მიწვევა ჩაიზე


მიწვევა ჩაიზე




 

...დასასრული

 

ჰ.ა.ნ.ა

 

ამის გამო არაერთხელ უკამათიათ. ხათაბალაშიც გახვეულან. პატარას თუ დიდს ისე ეშინია... წარმოიდგენენ, ღამე როგორ დავბორიალობ მათ საწოლ ოთახში. წამოდგებიან, ცალ ფლოსტში წაყოფენ ფეხს, ცალის პოვნას აღარ ელოდებიან, შუქს ანთებენ, ხელის კანკალით სვამენ წყალს. ისევ წვებიან და იძინებენ იმ დახავსული იმედით, რომ მალე გათენდება და შიშები დღის შუქზე გაიბნევა, როგორც არარა. ჩემი თავის აღწერას არ მოვყვები. აღსაწერი ბევრიც არაფერია. მიწაზე დამანარცხეს და ღორებთან გამისტუმრეს. რამდენ ბრმას გაჰკვირვებია ჩემი სახე. მისთვისაც კი დამიბრუნებია თვალის სინათლე, ვისაც შობიდან არ უხილავს ცა და ხმელეთი. სრულ სიჩუმეში ყრუებს მიწვდენიათ ჩემი ხმა. გულუბრყვილობის ჯაჭვები დამიწყვეტია. ყოფილა, სიახლის ისეთი შიში დამითესავს, რომ ადამიანები დედის ძუძუს მიჰბრუნებიან. ფრანცის ნათქვამი კარგად ვერ დავიხსომე. თვალის ახელას სულის მოსათქმელი დრო რომ სჭირდება, იმას ვგულისხმობ. რა ვუყო? იმიტომ ვჩქარობ, რომ ადამიანმაც ბევრი მოასწროს. ახლაც ჩემზე წერენ. და იმდენად ვარსებობ, რამდენადაც გამომსახავენ თეთრ ფურცელზე თუ ჩაბნელებულ კედელზე, სადაც მზის სხივი არ ეცემა.

 

 

გ.ო.ნ.ი

 

პირველ გამომგონებლად მთვლიან. საერთოდ ხომ ამრეზით მიყურებენ და ახლომახლო არ ჩამივლიან? აი, მოზღვავებულ ჭირსა თუ მოწყენილობას რომ ვეღარ უძლებენ, მაშინ დამდებენ ხოლმე პატივს და მეწვევიან თავის მოშვლეპით. ყოფა რომ შეიმსუბუქონ, ჩემი გონების ნაყოფს შინისკენ მიაცუნცულებენ. ღვთის წყალობადაც აღიარებენ, თუ ხალხს საჭიროებამ ასე უკარნახა რომელიმე შემაღლებული ბორცვიდან ან კათედრიდან. მწყინს, თუმცა ძალიანაც არა, მიზეზს მოგვიანებით შეიტყობთ. დრო რომ გავა და მწყობრიდან გამოიყვანენ ჩემს ქმნილებას, მონასტერს თავდაყირა რომ დააყენებენ, მერე იტყვიან, ეშმაკის მოგონილიაო. გაფუჭებულის შესაკეთებლად ჩემთან რომ დაბრუნდნენ ეს იგივეა, რომ მამლაყინწამ კუნძზე თავისი ნებით ჩამოდოს ყინწი, იქვე ჩაჭედილ გაპრიალებულ ცულისპირს თვალებში ჩახედოს და საკუთარ ანარეკლს გამოემშვიდობოს. ჰოდა, ფრთხილობენ.

 

ბ.ა.ნ.ი

 

ვთქვი, ჩემს აღწერას არ დავიწყებ-მეთქი, უთქმელობა კი არ იქნებოდა. ხან ჯინსებში გამოწყობილი ქალი ვარ, ხან - დიდყურა ბავშვი, ხან - ჯადოქარი წარმოშობით, ვთქვათ, დელფოსიდან ან კართაგენიდან. მაკვირვებს კია გონების ასეთი ხელგაშლილობა. შესაფერისი ტანისამოსის შეკერვას ვერ ვასწრებ ხოლმე, რომ ჩემი გარეგნობა წარმოსახვებს შევუსაბამო. მკერავი ხომ გადარეულია. ატელიეში ჩემი გამოჩენა და ადამიანის გაჩენის დღის შეკურთხება ერთია ხოლმე. საბრალომ აღარ იცის, საიდან რა ქსოვილი გააჩინოს, რა თვალ-გიშერი გამოიწეროს შორეული ქვეყნებიდან, რომ მომრთოს და მკაცრი იერიც არ დააკლოს ჩემს მოკაზმულობას. გავრცელებული აზრის თანახმად, უფრო ხშირად შიშველი დავწანწალებ, მაგრამ ესეც მტკნარი სიცრუეა. სიცრუე რაღამ გაამტკნარა, გამაგებინოს ნეტა ვინმემ. ვითომ ისეთი უმარილოა, რომ გემოც არ ესინჯება? სათქმელს ცოტა გადავუხვიე, მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ ჩემი სატირული სიშიშვლეც მხოლოდ და მხოლოდ ანაფორის ნაირსახეობაა, ერთგვარი კოსტიუმია, რომელმაც დღის შუქი რომ იხილა, ჩემი მკერავის უძილო ღამეებს უნდა ვუმადლოდე. ან უმადლოდეთ თქვენ, ჩემო მკითხველებო.

 

ტ.ო.ნ.ი

 

ქალს რომ ვუყურებ, განაპირებულს და ცხოვრებისგან ყველაზე გაუხეშებულსაც კი, ვფიქრობ ხოლმე, სად მე და სად ეს ქალი? საყდარ-საყდარ ჩამოიარეთ, ჩემს ფრესკებს თვალი შეავლეთ. თქვენი თუ არა, იმისი გონება მაინც განგაცვიფრებთ, ვინც ქალი და მე, უსქესო თხაკიკინა, ერთმანეთს შეგვადარა. მაღალო ღმერთო! ჩემს ბავშვურ გასართობს გაგიმხელთ და მთხზველის გონება ისე მიზიდავს ხოლმე, როგორც კომიკური და საცირკო სანახაობები. სწორედ მის აზრებში რომ მეძებოთ, თქვენს პირს ღიმილი გადაეფინება და ჩემს ღირსებას - მაგ თქვენი პირის ნათელი. ანცობა იქეთ გადავდოთ და, მე იქ ვარ, სადაც ვიბადები; მისი ნაწილი ვარ, საიდანაც გამოვითქმები; ისე გამოვიყურები, როგორადაც წარმომიდგენენ. და არც ის გაგიკვირდეთ, თუ სხვის სულში, გნებავთ ღორების კოლტში, შესვლა შემეძლოს. იქ ვარ, სადაც უზრუნველი სიცარიელეა, სადაც ჩემზე უფრო მეტსა ვაი-ვიშობენ, ვიდრე გულისმომკვლელ ბაზრობებზე და პირდაფჩენილ სიღარიბეზე; სადაც ნაზი გრძნობების გაღვივება აზრადაც არ მოუვათ, იქ ვარ. ჭორთა გამავრცელებელი და გადამდები სენი ვარ. აჰყევით, ფეხი აუწყეთ ზნეობის სახელით გაქადაგებულს, თვალებში ცეცხლაგზნებულს; იქა ვჯეჯილობ, სადაც ჩემი სახელით შეიკრიბება ორი და სამი ჭიაყელისტვინა. ჩემი არსებობა გარდაუვალია, ვიდრე უსამართლოდ სდებენ ბრალს; გადაფურთხებულს ლოკავენ, სხვას აფურთხებენ და დააყოლებენ, ეგეც შენაო. იქ მომძებნეთ, სადაც თავისუფლების ნაცვლად სილაჩრეა გაბატონებული. ეგეც თქვენ!

 

წ.ი.ლ.ი

 

ათას რამეს წერენ. ბოლო დროს ისიც შევნიშნე, რომ ზოგიერთი მწერალი სრულიადაც არა თაკილობს, მე უფრო კეთილშობილად წარმომაჩინოს, ვიდრე იმავე საზოგადოების წევრები, ვისაც ჩემ შესახებ ეგრე გულმოდგინედ აუწყებს. ამ მწერლებისა ვერა გაუგიათ რა; ვინმე ჩემი არსებობის მიზეზებსა და ფორმებზე რომ დაფიქრდეს, თავისი წილი პასუხისმგებლობა და მასზედ მობნეული სირცხვილის საკმაზი ისე კარგად აუწვავს პირს, რომ იხარე; ვინც ახლა მკრეხელობას მწამებს, წიწმატობას შვიდ თაობაში შეეშვება.

 

გ.ო.ბ.ი

 

გახდე ბრალდებული და მსაჯული, ჯვარცმაა; შემოირიგო ორივე, ნიშნავს იუფლო; და სიყვარულიც თუ შეძელი, იგრძნობ, რომ მეგობრად გაგიხდი. აქამდე გზა ნარ-ეკლიანია. სიმამაცე ხამს, რომ ზიდო ორი ჯვარი, როცა ბრბოს ავი ენა მესამესაც მოგაგდებს ზურგზე; და თითოეული ცხვირს იქით გაიბზუებს, ვითომც მე აქ არა ვყოფილვარო. ჩემი უღელი მსუბუქია. ვინც ტვირთმა არ შეაშინა, იმას ხვდა წილად, მადლი ეპოვა და სიმსუბუქე.

 

ლ.ა.მ.ი

 

ნეტავ არსებობით ბედნიერი ვიყო. მაგრამ როგორ ვიყო, როცა ამდენი დავიდარაბის მომტანი ვარ დედამიწაზე? უეჭველი ვარსებობ უხსოვარი დროიდან და წარმომავლობაც კეთილშობილი მაქვს, იმას თუ ვერწმუნებით, რასაც ადამის ბებიის დროინდელი წყაროები მოწმობენ. ერთიმეორეს უყვებიან, რომ ჩემი გადაგვარების მიზეზი დაუმორჩილებლობა და ამბოხია. თითქოს ღმერთს ავუჯანყდი, მასთან გატოლება მოვინდომე. იმან კი დამსაჯა და ჯურღმულში ჩამაგდო. ერთადერთი ჯურღმული, რაც თვალით მინახავს, ჩემივე შემოქმედია. მისი შიშისა და ზნის მიხედვით იცვლება მორთულობა ჩემი სამყოფელისა: ხევ-ხუვი ხან მიმწუხრივით ბნელია და ავისმომასწავებელი, ყვავიც იქვე ჩხავის; ხან - რიჟრაჟივით ნათელი და დარიანი, შაშვი მგალობელი.

 

ც.ი.ლ.ი

 

ჩემს ტყავზე რაც გამომიცდია, იმასაც მოგიყვებით. ვისაც ჭკუა როგორ გაუჭრის, იმ რჯულზე მნათლავს. მეპყრობიან იმის შესაბამისად, როგორც ხეირს პირი გამოუჩნდება: თუ უმუშევარი მოქალაქეები უკმაყოფილო არიან, მაშინ უმადური მეამბოხე ვარ, და თუ არ შევინანებ, სრული სიმკაცრით დავისჯები; ეს სრული სიმკაცრე ჩემი მოგონილი არ გეგონოთ, რადიოში მოვისმინე. ჯერ ხომ ზნედაცემული დედაკაცი ვარ და იღლიაში ტაბურეტამოჩრილები მდევნიან, თან ისეთი თავგამოდებით, გეგონებათ, ტაძრისთვის შესაწირ ყვინჩილას დასაჭერად დასდევენო; მერე ქალაქის განაპირას მდგარ კედლებდაბზარულ სახლში მამწყვდევენ, და დროდადრო ჩემს უზნეობას ზედ აკვდებიან. თავხედი და ენაჭარტალა, შურის ამგზნები და ომის გამჩაღებელი ვარ, ამიტომაც მშანთავდნენ, მწვავდნენ კოცონზე და ახლაც ისე მიყურებენ, თავი დამნაშავე მგონია. თუ რამე ისე ვერ ვთქვი, რომ უფროსის ჭიას ეამოს, ხელის გულებზე რკინის სახაზავს მირტყამენ, კუთხეში ან მუხლებზე მაყენებენ, სამსახურიდან მათავისუფლებენ, მაიძულებენ, პატიება ვითხოვო. ვინ არ ვიყავი? რომელ ეთნოსში, რელიგიაში თუ კანის ფერში არ ამოვუცნივარ მავანს. სადაც მას მოეპრიანებოდა, იქ ვიყავი ჩასახლებული. სხვაში. დანაშაულის გრძნობა ხომ უნდა ჩამინერგონ, და სინდისი დამიტერორონ? ეგ, რასაც გრძნობ, ცოდვა არიო, მეტყვიან და მეც ისე მოვიკაკვები, როგორც მარილმოყრილი ლოკოკინა. მამარხულებენ; რომ მოშივდებათ, ჭრილობაზე ხახვს დამაჭრიან. სხვის თვალებში ნაპოვნმა სიხარულმა ფრთა რომ გამაშლევინა, ის შევცოდე. ჰოდა, დასჯილი ვარ: გაზეთებში ქვეყნის მტრად გამომაჭენეს, ვითომ ხალხთა თავისუფლებას ვემუქრები, ვუქადი გადაგვარებას და აღგვას მიწის პირისაგან, რაც ისეთივე თვალსაზრისია, როგორიც ყველა დანარჩენი აქ ამოკითხული.

 

ზ.ე.ნ.ი

 

მოგაგონებთ, რა საწყაოთიც მომიწყავენ, იმავეთი მიეწყვება ყოველ განმკითხველს. ჯოჯოხეთს თუ ენის კუპრს, ანუ გინებას ან წყევლა-კრულვას მიუმატებ, გაფრთხილდი და თავქუდმოგლეჯილი გაიქეცი, იქნებ ათუხთუხებულ წვიმას სახლამდე მიუსწრო.

 

რ.ა.ს.ა

 

წინა სიტყვას გავაგრძელებ. ვინმეს თუ შევუჩნდი, ხელიდან ვერ დამისხლტება, მივაღწევინებ საწადელს და მწარედ ვანანებ. ან მე ვარ ბატონი, ან სასოწარკვეთა, ან სინანული. ხან სამივე ვენაცვლებით ერთიმეორეს და ტანჯვა-ტანჯვით ცოდნად და სიყვარულად გარდავიქმნებით. ჩემს პატრონს რომ ბოროტმოქმედად არ მივეჩნიე და ჩემში სიკეთის მარცვლებიც გამოესახა, მაშინ ავაზაკობით რაც მოიპოვა, იმას კაცთმოყვარეობითაც მოიპოვებდა. მოთმინებამ თუ უმტყუნა ადამიანს, იქ ჩემი ხელი არ ურევია. სუფთა ვარ. ტაბულა რასა, რომ იტყვიან. შეიძლება უღმერთობა დამაბრალონ, ცილი დამწამონ, გამდევნონ, განტევების ვაცს მიმაბან და კლდეზეც გადამჩეხონ, იმ ღორებისა არ იყოს, მაგრამ ასე ხომ დროებით მომიშორებენ? უკან დავბრუნდები იმდენჯერ, რამდენჯერაც ფუძის ანგელოზი, კერა და აგორა მოითხოვს.

 

ჯ.ე.რ.ი

 

მოთმინება და თავთან შერიგებაა საჭირო, რომ დაბრუნების აუცილებლობა გადაილახოს. სავალალოდ, ისეც ხდება, როცა აღარც ძველ ყაიდაზე დაედგომება ადამიანს და ჯერ არც ახალი გაკვირტულა მის გულში. უცებ ამოვარდება ქარბორბალა და თითქოს ნატვრას უსრულებსო, მტვერსა და კორიანტელში გახვევს, ფესვიანად ამოგლეჯს და არყოფნისკენ გაიტაცებს. იცით, იქვე ახლომახლო, ლეღვის მოშრიალე ხესთან ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი ელის ხოლმე დედის დაბრუნებას? ზემოთ ათასგვარი სახით გამოგეცნაურეთ და აი, კიდევ ერთი. იუდა. რა იქნებოდა, ქარბორბალისთვის რომ გაეძლო და აღდგომას დალოდებოდა? მაშინ რაღად მოიხსენიებდნენ? ვინად შეიცნობდნენ? სიხარბემ მოდრიკა. და შესძულდა ეგ სიხარბე. მისთვის რომ ეთქვათ, მოგეტევა შეცოდებანიო, ხომ გამოამტვრევდა სასოწარკვეთის ნაჭუჭს? გაიმარჯვებდა სიძულვილზე, რომელიც ისეთი ნაკადით მოასკდა მის ნაპირს, რომ იხრჩობოდა... კითხვებს ვსვამ, და მრავალნაირ პასუხს ვცემ. ვეძახი ყველას, ვინც ვერ ხედავს, ვერ ელოდება სხვა გამოსავალს.

 

ჰ.ო.მ.ო

 

ხდება. შეიძლება ვერ გაიგონო ხმა, რომელიც ამბობს, მოგეტევაო შეცოდებები. ეგ ხმა საკუთარ თავს თავად გააგონე, თუ საჭიროა; არწივივით დასჭყივლე და გამოდი ნაპირზე, სადაც მე მიხილავ, გადასხვაფერებულს, პირნათელს. მე დაგაპურებ. ნუ გეშინია! უჩემოდ ღმერთი არ იქნება. ისიც ზუსტად ისეთივეა, როგორიც მე ვარ. ნუ შეგაშინებს, ნუ დაგაფრთხობს, ნუ დაგაბრკოლებს ჩვენი იგივეობა. აი, ენები კვლავ აბობოქრდებიან, იტყვიან, რომ თავს ვუთანაბრებ; ისევ გამოგონილ შეცდომაზე მიმითითებენ, რის გამოც, მათი აზრით, დავისაჯე და ჯურღმულში ამოვყავი თავი. და ბუნებრივია, იქ იმდენ ხანს დავრჩები, რამდენ ხანსაც მამყოფებენ. მაგრამ შენ, საკუთარი თავისადმი ცოდვა-ბრალის მიმტევებელო და მეგობარო ჩემო, ნაზი გრძნობების გამღვიძებელო და ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყისათვის ხელის გულის გამწოდებელო, ნაპირზე გამოსულო ადამიანო, შენ ხედავ, რომ სინამდვილეში ღმერთი და მე გვერდიგვერდ ვსხედვართ და ვსვამთ ჩაის, და სულაც არ ვებრძვით ერთიმეორეს არჩევნებზე თქვენი ხმების მოსაპოვებლად. მოდი, გვერდით მოგვიჯექი, დაისხი ჩაი, გველაპარაკე...

 

დასაწყისი…
 

2021

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE