ჩემი დეპორტაცია


ჩემი დეპორტაცია




ოსმან არიფმემეტოვი - 1985 წელს დაბადებული ჟურნალისტი, მწერალი, მათემატიკისა და ინფორმატიკის მასწავლებელი, რომელმაც „ყირიმული სოლიდარობის“ სხვა აქტივისტებთან ერთად ერთ-ერთმა პირველმა ამხილა რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან დაპატიმრებები, მოსმენები, ჩხრეკები და სხვა უკანონო ქმედებები უკრაინაში მცხოვრები ყირიმელი თათრების ეროვნული მოძრაობის მიმართ. ოსმანი ამის გამო რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 2019 წლის 27 მარტს სხვა 23 აქტივისტთან ერთად დააკავა და ტერორიზმში დაადანაშაულა. არიფმეტოვმა მკითხველს ამ ყველაფრის შესახებ დაწვრილებით მოუთხრო ციხეში დაწერილ თავის დოკუმენტურ მოთხრობაში, „ჩემი დეპორტაცია“. ამ ტექსტს, რომელსაც უკვე არაერთი ჯილდო და პრიზი აქვს აღებული, „ახალი საუნჯის“ მკითხველსაც ვთავაზობთ.

 

ჩემი დეპორტაცია

(დაწერილია დაკავებულთა იზოლატორში)

დონის როსტოვის დაკავებულთა იზოლატორიდან

 

- არ გაინძრე! - თავი ავწიე თუ არა, შავნიღბიანი ადამიანები დავინახე, რომლებიც წეროებივით ჩამწკრივებულიყვნენ „მაკდონალდსის” შემოსასვლელთან. პირველი, რაც გავიფიქრე – „ეს რაღაც სპექტაკლი ხომ არაა?”. თუმცაღა, ეს აზრი მალევე გადამავიწყდა. ჩვენკენ მომართულმა პისტოლეტმა, რომელიც მწკრივის სათავეში მდგომ კაცს ეჭირა, და მისმა გადმოკარკლულმა, ჩასისხლიანებულმა თვალებმა მიმახვედრა, რომ ეს დაძახილი ჩვენ გვეკუთვნოდა. შემდეგი, რაც თავში მომივიდა, ესაა - „ეს რაღაც ხუმრობა ხომ არაა”. ჩვენ კუთხეში მაგიდასთან, შემოსასვლელისგან მოშორებით ვისხედით, მაგრამ „ბოევიკები” უცებ მოგვიახლოვდნენ. ალყაში მოგვაქციეს. ვიღაც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა კაცმა დოკუმენტები მომთხოვა. მე რუსეთის ფედერაციის პასპორტი მივაწოდე. ამ კაცმა გვარი ამოიკითხა და თავისიანებს უთხრა: „ესენი არიან. კაი, წავიყვანოთ”. სანამ ბორკილებს მადებდნენ, შევამჩნიე, როგორ სცადა „მაკდონალდსის” გაოგნებულმა ადმინისტრატორმა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ კაცთან დალაპარაკება, მან კი სახე მოარიდა და თავიდან მოიშორა. ჩვენ მიკროავტობუსში ჩაგვსვეს და რიგებს შორის მუხლებზე დაგვაყენეს, ისე, რომ შუბლით იატაკს შევხებოდით. სანამ მიკროავტობუსი მიდიოდა, ხელკეტებით გვცემდნენ, ჩვენს ზურგებზე დააბიჯებდნენ და ჯიბეებს გვიჩხკრეკდნენ. ჩემი ჩანთაც ამოატრიალეს და საგზაო სალოცავი ხალიჩა მიპოვეს. ერთ-ერთმა გახსნა და მეორეს მიუბრუნდა: „შეხე, აქ რაღაც დროშაა”. და უცებ მე მომმართა - „ეს რაღაა?! დროშა?!”. მე ვუპასუხე, რომ ეს საგზაო ხალიჩაა. მერე მაჯიდან საათი მომხსნეს. ამ ყველაფერს გინებებისა და სხვა შეურაცხმყოფელი კომენტარების პარალელურად აკეთებდნენ. ავტობუსი რომ გაჩერდა, დავინახე, რომ მოასფალტებულ მოედანზე ვიყავით, გარშემო ხეების მწკრივი იყო. გავიფიქრე: „მორჩა, ახლა კი დაკარგულები ვართ1”. მთელი ამ დროის განმავლობაში ხელები ზურგს უკან ბორკილებით მქონდა დაფიქსირებული. მიკროავტობუსიდან გადმოგვყარეს და მიწაზე ხოხვით წაგვათრიეს. რაღაც მომენტში ხელბორკილებში ჩაგვავლეს და მძიმე ბათინკიანი ფეხები გვირტყეს. მერე სახით ასფალტზე მიგვასრისეს და ახლა ზურგზე გვირტყეს ხელკეტები. ხელკეტის წვერი კისერზეც კი მომხვდა. ძალით აგვათრიეს უკან, მიკროავტობუსში. რაღაც დროში ძალოვნების სხვა ჯგუფი მოვიდა. მათ მიკროავტობუსისაკენ შეტრიალება გვიბრძანეს და ხელბორკილები მოგვხსნეს. ამ მომენტში ცუდად გავხდი - თითქოს რაღაც ძალა ქვემოთ მექაჩებოდა. გონება დავკარგე. ნიშადურის სპირტის მძაფრმა სუნმა გონზე მომიყვანა. ძალოვნების მეორე ჯგუფის უფროსმა პირველის უფროსს ჰკითხა: „რას აპირებთ? ვერ ხედავთ, რა დღეშია. ისევ გაითიშება”, პირველი ჯგუფის უფროსმა კი უპასუხა: „ათი წელი რო ელის, იმიტომაა ეგრე”.

კიდევ რამდენჯერმე გადაგვსვეს სხვადასხვა ავტობუსში. სიმფეროპოლისკენ მიმავალ გზაზე ლოცვის უფლება არ მოგვცეს და როცა ვკითხე, მიპასუხეს: „ადგილზე ილოცეთ”. მივხვდი, რომ განწმენდის2 უფლებასაც არ მოგვცემდნენ. როდესაც ბენზინის ასავსებად გაჩერდნენ, რიგრიგობით დაიწყეს გადასვლა საპირფარეშოში, თუმცა ერთი ყოველთვის რჩებოდა, რომ თვალ-ყური ედევნებინა. ისინი, სპრინტერიდან გამოსვლისთანავე ნიღბებს იხსნიდნენ, ერთ მაღაზიაში საჭმელ-სასმელიც იყიდეს. ერთ-ერთმა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ უფროსს ჰკითხა, ამათი საპირფარეშოში გაყვანის საქმე როგორ იქნებაო. იმან უპასუხა - „როგორ უნდა იყოს, ვერ ხედავ, ხელბორკილები ადევთო”. რამდენიმე საათში სიმფეროპოლში ჩავედით. ქალაქში შესვლისას ესკორტმა სიგნალი ჩართო და მოციმციმე ფარები აანთო, გასასვლელს გვითავისუფლებდა. ამ მომენტში გამახსენდა, როგორ მოგვიტაცეს ერთხელ მე და ჩემი ცხრა ნაცნობი ხუთი დღით ზუსტად ასევე. მე შემსვეს, ე.წ. „სტაკანში“3. რაღაც დროით დამტოვეს. ავდექი და წამოვჯექი პატარა სკამზე, რომლის გვერდითაც ჩამოკიდებული თარო მაგიდის როლს ასრულებდა. ზედ კი რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია იდო. ეს დავინახე თუ არა, იმწამსვე 51-ე სტატიაზე გადავშალე, ყურადღებით გავეცანი და დავიმახსოვრე რამდენიმე ფრაზა, მაგალითად: „თქვენ გაქვთ უფლება, არ მისცეთ ჩვენება საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახის წევრების წინააღმდეგ”, ან 48-ე სტატია: „ყველას აქვს ადვოკატის მოთხოვნის უფლება”. ეს ფრაზები რამდენჯერმე გადავიმეორე და კედლებზე წარწერების თვალიერება დავიწყე. ნათელი გახდა, რომ მე არ ვყოფილვარ პირველი მუსლიმი, რომელიც ამ საკანს ეწვია. ერთ-ერთი ფრაზა განსაკუთრებით დამამახსოვრდა: „ოჰ, მუსლიმო, ალაჰი გიყურებს. იცოდე, თავი არ შეირცხვინო მის წინაშე. ალაჰია ჩვენი ზედამხედველი და ეს ჩვენთვის საკმარისია”. ეს სიტყვები რამდენჯერმე გავიმეორე და გავიფიქრე: „დროულად წამიკითხავს ეს ფრაზა. მე აქ იმიტომ კი არ ვარ, რომ რამე დავაშავე, არამედ იმიტომ, რომ მუსლიმი ვარ და ჩემი ღმერთის დავალებით ჩაგრულებს ვეხმარებოდი. რას ვაკეთებდი? ვასაჯაროებდი ძალოვნების თვითნებობებს, ვაფიქსირებდი კანონის დარღვევას სასამართლოებში და დაკავებულთა იზოლატორში გადაყვანას. გამოდის, უდანაშაულო ვარ. ეს ყველაფერი გამოცდაა, რომელიც უზენაესმა მომიწყო და რომელსაც ღირსეულად გავუმკლავდები. ნეტავ ვინ დაწერა ეს სიტყვები? ველი და რემზი სხვა ასეთ საკნებში შეიყვანეს. რაღაც დროის მერე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ოპერატიული გამომძიებელი შემოვიდა კამუფლაჟში გამოწყობილ ნიღბიან კაცთან ერთად.

ვიწრო დერეფანში გამიყვანეს, რომელიც რაღაც სამშენებლო მასალებით იყო ჩახერგილი. სანამ ვეტენებოდით, ნივთებს შორის ვხედავდი, როგორ ფუსფუსებდნენ ვიღაცები, აქეთ-იქით დადიოდნენ და ერთმანეთს გზას ბოდიშებით უთმობდნენ. შევედით კაბინეტში. პირველი, რაც თვალში მომხვდა – ეს იყო ოთახის მარცხენა კუთხეში მაგიდასთან მჯდომი მოკლეთმიანი ქალი. ცენტრში კიდევ ერთი მაგიდა იდგა, რომელზეც, როგორც მერე გავიგე, თითების ანაბეჭდის ამომცნობი სისტემა იდგა, მარჯვენა კედელი კი მთლიანად კარადებით იყო დაფარული. შევედით თუ არა, ჩემი ნიღაბაფარებული თანმხლები განზე დადგა, ოპერმუშაკმა შეკითხვები დამაყარა. მე არ დავიბენი და გადაჭრით მოვახსენე, რომ 51-ე და 48-ე სტატიების თანახმად ჩემს თავს ვუტოვებდი უფლებას, ადვოკატის გარეშე არ მელაპარაკა.

- არ ილაპარაკებ? „ყირიმული სოლიდარობის” ჩანაწერზე ენა არ გაგიჩერებია, ახლა რაღას მიჩუმებულხარ? რაღაცები გქონდა სათქმელი, მიდი, მიდი, პოლიტპატიმრებისა და „ყირიმული სოლიდარობის” შესახებ მომიყევი. ეს ადამიანი ჩემს პასუხებს მიზანმიმართულად აიგნორებდა, ამიტომ კიდევ ერთხელ გავუმეორე: - 51-ე სტატია.

- მერე? თქვი, აბა, რა წერია 51-ე სტატიაში, - პასუხად აქამდე დაზეპირებული ტექსტის ციტატა მოვიყვანე, რის შემდეგაც ოპერმუშაკმა გადაშალა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და ამოიკითხა რაღაც სხვა სტატია, რომლის მიხედვითაც მე დუმილის უფლება არ მქონდა.

- ვფიქრობ, კონსტიტუციის პრიორიტეტი სხვა წესდებებზე ვრცელდება.

- აჰა, აიღე. წაიკითხე ხმამაღლა და გარკვევით, - ოპერმუშაკს დავუჯერე და გამოვართვი კოდექსი.

- იურისტი არა ვარ და ვერ ვიგებ, აქ რა წერია.

- კი, მართალია, გაქვს უფლება, არ მისცე ჩვენება ოჯახის წევრების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ერთი ეს მითხარი, ბეკიროვიც შენი ოჯახის წევრია? - შევატყვე, რომ ოპერმუშაკი ნელ-ნელა ღიზიანდებოდა და ამიტომ გადავწყვიტე, გავჯინიანებულიყავი. - ახლა რაღატო ჩაიგდე ენა მუცელში? დაგველაპარაკები თუ არა?

- უკაცრავად, ეს საუბარია თუ დაკითხვა? თქვენ ვინ ბრძანდებით?

- ოპერმუშაკი.

მოკლეთმიანმა ქალმა ამის საპასუხოდ რაღაც ჩაიბუტბუტა, ოპერმუშაკი მიუბრუნდა და გააჩუმა. მრავალგზის მცდელობის შემდეგ ოპერმუშაკი საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ ჩემგან ვერავითარ ინფორმაციას ვერ მიიღებდა და გინება-გინებით ჩემი „ჭიქაში“ დაბრუნების ბრძანება გასცა. თუმცა, სანამ ესკორტი გამიყვანდა, ოპერმუშაკმა გაგვაჩერა, დამსვა და ჩემ წინ რაღაც გაუგებარი მოწყობილობა მოათავსა. კიდევ კაი ხანი ცდილობდა ჩემს შეშინებას, აჭერდა ღილაკებს და მეუბნებოდა: „ამ აპარატს ხომ ხედავ? ახლა მავთულებს შეგიერთებენ და დენს გაუშვებენ“. მთელი ამ ხნის განმავლობაში თავზე მედგნენ ნიღბიანები, რომლებიც საქმის კეთების ნაცვლად საკუთარ პრივილეგიებს განიხილავდნენ და ცოტა მოგვიანებით ჩემზე „ჯავრსაც იყრიდნენ”. ამ ყველაფერს კი სიცილი და გინებაც ახლდა. როდესაც, როგორც იქნა, „ჭიქაში“ დავბრუნდი, იმწამსვე გავითიშე. გამაღვიძა კი ჩემთვის უკვე ნაცნობმა ოპერმუშაკმა.

- შენ კანონდამცავი ხარ? რუსეთის კონსტიტუციას ხომ იცავ?

- კი.

- ანუ, უნდა გიყვარდეს კონსტიტუცია. ხომ გიყვარს?

- მიყვარს.

- გამოდის, შიგ რაც წერია, ისიც გიყვარს. და როდესაც მოქალაქე კონსტიტუციის მორჩილია, გიხარია კაცს. - პარალელურად 51-ე სტატიაზე გადავშალე.

- კი ბატონო.

- 51-ე სტატია თუ გიყვარს?

- სიმართლე რომ გითხრა, ცოტა არ იყოს, მაღიზიანებს, - გამეღიმა: „როგორ შეიძლება გიყვარდეს რაღაც მთლიანად და იმის ერთი ნაწილი კიდევ გაღიზიანებდეს?”.

- რამდენი წლის ხარ? - მკითხა ოპერმუშაკმა.

- ოცდაცამეტის.

- მე კი ოცდაათის. და უკვე 500-ჯერ მეტი მაქვს გაკეთებული ამ ქვეყნისათვის. შენ რა გამიკეთე?

„სანამ შენ უდანაშაულოებს ციხეში სვამდი, მე ბავშვებს ვასწავლიდი”, - გავიფიქრე. დიდი რამე გენიოსობა არ უნდოდა იმის მიხვედრას, რომ ამასთან მაღალინტელექტუალურ საკითხებზე მსჯელობას აზრი არ ჰქონდა. მალე მეზობელი საკნიდან მეორე ოპერმუშაკი შემოვიდა და კოლეგას გაუჯავრდა: „რა გაყვირებს?”. აქედან მოყოლებული, ისინი ცდილობდნენ „კეთილი და ბოროტი პოლიციელის” თამაშში ჩავები, მაგრამ მე ხმას ცოცხალი თავით არ ვიღებდი და მალევე დამტოვეს. მოგვიანებით ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩემი თითის ანაბეჭდები აიღო და ისევ მარტო დავრჩი.

- ვინაა შენი ადვოკატი?

- ხელშეკრულების თანახმად, ლილია გემეჯი. - ჩემს მოსაუბრეს წარბები აექოჩრა.

- შეთანხმებულები ვართ.

- ლილია გემეჯს ამჟამად არ შეუძლია შენი ადვოკატობა. სხვა კლიენტის საქმეს მოჰკიდა ხელი. ვინმე სხვას მოგიყვანთ.

გამომძიებელ კუპეცკოვის კაბინეტში წამიყვანეს. იქვე დამხვდა ადვოკატი ვოლკოვა.

- ენდობი შენს ადვოკატს? - მკითხა გამომძიებელმა.

- ამ ადამიანს პირველად ვხედავ და როგორ გინდათ, რომ მივენდო? - კუპეცკოვმა გაიღიმა.

- თქვენი შეურაცხყოფა არ მინდოდა, თუ რამეა, არ გეწყინოთ, - მივმართე ადვოკატს.

ვოლკოვამ პირველ რიგში ჩემი ეროვნება იკითხა, შემდეგ კი თარჯიმანი მოითხოვა. ამ უკანასკნელისათვის დღემდე მადლობელი ვარ. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვოლკოვას ესმოდა, რომ ჩემი ეროვნების წარმომადგენელს მთელ ამ გაწამაწიაში რაღაც ნიუანსებმა შეიძლება ხელი შეუშალონ. ვოლკოვას აგრეთვე მოახსენეს, რომ მე 51-ე სტატიის გამოყენებით უარს ვამბობ რაიმე დოკუმენტისთვის ხელის მოწერაზე. ვოლკოვამ გაიგო ეს თუ არა, ჩემთან პრივატული გასაუბრება მოითხოვა და ამის შემდეგ მართლაც ყველამ დატოვა კაბინეტი. მარტო ერთი თანმხლებიღა დარჩა. როგორც ვოლკოვამ ამიხსნა, სხვადასხვა განკარგულების ასლებს ჩემი ხელმოწერის გარეშე არ მაჩვენებდნენ. ამ განკარგულებებში კი ძალიან მნიშვნელოვანი რამეები ეწერა, კერძოდ კი გამომძიებლების მიერ მოძიებული ინფორმაცია და თარიღები. მე აგრეთვე იმის წერილობითი დაფიქსირება მინდოდა, რომ დაკავებისას მე და ჩემი მეგობრები გვცემეს და გაგვძარცვეს. საბოლოოდ ხელმოწერაზე დავთანხმდი, მაგრამ პირობა წავუყენე, რომ კალამს ხელში მანამ არ ავიღებდი, სანამ ყველაფერს ყურადღებით არ წავიკითხავდი. გამომძიებელი მდივანთან ერთად დაბრუნდა კაბინეტში, მას ახალი პირი – ჩემი თარჯიმანი ალიმოვა შემოჰყვა. მე განვაცხადე, რომ ჩემი უფლებების თანახმად თარჯიმნის სერვისის გამოყენება მინდოდა. კუპეცკოვმა გამიღიმა, თითქოს მეკითხებოდა: „ახლა რაღა ცირკს მიწყობ?”, მაგრამ, ვინაიდან ჩემს მოთხოვნაში არაფერი განსაკუთრებული არ იყო, ეს საკითხი რიგით ფორმალობად მიიჩნია და კიდევ ერთხელ გაიღიმა.

თუმცა, რაღა დავმალო და, ნამდვილი ცირკი მოგვიანებით, სასამართლოს დარბაზში გველოდა: ვოლკოვა ცდილობდა რაღაცები აეხსნა, რჩევებს მაძლევდა. კუპეცკოვი ჯერ კიდევ იღიმებოდა, თითქოს ვიღაცამ ეს ღიმილი სახეზე მიაკერაო. მე კი ვკითხულობდი და ვკითხულობდი, ბოლოს კი ხელი მოვაწერე ქაღალდებს. დამნაშავის განაჩენი იმდენად სწრაფად გამომიტანეს, რომ ჩემი ადვოკატი გაოგნებული დარჩა, თუმცა პირადად მე ამას მოველოდი კიდეც. უმეტესობამ ვიცოდით, რომ სასამართლო პროცესი წინასწარ დაწერილ სქემას მიუყვებოდა.

კუპეცკოვი, რომელიც ექსტაზისაგან ჭკუაზე აღარ იყო, საკუთარი სიხარულის დემონსტრირებას არ ერიდებოდა. მე ვცადე მოსამართლისათვის შემეხსენებინა, რომ გამძარცვეს და მცემეს, ჩამოვთვალე მოპარული ნივთები და ხელი მოვაწერე ქაღალდებს.

საიდანღაც ორი ვეებერთელა მოწმე მოიყვანეს.

- თქვენ შემთხვევით იურიდიულიდან ხომ არ ხართ? - ჰკითხა მათ ვოლკოვამ.

- შესაძლოა, - ძუნწად გადმოუგდო ერთ-ერთმა „მოწმემ”. კუპეცკოვმა გამჩხრიკა: ჯიბეები ამომიტრიალა და იქ აღმოჩენილი ფასდაკლების ბარათების თვალიერება დაიწყო, თუმცაღა სახეზე დიდი ინტერესი არ ეტყობოდა. ამ ბარათების გარდა, ძალოვნებმა არაფერი დამიტოვეს და ჩხრეკაც მალე დასრულდა. მოწმეებმა რაღაც ქაღალდებს მოაწერეს ხელი და წავიდნენ, მათ ნაცვლად კი დარბაზში ჩემი ადვოკატი და თარჯიმანი დაბრუნდნენ. მე პანიკაში ჩავვარდი. ვიცოდი, რომ მალე ახლობელთან ზარის უფლებას მომცემდნენ. მე კი, სამწუხაროდ, არცერთი ჩემი ნაცნობის ნომერი არ მახსოვდა. გამომძიებელმა სიამოვნებით მომახსენა, რომ ტელეფონის თხოვების გარდა, ვერაფრით დამეხმარებოდა. სიჩუმე ჩამოვარდა. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. საბედნიეროდ, ალიმოვამ მოიფიქრა, როგორ დამხმარებოდა: „თქვენ დოლინნაიდან ბრძანდებით?”. მე ვუპასუხე, რომ იქ ჩემი მშობლები ცხოვრობენ. აქამდე ალიმოვა ფურცლების შევსებაში მეხმარებოდა და ეტყობა, ჩემი დაბადების ადგილი დაიმახსოვრა. მე ზოგადად ბევრ ყირიმელ თათარს ვიცნობდი, მაგრამ ალიმოვას მიერ ჩამოთვლილთაგან არცერთი არ მეცნო. ყირიმში რამდენიმე დოლლინნაიაა, ამიტომაც დავუზუსტე, რომ ბახჩისარაისკის რაიონიდან ვიყავი. აღმოჩნდა, რომ ალიმოვა სხვა დასახლებიდან იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, არ დავნებდი – ვიცოდი, რომ ყველა თათარი ძმაა. გამახსენდა, რომ როდნიკოვთან ახლოს ჩემი სიმამრი ცხოვრობდა და ალიმოვას ვკითხე, სიმფეროპოლთან მდებარე როდნიკოვში თუ იცნობდა ვინმეს. თარჯიმანმა სიმამრის გვარი მკითხა და რაღაც გასაოცარი დამთხვევის წყალობით აღმოჩნდა, რომ ისიც იცნობდა მას. როგორც იქნა, დარეკვა მოვახერხეთ და შევძელი, რომ ცოლს დავკავშირებოდი.

მე: Selâm Aleyküm (სალამ ალეიკუმ). მე ვარ, ოსმანი. ფსბ-ში ვარ ახლა. არ ვიცი, სად წამიყვანენ. შეიძლება, დაკავებულთა ცენტრში ამოვყო თავი, შეიძლება - სასამართლოში. მშობლებსაც გადაეცი.

ცოლი: Va Aleyküm AsSalâm! (ვა ალეიკუმ ასსალამ) კარგი.

მე: როგორ ხარ, ბავშვები როგორ არიან?

ცოლი: ახლა უკეთესად.

მე: ძალიან გამიხარდა შენი ხმის გაგონება.

ცოლი: მეც.

თარჯიმანს მადლიერმა დავუბრუნე ტელეფონი. თითქმის იმწამსვე შემოვიდა გამომძიებელი და მოგვახსენა, რომ ახლავე სასამართლოში უნდა წავსულიყავით. ხელები ძველებურად ზურგს უკან ბორკილებით შემიკრეს და ნაცნობ სპრინტერში ჩამსვეს. ველი და რემზი უკვე იქ დამხვდნენ. შეუძლებელი იყო, არ შემემჩნია, რომ ჩემგან განსხვავებით ხელები ორივეს წინიდან ჰქონდა შეკრული. მთელი გზა მოუხერხებლად ვიჯექი, მაჯებზე ბორკილები მაჭერდა, დაღლილი და დაქანცული ვიყავი და წამოწოლა მინდოდა, მაგრამ ბორკილების გამო ჯდომას ვაგრძელებდი. გავიფიქრე: „ალაჰი ისევ გამოცდას მიწყობს. მისი გადალახვა განწმენდის კიდევ ერთი საშუალებაა”. სიმფეროპოლის ავტოსადგურს ჩავუარეთ. მთელი ჩემი ამტანობა და გამძლეობა ხელებში მოვიკრიბე და გადავწყვიტე, რომ თუკი შევძელი, რომ გადამელახა როსტოვიდან სიმფეროპოლში მგზავრობა, ამ მგზავრობასაც გავუძლებდი. ფანჯრიდან რომ გავიხედე, უამრავი სამართალდამცველი დავინახე, რომლებიც ჩვენს მხარდასაჭერად შეკრებილი საზოგადოების შეკავებას ცდილობდა. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო – თვით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო ჩვენი გასამართლების საკითხში.

რაღაც დროში კიევის რაიონული სასამართლოს ეზოში შევედით. იქაც სამართალდამცველები დაგვხვდნენ, ოღონდ მათ ნიღბები არ ეკეთათ და აშკარად დაბნეული იყვნენ, თუმცა სახეზე ინტერესი მაინც შევატყვე. ჩვენმა თანმხლებმა პირებმა მწკრივში დაგვაყენეს, სახით კედლისაკენ. სანამ ვიდექით, გვესმოდა, როგორ განიხილავდნენ, თუ რამდენი ადამიანი შეკრებილა ჩვენს მხარდასაჭერად.

- რაო, ისევ მოვიდნენ?

- კი, გაიძახიან «Ама я в бар»4.

კიბეებზე ამიყვანეს. ეს ადგილი მეცნო. წარსულში ხშირად მოვსულვარ ამ სასამართლოში, რათა პოლიტპატიმრებისათვის მხარი დამეჭირა. დარბაზში შევედით თუ არა, აკვარიუმთან5 სანამ ხელბორკილებს მხსნიდნენ, არ შემეძლო, არ გამეფიქრა: „აი, თურმე როგორ გამოიყურება დარბაზი ამ კუთხიდან”. გარშემო ხალხი ფუსფუსებდა, ყველა რაღაცას აკეთებდა, აქეთ-იქეთ დადიოდა. აკვარიუმის მოპირდაპირედ, კედლის გაყოლებაზე რამდენიმე ძალოვანი იჯდა. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი მოგვიახლოვდა და ჩემს თანმხლებს ჰკითხა:

- თქვენც გუშინ ჩაგრთეს?

- ჰო, ხალხი არ ჰყოფნიდათ.

- გასაგებია ამათი საქმე... ამის ბილეთიც უკვე ნაყიდია, - ამ კაცის თავდაჯერებულმა ღიმილმა გამაოგნა.

- მადლობა ღმერთს. საერთოდ მგონია, რომ ამათ ერთხელ მაინც კარგად უნდა მოხვდეთ, რომ ამათნაირები ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ თავიდან, - უპასუხა ერთ-ერთმა ნიღბიანმა ესკორტმა.

 „აკვარიუმში” შევედი თუ არა, ახალგაზრდა გოგონამ მომმართა:

- Selâm Aleyküm. Men sizniñ tercimanıñız olacam. Eger de bir añlaşmağan şey olsa maña aytıñız. Yahşı mı? (სალამ ალეიკუმ! მე თქვენი თარჯიმანი ვიქნები. რამეს თუ ვერ გაიგებთ მომმართეთ, კარგი?).

– Yahşı. Sağ oluñız! (კარგით, მადლობა!).

დავინახე, რომ ჩემი თარჯიმანი მოგვიახლოვდა. ალიმოვა თავის კოლეგას რაღაცაზე ჩუმად დაელაპარაკა და გაისტუმრა. როცა პირისპირ დავრჩით, ალიმოვამ ამიხსნა, რომ ეს ქალბატონი იყო თარჯიმანი, რომელიც «Vetan Sedası»-ზე მუშაობდა და ყირიმულ-თათრულად მომმართა:

– Sabır etiñiz. Allah sizge yardımcı olsun! (უზენაესმა გამძლეობა მოგცეთ!).

– Sağ oluñız. Men qasevet etmeyim. Bulardan daa ne mümkün beklemege? Çışarıda çoq mu adam toplandı? (მადლობა, ჯერ მაგრად ვდგავარ. უკეთესს არც მოველი მაგათგან (ძალოვნებისაგან)… გარეთ ბევრი ადამიანი შეიკრიბა?

– E, pek çoq. (კი, ძალიან ბევრი).

– Olarğa selâm etiñiz. Menim anamnı körseñiz, oña da selâm aytıñız. (ყველას ჩემი სახელით მიულოცეთ და დედაჩემს თუ ნახავთ, მასაც გადაეცით ჩემი მილოცვა).

– Yahşı. (კარგი).

დარბაზში შემოვიდა მოსამართლე დოლგოპოლოვი, რომელიც თავისი საქმიანობის პარალელურად უსინდისო და უპრინციპო ამებაც იყო. სასამართლო სხდომამ სტანდარტულად ჩაიარა. მე სიტყვის უფლება მოვითხოვე და მოვყევი, თუ რამდენად ხშირად ვყოფილვარ როსტოვში და ისიც კი ვახსენე, რომ ამის შემოწმება ჩემს ფეისბუქგვერდზეა შესაძლებელი. ვთქვი, რომ ბოევიკებმა დამაკავეს, მცემეს, მიმიყვანეს ფსბ-ში და მომპარეს პირადი ნივთები. მოსამართლემ „მზრუნველი“ ტონით მოიკითხა ჩემი ბავშვები, დაინტერესდა სამუშაოთი და სახლის გაფორმების დეტალებით. თუმცა ასეთი „მზრუნველობა“ აქამდე არაერთხელ მინახავს და ამიტომ მის შეკითხვებს სრულიად უხალისოდ ვცემდი პასუხს. მოსამართლე გავიდა და ასე, ოცდახუთი წუთის შემდეგ დაბრუნდა. ვიცოდი, ეს რისი ნიშანიც იყო. როდესაც მოსამართლე ასე უცებ ბრუნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულთან მიმართებაში რაღაც „შაბლონური“ გადაწყვეტილებაა მიღებული. მას ჩემი ადვოკატი გაესაუბრა, და ის საბოლოოდ დაგვემშვიდობა. „აკვარიუმი“ გახსნეს. ჩემს თანმხლებს ისევ უნდოდა, რომ ბორკილები ისევ ზურგს უკან დაედო. ვკითხე, რატომ არ შეიძლებოდა, რომ წინ შეეკრა ხელები. დაუშვებელიაო, მოკლედ მომიჭრა. ისე ძლიერად მომიჭირა მაჯებზე, რომ ორი თვე სისხლჩაქცევები მქონდა. რატომღაც არავის სჯერა ხოლმე, მაგრამ ციხეში იარები უფრო ნელა შუშდება. გარეთ გავედით და გასასვლელში დავინახე ველი და რემზი, რომლებიც ისევე სახემიტრიალებული იდგნენ, როგორც დავტოვე. ჩემგან განსხვავებით მათ ისევ წინიდან ჰქონდათ შეკრული ხელები, რაც საგრძნობლად უმარტივებდა საქმეს. მე მათ შორის დამაყენეს. ჩემმა ესკორტმა კოლეგებს მიმართა: „ამას ტექნიკური უნივერსიტეტი დაუმთავრებია, თარჯიმანიც მოითხოვა. ამიერიდან ხელები უკან და ბორკილები მაქსიმალურად მოჭერილი ექნება, რაკი ასეთი ჭკვიანია“. მეორემ ჰკითხა: „ასე რატო იძაგრებოდა?“; თანმხლები: „დროის გაწელვა უნდოდა ალბათ“. მოგვიანებით, როცა ისინი ყირიმის აღების ჩანაწერს უყურებდნენ, მომესმა ფრაზა: „რუსტემ შეიხალიევა გამოვიდა, ხალხი შეიკრიბა...“. გასაგები იყო, რომ რუსტემ შეიხალიევის სახლთან ხალხი იდგა კამერებით. ჩანაწერის ყურებისას ესკორტებიდან წარამარა ისმოდა სიცილი და უზრდელური კომენტარები, და მე, როგორც უნებლიე მოწმეს, არ შემეძლო არ მეფიქრა: „ნუთუ ესენი მართლა ასეთი შოვინისტები და ნაციონალისტები არიან?“. ცოტა ხანში გაგვიყვანეს ეზოში და სპრინტერში ჩაგვსვეს. მე დამსვეს მეორე რიგში, რემზის გვერდზე. გზაზე რომ გავედით, მარჯვნივ, სასტუმრო „მარაკანდასკენ“ გავუხვიეთ. ცოტა ხანში გამოჩნდნენ მომიტინგეები, რომლებიც ჩვენს მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და ახლა ხელებს გვიქნევდნენ. მათ შორის იყო მუჰამედიც (რემზის შვილი). ამის შემყურე ჩვენი თანმხლები პირები სარკასტულად ხორხოცებდნენ და ცხვრებივით «ბეე-ბეე»-ს ყვიროდნენ. ეს რომ დავინახე, ვიფიქრე, რომ ამ ადამიანებს დასანახადაც კი ეზარებათ ყირიმელი თათრები. რემზის ჩემთვის რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ „ჰეი, ენა გააჩუმე“-ს შემდეგ გადაიფიქრა.

სიმფეროპოლის დაკავებულთა იზოლატორში მიგვიყვანეს. შესასვლელთანვე გვიბრძანეს, ტრუსების გარდა, ყველაფერი გაგვეხადა. როცა იარების შესახებ მკითხეს, ვაჩვენე სისხლჩაქცევები, რომლებიც „ბოევიკებმა” დამიტოვეს. მათ ერთმანეთს თვალი გადაავლეს და დაუძახეს უფროსს, რომელმაც დამხედა და თქვა: „ვერანაირ იარებს მე ვერ ვხედავ, მე რომ მკითხო, საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურები”. დერეფანში დაგვაყენეს და უფროსმა გვითხრა, რამე შეკითხვა ხომ არ გაქვთო. მე ჩემთვის აქტუალური შეკითხვა დავუსვი – არის თუ არა აქაურ სასადილოებში ღორის ხორცი. უფროსმა თქვა, რომ ქათმის ხორცს აჭმევენ ხოლმე პატიმრებს და მალევე დააყოლა: „შენ რაღაც ბევრი შეკითხვა ხომ არა გაქვს. პირველად მოსულები ამდენს არ ტლიკინებენ ხოლმე”. საქმე ჩვენს გადახოტვრაზე მიდგა. ჯერ მე დამადო უფროსმა ხელი, მაგრამ მერე გადაიფიქრა და ბრძანა, რომ მარტო ისინი გადაეხოტრათ, ვისაც გრძელი თმა ჰქონდა. რამდენიმე კაცი გაიყვანეს და ცოტა ხანში უკვე გადახოტრილები დააბრუნეს. როცა ყველა შეიკრიბა, ჩვენ სამნი ერთ საკანში წაგვიყვანეს. დერეფანში იზოლატორის თანამშრომელი შეგვხვდა, რომელსაც ჩვენმა თანმხლებმა ჰკითხა, რა გვექნებოდა ვახშმად. გავარკვევო, იმან. საკანი, რომელშიც შეგვიყვანეს, მართლა სამაგალითოდ გამოიყურებოდა: დიდი ოთახი, ოთხი საწოლი (ორი ორიარუსიანი), ფითხით გადალესილი კედლები და მოზრდილი საპირფარეშო, რომელიც ოთახისაგან გამოყოფილი იყო და კარით იხურებოდა. სასმელი წყალიც იყო, თაროებზე კი სუფთა ჭურჭელი ელაგა. ვახშმად მოხარშული კარტოფილი, თევზი და პური მოგვიტანეს, მაგრამ ყველაფერი უკვე გაციებული იყო. რამდენიმე ლუკმა გავსინჯეთ და აღარ გავაგრძელეთ ჭამა - უმარილო სალაფავი და ხმელი პური არცერთს გულზე არ დაგვეხატა. ცოტა ხანი ვილაპარაკეთ, გადავივლეთ და ძილის წინ ლოცვა წავიკითხეთ.

დილიდან კაკუნმა გაგვაღვიძა: - „ათი წუთი გაქვთ ჩასაცმელად. მზად იყავით”. იმ წამს ვერ მივხვდი, რა იგულისხმებოდა „მზადყოფნაში” და ვიფიქრე, ალბათ ახალ საკანში გადავყავართ-მეთქი. ჩასალაგებელი არაფერი გვქონდა და გასვლამდე საპირფარეშოში რიგრიგობით შესვლაღა მოვასწარით. კარი გავაღეთ თუ არა, ვიღაც კაცი წარმოდგა, ნიღბითა და მწვანე კომუფლაჟით: „სათითაოდ გამოდით, თავები არ აწიოთ”, გამოსვლისთანავე ბორკილები დაგვადო და თავდახრილები კიბეებზე ჩავედით. დერეფნის გასწვრივ ძალოვნები იდგნენ. მანქანაში რამდენიმე კაცი დაგვხვდა. მერე შეგვიყვანეს ვიწრო, ჩაბნელებულ სალონში, სადაც იმდენად ცოტა ადგილი იყო, რომ ორი ადამიანი პირისპირ ვერ დაჯდებოდა. კარი დაიკეტა და პატიმართა ტრანსპორტირების მანქანა დაიძრა. ჩვენ შორის აღმოჩნდნენ ისინიც, ვინც კარგად იცნობდნენ ქალაქს. სანამ მივყავდით, კომენტარებს ვაკეთებდით ყველა მოსახვევსა და ქუჩაზე. ის, ვინც ქალაქს კარგად იცნობდა, სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამდა, სად შეიძლებოდა წავეყვანეთ. ჩამოთვლილ ვარიანტებს შორის იყო სევასტოპოლი, აეროპორტი და ქერჩიც კი. ასე, ერთი საათი მაინც გავატარეთ გზაში, ტოფიკი კართან იჯდა და როცა გავჩერდით, გაკვირვებული შემოტრიალდა ჩვენკენ და გვითხრა: „აეროპორტში ვართ”. თვითმფრინავის მოტორის, ძაღლის ყეფის, მანქანების სიგნალების ხმა შემოგვესმა. გამოსვლამდე გაგვაფრთხილეს, რომ „დავისჯებოდით”, თუ თავს მაღლა ავწევდით და ჩვენც სხვა რა დაგვრჩენოდა – თავდახრილები გადმოვედით. ეგრევე „კაპიუშონი” ამაფარეს და ხელები წინიდან შემიკრეს. ერთ-ერთმა ძალოვანმა ბრძანება გასცა: „ვისაც კაპიუშონი არა აქვს, ქუდი ჩამოაფარეთ თვალებზე”. თვითმფრინავზე აგვსხეს, მე ჩემი ესკორტი მომყვებოდა. გვერდით ალიმა დამისვეს (ფეხსაცმლითა და შარვლით ვიცანი), მაგრამ თვითონ ალიმა ალბათ ვერაფერს ხედავდა. ყველა გადაგვანაწილეს და მოკლე ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარეს: „თავები არ აწიოთ და საპირფარეშოში გასვლა არ მოითხოვოთ”. მარცხნივ, მეორე რიგში, რუსლან სულეიმანოვი იჯდა. მან რაღაცის შეკითხვა სცადა, რაზეც პასუხის ნაცვლად მშრალი „მოკეტე” მიუგდეს. უკან იჯდა ჯემილ-აგა, რომელმაც წამალთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა და საპირფარეშოში გასვლა ითხოვა, რაზეც ინდიფერენტული „მოითმენ” უპასუხეს. რომელიღაცას გაახსენდა, რომ თვითმფრინავების ეშინოდა, მაგრამ მე ყური აღარ დავუგდე, თავი გადავწიე და დავიძინე. რამდენჯერმე ტურბულენტობამ გამომაღვიძა, მაგრამ მეტისმეტად დაღლილი ვიყავი და ისევ ჩამეძინა. თვითმფრინავის დაშვებისას გამეღვიძა. გამოსვლის წინ ყველას გვიბრძანეს, რომ ისევ დაგვეხარა თავები. ერთ-ერთმა ჩვენგანმა იკითხა, სად ვიმყოფებოდით, რაზეც ესკორტმა უპასუხა: „ანტალიაში”. ჩამოვედით და ისევ დაკავებულთა გადასაყვან მანქანასთან მივედით. ხელბორკილები მოგვხსნეს და სათითაოდ ჩავსხედით. სანამ გაურკვეველი მიმართულებით მივემგზავრებოდით, ერთმანეთში ვბჭობდით. ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, აქ უფრო ციოდა, ვიდრე ყირიმში, მაგრამ მაინცდამაინც არ ყინავდა. ანუ ვარიანტებიდან მოსკოვი გამოვრიცხეთ. თვითმფრინავით ერთიოდე საათი ვიფრინეთ, ამიტომ ყველაზე დამაჯერებელი ვერსია ის იყო, რომ როსტოვში ვიყავით. ესკორტთანაც გვინდოდა ამ ინფორმაციის გადამოწმება, მაგრამ დაგვაიგნორეს. საერთოდ, მეც და სხვებიც ჯერჯერობით კარგად ვუმკლავდებოდით ამ საერთო განსაცდელს. ტოფიკი ხუმრობდა, ჩვენ კი ერთმანეთისათვის მხარში ამოდგომას ვცდილობდით. მომაგონდა, 1944 წელს როგორ ატყვევებდნენ ყირიმის თათრებს, სვამდნენ ურმებში და გაუგებარ ადგილას მიათრევდნენ. ერთი ის განსხვავება იყო, რომ მაშინ ქალები, მოხუცები და ბავშვები გადაჰყავდათ. ახლა კი წაიყვანეს კაცები, ხოლო ქალები და ბავშვები მარჩენალის გარეშე დატოვეს. იმ აზრმაც გამიელვა, რომ ჩვენი ამგვარი პატიმრობა შეიძლებოდა საშინელი რეპრესიების დასაწყისი ყოფილიყო. თუმცა იმედს ვინარჩუნებდი. მჯეროდა, რომ გავუძლებდით ამ განსაცდელს ისევე, როგორც ჩვენი მამა-პაპანი უძლებდნენ კიდევ უფრო დიდ გასაჭირს წარსულში. იმიტომ, რომ ერის ერთგული შვილები ვართ. მანქანაში განათება შეიცვალა და მივხვდი, რომ სადღაც შევედით. ჩვენმა თანმხლებმა ამოიკითხა გვარები: „ბეკიროვი, უმეროვი, იზეტოვი, სულეიმანოვი”. ჩამოთვლილები გაიყვანეს და დანარჩენებმა გზა განვაგრძეთ. ტოფიკმა მოასწრო და დაინახა წარწერა - „პატიმართა იზოლატორი #4“. არავინ ვიცოდით, რა გველოდა. კიდევ ათი წუთი ვიმგზავრეთ და მერე მანქანიდან ჩამოგვსხეს. სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის თანამშრომელმა გვარები და სტატიები გვკითხა, რომლის მიხედვითაც ვიყავით გასამართლებული. გვითხრეს, რომ ისევ უნდა გაგვეხადა ყველაფერი, ტრუსების გარდა, და თავჩაღუნული შეგვიყვანეს ბნელ ოთახში, სადაც წრეზე, სახით კედლისკენ ისხდნენ დანარჩენები. ყველას ჩვენ-ჩვენი ტანსაცმელი გვეჭირა, რომლის ჩაცმის უფლებაც არა და არ მოგვცეს. ამდენი ჯდომისგან იაშარ-აგას ფეხები დაუბუჟდა და იკითხა, შეიძლებოდა თუ არა გავლა-გამოვლა, რაზეც ირონიულად უპასუხეს, რომ ყველა განაცხადი წერილობითი ფორმით უნდა წარედგინა. ცოტა ხანში ვიგრძენი, როგორ დამადო ვიღაცამ მხარზე ხელი. თავი არ ამიწევია, ისე ავდექი. ვიღაცას გაეცინა: „ეს რა, პირდაპირ ოფისიდან გამოათრიეს?”. ვიღაც პატიმარი მოვიდა და საპარსი მანქანით გადამხოტრა თავი. აშკარად ცუდი საპარსი იყო – თმები უფრო დამაგლიჯა, ვიდრე წამაჭრა. როცა პატიმარმა თავისი დავალება შეასრულა, მოგვიახლოვდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი და ღიმილით დააკომენტარა: „ეჰ, არადა, რა კაი „პრიჩოსკა“ ჰქონდა...”. გვიბრძანეს, რომ ჩაგვეცვა და თავაუწევლად გავყოლოდით ესკორტებს. ჩვენც დავუჯერეთ და ჯერ დერეფანი გავიარეთ. შემდგომ, კიბეებზე რომ ჩაგვიყვანეს, უეცრად გაგვაჩერეს. ამ მომენტში გამოიყვანეს ვიღაც თეთრებში გამოწყობილი კაცი, აკურატულად შეკრეჭილი წვერ-ულვაშით – მასაც ესკორტი მიუძღვებოდა. მე კი ბოლოსწინა საკანში შემიყვანეს. კარი გაიღო და ჩემ წინაშე საშუალო ზომის ოთახი გამოჩნდა. საპირფარეშო იმპროვიზებული ფარდით იყო გამოყოფილი, წინ კი არცთუ ისე მაღალი, გაუპარსავი ბიჭი იდგა.

- გამარჯობა.

- გაუმარჯოს, - ხელი ჩამოვართვით.

გავიგონე, კარი როგორ დაიკეტა და გაოგნებულმა გავიხედე. წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა უნდა მექნა.

- შემოდი. საიდან ხარ?

- ყირიმიდან. შენ?

- დაღესტნიდან. მუსლიმი ხარ?

- კი.

- მეც.

– Selâm Aleyküm.

– Va Aleyküm AsSalâm!

- რომელ ქალაქში ვარ? რომელ ციხეში?

- პატიმართა #1 იზოლატორში ხარ, როსტოვში…

-----------------------------------------------------------------

[1] – სიტყვასიტყვით - „Зроблять із нас «потєряшку»». - «потєряшка» — ოკუპირებულ ყირიმში ასე ეძახდნენ ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გატაცებულ ადამიანებს.

[2] - Гусль — ისლამში ესაა სხეულის სრულფასოვანი განწმენდის აქტი, რომელიც ტარდება სარიტუალო განბანით.

[3] - «Стакан» ასე ეძახიან პატარა, გათბობისა თუ ვენტილაციის არმქონე საკანს.

[4] - იგულისხმება სიტყვების «ალაჰ აქბარ» სხვაგვარი გამოთქმა. მუსლიმები ამ ფრაზას მრავალ სხვადასხვა სიტუაციაში ხმარობენ.

[5] - აკვარიუმი – ასე ეძახიან დიდ შუშის ყუთს, რომელშიც სვამენ ბრალდებულს, სანამ სხდომა მიმდინარეობს. ევროპული სასამართლოები „აკვარიუმის” კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

უკრაინულიდან თარგმნა თამარ კუჭავამ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE