1.
გაბრაზებული მძღოლი რაღაცას ამბობდა. ბნელოდა, ძილ-ღვიძილში მყოფი ანუში ძნელად არჩევდა რეალობას სიზმრისგან. მარჯვენა მკლავი ისევ სტკიოდა. ძლივს გაისწორა და მოხერხებული მდგომარეობა მოუძებნა. ისევ გაახილა და დახუჭა თვალები. ესე იგი, შვილი, რძალი და შვილიშვილი დაესიზმრა. თვითონ კი აქაა და მარტოდმარტო. მანქანა ცარიელია. მგზავრები მის გვერდით აღარ არიან. მძღოლიც არაა. ახლა უნდა გაარკვიოს, სად არიან და რატომ გაჩერდნენ. ხო, ალბათ, საზღვართან არიან უკვე. ფანჯრის მინა ჩამოწია და თავით შევიდა სიბნელეში. წინ და უკან ბევრი მანქანა იყო ჩამწკრივებული – დიდი და პატარა, მსუბუქი და სატვირთო, ავტობუსები, ტაქსები. საგუშაგოსთან იდგნენ და ზემოთ დიდი ასოებით ეწერა «РЕСПУБЛИКА СЕВЕРНАЯ ОСЕТИЯ - АЛАНИЯ».[1] როგორც იქნა, გაიღვიძა, კარი გააღო და ჩასვლა სცადა. სწორედ მაშინ დაბრუნდნენ მძღოლი და დანარჩენი მგზავრები. დასხდნენ და სანამ მძღოლი მანქანას მოაბრუნებდა, უკან – ყაბარდო-ბალყარეთისკენ რომ დაბრუნებულიყო, ანუშმა მგზავრებისგან სცადა ვითარების გარკვევა.
– რა მოხდა?
– არაფერი, საგუშაგოს იქით არ გვიშვებენ. ამბობენ – ნე ველენო. ამბობენ: საზღვარი დაიკეტა, და მათ ზემოდან, საგუშაგოს მეორე მხარეს მანქანების არ გაშვების განკარგულება მიიღეს, – თქვა გვერდით მჯდომმა სამოცს გადაცილებულმა, გაპარსულმა და კოპწია მამაკაცმა.
– ვაიიიი, კი მარა, რატო? – იკითხა ანუშმა და თან მობილურის ეკრანზე საათი შეამოწმა.
– რატოს არ ხსნიან – ნე ველენო.
მობილური იუწყებოდა, რომ 2014 წლის 21 აგვისტო, 00:30 საათი იყო.
– კი, მარა, რატო დაიკეტა? – აგრძელებდა ანუში.
– რავი, ლარსია, ვინ იცის, რატო დაიკეტა. ესენი კიდე ხო ხალხი არაა, ამათგან ვერაფერს გაიგებ. – უპასუხა მძღოლის გვერდით მჯდომმა გაუპარსავმა მგზავრმა.
მანქანა მოაბრუნეს და გზის პირას ჩამწკრივებული მანქანების სიმრავლეს შეუერთდნენ.
– დილამდე აქ დავრჩეთ, მერე ვნახავთ, რას ვშვრებით. – შეატყობინა მანქანის მძღოლმა.
– ვაიმეეე. ესე იგი, მე ჩემი შვილიშვილის ქეიფს ვერ მივუსწრებ? – შეწუხდა ანუში.
მამაკაცები გარეთ ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და ეწეოდნენ. ქალები მანქანებიდან არ გადმოდიოდნენ. ანუშს ტაქსის კარი გაეღო და დასიებული ფეხები მანქანიდან ჩამოეკიდა. გვერდით მჯდომი კოპწია მამაკაცი დაბრუნდა.
– ამბობენ, რომ საზღვრის ქართულ მხარეს ხმაური იყო, რის შემდეგაც ქართველმა მესაზღვრეებმა საგუშაგო დატოვეს და გაიქცნენ. სინამდვილეში რა მოხდა, არ იციან. ესეც სატვირთოების მძღოლებმა გაარკვიეს მათ წინ მდგომ მეგობრებთან დარეკვით.
– აბა, ახლა რა უნდა ვქნათ? – იკითხა ანუშმა.
– არავინ არაფერი იცის. ოსებმა საგუშაგო სულ რაღაც ათი წუთის წინ გადაკეტეს. დილამდე დავიცადოთ – გავიგებთ, – უპასუხა მამაკაცმა, მანქანაში მოკალათდა და გააგრძელა, – უკაცრავად, როგორ მოგმართოთ?
– ანუში მქვია, ღაფანიდან ვარ, მაგრამ ერთი ათი წელია, რაც სოჭში ვცხოვრობ.
– მოხარული ვარ. მე ლევონ სერგეევიჩი ვარ.
– შენც სოჭში ცხოვრობ?
– არა, რამდენიმე დღით ვიყავი სოჭში, კავკასიოლოგიურ კონფერენციაზე ვმონაწილეობდი, კავკასიოლოგი ვარ.
– ვაი, ბოდიში... ბოდიში, ლევონ სერგეევიჩ ჯან. ანუ თქვენ ყველას შესახებ იცით? ყაბარდოელების, ოსების, ჩეჩნების?..
– დიახ, ეს ჩემი პროფესიაა. – გაიღიმა ლევონ სერგეევიჩმა.
– მართალს ამბობენ, რომ ოსები და სომხები მეგობარი ხალხები არიან?
– ოსები ალანების შთამომავლები არიან, ალანებს კი ირანული წარმოშობა აქვთ. ამ თვალსაზრისით, დიახ, ისინიც ჩვენსავით ინდოევროპელები არიან და განსხვავდებიან კავკასიური წარმოშობის ხალხებისგან.
– ამიტომ იჩხუბეს ქართველებთან? – აგრძელებდა კითხვებს ანუში.
– წარმოშობის განსხვავება მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია. მეორე, რა თქმა უნდა, არის ამ წარმომავლობის მანიპულირების უნარი.․․ აი, ნახეთ, წერია ყაბარდო-ბალყარეთი, რატომ?.. რადგან ხალხების მამა სტალინმა კარგად იცოდა, როგორ დაეყო და ებატონა. ყაბარდოელები და ბალყარელები ორივე კავკასიური წარმომავლობის ხალხია, მაგრამ ყაბარდოელები კავკასიურ, ხოლო ბალყარელები თურქულ ენაზე საუბრობენ. თურქული ენები გავრცელდა ბოლო შვიდასი-რვაასი წლის განმავლობაში და ამ ენებზე საუბრობენ ბალყარელები და ყარაჩაელები. ყაბარდოელები და ბალყარელები გააერთიანა ერთ ავტონომიაში, მართვა რომ შესძლებოდა, ხოლო ჩერქეზები, რომლებიც ყაბარდოელთა მონათესავე ხალხია, ყარაჩაელებთან გააერთიანა. ერთი მხრივ, იდენტობით ახლობელი ხალხები დააშორეს, მეორე მხრივ, სხვადასხვა იდენტობის და შეხედულებების მქონე ხალხები გააერთიანეს. სანამ ისინი თავიანთი შიდა პრობლემებით იქნებიან დაკავაბულები, ზევით მყოფ მმართველთა საქმე გაიოლდება. მოკლედ, დღევანდელი რუკა პოლიტიკური დაგეგმვისა და ხედვის აგების შედეგია. დაგეგმვა, რომელიც გავლენას ახდენს ხალხებისა და ადამიანების ბედზე.
ანუში ჩუმად იყო. ღამის სიბნელეში ახლაღა დაიწყო რაღაცების გარჩევა და ახლა, ფართოდ გახელილი თვალებით უყურებდა ჩამწკრივებული და ახლადმოსული მანქანების ნომრებს – სომხური, ქართული, აზერბაიჯანული, რუსული. მანქანები მოდიოდნენ და მოდიოდნენ. მკლავი ისევ სტკიოდა. ჩანთა გახსნა: პარკი ამოიღო, გახსნა და მგზავრების გამასპინძლება დაიწყო.
– ჩემი გაკეთებული ჩირია. მიირთვით. ჩემი ხელით გავაკეთე. მართალია –რუსეთის ხილი სომხეთის ხილივით ტკბილი არაა, მაგრამ მომჟავოა, კარგია.
მძღოლმა აიღო. ლევონ სერგეევიჩმაც. პირისპირ მჯდარი, გაუპარსავი მგზავრი გარეთ ეწეოდა. ლევონ სერგეევიჩის ახლოს ახალგაზრდა ბიჭი იყო. აფორიაქებული ბოლთას სცემდა. ანუშმა ჩირიანი პარკი გაუწოდა.
– შვილო, გასინჯე, ჩემი გაკეთებულია.
ახალგაზრდამ დარცხვენილი მზერით შეხედა ანუშის გაწვდილ პარკს და ერთი ჩირი აიღო.
– ძალიან გამხდარი ხარ, შვილო, ჭამე, ცოტა ფერზე რომ მოხვიდე. – პირის ცმაცუნით უთხრა ანუშმა.
2.
უდაბური ტყე იყო. ბილიკი ქვევით მიდიოდა. ის ბილიკს მისდევდა. მიწა ნესტიანი იყო, ფეხსაცმელები ტალახისგან დამძიმებული. მირბოდა, ეცემოდა, დგებოდა. ბილიკის ბოლომდე მივიდა. უღრანი ტყე იყო, ბოლო არ უჩანდა. სულის მოსათქმელად დაჯდა. ჰა? სადაცაა დაბნელდება, ის კი გზას ვერ პოულობს. არადა, ეს ტყე ხუთი თითივით იცის. ბავშვობაში რამდენჯერ მოსულა აქ – მწვანილეულის, მაყვლის, შვინდისა და მსხლის მოსაკრეფად. ყველა კორომი და ხე, ყველა ნაკადული და მდელო ნაცნობი იყო. სული მოიბრუნა. გაოფლიანებულიყო და ახლა ხეების ჩრდილში სიცივემ აიტანა. თავიდან ფეხებამდე ტალახსა და ოფლში იყო ამოსვრილი. ქარი ფოთლებს აშრიალებდა. ხელი გამოსწია ჯოხის ასაღებად, ხელჯოხი რომ გაეკეთებინა და ბილიკს გაჰყოლოდა გზის მოსაძებნად. ჯოხი ტალახში ჩაესო და აღარ ამოდიოდა. დაბნეული აქეთ-იქით იყურებოდა. მისი ბილიკია, მისი ტყე. მშობლებმა ახლა სახლში ერთმანეთს დასცხეს და ანუშს ელოდებიან. მამას კარგი გადაკრული ექნება უკვე, ბიჭები სახლიდან გაგდებული და დედა ნაცემი ეყოლება – ერთი გოგო ვერ აღგიზრდია წესიერად, დილიდან ტყეშია წასული, სადაცაა დაბნელდება, ჯერ არ მოსულა, მისი მაყვლის იმედად დავრჩით, მაგისი გაყიდვის დროც გავიდა. ეჰ, ვინ იცის, დედა, სუნთქვაშეკრული, ერთ კუთხეში მოკუნტული, ანუშის ტყეში მარტოდმარტო გაშვების საათს წყევლის. ანუში კი ამ დროს ტალახში ამოგანგნილა, თვალი მზის სხივსა და მწვანე ფოთლებზე უჭირავს და გზას ვერ იხსენებს. ბავშვობის მოგონებები ერთმანეთშია არეული. თვითონ სხვადასხვა დროშია დაკარგული. ვერ ხვდება, სად არის, როდის. მკლავში ძალა არ აქვს, ის წყეული ხის ნატეხი რომ მოგლიჯოს და ხელჯოხი გააკეთოს. მკლავის აწევა უნდა, არ იწევა.
– ქალბატონო, ქალბატონო…
– ჰა, ვაი-ვაი-ვაი-ვაი, ვაიმე, დედა.
– ქალბატონო, ქალბატონო, ჰმ, ქალბატონო ანუშ!
ეს სადაა? ოფლი ზედ შეაშრა. მკლავზე ექაჩებიან. სადაა მკლავი? მკლავს ვერ პოულობს. დაკარგა. გვერდით მჯდომი კოპწია მამაკაცი ანჯღრევს.
– ქალბატონო ანუშ, გესმით ჩემი?
– ხო… სად ვარ? ჩემი მკლავი სად არის?
– რუსეთში ვართ, ჩრდილო ოსეთის საზღვარზე. შუაღამიდან აქ ვდგავართ, არ გაგვიშვებენ. ჩაგთვლიმათ. ალბათ, ცუდი სიზმარი ნახეთ. სიზმარში ლაპარაკობდით, ყვიროდით: დედი ჯან, დედი ჯან, ჩემი მკლავი, ჩემი მკლავი.
– ჩემი მკლავი... ხო, ვაიმე... – მარჯვენა მკლავი თავქვეშ დარჩენოდა. დასიებულიყო. ძლივს გაისწორა. ტკივილს დაბუჟულობაც მიმატებოდა. ხელს ვერ გრძნობდა, – რომელი საათია ახლა?
– თითქმის დილის ექვსი საათია.
ცა უკვე გაწითლებულიყო და ღამით ძლივს გამოკვეთილი მანქანები ახლა კარგად ჩანდნენ. დილის სუფთა ჰაერს მონატრებულმა ანუშმა კარი გააღო. მზის სიწითლესთან ერთად მანქანაში შარდ-ბენზინ-სიგარეტის სუნების რეალობა შევიდა. მანქანებს ბოლო არ უჩანდა. მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ღამე გზაზე გაათენეს. ტუალეტი არ იყო და ხალხი გზის პირას იკმაყოფილებდა საჭიროებებს. შარდის სუნი ისეთი მძაფრი იყო, რომ ყველა სხვა სუნს ფარავდა. ანუში ზიზღით გადმოვიდა მანქანიდან. ადგა, გასწორდა და მიხვდა, რომ სიზმარში ტალახში ამოგანგლვა მოშარდვის სურვილი იყო. კიდევ კარგი, არ ჩაიფსა. ამ აზრისგან სახეზე განთიადის ფერი დაედო. შარდის ბუშტის დასაცლელად ადგილის ძებნა დაიწყო. გზაზე მხოლოდ კაცები იდგნენ. ქალები მანქანებიდან არ გადმოდიოდნენ. მაგათი საქმე მარტივია, ზურგით მოგიბრუნდებიან, ამოიღებენ პალოს და გზის პირს რწყავენ. განსაკუთრებით ღამით, ვერც კი შეამჩნევენ. რა ქნას? ერთი ბუჩქისმაგვარიც კი არაფერია. სად ჩაიკუზოს? როგორ ჩაიკუზოს? ის წყეული ოთხმოცდაათიანი წლები იყო. ქმართან ერთად შიკაჰოღის სოფლებში ვაჭრობდნენ. ვაჭრობა რომელია? საქონლის გაცვლა. ქილები მიჰქონდათ, სანაცვლოდ სურსათს იღებდნენ და ღაფანში ყიდდნენ. მთელი წელი ასე არჩენდნენ ოჯახს. იმ დღეს სოფლიდან გვიან გამოვიდნენ. შუაღამისას მინგრეულ-მონგრეული ტყის გზა იყო, ის და ქმარი თავიანთი ძველი ვილისით.
– შენი ჭირიმე, აქ გააჩერე, ვკვდები, ვეღარ ვითმენ. გამისკდება ეხლა.
– ქალო, ამ შუაღამისას, ტყეში გაგიჩერო, მგლის ლუკმა რომ გავხდეთ?
– ვერ ვითმენ, ჩავიფსამ. გააჩერე ერთი წამით, გავიდე.
ერთი საათი მაგაზე ლაპარაკობდა. ბოლოს გაუჩერა. ანუში გადავიდა, ხეებში მიიმალა. ძლივს ჩაკუზულიყო, მათი მანქანა ადგილიდან რომ დაიძრა. შარდის ნახევარი ზედ დაესხა. ტრუსიკი წესიერად ვერც კი აიწია – ქვედაბოლო ჩამოიწია და მანაქანას გაეკიდა. რაღა ექნა? მანქანა სადღაც შორს გაუჩინარდა, თვითონ მარტოდმარტო დარჩა ტყეში. ასე სველი ტანსაცმლით, აცრემლებული, გაშტერებული, შეურაცხყოფილი, დამცირებული იდგა შუა გზაზე. ამაზე დამცირებული ბოლოს ალბათ ოცდაათი წლის წინ იყო. ღაფანში ტექნიკუმის სტუდენტი იყო. დაქალებთან ერთად კინოში წავიდნენ. უკანა გზაზე გვიანი იყო და ბნელოდა, როცა მომავალმა მეუღლემ თანასოფლელებთან ერთად მოიტაცა ანუში. მანქანა გაჩერდა, სწრაფად გადმოვიდა ოთხი კაცი, ანუშს ხელ-ფეხი გაუკავეს და სანამ დაქალები აურზაურს ატეხდნენ, მანქანაში ჩატენეს. მერე ხმელი პალო იყო, რომელიც ვერც კი ნახა ბოლომდე, მაგრამ რომლისგან შიგნით ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ გაეხა, დაემსხვრა. სირცხვილისგან, ტკივილისგან, დამცირებისგან ორი კვირა გონზე ვერ მოდიოდა. ოთახში ჩაკეტილი არც ჭამდა, არც სვამდა, არც ლაპარაკობდა. შიგნიდან და გარედან მთლიანად ჭრილობებში იყო. თუ როგორ წაშალა ეგ ჭრილობა, ამოიღო, დაივიწყა, თვითონაც არ იცოდა, მაგრამ იმ ღამით ტყეში ფისისა და ცრემლის მარილმა ჭრილობა გაუხსნა და სიმწარე აჭამა ანუშს. ტყუილია, არაფერიც არ შუშდება. შენ რაც არ უნდა დაკეცო და უმნიშვნელო წერტილად აქციო და ტვინის ყველაზე ბნელ, ყველაზე შორეულ კუთხე-კუნჭულში ჩათხარო. წაშალო, დაკერო-დაკემსო, მიბლანდ-მობლანდო, კარგად დაკერო, მოიშუშო, გაახმო, დაივიწყო. შუქი ჩაუქრო, თვალები დახუჭო, არ შეიმჩნიო, შენი ცხოვრება იცხოვრო, გვერდით ჩაუარო, ათწუთიანი სექსით დაკავდე, ხმელი პალო შენით დაასველო, შენი ქმრის ხუმრობებზე გაიცინო, შვილებით გაიხარო, ცხოვრებით დატკბე. მაინც, იმ ბნელ კუნჭულში დამალული შესაფერის დროს ელოდება, რომ გაიხსნას შედედებული სისხლის და ჩირქის ამოსანთხევად, შენი სიცოცხლის მოსაწამლად. როგორ ეწვის, როგორ ეწვის. მარილიანი ცხარე ქვითინით. ზუსტად ახლა, მის თვალწინ ღრმა ხვრელიდან ამოვიდა, გაიზარდა და ამ წამს მთელი თავითა და სხეულით ის ძველი, ოცწლიანი შეურაცხყოფაა-შიგნით დარჩენილი ტკივილით, აუყვავებელი, ფიქრებით აბორტგაკეთებული, ცხრამეტწლიანი ვაჟიშვილის სახით თავისი სახლის ჭრაქი – თესლი. მერე შემთხვევითი მანქანა იყო. თანასოფლელი გამოდგა. რა მოეფიქრებინა? ამ შუაღამისას როგორ აღმოჩნდა მარტოდმარტო ტყეში? სანამ თვითონ იგონებდა, მანქანა გაჩერდა. პირდაპირ შუქს ანათებდა. მათი ვილისის ფარები იყო. უკან მობრუნებულიყო. ჩამოვიდა მანქანიდან. იცინოდა: ,,ფიქრებით ვიყავი გატაცებული, ვიფიქრე, ანუში უკვე ჩაჯდა, ამიტომ დავიძარი და წავედი’’.
მთელი გზის განმავლობაში დუმდნენ. პოჩამბართან ანუში უკვე იცინოდა. ხმამაღალი, სველი, მარილიანი სიცილით.
აქ კი არც ტყეა, არც ხე და არც ბნელა. მაგრამ უკვე ბევრი გაევლო. ბოლოს და ბოლოს მანქანების წყება დამთავრდა. ცოტაც გაიარა. გზის პირას ერთი-ორი ბუჩქი იყო, ბუჩქებს უკან მოხეტიალე, გაძვალტყავებული ძაღლი. ქვა აიღო, ძაღლს ესროლა, ჩაიკუზა, თვალი გზატკეცილზე ეჭირა, შემთხვევით ვინმე რომ არ გამოჩენილიყო. სწრაფად აიწია ტანსაცმელი, ადგა, შემსუბუქებულმა ამოისუნთქა. არა, მკლავის ტკივილი არ წყდებოდა.
3.
– ახლა ველაპარაკე ერევანში, ჩვენებმა ინტერნეტით ნახეს. თურმე, ყაზბეგის მწვერვალიდან თოვლ-ყინული მდინარეში ჩამოვარდნილა, მდინარე აადიდა, ნაპირებიდან გადმოვიდა და გზა ქართულ საგუშაგოსთან ერთად მოგლიჯა და წაიღო. ამბობენ, რომ უახლოეს საათებში გაირკვევა, თუ რამდენ ხანში შეძლებენ მგზავრობის აღდგენას. – ამბობდა ლევონ სერგეევიჩი.
– რა უნდა ვქნათ? – იკითხა ანუშმა.
– ცოტა უკან გადავიწიოთ, ხეების ქვეშ დავდგეთ, დაველოდოთ, ვნახოთ, რა იქნება. – თქვა მძღოლმა.
დანარჩენი ორი მგზავრიც დაეთანხმა. სხვა ინფორმაცია არ იყო. ჩამწკრივებული დიდი და პატარა, მსუბუქი და სატვირთო მანქანების რიცხვი უკვე ასობით იზრდებოდა. გზაზე მდგარი მძღოლები და მგზავრები გზის პირის ჯიხურებში ყავას და ჩაის სვამდნენ, მზესუმზირას აკნატუნებდნენ და ბჭობდნენ. ისინი, ვისთვისაც ეს მდგომარეობა სიახლე არ იყო, შესაძლებელ გამოსავალს სთავაზობდნენ. მათი მძღოლი სატვირთოების მძღოლებთან სალაპარაკოდ მისულიყო. არც ისე დიდად ინფორმირებული დაბრუნდა.
– საგუშაგოზე თქვეს, რომ ახლა სიტუაციას აფასებენ. რამდენიმე საათში გაირკვევა, რა მოცულობის სამუშაოა და რამდენი დრო დასჭირდება. ყველაზე რთული სატვირთოების მდგომარეობაა, განსაკუთრებით საზღვრის მეორე მხარეს, ახალი, მალფუჭებადი სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოაქვთ.
უკან დაბრუნებისას შენიშნეს, რომ აზერბაიჯანული, ქართული და რუსული ნომრით მანქანები თითქმის აღარ იყო. მხოლოდ სომხურები დარჩენილიყო.
– იმათ ალტერნატივა აქვთ. დაღესტნით წავლენ, ზოგი აზერბაიჯანში, ზოგი საქართველოში. ჩვენ ვართ, თმის ბეწვზე რომ ვკიდივართ. და ეს თმა ნებისმიერ წამს შეიძლება „ვაბშე“ გაწყდეს, – თქვა მძღოლმა.
– ბოლოს და ბოლოს ჩემი თვალით ვნახე, როგორ მუშაობს პრაქტიკაში ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობა. ერთ დღეს ქართველებმა ლარსის ჩაკეტვა რომ გადაწყვიტონ, ჩვენ ტყვედ ჩავვარდებით. სტრატეგიულ პარტნიორთან ერთადერთი კავშირი მე-18 საუკუნეში დაგებული военно-грузинская дорога არის,[2] თქვა ლევონ სერგეიჩმა.
– ნოვოსიბირსკიდან ბორანით ფოთში შეგვიძლია ჩასვლა, – პირველად ჩაერია ლაპარაკში წინ მჯდომი გაუპარსავი მგზავრი, – მე ერთხელ მასე წავედი. ლარსი მაშინაც გადაკეტილი იყო, ხოპანის[3] სეზონი დამთავრებული იყო და სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. თანაც, ჩემი მანქანით. იმ წელს კარგად მიმდიოდა საქმეები, ბიჭს მანქანა ვუყიდე, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, ეგ ბორანი ყოველდღე არ დადის, თანაც იაფი არაა და ლარსი რომ იკეტება, ფასები უფრო ეწევა.
– ძმაო, ნუ ითარსები, – სიგარეტის ფანჯრიდან სროლით თქვა მძღოლმა, – მე აქ მაგდენი ხნით დამრჩენი არ ვარ.
– აჰა, კავკასია ჩემს ფეხქვეშაა, მე მარტოდმარტო ვარ ზემოთ... აქ ხეები ჩანს, არ გავჩერდეთ? – იკითხა ლევონ სერგეევიჩმა.
გაჩერდნენ, ჩამოვიდნენ. ვისაც რა ჰქონდა, ამოიღო. სანამ მამაკაცები ოდნავ მოშორებით საჭიროებას იკმაყოფილებდნენ, მერე კი ეწეოდნენ, ანუშმა საველე სუფრა გაშალა. ხალისით დაჭრა კიტრი. მოხარშული ქათამი დაყნოსა, შეამოწმა, მერე დაჭრა. ყველი გახსნა. ლავაში, პური. ერთი სიტყვით, ლამაზი, საკადრისი შინაურული გემრიელი სუფრა გამოვიდა – ფოლგით მარილი, მოხარშული კარტოფილი, მწვანილიც ზედ მიყოლებული. კაცებს დაუძახა. დასხდნენ, დაიწყეს ჭამა.
– არაყი აკლია, – თქვა ხოპანჩიმ.[4]
ანუშმა ხოპანჩის შეხედა. მანქანასთან მივიდა, მძღოლს საბარგულის გახსნა სთხოვა. გატენილი კუბოკრული სამგზავრო ჩანთა გადმოიღო. გახსნა და მინერალური წყლის ბოთლი ამოიღო.
– აიღე, ჩემი გამოხდილია. შინდია. – შვილს წამოუღო. არა უშავს, ერთი ბოთლი კიდევ არის. თითო-თითო ჭიქა გადაკრეს. გაწითლდნენ. ცხოვრება შემსუბუქდა. მხოლოდ ახალგაზრდა არ ყვებოდა არაფერს. გატრუნული ჭამდა. არაყს არც კი მიეკარა.
– შვილო, დალიე. ყველაფერი კარგად იქნება.
– რა იქნება კარგად? – იკითხა ახალგაზრდამ.
– რასაც ახლა განიცდი, – ჩაერია ლევონ სერგეევიჩი, – ცხოვრება ყველაფერს თავის ადგილას აწყობს. ცხოვრება ამ გზასავით განიერია, მთავარია, გული გქონდეს განიერი. შენი ასაკის რომ ვიყავი, უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე ჩავიჭერი და მთელი სამყარო შავად მეჩვენებოდა.
– ხო, მეც მაგას ვამბობ, ლევონ სერგეევიჩ ჯან, – დაამატა ანუშმა, აგერ, მე აქ ვდარდობ, იქით მავიწყდება. ცხოვრება ლამაზია. ცხოვრება თავისას ამბობს. ახალგაზრდები მაგას ვერ გაიგებენ. როგორ ავხსნა. ორმოცი წლისა ბრმანაწლავის მწვავე შეტევით საავადმყოფოში წამიყვანეს. ისე ცუდადა ვარ. მწვანე ფერი მადევს. მუცელი ჩირქით მაქვს გატენილი. ექიმები არანაირ იმედს არ იძლევიან. მეც, ცოტა მეუხერხულება თქმა, მაგრამ შვიდი თვის ფეხმძიმე. ოპერაცია გამიკეთეს, მორჩნენ. სიცხე არ მეწევა. შლანგებმიბმული ბოქსში ვწევარ. თეთრხალათიანები მოდიან, შემომხედავენ, თავებს აქნევენ, მიდიან. არავინ ამბობს ერთ ადამიანურ რამეს. ვწევარ. ვიწვი. შიგნიდან და გარედან ცეცხლი მიკიდია. ვფიქრობ, როგორ გამოვემშვიდობო ამ სამყაროს. ყველაფერი თვალწინ მიდგება. კარგი და ცუდი. ცუდი სულ არ მახსენდება. მე ცუდს ყოველთვის ერთ ღრმა კუთხე-კუნჭულში ვაბინავებ ხოლმე, რომ არ ვნახო. იმ მომენტშიც საერთოდ აღარ მახსოვდა. თვალწინ ლამაზი ბიჭები მიდგანან, ჩემი სახლ-კარი, ჩემი ხელით მოყვანილი სუფთა, კოპწია ბაღი, ზამთრის ლობიოს საჭმლის სუნი, გაზაფხულის პირველი ჟენგიალი,[5] აივანზე გამოფენილი ჩირები და მჟავე ლავაში. ეხლა რა, ეს ყველაფერი აღარ უნდა ვნახო? ეგრე როგორ იქნება? მერე ისე ცუდად ვარ, რომ თვალწინ ვეღარაფერს ვხედავ. არაფერი ჩანს. ერთი სიტყვით, შვილო, რამდენიმე დღე უგონოდ ვიწექი. ეგ მერე მითხრეს, მე არაფერი მახსოვს. იმ დილას, თვალი რომ გავახილე, თვალი ფანჯრისკენ გამექცა. თუთის ხე იყო. ზედ ფანჯრის ქვეშ. მწვანე, მწვანე. მზე ფოთლებს ეთამაშებოდა. ქარი ტოტებს ფანჯრებზე არხევდა, ის ხე თითქოს მეძახდა, მეუბნებოდა: ანუშ, შენი დრო არაა. იმ ხის ფოთლის მოტანა ვთხოვე, მაგ ფოთლის ყველა ძარღვი ვნახე, დავყნოსე და მაგ ხემ გადამარჩინა, იმ ხემ მომაბრუნა ამქვეყნად. შვილო, ეს იმიტომ მოვყევი, რომ ეგ ხე და ცხოვრება, ეგ სიმწვანე და სიცოცხლე, სიცოცხლე შენ ხარ, მე ვარ, ეს გზაა, შენი სისხლის მამოძრავებელი ეს არაყია.
ახალგაზრდა დაბნეული უყურებდა ანუშს. ლევონ სერგეევიჩიც. ანუში ადგა, კალთა დაიფერთხა.
– ჩემთვის დალევა არ შეიძლება. ვსვამ და ჩემი ცხოვრების მოყოლას ვიწყებ, –ხმამაღლა გაიცინა, – შვილო, იმ მწვანე ხის დამსახურებით დაბადებული შვილისხელა ხარ. იმის თქმა მინდა, რომ გინდ იფიქრე, გინდ არა, მაინც ყველაფერი კარგად იქნება. შენ ყველაფერში მწვანის დანახვა ისწავლე.
დაიწყო სწრაფად „სუფრის“ ალაგება. ხოპანჩი და მძღოლი ცალკე იდგნენ და ეწეოდნენ. ლევონ სერგეევიჩი ყურადღებით უყურებდა ანუშს.
4.
საგუშაგოზე რომ დაბრუნდნენ, მხოლოდ სომხური ნომრით მანქანები დარჩენილიყო. საგუშაგოსთან დიდი ბრეზენტის კარავი იყო გაშლილი. ორი თეთრი 07 იდგა, МЧС[6]-ის ნიშნით. მანქანების წინ ერთი МЧС-ის ფორმიანი ОРТ[7]-ს ინტერვიუს აძლევდა არსებული მდგომარეობის შესახებ. ატყობინებდა, რომ ისინი იქ არ არიან, კარავი გაშალეს, რათა ხალხი შევიდეს, დაჯდეს, დაისვენოს, მზეს თავი შეაფაროს, ჩაი და ყავა დალიონ. ანუში კარვიდან შემოვიდა. სიცარიელე იყო. არაფერი არ იყო. ცარიელი კარავი ბინძურ ასფალტზე. და შარდის სუნი. ეგაა. ტელევიზორით სხვა რამეს ამბობენ, ლამაზ სურათს აჩვენებენ, სინამდვილე კი სულ სხვაგვარია. მისთვის ეს ახალი ამბავი კი არ იყო. საბჭოთა კავშირის დროს, კომბინატში რომ მუშაობდა, მათ შესახებ ლამაზ-კოხტა გადაცემებს ამზადებდნენ. ისინი კი წელიწადში ორჯერ სამკურნალოდ მიჰყავდათ. ყოველ დილას რძეს აძლევდნენ. და ქალებს რიგრიგობით აჭრიდნენ ძუძუებს. პირველი მისი მეზობელი რიმა იყო. ორმოცდაათი წლის იუბილე ახალი გადახდილი ჰქონდა, ეგ რომ უთხრეს. დიდ-დიდი, ლამაზი მკერდი ჰქონდა. თვითონაც ფაშფაშა, ქათქათა, ნაჭამ-ნასვამი, მარჯვე ქალი იყო. მარჯვენა ერევანში მოაჭრეს. მარჯვენა იყო თუ მარცხენა? რამდენიმე თვეში ღაფანში დაბრუნდა, თქვა, კომბინატის საჭიროება აღარ მაქვს, ქიმიის დოზა მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მეყოფაო. ინვალიდობის კატეგორია მიიღო და პენსიაზე გავიდა. მერე ერთმანეთის მიყოლებით, ზოგი ქალურით, ზოგი მკერდით, ზოგიც, რა ვიცი, რით. ახლა ვინ მკვდარი, ვინ ცოცხალი. მაგრამ მოსკოვი და ერევანი კომბინატს ისე იღებდნენ, ისე აჩვენებდნენ – ვპერედი პლანეტი ვსეი. ერთხელ მასაც ჩამოართვეს ინტერვიუ – როგორც პერედავიკს. კარგი დღეები იყო. გოგოები, კისკისებდნენ, ხალისით მუშაობდნენ. ოოხ, აბა, ამ კარავში ერთი ადგილი არ ყოფილიყო – ჩრდილში დამჯდარიყო და ყავა დაელია.
– ქალბატონო ანუშ, – ლევონ სერგეევიჩი იყო, – ჩვენ გადავწყვიტეთ, აღარ დაველოდოთ. უკვე ცხადია, რომ უახლოესი ათი დღის განმავლობაში ლარსი არ გაიხსნება. მაგდენი დღის საქმეა გასაკეთებელი. მძღოლი ამბობს, რომ ჩვენი სოჭში უკან წაყვანა შეუძლია. თვითონ ბორანს დაიქირავებს და ბათუმში ჩავა. მე მინდოვი-ერევანი ბილეთის ყიდვა და თვითმფრინავით დაბრუნება მინდა.
– ვაიმე. ჩემი შვილიშვილის ქეიფი. რა უნდა ვქნა? მე შემიძლია სამალიოტით წასვლა?
– თვითმფრინავის ბილეთები უკვე გაძვირებულია. ადგილები შეზღუდული და უახლოესი ორი ფრენა სრულიად გაყიდულია. ზეგისთვის ჯერ კიდევ არის ბილეთი. ძვირია, მაგრამ არის. ფულთან დაკავშირებით პრობლემა თუ არ გაქვთ, შემიძლია ბილეთის ყიდვაში დაგეხმაროთ. შეგვიძლია ინტერნეტით ვიყიდოთ.
– მე სხვა პრობლემა მაქვს. ლევონ სერგეიჩ ჯან, შენ განათლებული კაცი ხარ, შეგიძლია დამეხმარო... მოკლედ, მე საბუთების პრობლემა მაქვს. ჰმმმ... როგორ ვთქვა. ნუ, ჩემს ქმართან ერთად მოვედით სოჭში და ეგრე დავრჩით. მაშინ ვინ აქცევდა ყურადღებას ქაღალდ-მაღალდს. ეხლა ეს ცვლილებები რომ ჩატარდა, უნდა წარვდგეთ... მოკლედ, ქეიფზე რომ უნდა წავსულიყავი, მითხრეს – კონსულთან მიდიხარ, ეუბნები, რომ საბუთები დაკარგე, ახალ საბუთს მოგცემს, მაგით შეგიძლია ლარსით მშვიდად წახვიდე სომხეთში და მერე დაბრუნდე კიდევაც.
– მერე?
– გასულ კვირას კონსულთან მივედი. მე მიამიტი ქალი ვარ. შევედი და ვუთხარი, რომ დამარიგეს, თქვენთვის მეთქვა, რომ საბუთები დავკარგე. ვთქვი და მანდ მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. გამიმართლა, კონსული გამგები კაცი გამოდგა, გამიღიმა, მაგრამ ბოლოს გამიკეთა და მომცა საბუთები. ეხლა, მე მითხრეს, რომ ლარსით წასვლა ადვილია, მაგრამ სამალიოტით შეიძლება პრობლემა შემექმნას.
– შეგიძლიათ კონსულის მოცემული საბუთები მაჩვენოთ?
– ხო, მანქანაშია, სუმკაში მაქვს.
კარვიდან გამოვიდნენ. ОРТ-ს ახალი მედია საშუალებებიც მიმატებოდნენ. მოსკოვი-ერევნის დიდ იკარუსთან რუხი თავშეყრა იყო. ყვავების ჯგუფივით. უცებ, ჰოპ და ყვავებივით სხვადასხვა მხარეს გაფრინდნენ. ყვირილი, მოკლე თმა, გაუპარსავი სახეები, სისხლის ნაკადები, მათ შუალედებში – მოყაყანე პერეკისის თავიანი ბეღურა. ლევონ სერგეევიჩმა ანუშს მოუბოდიშა და ყვავების ხროვისკენ წავიდა. MЧС-აკენელებმაც მიატოვეს კამერები და იქით გაემართნენ. მილიციელებიც ჩაერივნენ. ყვავები დაშალეს, ბეღურა ქალებმა გაიყვანეს, ტუშფანქარშერეული სახე ცივი წყლით დაუბანეს, წყალი და კაპლი დაალევინეს, გაირკვა – ბეღურაა. ძალიან აღარ ჩაღრმავებულან. ყველა თავისი გზით წავიდა.
– უტიფარი, გაფუჭებული, ბოზი, – იკარუსიდან აგრძელებდა ყვირილს ერთი მსხვილკისერა მამაკაცი.
ბეღურას სახეზე იმდენად ბევრი მაკიაჟი ჰქონდა, რომ ასაკი არ ეტყობოდა. მაგრამ გამოფიტული, გაძვალტყავებული სხეული ჰქონდა და ძალიან გრძელი, თხელი თითები. მაგ თხელი თითებით სიგარეტს მოუკიდა. ანუშმა მანქანიდან თუთის არაყი მოიტანა, ბუტკიდან ჭიქა ითხოვა, პირამდე აავსო და ქალს გაუწოდა.
– აიღე, დალიე, კაპლზე უკეთესად იმოქმედებს.
წითელი პომადის ქვეშიდან სისხლიანი კბილები გამოუჩნდა. ესე იგი, ვიღაცას უცემია. თხელმა თითებმა არაყი აიღო. ერთი ამოსუნთქვით გადაკრა.
– მადლობა.
ანუშმა ჭიქა აიღო, ერთიც დაასხა. ბეღურამ კიდე დალია უსიტყვოდ.
– მოდი, ჩვენს მანაქნაში ჩაჯექი.
– არა, დეიდა ჯან, არ მინდა. დაწყნარდება ეხლა. ეგრეა ყოველთვის. ეჭვიანია. ამჯერად მიზეზი წინმჯდომი ახალგაზრდაა. საჭმელი შევთავაზე.
– არა უშავს. ესე იგი, უყვარხარ. შენი ქმარია?
– ჩემი ქმარია, – სიგარეტის კვამლის ამოშვებით მწარედ გაიღიმა ბეღურამ.
– კი, მაგრამ ძალიან გამოფიტული ხარ, ალბათ, ძალიან გავიწროვებს.
ბეღურა ჩუმად იყო. ეწეოდა. ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული. ლევონ სერგეევიჩი მოვიდა.
– როგორ ხართ?
– კარგად, – მოწია ქალმა.
– ძალადობა არ უნდა იყოს შეწყნარებული.
– ხო, – მოწია ქალმა.
– გამოსავალი ყოველთვის არის.
– ხო, – ისევ მოწია ქალმა, – მაგრამ შენ აქედან წადი, ძალადობა რომ არ მოვიდეს, – უთხრა სერგეევიჩს.
– მართალს ამბობს, ლევონ სერგეევიჩ ჯან. შენ წადი. მამაკაცია, იეჭვიენებს, კარგი დღე არ დაგვადგება, – ჩაერია ანუში.
– კარგი. გთხოვთ, მხოლოდ ის მითხარით, გინდათ თუ არა თვითმფრინავის ბილეთი?
– შენ მანქანასთან მიდი, მოვალ ეხლავე.
სერგეევიჩი წავიდა. ბეღურამ თქვა:
– სამალიოტით წასვლის ვარიანტი არის?
– ხო, მაგრამ ძვირია.
– დედაჩემი ძალიან ავადაა. დღეს-ხვალეზეა, უნდა მივუსწრო. შეგიძლია დამეხმარო, ვეშები ავტობუსიდან ისე გადმოვიღო, იმან რომ არ ნახოს.
– სადაა? ბაგაჟნიკში?
– არა, ჩემი სკამის ქვეშ. ერთი პატარა სუმკაა.
– არ გამოვა ეგრე, ისე ვერ ავიღებთ, რომ არ დაინახოს.
– მოდი, მე გამოვიყვან მაგას ავტობუსიდან, შენ წადი და გამოიტანე.
შეთანხმდნენ. ბეღურამ აიღო ანუშის არყიანი ბოთლი, ბუტკიდან აღებული ჭიქა და სქელკისრიანთან მივიდა. სართულებიანი გინების არშემჩნევით კალთაში ჩაუჯდა, ჭიქა პირამდე გაავსო არყით და გაუწოდა. კისერზე მოეხვია. სიგარეტს მოუკიდა. ერთი თვითონ მოწია, მერე კაცს ჩაუდო პირში. მერე ჩახუტებულები გამოვიდნენ ავტობუსიდან, ქალებისა და მამაკაცების დამსჯელი მზერის ქვეშ. პირდაპირ ტიალი მინდვრისკენ წავიდნენ სასეირნოდ. ანუში ავტობუსში ავიდა, სკამის ქვეშიდან ჩანთა აიღო და გადმოვიდა. როცა წყვილი დაბრუნდა, ანუში მათ მანქანაში ლევონ სერგეევიჩს უკვე საბუთებს უჩვენებდა.
– ვფიქრობ, შეგიძლიათ თვითმფრინავში ჩაჯდობა. მერე კიდევ უკან დაბრუნება. პრობლემა არ იქნება. საბუთები ნორმალურად გაუკეთებიათ, – თქვა სერგეევიჩმა.
– ვაი, მაღარიჩი ჩემზე იყოს, ლევონ სერგეევიჩ ჯან. მაგ ბილეთის ყიდვა როგორ შეგვიძლია? მგონი იმ ძუკნასაც სამალიოტით უნდა გაფრენა.
– კი, მაგრამ რატომ ძუკნა?
– ძუკნასავით იქცევა და იმიტო. წავიდა იმ კაცს კისერზე ჩამოეკიდა ყველას თვალწინ, მაგრამ სინდისი მქენჯნის. ცოდოა, დედამისი ყოფილა ცუდად, უნდა მიუსწროს.
მანქანის ახალგაზრდა მგზავრი მოუსვენრად იყურებოდა აქეთ-იქით.
– შვილო, რითი შემიძლია დაგეხმარო? – ჰკითხა ლევონ სერგეევიჩმა.
– არაფერია, – ახალგაზრდა აშკარად დაბნეული იყო. აჩქარებით დატოვა მანქანა.
– Владей Кавказом, владей Востоком,[8] და დღემდე ასეა, – თავისთვის ბუტბუტებდა ლევონ სერგეევიჩი, – აბა, ჩვენსავით, საუკეთესო შემთხვევაში, რაღაც მიკარგულ-მოკარგული არარატი ავსტრალიაში ან ამერიკაში, ისიც, ვგონებ, სახელს ჩვენთან არავითარი კავშირი არ აქვს. თუ ტიგრანაკერტი. ძნელია სომხეთში ცხოვრება და კლაუსტროფობიის არქონა.
– ჰა, ლევონ სერგეიჩ, რამე თქვი?
– არა, არა. ნახეთ, ის ქალი მოდის. ვნახოთ, რითი შეგვიძლია დახმარება.
ბეღურა მათ მანქანასთან მივიდა.
– დავალევინე-დავაძინე. ჩემი ვეშები სადაა?
– აქაა.
– თქვენს მანქანაში ადგილი არი? შეგიძლიათ, აეროპორტში მეც წამიყვანოთ?
– ახლა მძღოლი მოვა და გავარკვევთ, – თქვა ლევონ სერგეევიჩმა, – მაგრამ სვიაზნოით ვნახე, უახლოესი ფრენა, რომლის ყველა ბილეთი ჯერ არაა გაყიდული, ორ დღეშია, ფასიც ორმაგი აქვს – ათი ათასი რუბლი. შეგიძლიათ მაგდენის გადახდა? და მინვოდში დასარჩენი ადგილი გაქვთ?
– ვაიმე, მიწა დავაყარე მაგათ. ორი დღე? ლევონ სერგეევიჩ ჯან, ერთი ნახე რა, ხვალისთვის ერთი ადგილის ვარიანტი მაინც არაა? ჩემი შვილიშვილი ჯარში მიდის. როგორ ავუხსნა? ეგ ბავშვი ახალი დაბადებული იყო, მამამისი ამერიკაში რომ წავიდა. გაუსაძლისი ცხოვრება იყო. ჩემს შვილს სამსახური არ ჰქონდა. ღაფანში რასაც მოჰკიდა ხელი, ყველაფერი გაწყდა. ძლივს გააკეთეს საბუთები, წავიდა. ეგ ბავშვი ჩემი გაზრდილია. მამამისი თვრამეტი წელია წასულია, სომხეთში ერთხელაც არ ჩამოსულა. საბუთების პრობლემა აქვს. ეხლა ჯარში მიყავთ, რა ვიცი, სად მოხვდება. გესმის? უნდა ჩავიდე.
– კარგი, ქალბატონო ანუშ, ვნახავ ეხლა, იქნებ შევძლოთ რამის მოხერხება.
ბეღურა ბოლთას სცემდა. გამუდმებით ტელეფონზე ლაპარაკობდა და შეშინებული იყურებოდა გარშემო. მძღოლი დაბრუნდა. თავიდან ფეხებამდე აათვალიერ-ჩაათვალიერა. სიგარეტს მოუკიდა. ბეღურამაც სთხოვა.
– შეგიძლია, მეც გამიყოლო? – ჰკითხა მძღოლს, – ძაან მჭირდება.
– უკანა პასაჟირები თუ შემჭიდროვდებიან, ერთი კაცის ადგილს გამოყოფენ, წაგიყვან, ჩემთვის სულ ერთია.
– მე დავუთმობ ადგილს. მგონი სერგეევიჩი იყო. ის ახალგაზრდა ბიჭი ხმას არ იღებს.
– ესე იგი, ასეთი ამბავია – თქვა სერგეიჩმა, – ხვალისთვის ბიზნეს კლასის ერთი ბილეთია დარჩენილი – ოცი ათას რუბლიანი, თუ გადაიხდით, ავიღებ.
ანუშმა გახსნა ჩანთა, საფულე ამოიღო, ფულები დაითვალა, კიდევ ერთხელ დაითვალა, ერთი ქაღალდის ფული დაიტოვა, დანარჩენი სერგეიჩს გაუწოდა.
– აჰა, აიღე.
– ჯერ შეინახეთ ქალბატონო ანუშ, მე ბარათით უნდა გადავიხადო. გადახდა რომ დადასტურდება, მერე მომცემთ, – ტელეფონის ძებნით თქვა ლევონ სერგეიჩმა, – თანაც, რადგან ასეთი რამეების არაფერი გამეგება და ჩემს ანგარიშზეც მაგდენი ფული არაა, გადამხდელი ერევანში მყოფი ჩემი გოგოა. ახლა ვეტყვი, რომ თქვენი ბილეთი აიღოს, მერე უნდა დაველოდოთ დადასტურებას და ამ ყველაფრის მერე გამოგართმევთ თანხას.
ახალგაზრდა სახის იმავე გამომეტყველებით დაბრუნდა.
– შვილო, ერთი ზედმეტი პასაჟირი რომ გავიყოლოთ, ხომ არ გეწყინება? – ჰკითხა ანუშმა.
ახალგაზრდამ დაბნეული სახით შეხედა ანუშს, მერე ბეღურას და თავი უარყოფის ნიშნად გააქნია. მერე მძღოლს მიუბრუნდა.
– როდის ვიძრებით?
– ეხლა ის წინმჯდომი პასაჟირიც მოვიდეს, ერთი დავილაპარაკოთ, გავიგოთ, ვინ სადაა და დავიძრათ, – მორიგი სიგარეტის მოკიდებით უპასუხა მძღოლმა.
ბეღურა მანქანაში ჩაჯდა და კარი დაკეტა, ფანჯარაც აწია. „ეშინია ქმარმა არ გამოიჭიროს“, – გაიფიქრა ანუშმა. წინმჯდომი მგზავრი დაბრუნდა. გაირკვა, რომ პიტიგორსკიდან ვიღაც ძველი ნაცნობები იპოვა. ისინი პიტიგორსკში ბრუნდებიან და რამდენიმე დღით მისი მასპინძლობის მზადყოფნა გამოუთქვამთ, სანამ თვითმფრინავის ბილეთს იყიდდა და ერევანში დაბრუნდებოდა. ნივთები გადმოიღო, მძღოლს გაუსწორდა, დანარჩენებს დაემშვიდობა და წავიდა. მისი ადგილი ლევონ სერგეიჩმა დაიკავა. უკან დარჩნენ: ანუში, ახალგაზრდა და ბეღურა. დაიძრნენ. ბეღურა ახალგაზრდასა და ანუშს შორის მოკალათებულიყო. სიჩუმეც პირველმა მან დაარღვია.
– ეხლა ბილეთების საკითხის მოგვარება გამოვა?
– დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ მინვოდში დასარჩენი ადგილი გაქვთ? ორი ღამით უნდა დარჩეთ, რადგან მანამდე ყველა ბილეთი გაყიდულია ან ცეცხლის ფასი აქვს.
– ძმაო, სულ ეგრეა, როგორც კი ეს ლარსი იკეტება, სამალიოტის ფასები ორმაგდება, – სიგარეტის ფანჯრიდან მოსროლით თქვა მძღოლმა.
– აერაპორტში დავრჩები. შენ ოღონდ ბილეთი იშოვნე.
– ჩემმა გოგომ ზეგისთვის უკვე მიყიდა ბილეთი. ახლა დავრეკავ და გავარკვევ ქალბატონი ანუშის ბილეთის საქმე როგორაა, თანაც ვთხოვ, თქვენთვისაც იყიდოს ჩემს რეისზე ბილეთი.
სანამ ლევონ სერგეიჩი გოგოს ელაპარაკებოდა, ბეღურა ახალგაზრდას მიუბრუნდა:
– ძმაო, შენ რა უნდა ქნა?
ახალგაზრდამ მხრები აიჩეჩა და თვალები დახუჭა, არაფერი რომ აღარ ეკითხათ.
– ქალბატონო ანუშ, თქვენი ბილეთი გამოვიდა. თქვენთვის კი მოძებნის ჩემი გოგო. დარეკავს, როცა იპოვნის. ანუშმა სწრაფად გახსნა საფულე და ლევონ სერგეიჩს 20,000 რუბლი გაუწოდა.
– ცხოვრებაში პირველად მივფრინავ ბიზნეს კლასით.
მერე ჩაიხედა საფულეში და მიხვდა, რომ სასტუმროს ფული არ ჰქონდა. რაც ჰქონდა, მთლიანად თვითმფრინავის ბილეთზე დახარჯა, დარჩენილი ფული კი მინვოდში რომ ჩავიდოდნენ, მძღოლისთვის უნდა მიეცა. თვალები დახუჭა და ისევ ბავშვობის ტყეში აღმოჩნდა. ამჯერად დედასთან ერთად იყო. ციოდა, როცა გაიღვიძა, უკვე მისულიყვნენ. გარეთ ბნელოდა. ბეღურა მოუთმენლად ცდილობდა მანქანის კარის გაღებას და გადახტომას.
5.
აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი ხალხმრავალი იყო. თავისუფალი სკამი ვერ ოპოვეს. ჩანთები და ჩემოდნები კუთხეში დადეს და თვითონაც ზედ მოკალათდნენ.
– აქ მარტო არ დაგტოვებთ. თქვენთან ერთად დავრჩები, – თქვა ლევონ სერგეიჩმა.
ბეღურას ბილეთის ყიდვაც გამოვიდა. ახალგაზრდას ბილეთი არ უთხოვია, მაგრამ მანქანის დანარჩენ მგზავრებთან ერთად ისიც ჩამოვიდა. ერთი მსუბუქი ზურგჩანთის გარდა არაფერი ჰქონდა. მოსაცდელი დაბაზის იატაკზევე დაჯდა. ოთახში დასადგურებულ გუგუნს დროდადრო თვითმფრინავების აფრენისა და ჩამოფრენის შესახებ მოსაუბრე გულგრილი ქალის ხმა არღვევდა. ანუში ცდილობდა გაერკვია – ეს სუნი გზიდან გამოჰყვა, თუ მოსაცდელ დარბაზშიც იდგა. მიყნოს-მოყნოსა, მერე მიხვდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტი თითქოს ახალი გარემონტებული იყო, ვენტილაციის პრობლემები იყო და პაპანაქება ზაფხულში გამუდმებით გაღებად-დაკეტვადი საპირფარეშოდან შარდის სუნი მოსაცდელ დარბაზში შემოდიოდა და ადამიანებში ჟონავდა. საშველი არ იყო. სუფთა ჰაერზე გამოვიდა, როცა დაბრუნდა, ბეღურა ყურადღებით უსმენდა ლევონ სერგეიჩს. – აი, ხომ ხედავთ, უბედური ერი ვართ. მოსაცდელ დარბაზში მარტო ჩვენ ვართ. რატომ? რადგან ჩვენივე ხელით საკუთარ თავებს მსგავს გამოუვალ მდგომარეობებში ვიგდებთ. ერთი ეს გზა გვაბადია. წელიწადში რამდენჯერმე იკეტება. რადგან ახლა ავიახაზი არ გვაქვს, იმანაც თავის მხრივ რომ გვიკარნახოს ფასი, იძულებულები ვართ რუსული ავიახაზების ფასებს მოვერგოთ. ისინიც ადგილზე წევენ ფასებს, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ. იციან, რომ სხვა გზა არ გვაქვს. ხაფანგია. ქართველებს და აზერბაიჯანელებს დაღესტნით შეუძლიათ წასვლა. ჩვენ? მთელი კავკასიის აჩქი ფუშ[9] ვართ. ჩეჩნები სიბირში წაიყვანეს, ჩვენ თავიანთ აულებში დაგვასახლეს. ბეწვზე დაკიდებული, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის კეთილ ნებას მონატრებული, წლებია მოლოდინით ვცხოვრობთ. ლარსი დაკეტილია თუ ღიაა? გაზი მოვა თუ არა? ატომური ელექტროსადგური აფეთქდება თუ გადავრჩებით? არ ვცხოვრობთ. ბოლოს ველოდებით. არ შეგიმჩნევიათ, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ. ჩვენ განუწყვეტლივ გადაგვაქვს სიკვდილის ვადა, თუ სიცოცხლის? არ ვიცი. გავრბივართ ცხოვრებას, სხვადასხვა საზრუნავში ჩაძირულები, იმით ტკბობის გარეშე, რაც გვაქვს, დღიური პრობლემების გადაჭრის გარეშე, ხვალისთვის გადადებით. მოლოდინით. ახლაც მხოლოდ ჩვენ ვართ ამ მოსაცდელში. და ჩვენ ველით. მთელი ერი ელის.
ბეღურამ ამოიოხრა.
– მთელი ცხოვრება დედაჩემს გავურბოდი. თავისუფლება მინდოდა. ცხოვრება მინდოდა. თექვსმეტი წლის გავიპარე ჩემს მეგობართან ერთად. სამალიოტის ბილეთი ვიყიდეთ და მოსკოვში გავფრინდით. სკოლა არ მქონდა დამთავრებული. დედაჩემს ზაპისკა დავუტოვე. დავუწერე: ,,დე, მე ცხოვრება მინდა. აქ ძალიან სივიწროვეა. არმენს ვუყვარვარ, მეც მიყვარს.“ ვობშემ, ეგრე ჩამოვედით მოსკოვში. არმენი ხუთი წლით უფროსია ჩემზე. აქ ძმაკაცები ჰყავდა. ობში, ყველანი ერთგან ვრჩებოდით ქირით. რამდენიმე თვე ოთახი მოგვცეს მანდ, მერე ვორონეჟში წავედით. ერთ წელში შვილი მეყოლა. არმენსაც ესროლეს. ბავშვი ორმოცი დღისა იყო, დედაჩემთან რომ დავბრუნდი. დედაჩემი მაღაზიაში მუშაობდა, მაგრამ უკვე ჯანმრთელობა არ ჰქონდა. რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ მისი ფულით იოლას ვერ გავიდოდით. ბავშვი დედაჩემს დავუტოვე, მოსკოვში დავბრუნდი – არმენის ძმაკაცებთან. ვაჭრობაში ვიყავი. ფულს ვუგზავნიდი დედაჩემს ჩემი გოგოს შესანახად. ამასობაში როგორ გავიდა წლები, ვერ გავიგე. ჩემმა გოგომ სკოლა დაამთავრა, დაჟე უნივერსიტეტში ჩააბარა. ყველაფერი დედაჩემის დამსახურებაა. მე რაც ვერ გამიკეთა ჩემს შვილს გაუკეთა. ეხლა დედაჩემი ცუდადაა. და მთელი ცხოვრება წინ მაქვს.
– ჩემი ბიჭივით. მეც არ მინახავს თვრამეტი წელი. წელს შეიძლება ჩამოვიდეს. ცხოვრებაა. თვალს დაახამხამებ და უკვე დიდი ნაწილი გასულია და შენ გაოგნებული დგახარ აეროპორტში, – თქვა ანუშმა.
ახალგაზრდა თვალს ბეღურასკენ აპარებდა. გულიანად ამოიოხრა. ადგა, ზურგჩანთა მოიკიდა და გარეთ გავიდა. ბეღურა გაჰყვა.
– სიგარეტი ხომ არ გაქვს?
ახალგაზრდა დაიბნა.
– არ ვეწევი.
-რა პრობლემა გაქვს, მითხარი. მე ცხოვრების ბევრი რამე გამეგება, იქნებ შევძლო რამეთი დახმარება?
შავი ჯინსის შარვალი, თეთრი ბოტასები, წითელი სპორტული მაისური, შავი კეპის ქვეშიდან – დაბნეული თვალები.
– არა. არაფერია.
– სამალიოტის ფული თუ არ გაქვს, შემიძლია მოგცე. მე შენს ასაკში ესეთ მდგომარეობაში ხშირად ვყოფილვარ და სრულიად უცნობი ადამიანები მეხმარებოდნენ. კარგ რამეს რომ ვაკეთებ, გულზე მეშვება, ვფიქრობ – ღმერთი თავის მხრივ დედაჩემს დაეხმარება.
– არა. საქმე ფულში არაა, – ცრემლები წამოუვიდა.
– მოდი, ცოტა გავიაროთ. თან სიგარეტსაც ვიყიდით. აერაპორტში ყველაფერი ძალიან ძვირია.
გაისეირნეს. ბეღურა არ უჩიჩინებდა, ბიჭიც არ ლაპარაკობდა. გვარიანი მანძილი გაევლოთ, ბიჭმა ბოლოს და ბოლოს ლაპარაკი რომ დაიწყო.
– მამაჩემმა დედა ერთი წლის წინ მიატოვა. დედაჩემი უკრაინელია. კიევში ერთად სწავლობდნენ. ეგრე გაიცნეს ერთმანეთი, შეუყვარდათ, დაქორწინდნენ, ერთად ჩამოვიდნენ ერევანში. მე დავიბადე. ყველაფერი ძალიან კარგად იყო. ჩვენი ოჯახივით მოსიყვარულე ოჯახი მე სხვა არ ვიცი. მამაჩემი ორმოცი წლის რომ გახდა, გარეკა. თითქოს შეცვალეს ეს კაცი. ბევრი სმა დაიწყო. სვამდა და თავს კარგავდა. ცხოვრების უაზრობაზე ფილოსოფოსობას იწყებდა. დედაჩემს მივარდებოდა, საყვედურობდა, აბრალებდა, რომ არც ახალგაზრდობა უნახავთ და არც ახლა არ ცხოვრობენ. ბოლოს ვიღაცას დაუკავშირდა. დაოჯახებულ ქალს. მე ჯარში ვიყავი, დედაჩემი რომ მიატოვა და იმ ქალთან ერთად სოჭში გაიქცა. იმ ქალმაც თავისი ორი შვილი მიატოვა. ჯარიდან რომ დავბრუნდი, უნივერსიტეტში ჩავაბარე. ფასიან იურიდიულზე. მამაჩემმა თქვა – ჩემთან მოვიდეს, ზაფხულში ზღვისპირას ერთ დახლს დავუდგამ, სუვენირ-მუვენირს გაყიდის, სწავლის ფულს გამოიმუშავებს. დედაჩემს გაუხარდა. აქეთ-იქით ოფიციანტად მუშაობს, ძლივს ასწრებს და ახერხებს რამეს. უმაღლესი განათლება აქვს, ბუღალტერია, მაგრამ სომხური რომ არ იცის, არ აჰყავთ სამსახურში. არასდროს უმუშავია სპეციალობით. ერთი სიტყვით, ეგრე ჩავედი მაისის ბოლოს სოჭში. მთელი ზაფხული, დღე და ღამე მაგ დახლს ვამუშავებდი, გალეწილი მთვრალი მამაჩემი ხან საიდან მომყავდა და ხან საიდან. ბოლოს გაირკვა, რომ მამაჩემს გვარიანად ბევრი ვალი ჰქონია. მევალეები მოვიდნენ და ჩემი და მისი საყვარლის თანდასწრებით სცემეს. ეგრე დავუტოვე მთელი ფული მაგას და იმ მანქანაში ჩავჯექი. ეს გზაც ეგრე დაიკეტა. ეგეთი ბედი მაქვს, სადაც მივდივარ, ყველაფერი წყდება. ჯარში სადაც გამაგზავნეს, ერთი თარსი რამე ხდებოდა. ბოლოს დაჟე პოსტზე აღარ მაგზავნიდნენ, ამბობდნენ, შენ რომ მიდიხარ პოსტზე, ერთი დივერსია ან რამე ხდება ხოლმე. ორ წელიწადში ათჯერ გავხდი ავად. თანაც ერთმანეთზე იშვიათი დაავადებებით – მონონუკლეოზიო, ბრუცელოზიო, ცხოვრებაში გაგონილი არ მქონია მსგავსი არაფერი, რომელი ერთი ვთქვა. იმ ჩვეულებრივ დაავადებებზე აღარაფერს ვამბობ. ვფიქრობ, რაში მჭირდება ასეთი ცხოვრება. აქ დარჩენას ვფიქრობ, სახლში არ წავალ, იქნებ გამოვიდეს რამე.
– მოდი, მომისმინე. რუსეთში ასე უაზროდ, უნაცნობოდ არ ღირს დარჩენა. ამ მონაყოლზე უარესი ამბები დაგემართება. ნახე, ამბობ, იურიდიულზე ჩავაბარეო. ესე იგი, ტვინი კარგად გიმუშავებს, და ისეც არაა, რომ ყველაფერში არ გიმართლებს. გინდა, ფული გასესხო? სამალიოტის ბილეთი იყიდე, ერევანში დაბრუნდი, მერე დამიბრუნებ. რა გქვია?
– არტიომი. თქვენ?
-ჟანა. სერიოზულად გეუბნები, არტიომ ჯან, დამიჯერე. ჩემი შვილისხელა ხარ, შენი კარგი მინდა, მოდი, დავბრუნდეთ, ვნახოთ, ის სერგეიჩი შეძლებს შენთვისაც ბილეთის შოვნას.
სუპერმარკეტში შევიდნენ. სიგარეტი, წყალი, რამდენიმე კანფეტი იყიდეს და გამოვიდნენ. უკანა გზაზე დუმდნენ. მოსაცდელში რაღაც ადგილები გათავისუფლებულიყო, რადგან ყველა არასომეხი უკვე გამგზავრებულიყო. ანუში და ლევონ სერგეიჩი დამსხდარიყვნენ და ორი ადგილი ჟანასა და არტიომისთვის შეენახათ. ჟანა დაჯდა, არტიომი ტუალეტში წავიდა. სერგეიჩი მოსაცდელში დადიოდა და ხალხს ელაპარაკებოდა. ანუშს ჩასთვლიმა.
– ვაი, ვაი-ვაი-ვაი, ვაი, – ძილში ამბობდა. თავქვეშამოდებული ხელები დასიებოდა. თვალები გაახილა და დიდხანს ვერ იაზრებდა, სად იყო.
– რა გჭირს მკლავზე? – ჰკითხა ჟანამ.
– არაფერი. ერთი ოცი წლის წინ მკერდი მომაჭრეს. ეხლა ერთი წელია მაგ მოჭრილი მხარის მკლავი მტკივა. მეც პრინციპულად არ მივდივარ ექიმთან.
– უნდა წახვიდე აუცილებლად, – ჟანას სახეზე შეშფოთება შეეტყო, – დედაჩემიც არ მივიდა, არ მივიდა, ბოლოს ძალიან გვიანი იყო. ეგ დასაწვავი დაავადება ძვლებში შეღწეულიყო, აღარაფერმა უშველა.
– მე კომბინატიდან ერევანში გამაგზავნეს დანიშნულებით. მეუბნებოდნენ, არაფერია საშიში. ოპერაციის დროს ექიმს რაღაც არ მოეწონა. გამოვიდა და ჩემს ქმარს უთხრა, რომ მკერდი მთლიანად უნდა მოიჭრას და ნათესავების თანხმობაა საჭირო. ჩემი ქმარიც დათანხმდა. მერე ქიმია, დასხივება დამინიშნეს. პირველი ქიმიის მერე ისე ცუდად გავხდი, რომ უარი ვთქვი. დასხივება ბოლომდე მივიღე. არ ვიცი, მე მაშინაც არ მჯეროდა რაღაცნაირად, რომ კიბო მქონდა. ეხლაც არ მჯერა. მოსახდენი მოხდება.
პირველი ანუში გაფრინდა. ყველას გამოემშვიდობა და გაფრინდა. არტიომი ღამე გაუჩინარებულიყო. არავინ იცოდა, სად დაიკარგა ეს ბიჭი. ჟანა და ლევონ სერგეიჩი თვითმფრინავში ერთად იყვნენ, როცა თვითმფრინავის კაპიტანმა გამოაცხადა:
– წინ ჭექა-ქუხილია. ვეცდები გადავლახო.
და თვითმფრინავი ელვაში შევიდა. ნახევარ საათში ერევანში იყვნენ.
***
16:29, 23 აგვისტო, 2014 ერევანი, 23 აგვისტო, არმენპრესი. დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს. ყაზბეგი-ზემო ლარსის გზის მონაკვეთზე მოძრაობის სრულად აღდგენას მინიმუმ ორი კვირა დასჭირდება. როგორც „არმენპრესი“ საინფორმაციო სააგენტო „გრუზია ონლაინ“-ზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა. დარიალის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილე საქართველოსა და თურქეთის ორი მოქალაქე მეწყრის შედეგად უგზოუკვლოდ დაიკარგა. სახელმწიფო ორგანოების ინფორმაციით, მდინარე თერექმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ადამიანის ცხედარი გამოიტანა, რომელიც, სავარაუდოდ, თურქეთის უგზოუკვლოდ დაკარგული მოქალაქეა. მისი იდენტიფიცირებისთვის მიმდინარეობს ექსპერტიზა. დარიალის ხეობაში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების მონიტორინგის მიზნით აქ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ჩამოვიდნენ. აქ იმყოფებიან სხვა მინისტრებიც, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი. წინასწარი შეფასებით, სასაზღვრო გამშვები პუნქტისთვის მიყენებული ზარალი 3 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. 21 აგვისტოს საქართველოს დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. წინასწარი მონაცემებით, მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსის მოადგილე გივი კვირიკაშვილის განცხადებით, მეწყერი იმავე ადგილას მოხდა, სადაც 2014 წლის მაისში.
საქართველოს მონაკვეთზე სტრატეგიული გზა 22:45 საათიდან გადაკეტილია ავტოტრანსპორტისთვის. საქართველოს ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 20 აგვისტოს 23:45 საათიდან სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდა. ავარიული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, დღეს, 23 აგვისტოს, დილის 11 საათიდან, ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენის გავლით სომხეთში შემომავალი ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგა.
სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა
[1] ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანია.
[2] საქართველოს სამხედრო გზა.
[3] სომეხი მამაკაცები სეზონური სამუშაოსთვის რუსეთში მიდიან.
[4] რუსეთში სეზონური სამუშაოსთვის წასული სომეხი მამაკაცი.
[5] ჟენგიალის პურის შიგთავსი არცახში 32-მდე ველური და კულტივირებული მცენარისგან მზადდება.
[6] МЧС- Министерство Черезвычайних Ситуаций, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
[7] ОРТ- Общественное Рассийское Телевидине, რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზია.
[8] დაეუფლე კავკასიას, დაეუფლე აღმოსავლეთს. ვლადიკავკაზი და ვლადივოსტოკი რუსული ქალაქების სახელებია.
[9] სომხ. გამოთქმა სიტყვასიტყვით ნიშნავს – „თვალის ეკალი“.