ვაჰრამ მარტიროსიანი (დაიბადა 1959 წ. გიუმრი / ლენინაკანი) არის ცნობილი მწერალი, რომანების, ლექსების კრებულების ავტორი, ესეისტი, მთარგმნელი, სცენარისტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ „გარუნში“ 1975 წელს, პირველი კრებული – „გრძნობადი გემის მატიანე“ 1988 წელს გამოქვეყნდა. ვაჰრამ მარტიროსიანის ანტიუტოპია „მეწყერი“ (2000) დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთი ბესტსელერია, რომელიც მთელ რიგ ენებზეა თარგმნილია (Glissement de Terrain, France-Canada, 2007, Оползни, Дружба народов, 2005, და სხვა).
ვაჰრამ მარტიროსიანს უყვარს ჟანრების ცვლა. ის არის სომეხი ნონკონფორმისტი მწერლების ჟურნალის, „ბნაგირის“ თანადამფუძნებელი და თანარედაქტორი (პოეტ ვიოლეტ გრიგორიანთან ერთად, 2000-2006 წწ.).
მარტიროსიანი ვ. ბრიუსოვის სახელობის სახელმწიფო ლინგვისტურ უნივერსიტეტში 2002-2004 წლებში კითხულობდა სპეციალურ კურსს „ლიტერატურის გამოყოფა სახელმწიფოსგან“.
მან ორიგინალიდან თარგმნა და ცალკე წიგნებად გამოსცა უნგრელი პოეტები: იანოშ პილინსკი, დიორდ პეტრი, ნობელის პრემიის ლაურეატის იმრე კერტესის რომანი „უბედურება“.
ანოტაცია
რომანის „ბამბის კედლები“ მოქმედება ვითარდება 1970-იანი წლების ბოლოს. ეს სტუდენტური რომანია, პირველი ან, შესაძლოა, ერთადერთი სომხურ ლიტერატურაში. ის შიდა და გარე ცენზურისაგან თავისუფალი იშვიათი ნაწარმოებია. რომანის გმირები თავიანთი ყოველდღიურობით ცხოვრობენ, გამოცდებზე იჭრებიან, ერთმანეთს სხვადასხვა თავგადასავალს უწყობენ, უყვარდებათ და შორდებიან, სანამ ერთ დღეს სიცოცხლისთვის საშიშ საკუთარ ღირებულებებს არ შეეჯახებიან.
ბამბის კედლები
(ნაწყვეტები რომანიდან)
ჩარენცის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი კერძო სახლის ზარს გაბმულად ვრეკავდი. კარი ქერად შეღებილმა, ფუმფულა ქალმა გამიღო, რომელმაც მისალმების გარეშე დააკაკუნა მარჯვენა მხარის პირველი ოთახის კარზე. „დიდი მადლობა!“ – უთხრა მანველმა ქალბატონს და კოხტა ოთხკუთხა ოთახში შემიშვა. მაგიდაზე დახვავებულ საგანმანათლებლო-ლიტერატურული წიგნების წყებას დავადე „წარსულიდან“.
– ვაბრუნებ „ლეოს“.
– არ წაიკითხე? არ იყო საინტერესო?
– დავამთავრე.
– ასე მალე? მართლა?
– გასაგიჟებელი წიგნი იყო. როგორი ადამიანები იყვნენ, როგორ მინდა 1918-20-იანი წლების სომხეთის რესპუბლიკაში ცხოვრება... არამ მანუკიანი, ავეტის აჰარონიანი, ქაჯაზნუნი, დრო. იცოდი, რომ სომხურ-ქართული ომი ყოფილა? ინგლისელებმა შეარიგეს... ან ის, რომ დროს ბოლშევიკების დროსაც ეკავა თანამდებობა 1925 წლამდე? ჰო, გასაგებია, რომ იცი.
...........
– ღვინოს დალევ?
– შეიძლება.
– მეც. მაგრამ არ არის, – ჩაიცინა მანველმა და კარადიდან ღვინის ნახევრად დაცლილი ბოთლი გამოიღო, – ამდენია. – ორი ჭიქა ბოლომდე გაავსო.
– რომ მცოდნოდა, წამოვიღებდი.
– რა გცოდნოდა?
– ღვინოს რომ დავლევდით.
– დიასახლისი წინააღმდეგია, ბოთლი არ უნდა ნახოს.
– რაღატომ რჩები საცხოვრებლად, ზედამხედველობის ქვეშ თუ ხარ?
– ჩემი სახლი სხვა ნაქირავები ოთახებივით დასალიერში არაა, კარებთანაა, ერთმანეთს ხშირად არ ვნახულობთ, – ჩაიცინა. – რადიოსთანაა, სუფთაა, ქირა 50 რუბლია.
– შესასვლელი, ტუალეტი, რამე ცალკე არაა, ძვირი არაა?
– ჩარენცის ქუჩის ფასებია... შენ რას შვრები? უნივერსიტეტში ძალიან შეგაწუხეს?
მოვუყევი, რომ მიტინგის მერე ვიღაცები რამდენიმე დღე ზედიზედ მიდი-მოდიოდნენ, მაგრამ ჩვენ არ შეგვხვედრიან.
– კაგებე არის, მაგრამ თუ უკან დაიხიეს, თვალყურის დევნასა და თქვენი კავშირების დადგენას აპირებენ. არავითარ შემთხვევაში არ მოსუსტდეთ, თქვენ უკვე დოსიე გაქვთ სახელმწიფო უსაფრთხოებაში. მანამდეც თუ არ გქონდათ...
– რატომ უნდა მქონოდა?
– შე მიამიტო, ანტისაბჭოურ რამეებზე არ გილაპარაკია? ანეკდოტი არ მოგიყოლია?
– ანეკდოტიც ითვლება?.. როგორ შეიძლება არ მომეყოლა?
– რა თქმა უნდა, – ჩაიცინა მანველმა. – რაღაცით თვალშისაცემი ბავშვებიც კი სკოლიდან მოყოლებული მათი ზედამხედველობის ქვეშ არიან.
– გავიხსენო ერთი, სკოლაში რითი ვიყავი თვალშისაცემი, – გამეცინა.
– გრძელ თმას სკოლიდან ატარებდი? გაცვეთილი ჯინსიც გეცვა? – მე თავის მოძრაობით დავუდასტურე. – სავსებით საკმარისი იყო, მით უმეტეს, მით უმეტეს დედაქალაქს გარეთ. ...ახლა საიდუმლო უნდა გაგანდო. – მრავლისმეტყველად გაჩუმდა. – ამიერიდან სპეციალობის საგნებს რუსულად გავივლით.
– ჩვენ? ფილოლოგიურზე? სომხური ენა და ლიტერატურა?
– ნუ არა, ფილოლოგებმა არა, მაგრამ უმაღლესების ყველა დანარჩენი ფაკულტეტის სტუდენტებს მოუწევთ.
მანველმა წიგნებში ოთხად ჩაკეცილი ქაღალდი ამოიღო, რომელსაც ზედა ნაწილში Министерство высшего и среднего специального образования СССР ეწერა. სსრკ განათლების მინისტრის „ძალზედ საიდუმლო“ ხელმოწერილი გადაწყვეტილება იყო, რომლის თანახმად, ყველა რესპუბლიკის უმაღლესებში სპეციალობის საგნები შემდეგი სემესტრიდან რუსულად უნდა გაევლოთ. ხელმოწერა: ელიუტინი ვ. პ.
– არა! – ვთქვი მე.
– ხო! – გაიცინა მანველმა.
– ვახ, მე თქვენი… – ძლივს შევიკავე თავი, რომ არ გამეგრძელებინა.
– არ შეიგინო, სახლის პატრონი გაიგებს. მაგრამ ისე, თუ შესაგინებელია, მე წინააღმდეგი არ ვარ.
– ბოდიში. ჩვენ ერთი ასაკის არ ვართ, არც მეგობრები, თავს ამის უფლებას აღარ მივცემ... და რა უნდა ვქნათ?
– იფიქრეთ სამმა მუშკეტერმა, მერე მოდი და ვიმსჯელოთ.
........
– ძალიან დასანანია, ვიგენ, მაგრამ ქართველებთან კავშირი არ გვაქვს, – თქვა მანველმა, დავურეკე, „ფლორას“ პარკში შევხვდით.
– რანაირი საიდუმლო ორგანიზაცია ხართ, რომ არაფერი გაქვთ?
– უკეთესი თუ იცი, მათ მიმართე, მე წინააღმდეგი არ ვარ, – ჩაიცინა მანველმა.
– ვიფიქრებ. შეიძლება ასევე საუკეთესო საიდუმლო ორგანიზაციის კონკურსის გამოცხადება. – გაგვეცინა.
– არც გიცდიათ? არადა, მეზობელი ხალხები ვართ.
– ჩვენ მხოლოდ სომხური, ეროვნული საკითხებით ვიყავით დაკავებული, მათ ეგენი რაში აინტერესებთ?.. ჯავახეთის გარდა, რომელიც სომხურად დასახლებული რეგიონია საქართველოს შემადგენლობაში. ეს თავის მხრივ სერიოზულ უთანხმოებებს გამოიწვევს.
– მაგ საკითხების განხილვა შესაძლებელია საერთო მტრის – კრემლის დამარცხების შემდეგ.
– შეიძლება... მაგრამ თან ისეთი თანამოაზრეების პოვნის საკითხიცაა, რომლებიც შენსავით პროგრესულები იქნებიან... შენ ჩვენს ნაცვლად როგორ მოიქცეოდი?
– კარგი კითხვაა... მე ჩვენს ნაცვლად ვიტყვი, თბილისში უნდა წავიდეთ.
– რა ოპტიმისტი ხარ. უკვე თბილისში ხართ. მერე?
– შენ რომელი ფაკულტეტი დაამთავრე, მანველ?
– ფილოლოგიური.
– და ჩვენ რომელი ფაკულტეტიდან ვართ? მე, ზორიკი, თორგომი?
– თქვენც ფილოლოგიურიდან.
– ესეც შენს კითხვაზე პასუხი. წავალთ ფილოლოგიურზე, სტუდენტებს გავიცნობთ...
– ადვილად ამბობ. დარწმუნებული ხარ, რომ კაგებეს აგენტებს არ შეეფეთებით?..
– ე, ეგ ერთი საფრთხე. და იმათმაც რომ ჩვენზე აიღონ ეჭვი...
– როდის აპირებთ წასვლას?
– რაც უფრო მალე, მით უკეთესი.
– ეჰ, მართალი ხარ... საბჭოთა კავშირია. და გზის ფული გაქვთ?
მე უკვე ფიქრებით თბილისში ვიყავი... მაგრამ ფული არ გვქონდა. მანველი ცოტა ხანს დაფიქრდა და:
– იცი, რა არის ასლის გადამღები ხელსაწყო?
– ქსეროქსი? რა თქმა უნდა... აბა, ორუელის წიგნი დაქსეროქსებული არ იყო?
რადიოს საკუთარი ასლის გადამღები ხელსაწყო ჰქონდა – მანველმა ფულის შოვნა მისი დახმარებით შემოგვთავაზა. მე ვერ გავიგე.
– ვიცი, რომ დეკანატი ყველა კურსს მასალებს ურიგებს, რომელთა გამრავლებას სტუდენტებს ავალებს. შენ შენი კურსის მასალების გამრავლება ჩაიბარე, ჩვენ უფასოდ დავაქსეროქსებთ – ხელსაწყოს ჩვენი ერთ-ერთი საიმედო ბიჭი ამუშავებს, ფული თქვენ დაგრჩებათ.
– მასალების გამრავლება... მერე ზოგიერთი სტუდენტი გამოცდების წინ ფრიადოსნების „ლექციების“ ასლებს იღებს. მე ცხოვრებაში ფული-რამე არ შემიგროვებია, მაგრამ გაჭირვებული ადამიანი ხერხს მოიფიქრებს.
– გაჭირვებული ადამიანი ხერხს მოიფიქრებს… დავაფასე ხალხური სიბრძნით მეტყველების წადილი. – გაიხუმრა მანველმა.
..........
ზორიკი რომ ვიპოვე, სადგურის ბუფეტში პურს და კოტლეტს ჭამდა. თბილისში თორმეტ საათში ჩავედით, მატარებელი ყველა სადგურზე და ნახევარსადგურზე, ჩერდებოდა, „მე-8 კილომეტრად“ წოდებულ გაუგებარ ადგილზეც კი, სადაც ორიოდე სახლი იყო.
დილის რვის ნახევარზე, გამთენიისას, ცარიელ ქალაქში აღმოვჩნდით. კანტი-კუნტი გამვლელების კითხვა-კითხვით მივაგენით უნივერსიტეტს. მოლურჯო და თეთრი შენობა იყო – შესასვლელთან სამი მაღალი სვეტი. ჩვენს შენობასთან შედარებით უფრო ძველი ჩანდა, მაგრამ მე არ მომწონდა, ფასადურ კედლებს რომ ლესავდნენ და რაღაც ფერებით ღებავდნენ, ბუნებრივი ქვა მიყვარდა, ერევანში როგორც იყო.
ლექციების დაწყებას დაველოდეთ, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე მივედით. ერთ ხანს უაზროდ ბოლთას ვცემდით დერეფანში, მერე ფანჯრის რაფას დავეყრდენით და ასე ვიყავით.
– ამბობდი, ადგილზე მოვიფიქრებთ რამესო. მოდი, ერთხმად დავიძახოთ: გაუმარჯოს მშობლიურ ენას! ვინც შემოგვიერთდება, იმას გამოველაპარაკოთ, – დამცინა ზორიკმა.
აღარ დაგვჭირდა, მალე ჭაღარა ულვაშებიანი მამაკაცი რუსულად დაინტერესდა, რა გვჭირდებოდა.
– ჩვენ... ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ვართ... – და მე გამახსენდა, რომ ჩვენი ლიტერატურული სტუდიის ხელმძღვანელი ვარ, ჯერაც, – ლიტერატურული სტუდიიდან, გვინდა ქართველ ახალგაზრდა მწერლებს შევხვდეთ და კავშირი დავამყაროთ.
– მართლა? მშვენიერი რამ მოგიფიქრებიათ. ახლავე გაგიძღვებით დეკანატში.
დეკანატში თითქოს ცოტა გაუკვირდათ, მაგრამ კითხვები არ დაუსვამთ, ზრდილობიანად გვთხოვეს მოცდა. დერეფანში გამოვედით, ძლივს მოვუკიდეთ სიგარეტს, როცა ორნი მოგვიახლოვდნენ. ბრგე, მეოთხეკურსელი თენგიზი, მათი ლიტერატურული სტუდიის ხელმძღვანელი, მომავალი ლიტერატურათმცოდნე, მხარბეჭიანი, საშუალო სიმაღლის მეორეკურსელი ანზორი – პოეტი. მე ექსპრომტად წინასიტყვაობა ვთქვი: „ჩვენ – სომეხი და ქართველი მწერლები, გვერდიგვერდ ვცხოვრობთ, მაგრამ ან არასდროს წავიკითხავთ ერთმანეთის ნაწარმოებებს, ან მოსკოვი თუ კეთილს ინებებს და დაბეჭდავს – რუსულად“.
– მოსკოვი კიდევ ძირითადად კლასიკოსების მიმბაძველებს თარგმნის – უკმაყოფილება გამოხატა თენგიზმა.
რადგან მსგავსი შეხედულებები გვქონდა, მიკიბ-მოკიბვის გარეშე გავანდე ჩვენი ჩამოსვლის მიზეზი.
– დარწმუნებული ხარ, რომ სწორი ინფორმაციაა?
– აი, ნახე! – ქურთუკის ჯიბიდან ელიუტინის განკარგულება ამოვიღე.
– ნამდვილს ჰგავს.
– ნამდვილია. ნამდვილის ქსეროასლია.
– და მომავალ სასწავლო წლამდე რომ გადაიფიქრონ?
– თუ გგონია, რომ სექტემბრამდე ხელის გაუნძრევლად უნდა ვისხდეთ, დაივიწყეთ, რაც ვილაპარაკეთ... დავუბრუნდეთ ლიტერატურულ თემებს.
– როგორი წყენია ხარ... ამ წლის გაზაფხულზე საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროგრამაში „დაავიწყდათ“ იმის აღნიშვნა, რომ „ეროვნულ რესპუბლიკებს“ თავიანთი სახელმწიფო ენა აქვთ. თენგიზი... მეც, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები ვიყავით, – თქვა ანზორმა, – უბრალოდ, დაუჯერებელია, რომ ახალ თავდასხმას მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ ახორციელებენ.
– თბილისში აქციები იმართებოდა? ჩვენ არაფერი ვიცოდით, – გაუკვირდა ზორიკს.
– გაიმართა... მაგრამ ერთ კითხვაზე უნდა გაგვცეთ პასუხი, თქვენი ნდობა რომ შევძლოთ, საიდან იცოდით, რომ სწორედ ჩვენ უნდა დაგველაპარაკოთ?
– არ ვიცოდით, – ვთქვი მე, – სუფთა თავგადასავალი იყო, მაგრამ გაგვიმართლა. ჩვენც არა გვიშავს, ერთი აქცია ჩვენც ჩავატარეთ. ერევანში. ნაცნობები თუ გყავთ, გადაამოწმეთ.
თენგიზმა მაგრად ჩამომართვა ხელი, დეკანატიდან ნებართვა აიღო და უნივერსიტეტიდან გამოვედით. თავიანთი აქციების შესახებ მოგვიყვნენ. ჯერ კიდევ 1976 წელს უმაღლესებში ზოგიერთი ტექნიკური საგნის სწავლება რუსულად დაიწყეს. ორი წლის განმავლობაში აპროტესტებდნენ, მაგრამ თბილისელები ქუჩაში მაშინ გამოვიდნენ, როცა სცადეს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმება.
– მართალია, მანამდე ქალაქში ბუკლეტები დაარიგეს. რეზო ჩხეიძე იცით? რეჟისორი, მისმა ქალიშვილმა გააკეთა, თამრიკომ, – დააკონკრეტა ანზორმა.
– ჩხეიძე? „ჯარისკაცის მამის“ რეჟისორია, – გაიხსენა ზორიკმა.
ფილმს ჩვენი ტელევიზიით ხშირად აჩვენებდნენ, სომხური თარგმანით, ვუთხარით, რომ ხალხს ძალიან უყვარდა.
ანზორს გაგონილი ჰქონდა, რომ ერევანშიც აპროტესტებდნენ კონსტიტუციის ახალ ვარიანტს, მაგრამ... ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით.
საუბრის პარალელურად ქართველები ქალაქში დაგვატარებდნენ. „ფუნიკულიორზე“ ავედით, რომელიც 1905 წლიდან მოქმედებდა და ერევანშიც ცნობილი იყო. ყველაზე ზედა გაჩერების რთული ქართული სახელის მქონე სკვერში გავისეირნეთ.
ქართველებმა დოკუმენტის ასლის გადაღების ნებართვა გვთხოვეს. ქალაქის ცენტრში ჩავედით, ბიჭები ერთ სარდაფში ჩავიდნენ, საიდანაც დოკუმენტის გადაღებული ასლით გამოვიდნენ.
– ჩემმა კურსელებმა აქ სექს-ისტორიის ასლი გადაიღეს, – გაიღიმა ანზორმა.
– რუსულად იყო? შვედების შესახებ? – დააზუსტა ზორიკმა.
– რუსულად იყო და შვედები იყვნენ, ჯგუფურად ჰქონდათ სექსი.
– ჩვენს კურსზეც ხელიდან ხელში გადადიოდა, ლექციების დროს, მაგრამ დაბეჭდილი იყო... კარომ მოიტანა.
– უყურე ერთი, არ ვიცოდი, თავისი კომკავშირლებისთვის თვალების ახელა გადაწყვიტა? – გავიკვირვე მე.
– უფრო სწორად, კომკავშირელი გოგონებისთვის.
ზორიკმა ბიჭებს აუხსნა, რომ კარო ჩვენი კურსის კომკავშირის მდივანი იყო, მიუხედავად სიდაბლისა, საკმაოდ წარმატებული მექალთანე, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობდა. გაიცინეს. თენგიზმა და ანზორმა ერთმანეთს ქართულად რამდენიმე სიტყვა უთხრეს და ჩვენ ხინკალზე დაგვპატიჟეს. უკვე სამი საათი იყო, კარგა მოშიებულები ვიყავით, აღარ ვიუარეთ.
რამდენიმე ბოთლი წითელი ღვინო დავცალეთ, მსუბუქი, მაგრამ გემრიელი. სადღეგრძელოები დავლიეთ.
ბედნიერი შემთხვევითობის სადღეგრძელო, რომლის წყალობითაც შევხვდით. სომეხი და ქართველი ხალხების დამოუკიდებელი მომავლის სადღეგრძელო, შუამავლების ჩარევის გარეშე. მე აღტკინებულმა პირობა დავდე, რომ დაბრუნებისთანავე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის განყოფილებაზე გადასვლის განცხადებას შევიტანდი.
– ქაღალდზე რომ დავწერო, ხელს მოაწერ? უკან დასახევი გზა რომ აღარ გქონდეს.
ანზორმა ჩანთიდან საერთო რვეული ამოიღო, ბოლო გვერდზე ჩემი პირობა დაწერა და გამომიწოდა.
– ჩვენს უფალს იესო ქრისტეს უთქვამს: დაე, შენი ჰო – ჰო იყოს, ხოლო არა – არა, შვილო ჩემო. ანზორმა ღიმილით გაწია რვეული, მაგრამ მე ჰაერში დავიჭირე:
– ვინაიდან ხალხი დღეს სკეპტიკურია, მე მოვაწერ ხელს.
– მიდით, დანიძლავდით, ჩვენთვისაც რომ იყოს საინტერესო, – თვალი ჩაუკრა თენგიზს ზორიკმა.
შევთანხმდით, რომ ჩემი საბუთების გადატანის შემთხვევაში, ანზორი ყველას ერთი ბოთლი ღვინით გაგვიმასპინძლდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე – სამი ბოთლი ღვინით.
ჩვენ უნივერსიტეტის დაპყრობის გეგმასაც მოვყევით. ქართველები აღფრთოვანდნენ, სულ „ვა, ტო, ვა, ტო“ იძახეს, მაგრამ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისინი თბილისში დიდ აქციას მოაწყობდნენ, საქმე გიჟურ სახელმძღვანელოებამდე არ მივიდოდა.
– ჩვენც და თქვენც ერთსა და იმავე დღეს რომ მოვაწყოთ აქცია? – წამოიძახა საკუთარი იდეით აღტაცებულმა ზორიკმა.
ბიჭები დაუყოვნებლივ დათანხმდნენ – ერთი და იმავე ლოზუნგებით. მაგრამ მოდით, ეს საუბარი ერევანში გავაგრძელოთ. ქართველებმა ჩვენი მოპატიჟება მიიღეს.
.....
თბილისში დადებული პირობის შესასრულებლად ქართველოლოგიის კათედრაზე მივედი. ვიწრო ოთახი ულვაშებიან, სათვალიან, დაბალ ხმაზე მოსაუბრე მამაკაცს დაეკავებინა, რომლის არსებობა ჩვენს ფაკულტეტზე აბსოლუტურად შეუმჩნეველი იყო. რაც გასაკვირი არ იყო, ჩვენ გავდიოდით რუსულ ლიტერატურას, ცალკე საგნადაც კი, უკრაინულ ლიტერატურას, მაგრამ ქართულ ლიტერატურას ქართულად არ გავდიოდით. მამაკაცმა იფიქრა, შეცდომით შევედი მის ოთახში, მაგრამ მე გავაქარწყლე მისი ეჭვი – თბილისის უნივერსიტეტში მინდა საბუთების გადმოტანა. გაკვირვებულმა შემომხედა.
– რაში გჭირდება, ნათესავები გყავს?
ავუხსენი, რომ ენის სწავლა მინდოდა, ქართული ლიტერატურის დედნიდან თარგმნა.
– კი მაგრამ, ჩვენ ბევრი საქართველოში მცხოვრები სომეხი გვყავს, – ის ქართველებისთვის დამახასიათებელი მსუბუქი ქართული გამოთქმით ლაპარაკობდა.
– დიახ, გვყავს, მაგრამ ცოტას თარგმნიან, ანდა იმას არ თარგმნიან, რაც საჭიროა.
– მაგალითად, მე ვთარგმნი, მაგრამ დაბეჭდვაც ხომ რთულია! გამომცემლობაში ცოტა ადგილი ეთმობა პრესას. გავარკვევ, რამდენიმე დღეში შემოიარე. პირველი სტუდენტი ვიყავი, ვისაც ქართულის სწავლა უნდოდა. ალბათ, ეს იყო იმის მიზეზი, რომ საბუთების გადმოტანის წესი არ იცოდა.
..........
ქართველები ერევანში აღტკინებულები ჩამოვიდნენ. ელიუტინის განკარგულების შესახებ თბილისში არავინ იცოდა, მაგრამ ვისაც აჩვენეს, ყველა აღშფოთდა. თენგიზმა და მისმა მეგობრებმა სტუდენტების თავმოყრა დაიწყეს, რამდენიმე ცნობილმა მეცნიერმა მეცნიერებათა აკადემიის სხდომის მოსაწვევად პეტიცია წამოიწყო.
საქმეებზე ლაპარაკის პარალელურად სტუმრებს ქალაქი დავათვალიერებინეთ. ლენინის მოედანი, კინო „როსია“, რომელსაც მე «подонок city»-ს ვეძახდი, ჯგუფებად მდგარი „ყვავების გამო“ – ავუხსენი ჩვენს ქართველებს, გაიცინეს, თორგომმა კი ალმაცერად შემომხედა, რაებს ლაპარაკობო.
აღარ ვიცოდით, სხვაგან სად წაგვეყვანა. „კასკადი“ დაუმთავრებელი იყო, წიწერნაკაბერდში ხეებს ჩეხავდნენ – რაღაც დიდ სპორტულ-საესტრადო კომპლექსს აშენებდნენ, ხალხი აღშფოთებული იყო, გენოციდის ძეგლთან საესტრადო კონცერტები და შეჯიბრებები რომ უნდა გამართულიყო. ჩვენს საბაგიროს ლამაზ ადგილზე არ მივყავდით, ხოლო ქალაქის პანორამა ოკრობოკრო საკუთარი სახლები იყო.
სეირნობა დავასრულეთ უნივერსიტეტით, ოპერით და ახალაშენებული ახალგაზრდული პალატით - „მოკბეჩილი სიმინდით“, რომელიც ისედაც თითქმის ყველა მხრიდან ჩანდა. სამწუხაროდ, მასისი არ ჩანდა, დავიფიცეთ, რომ როცა ჩანს, დიდებული სანახაობაა.
ყავის დასალევად შევედით „მე-4 მაღაზიაში“, რომელიც კვირა შუადღეს ცარიელი იყო. წინასწარ არ შევთანხმებულვართ, ჩვენც „გავუმასპინძლდეთ“ თუ არა რომელიმე საინტერესო პიროვნებით, მაგრამ ღირშესანიშნაობების ნაკლებობის გამო დარჩენილი თავისუფალი დრო ხომ უნდა შეგვევსო. სწრაფი ვარიანტები განვიხილეთ სომხურად: ადამიანი, ლორეციანი, მაგრამ ვერც ერთთან ვერ გავბედავდით გაუფრთხილებლად მისვლას ექვსი კაცი. ბოლოს, ზორიკმა ავტომატიდან დაურეკა თოქმაჯიანს, ჟანეტმა არ დაგვაღალატა.
ქართველებს სახეებზე პატივისცემის გაკვირვება გამოესახათ, როცა გაიგეს, რომ ჩვენს ორ ლექტორთან ახლო ურთიერთობა გვქონდა.
ჟანეტი ყავითა და კონიაკით გაგვიმასპინძლდა. ორმხრივი კომპლიმენტების შემდეგ „სომხურ-ქართული ურთიერთობები“ მოულოდნელად დაიძაბა, როცა თენგიზმა თქვა, რომ თბილისელი სომხები მოსკოვის აგენტებივით იქცევიან – შვილები რუსულ სკოლაში შეჰყავთ. თორგომი შეეწინააღმდეგა, ალტერნატივა ქართული სკოლააო – ამ შემთხვევაში ადამიანს არჩევანის უფლება აქვს: გაქართველებასა და გარუსებას შორის. თენგიზი არ ეთანხმებოდა – თბილისში სომხური სკოლებიც არის. ეგენი იხურება და რუსულები იხსნებაო, მან ისურვა, რომ სომხეთში მცხოვრებ პატრიოტ ადამიანებს თავიანთ თანამემამულეებზე ზეგავლენა მოეხდინათ.
– შეიძლება მიზეზი ის არის, რომ ქართველებმა სომხების ასიმილაციის პოლიტიკა „გაატარეს“, – თქვა აღშფოთებულმა თორგომმა. – თორემ ამდენი ქართული გვარით სომეხი საიდან?
– ეს არ არის მიზეზი, ეს საბაბია, დაე, იბრძოლონ ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, – გააპროტესტა ზორიკმა.
– მებრძოლებიც იყვნენ, მაგრამ როცა ზეწოლა ათწლეულები გრძელდება, ბევრი ვერ უძლებს.
– არა უშავს, ვიგენი თბილისში რომ ჩამოვა, ყველა წინააღმდეგობა მოგვარდება, – ანზორმა მხარეების შერიგება სცადა.
– სომხური ლიტერატურის ელჩი საქართველოში – გაიხუმრა თოქმაჯიანმა.
– სომხეთის რესპუბლიკის ელჩი უკეთესი იქნებოდა... მაგრამ ჩვენ მაგ დღეს ვერ მოვესწრებით, – ხელი მუხლზე დაირტყა ზორიკმა.
– ამხანაგმა ელჩმა უკვე მიმართა ჩვენს უნივერსიტეტში გადმოსვლის თაობაზე? – ეშმაკურად გაიღიმა ანზორმა.
– დიახ, მივმართე... უფრო სწორად, დავინტერესდი ქართული ლიტერატურის კათედრაზე. ამ დღეებში მიპასუხებენ.
...........
სადგურზე შევთანხმდით, რომ ერთმანეთს ხშირად დავურეკავდით, ახალ ამბებს შევატყობინებდით... უფრო სწორად, ჩვენ უნდა დაგვერეკა ფოსტიდან – ქართველები თბილისელები იყვნენ, ტელეფონები ჰქონდათ, ჩვენგან განსხვავებით.
...........
მე ისევ მივედი ქართველოლოგიის კათედრაზე. ტკბილმოუბარმა ლაბორანტმა სინანული გამოხატა ჩემს დაგვიანებულ მისვლასთან დაკავშირებით. თუმცა... რა მნიშვნელობა აქვს, პასუხი დადებითი არ იყო. ერთადერთი ვარიანტი ქართულის დამოუკიდებლად სწავლა იყო... და ქართველებთან ერთად ჩაბარება – შეუძლებელი რამ. ანდა... რუსულ ფილოლოგიურზე გადასვლა.
........
23 აპრილს, 5 საათზე ერევნის ავტოსადგურზე ჩამოვედით და 46 ნომრით ოპერასთან მივედით... არარატში ერთად ვიმსჯელეთ და სანდო ადამიანების ჩართვა გადავწყვიტეთ, 24-ში დილას შევიკრიბეთ „მეგობრობის ხელები“ ქანდაკებასთან „ფლორას“ პარკში, რადგან უნივერსიტეტში, სადაც კაგებე დაგველოდებოდა, შესაფერის დროს ვაპირებდით მისვლას, რომელ მსვლელობასაც ჩვენს დემონსტრაციად გადავაქცევდით.
.........
ტერიანზე შევუხვიეთ, ისაჰაკიანის გზაჯვარედინამდე ავედით, უცებ ჩვენ გვერდით ხმაურიანად გაჩერდა შავი „ოცდაოთხი“, სამნი გადმოცვივდნენ, ორიც საიდანღაც გაჩნდა. კოსტუმიან-ჰალსტუხიანმა თვალში მთხარა გაშლილი მოწმობა:
– სახელმწიფო უსაფრთხოება!
წამებში მკლავში ხელი ჩამავლო და მანქანისკენ მიბიძგა. მე, ზორიკი და ვარუჟი უკანა სკამზე აღმოვჩნდით. მათგან ორი ჩაეკვეხა ორივე მხრიდან, ერთი კი წინ დაჯდა. მანქანა დაიძრა ადგილიდან. ჩვენ ისე ვცდილობდით დაჯდომას, ერთმანეთი რომ არ გაგვეჭყლიტა, მაგრამ მკვეთრი შესახვევების დროს ისევ ერთმანეთს ვასკდებოდით. თუმცა მთელი ეს აურზაური რამდენიმე წუთს გაგრძელდა: მანქანა კაგებეს შენობის რკინის კარებთან გაჩერდა, რომელიც სწრაფად გაიხსნა. ყველანი მეორე სართულზე აგვიყვანეს... მე გამიხარდა, ქვევით რომ არ ჩაგვიყვანეს ავადსახსენებელ „კაგებეს სარდაფში“, სადაც უამრავი ადამიანი აწამეს და დახვრიტეს. 1937 წელს... მანამდე, შემდეგ. მეორე სართულზე ერთმანეთს დაგვაშორეს.
.............
მე და ზორიკი უნივერსიტეტში კონსულტაციაზე ვიყავით, როცა დეკანატის მდივანმა სოფიკმა, ძალიან გაკვირვებულმა გადმოგვცა, რომ ავადმყოფი ადამიანი თავის სახლში გვიბარებდა.
დაუყოვნებლივ მივედით. ადამიანი თავის ჩვეულ ადგილას იჯდა, სავარძელში და გაუკვირდა, არაყი რომ არ მივიტანეთ: თქვე საწყლებო, ნუთუ გგონიათ, შემიძლია, იმდენად ავად ვიყო, რომ არ დავლიო? მე გამაგზავნა, მაცივრიდან ერთი ლიმონათის ბოთლი მოვიტანე, რომელშიც თეთრი სითხე იყო.
– შაბათი პარასკევზე ადრე დადგა. ღირდა ამის ვისკით აღნიშვნა, მაგრამ ნახევარი წელია, არ მაქვს, ჩემს დიასპორელ სომეხ სტუდენტებს კიდევ არ მოაქვთ... ფულს მოგცემთ-თქო ვეუბნები და ჩამომიტანეთ: „არა, ვერ გამოგართმევთ“, თუ „ვერ გამომართმევთ“, ძმაო, შენი ფულით ჩამომიტანე. მაგრამ სადაა?
ლიმონათის ბოთლში 96 პროცენტიანი სამედიცინო სპირტი იყო, დალევის წესი აგვიხსნა. ჩვენ ღრმად ჩავისუნთქეთ, ერთი გადაკვრით დავლიეთ, ამოვისუნთქეთ, წყალი მივაყოლეთ. ლაპარაკის უნარი რომ დაგვიბრუნდა, ადამიანმა თქვა, რომ მართლაც ცოტა გაციებულია, მაგრამ „შეთქმულების წესების დაცვის გარეშე“ დაგვიბარა, რათა ეუწყებინა – მოსკოვმა გადადო უმაღლესებში სპეციალობის საგნების რუსულად გავლის გადაწყვეტილების განხორციელება.
მე და ზორიკი წამოვხტით და ცეკვა-თამაში დავიწყეთ.
ადამიანმა ერთი ჭიქაც დაგვალევინა, მერე ახალ ამბებს მოგვიყვა, „ძალიან გავლენიანი წყაროსგან“ მიღებულს.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში სხდომა გაიმართა – მოსკოვისთვის უნივერსიტეტების რუსიზაციის შეჩერების თხოვნის მიმართვით. ამათთვის მოულოდნელობა იყო, რომ განკარგულება „ეროვნულ რესპუბლიკებში“ ცნობილი იყო, როგორც ისინი უწოდებდნენ სსრკ-ის არასლავურ რესპუბლიკებს. ცოტა ხანში კაგებემ დაგვიჭირა. კრემლი საგონებელში ვარდება, თუ ახლა უკვე არის წინააღმდეგობა, რა მოხდება, თუ ბრძანება განხორციელდება?
– გაგიმარჯოთ! თქვენ სომხეთში უნივერსიტეტის აღებით რევოლუცია არ მოახდინეთ, მაგრამ თქვენმა პატიოსანმა აჯანყებამ გაანეიტრალა კრემლის შეთქმულება ერების ასიმილაციის ახალ ფაზაში შესვლის შესახებ. კონსტანტინეპოლელები იტყოდნენ: ძმარი მათ მადას! – წინაპრების გამოთქმა გაიხსენა ადამიანმა.
– საინტერესოა, ჩვენი მეგობრები თბილისში რა მდგომარეობაში არიან – ვთქვი მე.
– ქართველი აკადემიკოსების წერილი თუ გაითვალისწინეს, ბიჭებს არ შეეხებოდნენ, – ივარაუდა ზორიკმა.
– შესაძლოა, კაგებემ გაგათავისუფლა, რადგან წერილმა მოსკოვი დააბნია.
– ესე იგი, ჩვენი საკითხის გადასაჭრელად აქაურმა კაგებემ მოსკოვს დაურეკა, რომ გაერკვია, ჩვენი საკითხი როგორ გადაეჭრა? – ვიკითხე მე.
– ბავშვო! იმ საღამოს სატელეფონო ხაზები გადაიწვა, სტუდენტები ამ ბამბისკედლებიან დიქტატურაში ყოველდღე დემონსტრაციებს არ ატარებენ. თქვენ ჯერ საქმე გაქვთ გასაკეთებელი, უნდა გამოავლინოთ თქვენში შემოცეცებული მოღალატეები, მაგრამ დროებით... Carpe diem! დაიჭირეთ წამი! ისიამოვნეთ გამარჯვების სიხარულით დღეს! ნუ უღალატებთ საკუთარ თავს! – დიდ ფლორენციელ დანტეს ეს უდიდეს ცოდვად მიაჩნდა.
სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა