დედაჩემის ყვავილები
დიდი ხანია, რაც ჩემს სახლში
ინსულინის ნემსები ყვავილობს.
ისინი ფანჯრის რაფაზე ცხოვრობენ,
უჩვეულოდ სტაფილოსფერი თავთავებით,
ერთადერთი ეკალი აქვთ ,
რომელიც ყოველდღე დედაჩემის კანში ესობა
(ეს დღეში სამჯერ ხდება).
ხუთი გრამი ინსულინი,
ათი გრამი ინსულინი,
თეთრი და მღვრიე,
წლების წინ ამღვრეულ ცხოვრებას მატებს
ელფერს და იერს...
ვერ ვიტან,
თუმცა მახარებს მათი ყვავილობა,
სტაფილოსფერი თავთავები,
სავსე შუშები,
ცარიელი შუშები
ფანჯრის რაფაზე ცხოვრობენ.
მათვის სულერთია მზის ამოსვლა და ჩასვლა.
ისინი პლასტმასის ყვავილები არიან,
მათთვის მთავარია, დედაჩემმა იცოცხლოს,
რომ განაგრძონ ყვავილობა...
***
ფიქრობდა, როგორ გაეყო მზე სხვებისთვის
და ვეებერთელა ხედ იქცა,
მერე კი ამ ხეს,
როგორც წყაროს აკითხავდნენ ადამიანები
და ტოტებიდან გამოჟონილ სხივებს ინაწილებდნენ,
საგზლად და წყურვილის მოსაკლავად.
დონორი
როცა ლიტერატურა სისხლში გაქვს გამჯდარი,
რა საჭიროა სისხლის საერთო ანალიზი,
თითზე ნემსის ჩხვლეტა,
როცა იცი, რომ იქიდან ლიტერატურული სახეები გამოჟონავენ?!
რა საჭიროა გამოკვლევა,
სისხლის ჯგუფის დადგენა,
ლიტერატურის უარყოფით კონტექსტში განხილვა?!
რადგან საბოლოო პასუხი ყოველთვის დადებითია...
როცა ლიტერატურა სისხლში გაქვს გამჯდარი,
შეგიძლია ადგე და გადაუსხა მათ,
ვისაც ლიტერატურის ნაკლებობა დაუდგინდა...
ვისაც წვეთი ლიტერატურა არ აღმოაჩნდა.
მათ ძარღვებში ცარიელი ფურცლები მიმოდიან
და ტექსტებს ითხოვენ.
ისინი მზად არიან დაიბადონ,
ისინი მზად არიან იწამონ,
ისინი მზად არიან გადარჩნენ.
როცა ლიტერატურა სისხლში გაქვს გამჯდარი,
მკურნალი უნდა იყო,
რომ ისინი ლეთარგიული ძილიდან გამოიყვანო,
ყოველგვარი ქირურგიული ჩარევების გარეშე.
ადამიანი, შესაძლოა, იყოს ჯანმრთელი,
მაგრამ რთულია წინააღმდეგობების გადალახვა
ლიტერატურის გარეშე.
ამიტომ, როცა ლიტერატურა სისხლში გაქვს გამჯდარი,
აუცილებლად უნდა გახდე დონორი,
დონორი, რომელიც გადასდებს...
***
კარდიოლოგმა ისე ცივად ჩამიარა,
თითქოს ჩემს გულში არც ჩაუხედავს...
გადარჩენის ინსტიქტი
როცა იელვა
და ცამ სხეული წამით მოიშიშვლა,
ონკანში დამხრჩვალ ტარაკანას ვაკვირდებოდი.
ის თეფშებს შორის უძრავად ეგდო,
ცა კი დროდადრო შიშვლდებოდა,
სამზარეულოს შუაგულში, მარცხენა მხარეს ვიდექი,
როგორც გაელვების მომლოდინე,
სასწაულის მომლოდინე,
სიცოცხლის მომლოდინე
და ვრწმუნდებოდი,
რომ ჩემ წინ მოტივტივე გვამი
ჩემი სახლის ბინადარი იყო,
რომელმაც სრულიად შემთხვევით თავს უშველა...
ტანსაცმლის ფლირტი
როცა თოკზე ვკიდივარ გასაშრობად
და მოპირდაპირე აივნიდან ქალის საცვალი მიმზერს,
მავიწყდება, რომ ვარ პერანგი,
და ხელებს ვიქნევ ყურადღების მისაქცევად,
თუმცა ამაოდ,
რადგან ჰალსტუხი კარადაში ისვენებს მშვიდად,
ვერ ვიშველიებ...
***
ეს ოთახი ჰაიკუსავით პატარაა,
მაგრამ დიდი ფანჯრები აქვს.
სექსი
ღრუბლებით სავსემ,
მოვიშველიე შენი ქარები,
დავღვარე წვიმა,
მზე რომ გენახა...
მოლოდინი
იმ ღიობებიდან ვიხედები,
რომ ვერ შეძელი ამოქოლვა და ღიად დაგრჩა,
თითქოს მიბიძგე სიცოცხლისაკენ...