იორნ ბირკჰოლცი - თანამედროვე გერმანელი მწერალი, მუსიკოსი და ვიზუალური არტის წარმომადგენელია. ლიტერატურის კრიტიკოსები მის პროზას ხშირად ხოლმე ჩარლზ ბუკოვსკის პროზას ადარებენ, ხოლო დადაისტური, რეალისტურ-სიურრეალისტური ლექსებით ის მკითხველში მკაცრი და მამხილებელი ავტორის შთაბეჭდილებას ტოვებს. იორნი, როგორც მუსიკოსი, მუშაობს პანკ როკის ჟანრში. არაერთი პროზაული კრებულის, ასევე მუსიკალური ალბომის ავტორია. აკეთებს ფოტოკოლაჟებს და სხვა ჟანრის ვიზუალურ ხელოვნებას, მართავს პერსონალურ გამოფენებს, აწყობს ლიტერატურულ საღამოებს. ის 49 წლისაა, დაიბადა გერმანიაში, დაამთავრა ბრემენის უნივერსიტეტის ისტორიისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტები.
მატარებელი მატარებლისა წილ
„ყოველდღე ერთი და იგივე საზიზღრობა!“ - ილანძღებოდა გლოგოვსკის გვერდით მდგომი ჩასუქებული ქალი.
ის კი თანხმობის ნიშნად იღიმოდა და ტაბლოს ორივე ერთდროულად მისჩერებოდა. ICE (ჩქარი საქალაქთაშორისო მატარებელი) მიუნხენის მიმართულებით უკვე 22 წუთით აგვიანებდა. თავდაპირველად ათწუთიანი შეფერხება გამოცხადდა, მერე ოცამდე გაიზარდა და ახლაღა გახდა ცნობილი, მატარებელი ბრემენში 45 წუთის დაგვიანებით ჩამოდგებოდა.
ბაქანი ნელ-ნელა ივსებოდა, გლოგოვსკი აკვირდებოდა შეშინებულ, დაბნეულ და მოუთმენელ სახეებს. ცივი ქარი უბერავდა, მგზავრებს კი შენობის გარეთ, მეათე ბაქანზე, სიცივეში უწევდათ მოცდა.
ორი ასაკში შესული მამაკაცი მარცხნივ მდგომთან ხმამაღლა საუბრობდა და შიგადაშიგ იცინოდა. ეტყობოდათ, რომ შექმნილ სიტუაციას იუმორით უდგებოდნენ.
ვაგზლის ცნობათა ბიურომ ახალი ინფორმაცია გაავრცელა:
ICE 1139 მიუნხენის მიმართულებით უბედური შემთხვევის გამო დაახლოებით 50 წუთით იგვიანებს. მატარებელი ბრემენში, სავარაუდოდ, დაგეგმილი 17:21-ის ნაცვლად 18:11 საათზე იქნება.
უბედური შემთხვევა - გლოგოვსკიმ კარგად იცოდა, რომ ეს ლიანდაგზე სუიციდს ნიშნავდა. ბოლო დროს ეს უფრო ხშირად ხდებოდა. რას ვიზამთ, ნაღდია, როცა გადაწყვეტილი გაქვს, აქაურობას მოშორდე, გაიფიქრა მან.
გლოგოვსკის მსუბუქი „ქეისი“ უდიერად ეჭირა ხელში. მგზავრების უმეტესობას ჩემოდნები უკვე კარგა ხნის წინ ჩამოედოთ ბაქანზე, ისინი გვერდიგვერდ იდგნენ, რაღაცას ჭამდნენ, თან პლანშეტსა და აიფონს სქროლავდნენ და დაბოღმილი იმზირებოდნენ. გლოგოვსკის ამჯერადაც თავისი გარდერობიდან საუკეთესო სამოსი აერჩია: შავი კოსტიუმი, შავი ტყავის ხელთათმანი და თბილი პალტო. თმები მარცხნივ გადაევარცხნა. მის გვერდით მდგომი ქალი მობილურით საუბროდა: „კი, ისევ იგვიანებს, ამ თვეში უკვე მესამედ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაიასთან შევხვდებით, მე მალე შემოგიერთდებით“. გლოგოვსკის მისი მოსმენა მოჰბეზრდა და ბაქანს აუყვ-ჩაუყვა. ამასობაში მზემ გამოაჭყიტა. ის გაჩერდა, მზეს სახე მიუშვირა, თვალები დახუჭა და ვაგზლის ხმაურს დაუგდო ყური. ბავშვი აყვირდა, მერე ატირდა. გლოგოვსკიმ თვალები გაახილა. დედა ბავშვს გაუწყრა, ბავშვი კი უფრო მაღალ ხმაზე აყვირდა. ქალმა პატარას ხელში რაღაც მიაჩეჩა, სავარაუდოდ, ორცხობილა ან სმარტფონი; გლოგოვკის შორიდან გარჩევა უჭირდა.
გვერდით მდგომმა მამაკაცმა მთელი ძალით ცხვირი მოიხოცა.
„უკვე მესამედ ამ თვეში“, ჩაილაპარაკა გლოგოვსკიმ.
„ბატონო?“ - ჰკითხა მამაკაცმა.
„მესამედ ამ თვეში... გუშინწინ ფრანკფურტში თითქმის ორი საათი მომიწია ლოდინი გაფუჭებული ელექტროგადამცემის გამო“.
„ჰო, საშინელებაა“.
„ასეა, რკინიგზისგან ამას მიჩვეული ვართ“.
„დიახ, დიახ“, ჩაიბურდღუნა კაცმა და გაჩუმდა. გლოგოვსკიც დადუმდა და იდგა ასე ცოტა ხანი უცნობი მამაკაცის გვერდით. შემდეგ ისევ ბაქანს ჩაუყვა და ერთი ლამაზი, 30 წლამდე ქალის გვერდით გაჩერდა.
„თქვენც მიუნხენისკენ გაგიწევიათ?“, იკითხა გლოგოვსკიმ.
ქალმა მას სკეპტიკურად შეხედა და თავი დაუკრა.
„იმედია, უფრო მეტად აღარ დაიგვიანებს“, ღიმილით თქვა გლოგოვსკიმ.
ქალმა ცრუდ გაუღიმა, თავიც ოდნავ დაუკრა და მისგან შეუმჩნეველი დისტანცია დაიჭირა.
ვაგზლის საინფორმაციო ბიუროს განცხადება:
ბაქანი ათი: ფრთხილად, ICE 1139 მიუნხენის მიმართულებით შემოდის ლიანდაგზე.
მატარებელი ჩამოდგა. იქ მსხდომი მგზავრები მოუთმენლად ელოდნენ ავტომატურად ჩარაზული კარის გაღებას და იქიდან გადმოსვლას. ბაქანზე მდგომნი კი - ასევე მოუთმენლად შიგ შესვლას. უკმაყოფილო, დაღრეჯილი სახეები ორივე მხარეს. აქ გლოგოვსკიმ უკან დაიხია და მოქმედებას გვერდიდან აკვირდებოდა. ქალი, რომელმაც მას თავი ოდნავ დაუკრა, პირველი ცდილობდა შეღწევას მატარებელში მძიმე ჩემოდნებით. გლოგოვსკიმ მალევე მიატოვა ბაქანი და შემდეგ ვაგზალი. შენობის წინ გაჩერებულ ტრამვაიში ავიდა და სახლამდე უბილეთოდ იმგზავრა.
მისი ერთოთახიანი ბინა უსიამოვნო ჰაერით იყო გაჟღენთილი, გლოგოვსკის ფანჯრის გამოღება და განიავება დავიწყნოდა. მოეჩვენა, რომ სახლში მოხუცი კაცის სუნი იდგა. არადა, ის სულ 57 წლის იყო. სარკმელი გამოაღო და ქვემოთ გადაიხედა. ბავშვები რაღაცაზე ჩხუბობდნენ. ცოტა ხანში სარკმელი დახურა, კოსტიუმი გაიხადა, ფეხსაცმელი და ცარიელი ჩანთა სათუთად შეინახა კარადაში. შემდეგ კი სპორტული კოსტიუმი ჩაიცვა და ლოგინზე წამოწვა. იქვე კომოდზე დადებულ ცოლის სურათს შეხედა. გული დაუმძიმდა, როგორც ყოველთვის, როცა კი მის ფოტოს აკვირდებოდა. თვალები დახუჭა. გარეთ ბავშვები უცხო ენაზე ყვიროდნენ, რომელიც მას არ ესმოდა.
დღეს უფრო შეაგვიანდა, ვიდრე სხვა დროს. ის კვლავ ადამიანებს შორის იმყოფებოდა. ფანჯარა თუ გამოაღო, სანამ სახლიდან გამოვიდა? იმედია. ის ვაგზლის დარბაზში ტაბლოს მისჩერებოდა. ICE 2032 ლაიფციგის მიმართულებით მეოთხე ბაქანზე ოცდაათი წუთით აგვიანებდა. თავისი ხელჩანთით მეოთხე ბაქნისკენ გაემართა.
გერმანულიდან თარგმნა ეფემია ტატიშვილმა