კორეული დელიკატესი


კორეული დელიკატესი




2007 წელს დაამთავრა ერევნის კინოსა და თეატრის სახელმწიფო ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი. იმავე წელს მიიღო ლიტერატურის დარგში გაცემული „პრეზიდენტის ახალგაზრდული პრემია“.

2007-2009 წწ მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში, სასაზღვრო დაცვის სამხედრო ნაწილში. სამხედრო სამსახურის შემდეგ დაწერა მოთხრობები და პოსტერ-მოთხრობები, რომლებშიც ეხებოდა ჯარში არსებულ პრობლემებს, ასევე პირველი მარტისშემდგომი სომხეთის პოლიტიკურ-სოციალურ საკითხებს. მოთხრობები და „პოსტერ-მოთხრობები“ იბეჭდებოდა ლიტერატურულ პრესაში, ყოველდღიურ გაზეთებში „ჰაიკაკან ჟამანაკ“ და „ჰრაპარაკ“.

2011 წელს არფი ვოსკანიანთან ერთად შექმნა ვებგვერდი „გროღუცავ“, სადაც ქვეყნდება მხატვრული ნაწარმოებები და ჟურნალისტური სტატიები, რომლებიც ეხება არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ თემებს.

2012 წელს მიიღო მოთხრობების კონკურსის „პროზა“ მთავარი პრიზი მოთხრობისთვის „კორეული დელიკატესი“. კინოფესტივალ „ოქროს გარგრის“  სპეციალური ჯილდო „სომხური პანორამის განყოფილების საუკეთესო გაშუქებისთვის“.

2013 წელს მიიღო მოთხრობების კონკურსის „პროზა“ მთავარი პრიზი მოთხრობისთვის „ჰამლეტის მამის აჩრდილი“.

2017 წელს მიიღო „ერევნის წიგნის ფესტივალის“ პირველი პრიზი „პროზის“ კატეგორიაში.

2018 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი „კორეული დელიკატესი“.

2018 წელს მან დაწერა სერიალის „სიკვდილის რაზმი“ სინოფსისი და 11 ეპიზოდის სცენარი, რომლის საფუძველზეც ამერიკული ბაზრისთვის სერიალი «Death Squad» გადაიღეს.

2019 წელს მან დაწერა სცენარი ანგინე ისანიანსის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ზღურბლს მიღმა“. ფილმი არაერთი პრესტიჟული ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.

2022 წელს ჰამბარძუმ ჰამბარძუმიანმა დაასრულა სადებიუტო ფილმი „კორეული დელიკატესი“, რომელიც გადაიღეს ამავე სახელწოდების სიუჟეტის მიხედვით. ფილმმა მიიღო კინოფესტივალ „ოქროს გარგრის“  გენადი მელქონიანის სახელობის სპეციალური პრიზი ნომინაციაში საუკეთესო სომხური მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

ჰამბარძუმ ჰამბარძუმიანი მუშაობდა ჟურნალისტად, მთარგმნელად და სცენარისტად. ახლა ასწავლის „თუმო კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრში“. მისი მოთხრობები ითარგმნა გერმანულ, არაბულ, ინგლისურ, უკრაინულ, რუსულ და ბულგარულ ენებზე.

 

კორეული დელიკატესი

 

სადღესასწაულო მაგიდასთან ისხდნენ ფაფი, მხეცი, ვლე და გონჩი. არც ახალი წელი იყო, არც შეკრებილთაგან რომელიმეს დაბადების დღე, არც ოფიციალურად აღსანიშნი ღირსშესანიშნავი დღე, მაგრამ სუფრა მართლაც სადღესასწაულო იყო, რადგან ვლეს ერთი  ფრთიანი გამონათქვამი ჰქონდა: „ამ დროში, როცა რაიმე დასალევი და დასაღეჭი მოგვეპოვება, დღესასწაულია“. ვლეს განმარტება საკმარისი იყო  ვახშმის სადღესასწაულოდ მისაჩნევად, რადგან მაგიდაზე სასმელი იდო, ღუმელზე კი დასაღეჭი იხარშებოდა. ვახშამი სადღესასწაულო იყო იმის გამოც, რომ  ბოლო ორი წლის განმავლობაში მეგობრები პირველად შემოსხდომოდნენ სუფრას და სვამდნენ. გონჩი რუსეთიდან ორი დღის წინ  ჩამოსულიყო, მხეცი რამდენიმე თვის წინ დაბრუნებულიყო ბრძოლის ველიდან, ვლე და ფაფი კი ცოტა ხნის წინ გაეთავისუფლებინათ „შრომითი გამასწორებელი“ კოლონიებიდან რამდენიმე დღის სხვაობით. დენი არ იყო, წყვილი სანთლისა და გაჭვარტლული ლამპის შუქზე უნდა ევახშმათ. ვლე და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, ფიდაელთა[1] ულვაშიანი  მხეცი მშვიდად ეწეოდნენ, გონჩი კი პოლიტიკურ გაზეთზე ხმელი კანაფის ბუჩქის დაფშვნით იყო დაკავებული. ფაფი, თავის შექცევის მიზნით, ფრჩხილების ქვეშ დაგროვილ ჭუჭყს იწმენდდა. მხეცის ცოლი – სირუში, ლენინის  მუქი წითელყდიანი ტომიდან ფურცლებს ხევდა და ღუმელში ყრიდა ცეცხლის ასაგიზგიზებლად. ღუმელზე შემომდგარ ქვაბში  ხაშლამა იხარშებოდა.

– ცუდად მოვიქეცით, – თქვა ფაფმა, – ბავშვი ცოდოა.

– ჰო, – გაიმეორა ვლემ, – ცუდად მოვიქეცით.

სასმლის ზემოქმედება განელებულიყო და მდიდარ მენიუსთან შეუთავსებელი უდროო დანაშაულის გრძნობა ამძიმებდა მათ სინდისს.  მხეცმა არყის ბოთლი გახსნა და ჭიქები აავსო, ისევ მოუწევთ ტვინის დაბუჟება.  გონჩს უკვე აევსო პლანის „კასიაკი“ და ცერა თითსა და შუა თითს შორის ათამაშებდა ღერს. მუცლებში არაყი ჩაისხეს და პლანით სავსე სიგარეტი მიაყოლეს. წამალმა სწრაფად დაიწყო მოქმედება, მაგრამ წამალზე მეტად, ღუმელზე მომზადებული მადიანი  კერძის სურნელი და თუხთუხი  ურევდა გონებას. მხოლოდ ფაფი იყო ჯერ კიდევ ცუდ ხასიათზე. სასმელმა და პლანმა მასზე საპირისპირო შედეგი გამოიღო.

– ცუდად მოვიქეცით, ბიჭებო. ბავშვი ძალიან იყო შეჩვეული.

– მიდი, რა, გაიარე! – გაბრაზდა მხეცი, – გინდა ჩაგვშხამდეს ეს პურის ჭამა?

– ხო, რა, დაახვიე, ჩვენ მეტი დაგვრჩება, – თქვა გონჩმა თავისი ჩვეული ცინიკური ღიმილით. ფაფი გაისუსა.

– ქალო, რა იქნა ეგ ხორცი? – ჰკითხა მხეცმა ღუმელთან ქვაბის თავზე მდგარ ცოლს.

– მოვიტან ახლავე.

დაახლოებით ერთი თვის წინ მხეცმა რადიოს რომელიღაც გადაცემა მოისმინა, სადაც წამყვანმა თქვა, რომ ძაღლის ხორციანი კერძები კორეაში ყველაზე გემრიელად მიიჩნევა. სწორედ ამ მძიმე არგუმენტით  დაარწმუნა ვლე და სხვები, ქეიფი მოეწყოთ. ვლე თავიდან არ თანხმდებოდა, მაგრამ რამდენიმე ჭიქა უხარისხო ალკოჰოლის შემდეგ დარწმუნდა და განაცხადა – „ჩვენ  რით ვართ კორეელებზე ნაკლებიი“.  მხეცი გრძნობდა, საკუთარ კანზე გრძნობდა, რომ სინანული აფუჭებდა პურის ჭამას და ესმოდა, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი მას  დაბრალდებოდა. ამიტომ საჭირო იყო ისევ და ისევ იმის გამეორება, რაც საიდუმლო არავისთვის იყო და რაც რადიომ  მსოფლიოს შეატყობინა.

– კორეაში ძაღლის ხორცი დელიკატესად მიიჩნევა, – თქვა მხეცმა. მხეცს  ძაღლის ხორცის ჭამის გამოცდილება ჰქონდა. ომში, შიმშილმა ძალიან რომ შეავიწროვა, თანამებრძოლებთან ერთად  ძაღლი დაკლეს და მიირთვეს,  მიუხედავად ამისა  მხეცს ძაღლის დაკვლა და მისი ხორცის ჭამა მაინც  რაღაც არაჩვეულებრივი რამ ეგონა. მაგრამ აი, ბრძოლის ველიდან სახლში დაბრუნდა და საზოგადოებრივი რადიოთი მოისმინა, რომ ძაღლის ხორცის ჭამა არა მხოლოდ უჩვეულო არ ყოფილა, არამედ თურმე ისეთი ხალხიც კი არსებობდა – კორეელები, რომელთათვისაც ძაღლის ხორცის ჭამა ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორც, ვთქვათ, ცხვრის ან ძროხის ჭამა.

ბიჭი უკვე ნანობდა, ძაღლი მათ რომ  ჩააბარა და ახლა ფიქრობდა, როგორ დაებრუნებინა იგი გათენებამდე. ნაშუადღევს მან გადასცა ჯეკო  მხეცს და მამას, მაგრამ როცა ეზოში გავიდა და ჯეკოს ჩვეული ყეფა და ჯაჭვების ჩხარუნი ვერ გაიგონა,  შფოთვა გაუორმაგდა. ჯეკო მხეცმა ნაკვეთის დაცვის საბაბით ერთი დღით ითხოვა. გაახსენდა, რომ ჯეკოს წასვლა არ უნდოდა, გააფთრებული უყეფდა მხეცს. მამა და მხეცი ჯერ კიდევ ჭიშკარს მიღმა იყვნენ,  ჯეკომ ყეფა რომ დაიწყო. ძაღლის ბუნაგის სამშენებლო მასალისგან – ფიცრებისა და დაფებიდან – მზერა ჭიშკრისკენ გადაიტანა და როცა დაინახა, რომ  მამამისი და მხეცი იყვნენ, განაგრძო მუშაობა. მაგრამ ჯეკო არ ჩერდებოდა, ჯაჭვების ჩხარუნით მოუსვენრად დადიოდა წინ და უკან,  დაუოკებელი მრისხანებით ყეფდა. იფიქრა, ალბათ, მამამისი და მხეცი კანაფის მოწევას აპირებდნენ ნაკვეთის ბოლოს და ათ წუთში დაბრუნდებოდნენ სახის სულელური გამომეტყველებით, უაზრო და შეუსაბამო მაღალი სულისკვეთებით ან სრულიად უმიზეზოდ გაბრაზებულებიო. მაგრამ მოვიდნენ და მასთან დადგნენ. მხეცს სამხედრო ჩექმებიდან სამხედრო შარვალზე ახედა და დაინახა მხეცის ხშირი ფიდაელთა ულვაში, ეშმაკურად მოციმციმე თვალები, საქმიანი გარეგნობა და მაშინვე გაურკვეველი უხერხულობის გრძნობა დაეუფლა. მამა მხეცის უკან იდგა, თავდახრილი. „ყოჩაღ, კარგად მოგივლია, – თქვა მხეცმა, – კარგად გაზრდილა“. ჯეკო მათთან არ მიდიოდა, წინააღმდეგობას უწევდა. მხეცი ჯაჭვით მიათრევდა. – „დაანებე თავი, ნუ წვალობ, მერე გავაკეთებ“, – თქვა მამამ და მხეცს გაჰყვა. ბიჭი სახლიდან გავიდა და გაუბედავი ნაბიჯებით წავიდა მხეცის სახლისკენ, რომელიც პირდაპირ მათი სახლის წინ იყო, ქუჩის მეორე მხარეს.

ბნელი ღამე იყო, ჟინჟღლავდა. რამდენიმე სახლის ფანჯარა სუსტად იყო განათებული სანთლის ან ლამპის შუქით. ბიჭმა მხეცის სახლის ჭიშკარი გააღო და კედელზე ხელის ფათურით  ბნელი დერეფანი გაიარა. რაღაცას დაეჯახა  და დაგორდა. ბიჭმა ყურადღება არ მიაქცია, სიარული განაგრძო. ორ ნაბიჯში სახლის კარს მიადგა, ფათურით მიაგნო სახელურს  და შევიდა. ოთახის უკანა მხარეს მაგიდასთან მჯდომმა კაცებმა ვერ შეამჩნიეს კარის გაღება და ბიჭის შემოსვლა და მხოლოდ მაშინ, როცა ზამბარიანი კარი ჯახუნით დაიკეტა, კარისკენ გაიხედეს და ბიჭის დანახვისას წამიერად გაქვავდნენ. კარის ჯახუნთან ერთად, ფაფის ხელიდან ჯახუნით დაეცა თეფშზე ხორცის ძვლოვანი ნაჭერი. ბიჭის მამას ცალ ხელში არყის ბოთლი ეჭირა, მეორეში კი ჭიქა. გონჩი მხარზემოდან იყურებოდა და მექანიკურად ღეჭავდა ლუკმას. მხეცი დაბნეული და გასაწყლებული იღიმებოდა. ნაქურდლის განაწილებისას გამოჭერილი და დაბნეული ქურდბაცაცებივით გაქვავებულები ელოდნენ მოვლენათა შემდგომ განვითარებას – რას იტყოდა ბიჭი. ბიჭი კი კართან იდგა, ღუმელიდან ამომავალ სითბოსა და მადისაღმძვრელ სუნში და მამის სიტყვას ელოდა,  ხაშლამის სურნელით გაჟღენთილმა თბილმა ოთახმა დაარღვია მისი სიმტკიცე და არამხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭს დაუჯერებლად მიაჩნდა მათი თბილი ოთახისა და ხაშლამის მიტოვება და ჯეკოს მოსაყვანად წასვლა. ხაშლამის სურნელმა ბიჭს გონება გაუფანტა და ახლა სუფრასთან მიახლოების სურვილმა შებოჭა, რადგან სუფრის ირგვლივ მჯდომ მამაკაცებს შეიძლება ეფიქრათ, რომ საჭმელად იყო მოსული.

– „მოდი, მოდი, ერთი ნაჭერი ხორცი ჭამე“, – დუმილი  დაარღვია მხეცმა და თუმცა ბიჭი მაშინვე დათანხმდა მოწვევას, ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს ბიჭის სუფრაზე მიწვევა.

– მოდი, – თქვა გონჩმა, – ნანადირევი ხორცია, ირმის ხორცია.

– ჭამე, დელიკატესია, დელიკატესი, – გაიხსენა მხეცმა.

– მოდი, ნუ გერიდება, შენ თუ არა, აბა, ვინ უნდა ჭამოს? – ბიჭისგან  თვალების არიდებით თქვა ფაფმა.

– უფროსები არიან, დაუჯერე, რასაც ამბობენ, – დაასკვნა მამამ.

ბიჭმა ხელი გაუწოდა და ხორცის ნაჭერი და პური აიღო. ეს მხეცისთვის შეწყვეტილი ქეიფის განახლების მინიშნება იყო. ბიჭმა შეაწყვეტინა, ბიჭს უნდა დაეწყო.

– დაასხით, ვის ელოდებით? – თქვა მხეცმა.

მყესიანი ხორცი ძნელად იღეჭებოდა, მაგრამ მაინც გემრიელი იყო – ხორცი იყო. მართალია, ღეჭვისას ბიჭს გონებაში მხეცის მსხვერპლი უბედური ირემი უტრიალებდა, რაც გემოსგან სიამოვნების მიღებაში ხელს უშლიდა, მაგრამ მხოლოდ თავიდან, მერე ირემი დაავიწყდა. სოფელში რომ მიდიოდნენ, ბაბუა ბატკანს დაკლავდა ხოლმე, ტყავს ხედავდა, ხორცის დაჭრას უყურებდა, მერე ჭამის დროს ბატკანი თავიდან არ შორდებოდა. ბატკნის  ხაშლამა გემრიელი იყო, ჭამდა, მაგრამ ბოლომდე გაძრობილი ტყავი თვალწინ ედგა,  ახლა კი  სწრაფად გადაავიწყდა ირემი. ირემი მხოლოდ ზღაპრების დასურათებულ წიგნებში ენახა, ეს სურათები და ტყავი შეუთავსებელი იყო. ბიჭი სწრაფად ღეჭავდა, ისე სწრაფად, რომ მნახველს ხარბი და გაუმაძღარი ეგონებოდა, მაგრამ სინამდვილეში ბიჭს  პირის სწრაფად გათავისუფლება და  ჯეკოზე სიტყვის ჩამოგდება უნდოდა, თუმცა ეჭვი ეპარებოდა, რომ იმ ბნელ ღამეში მხეცი და მამამისი თბილ სახლს და ქეიფის სუფრას მიატოვებდნენ და მხეცის ნაკვეთზე  წავიდოდნენ ძაღლის მოსაყვანად.  უფრო მეტად იმიტომ ჩამოაგდო ჯეკოზე სიტყვა, რომ არ ეფიქრათ, მხეცის სახლში შიმშილის გამო იყო მისული.

– მამა, ჯეკო...

– ჯეკო რა? – ხმას აუწია მამამ.

– ჯეკო საბელს გაწყვეტს, გაიქცევა.

– არ გაიქცევა, ნუ დარდობ, – ცინიკური ღიმილით თქვა გონჩმა.

– სად გაგვექცევა, ხვალ წავალთ და შენს ჯეკოს მოვიყვანთ, – თქვა მხეცმა.
ბიჭი შებრუნდა და კარისკენ გაემართა, თან ელოდა, როდის დაუძახებდნენ, რომ წესიერად ეჭამა, მაგრამ კაცებმა არ დაუძახეს, უხაროდათ ბიჭის დამთრგუნველი ყოფნისგან განთავისუფლება. დერეფანში გავიდა.  შემოსასვლელ კართან იყო, დენი  რომ მოვიდა. მხიარული შეძახილით შემობრუნდა შუქისკენ და ძაღლის ბეწვიანი თათები და სისხლიან მორში ჩარჭობილი ცული დაინახა, განიერპირიანი დანა, ძაღლის ბეწვიანი თათები და მორთან  დაგორებული თავი, რომელიც   შედედებული სისხლით იყო დაფარული. ბიჭი რწყევით  გამოვიდა ქუჩაში.  ფანჯრისა და კარის მინებიდან დაინახა სასტუმრო ოთახში, მაგიდასთან მსხდომი მოქეიფეები. ფაფი რაღაც სიმღერას მღეროდა, ვლე და გონჩი ტაშს უკრავდნენ, მხეცი კი მაგიდაზე  სიმღერის შესაბამის რიტმს უწყობდა, ასე აღნიშნავდნენ დენის მოულოდნელ მოსვლას.

მეორე დღეს, საღამოს, რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ, მაგრამ სინდისის ხმის გაუკმინდავად, მხეცი და ვლე  ბიჭთან მოვიდნენ. ბიჭი ეზოში ძაღლის ბუნაგის სამშენებლო მასალას აგროვებდა.

– მართალი იყავი, – თქვა მხეცმა, – ჯეკომ საბელი გაწყვიტა და გაიქცა. მოდი, მოდი, მინდორში მივდივართ ჯეკოს საპოვნელად.

– მიატოვე ეგ ფიცარ-მიცარი, მოდი, ძაღლი ვიპოვოთ, მერე გავაკეთებ მაგას,  ერთად გავაკეთებთ ბუდრუგანას, – თქვა ვლემ. არ უნდოდა, რომ ბავშვი ამაოდ დამშვრალიყო, სხვა რამეში გამოადგებოდა ეგ ჯაფა.

ქუჩაში გავიდნენ. ჟინჟღლავდა. ბნელდებოდა. ვლეს ჭიშკართან მხეცის ლურჯი „მოსკვიჩი“ იდგა ჩართული ძრავით. მხეცი მძღოლის სავარძელზე მოკალათდა, ვლე მის გვერდით, ბიჭი უკანა სავარძელზე. მხეცმა ფეხი გაზზე დადო, ძრავის აწუილებით ერთი-ორჯერ  გაჩერდა, ბიჭს მიუბრუნდა და ხელოვნური ღიმილით უთხრა:

– ვიპოვით, არ ინერვიულო.

მანქანა დიდი სიჩქარით მოსწყდა ადგილს და სიჩქარის უფრო და უფრო მომატებით გაფრინდა. ბიჭმა ვერ გაიგო, სიმთვრალის გამო ატარებდა ასე სწრაფად თუ თამაშობდა, ვითომ ძაღლის სწრაფად მოსაძებნად უჭერდა ფეხს გაზს. მანქანის უკანა სავარძელზე ნახევრად მწოლიარე ბიჭს გაახსენდა ჯეკოს პოვნის დღე, პურის გრძელი რიგი, რომელიც ჯიუტად არ იძვროდა, ჩხუბები რიგში, ჯიკავი, ყინული და გათოშილი ფეხები ჩექმებში, საკმარისი იყო, ოდნავ გაენძრია ფეხები და მფეთქავი ტკივილი  ფეხებს  ჩხვლეტდა და მაღლა იწევდა. ახსოვდა მაღაზიიდან სახლისკენ მიმავალი მოყინული, ნაცრისფერი და ულაზათო გზა, მისი გასრიალებასთან შებრძოლება და ზამთრის ბინდში ჯეკოს მჟღერი, მაგრამ გაუბედავი ყეფა. ბიჭის კეთილგანწყობილი მზერა და ყურადღება საკმარისი იყო იმისთვის, რომ ლეკვი აღტკინებული   წამომხტარიყო და მასთან მისულიყო, კუდის ქიცინით და ფეხებზე მოფერებოდა. ბიჭს არ ჰქონდა ველოსიპედი, არ ჰქონდა ციგა, არ ჰქონდა თბილი ჩექმები და ქურთუკი, არ ჰქონდა მამის ხელშესახები ყოფნა და ამ საზიზღარ სიღარიბეში დიდი ხანია  სწორედ ასეთ ძაღლზე ოცნებობდა. მანამდე არ იცოდა, რომ სწორედ ძაღლზე ოცნებობდა, მაგრამ როგორც კი დაინახა, მიხვდა. პურის ნაჭერი მოგლიჯა და ძაღლს ესროლა. ძაღლმა მაშინვე პირში ჩაიდო, გადაყლაპა და ბიჭს შეხედა. ბიჭმა კიდევ ერთი ნაჭერი მოგლიჯა, ძაღლს ესროლა და ელოდა, როდის ახტებოდა და ჰაერში დაიჭერდა პურის ნაჭერს. მაგრამ ძაღლი დაელოდა, პურის ნაჭრის მიწაზე დაცემას და მხოლოდ მერე ჩაიდო პირში. „არა უშავს, – გაიფიქრა ბიჭმა, – ჯერ ლეკვია, ვასწავლი“.

წვიმა გაძლიერდა და მანქანის გვერდითა მინებს ირიბად ურტყამდა. მხეცი და ვლე ჩუმად იყვნენ და მხოლოდ შიგადაშიგ ადანაშაულებდა ვლე მხეცს ძაღლის დაკარგვაში და აგინებდა.

– ძაღლი წაიყვანე – დაკარგე, ხომ გეუბნებოდი, რომ ბავშვი იმ ძაღლს ძალიანაა შეჩვეული, არ წაიყვანო!

– ცალყბად თქვი, მერე დათანხმდი.

– წადი, მე შენი კორეელი... ბავშვი დღეს მთელი დღე მოწყენილი დადის, ადგილს ვერ პოულობს. წაიყვანე, დაკარგე ძაღლი.

– ვიპოვით, – მიუბრუნდა მხეცი ბიჭს, იმავე ხელოვნური, დამნაშავე ღიმილით სახეზე, – კარგი ძაღლი იყო, შეიძლება ქურდი ან ვინმე  შემოვიდა და მათ გაეკიდა.

– წინ იყურე, ძაღლი წაიყვანე და დაკარგე, ახლა ჩვენთვის გინდა ოინის მოწყობა?

მანქანა მოასფალტებული გზიდან გავიდა  და მინდვრებისკენ მიმავალ ტალახიან გზას დაადგა. მხეცის  ნაკვეთთან გაჩერდა, ვლე და მხეცი მანქანიდან გადმოვიდნენ და სტვენით, ტაშით, ჯეკო, ჯეკოს ძახილით წინ წავიდნენ. ბიჭი „მოსკვიჩის“ უკანა სავარძლიდან უყურებდა, როგორ ეძახდნენ მამამისი და მხეცი ძაღლს, მანქანის ფარების შუქზე აქეთ-იქით როგორ მიმოდიოდნენ თავსხმა წვიმაში. მეზობელი ნაკვეთის მეპატრონე, ერთი დაბალი მოხუცი, გამოვიდა სახლიდან – თავზე ცელოფნის ნაჭერი ეხურა.

– რა მოხდა? – იკითხა მოხუცმა.

– ძაღლი, ძაღლი დაიკარგა, საბელი გაიწყვიტა, გაიქცა. – არ გინახავს? – შესძახა მხეცმა.

მოხუცი სახლში შებრუნდა. ცა მოქურუხდა, წვიმა თანდათან  ძლიერდებოდა. სასტიკი ქარისგან ფარდულის თუნუქები ერთმანეთს ეხებოდა და ზრიალებდა. მხეცმა სამხედრო ბუშლატის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, პირში ჩაიდო, ასანთის მოკიდება სცადა, მაგრამ სიგარეტი სველ ადგილზე გადატყდა.

ვლე და მხეცი უკვე საკმაოდ დაშორებულიყვნენ მანქანასაც და ერთმანეთსაც.

– ჰა, – ყვიროდა ვლე, – მანდაც არაა?

– არა, წავიდეთ, წავიდეთ, ხვალ მოვალთ.

– არა, იპოვე, როგორც გინდა, იპოვე.

– დღეს გვიანია, წვიმს, ამის დედაც...

– არა, სანამ არ ვიპოვით, აქედან არ დავიძრებით.

ბიჭს არ უნდოდა,  მამამისს და მხეცს რომ  ეწვალათ, მაგრამ  დუმდა, რომ ეთქვა, უფრო მეტად დაიტანჯებოდნენ. გამათბობელჩართული მანქანის სითბოში მჯდომმა ბიჭმა შურისძიების ნაცვლად დანაშაული იგრძნო. მანქანიდან გადმოვიდა და მამისკენ წავიდა. ტანსაცმელი მაშინვე დაუსველდა. ფეხები ტალახში ეძირებოდა, საპირისპირო ქარი უკან უბიძგებდა და ბიჭი გაჭირვებით მიიწევდა წინ.

– მამა, – დაიყვირა ბიჭმა, როცა მამასთან მისვლას რამდენიმე მეტრი აშორებდა.

– მანქანაში დაბრუნდი, – თქვა ვლემ. – დასველდები.

– წადი, – დაიყვირა მხეცმა და მიუახლოვდა მათ. – ნუ ნერვიულობ, ვიპოვით. სად  გაგვექცევა?

ბიჭის ყოფნა მხეცსა და ვლეს ენერგიით ავსებდა და ისინი უფრო ღრმად გავიდნენ მინდორში, ჯეკოს ძახილითა და სტვენით. ბიჭი მათ უკან მიდიოდა.

– ჯეკო, ჯეკო, – იძახდა მხეცი.

– ჯეკ, ჯეკო, – ხმას აყოლებდა ვლე.

– ჯეკო, ჯეკ, ჯეკ, – ყვიროდა  ბიჭი.

 

ჰამბარძუმ ჰამბარძუმიანის წიგნიდან „კორეული დელიკატესი“

სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა

 



[1] XIX საუკუნეში დასავლეთ სომხეთში სახალხო შურისმაძიებლები, რომლებსაც ფიდაელებს ეძახდნენ, იბრძოდნენ თურქეთის დიქტატურის წინააღმდეგ. „ფიდა“ ან „ფედა“ არაბული სიტყვაა და ნიშნავს „მსხვერპლს“.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE