ჩალისფერი აბრეშუმის მეფე


ჩალისფერი აბრეშუმის მეფე




ორელია ლასაკი 1983 წელს დაიბადა. იგი ორენოვანი პოეტია, წერს ფრანგულად და ოქსიტანურად, რომელიც შუა საუკუნეების ტრუბადურების ენაა და ამჟამად გაქრობის პირას არის. ორელია დაინტერესებულია ხელოვნების სხვადასხვა ფორმებს შორის კავშირით და ხშირად თანამშრომლობს ვიზუალურ არტისტებთან, ვიდეორეჟისორებთან, მოცეკვავეებთან და განსაკუთრებით, მუსიკოსებთან. მისი წიგნები 12-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. იგი პოეტურ პერფორმანსებს მუსიკის თანხლებით წარადგენს ევროპაში, ამერიკაში, აფრიკაში, ინდონეზიაში, ინდოეთში და ჩინეთში. როგორც ენობრივი მრავალფეროვნების დამცველი, ორელია ლასაკი კონსულტანტია საფრანგეთის, იტალიის და აფრიკის ფესტივალებზე. როგორც სცენარისტი, თანამშრომლობს რეჟისორ ჯუზეპე სკილაჩისთან. მათი ერთობლივი მოკლემეტრაჟიანი პოეტური ფილმი „ტრანსჰუმანსი“ 2019 წელს წარდგენილი იყო ვენეციის 76-ე კინოფესტივალზე. 2021 წლის ოქტომბერში, ორელია ლასაკი მონაწილეობდა თბილისის მე-6 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში.

 

ფოტო © რაფაელ ლუკა

Photo © Raphaël Lucas

 

კრებულიდან "რომ იმღერონ სალამანდრებმა" © გამომცემლობა ბრიუნო დუსე, 2013. ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

 

Aurélia Lassaque, Du recueil Pour que chantent les salamandres © Éditions Bruno Doucey, 2013. Traduit du français par Boris Bachana Chabradzé

 

 

ფანტაზია

 

ცივა ჩემს სულში -

ეს რომანტიკული და მოძველებულია.

მე,

საბერძნეთში, გემზე ავიდოდი.

სანტორინიში,

ვირზე შემჯდარი,

ზღვამდე ჩავიდოდი.

ლამპარს

ზეთისხილის ტოტზე დავკიდებდი.

და თეთრ ქვის სახლში

შევიყვარებდი ცოდვილ სულებს და

განკვეთილ ბერებს.

 

 

ჩალისფერი აბრეშუმის მეფე

 

ჩიტებს ატყუებს და ნიავქარს ეთამაშება.

აღმართულს ველურ ბალახებში,

დაუკარგავს ორივე თვალი -

ჯარისკაცის ქურთუკიდან ჩუმად აცლილი.

მოვიდა სამი ყმაწვილი და

შიგნეული გამოუყარა,

რომ ამოეღოთ მასში ცუდად ჩასმული გოგო.

 

ჩალისფერი აბრეშუმის სხეულის გარეშე დარჩენილი

საფრთხობელა

სიზმრებს ხედავს ისე თავგასულს,

რომ ირგვლივ, თავგზა აებნათ ჩიტებს.

 

 

მისი თბილი და მუქი კანი…

 

მისი თბილი და მუქი კანი

ზაფხულის ღამესავით

იწელება და მახეში აბამს განთიადს,

როცა მისი გარეული ფაშატის ტანი

ისევ იშლება

და ფეხების სიღრმეში აქსოვს

ფრინველებზე მონადირის ნამდვილ სამოთხეს.

 

 

შესვა დედის რძე...

 

შესვა დედის რძე,

ჭამა ცოლის ხორცი და ხრტილი

და ცეცხლს მისცა შვილების ტვინი,

მაგრამ მიზეზი მარტოობის ვერ გაუგია.

წვიმას სვამს მისი სამყოფელი,

ლოდებს ნთქავს მისი ნიადაგი.

და რჩება მეფედ იმ ზღაპრიდან, თავად რომ ჰყვება.

ეს არის ქვეყნად ურჩხულების პრივილეგია.

 

 

მზებუდობის ჟამს...

 

მზებუდობის ჟამს,

ხედ გადაცმული ადამიანები

განტოტებებში

იტყუებენ უსახო ჩიტებს.

 

მაწანწალა რუ

ნაპირისკენ მიალივლივებს

მოგონებებს გარდასულ თოვლზე.

 

ჩემს უღრან ტყეში, მწველი ზაფხულის

პირველივე დღეს ეფაკლებათ ხეებს ღაწვები.

 

ქალაქელები

ამბობენ, რომ ეს არის ჟანგი

და რომ ის იაპონიიდან მოდის უთუოდ.

 

მაგრამ მათ არც კი გაუგიათ,

რომ ხეები ამ კანიონის,

საიდუმლოდ გადგმული ფესვით,

შემოხვევიან ცოცხალ ლოდებს,

მეოცნებეებს

იმ დღეზე, როცა ქარი და წვიმა

შიშვლებს მოუსწრებთ თიხა-ტალახში,

მზებუდობის ჟამს.

 

 

და უკან ნუ მოიხედავ

 

შენ ღამეული სამყაროსკენ აიღე გეზი.

იქ უდაბნო გაყინულია

და ვარსკვლავებს მოუწყენიათ.

დაიკაპიწე მკლავები და თხრას შეუდექი,

მტვერი იქნება შენი პური,

ჩვენი ცრემლებით მოიკლავ წყურვილს.

წადი და უკან ნუ მოიხედავ.

და თუ მოგესმა ქვათა ღაღადი,

ეს მიგანიშნებს, რომ შენს სახელს ტვიფრავენ მათზე.

 

 

ორფეოსის ოცნება

 

ქვესკნელში, სადაც ადამიანები

აჩრდილები არიან მხოლოდ,

მე შენს სხეულში მყოფ აჩრდილად გადავიქცევი.

 

ქვიშის ქალაქებს ავაშენებ, რომ სამუდამოდ

დაშრეს მდინარე, საიდანაც არ ბრუნდებიან.

 

ვიცეკვებთ ჩვენი თვალებისთვის უხილავ კოშკზე.

 

ვიქნები შენი მოჭრილი ენა, ტყუილის თქმა რომ არ შეუძლია.

 

და შევაჩვენებთ ამ სიყვარულს, ჩვენ რომ დაგვღუპა.

 

 

ევრიდიკეს ოცნება

 

ჩვენ ახალ ხნულებს გავიყვანთ და ფერფლით დავფარავთ.

ჩვენ ვნახავთ, როგორ კვდება ქარი უხსოვარ დროთა.

ჯიბეში ჩემზე ღატაკისთვის აწაპნილი ვაშლი მედება.

ჩვენ მას გავთლით ჩვენი დაშნებით.

და ოცნებების ნარჩენებისგან

ახალ ოცნებებს ავაშენებთ

ხანძრებისა და

ჩვენი მზერის მიჯნათა მიღმა.

 

 

როგორც ბაღი მიტოვებული

 

Შენი კანი

როგორც ბაღი მიტოვებული

ბევრ ყვავილს იტევს.

 

შენ ამბობ - მიყვარს შენი გრძელი თმა -

 

ხელში გიჭირავს

გასაღები უცნობი სახლის,

შენს წინაპრებს რომ ეკუთვნოდა.

 

შენ ამბობ, რომ დარაბებმა ფერი დაკარგეს,

როგორც კუებმა, რომლებითაც სავსეა ეს ზღვა.

 

შენ გაახილე თვალი

ჩემს მხარზე.

 

ლოცვის ჟამს,

ჩიტი გამოვსახეთ

ხელების ჩრდილით.

 

შენ მიყვებოდი იმ ხეებზე,

მთვარის შუქზე

ფოთლებს რომ შლიან.

 

და არ გისმენდი.

ვეღარ ვხედავდი უკვე შენს ხელებს,

რომლებიც მალე,

და ჩემგან შორს, გამოაღებდნენ

მდინარის პირას მდგარი სახლის

ფერმკრთალ დარაბებს,

მდინარისა, რომლის სახელი არასდროს გითქვამს.

 

 

რესიფი

 

ქალაქი სუნთქვას იკავებს.

 

ბავშვები, მბზინავი სხეულით,

რიფიდან ეშვებიან

და ბაყაყის ხმებს გამოსცემენ.

 

ზღვისპირა ქარი

რახარუხით ფანტავს ასფალტზე

რკინის ნარჩენებს.

 

კატები მსხვერპლს თავს ანებებენ

და მირბიან სანაპიროსკენ.

 

ღამეა სავსე მთვარის,

ღამე ქვიშაში სისხლის,

ღამე, რომელსაც არაფერი დაავიწყდება,

ღამე, რომელშიც ტაძრის წიაღში ჩაძირულან იდუმალი ავაზაკები,

ღამე, რომელშიც შეყვარებულს ნანობენ დედები,

ღამე, პირზე რომ ხელს იფარებს და თვალს არ ხუჭავს,

ღამე ჰაერში მდგარი მაგიდის,

ღამე დაცლილი არენების,

ღამე კრუზ დო პატრაოს ყელის,

სადაც მთვარის ქვეშ ბრწყინავს აფრიკის

შვილთა უმანკო თავის ქალები.

 

 

კრიმინალი

 

დარაბა

კედელს ეხლებოდა,

ის მარტო იყო

სახლში,

მკვდარს უთენებდა

თავის ოთახში.

მარტო იყო

თავის შიშთან

და იატაკზე მიმოფანტულ

სათამაშოებთან.

გაიფიქრა,

რომ დილამდე უდარაჯებდა

და მერე საფლავს გაუთხრიდა

და დამარხავდა

ხვლიკს,

სიცოცხლეს რომ გამოასალმა.

 

 

აპოკალიფსი

 

ცა იმ ღამეს

მთვარეს ყლაპავდა.

კაცი ცოლის სხეულს

ყვარობდა.

ბავშვი კედელთან

ბურთს თამაშობდა.

მხოლოდ მოხუცი ქალი

და ძაღლი

ხვდებოდნენ

რომ

დასასრული ახლოვდებოდა.

 

მათ ბაგეს სიტყვა არ დასცდენია.

 

 

დრო გაქრა...

 

დრო გაქრა

ზეცის ბილიკებში,

სადაც ნორჩი გოგონას სახე,

უსხეულო ფრინველივით,

გაფრენას ლამობს.

მისი თვალებიდან შავი მარგალიტი

მიქრის იკაროსის ცისკენ.

იგი შვილია არარასი,

ვინც დაუტოვა მემკვიდრეობად

ტუჩზე

უმთვარო ღამის ნაგლეჯი.

მიწას არასდროს შეეხება,

ქვას არასდროს მიეკარება,

არც ხეებს,

არც წყალს, ამ ხეებს რომ აფორიაქებს.

მან იქორწინა ქიმერაზე,

რომელიც ქარში გაუჩინარდა.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE