„ახალი საუნჯის“ 2020 წლის ივლის-აგვისტოს (N4) ნომრის ავტორების რუბრიკაში ჟურნალისტმა ელისო მეტრეველმა როსტომ ჩხეიძის „შეუვალი სამყარო“ წარმოგვიდგინა. მწერლის სოლილოკვიო - მისი ყველაზე გრძელი და სრული მონოლოგი საკუთარ პერსონაზე, და არა მარტოობის ჟამს მოხელთებული და გაცხადებული, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ეპიცენტრიდან: შედარებითი სიმშვიდისას თუ მოვლენათა ორომტრიალის ჟამს.
მოულოდნელი არ გახლავთ როსტომ ჩხეიძის ამბებისა და მსჯელობების დიაპაზონი, მაგრამ ამ რუბრიკაში ჟურნალისტმა ერთგვარად ლიტერატურათმცოდნის საოცარი ალღო და უნარი შეითავსა და დოკუმენტური სიზუსტით გვამოგზაურა როსტომ ჩხეიძის ლიტერატურულ სამყაროში. ეს სამყარო კი ჩვენს თვალწინ რონინებს, თანამედროვეობის ცინცხალი მოვლენებია, თვითონაც რომ მონაწილეობ ამ სამყაროს შექმნაში და დასტურ ენდობი და ეთანხმიერები სიტყვა-მესიტყვეთა.
ინტერვიუერთა შემოქმედებით დიალოგში იკვეთება ქვეყნის საზოგადოებრივ - პოლიტიკური და ლიტერატურული ცხოვრების წახნაგები. შესაშური სიღრმეები იკვეთება მსჯელობებში, ჟურნალისტი რესპონდენტს პროფესიულად მოუნიშნავს ადამიანური რესურსების გამოვლენისა და სულის სამანს მიახლების უზუსტეს ტრაექტორიას. წრფელი გულახდილობით ათქმევინებს, რომ მწერლის დანიშნულებაც და ამსოფლიური მისიაც სხვა არაფერია, თუ არა სხვა ადამიანთა ცოდვების საკუთარ თავზე აღება.
წმიდა წერილიც გვასწავლის: სულიერი სიბრძნეც ხომ ადამიანთა სულის მოსაფრთხილებლად ეძლევა ადამიანს. გოლგოთის მაგალითიც თვალნათლივ აჩვენებს ამ მოვალეობას.
თანასაუბარში ერთი პარალელიც იკვეთება, რომ ქრისტე თვითონ არ წერდა, მაგრამ მისი იგავები და შეგონებანი პირდაპირ ჩაიწერა ოთხთავში. მათეც, მარკოზიც, ლუკაც და იოანეც თავდაპირველი სტენოგრაფისტ-ჟურნალისტების როლსაც ითავსებდნენ და მწერლური ნიჭის გამოვლენაც სჭირდებოდათ, რომ მაცხოვრის ცხოვრების ქრონიკა ადამიანთათვის საცნაური ყოფილიყო.
აქ ჟურნალისტი წარმატებულად წარმოაჩენს როსტომ ჩხეიძის სულიერ პლასტებს და მასთან ერთად მიმოიხილავს სულის ყველაზე ფარულ ხვეულებს. იქამდე ჩასდევს, სადაც შენარჩუნებულია აბელური სული - ადამიანის ბავშვობისა და რომანტიკულობის პლასტი. ვფიქრობთ, აქ ჟურნალისტმა ბიოგრაფოსის როლიც იტვირთა და კიდევ უფრო გაფართოვდა როსტომ ჩხეიძის „უეკრანო გამოსვლების" ჟანრობრივი რკალი.
ეს ინტერვიუც, რომელიც ბიბლიური 12 კითხვისგან შედგება (ციფრი 12 ქრისტიანობაში მოიაზრება როგორც სულის 12 ნაყოფი, 12 ვარსკვლავი, ისრაელიანების 12 თაობა, 12 მოციქული, წმინდა ქალაქის 12 კარიბჭე, 12 ქვა და აღდგომის თორმეტდღიანი ზეიმი) ამომწურავი და მიმზიდველი გავრცობაა მწერლის გარემოსა და სინამდვილისა.
როსტომ ჩხეიძის წიგნები, ბიოგრაფიული ტომეულები, ლიტერატურული და სამეცნიერო კვლევები, მისი ღვწა ჟურნალ-გაზეთებსა თუ სოციალურ ქსელებში, საავტორო გადაცემები თუ მიწვევები ტელევიზიასა თუ რადიოში გზამკვლევია იმ სივრცეში, სადაც მთავარი ლიტერატურაა, სადაც უმთავრესი ის ხალხია, რომლებიც ლიტერატურას ქმნის და ლიტერატურა უყვარს. ამიტომაც ჟურნალისტი გვახსენებს როსტომ ჩხეიძის თაოსნობით გამართულ ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების საღამოებს, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლების თბილისის ახალ „ლიტერატურულ ბოჰემას", რომელიც შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ერთ პატარა დარბაზში იმართებოდა და იქ სიცივის, უსინათლობისა და უსამართლობის, ომისა და ნგრევის პირობებში ანალიზდებოდა ახალი წიგნები, ჩნდებოდნენ ახალი ავტორები და რეცენზენტები, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ავტორიტეტიანი და დამწყები ლიტერატორები. ეს იყო პასუხი საუკუნის გამოწვევაზე, როცა თითოეულ მათგანში ფეთქავდა საიმდროო ლიტერატურული ენერგია.
ალექსანდრე ორბელიანის სალონური საღამოები დღესაც იმ ხიბლით გრძელდება, მას დღესაც არა აქვს მუდმივი ადრესი და ლიტერატურული ამბები, როგორც მარადიული და მოძრავი დღესასწაული, მუდამ ადგილმონაცვლე შეხვედრისაკენ გვიხმობს. საერთოდაც ხომ სამწერლო პროცესს ლიტერატურული შეხვედრები ქმნის. ერთმანეთისთვის პირადად ნათქვამ სიტყვას ის ხიბლი და ძალა აქვს, რომელსაც წიგნი ვერ ჩაანაცვლებს. საჯარო გარემოში პირადად ნათქვამი სიტყვა ძალიან ძვირფასი და თეატრალური კულუარების დარია, ბევრი რამ აქ და მხოლოდ აქ შეიძლება გაცხადდეს ისე, როგორც არ ელოდი, საკუთარ თავსაც რომ არ უმხელდი.
ამ დღეებში, პანდემიის შემდეგ კვლავ განახლდება მონატრებული ლიტერატურული შეხვედრები. ეს იქნება პირველი პოსტპანდემიური შეხვედრა, და მწერალი როსტომ ჩხეიძე ფიქრობს, რომ პანდემია, მიუხედავად დიდი ფსიქოლოგიური წნეხისა, მსოფლიოსთვის უცილობლად იყო ადამიანობის, თანადგომისა და ზნეობრიობის გამოცდაც, რომელსაც უნდა მოჰყვეს ფერიცვალება და საკაცობრიო იდეალებთან მეტი სულიერი სიახლოვე. სახელმწიფო რადგან უპირველესად კულტურაა, ქვეყნის მესვეურთა მთავარი საზრუნავიც ამ კულტურული ისტორიული მახსოვრობის დღის სინათლეზე ამოზიდვა უნდა გახდეს. პანდემიამ დაგვანახა როგორც ადამიანური, ასევე სახელმწიფოებრივ ურთიერთობაში დაშვებული შეცდომებიც და ეროვნულ სულიერ სალაროში დალექილი კეთილშობილების გამომხატველი ფასეულობანიც.
ელისო მეტრეველის მომდევნო კითხვაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს იმ ადამიანთა ცხოვრება ონლაინ სივრცეში, რომლებმაც ცხოვრების მთავარ საქმედ წერა აირჩია, როსტომ ჩხეიძე უზუსტესი გულწრფელობით პასუხობს: მართალია, ცხოვრების რიტმი ყველა მიმართულებით შეფერხდა, დროებით დაიხურა წიგნის მაღაზიები და ბიბლიოთეკები, მაგრამ წიგნის გამოცემა არ შეწყვეტილა. რაც შეეხება შემოქმედებით პროცესს, ყოველ კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში მწერალი მუდამ ფოლიანტებში იყო ჩაფლული და მდუმარე განდეგილობაში იძირებოდა. ფიქრობს, რომ მწერლის „დაყუდებულობა" და „მოსაგრეობა" ერთგვარი სულიერი როჭიკია. ამ პანდემიას უნდა უმადლოდეს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მწერალიცა და არამწერალიც, რომ მათ, როგორც მკითხველებს, გამოუჩნდათ დრო ახალ-ახალი გამოცემების წასაკითხად. მწერალი იქვე იხსენებს მის მიერ წაკითხულ პირველ წიგნებსა და შთაბეჭდილებებს, იგონებს დედას - ქალბატონ მარიამ ზაუტაშვილს, რომელიც სულ რაღაცას უამბობდა და უკითხავდა.
როსტომ ჩხეიძე შემდეგ მამაზე საუბრობს მოგონებათა ახალი წიგნის „ოთარ ჩხეიძე -100 ამბავის" მიხედვით. უფროს ჩხეიძეს იხსენებს, როგორც 24-წიგნიანი რომანების სერიის ავტორს, როგორც უახლოესი „ქართლის ცხოვრების” მემატიანეს, მამა საუკეთესო მთხრობელიც იყო და ორატორიც. ოთარ ჩხეიძეს ილია ჭავჭავაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის სულიერ მემკვიდრედ და მათი ტრადიციების უშუალო გამგრძელებლად მიიჩნევს, რომელსაც ხელისგულზე ედო არამარტო ქართული, არამედ მსოფლიო ლიტერატურის მონაპოვარიც. და თვლის, რომ ამიტომაც შეძლო სატირიკოსის წარმოსახვითი თვალით წარმოედგინა ბოლშევიკური ტოტალიტარიზმის შემზარავი არსი.
ისტორიულ დროსა და ქორონიკონებს ზუსტად მიჯნავს ჟურნალისტი და საუკუნისწინანდელ მოვლენებზე გადააქვს აქცენტი. რაც მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მოხდა, მწერლის ოჯახს შეეხო და მისი სახლეულის უშუალო თავგადასავალია. მისი პაპები 1918-21 წლების ქვეყნის დამოუკიდებლობასა და აღმშენებლობაში იღებდნენ მონაწილეობას. პაპამისი - რევაზ ჩხეიძე 1917 წლის რევოლუციას პეტერბურგში შეხვდა და მღელვარებაშიც აქტიურად მონაწილეობდა. იგი 1921 წლის თებერვლის დღეებში იარაღით ხელში იცავდა 26 მაისის მონაპოვარს. ოჯახისათვის არც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებას ჩაუვლია მსხვერპლის გარეშე - პაპა, მისი ძმა დიმიტრი და ბიძა ერმალიოზი შეეწირნენ დამოუკიდებლობის ამოგებას. ბოლშევიკური უკუნი რომ არ ჩამომდგარიყო, ამოსაგებად არ იქნებოდა საქმე, ბოლშევიკების ველური ინსტინქტების გამოისობით ლამის მოისპო გონიერება და ზნეობრიობა. თავდაყირა დადგა ქრისტიანული მორალური კოდექსი, რაც ნიშნავდა ფსკერის იდეების გაბატონებას.
რაც შეეხება ისტორიული კეთილმეზობლობის ინსტიტუტის იდეას, როსტომ ჩხეიძე ასკვნის, რომ იმხანად დასავლეთს არ აღმოაჩნდა ის ძალა, რომელიც დაგვიხსნიდა რუსულ-ბოლშევიკური ძალმომრეობისაგან, თუმცა რასაც მიმდინარე გამოცდილება გვიჩვენებს, არც მესამე მომრიგებლისა თუ მაშველი ძალის იმედად ყოფნაა საიმედო, თუ ჩვენს ისტორიულ რეალობას არ გავითვალისწინებთ და ჩვენს წიაღში არ მოვძებნით ძალ-ღონეს, რომელიც სრულფასოვანი სახელმწიფოებრივი არსებობის განმსაზღვრელი იქნება.
ასე, კვლავაც სრულყოფილი წიგნივით კითხულობს მწერალი როსტომ ჩხეიძე სამყაროს, რომელიც მის თვალში ერთი გრანდიოზული ტექსტია, რის წიაღშიც ერთნაირად მოქმედებენ და აგრძელებენ სიცოცხლეს პერსონაჟები საკუთარი საოჯახო არქივებიდან თუ ისტორიულ-ლიტერატურული გალერეიდან. „ამიტომაც ვაკვდები თითოეული სიტყვის შერჩევას, ლიახვის ხეობის ქართულის ამოურწყავი სალაროდან რომ შემითვისებია", - ამბობს მწერალი, და ამიტომაც უშუალოდ არის გადაჯაჭვული ქვეყნის ბედსა თუ უიღბლობასთან და მის გულზე გადადის საქვეყნო სიხარულიცა და ტკივილიც, მწუხარებაცა და აღმაფრენაც, მსხვილმანიც და წვრილმანიც. რადგან თუ მწერალი ხარ, ალღოთი და ლოგიკური განსჯითაც უნდა შეიტყო ეს. იმ ყოველივეს უნდა მიუჩინო ადგილი, რომელიც ადრე თუ გვიან საყოველთაო შეხედულებად გადაიქცევა.
ბიოგრაფიული რომანების მომავალ გმირებს, მწერლებსა თუ საზოგადო მოღვაწეებს, ბიოგრაფიული ქრონიკის გარსით შემოსილებს, მისკენ მხურვალე სწრაფვით შეიგრძნობს ხოლმე და ასე ქმნის 29 ბიოგრაფიულ რომანს. ამ რომანების ციკლის სათავეში ალექსანდრე ბატონიშვილი დგას და ჯერ არავინ იცის, ვინ იქნება ბოლო პერსონაჟი. ისიც საფიქრებელია, რომ ბიოგრაფიის ოდნავი შელამაზება თუ გადაკეთებაც არ ეგების, რადგან ბოლომდე უნდა ამოიზიდოს გმირთა ხასიათები, ნაკლიცა და მშვენებაც, ხელშესახები უნდა გახდეს მათი სულიერი წინააღმდეგობანიც და სისუსტე-ნაკლოვანებანიც, რომ ამ ფონზე მკითხველმა თავად გაარკვიოს მათი ცხოვრების უშეღავათო სიმართლე.
საინტერესოა ჟურნალისტის შემდეგი კითხვა, რომელიც მწერლისა და პოლიტიკის ამბავს ეხება - სად უნდა იდგეს მწერალი? მხოლოდ ტექსტებით უნდა იბრძოდეს თუ სამოქალაქო აქტიურობაც აუცილებელია? აქ როსტომ ჩხეიძეს რაიმე მზა რეცეპტი არა აქვს და ყველაფერს მწერლის სულიერ ყოფასა და გარემოებაზე დამოკიდებულად მიიჩნევს: თუ პლატონი ან დანტე ალიგიერი, ვიქტორ ჰიუგო ან ლორდ ბაირონი ხარ, ვერც გაძლებ პოლიტიკაში ჩაურევლად;
თუ ჟან-პოლ სარტრი ხარ, ან ალბერ კამიუ, ომის ქარცეცხლი უნდა გეხვიოს და გერმანელთა მიერ დაპყრობილ პარიზში მხოლოდ მხატვრულ თუ ფილოსოფიურ ფიქრებს არ უნდა მიეცე;
ჯონათან სვიფტი სასულიერო პირი იყო და იარაღს არც გაჰკარებია, მაგრამ ისეთი გავლენა ჰქონდა ირლანდიის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ერის მამას რომ შეჰფერის, და ინგლისელებს ბევრჯერ აწყევლინა თავბედი მათი მზაკვრული პოლიტიკური ფანდების მხილებით;
არც ემილ ზოლა გაჰკარებია იარაღს, მაგრამ უკანონოდ დასჯილი ებრაელი ოფიცრის, დრეიფუსის დასაცავად მისი მწვავე პამფლეტი „ბრალს ვდებ" სამოქალაქო ომის გამოწვევის ტოლფასი იყო;
არც უილიამ ბატლერ იეიტსს აუღია ხელში იარაღი, მაგრამ ირლანდიის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას სწორედ ის უნდა ჩასდგომოდა სათავეში.
ქართველი მწერალიც ვერასდროს გაერიდება პოლიტიკას. ისევე როგორც პავლე ინგოროყვა შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის აღდგენისას, მას ერის მამად გამოჰკვეთდა. ასევე მოგვიანებით, სულხან-საბა ორბელიანს სწორედ რომ ასე იხსენიებდნენ. ამას ამტკიცებს მისი თანამედროვე ფრანგი მისიონერის ჟან რიშარის ჩანაწერიც - „იგი მთელ საქართველოს მამად მიაჩნიაო“.
XIX საუკუნემ კი მართლაც საბოლოოდ განსაზღვრა ქართველი მწერლის ხვედრი, როგორც პოლიტიკური მოღვაწისა, სოლომონ დოდაშვილის პერსონით რომ დაიწყო ამ აზრის ჩამოყალიბება და ილიათი რომ დაკანონდა. ილიას ჩაყრილ საფუძველზე კი სახელმწიფოს კედლები (მავანთ უნდათ თუ არა ამის დაჯერება!) მწერალმა და მოაზროვნემ ზვიად გამსახურდიამ ამოაშენა.
მწერალს წარმოუდგენლად მიაჩნია დუმილი, უმოქმედობა და გაყუჩება იმ მიმდინარე პროცესზე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი დამკვიდრება ჰქვია, ან გაერიდო და უშუალო მონაწილე არ გახდე მწვავე გლობალიზაციის პირობებში ეროვნული მეობისა და კულტურის გადარჩენისა.
ჟურნალისტმა ლიტერატურული სერიებიც „ცეცხლისპირული ჩაფიქრებანი”, „სახელდახელონი” და „რომელთაც ძლიერ უყვართ ლიტერატურა” კანთიელად გამოკვეთა, ასეთი და ამდაგვარი სახით საგანგებოდ ფეისბუქსივრცისთვის რომ შეიქმნა, დაუბინდავი წარმოდგენა ჰქონდეს ახალ გამოწვევებსა თუ მკითხველთა იმწამიერ რეაქციებზე. თუ აქამომდე სოციალურ სივრცეს მოუცლელობის გამო დიდად არ სწყალობდა, ახლა ცდილობს ეს სივრცეც ლიტერატურად აქციოს. და რაც ყველაზე ბარაქიანად გამოსდის, ეს ბიოგრაფიული რომანებია, რომლის 29-ე ტომიც, მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრების რომანი „კალამი გოლგოთაზე”, მალე იხილავს მზის სინათლეს. ასევე მალე გამოვა ინგლისური და ამერიკული ესეებისა და ნარკვევების კრებული, რომელიც ოთარ ჩხეიძის, როსტომ და პაატა ჩხეიძეების 1100-გვერდიანი წიგნია, რომელიც გზამკვლევისა და სახელმძღვანელოს ფუნქციას შეასრულებს.
საინტერესოა, როგორია მწერლის შემოქმედებითი პროცესი, როგორ წერს, როგორ მუშაობს, მწერალი პასუხობს, რომ განსაკუთრებული პირობები სულაც არ სჭირდება, მაგრამ განუწყვეტლივ აგროვებს ახალ მასალებს, სულ კითხვასა და ძიებაშია, ვაჟასებურად - სიზმარშიც ამას დუდუნებს. მაგრამ თავისებურებაც ახლავს მისი წერის პროცესს: ხან მარტოა და არა მარტო კაბინეტის კარს, ყველა ოთახს საგულდაგულოდ კეტავს, ხან კი გარშემო ხმაური და ჟრიამული თუ არ ესმის, შესაძლოა წერა გაუძნელდეს.
ასეთია როსტომ ჩხეიძის სულიერი აბრისი - იგი განუწყვეტლივ წერს მებრძოლებზე, გაუტეხელებზე, ვალმოხდილებსა და უცნაურ გამარჯვებულებზე, უცნაურად თავისუფალ ხალხზე; აბა როგორ არ გამოიტანოს სამზეოზე იმათი ამბები, საქვეყნო საქმე რომ ებარათ და გზაზე რომ დახვრიტეს, ექიმმა რომ ვერ მოუსწრო და უწამლოდ რომ ეთხოვება წუთის წებოთი ნაწებ ქვეყანას, ხან კი ციმბირსაც რომ მოანატრებენ გმირს, ხანაც სამშობლოდან წაღებული მიწა გულზე სალბუნად რომ დაეფანტება, ხან ასეც ხდება, სამშობლოშივე უნგრევენ აშენებულს, უხევენ დაწერილს, გიჟის კაბაშიც გამოაწყობენ, ლოდინით დაღლიან, ფაცერსაც ჩაუგებენ, გაუძვირებენ და დააყვედრიან მისთვის შემორკალულ დაფნის გვირგვინს და მისი გაძლებითაც გაერთობიან...
როსტომ ჩხეიძე კვლავ ასეთ ადამიანებზე აგრძელებს წერას, აგრძელებს მანიფესტების თარგმნასაც და ყველგან გამოჰყავს უცვლელი ფორმულა სულის თავისუფლებისა, უკვდავებისა და მარადიულობისა.
ასე სრულდება მეტად ორიგინალური საოჯახო ფოტოებით გამშვენებული და ჟურნალისტ ელისო მეტრეველის სიტყვის ოქროს ნამცვრევებით დამშვენებული სამყარო როსტომ ჩხეიძისა, საიდანაც ასევე შეუვალად გვამხნევებს მწერალი: არ უნდა გავუტყდეთ ყოფით რეალობას, კვლავინდებურად ვიტვირთოთ ყველა ადამიანური ცოდვა-მადლი და ამ რწმენით ვისწრაფვოდეთ ჭეშმარიტების იმ გზით, რომელიც ჰერმან ჰესეს შეგონებიდან ისმის: ჭეშმარიტების საპირისპირო გზაც შესაძლოა ჭეშმარიტი იყოს!…