13 კითხვა და 13 პასუხი 100 ანაგრამული ლექსის გამო (პაატა ნაცვლიშვილი უპასუხებს დავით ჩიხლაძის შეკითხვებს)


13 კითხვა და 13 პასუხი 100 ანაგრამული ლექსის გამო (პაატა ნაცვლიშვილი უპასუხებს დავით ჩიხლაძის შეკითხვებს)




— ვინ არის ანამარია და ხომ არ გადაჰკრა მან ასი გრამი, როდესაც ამ ლექსების დაწერა გადაწყვიტა? ანუ არის თუ არა ამ ლექსების შინაარსში – და მკითხველის გონებაც ხომ პირველ რიგში წაკითხულის შინაარსს „ეძებს“  –  „ზაუმის“ ფაქტორი მოცემული, რაც, თავის მხრივ, ანაგრამული რითმების ასეთი მკაცრი სტრუქტურით არის გამოწვეული თუ განპირობებული?

 

დიდი მადლობა, საინტერესო და ორიგინალური კითხვისთვის, დათო. შენც კარგად იცი, რომ ზოგჯერ კითხვა უფრო მეტს ამბობს მკითხველისთვის, ვიდრე პასუხი. შენი კითხვიდან ისე გამოდის, თითქოს ანამარია იმ ასი ანაგრამული ლექსის ავტორის ფსევდონიმი თუ ალტერეგოა, რომელთაც, ყველას ერთად, „ანამარიას გული“ დავარქვი, რაც თავის მხრივ ანაგრამა გახლავს ქვესათაურისა „ასი ანაგრამული“. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტე, რომ ანამარიას უკან ავტორი იმალება და რომ მას ამ ლექსების დასაწერად ასი გრამი სჭირდება ან ჰყოფნის! მით უმეტეს, რომ ანამარიას ვინაობა იმ ლექსში წერია, სადაც იგია ნახსენები და რომელსაც გრძელი, ლამის საგაზეთო სათაური აქვს: „ანამარიას გული ანუ ფიქრები გრაბენზე სეირნობისას 2005 წლის 12 მაისს“. მე ვფიქრობ, რომ თუნდაც მხოლოდ შინაარსის მაძიებელი მკითხველიც არ დამირჩება უკმაყოფილო ამ ლექსის წაკითხვისას. ზაუმური მასში არაფერი არ არის, პირიქით – ეს ავტობიოგრაფიული ლექსი, ისევე როგორც ბევრი სხვა ამ ასეულიდან ერთგვარად მემუარულია და მე იგი მეტისმეტად კონკრეტული და დოკუმენტურიც კი მგონია. შინაარსიც გამჭვირვალეა: დავდივარ ვენაში, მის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე – გრაბენზე, და ჩემს მეგობარ ანამარიაზე, სიკეთით სავსე მის გულზე ვფიქრობ. ლექსის მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესო მგონია, მაგრამ რაკი მეკითხები, გეტყვი, რომ ანამარია განტერ-ჰესი შვეიცარიელი ვიოლონჩელისტია, წლების განმავლობაში ვენის კონსერვატორიაში ასწავლიდა, სოლო კონცერტებით გამოსულა ევროპის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის – თბილისშიც. მისი მეუღლე გახლდათ ცნობილი გერმანელი მუსიკოლოგი, აწგანსვენებული კლაუს განტერი. ჰოდა, ეს ანამარია ჩემი მასპინძელი იყო, როცა არცთუ ორიოდე დღით ვენაში მომიხდა ცხოვრება. მანვე დააინტერესა ჩემი პრობლემით ავსტრიის წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელი ჰაინც-პეტერ სლატინი. სლატინის შესახებ ერთ ჩემს ინგლისურ მრჩობლედში მიწერია, რომელიც ამგვარივე ანაგრამული რითმითაა გაწყობილი და რომელიც „ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა ამ ორიოდე თვის წინათ. ყოვლად რეალური და დოკუმენტურია ჩემს კიდევ ერთ ლექსში ჩამოთვლილი სხვა სახელებიც – სოსო, ნონა, ნია... მხოლოდ ერთია გამოგონილი, უფრო სწორად, სხვა ლექსიდან არის მოსული. მხედველობაში მაქვს ლექსი „მიე, მია!“, რომელიც იმავე გაზეთში დაიბეჭდა 2016-ში. სად არის აქ ზაუმი, მართალი გითხრა, არ ვიცი! ასევე შეიძლება გაიშიფროს ამ ასი ლექსის უმეტესობა. ხოლო „ანამარიას გული“ ასი ლექსის სათაურად უფრო ფართო მნიშვნელობით – ზოგადად სიკეთის, სათნოების, მეგობრობის, თანადგომის გამოხატულებად წარმოვიდგინე. 

 

— მიგაჩნია, რომ შენს ამ ლექსებში შინაარსი სრულიად ფატალურია, ანუ თითქმის დამოუკიდებელი ხდება პოეტისგან? ან, უკიდურეს შემთხვევაში, ხომ არ არის ეს ერთგვარი ალგორითმული პოეზია, რომელიც მანქანამაც შეიძლება განახორციელოს? და ამ ერთგვარი მანქანურობის მიღმა რას გაუსვამდი ხაზს მათში, როგორც ავტორისეულ მხატვრულ სახეს?

 

არა, არ მიმაჩნია. შინაარსი, ფატალური თუ არაფატალური, მთლიანად პოეტზე, ანუ ავტორზეა დამოკიდებული. რაკი მანქანას მუსიკის თხზვაც შეუძლია და ჭადრაკის თამაშიც, ალბათ არც ანაგრამებით გაწყობილი ლექსების დაწერა გაუჭირდება, ისევე როგორც ჩვეულებრივი კონვენციური ლექსისა და მით უმეტეს, ვერლიბრებისა თუ ვერბლანებისა. მაგრამ ამგვარი მანქანის პროგრამა მაინც ადამიანმა უნდა დაწეროს – პოეზიას ნაზიარებმა მათემატიკოსმა ან მათემატიკას ნაზიარებმა პოეტმა. სხვაგვარად მანქანა, რაგინდ დიფბლუ თუ როლსროისი იყოს, პოეზიას ვერ შექმნის. ვერც ანაგრამული რითმებით გააწყობს ლექსს. შინაარსს ხომ ვერა და ვერ მისცემს! დიდი ინტერესით გავეცნობოდი, მაგრამ მანქანის დაწერილი ანაგრამული ლექსები მე ჯერ არ მინახავს. მანქანა კი არა, ცალი ხელის თითებზე შეიძლება ჩამოითვალოს ის პოეტები, ვისაც აქა-იქ ოდესმე ანაგრამული ლექსები უწერია ნებისმიერ ენაზე. ხოლო ქართული ანაგრამული ლექსები ჩემამდე საერთოდ არ მახსენდება. არადა, ქართულ ენას, ჩემი აზრით, ამ მხრივ ამოუწურავი შესაძლებლობები აქვს. იქნებ ესეც იყოს ქართული ლექსის განახლების ერთი ალტერნატივა. მე მესმის, რას გულისხმობ მანქანურობაში, მაგრამ არ მესმის, რას გულისხმობ მის მიღმა მხატვრული სახის ხაზგასმაში. ხომ შეიძლება ლექსის ფორმა, რაგინდ მანქანური გვეგონოს, თავად იყოს ერთიანი მხატვრული სახე?

 

—  მიგაჩნია თუ არა შესაძლებლად ასეთი ალგორითმული სტრუქტურული თამაშების შედეგად ისეთი მეტაფორების გაჩენა, როგორიცაა, ვთქვათ, „ცისარტყელის მათრახის გადაკვრა?“ რამდენად მისაღებია შენთვის ასეთი ესთეტიკური შედეგები?

 

კი, მიმაჩნია. აკი გაჩნდა ეს „ცისარტყელის მათრახი“?! ესთეტიკური შედეგებიც, რა თქმა უნდა, მისაღებია! ან რატომ უნდა იყოს ესთეტიკური შედეგი მიუღებელი? ისე ამ კითხვით ანუ ჩემი მეტაფორის გამოყოფით შენს წინა კითხვასაც თვითონვე უპასუხე: მხატვრული სახის ხაზგასმას ვგულისხმობ. და იქნებ ის, რასაც შენ „ალგორითმული სტრუქტურული თამაში“ უწოდე, თავისთავად უკვე არის ის, რასაც „ესთეტიკურ შედეგს“ არქმევ?

 

—  ხომ არ უახლოვდება ასეთი პოეზია გარკვეულ ინტელექტუალური ტიპის გასართობ თამაშებს?

 

არათუ უახლოვდება, ის არის კიდეც გარკვეული ტიპის ინტელექტუალური თამაში. ოღონდ არა გასართობი. ყველა თამაში გასართობი როდია. თუნდაც სიტყვებით თამაში. თუნდაც ლექსწყობის გაქვავებული ფორმები, ტანკა-ჰაიკუთი დაწყებული და სონეტების გვირგვინით დამთავრებული. თუნდაც – მთელი წყობილსიტყვაობა. შენ, რასაკვირველია, კარგად იცი ნიდერლანდელი ფილოსოფოსის და კულტუროლოგის იოჰან ჰოიზინგას ცნობილი ტრაქტატი Homo Ludens – „მოთამაშე ადამიანი“, რომელშიც ავტორი განსაზღვრავს თამაშის ფენომენის უნივერსალურ როლს მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაში. ახლა ამ წიგნზე საუბარი აქ დიდ დროსა და ადგილს წაიღებს. სხვა დროს სიამოვნებით ვისაუბრებდი შენთან ამ ტრაქტატზე, ისევე როგორც პოეზიის მიმართებაზე თამაშთან და თამაშისა – პოეზიასთან. იქნებ იმ საუბარ-საუბარში ას-ასი გრამიც გადაგვეკრა და ორას-ორასიც. აქ კი, მოდი, მკითხველს ერთად გავახსენოთ ჰოიზინგას ერთ-ერთი მთავარი დასკვნა: თამაში განსაზღვრავს წესრიგს და თავად არის წესრიგი. დიახ, ჩემს ლექსებში წესრიგია დაცული, მათ მიერვე, ამ ლექსების მიერვე დადგენილი წესრიგი. ყველა მათგანი წესიერი ლექსია! აქვე, მოდი, მკითხველს ისიც ვუთხრათ, რომ თამაშისმიერი წესრიგი არ ეწინააღმდეგება თავისუფლებას, სწორედაც – პირიქით: იმავე ჰოიზინგას აზრით, თამაში თავად არის თავისუფლების გამოვლინება.  

 

— თუ კურსივებს მოვხსნით, შეიძლება თუ არა დარჩეს რაიმე მკითხველისთვის, რასაც ექნებოდა წმინდა პოეტური ხარისხი? როგორ ფიქრობ, შენი ასეთი ლექსების მაგალითზე, როდის რჩება ლექსი მაინც ლექსად ამ კურსივების გარეშე?

 

მკითხველს გააჩნია. კურსივების მოხსნა ლექსებს არც არაფერს შესძენს და არც არაფერს შემატებს. ისევე, როგორც ნაკლები მნიშვნელობა აქვს, როგორი შრიფტით დაბეჭდავს რედაქტორი მათ. კურსივი ძირითად იმ მკითხველისთვის არის, რომელსაც ურითმო ლექსის ასეთი მოძალების პირობებში, რითმის გრძობა დაუჩლუნგდა ან ჰგონია, რომ რითმამ თავისი დრო მოჭამა და უიმედოდ გადაშენდა. ურითმო ლექსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თავადაც მაქვს ასეთი ლექსები, თანაც არა ერთი და ორი, მაგრამ, ჩემი აზრით, წყობილსიტყვაობა, პირველ ყოვლისა, სწორედ წყობილ სიტყვას გულისხმობს!

 

—  აღიარებ თუ არა, რომ შინაარსის თვალსაზრისით შენი ლექსები სიურეალისტურ ელფერსაც იძენს ზოგჯერ, მაგ. აქ:

 

არ თქვა ცოდვის, არცა მოდის,

ცხადს არჩიე სიზმარი:

მზე არც ჩადის, არც ამოდის,

ზღვის ნაპირას მარი ზის...

 

ანდა:

 

თითქოს დალოცა ბერმა ელიტა,

ხიდზე გადადის მატარებელი,

გამყოლს აუწვა ბერეტი ალმა,

თავი თავისით მეტრიალება...

ბინდი ჩრდილების მტერია, ბელა!

 

ზოგადად კი, ვაღიარებ! მაქვს ასეთებიც, მაგრამ სწორედ ამ ორ ლექსში, შენ რომ მოიხმე, არაფერი სიურეალისტური არ არის. ორივე მათგანი უწინ ფოტოგრაფიულია და თუ მაინცდამაინც სიტყვის ნაწილად „რეალისტური“ უნდა ვიხმაროთ, ორივე მათგანი ალბათ უფრო ჰიპერრეალისტურია, ვიდრე სიურრეალისტური. როცა სიზმრად (ან ცხადად) ხედავ, რომ ზღვის ნაპირას შენი შეყვარებული ზის, რომელსაც ზოგჯერ შეიძლება მარი ერქვას, შენთვის სულერთია მზე ამოდის თუ ჩადის – თავად მარი გახლავთ მზე! ჰოდა ასეთი სიზმარ-ცხადი, არც ცოდვაა და არც მოდა! სწორედ ეს წერია ლექსში. სად არის აქ სიურრეალიზმი?! მეორე ლექსი პირველზე უფრო დოკუმენტურია. ამის დასტურია მისი სათაური, რომელიც კითხვაში არ გადმოსულა და რომელიც მნიშვნელოვანი მგონია ლექსის გასაგებად. წარმოიდგინე, მატარებელი გადადის ხიდზე, სამწერლო ელიტით სავსე ვაგონში ბელა ახმადულინა დგას კორიდორში, ფანჯარასთან, და უყურებს, როგორ ხოცავს ჩამოწოლილი ბინდი ჩრდილებს. იქვე ალისფერბეტერიანი გამყოლი, ანუ გამცილებელი ატუზულა. მეც იქვე ვარ და თავს ჩემდაუნებურად ვატრიალებ პოპულარული რუსი პოეტესასკენ, რომელსაც ლაივში პირველად ვხედავ...  

 

— ეს კი მართლაც ლამაზი და თან სხარტი შინაარსის მქონე ლექსია:

 

მიაგდე სამზარეულო,

მესროლე მზერა, ასულო!

 

მაგრამ, მიგაჩნია რომ აქ სტრიქონები ერთმანეთს ერითმება და მიჩვეულია (ან მიეჩვევა როდისმე) მსმენელის ყური ასეთ გარითმვას?

 

ან აი, აქ:

 

აის კაბა ვიტრინაში ნაღდად არმანისაა,

თუმც სხვა ჰქონდა საზრუნავი იმ დღეს ანამარიას.

 

აი, აქ კი რითმა ჩემი აზრით საკმაოდ კარგად აღიქმება:

 

ბოლო დროს მაგრად აკრიფა –

უძახე ახლა აფრიკა!

 

დიდი მადლობა ჩემი ლექსების სისხარტისა და სილამაზის აღნიშვნისათვის. კი, მიმაჩნია, რომ „აქ სტრიქონები ერთმანეთს ერითმება“. რაც შეეხება მსმენელის ყურს, იგი ამგვარ რითმებს ალბათ უფრო მალე და ადვილად მიეჩვევა, ვიდრე ვერლიბრებისა და ვერბლანების ურითმობას მიეჩვია თუ შეეგუა. ხოლო თუ ვერ მიეჩვევა, დარჩება მისი ყური მიუჩვეველი, ხოლო ამგვარი ლექსები უჩვეულოდ და ეგ იქნება! საერთოდ, ყველა ლექსი ყურისთვის როდია განკუთვნილი. კონკრეტულად ეს ლექსები უფრო თვალისთვის და გონებისთვისაა დაწერილი, ვიდრე ყურისთვის. ყურისთვის დაწერილი ლექსები შენც ბლომად იცი და მკითხველმაც! მეც არაერთი მაქვს ასეთი.

 

—  ნუთუ ასეთი ლირიკული ლექსები კურსივების გარეშეც სრულიად მისაღები არ იქნებოდა? თუ პოეზიაში არა მხოლოდ რითმების აღმოჩენა, არამედ მათი ხაზგასმაცაა ზეამოცანა?

 

ზეამოცანის რა გითხრა, მაგრამ საუკუნეების წინათ რითმები კურსივით კი არა, ფერითაც გამოიყოფოდა – შავ-თეთრ ხელნაწერებში რითმები სინგურით იყო გამოყოფილი წითლად. შენ, რა თქმა უნდა, გინახავს არაერთი ასეთი ხელნაწერი! ხოლო კურსივი, ზემოთ, მგონი, უკვე გითხარი, ზოგადად კითხვას და ლექსებს გაუცხოებული მკითხველისთვის უფროა განკუთვნილი, ვიდრე შენებრ დაკვირვებული პროფესიონალისთვის.

 

—  როდის დაიწყე ასეთი ლექსების დაწერა-შეგროვება? ეს რომელიმე ერთი ციკლია, თუ ყოველთვის ახლდა შენს შემოქმედებას ასეთი მიმართულება?

 

შეგროვებით როგორ უნდა შემეგროვებინა, აკი გითხარი, სხვისი დაწერილი ასეთი ლექსები თითებზეა ჩამოსათვლელი, დაწერით კი სხვაგვარ ლექსებთან ერთად მრავალი წელია ვწერ. რამდენიმე ასეული მექნება. უბრალოდ, ცოტა მაქვს გამოქვეყნებული. საერთოდაც ცოტას ვბეჭდავ. რა ვქნა, ვერ მივბაძავ რედაქტორებს, რომლებიც გაზეთისა თუ ჟურნალის ნომერს არ გამოუშვებენ, საკუთარი ოპუსი არ დაბეჭდონ დიდრონი ფოტოებით, ან ქვეყნის პრეზიდენტებად და პოეზიის მეფეებად არ გამოაცხადონ თავი! 30 წელიწადია რედაქტორი ვარ და არცერთ ჩემს გაზეთში თუ ჟურნალში არცერთი ჩემი ლექსი არ დამიბეჭდავს! სხვაგანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ვბეჭდავ(დი), როცა თავად რედაქტორები მთხოვდნენ. ბოლო წლებში სწორედ ასე დაიბეჭდა ჩემი ლექსები როსტომ ჩხეიძის „ჩვენს მწერლობაში“, ლევან ბრეგაძის „ქართულ მწერლობასა“ თუ ირაკლი ჯავახაძის „ლიტერატურულ გაზეთში“. ასევე იბეჭდება „ანამარიას გულის“ შოთა იათაშვილის „ჩვენს საუნჯეში“. არა, ეს ასი ლექსი ერთიანი ციკლი არ არის. ჩემი ცოდნით, ციკლი უფრო შინაარსით გაერთიანებულ ლექსებს გვიქვია. ეს ახალი რითმით გაწყობილი ლექსებია და სხვადასხვა ციკლებად მაქვს დალაგებული, რასაც მათი ქვესათაურები ადასტურებს. ხომ არის რითმა ასონანსური და კონსონანსური? ხომ არის რითმა ომონიმური? ჰოდა, ეს ანაგრამული რითმაა – სრულიად გამორჩეული რამ ლექსწყობაში. დანარჩენი დაე, კრიტიკოსებმა და თეორეტიკოსებმა იკვლიონ. აი, რას წერს ჩემი ერთი ამგვარი ლექსის გამო დასტურ ავტორიტეტული კრიტიკოსი და მკვლევარი ლევან ბრეგაძე:

 

და ბოლოს სუპერ-შიუთელრაიმი – თანხმოვანთა ორი წყვილის გადაადგილება ერთი სიტყვის ფარგლებში:

მახინჯაური

კონდუქტორო, მაგ სასტვენში იქნებ ერთიც ა,

რაღა დარჩა! გავიარეთ ბოლოსწინა ა!

ჩვენი აზრით, ამგვარი რითმის ეფექტი, მიმზიდველობა იმითაც უნდა იყოს გამოწვეული, რომ იგი თითქოს ომონიმური ანუ უზუსტესი რითმისა  და არაზუსტი კონსონანსური რითმის  ერთ-ერთი სახეობის ნაჯვარია: ომონიმთან მას ის ანათესავებს, რომ სარითმო სიტყვები ზუსტად ერთი და იმავე ბგერებისგან შედგება, ხოლო კონსონანსური რითმისა კი ის გამოჰყოლია, რომ თანხმოვანთა რაოდენობა არ არის დაცული“.

 

ლევანის წერილი, საიდანაც ეს ციტატა ამოვწერე, შესულია ორტომეულში, რომელსაც საკმაოდ გრძელი სათაური აქვს: „ევროპული და აღმოსავლური მყარი სალექსო ფორმები ქართულ პოეზიაში“. ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მომზადებული ამ ორტომეულის პრეზენტაცია სულ ცოტა ხნის წინათ გაიმართა და შეიძლება შენ ჯერ არ წაგიკითხავს, მაგრამ, მენდე, – უაღრესად საინტერესო რამ არის და მასში ბევრ იმ კითხვაზეა გაცემული პასუხი, რომლების „ანამარიას გულის“ წაკითხვის შემდეგ შეიძლება გაუჩნდეს სერიოზულ ლექსთმცოდნესაც თუ პოეზიის უბრალო მოყვარულსაც და რომელთაგან შენ მხოლოდ მცირე ნაწილი დამისვი.

 

— ბობი ფიშერი და კლაუდია შიფერი ორივე გამოჩენილი ადამიანები არიან, მაგრამ ნუთუ მათი გვარების ანაგრამულ ჟღერადობას მათი ოჯახური იდილიაც უნდა შეეწიროს?

 

მიყვარს სალაღობო კითხვები! იდილიური მგონი, არცერთი ეს ოჯახი არ ყოფილა. ფიშერი ათი წლის წინათ, სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა, რომ ჩემი ლექსი არ წაუკითხავს და, ბუნებრივია, ვერც მისი „ოჯახური იდილია“ შეეწირებიდა ამ კატრენს! კლაუდია შიფერი კი არის ცოცხალი, მაგრამ არც მის ოჯახს ემუქრება რამე, თუნდაც დღედაღამ ჩემი ეს ლექსი იკითხოს! თუ რომელიმე ოჯახური იდილია ამ ლექსს უნდა შეეწიროს, ეს შეიძლება მხოლოდ ჩემი ოჯახი იყოს – ნინოს, ჩემს მეუღლეს, ალბათ სულაც არ სიამოვნებს, რომ რაგინდ რითმის გულისთვის მე ცოლად კლაუდია შიფერი ვისურვე!!! ერთი სიტყვით, სალაღობო კითხვაზე პასუხიც სალაღობო გამომივიდა!

 

— ოდნავ მაინც შეიძლებოდა დაგვეშვა, რომ წინამდებარე ასი ლექსი იმ ერთი შედარებით მოზრდილი ლექსისათვის დაიწერა, რომელსაც „კონვენციური ლექსის ახალი სიცოცხლე“ ჰქვია?

 

არა, არ უნდა დაგვეშვა! პირიქით, ეს ერთი ლექსი დაიწერა იმ ასი და კიდევ სხვა ასეულობით ლექსისათვის, როგორც ახალი ტიპის რითმების ერთგვარი პრეზენტაცია თუ მანიფესტი. თუმცა ეს ჩემი ამგვარი ლექსების პირველი პუბლიკაცია არ არის და ანაგრამული რითმებით გაწყობილი არაერთი ლექსი აქამდეც დამიბეჭდავს „ლიტერატურულ გაზეთში“. სხვათა შორის, ალბათ დაუკვირდებოდი, რომ სწორედ შენს მიერ დამოწმებულ ამ ლექსში რითმები კურსივით არ არის გამოყოფილი. შეგიძლია ესეც მიათვალო ჩემს პასუხს შენს იმ კითხვაზე, სადაც რითმებით კურსივით ხაზგასმის ზეამოცანურობაზე მეკითხებოდი.

 

— მიგაჩნია, რომ ინტერნეტის ეპოქაში პოეზიას მართლაც აღარ რჩება ადგილი, თუ  ეს უბრალოდ ტრაფარეტული და ზოგადად გავრცელებული შეხედულების პერიფრაზია, მხოლოდღა ანაგრამული რითმისთვის ნათქვამი? გაგახსენებ, რომელ ლექსსაც ვგულისხმობ, როცა ამას გეკითხები:

 

ვიღას სჭირდება ნეტა

შენი საწყალი ლექსი,

როცა ბობოქრობს ეტნა

სოციალური ქსელი!

 

არა არ მიმაჩნია! და სწორედ ამაზეა ეს ლექსი! პერიფრაზისა რა მოგახსენო და, მხოლოდ რითმისთვისაც რომ იყოს დაწერილი, არც ეს იქნებოდა დასაძრახი. მუხრან მაჭავარიანი ხომ გახსოვს:

 

დღეს ქართველებს ჭეშმარიტად

საყვედური არ გვეთქმის,

ეს რა მიქნა ერთმა რითმამ,

გამახსენა არგვეთი.“

 

როგორც ჩანს, ასეთი რამეც მოსულა პოეზიაში. დოვინ-დოვენ-დოვლები და სილაში ვარდებიც ამის დასტურია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობელი ვარ, დათო, შენი საინტერესო, მართლა დასამახსოვრებელი კითხვებისთვის და იმედი მაქვს, ჩვენი ამ გაბაასების შემდეგაც ჩვენს კოლეგებსა თუ მკითხველებს არაერთი კითხვა გაუჩნდებათ „ანამარიას გულთან“ დაკავშირებით, მაგრამ მათი რაოდენობა ჩვენი კითხვა-პასუხის მერე ალბათ უკვე თორმეტით ნაკლები იქნება! შევეცდები, ჩემი ცოდნის ფარგლებში მათ კითხვებსაც ვუპასუხო.

 

— პაატა, თითქოს დავასრულეთ საუბარი, მაგრამ კიდევ ერთი, მეცამეტე შეკითხვა უნდა დაგისვა აუცილებლად: ხომ დასაშვებია, რომ არამარტო ცალკეული სიტყვები ყოველ ცალკეულ ლექსში, არამედ შენს რომელიმე ასეთ ლექსს ანაგრამულად გაერითმოს ცალკე მდგომი მეორე მთლიანი ლექსი? და მერე ამ ორ ლექსს უკვე მომდევნო ორი რომელიმე ლექსი?! და ა. შ. და ა. შ., სანამ ლექსიკონი არ ამოწურავს თავის თავს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს პატარა ლექსები სინამდვილეში მეგალექსებია და ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი დამსახურება. ეს არის ატომური აღმოჩენა ლინგვისტიკაში, რომელიც მეტაენას შეეხება და თითქოს მეორე და ახალი პოლუსია ჰაიკუს მეტაენისა. სხვაგვარი გარითმვის დროს ხომ რომელიმე ორი ლექსი ერთმანეთს ვერ გაერითმება, ერთ სხეულად ვერ იქცევა და ისინი ცალ-ცალკე ლექსებად დარჩებიან.

 

კეთილი, იყოს მეცამეტე შეკითხვაც, მე ცამეტს არ ვუფრთხი, პირიქით, გარკვეული სიმპათიითაც კი ვარ მის მიმართ განწყობილი, მეცამეტე გოჭიც ყველაზე საყვარული მგონია... კი, რასაკვირველია, დასაშვებია ასეთი მეგალექსის თუ მეტატექსტის შექმნა და სრულიად შესაძლებელიც! ლობაჩევსკის გეომეტრიისა არ იყოს! ან რიმანის. ამის ერთი-ორი მარტივი ნიმუში ჩემს ანარგამებშიც მოიძებნება. ეს მით უმეტეს შესაძლებელია, თუ მანქანასაც დავიხმართ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ახლა, როცა მე და შენ ამ კითხვა-პასუხს ვცვლით იმეილებით, რომელიმე კირკიტა პროგრამისტი ლექსიკონისა და ფაქტორიალის დაქორწინებაზე მუშაობს. და იქნება მერე ანაგრამული რითმების გრიალი, სანამ, როგორც შენ ამბობ, ლექსიკონი არ ამოწურავს თავის თავს! შეიძლება აქ მართლა იყოს ლინგვომათემატიკური რამ ამოცანა, მაგრამ რამდენად იგუებს ან გამოიყენებს ამას პოეზია, ძნელი სათქმელია. დარწმუნებული ვარ, ლექსიკონის ამოწურვას შენ ფიგურალურად ამბობ, თორემ ამ თვალსაზრისით ლექსიკონის ამოწურვა ძალიან შორეულ პერსპექტივაშიც შეუძლებელია! წარმოიდგინე, შენი სახელის ოთხასოიანი ფორმა – დათო – 24 ანაგრამულ ვარიანტს იძლევა და ყველა მათგანი უშინაარსოა. ალბათ ისევე, როგორც შენი შვიდასოიანი გვარის 5040 ანაგრამა. მე ყველა ვარიანტი არ გამისინჯავს. შეიძლება ბევრმა მკითხველმა არ იცოდეს, რომ 10-ასოიანი პოეტური სიტყვა „სილაჟვარდე“ 3 628 800 ანაგრამულ ვარიანტს შეიცავს და დიდი ეჭვი მაქვს, მათგან არცერთი არ არის არათუ პოეტური, საერთოდ რაიმე შინაარსის შემცველი. მე ყველა ვარიანტი, ბუნებრივია, არც ამ შემთხვევეში გამისინჯავს! დეზოქსირიბონუკლეინზე ან ჰიდროელექტროსადგურზე აღარაფერს ვიტყვი! როგორ არ გაგახსენდება აქ მაიაკოვსკი – რომელიც იმ თავის ცნობილ ლექსში ამბობს, პოეზია იგივე რადიუმის მოპოვებააო – ერთ გრამს ერთი წლის შრომა რომ სჭირდება და ერთი სიტყვისთვის ათასობით ტონა სიტყვის მადნის გადამუშავება რომ გიწევს. რა თქმა უნდა გახსოვს აფორიზმად ქეული მისი ეს სტროფი:  

 

Поэзия – та же добыча радия.
В грамм добыча, в год труды.
Изводишь единого слова ради
 
Тысячи тонн словесной руды.

 

ალბათ არსებობს ამ ლექსის ქართული თარგმანიც, მაგრამ ახლა მისი მოძებნა გამიჭირდება. თანაც არა მგონია, კონგენიალური თარგმანი იყოს, თორემ ამასავით ზეპირად მემახსოვრებოდა. ხოლო მაიაკოვსკის რადიუმიდან შენეულ თუ ჩემეულ „ატომურ აღმოჩენამდე“ ერთი ნაბიჯია! ოღონდ ძალიან დიდი ნაბიჯი, მაიაკოვსკიც რომ ვერ გადადგამდა, იმხელა. თუმცა, გეთანხმები, არის ჩემს პატარა ლექსებში მეგალექსობის გარკვეული პოტენცია. ალბათ ამიტომაც არის, რომ ერთი ჩემი მეგობარი მწერალი, რომელიც დაკვირვებით ადევნებს თვალს ჩემს პუბლიკაციებს, კარგა ხანია, მიკიჟინებს, პოტენციური ლიტერატურის სახელოსნო ჩამოაყალიბე, რაღაც ულიპოს მსგავსი, და მოწაფეები თუ მიმდევრები გაიჩინეო. ხოლო მეორე მეგობარი პატაფიზიკისკენ მექაჩება, თუმცა ალბათ ისედაც არა ვარ მისგან შორს – ერთი „ზედმეტი“ ასოღა მაშორებს. რა თქმა უნდა, მიაქცევდი ყურადღება, რომ ამ ასი ანაგრამის მესამედზე მეტი განკუთვნილია წიგნისათვის, რომლის სათაურია „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“. დიახ, შეიძლება ეს პოტენციაც იყოს ჩემი ამ ლექსების, როგორც შენ ამბობ, „ერთ-ერთი მთავარი დამსახურება“. თუმცა სანამ მათი პოტენციური ენერგია კინეტიკურში გადაიზრდება, მე ამ ლექსების სხვა ღირსებას მინდა გავუსვა ხაზი, რომელიც ზედაპირზე ძევს: ამ 100 პაწაწა ლექსში არცერთი ძველი რითმა არ არის! არადა, 100-ზე მეტი სარითმო წყვილი და რითმათა რამდენიმე სიმრავლეა... აი, აქ კი უნდა დავსვა(თ) წერტილი, თორემ ძალიან გრძელი პასუხი გამომივიდა შენს მეცამეტე კითხვაზე! ჩავთვალოთ, რომ ამ ვრცელ პასუხს ზოგიერთი წინა პასუხის სიმცირე და ლაკონიურობა დააბალანსებს. თუმცა ბოლოს მეტაენამდე, ატომურ-ლინგვისტურ აღმოჩენამდე, ულიპომდე და პატაფიზიკამდე მივედით, ჩვენი საუბარი რომ ამ ბოლო კითხვით დაგვეწყო, ალბათ უფრო ღრმად და შორს წავიდოდი(თ), მაგრამ რაკი ასი გრამითა და ანამარიათი და(ვ)იწყე(თ), რომელიც შენ თავიდან  შენი მარგო კორაბლიოვასავით გამოგონილი პერსონაჟი გეგონა, მოდი, ისევ ასი გრამითა და ანამარიათი დავამთავროთ. მართლა ძალიან მოუხდა ასი გრამის კალამბური ჩემს ას ანაგრამულს! ჩვენც ძალიან მოგვიხდება ას-ასი გრამი ამ საუბრის მერე. ანამარიას – არა. მას, ვიცი, ღვინო ურჩევნია. განსაკუთრებით ხაშმის საფერავი უყვარს. არაერთხელ სპეციალურად ჩავსულვარ ხაშმში ანამარიას გულისთვის. „ანამარიას გულისთვის“ კი მასთან გადაღებული ორი ფოტო შევარჩიე, რომელსაც ამ ჩემს პასუხებთან ერთად ვაგზავნი რედაქციაში და კეთილად ვსარგებლობ რა მისი კეთილგანწყობით, რედაქტორს ვთხოვ, ერთ-ერთი მათგანისთვის მაინც გამოძებნოს ადგილი. მადლობასაც წინასწარვე ვუხდი, როგორც წესია. ღმერთმა ლექსიკონის ამოწურვამდე ყველანი კარგად გვამყოფოს, ჩემო დათო, – შენც, მეც, რედაქტორიც, მკითხველიც, ანამარიაც და, რაღა თქმა უნდა, მარგო კორაბლიოვაც!

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE