ტროას ცხენი – ჯირითი ათასწლეულთა გავლით


ტროას ცხენი – ჯირითი ათასწლეულთა გავლით




ბორის დუნში (დ. 1970 წელს კილში). ფილოსოფიის დოქტორი. შეისწავლა ბერძნული, ლათინური, გერმანული, ასევე შუა და ახალლათინური ფილოლოგია კილსა და სენტ-ანდრევსში (შოტლანდია). მიღებული აქვს არაერთი აკადემიური პრემია და სტიპენდია. 2013 წლიდან არის მარბურგის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი და კლასიკური ფილოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 2014 წლიდან – ათენისა და რომის შვედური ინსტიტუტის სარედაქციო კომიტეტის მრჩეველთა ინტერნაციონალური საბჭოს წევრი. არის მრავალი წიგნისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი.

 

ტროას ცხენი – ჯირითი ათასწლეულთა გავლით

 

            ისტორია სამხედრო ეშმაკობისა, რომლის დახმარებითაც ბერძნებმა, ბოლოს და ბოლოს, ტროასთან მრავალწლიანი ომის მოგება შეძლეს – ხის ცხენის ამბავი, ბევრისთვის როგორღაც დღესაც ცნობილია. თუ ვინმეს უჩვენებთ სურათს, რომელზეც ქალაქის გალავანთან მდგარი არაბუნებრივი სიდიდის ცხენია გამოსახული, და ამ ცხენის შესახებ ჰკითხავთ, უმეტეს შემთხვევაში სწორ პასუხს მიიღებთ: „ეს ტროას ცხენია“.

            არადა, რას წარმოადგენს ეს კურიოზული ცხოველი, რომელიც არ არის პეგასი, რომლითაც ფრენა ან ჯირითი იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ რომელიც აი, უკვე სამი ათასწლეულია, ფრთას ასხამს უამრავი ადამიანის ფანტაზიას? ხის ცხენი, რომელიც ბევრს ისე ნუსხავს, რომ მის ისტორიას, ზოგადი მონახაზის სახით მაინც, ინახავს მეხსიერებაში?

            ამ ცხენს პირველად ჰომეროსთან ვხვდებით. „ილიადა”, ცხადია, არაფერს გვეუბნება ამ განსაკუთრებული საჯირითო ცხოველის შესახებ, ისევე, როგორც ტროას დასასრული მასში მხოლოდ მინიშნებულია. სხვაგვარად არის საქმე „ოდისეაში”. აქ ეს ხის ცხენი რამდენიმე ადგილას არის ნახსენები, თუმცა ყოველთვის – რეტროსპექტულად. „ოდისეას” სამოქმედო დროში ხომ ტროას ომი, გარე სამყაროში მაინც, დიდი ხნის წინ მომხდარი ამბავია.

            უმნიშვნელოვანესი და ყველაზე გრძელი მონაკვეთი, რომელშიც ეს ცხენი იხსენიება, მე-8 სიმღერაშია. ზღვაში ნაწვნევ გასაჭირს სასწაულით თავდაღწეულ ოდისევსს ლეგენდებით მოცული ფეაკელები მასპინძლობენ. ერთ-ერთი ნადიმობის დროს ის სთხოვს ბრმა მომღერალ დემოდოკეს, რომ თავმოყრილ საზოგადოებას უმღეროს სრულიად კონკრეტული ამბავი. ოდისევსი მიმართავს დემოდოკეს (ოდისეა 8, 487-520):

            გვი­ამ­ბე, რო­გორ გა­ა­კე­თა ეპე­ოს­მა ხის ცხე­ნი ათე­ნას შთა­გო­ნე­ბით, რო­გორ ჩას­ხა ცხე­ნის ღრუში ოდი­სევ­სმა მე­ომ­რე­ბი... ოღონდ გვიმ­ღე­რე და მუდამ შე­ნი ღვთა­ებ­რი­ვი ნი­ჭის მეხოტ­ბე ვიქ­ნე­ბი.

            აედ­მა ჯა­დოს­ნური გა­ლო­ბა და­იწ­ყო. მღე­რო­და დე­მო­დო­კე, თუ რო­გორ იჯ­და ხის ცხე­ნის ღრუში ოდი­სევ­სი სხვა აქა­ველ გმი­რებ­თან ერ­თად. ტრო­ელთ სულმა წას­ძლია, ცხე­ნი ილიო­ნის გა­ლავ­ნის შიგ­ნით შე­ა­გო­რეს. ხალ­ხი მი­ე­სია, ერ­თი ჟრი­ამ­ული იდ­გა. ზოგ­ნი ამბობ­დნენ, გა­ვა­პოთ ხის ცხე­ნიო, სხვა­ნი კლდი­დან უფსკრულში გა­და­ჩეხ­ას მოითხოვდნენ, ბევ­რმა თქვა, მო­ე­დან­ზე დავ­დგათ და ღმერ­თებს მსხვერ­პლად შევწიროთო. დაღ­უპვა ეწე­რათ უბედ­ურებს და ამი­ტომ ამ ბო­ლო აზ­რმა გა­ი­მარ­ჯვა. (რომან მიმინოშვილის პროზაული თარგმანი).

            აქედან ბევრს ვერაფერს ვიგებთ ამ ცხენის შესახებ. „ოდისეას“ ავტორი, ჩანს, იმის იმედად არის, რომ მისი პუბლიკისთვის ეს ისტორია, დიდი ანგარიშით, უკვე ცნობილია. ის ამას რამდენიმე სტრიქონით ხდის გასაგებს. და მართლაც, ჰომეროსის დრომდეც და მის მერეც, ტროას ომთან დაკავშირებული სხვადასხვა ეპიზოდის შესახებ არაერთი სიმღერა ცირკულირებდა, მათ შორის – სიმღერები, რომლებშიც ის იყო ნაუწყები, რაც დიდ პოეტთან ნახსენები არ არის, მათ შორის – ტროას დაქცევა, Iliupersis. ერთ-ერთი ასეთია, როგორც ვხედავთ, სიმღერა δουράτεος ἵππος-ის, ხის ცხენის შესახებ. იმ დროში ასეთი სიმღერები ვრცელდებოდა დამოუკიდებელი პოეტური ნაწარმოებების სახით, მათ დეკლამირებდნენ და იმეორებდნენ, სახეს უცვლიდნენ და ახალ-ახალ კომბინაციებს ქმნიდნენ.

            სიმღერის თანახმად, ცხენი ხის იყო და ის ეპაიოსს აუგია, არცთუ წარჩინებული წარმომავლობის კაცს, რომელიც, „ილიადას” თანახმად, ათლეტურ ასპარეზობაში მონაწილეობს, კრივში ჯორცხენს იგებს, მაგრამ შეკრებილი ხალხი დასცინის ბადროს ტყორცნაში განცდილი წარუმატებლობის გამო (ილიადა 23, 665-676). ცხენის აგებაში მას, მოვლენებთან სრული შესატყვისობით, ეხმარებოდა ქალღმერთი ათენა, რომელსაც ჰომეროსი „ოდისეას“ ერთ მონაკვეთში ახასიათებს, როგორც ტექნიკის, სიბრძნისა და უხვი ეშმაკობის ქალღმერთს (2, 116ფ), ხოლო სხვა ადგილას ერთი ამოსუნთქვით ახსენებს მჭედლობის ღმერთ ჰეფესტოსთან ერთად (6, 232-234). მართალია, ჩვენთვის უცნობი რჩება, მაინც რაში გამოიხატებოდა ეს დახმარება, მაგრამ თვით ფაქტი, რომ ქალღმერთი ცხენის მშენებლობაში მონაწილეობდა, ჩვენს ყურადღებას იმსახურებს. საგნები, რომელთა მშენებლობაშიც ღმერთების ხელი ერია, ჩვეულებრივი სულაც არ არის. ისინი ბოლომდე ამ სამყაროს კუთვნილება არ ყოფილა. ეს, მეტწილად, ჯადოსნური ნივთებია, ხომალდ არგოს მსგავსად, რომლის მშენებლობაში ათენა ასევე მონაწილეობდა, ან – იმ აპარატებისა და ავტომატების მსგავსად, რომლებიც ჰეფესტოს შენამოქმედია. ამგვარ ცხენს კაცი მართლაც უნდა ერიდოს.

            თვით მოსატყუებელი მანევრი ეშმაკობაულევმა ოდისევსმა მოიფიქრა. მან ხის ცხენი მებრძოლებით აავსო და რაღაც მანქანებით მოახერხა, რომ ტროელებმა ის ქალაქში შეიტანეს – უფრო მეტს არც ამასთან დაკავშირებით გვატყობინებს ჰომეროსი. გარდა ამისა, ვიგებთ, რომ ცხენი ფუტურო იყო და – არცთუ ერთობ მასიური. იმის მიხედვით, რასაც ჰომეროსთან ვკითხულობთ, ტროელებისთვის ეს სრულიად ნათელი იყო. როგორც ჩანს, მათ შუბით ან ხელჯოხით მიუკაკუნეს ნაგებობის მუცელს.

            ყველაფრის მიუხედავად, აშკარა ხდება, რომ ტროელების აზრი იყოფა იმასთან დაკავშირებით, რა უნდა უყონ ცხენს. შესაბამისად, სამი ჯგუფი იკვეთება. ერთს მისი გახსნა და იმის ნახვა სურს, თუ რას მალავს ცხენის მუცელი. მეორეს კლდიდან მისი გადაგდება და დამსხვრევა სურს, იმის მიუხედავად, თუ რა შეიძლება მის მუცელში მოიპოვებოდეს. მესამე ჯგუფს უნდა, რომ ის ღმერთებისთვის სამსხვერპლო ძღვნად ჩაითვალოს და, ამიტომ, არც გაიხსნას და, მით უმეტეს, არც განადგურდეს. ის, რასაც აქ ჰომეროსი აღწერს, სინამდვილეში ხშირად ხდება, როცა ადამიანებმა არ იციან, როგორ მოექცნენ შემხვედრ ფენომენს. ამ დროს ყოველთვის ყალიბდება ორი უკიდურესი პოზიცია – „აუცილებლად განადგურდეს“ და „აუცილებლად შენარჩუნდეს“ – და ერთი შუალედური პოზიცია – „ჯერ კარგად დავაკვირდეთ“. ეს მრავალი შემთხვევიდან ერთ-ერთია, როცა ჰომეროსი წარმოჩნდება, როგორც ადამიანთა ქცევის საოცრად ზუსტი დამკვირვებელი და ადამიანის სულის მეცანი.

            მაგრამ რა ხდება ახლა ცხენთან დაკავშირებით? როგორც ჩანს, ის საკმაოდ დიდია საიმისოდ, რომ ჯარისკაცების მთელი კონტინგენტი დაიტიოს. მაინც რამდენი – ამის თქმა რთულია. ჰომეროსი გაურკვევლად ასახელებს „საუკეთესოთ“, ანუ „უმამაცესთ“ – თანამედროვე ენაზე ვიტყოდით: მებრძოლთა ელიტურ შენაერთს. „ოდისეაში“ სახელებით ხუთი მებრძოლი იდენტიფიცირდება (ოდისევსი, დიომედე, ნეოპტოლემოსი, მენელაოსი და ანტიკლოსი), მებრძოლთა საერთო რაოდენობა კი გაურკვეველია.

            ანტიკურ ხანაში ბევრს ეცადნენ, ჰომეროსისგან დატოვებული ღიობი ჭარბი ფანტაზიითა და დეტალებისადმი ლტოლვით გამოწვეული სისუსტით ამოევსოთ. ამ ტრადიციაში მებრძოლთა რაოდენობა ძლიერ განსხვავებულია – ზოგიერთი ავტორი ლაპარაკობს 30, 40, 50 მებრძოლზეც კი, ერთხელ 100 მებრძოლი სახელდება, ერთხელ კი, შესაძლოა სულაც არასერიოზულად – 3000. მოგვიანო ეპოქაში ეს რომის ლეგიონის ძალა იქნებოდა. ცხენის ტევადობაც ასეთი უნდა! მაგრამ, იქნებ, ეს განსაკუთრებული ცხენი, ეს საოცარი იარაღი, რომლის დამზადებაში ათენას წვლილია, შიგნიდან უფრო დიდია, ვიდრე – გარედან?

            ელიტური ჯარისკაცები შეშინდნენ, როცა ცხენის შიგთავსში აღმოჩნდნენ. ყოველ შემთხვევაში, ამას გვაუწყებს „ოდისეას“ მე-11 სიმღერა (11, 523-532). აქ ცხადი ხდება, რომ ხის ცხენს აქვს შესასვლელი და გამოსასვლელი, რომლებიც შიგნიდან იღება და, უნდა ვივარაუდოთ, გარედან შეუმჩნეველია. თუმცა ცხენის შიგთავსში კომფორტულად განთავსება შესაძლებელი არ იქნებოდა, რადგან, როგორც ტექსტი გვაუწყებს, ბერძენ ელიტურ მებრძოლებსაც კი შიში დაეუფლათ და ტიროდნენ და კანკალებდნენ, როცა ცხენში სხდებოდნენ. ჯარისკაცებისთვის ნათელი იყო, რა დავალების შესრულება მოუწევდათ: ტროელები ან მოტყუვდებოდნენ, რაც ჯარისკაცების წარმატების საწინდარი უნდა გამხდარიყო, ან აღმოაჩენდნენ მათ და დახოცავდნენ. დღევანდელი გადასახედიდან, მსგავსი ვითარება, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია, შეიძლება წყალქვეშა ნავის ვითარებას შევადაროთ. მაგრამ ცხენში, თუ მისი შიგთავსი რაღაც სასწაულით ვეება არ იყო, იმაზე ბევრად მეტი სივიწროვე იქნებოდა, ვიდრე – წყალქვეშა ნავში. სივიწროვეც და – დახუთულობაც.

            მე-4 სიმღერაში რამდენიმე სხვა დეტალსაც ვიგებთ ამ ცხენის შესახებ. მენელაოსი იხსენებს თავისი ცოლის, ელენეს (რომელიც ახლა, უკვე დიდი ხანია, ისევ შინ იმყოფება) ქცევას, როცა ამ უკანასკნელმა მაშინ, ომის დროს, ტროელებთან ერთად შეავლო თვალი ხის ცხენს (4, 271-289). რას ვიგებთ აქ ცხენის შესახებ? ეს არის თავისუფლად მდგომარე კონსტრუქცია, რომლის ირგვლივ სიარულიც შეიძლება და – ხელით კონსტრუქციის მოსინჯვაც. გარედან მებრძოლების დანახვა ყოვლად შეუძლებელია. მეორე მხრივ კი, კონსტრუქცია ისეა ნაგები, რომ ელენეს შეძახილები მკაფიოდ და გარკვევით აღწევს ცხენის შიგთავსში და მასში მსხდომებს კარგად შეუძლიათ, დამალული მებრძოლების გამოსატყუებლად, ცალკეული ბერძენი ქალების ხმებისა და მათი მიმბაძველი ელენეს ხმის ერთმანეთისგან გარჩევა.

            მოკლედ, ჰომეროსი ბევრს არაფერს გვაუწყებს ამ ხის ცხენის შესახებ. პოეტს შეეძლო გაეთვალისწინებინა, რომ ამ ცხენის ისტორია მრავალი ადამიანისთვის იყო ცნობილი, სხვა მრავალი კი ამ გამოტოვებულ ადგილებს თავად შეავსებდა. ასეც ხდებოდა ასწლეულთა განმავლობაში. ყველა ასეთი დამატების, შელამაზებისა და განვრცობის შეჯამება 700 წლის შემდეგ ვერგილიუსს უკავშირდება, რომელიც თავისი რომაული ნაციონალური ეპოსის, „ენეადას“, მეორე წიგნში ცხენის ისტორიის ბევრად უფრო სრულ ვერსიას გვთავაზობს, რომელშიც ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტი მოიპოვება, ჰომეროსთან რომ არ გვხვდება ან მხოლოდ მინიშნებულია (2, 57-249).

            სხვათა შორის, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბერძნული მითოლოგიის დღემდე პოპულარულ ანთოლოგიებში, არსებითად, ისტორიის ეს რომაული ვერსია მეორდება, როგორც, მაგალითად, გუსტავ შვაბის „კლასიკური ძველი დროის თქმულებებში“ (1838). იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ რომაელები თავიანთ თავს, მარტივად თუ ვიტყვით, ტროელთა შთამომავლებად მიიჩნევდნენ, მაშინ გამოვა, რომ ყოფილ დამარცხებულთა, ანუ ტროელთა, წარმომადგენელი წერს ყოფილ გამარჯვებულთა, ანუ ბერძენთა, ისტორიას – მოვლენა მართლაც არ არის მოკლებული გარკვეულ ისტორიულ ირონიას.

            ვერგილიუსს ლაოკოონი ჰყავს გამოყვანილი, როგორც ცხენთან დაკავშირებით ყველაზე ძლიერი და ენაწყლიანი გამაფრთხილებელი. „ენეადაში“ მის დრამატულ გამოსვლას იმაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე – მისან კასანდრას, სიფრთხილისკენ მომწოდებელს, რომელსაც არ უჯერებენ. ლაოკოონი შემდეგი დაჟინებული გაფრთხილების სიტყვებით მიმართავს თავის თანამემამულეებს, რომლებსაც, ისევე, როგორც ჰომეროსთან, ჯერაც ვერ მოუფიქრებიათ, რა უყონ ამ ცხენს:

             საბრალონო, - შორიდან იძახის იგი, - რა სიგიჟეა, ო, მოქალაქენო! ფიქრობთ, რომ მტერი განდევნეთ? და იმედოვნებთ, რომ დანაელებისგან ძღვენს მიიღებთ მოუტყუებლად? თუ იცნობთ ულისეს?

            (45) აქ ან აქაველნი არიან ხის ცხენში ჩაკეტილნი, ან საჭურველი მიამაგრეს ჩვენს კედლებს,

            სახლებს მაღლიდან რომ დახედონ და ქალაქს ზემოდან მოუახლოვდნენ;

            ან რამე სხვა ხრიკია. არ ენდო ამ ცხენს, ო, ტევკროს!

            რაც არ უნდა იყოს, დანაელთა ძღვენიც კი მაშინებს!

 

            ეს ბოლო სტრიქონი ფრთიან ლათინურ გამოთქმად იქცა: Quidquid id est, timeo Danaos et dona ferentes.

            ბოლოს ლაოკოონი ცხენს მძლავრად აძგერებს შუბს, რომელიც მას ზათქით ჩაერჭობა და ფერდში ჩარჩება. ტროელები მონუსხული არიან. მაგრამ იმარჯვებს ლაოკოონის გაფრთხილების საპირწონე ბერძენი ზინონის სიცრუე. ის ახერხებს, ტროელთა თანაგრძნობა გამოიწვიოს და ისინი დაარწმუნოს, ცხენი ქალაქში შეიტანონ. ზინონს ეს საქმე მას მერე უფრო უიოლდება, როცა უეცრად ლაოკოონს და მის ვაჟებს ზღვიდან ორი უშველებელი გველი დაესხმება თავს და მოკლავს. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ნაქებმა ლაოკოონის ჯგუფურმა ქანდაკებამ, მარმარილოს დიდმა სკულპტურამ, რომელიც ამ გადამწყვეტი და ამაღელვებელი მომენტის ყველაზე შთამბეჭდავი გამოსახულებაა (დღეს ის ვატიკანშია დაცული), დიდი გავლენა იქონია ევროპულ სულიერ სამყაროზე, არა უგვიანეს იმ დროიდან, როცა გამოქვეყნდა გოტჰოლდ ებრაიმ ლესინგის „ლაოკოონი, ანუ ფერწერისა და პოეზიის საზღვრების შესახებ” (1766). ტროელები გველების გამოჩენასა და ლაოკოონის საშინელ დაღუპვას განმარტავენ, როგორც ღმერთებისგან მოვლენილ სასჯელს ცხენისთვის შუბის ძგერების გამო. დღევანდელი საზომებით საბრალო ლაოკოონი შეიძლება შეთქმულების თეორეტიკოსადაც კი მივიჩნიოთ. სამწუხაროდ, მას არც იმან უშველა, რომ ის მართლაც თავის თანამემამულეებზე უფრო მცოდნე იყო. ასე განქარდება ბოლო ეჭვი, ტროელები შემოწმებას წყვეტენ და აქამდე აუღებელ ქალაქში მათ დამღუპველ ცხენთან ერთად შედიან. სხვათა შორის, ტროა იმიტომაც იყო აუღებელი, რომ პოსეიდონმა (ერთი წყაროს თანახმად, აპოლონთან ერთად) ააგო ტროას ქალაქ პერგამოსის კედლები – ასე რომ, გალავანიც ისეთივე საოცრება იყო, როგორიც – ცხენი.

            სწორედ ვერგილიუსის ამ ვერსიაზე მიუთითებს ამერიკელი ჟურნალისტი და ისტორიკოსი ბარბარა ტაჩმანი თავის წიგნში „სიბრიყვის მარში. ტროადან ვიეტნამამდე“, რომელიც 1984 წელს გამოქვეყნდა და გერმანულ თარგმანში „მმართველთა სიბრიყვე. ტროადან ვიეტნამამდე” ჰქვია. ვფიქრობ, ხის ცხენის შესახებ თხრობის ეს საგანგებო ასპექტი მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ცხენი იარაღია, რომელიც თავის შიგთავსში დამანგრეველ ძალებს მალავს. ამას უნდა დაემატოს იმათი სიბრიყვე, ვინც ცხენის დახმარებით უნდა განადგურდნენ – წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იარაღი არაეფექტურიც აღმოჩნდება და თავდამსხმელთა საუკეთესო მებრძოლებსაც შეიწირავს. სინამდვილეში, ეს იარაღი ეფექტური მაშინ იქნება, როცა სამი ფაქტორი გაერთიანდება. პირველი: თვით კონსტრუქციის მიმართ მოწიწების გამომწვევი ეს ცხენი, რომელიც უბედურებას ნიღბავს; მეორე: სიცრუე და შეცდენა, რომლებმაც კრიტიკული გონება უნდა დააბნელონ; მესამე (ეს კი გადამწყვეტი ფაქტორია): იმათი სიბრიყვე, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ ქალაქში ცხენის შეტანა-არშეტანა.

            ასე რომ, ეს ცხენი გაოცების განსაკუთრებული საგანია. ჰეფესტოს ქმნილებებისგან განსხვავებით, ის თავად არ მოძრაობს. ის არ ფრუტუნებს და ტროას თავს არ ესხმის ტანკივით ან ურნალივით, არამედ პასიურია, უმოძრაო. და მხოლოდ ტროელთა ამოქმედებასთან ერთად იწყებს მოძრაობას. მისი ძალა თვითმოძრაობაში კი არ მდგომარეობს, არამედ – იმაში, რომ ეშმაკობის მსხვერპლნი უნდა იქნან იქამდე მიყვანილი, რომ ის აამოძრაონ. ასე ჩნდება მსოფლიო ლიტერატურაში ეშმაკობის სიმბოლო და – სამახსოვრო ნიშა იმათთვის, ვინც საკმაოდ უზრუნველნი არიან საიმისოდ, რომ სათანადოდ არ განჩხრეკონ მათივე სიცოცხლის გასანადგურებლად შემოთავაზებული საჩუქარი.

            მაგრამ რას წარმოადგენდა სინამდვილეში ეს ცხენი? მართლაც ცხენის ფორმის მქონე ხის უშველებელი კონსტრუქციაა, როგორადაც ის უძველესი დროიდანვე უამრავჯერ გამოუსახავთ ვიზუალურად და ტექსტებში? არაერთ ადამიანს უკვე ანტიკურ დროშივე ზედმეტად ფანტასტიკურად მიაჩნდა ეს ყველაფერი და, შესაბამისად, მითების რაციონალურმა კრიტიკამ ამ ცხენის მრავალგვარი ახსნა მოიფიქრა. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ საქმე ეხებოდა ურნალს ან საალყო მანქანას, სხვები ცხენის თავის ფორმის მქონე კიჩოიან ხომალდზე ლაპარაკობდნენ. ჩვენმა დრომაც არაერთი ახსნა შემოგვთავაზა, მაგალითად, რომ ცხენი, როგორც მიწის შემარყეველი პოსეიდონის წმინდა ცხოველი, მიწისძვრას განასახიერებს. ამ ინტერპრეტაციებს შორის რომელიმე შეიძლება სწორიც იყოს ან არც იყოს სწორი. რაკი ეს ცხენი, როგორც ითქვა, სტატიკური და არა დინამიკური კონსტრუქციაა, თანაც ისეთი, რომ მტრების მიერ უნდა ამოძრავდეს, მიმაჩნია, რომ არასწორია ყველა ინტერპრეტაცია, რომელიც ამ ცხენს განმარტავს, როგორც ბერძნების მიერ მართულს, მაგალითად, როგორც ურნალს. ამ რიგის ინტერპრეტაციები მხედველობის გარეთ ტოვებენ ჰომეროსთან მისი გამოსახვის ძირითად მექანიზმს, მისი მოქმედების ეშმაკურ პრინციპს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რეცეფციის ისტორიული ასპექტი: ისტორიაში ეს ცხენი მოქმედებს სწორედ როგორც ცხენი ან ცხენის გამოსახულება და არა – რაღაც სხვა ობიექტის სახით, როგორც მითების ინტერპრეტატორებს სურთ მისი განმარტება. მითების ამ რაციონალიზებად განმარტებებს პოპულარობა არასდროს მოუპოვებია. ადამიანთა უმრავლესობისთვის ხის ცხენი, უბრალოდ, ხის ცხენად დარჩა. სხვათა შორის, ისიც კი სცადეს, თანამედროვე საინჟინრო მეცნიერების დახმარებით, ორიგინალის სიდიდის ხის ცხენი აეშენებინათ. ვფიქრობ, ასეთი მცდელობები, როგორი მიმზიდველიც არ უნდა იყოს ისინი, იმაზე მეტი აზრით არ გამოირჩევა, ვიდრე – მცდელობა ფარმაციის დახმარებით კირკეს ჯადოსნური სასმლის შექმნისა, რომელმაც ადამიანები ღორებად აქცია.

            ხის ცხენს ვერგილიუსის შემდგომი პოეტებიც ასხამდნენ ხოტბას, რომ აღარაფერი ითქვას სახვით ხელოვნებაში უკვე არქაული დროიდან არსებულ უამრავ ქმნილებაზე. შესამჩნევია, რომ საუკუნეთა განმავლობაში ეს ცხენი კიდევ უფრო მეტი ფერადოვნებით შეიმოსა, უფრო დიდებული და სიცოცხლით აღსავსე გახდა. გვიანანტიკური ხანის პოეტ ტრიფიოდოროსთან ცხენს ცეცხლისფერი ამეთვისტოს და ზურმუხტისფერი ბივრილის თვალები აქვს, რომლებიც სიცოცხლეს ასხივებენ, ძოწისა და ოქროს ფაფარი ამშვენებს – მოკლედ, ესაა ფერების ნამდვილი კალეიდოსკოპი, რომლისგანაც უმალ აჭიხვინებას და ფლოქვების თქარათქურს მოელიან. ვაღიაროთ, რომ გარეგნულად ეს მართლაც შთამბეჭდავი ცხენია. მაგრამ ჰომეროსის მრისხანე დიდებულებით აღსავსე ხის ცხენისგან, რომელიც ბევრად უფრო იდუმალი და შემაშფოთებელია, ამ განსაკუთრებული პოეტური შთაბეჭდილებისგან აქ უკვე ბევრი არაფერი შემორჩენილა. ასეთ დროს საკუთარ თავს ეკითხები, ფერადი ტელევიზორის გამოგონება მართლა პროგრესი იყო თუ – არა.

           ბოლოს მინდა, დროშიც და სივრცეშიც ხის ცხენის ასეთი მასშტაბური ზემოქმედების ისტორიიდან მხოლოდ ორ თანამედროვე მაგალითს შევეხო, ინფორმატიკასთან და მედიცინასთან დაკავშირებულს. მაგალითად, იმუნოლოგიაშიც და სხვა სამედიცინო დისციპლინებშიც ლაპარაკობენ „ტროას ცხენის მექანიზმზე”. მაგალითად, კიბოს თერაპიაში ეს ნიშნავს კიბოს უჯრედებში კიბოს საწინააღმდეგო აგენტების შეყვანას. ამ დროს აღნიშნულ აგენტებს უკავშირებენ სატრანსპორტო ცილას, რომელიც მერე უჯრედში აღწევს და ადგილზე შეუძლია სიმსივნესთან გამკლავება. სავაქცინო ტექნოლოგიაც იყენებს „ტროას ცხენის მექანიზმს”.

            მაგრამ ტროას ცხენის სურათ-ხატის ამ სამედიცინო გამოყენებაზე უფრო ცნობილია „ტროელი”, ანუ ვირუსი, რომელსაც კომპიუტერზე თავდასხმა და მისი დაზიანება შეუძლია. ამ შემთხვევაში საქმე ეხება საზიანო პროგრამას, რომელიც სასარგებლო კომპიუტერულ პროგრამად შენიღბული, დაფარულ რეჟიმში ახორციელებს თავის მავნებლურ მოქმედებას.

            ეს ორივე დასახელება იმას უკავშირდება, რომ ჰომეროსის ხის ცხენს მოგვიანებით, პირველ რიგში რომაულ ხანაში, „ტროას ცხენს” უწოდებდნენ, და ეს სახელდება ჩვენს დროშიც დამკვიდრდა. ასეთი აღნიშვნის უადრეს მტკიცებულებას ლათინურ ლიტერატურაში მივაგენი. ეს არის ჩვ. წ.-მდე მე-3 საუკუნის მეორე ნახევრის რომში მცხოვრები ბერძენი ავტორის, ლათინური ლიტერატურის მესაძირკვლის, ლიბიუს ანდრონიკუსის ტრაგედია სახელწოდებით - Equus Troianus

            ცხადია, ბოლომდე გამართლებული არ იქნება, ამ ცხენის „ტროას ცხენად” სახელდება, რადგან ის ააგეს და გამოიყენეს ბერძნებმა, რომლებიც ჰომეროსთან აქაველებად, დანაელებად ან არგოსელებად იწოდებიან. ასე რომ, უფრო ადეკვატური იქნებოდა, ამ ცხენს მისი მეპატრონეების შესაბამისად თუ მოვიხსენიებდით, მაგალითად ასე: „აქაველთა ცხენი“ ან „დანაელთა ცხენი“. აკი, ვთქვათ, „შვარცვალდური ტვირთმზიდავი“ ცხენის ამ ჯიშს მისი წარმომავლობის ადგილის მიხედვით ჰქვია. თავად ჰომეროსი ასევე იყენებს ცნებას ἵπποι Τρῳαί, „ტროაული ცხენები“ (ილიადა 16, 393 და 23, 291), მაგრამ ამაში გულისხმობს, სწორედ ეს-ესაა თქმულის სულისკვეთებით, „ცხენებს ტროადან“. „ტროას“ ცხენს კი ჰომეროსი ყოველთვის მოიხსენებს, როგორც „ხის“ ცხენს, და, მის კვალად, ბევრი ბერძენი ავტორიც ასე იქცევა. შესაბამისად, სრულიად გამართლებული იქნებოდა ის, რასაც ონლაინძიებისას ყოველდღიურ მეტყველებაში „ფედერალურ ტროელს“ ეძახიან, „ფედერალურ დანაელად“ აღნიშნულიყო.

             ათასწლეულთა გავლით ეს მოკლე ჯირითი მოწოდებულია იმის საჩვენებლად, თუ რას ეხება სინამდვილეში საქმე ტროას ცხენის შემთხვევაში – რომ ზოგჯერ მოცდა, დაყოვნება, რაღაცის სკეპტიკური ხედვა და განჩხრეკა, შესაძლოა, სიცოცხლის გადამრჩენი საშუალება აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ - როცა საჩუქრის სახით თავს გვახვევენ უცნობ ცხენს, რომელსაც დიდი მუცელი აქვს.

 

          თარგმნა დათო ბარბაქაძემ

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE