიაში გვხვდება, ასკვნის, რომ „ამ არაკებს შორის გარეგნულად მართლა დიდი მსგავსებაა და გენეტიკურადაც ისინი უთუოდ დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან, მაგრამ სხვაობაც იმდენად არსებითია, რომ შეიძლება ითქვას: საქმე გვაქვს არა ერთსა იმავე, არამედ ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ არაკებთან“.
სავსებით ვიზიარებ წერილის ავტორის ამ მოსაზრებას. ერთგვარი დამატების სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ იგივე არაკის ქრონოლოგიურად უფრო ადრეული ვერსია გვხვდება დიდი ირანელი კლასიკოსის ნიზამი განჯელის (გ.1203) დიდაქტიკურ თხზულებაში „საიდუმლოებათა საგანძური“. ეს პოემა ნიზამის „ხუთეულში“ ყველაზე ადრეა შექმნილი, ეძღვნება ერზინჯანის გამგებელს, ბაჰრამ-შაჰს. „საიდუმლოებათა საგანძური“ ოცი საუბრისგან შედგება და თითოეული მათგანი სხვადასხვა ხასიათის რჩევა-დარიგებას გადმოგვცემს. ჩვენთვის საინტერესო იგავი მოცემულია მეორე საუბარში, რომელიც სამართლიანობას ეძღვნება. ფარვიზ ბაბაის მიერ გამოცემული ნიზამის „ხამსეში“, რომელიც ეყრდნობა „ხამსეს“ (ხუთეულის, ხუთი პოემის) ვაჰიდ დასთგერდისეულ ცნობილ, აკადემიურ გამოცემას, აღნიშნული იგავი ამ სახით იკითხება. მომყავს პწკარედული თარგმანი:
„ანუშირვანისა და მისი ვეზირის იგავი
ნადირობისას ანურშირვანის ცხენი
მეფის ამალას დაშორდა.
მეფესთან დარჩა მასთან დაახლოებული ვეზირი,
მეფე, მისი ვეზირი და სხვა-არავინ.
მეფემ იმ სანადირო ადგილს მზერა შეავლო,
ნახა მტრის გულივით გაპარტახებული ერთი სოფელი.
ორი ფრინველი ერთმანეთთან ახლოს ჩამომჯდარიყო,
მეფის გული ჭმუნვას მიეცა.
ვეზირს ჰკითხა: რაზე საუბრობენ?
ერთმანეთში რის შესახებ ბჭობენ?
ვეზირმა უპასუხა: საწუთროს მბრძანებელო,
ვიტყვი, თუკი მეფისთვის სასარგებლო იქნება.
ამ ორის ჟღურტული სიმღერა-გართობას არ ეხება,
საქორწინო საქმეზე მსჯელობენ.
ერთმა ფრინველმა მეორეს მისცა (მიათხოვა) ასული
და მისგან ურვადს მოითხოვს.
-ეს გავერანებული სოფელი მოგვეცი და
ასეთივე სხვებიც ჩაგვაბარე.
იმ მეორე (ფრინველმა) უთხრა: ეს იკმარე,
მეფის მრისხანებას შეხედე და ნუ იდარდებ!
თუ კიდევ იმეფა,
ასი ათას გავერანებულ სოფელს მოგცემ.
მეფეზე ამ სიტყვებმა იმდენად იმოქმედა, რომ
ამოიხვნეშა და კვნესა აღმოხდა.
ხელი თავში წაიშინა და გულამოსკვნით აქვითინდა:
ტირილის გარდა სხვა რა არის უსამართლოს ნაყოფი.
ურვისგან თითზე იკბინა,
თქვა: დახე, (ჩემმა) ძალმომრეობამ ფრინველებამდე მიაღწია.“
ამის შემდეგ გრძელდება ანუშირვანის საკმაოდ ვრცელი მონოლოგი, რომელიც ავტორისეულ წიაღსვლებში გადაიზრდება (როგორც საერთოდ ახასიათებს ნიზამის პოეტურ სტილს). იგავის მთავარი არსი კი ესაა: ფრინველთა საუბრის მოსმენის შემდეგ მეფე საკუთარი უსამართლობა შეიგნო და დიდ მწუხარებას მიეცა, ანუშირვანმა საკუთარი თავი გაკიცხა ქვეშევდრომთა შევიწროების გამო, სიკეთის გზას დაადგა და მორჭმულ და სამართლიანად ხელმწიფედ იქცა.
როგორც ვხედავთ, ნიზამის და აბულ-ფარაჯის იგავები ერთმანეთს ემთხვევა. არის მხოლოდ მცირეოდენი, ნიუანსური განსხვავებები: ფარაჯისთან მეფე და ბრძენი სეირნობისას მოჰკრავენ თვალს ჭოტებს, ნიზამისთან კი-ნადირობის ეპიზოდში.
ნიზამის და საბას იგავებს ერთმანეთს რომ ვადარებთ, აქაც თვალშისაცემია განსხვავებები. პირველ ყოვლისა ის, რომ დასაწყისში არაფერია ნათქვამი მეფის უსამართლობაზე, ფრინველთა დიალოგი აქაც, ისევე როგორც აბულ-ფარაჯის იგავში, რეალურად ხდება, ხოლო საბასთან ეს ვეზირის მიერ მოგონილი მარჯვე ტყუილია.
არის კიდევ ერთი გარემოება: ნიზამისთან მოქმედი პირები ზოგადად ფრინველები არიან, კონკრეტული სახეობა იქ არ ჩანს. აბულ-ფარაჯის და საბას არაკებში კი ჭოტები გვხვდება. ცხადია, გულუბრყვილობა იქნება იმის მტკიცება, თითქოს საბას მაინცდამაინც აბულ-ფარაჯისგან ჰქონდეს ეს იგავი აღებული, რადგან ჭოტები ორივეგან საერთოა. „საერთოდ, სპარსულ ლიტერატურაში იგავებს იშვიათად ქმნიდნენ, უფრო მეტად კრებდნენ და, დიდი-დიდი, რედაქციებს უკეთებდნენ (აქ, რა თქმა უნდა, მხედველობაში არა გვაქვს ავტობიოგრაფიული იგავები, როგორსაც ვკითხულობთ, მაგალითად, საადის „ბუსთანსა“ და „გოლესთანში“). ეს იგავები დახეტიალობდნენ და ახლაც დახეტიალობენ აღმოსავლეთის ქვეყნებში. მწერლები არ თაკილობენ მათ გამოყენებას თვით ლიტერატურული წყაროებიდანაც კი“. [1] ვინ იცის, რამდენი ავტორის თუ რედაქტორის ხელში გამოიარა ამ იგავმა, სანამ სულხან-საბამდე მოაღწევდა. არ არის გამორიცხული, საბას აღნიშნული იგავი ფოლკლორული წყაროებიდანაც სმენოდა. დავით კობიძე „სპარსული ლიტერატურის ისტორიაში“ აღნიშნავს, რომ 1936 წლის აგვისტოში, სამარყანდში ყოფნისას, მას ადგილობრივებისგან ეს იგავი ჩაუწერია. განსხვავება ის გახლდათ, რომ დავით კობიძის მიერ ჩაწერილ ვერსიაში ანუშირვანის ნაცვლად ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდი ფიგურირებს, რომელიც საკმაოდ პოპულარული პერსონაჟია აღმოსავლურ ხალხურ თუ ჯადოსნურ ზღაპრებში, მათ შორის „ათას ერთ ღამეშიც“.
ასე რომ, ნიზამის და საბას იგავების შედარება ასეთ სურათს იძლევა: საბას იგავში ამბის მოტივირება უფრო დამაჯერებელია, იგავს ფანტასტიკური ელემენტი და ჯადოსნური ელფერი გამოცლილი აქვს, რადგან ვეზირი უბრალოდ იგონებს ჭოტების საუბარს. ამდენად, მეც ვიზიარებ ლევან ბრეგაძის საბოლოო დასკვნას: „არაკის საბასეული ვარიანტი მწერლური ოსტატობის თვალსაზრისით სხვა ცნობილ ვარიაციებზე აშკარად მაღლა დგას“.
დასასრულს კი გავეცნოთ ნიზამის ამ იგავის მაგალი თოდუას მიერ შესრულებულ პოეტურ თარგმანს:
ჭოტების არაკი
ერთხელ მეფე ნუშირვანი
ნადირობას შეჰყვა ველად,
ამალა თუ მარეკები
მოიტოვა უკან ყველა.
თავისიანთ ვერ მიაგნო,
ცხენიც ფუჭად აჯირითა,
მარტოდმარტო დარჩა მეფე
ერთადერთი ვაზირითა.
ალალბედზე მიდიოდნენ,
მხარი ჰქონდათ აქცეული,
გზად სოფელი გაიარეს,
მტრის გულივით დაქცეული.
დაინახეს, შორიახლო
ორი ჭოტი იჯდა ტოტზე,
ჭოტთან მჭიდროდ მიჭუჭკულზე
მეფემ ვაზირს ჰკითხა ჭოტზე:
„რას ამბობენ ეს ჭოტები,
რაზე ბჭობენ მათი ენით,
მღერიან თუ საუბრობენ?
შენ თუ გესმის, ამიხსენი!“
მას ვაზირმა უპასუხა:
„მეფევ, ძლიერ გინდა, გიგავს,
ჭოტთა ენას რომ გაუგო
და მიუხვდე ფრინველთ იგავს.
სასტვენად და სასიმღეროდ
არ სცალიათ, მეფევ, ამათ,
საქორწინო საქმეს სწყვეტენ
ქალისა და ვაჟის მამა,
აქეთ რომ ზის, მას ქალიშვილს
ატანს, იქით რომ ზის, იგი.
მაგრამ ითხოვს გამოსასყიდს,
როგორც ამას ითხოვს რიგი.
ეს ამ ვერან სოფელს აძლევს,
ის ვერ ატანს და მით ავობს,
უარზეა, ეუბნება:
„სხვებიც უნდა დამითავო“.
ეს ამშვიდებს: „ნასოფლარი
რამდენი გვაქვს, აბა ნახე!
რაც დრო გადის, მეფე ჩვენი
სოფლებს უფრო აპარტახებს.
ღმერთმა მეფე გვიდღეგრძელოს
და თუ გინდა ასსო ბარე
მალე შენთვის მაშოვნინებს
ამისთანა ნასოფლარებს“. [2]
[1] ქილილა და დამანა. ტექსტი დაადგინა, შესავალი და კომენტარები დაურთო მაგალი თოდუამ. 1975. გვ. 57-58
[2] სპარსული პოეზიის ნიმუშები. თარგმნა მაგალი თოდუამ. 1980. გვ. 129-130